„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2022 წლის 11 მაისი ქ. მარტვილი |
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება
ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ბ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
დ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ე) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
თ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ი) მერიაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას და დაგეგმვას;
კ) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;
ლ) კონტროლს მერიის თანამდებობის პირების მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
მ) მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
ნ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას;
ო) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;
პ) ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას;
ჟ) მერიის საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების საკითხების მომზადებას;
რ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ს) მერიაში პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შევსებისა და პირის შრომითი ხელშეკრულებით მიღების მიზნით კონკურსების ორგანიზებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
ტ) მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის ანალიზს, ადამიანური რესურსების საჭიროებათა შესწავლას და მისი გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარების ორგანიზებას; მერიაში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის და პროფესიულ დონის ასამაღლებელ პროფესიული საჯარო მოხელეთა სიის შედგენას; კონტროლს მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ სასწავლო პროგრამების შერჩევასა და გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
უ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ფ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
ქ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბ) მერიის:
ბ.ა) ურთიერთობას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ბ.ბ) თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან.
გ) დასახლებ(ებ)ის საერთო კრებ(ებ)ის ორგანიზებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესით, სამსახურისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში; სათანადო მონაცემთა შეგროვებას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
დ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარების ორგანიზებას, მერიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ე) ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადებას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას;
ზ) მერიისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;
თ) მერიის:
თ.ა) თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
თ.ბ) ოფიციალური ვებგვერდისთვის ინფორმაციის მოძიებას, მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას დადგენილი წესით, ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას; სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას;
ი) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას, ვიზიტის პროგრამის შედგენას;
კ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მერისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);
ლ) მერიის შესაბამისი სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში;
მ) მერის და მერიის თანამდებობის პირთა მიერ, დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მისალოცი წერილების მომზადების კოორდინაციას. მერიის სახელით მათთვის გადასაცემი სასაჩუქრე პაკეტების დამზადებას;
ნ) მერიის ეგიდით დაგეგმილი ფორუმების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;
ო) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გათვალისწინების მიზნით წინადადების შემუშავებას და მერისთვის წარდგენას;
პ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
|