დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2022
ძალაში შესვლა 01.07.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №338
სარეგისტრაციო კოდი 360150000.10.003.023549
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2022
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ ანგარიშის შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №338
2022 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესი“ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესი
მუხლი 1🔗. მიზანი
1. „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის დადგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია გონივრულ ვადაში ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაზიანებული ტერიტორია − ტერიტორია, რომელზეც განხორციელდა უარყოფითი ზემოქმედება და რომელსაც მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი;
ბ) მნიშვნელოვანი ზიანი – გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომლის გარემოსთვის მიყენების შემთხვევაში გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) დანართ №1-ით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორია − ტერიტორია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება დაზიანებულ ტერიტორიას;
დ) „სხვა ტერიტორია“ − დაზიანებული ტერიტორიისგან განსხვავებული ტერიტორია, უპირატესად დაზიანებულ ტერიტორიასთან გეოგრაფიულად დაკავშირებული ტერიტორია, რომელსაც დაზიანებულ ბუნებრივ რესურსებსა და მომსახურებასთან აქვს ეკოლოგიური, ტერიტორიული ან ლანდშაფტური კავშირი;
ე) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები (შემდგომში − სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები) − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიაზე ან „სხვა ტერიტორიაზე“ დაზიანებული ტერიტორიის მსგავსი ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შექმნას;
ვ) „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესი“ − საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესი“;
ზ) ბუნებრივი რესურსები − საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული სახეობები და ჰაბიტატები, წყალი და მიწა;
თ) ბუნებრივი რესურსების მომსახურება − ფუნქცია, რომელსაც ბუნებრივი რესურსი ასრულებს გარემოსთვის (მათ შორის, სხვა ბუნებრივი რესურსისთვის) ან საზოგადოებისთვის;
ი) ბიოგეოგრაფიული ერთეულები − ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო ეკოლოგიური მახასიათებლები;
კ) ზურმუხტის ქსელი − პანევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ემსახურება ევროპული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და შექმნილია სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის მიზნით, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ (შემდგომში − „ბერნის კონვენცია“) შესაბამისად. ქსელი შედგება სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების −ზურმუხტის ტერიტორიებისგან (ASCI);
ლ) ზურმუხტის ტერიტორიები − ზურმუხტის ქსელის შემადგენლობაში არსებული სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები, „ბერნის კონვენციით“ დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით;
მ) ეკოლოგიური კავშირი − ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების (მიგრაცია, საკვები ნივთიერებების ცვლა, დამტვერვა, თესლის გაფანტვა, კლიმატი, ჰიდროლოგია, დაავადებებისადმი მედეგობა) ურთიერთქმედება პოპულაციებს, სახეობებსა და ეკოსისტემებს შორის;
ნ) ეკოლოგიური დერეფანი − მკაფიოდ განსაზღვრული გეოგრაფიული სივრცე, რომელიც შეიძლება, არ წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას ან სხვა, სპეციალური საკონსერვაციო სტატუსის მქონე ტერიტორიას და რომელიც გამოიყენება ლანდშაფტების, ეკოლოგიური სისტემების ერთმანეთთან დაკავშირების ხელშეწყობისთვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კონსერვაციისთვის ან ეკოლოგიური კავშირის აღდგენა-შენარჩუნებისთვის;
ო) ეკოლოგიური ქსელი − დაცული ტერიტორიების, სხვა კონსერვაციული ტერიტორიების (მათ შორის, ეკოლოგიური დერეფნების) სისტემა, რომელიც ემსახურება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციას;
პ) დაცული ტერიტორია − ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. საქართველოში დასაშვებია, არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები, როგორებიცაა: ზურმუხტის ქსელი, ბიოსფერული რეზერვარტი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია;
ჟ) სტრეს-ფაქტორი − ნებისმიერი ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ერთეული, რომელმაც შესაძლოა, გარემოსთვის საზიანო ზეგავლენის სტიმულირება მოახდინოს. სტრეს-ფაქტორებმა შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს კონკრეტულ ბუნებრივ რესურსზე ან მთლიან ეკოსისტემაზე ისევე, როგორც იმ გარემოზე, სადაც ისინი მოქმედებენ;
რ) საბაზისო მდგომარეობა − გარემოსთვის ზიანის მიყენების მომენტში ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, ზიანი რომ არ დამდგარიყო და რომელიც ფასდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე;
ს) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება კანონის, „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები
1. სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების მიზანია დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ დაზიანებული ტერიტორიის საბაზისო მდგომარეობის მსგავსი ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შექმნა.
2. როდესაც მნიშვნელოვანი ზიანი მიყენებულია სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატზე და გამოსასწორებელი ღონისძიება უნდა განხორციელდეს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“, ეს ტერიტორია იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ შესაძლებელი იყოს დაზიანებულ ტერიტორიაზე არსებული ჰაბიტატების ეკვივალენტური შემადგენლობის ჰაბიტატების აღდგენა.
3. სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ განხორციელებამ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიწვიოს იმ მომსახურების გაუმჯობესება, რომელიც არსებობდა დაზიანებულ ტერიტორიაზე და:
ა) უნდა ხორციელდებოდეს დაზიანებული სახეობებისა და ჰაბიტატების პროპორციის გათვალისწინებით;
ბ) უნდა შეეხებოდეს იმავე ბიოგეოგრაფიულ ერთეულებს;
გ) უნდა უზრუნველყოფდეს დაზიანებული ტერიტორიის ფუნქციების მსგავსი ფუნქციის შექმნას.
4. სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაზიანებულ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურებების შედარებით გაუმჯობესებასაც.
5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ განსახორციელებელ სანაცვლო/ადეკვატურ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი კომისია.
6. გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრა ხორციელდება „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიის შერჩევის ზოგადი კრიტერიუმები
1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიების განხორციელების გზით ამ ტერიტორიაზე შესაბამისი ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების აღდგენის/შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, ტერიტორიის შერჩევისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) გეოგრაფიული ეკვივალენტურობა − დაზიანებულ ტერიტორიასთან გეოგრაფიულ კავშირში მყოფი ტერიტორია, რომელიც უნდა მდებარეობდეს დაზიანებულ ბუნებრივ რესურსებსა და მომსახურებასთან რაც შეიძლება ახლოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაზიანებული ტერიტორიის დიდი ხნის მანძილზე ფუნქციონირება, ჰაბიტატების ფრაგმენტაციის თავიდან აცილება, ჰაბიტატებისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის უფრო მაღალი დონე;
ბ) ეკოლოგიური ეკვივალენტურობა (ჰაბიტატების/ბუნებრივი რესურსების ეკვივალენტურობა) − ტერიტორია უნდა იყოს დაზიანებული ტერიტორიის მსგავსი ჰაბიტატებისა და ბუნებრივი რესურსების ტიპის, რომელსაც აქვს დაზიანებული ტერიტორიის მსგავსი კლიმატი, სეზონის ხანგრძლივობა, გეოლოგიური აგებულება, ბუნებრივი მცენარეული პოტენციალი, სახეობების მრავალფეროვნება და ბუნებრივი და ანთროპოგენური სტრეს-ფაქტორები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაქსიმალური ეკოლოგიური განგრძობადობა და ბუნებრივი რესურსების მომსახურებების მიწოდება. სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიება, რაც უფრო მსგავსი იქნება დაზიანებულ ტერიტორიაზე ზიანის მიყენებამდე არსებულ ბუნებრივ რესურსებსა და მომსახურებასთან, მით უფრო მეტად მიიღწევა ჰაბიტატების/ბუნებრივი რესურსების ეკვივალენტურობა;
გ) დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები − ტერიტორიის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მოსახლეობის ინტერესები, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად ზეგავლენას დაექვემდებარა (სარგებლობდა დაზიანებულ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსებით ან/და მომსახურებით) და რომელიც დაზიანებულ ტერიტორიაზე გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში შესაბამის სარგებელს მიიღებდა.
2. მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელ პირს უფლება აქვს, კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების წარდგენასთან ერთად, სააგენტოს ასევე წარუდგინოს წინადადება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიის“ შესახებ სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსახორციელებლად.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კრიტერიუმების გამოყენების მეთოდოლოგია განისაზღვრება ამ წესის დანართით − „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ განსახორციელებელი სათანადო სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის კრიტერიუმების გამოყენების მეთოდოლოგია“.
მუხლი 5🔗. სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევა
1. ამ წესის მე-4 მუხლისა და დანართის შესაბამისად, სათანადო სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
2. სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) დაზიანებული ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების საბაზისო მდგომარეობა და პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული ჰაბიტატების სტატუსი, რომელიც განისაზღვრება „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
ბ) ტერიტორიის მთლიანობა და ზოგადი თავსებადობა ეკოლოგიურ ქსელთან;
გ) ტერიტორიის კონსერვაციის მიზნები და სტატუსი;
დ) ტერიტორიის ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების ტიპი, ფუნქცია და შესაბამისი როლი;
ე) პოპულაციის რიცხოვნობა, იზოლაციის ხარისხი, ასაკობრივი სტრუქტურა, სახეობების კონსერვაციული სტატუსი, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა ან ტერიტორიაზე სხვა შესაბამისი სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
ვ) ტერიტორიის როლი ბიოგეოგრაფიულ რეგიონში და კავშირი დაცული ტერიტორიების ქსელსა და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ეკოლოგიურ ქსელებთან;
ზ) ნებისმიერი სხვა ბუნებრივი რესურსები/მომსახურება და ფუნქციები, რომლებიც იდენტიფიცირებულია ტერიტორიაზე;
თ) მნიშვნელოვანი ზიანით მოსალოდნელი ზეგავლენა, მასშტაბი და დაზიანების განგრძობადობის ხანგრძლივობა (მათ შორის, სადაც შესაძლებელია − დაზიანებული რეცეპტორების აღდგენის შესაძლებლობა);
ი) ბუნებრივი რესურსების მომსახურებები, რომლებსაც დაზიანებული ბუნებრივი რესურსი წარმოქმნიდა მის პირვანდელ მდგომარეობაში, თუ დაზიანებული სახეობა ან/და ჰაბიტატი დაცულ ტერიტორიაზე ძირითად საკონსერვაციო ფაქტორს/ობიექტს წარმოადგენს;
კ) განადგურებული ან დეგრადირებული სახეობების ან/და ჰაბიტატების წილი (დაზიანებული ტერიტორიის შესახებ იმ ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და მონაცემების გათვალისწინებით, რაც არსებობდა ზიანის მიყენებამდე);
ლ) დაზიანების მიმდინარეობის ხანგრძლივობა;
მ) ზიანის ინტენსივობა (ზიანის სავარაუდო ზეგავლენა გარემოს მდგომარეობაზე);
ნ) პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის აღმოსაფხვრელად.
მუხლი 6🔗. გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება და შეფასება
1. გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) გამოსასწორებელი ღონისძიებების შერჩევის კრიტერიუმების ჩამოყალიბებას;
ბ) შესაძლო გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩამონათვალს ან არსებული პრაქტიკის გაზიარებას;
გ) გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირებისთვის შეფასების კრიტერიუმის მისადაგებას, „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ მიხედვით;
დ) შესაბამისი მონაცემების გამოყენებას გამოსასწორებელი ღონისძიების კრედიტისა და დებიტის შესადარებლად, „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ შესაბამისად;
ე) პრიორიტეტული გამოსასწორებელი ღონისძიების სავარაუდო ხარჯებს. ხარჯები უნდა ითვალისწინებდეს გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელებისა და ადმინისტრირების ხარჯებს ისევე, როგორც ოპერირების, მოვლა-შენახვისა და მონიტორინგის დანახარჯებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ღონისძიების განხორციელების შედეგად ეკვივალენტურობის ანალიზში მოცემული სარგებლის მიღწევა.
2. სათანადო გამოსასწორებელი ღონისძიებების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ ღონისძიებების განხორციელების შედეგად ზეგავლენას დაქვემდებარებული ჰაბიტატებისა და სახეობათა პოპულაციების მოსალოდნელი მდგომარეობა (მათ შორის, გამოსასწორებელი ღონისძიებების დამატებითი ზეგავლენა სახეობებსა და ჰაბიტატებზე).
3. პოტენციური ალტერნატიული გამოსასწორებელი ღონისძიებების შეფასებისა და შედარებითი ანალიზის პროცესში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაზიანებული ტერიტორიისა და მიმდებარე ტერიტორიების მოქმედი მართვის გეგმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და აღნიშნულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროგრამები ან/და ღონისძიებები, შემდეგ ელემენტებთან ერთად:
ა) ზეგავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) გამოსასწორებელი ღონისძიების ხარჯები;
გ) ეფექტიანობა;
დ) პოტენციური, სამომავლო ზიანის პრევენცია;
ე) ზეგავლენას დაქვემდებარებულ ყველა ბუნებრივ რესურსზე ან/და მომსახურებაზე პოზიტიური ზემოქმედება;
ვ) სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ასპექტები და დაზიანებული ტერიტორიის სხვა მახასიათებლები;
ზ) გეოგრაფიული კავშირი დაზიანებულ ტერიტორიასთან (მანძილი, გამოხატული კმ-ში);
თ) გამოსასწორებელი ღონისძიებების პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს იმ პერიოდს, რომლის მიხედვით დაანგარიშდება საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების სარგებელი;
ი) მიწის მესაკუთრეებისგან თანხმობის მიღების ალბათობა (მიწის ნაკვეთების საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში) ან საჯარო სივრცის გამოყენების შესაძლებლობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
ა) სათანადო, მაღალი დონის შესაბამისობისა და სარგებლის მქონე გამოსასწორებელი ღონისძიების იდენტიფიცირება;
ბ) ეკვივალენტურობის მოდელირება, რათა განხორციელდეს გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოცულობის ან/და მასშტაბის გასაქვითად. გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება გამოიყენება ჰაბიტატების ეკვივალენტურობის ანალიზის, ბუნებრივი რესურსების ეკვივალენტურობის ანალიზისა და ღირებულების ეკვივალენტურობის ანალიზის დროს, „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის შესაბამისად;
გ) გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმის მომზადება და გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მითითებების შემუშავება, „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესით“ გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 7🔗. გამოსასწორებელი ღონისძიებების სკალირება
1. გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება არის იმ სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების მოცულობის/მასშტაბის განსაზღვრა, რაც აუცილებელია ბუნებრივი რესურსებისთვის ან/და მომსახურებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებისთვის. გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება ხდება „გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ მე-2 დანართის მე-3 ნაწილისა და ამ წესის დანართის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ამ წესის მე-6 მუხლის მიხედვით განსაზღვრული ყველა შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიების მიერ მოსალოდნელი სარგებლის გამოთვლისას, იმ შემთხვევაში, როცა გამოსასწორებელი ღონისძიება დაზიანებულ ტერიტორიაზე ხორციელდება − აუცილებელია, განისაზღვროს ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების ხარისხი ტერიტორიისთვის ზიანის მიყენების შემდეგ, მაშინ, როდესაც გამოსასწორებელი ღონისძიების მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ განხორციელების შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების ხარისხის შეფასების საწყის დონეს „სხვა ტერიტორიის“ ხარისხი წარმოადგენს.
დანართი
დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ განსახორციელებელი სათანადო სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის კრიტერიუმების გამოყენების მეთოდოლოგია
დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ განსახორციელებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიების შერჩევის კრიტერიუმების გამოიყენების მეთოდებია:
1. გეოგრაფიული ეკვივალენტურობის გამოყენების მეთოდი
გეოგრაფიული ეკვივალენტურობის გამოყენების მეთოდის მიხედვით, ტერიტორია განისაზღვრება ბიოგეოგრაფიული ერთეულების განსაზღვრისთვის, რომელიც იმართება იმგვარად, რომ ხორციელდება ამ ბიოგეოგრაფიულ ერთეულებთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნების მახასიათებლების დაცვა.
ამასთან, როდესაც სათანადო სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიების დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ განხორციელება შეუძლებელია (განსაკუთრებით, თუ დაზიანებული ჰაბიტატი იშვიათია ან დაზიანებული მომსახურება უნიკალურ ლანდშაფტზე იყო დამოკიდებული), სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები შესაძლებელია, „სხვა ტერიტორიაზე“ განხორციელდეს.
უპირატესობა ენიჭება სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების დაზიანებულ ტერიტორიასთან შეძლებისდაგვარად ახლო ტერიტორიაზე განხორციელებას.
თუ სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები განხორციელდება დაზიანებული ტერიტორიისგან მოშორებულ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში ის მოითხოვს გამოსასწორებელი ღონისძიებების უფრო დიდ მასშტაბს.
კონკრეტული სახეობისთვის ზიანის მიყენებისას − მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად კონკრეტული მიგრირებადი სახეობის განადგურების ან/და დაზიანების შემთხვევაში, სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები შეიძლება, აღნიშნული სახეობის მიგრაციის მარშრუტის რამდენიმე ადგილისთვის გაიწეროს. ამასთან, აღნიშნული ადგილების შერჩევისას საჭიროა მიგრაციის მარშრუტი კონკრეტული სახეობისთვის დადგინდეს. თუ ამგვარი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, სახეობის დანაკარგის აღდგენა შესაძლებელია მიგრაციის მარშრუტის გასწვრივ ან გამოკვებისათის განკუთვნილ ერთ ან რამდენიმე ტერიტორიაზე ჰაბიტატების შენარჩუნებით (მაგალითად, როცა საკითხი ეხება მიგრირებად თევზებს, მდინარის გასწვრივ მიგრაციისთვის არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა, ესტუარიების ეკოლოგიური მდგომარეობის ხარისხის გაუმჯობესება ან მდინარის გარკვეულ წერტილებში თევზაობის შემცირება და სხვა მსგავსი ღონისძიებები შესაძლებელია, განისაზღვროს გამოსასწორებელ ღონისძიებად, თუ ისინი თევზების გაჩერების ან სატოფო ადგილების ჰაბიტატების გაუმჯობესებას უზრუნველყოფენ).
2. ეკოლოგიური ეკვივალენტურობის (ჰაბიტატების/ბუნებრივი რესურსების ეკვივალენტურობა) გამოყენების მეთოდი
ეკოლოგიური ეკვივალენტურობის (ფუნქციური ეკვივალენტურობა) გამოყენების მეთოდის შესაბამისად, სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიება მიზნად უნდა ისახავდეს იმავე კომპონენტების (იგივე სახეობები, იგივე ჰაბიტატები, იგივე მომსახურება) შექმნას, რაც დაზიანებულია.
ტერიტორიის შერჩევისას აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკოლოგიურ ქსელთან კავშირის შენარჩუნებაზე. ამასთან, როცა ფრაგმენტაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, დაყოფის მანძილი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.
ბევრი სახეობისა და ჰაბიტატისთვის ეკოლოგიური ფუნქცია შეიძლება შენარჩუნდეს, თუ ჰაბიტატი საკმაოდ დიდია ან ჰაბიტატებს შორის არსებობს ფუნქციური კავშირი, რომელიც ქმნის ეკოლოგიურ ქსელს ან სახეობების მეტაპოპულაციას უჭერს მხარს. ეს მოითხოვს ისეთ ზომებს, რომლითაც განხორციელდება ლანდშაფტის ეტაპობრივი კონსერვაცია, რომელიც ინარჩუნებს ეკოლოგიურ კავშირს.
თუ ზიანი მიადგა ეკოლოგიური ქსელის შემადგენელ ტერიტორიას და ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია სახეობების უფრო დიდი მეტაპოპულაციის არსებობისთვის, აუცილებელია, რომ აღნიშნული გარემოება გათვალისწინებულ იქნეს სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის პროცესში.
„სხვა ტერიტორიის“ განსაზღვრის დროს, როდესაც სათანადო ტერიტორიის შერჩევა დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ ვერ ხორციელდება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ეკოლოგიური კორიდორი, როგორც საკონსერვაციო ეკოლოგიური ქსელის საკვანძო კომპონენტი და დაცულ ტერიტორიებთან კავშირი. შესაბამისად, გამოსასწორებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ჰაბიტატების ჩანაცვლებას იმ ჰაბიტატების ანალოგიური (საპირწონე) პროპორციებით, რომლებიც დაზიანდა ან განადგურდა.
ჩასანაცვლებელი ჰაბიტატის ტერიტორიის ფართობის გაანგარიშების საწყისი ათვლის წერტილია ტერიტორიის ზომა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს, სულ მცირე, იმ ტერიტორიის ზომის, რომელიც განადგურდა ან დაზიანდა. უფრო მეტი საკომპენსაციო ჰაბიტატი საჭიროა დამატებითი ფაქტორების გაქვითვისთვის. კერძოდ, თუ დაზიანებულ ტერიტორიასა და „სხვა ტერიტორიას“ შორის გეოგრაფიული კავშირი არ არსებობს, მოითხოვება დამატებითი საკომპენსაციო ჰაბიტატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დაზიანება გავლენას ახდენს ეკოლოგიურად დაკავშირებულ ტერიტორიებზე და ჰაბიტატის ჩანაცვლება ფრაგმენტული და დაზიანებული ტერიტორიისგან იზოლირებულია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ საკომპენსაციო ჰაბიტატს დაზიანებული ტერიტორიის იდენტური ეკოლოგიური მახასიათებლები არ ექნება. ასეთ შემთხვევებში მოითხოვება დამატებითი საკომპენსაციო ჰაბიტატები ამ სხვაობის გასაქვითად, რომელიც წარმოიშვა დაზიანებულ და საკომპენსაციო ჰაბიტატებს შორის. ჰაბიტატის შექმნა, ხშირ შემთხვევაში, ბუნებაში ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს და ხშირად ახალი/არააპრობირებული მართვის სისტემების ან საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს. დამატებითი საკომპენსაციო ჰაბიტატები სწორედ ამ ეკოლოგიური არაპროგნოზირებადობის გასაქვითად არის საჭირო.
ეკოლოგიური კავშირის შეფასება − ეკოლოგიური კავშირის შეფასების ამოცანაა, გაზომოს ტენდენციები ფრაგმენტაციის განვითარებაში (დაზიანებულ ჰაბიტატებში ფრაგმენტაციის ტენდენციების გამოვლენა, მაგალითად, სხვა ტერიტორიაზე იგივე ტიპის ჰაბიტატისთვის).
ეკოლოგიური კავშირის გაზომვის ყველაზე მარტივი გზა არის იმ მანძილის (მეტრი, კილომეტრი) გაზომვა, რომელიც აკავშირებს დაზიანებულ ტერიტორიას ანალოგიურ ტერიტორიასთან (სივრცითი − სტრუქტურული, ფიზიკური − დამაკავშირებელი).
სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების ზურმუხტის ტერიტორიებზე განხორციელებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი ასპექტები:
ა) გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელება „სხვა ტერიტორიაზე“ არ უნდა ახდენდეს უარყოფით ზეგავლენას ზურმუხტის ქსელის ერთიანობაზე ან „სხვა ტერიტორიის“ ერთიანობაზე. თუ გამოსასწორებელი ღონისძიება ხორციელდება არსებული ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე, ის უნდა შეესაბამებოდეს ამ ტერიტორიის კონსერვაციის მიზნებს და შესაბამისობაში უნდა იყოს იმ ზომებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ ტერიტორიის მართვის გეგმაში;
ბ) გამოსასწორებელი ღონისძიებები გამოიყენება ზურმუხტის ტერიტორიაზე, თუ უზრუნველყოფილია ეკოლოგიური ერთიანობა და ზურმუხტის ქსელის ფუნქციონირება;
გ) გამოსასწორებელი ღონისძიება, რომელიც გამოიყენება დაზიანებული ზურმუხტის ტერიტორიის მიღმა, უნდა იყოს იმავე გეოგრაფიულ არეალში, იმ დაშვებით, რომ შერჩეულ ტერიტორიას აქვს იგივე მნიშვნელობა მის ეკოლოგიურ სტრუქტურასთან ან/და ზურმუხტის ქსელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ეს ახალი ტერიტორია შეიძლება იყოს სხვა ზურმუხტის ტერიტორია ან ზურმუხტის ქსელის გარეთ არსებული ტერიტორია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეს ტერიტორია უნდა შევიდეს ზურმუხტის ქსელში;
დ) თუ გამოსასწორებელი ღონისძიება ხორციელდება ზურმუხტის ქსელის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე, განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში, „სხვა ტერიტორია“ უნდა იყოს სხვა ზურმუხტის ტერიტორია. თუ გამოსასწორებელი ღონისძიება ხორციელდება ზურმუხტის ქსელის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე, აღნიშნული ტერიტორია უნდა შევიდეს ზურმუხტის ქსელში.
3. დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების (ბუნებრივი რესურსების მომსახურებები და მათი გამოყენების ღირებულება) გათვალისწინება
გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზიანებული ტერიტორიის ბუნებრივი რესურსების მომსახურებები. ბევრი ტერიტორიისთვის მსგავსი მომსახურებები შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაზიანებულ ტერიტორიასთან მნიშვნელოვნად ახლოს მდებარეობს. დაზიანებულ ტერიტორიასა და „სხვა ტერიტორიას“ შორის მანძილის ზრდასთან ერთად, ადამიანებს, რომლებზეც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა ზეგავლენა მოახდინა, მოუწევთ უფრო დიდი მანძილის გავლა იგივე ბუნებრივი რესურსების მომსახურების მისაღებად. ასეთი გეოგრაფიული დაშორების აღმოსაფხვრელად უფრო მეტი გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელება იქნება საჭირო (მაგ.: ჰაბიტატებისთვის უფრო დიდი ტერიტორიის განსაზღვრა).
დაზიანებული ტერიტორიის „გამოყენებითი ღირებულებისა“ (ღირებულება, რასაც საზოგადოება იღებს ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების გამოყენებით) და „გამოუყენებლობის ღირებულების“ (ღირებულება, რასაც საზოგადოება ანიჭებს ბუნებრივი რესურსების არსებობას, თუნდაც მას პირდაპირ არ იყენებდეს) დანაკარგების კომპენსირებისთვის იშვიათად არის მიზანშეწონილი გამოსასწორებელი ღონისძიებების დაზიანებული ტერიტორიისგან მოშორებით განხორციელება, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში არის რისკი, რომ სარგებელი მიიღოს იმ მოსახლეობამ, რომელსაც გარემოსთვის ზიანის მიყენების შედეგად ზარალი არ განუცდია − იმ პირების ხარჯზე, ვინც გარემოსთვის ზიანის მიყენების შედეგად ზარალი განიცადა.