1. თუ საკრებულოს წევრი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას ამ საკითხზე მეორედ გამოსვლის უფლება. თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.

2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას სხდომის გადადების შესახებ.

3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი გამოხატავენ თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ, რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან.

4. თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს საპროცედურო საკითხთა კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების ან სამი თვის ვადამდე მისი სხდომაზე არ დაშვების შესახებ. საპროცედურო საკითხთა კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო კენჭისყრის საფუძველზე, წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. სხდომაზე არ დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს წევრს რჩება უფლება მონაწილეობა მიიღოს კომისიათა მუშაობაში