აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/217

2022 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2022 წლის 14 აპრილის N1838/09 და N1839/09 განცხადებები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და :

ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისის 2018 წლის 23 აგვისტოს №66/18 გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს 35 კვ ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის „საგარეჯო 3“-ის გაძარცვული უბნის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა მოხმარების ზრდის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვამ და საკმარისი თავისუფალი სიმძლავრის არ არარსებობამ. პროექტით გათვალისწინებულია ქ/ს 35/10 კვ. პატარძეულის და ქ/ს 35/10 კვ სართიჭალის დამაკავშირებელი 35 კვ. საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზის  გაძარცვული უბნის რეაბილიტაცია, 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „საგარეჯო 2“-ის და ელექტროგადამცემი ხაზის „საგარეჯო 3“-ის  გადაერთება და ერთ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზად „საგარეჯო 2“-ად გადაქცევა.

პროექტის დანიშნულებაა სიმძლავრეების დეფიციტის მართვის და ელექტროენერგიის  ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესება. შედეგად, რეგიონში მოხერხდება ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აგრეთვე, უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

პროექტის განხორციელებისათვის, ელექტროგადამცემი ხაზების ანძების განთავსების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ელექტროგადამცემი ხაზების ზემოქმედების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრების უფლების მოპოვება. ამასთან, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა  შპს „კარტლის მენეჯმენტი“-ს (ს/კ 205100326) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.12.22.343) ნაწილი და ნელი ჭუმბაშვილის (პ/ნ 01003010998) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.12.20.573) ნაწილი. დასახელებულ პირებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შუამდგომლობით  მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განხცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება  შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს 35 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „საგარეჯოს 3“-ის გაძარცვული უბნის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტს.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 48947.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.12.22.343) მესაკუთრეა შპს „კარტლის მენეჯმენტი“ (ს/კ 205100326).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „კარტლის მენეჯმენტის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 24 კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ 81.12.22.343).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 98414.00 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.12.20.573) მესაკუთრეა ნელი ჭუმბაშვილი (პ/ნ 01003010998).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნელი ჭუმბაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 19.00 კვ.მ-ის ოდენობით (ს/კ 81.12.20.573).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე კანონის მეორე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“. ვინაიდან, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 3 მაისის №3 ოქმის საფუძველზე, :

1. 35 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „საგარეჯო 3“-ის გაძარცვული უბნის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება  პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ სართიჭალაში მდებარე შპს „კარტლის მენეჯმენტის“ (ს/კ 205100326) საკუთრებაში არსებულ 48947.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 24 კვ.მ-ზე (ს/კ 81.12.22.343). 

1.2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ სართიჭალაში მდებარე ნელი ჭუმბაშვილის (პ/ნ 01003010998) საკუთრებაში არსებულ 98414.00 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 19 კვ.მ-ზე (ს/კ 81.12.20.573). 

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრი                                                                                                ლევან დავითაშვილი

 

.