გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება №CRC/C/90/D/84/2019

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№CRC/C/90/D/84/2019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

CRC/C/90/D/84/2019

ბავშვის უფლებათა კონვენცია

პირველადი არარედაქტირებული ვერსია

 

განაწ.: ზოგადი

7 ივნისი, 2022

 

დედანი: ინგლისურ ენაზე

 

 

 ბავშვის უფლებათა კომიტეტი

  კომიტეტის მიერ მიღებული შეხედულებები ბავშვის უფლებათა კონვენციის, შეტყობინებების პროცედურების შესახებ ფაკულტატური ოქმის მიხედვით, №84/2019* შეტყობინებასთან მიმართებით**

 

შეტყობინება წარმოდგენილია:

  ნ.ბ-ს მიერ (რომელსაც წარმოადგენენ ადვოკატები: ანა არგანაშვილი და ანა თავხელიძე – ორგანიზაციიდან "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის")

სავარაუდო მსხვერპლი:

ავტორი

მონაწილე სახელმწიფო:

საქართველო

შეტყობინების თარიღი:

2018 წლის 19 ნოემბერი

გადაწყვეტილების მიღების თარიღი:

2022 წლის 1 ივნისი

საგანი:

ბავშვის დაცვა ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობისგან, ზიანის მიყენებისგან ან შეურაცხყოფისგან; დისკრიმინაცია

საპროცედურო საკითხი:

დაცვის შიდა საშუალებების სრულად გამოუყენებლობა, მოთხოვნების არასაკმარისი დასაბუთება

კონვენციის მუხლები:

მე-2, მე-12 და მე-19

ფაკულტატური ოქმის მუხლები:

მე-7 (d) და (f)

 


 

*    მიღებულია კომიტეტის მიერ მის ოთხმოცდამეათე სესიაზე (2022 წლის 3 მაისი – 3 ივნისი).

**   შეტყობინების განხილვაში მონაწილეობდნენ კომიტეტის შემდეგი წევრები: სიუზან აჰო ასოუმა, ჰაინდ აიუბი იდრისი, რინჩენ ჩოპელი, ბრაგი გუდბრანდსონი, ფილიპ ჯაფე, გეჰად მადი, ფეით მარშალ-ჰარისი, ბენიამ დავიტ მეზმური, კლარენს ნელსონი, ლუის ერნესტო პედერნერა რეინა, ზარა რატუ, ხოსე ანხელ როდრიგეს რეიესი, აისატუ ალასან სიდიკუ, ანნ მარი სკელტონი, ველინა ტოდოროვა და ბენუა ვან კეირსბილკი. კომიტეტის საპროცედურო წესების მე-8 (1) (a) წესის შესაბამისად, ბავშვთა უფლებათა კონვენციის, შეტყობინებების პროცედურების შესახებ ფაკულტატური ოქმის საფუძველზე, სოფიო კილაძემ არ მიიღო მონაწილეობა შეტყობინების განხილვაში.

 

 

 

1.    შეტყობინების ავტორია ნ.ბ., 2013 წლის 21 ივლისს დაბადებული საქართველოს მოქალაქე. ის აცხადებს, რომ მონაწილე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2, მე-12 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული მისი უფლებები. ავტორს წარმოადგენენ ადვოკატები. ფაკულტატური ოქმი მონაწილე სახელმწიფოსთვის ძალაში შევიდა 2016 წლის 19 დეკემბერს.

 

ავტორის მიერ წარმოდგენილი ფაქტები

2.1   2017 წლის 24 იანვარს, საჯარო საბავშვო ბაღის მასწავლებელმა ავტორის მიმართ გამოიყენა ფიზიკური დასჯა. დედამ იგი დილით მიიყვანა საბავშვო ბაღში დაზიანების რაიმე ნიშნების გარეშე, მაგრამ საღამოს რომ წამოიყვანა შენიშნა, რომ სახეზე წითელი ლაქები, ნაკაწრები და ორივე ყურზე შეშუპება და ლურჯი ლაქები ჰქონდა. სხვა დღეებისგან განსხვავებით, ბავშვს მასწავლებელი გამოჰყვა, რომელმაც დედას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ალერგია, ან იყო თუ არა ის მამის1 მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რასაც შეეძლო სიწითლე გამოეწვია. ავტორის დედამ მიუგო, რომ მას არ ჰქონდა ალერგია და ბოლო დროს არც კონტაქტი ჰქონია მამასთან. შემდეგ მან ჰკითხა შვილს, რა დაემართა მას სახეზე, რაზედაც ბავშვმა თავშეკავებულად მიუთითა მასწავლებელზე და აღნიშნა, რომ მან სახეში სილა გააწნა და ორივე ყური მოქაჩა. მასწავლებელმა სიცილი დაიწყო და უარყო, რომ ეს ჩაიდინა.

2.2   როცა დედა ავტორთან ერთად სახლში დაბრუნდა, მან ისევ ჰკითხა, რა მოხდა. მან უპასუხა, რომ მასწავლებელმა მას მარცხენა ლოყაზე სილა გააწნა და ორივე ყური მოქაჩა და მოუჭირა ხელი, რადგან მან ვერ შეძლო სახლის სათანადოდ დახატვა - ეს იმ დღეს იყო მისი დავალება საბავშვო ბაღში. დედამ პოლიციას დაურეკა და ინციდენტის შესახებ შეატყობინა. პოლიცია მივიდა მათ სახლში და ავტორი და დედამისი პოლიციის დაწესებულებაში წაიყვანა დაკითხვისა და მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, რის შემდეგაც დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. მათ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რათა ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაეყვანათ სამედიცინო შემოწმების მიზნით.

2.3 2017 წლის 25 იანვარს, დედამ ამის შესახებ აცნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სამმა მედია არხმა გადასცა. მომხდარი ინციდენტის შესახებ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა სამაუწყებლო საშუალებებიდან; მათ არ მიუღიათ ინფორმაცია მასწავლებლის, ან საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისგან, როგორც ეს კანონით მოითხოვებოდა.2

2.4   2017 წლის 25 იანვარს, სოციალურმა მუშაკმა მოინახულა ავტორი და დედამისი. ავტორი აღნიშნავს, რომ სტუმრობა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა და ის ზედაპირული ხასიათის იყო. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს იყო ერთადერთი სტუმრობა, რომელსაც სოციალური სამსახურების მხრიდან რაიმე შემდგომი რეაგირება არ მოჰყოლია. 2018 წლის მაისსა და ივნისში, ავტორის დედამ ინციდენტის შეფასების და გატარებული ღონისძიებების შედეგები გამოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული ერთადერთი დასკვნა იყო 2018 წლის 6 ივნისს შედგენილი ერთნახევარ გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც უბრალოდ ინციდენტს3 აღწერდა. რადგანაც არ არსებობდა ინციდენტის ან ავტორისა და მასწავლებლის დაკითხვის შეფასება, დედამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა საჩივრით, სადაც ამტკიცებდა, რომ ადგილი ჰქონდა პერსონალურ ინფორმაციაზე ბავშვის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას. 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინსპექტორმა დაადგინა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაარღვია ავტორის უფლება პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით.

2.5 2017 წლის 6 მარტს, საბავშვო ბაღის დირექტორის გადაწყვეტილებით მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი იყო „მოვალეობის უხეში დარღვევა“ , სადაც არ იყო ნახსენები ავტორთან მომხდარი ინციდენტი. მასწავლებელმა გაასაჩივრა მისი გათავისუფლება. 2017 წლის 25 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოითხოვა მისი სამსახურში აღდგენა თანამდებობიდან გათავისუფლების გონივრული საფუძვლის არარსებობის გამო, რადგან არც გათავისუფლების გადაწყვეტილებაში და არც სასამართლო პროცესის დროს არ იყო ზუსტად განსაზღვრული და დასაბუთებული რაიმე მიზეზი. ავტორი საქმისწარმოებისას მესამე მხარედ არ იყო მოწვეული, რადგან სასამართლო არ იყო ინფორმირებული სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების შესახებ. გადაწყვეტილება საბავშვო ბაღმა არ გაასაჩივრა. უცნობი თარიღისთვის მასწავლებელი ბაღში აღადგინეს თანამდებობაზე და გადაუხადეს მას ფინანსური კომპენსაცია დაკარგული ხელფასისთვის.

2.6   2018 წლის აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში, ავტორის ადვოკატმა პოლიციასა და პროკურატურას 5-ჯერ მოსთხოვა კანონიერი ზომების მიღება, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. 2018 წლის 8 ივნისს, ადვოკატმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას მიმართა შუამდგომლობით ავტორისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 2018 წლის 11 ივნისს, პროკურორმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რადგან არ არსებობდა საკმარისი საფუძვლები იმის ვარაუდისთვის, რომ ბავშვს დაზიანებები მიაყენეს კონკრეტულად მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო უკანონო მოქმედების შედეგად.4 ადვოკატმა სადავო გახადა ეს არგუმენტი გლდანი-ნაძალადევის რაიონის მთავარი პროკურორის წინაშე, სადაც ის ამტკიცებდა, რომ დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობის გამო, სისხლის სამართლის გამოძიებას უნდა გამოერკვია, ბავშვმა მიიღო თუ არა აღნიშნული დაზიანება ბაღის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის დროს. თუმცა, 2018 წლის 21 ივნისს, ზემდგომმა პროკურორმა არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.5

2.7   2018 წლის 15 ივნისს, დედამ საბავშვო ბაღისგან დამატებითი განმარტება მოითხოვა იმ მომენტთან დაკავშირებით, როდესაც დაზიანებები პირველად აღმოაჩინეს. 2018 წლის 11 ივლისის წერილში საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ არ გასცა კონკრეტული პასუხი, თუმცა აღიარა, რომ სულ მცირე ორმა თანამშრომელმა შენიშნა ბავშვის სახეზე დაზიანებები - იმის დადასტურების გარეშე, რომ დაზიანებები მიაყენა ავტორის მასწავლებელმა - მაგრამ არ უცნობებიათ ამის შესახებ ადმინისტრაციისთვის.6 ადმინისტრაციამ ასევე არ შეატყობინა ადგილობრივ ორგანოებს იმის შესახებ, რომ მისმა თანამშრომლებმა არ შეატყობინეს ამ ფაქტის შესახებ, რასაც შესაძლოა გამოეწვია ადმინისტრაციული სანქციები.7

2.8   2018 წლის 15 ივნისს, ავტორის დედამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსაც მიმართა კითხვით მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 2018 წლის 11 ივლისის პასუხში მართვის სააგენტომ დაადასტურა, რომ მის მიერ დაიკითხა საბავშვო ბაღის პერსონალი, მათ შორის ავტორის მასწავლებელი და რომ მას შეხვედრა ჰქონდა ბავშვების მშობლებთან. არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია ავტორის მიმართ ფიზიკური ძალადობის რაიმე აქტი. თუმცა, იმავე კლასში მყოფი აუტისტი ბავშვის ბებია ამტკიცებდა, რომ იგი ხშირად შესწრებია, თუ როგორ უყვიროდა მასწავლებელი ბავშვებს და რომ მისი შვილიშვილიც მოვიდა სახლში ყურებზე სილურჯეებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მართვის სააგენტოს არ დაუკითხავს არც ავტორი და არც ინციდენტის შემსწრე ბავშვები. ინციდენტის გამოძიების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის არარსებობის გამო, დედამ კვლავ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებული ბავშვის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ინსპექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაარღვია ავტორის უფლება პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით.

2.9   2018 წლის 26 ივნისს, გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრმა, რომლის მთავარი საქმიანობაა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესწავლა, გამოსცა ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ავტორს გააჩნდა უნარი იმისა, რომ აღეწერა მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ინციდენტი და რომ ავტორის ფსიქოემოციური მდგომარეობა კარგი იყო.

2.10   2018 წლის 22 აგვისტოს, ავტორის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცა გასცნობოდა საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურში, სადაც გამოვლინდა მრავალი ხარვეზი გამოძიების პროცესში. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სხვა მშობლების ბრალდებები იმავე მასწავლებლის მხრიდან მათი შვილების ფიზიკურ დასჯასთან დაკავშირებით, არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, დაიკითხნენ თუ არა აღნიშნული მშობლები და არცერთი ბავშვი, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ინციდენტის თვითმხილველი, არ დაკითხულა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუწყიათ ადმინისტრაციული წარმოება იმ ფაქტის თაობაზე, რომ ინციდენტის შესახებ საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა არ შეატყობინეს და არც სოციალურ სამსახურს აცნობეს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ.

 

საჩივარი

3.1   ავტორი მიუთითებს კონვენციის მე-2, მე-12 და მე-19 მუხლების დარღვევაზე. რაც შეეხება დაცვის შიდა საშუალებების ამოწურვას, ის განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მისი საქმის წარდგენა სასამართლოში მხოლოდ პროკურორის მიერ არის შესაძლებელი. სავარაუდო მსხვერპლს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს გამოძიების ან/და საქმისწარმოების სტატუსზე. მის საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა ვერ შეძლო გამოძიებისთვის მიეცა მსვლელობა და წარედგინა აღნიშნული საქმე სასამართლოში. ავტორს არ აქვს სამართლებრივი საშუალება, გაასაჩივროს პროკურორის მიერ სისხლის სამართლის გამოძიების 22 თვით გაჭიანურება.

3.2   ავტორი ამტკიცებს, რომ დაირღვა კონვენციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები. მისი მტკიცებით, მონაწილე სახელმწიფოს არ მიუღია შესაბამისი საკანონმდებლო ზომები ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის ფიზიკური სასჯელის გამოყენების, აკრძალვის მიზნით, როგორც ეს კომიტეტის მიერ არის რეკომენდებული მონაწილე სახელმწიფოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის განხილვის შემდეგ.8 ის აღნიშნავს, რომ ფიზიკური დასჯა არ არის ცალსახად აკრძალული ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლა-პატრონობის ან უფროსი ასაკის ბავშვთა მზრუნველობის დაწესებულებებში. ის ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე ძალადობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. იგი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა გამოავლინა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები შემოწმებული 61 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან 70%-ში, ხოლო 40%-ში მან ფიზიკური დასჯის გამოყენების პრაქტიკა გამოავლინა. ის ასევე აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოში ბავშვებზე გავლენას ახდენს სოციალური დამოკიდებულებები, სადაც ძალადობას ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბების ფორმად აღიქვამენ. მისი მტკიცებით, კონკრეტულად მის შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა არ იკისრეს ანგარიშვალდებულება და არ გამოიყენეს მისი დაცვის ქმედითი საშუალებები. საბავშვო ბაღმა არ დაადგინა ინციდენტი, არ მიაწოდა მის შესახებ ინფორმაცია და არ მოახდინა მისი მიმართვა შესაბამისი ორგანოებისთვის. პოლიციამ და საბრალდებო ორგანოებმა გონივრულ ვადაში ქმედითად ვერ გამოიძიეს ინციდენტი და არ განახორციელეს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტომ მომხდარ ინციდენტზე ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა და არ გამოიძია ინციდენტი.

3.3 ავტორის მტკიცებით, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები, რადგან წინამდებარე შეტყობინების წარდგენის დროს მონაწილე სახელმწიფომ ვერ მოახდინა ფიზიკური დასჯის კრიმინალიზაცია, რაც წარმადგენს ასაკობრივი ნიშნით ბავშვთა დისკრიმინაციას. არგუმენტად მას მოჰყავს ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში სხვის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება (ცემა) დანაშაულად განიმარტება, მაგრამ მისი ფორმულირებისა და გამოყენების მიხედვით, ბავშვთა ფიზიკური დასჯა არ მიიჩნევა დანაშაულად და შესაბამისად, არ ითვალისწინებს სანქციებს. ეს მუხლი ექცევა ჯანმრთელობის ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მიძღვნილი თავის ფარგლებში მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აკრძალვები, რომლებიც ეხება ბავშვების ფიზიკური დასჯას, პირველ რიგში, ფოკუსირებულია ბავშვის ღირსების შელახვაზე და უზრუნველყოფს ფიზიკურ და მორალურ მთლიანობას. შესაბამისად, დაცვის ობიექტს წარმოადგენს არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვა, არამედ ბავშვის ღირსება და მორალური მთლიანობა, რაც სულაც არ გულისხმობს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას.

3.4   ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ტკივილის მიყენების განზრახვით ჩადენილ აქტს მიენიჭოს ცემის (სხვის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების) კვალიფიკაცია. ამრიგად, როდესაც ბავშვების ფიზიკური დასჯა მიიჩნევა ბავშვის აღზრდის მეთოდად და გამოიყენება დისციპლინის დასაცავად, არარეალურია 126-ე მუხლის გამოყენება ბავშვთა ფიზიკურ დასჯასთან მიმართებით. უფრო მეტიც, ეს მუხლი განსაზღვრავს ცემას, როგორც „რამდენიმე დარტყმას“, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი დარტყმა არ ითვლება ცემად.

3.5   ბოლოს, ავტორის მტკიცებით, დაირღვა კონვენციის მე-12 მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ინციდენტის გამოძიებაში. ის აღნიშნავს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ბაღის ხელმძღვანელობას არც ის და არც დედამისი არ ჩაურთავს. ასევე, მისი მტკიცებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ არ შეიტანა მისი ან დედამისის შეხედულებები სააგენტოს მიერ შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტაციაში და პირველი ინსტანციის სასამართლომ არც ის და არც დედამისი ჩართო ზეპირ მოსმენაში.

 

მონაწილე სახელმწიფოს მოსაზრებები საქმის მისაღებ და არსებით მხარესთან დაკავშირებით

4.1   2019 წლის 15 ნოემბრით დათარიღებულ მის მოსაზრებებში მონაწილე სახელმწიფო შემდეგი თანმიმდევრობით წარმოადგენს საქმის ფაქტებს: მოვლენების დღე – 2017 წლის 24 იანვარი – პოლიციამ დაიწყო გამოძიება ავტორის დედის საჩივართან დაკავშირებით. 2017 წლის 25 იანვარს ორგანოებმა დაკითხეს დედა, საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილე და ბრალდებული მასწავლებელი.9 იმავე დღეს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალისტ-გამომძიებელმა დაკითხა ბავშვი მამამისისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით. ბავშვმა მიუთითა, რომ მასწავლებელმა ატკინა ლოყები და ყურები, როდესაც მას დაარტყა. ორგანოებმა ასევე დანიშნეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 2017 წლის 27 იანვრის10 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტორს მარცხენა და მარჯვენა ყურის ბიბილოები ჩალურჯებული ჰქონდა. ასევე ჩალურჯებული ჰქონდა მარჯვენა ლოყა და მარცხენა ქვედა ყბა. დასკვნის მიხედვით, ასეთი დაზიანებები წარმოიქმნება ნებისმიერი მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და არის მსუბუქი ხარისხის, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.11

4.2   2017 წლის 26-დან 28 იანვრამდე პერიოდში, ორგანოებმა დაკითხეს საბავშვო ბაღის ოთხი თანამშრომელი, რომლებმაც უარყვეს, რომ შეესწრნენ ინციდენტს ან რომ იცოდნენ ბრალდებული მასწავლებლის მიმართ მშობლების რაიმე სხვა საჩივრის შესახებ. 2017 წლის 3 მარტს, ორგანოებმა მიიღეს სხვა ბავშვის ბებიის ჩვენება, სადაც ის აცხადებდა, რომ მასწავლებელი იყო აგრესიული პიროვნება, ხშირად იყენებდა ფიზიკურ დასჯას მისი შვილიშვილის მიმართ და რომ სხვა მშობლებსაც ჰქონდათ მსგავსი ბრალდებები. 2017 წლის 28 მარტს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საგამოძიებო ორგანოებს აცნობა მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისი იმ პირდაპირი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაც გამოიხატება ბავშვის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სააგენტოს მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის თანახმად, საბავშვო ბაღის ორმა თანამშრომელმა დირექტორის მოადგილეს წერილი მისწერა, რომ გაუსაძლისი იქნებოდა აღნიშნულ მასწავლებელთან ერთად მუშაობა და თუ მას უკან დაბრუნების უფლებას მისცემდნენ, ისინი იძულებულნი იქნებოდნენ დაეტოვებინათ თანამდებობა. თუმცა, 2018 წლის 2 მაისს, როდესაც ორი თანამშრომელი დაკითხეს ორგანოებმა, მათ განაცხადეს, რომ არ უჩიოდნენ მასწავლებელს, რომელიც, მათი მტკიცებით, კარგი პიროვნება იყო. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ 2017 წლის 24 იანვარს მთელი დღე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა, ამიტომ ავტორის შვილზე ფიზიკური ძალადობის რაიმე კვალს შეამჩნევდა.12

4.3   2018 წლის 29 აპრილიდან 2018 წლის 19 ივნისამდე პერიოდში ორგანოები დაუკავშირდნენ სამ პირს, რომლებსაც ბავშვები იმავე საბავშვო ბაღში დაჰყავდათ და შესაძლოა სცოდნოდათ ინციდენტის შესახებ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. თუმცა, 2019 წლის ნოემბერში ორმა მათგანმა განაცხადა, რომ ბრალდებულ მასწავლებელთან დაკავშირებით მათ არანაირი საჩივარი ან ინფორმაცია, რომ ბოროტად იყენებდა მის უფლებამოსილებას, არ ჰქონდათ. 2017 წლის 24 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ პროკურორის წინაშე მიმდინარეობის პროცესშია.

4.4   შეტყობინების მისაღებობასთან დაკავშირებით მონაწილე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ის მიუღებლად უნდა გამოცხადდეს, რადგან როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმისწარმოებების დროს სრულად არ გამოყენებულა სამართლებრივი დაცვის საშუალებები.

4.5   მონაწილე სახელმწიფო განმარტავს, რომ ავტორს არ ამოუწურავს სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლების შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლთან ერთობლიობაში, რაც მას უფლებას მისცემდა სახელმწიფო სუბიექტის წინააღმდეგ აღეძრა სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული სამართლებრივი საშუალების ეფექტურობის დემონსტრირებისთვის მონაწილე სახელმწიფო მიმართავს შიდა სასამართლო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.13 აქედან გამომდინარე, ავტორმა, ერთი მხრივ, ვერ წამოიწყო საქმისწარმოება საბავშვო ბაღის წინააღმდეგ და ვერ მოითხოვა კომპენსაცია, ხოლო, მეორე მხრივ ვერ წამოიწყო საქმისწარმოება საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

4.6   ასევე, მონაწილე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ავტორი უნდა დალოდებოდა სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიების დასრულებას, რადგან ორგანოები ატარებდნენ ქმედით და ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებებს. ის ფაქტი, რომ არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ მასწავლებლისთვის, რომელსაც ფიზიკურ ძალადობაში მხოლოდ ავტორის დედა ადანაშაულებდა, არ შეიძლება ჩაითვალოს თვითნებურ გადაწყვეტილებად, ორგანოების მიერ ვალდებულებების არ ან ვერ შესრულებად, ან მათი მხრიდან დაუდევარ მოქმედებად. მონაწილე სახელმწიფო სადავოს ხდის გამოძიების მნიშვნელოვან გაჭიანურებას საქმის სირთულიდან14 და იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ფიზიკურად და გონებრივად მოუმწიფებელ, 3 წლის ბავშვს ეხებოდა. იგი კვლავ აღნიშნავს, რომ ავტორი ინციდენტის მომდევნო დღეს დაიკითხა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალისტ-გამომძიებლის მიერ, მამამისისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით; რომ მის ადვოკატს უფლება მიეცა გაცნობოდა საქმის მასალებს და რომ ორგანოები დაუკავშირდნენ ავტორის მიერ მოხსენიებულ ყველა მშობელს მათი დაკითხვის მიზნით და სამიდან ორი მათგანი დაიკითხა მიუხედავად იმისა, რომ მათ არ სურდათ თანამშრომლობა. გარდა ამისა, ავტორს არ მიუთითებია რაიმე სერიოზულ ხარვეზზე გამოძიების დროს, რასაც შეეძლო შეემცირებინა მთლიანი გამოძიების პროცესის ეფექტურობა.

4.7   რაც შეეხება ავტორის მტკიცებას მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მონაწილე სახელმწიფო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე პუნქტის მიხედვით, „მსხვერპლად“ განისაზღვრება „სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად“. გამოძიების მსვლელობისას სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციისა და ასევე ისეთი პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის გამო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულმა მასწავლებელმა ან რომელიმე სხვა პირმა ჩაიდინა დანაშაული ავტორის მიმართ, მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი სტანდარტი აშკარად არ იყო დაკმაყოფილებული.

4.8   მონაწილე სახელმწიფოს ინფორმაციით, 2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პირებს უფლება აქვთ ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრონ პროკურატურის ორგანოების მხრიდან უარი მსხვერპლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიას მიეკუთვნება დანაშაული. აქედან გამომდინარე, ავტორს, ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, თავისუფლად შეეძლო საჩივრის შეტანა ეროვნულ სასამართლოებში პროკურორის მიერ მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. თუმცა, მან ვერ გამოიყენა აღნიშნული სამართლებრივი დაცვის საშუალება.

4.9   ავტორის მტკიცებას ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით იმ ფაქტთან მიმართებით, რომ არ მოხდა ბავშვთა ფიზიკური დასჯის კრიმინალიზაცია, მონაწილე სახელმწიფო უპირისპირებს იმ ფაქტს, რომ ავტორმა ვერ ამოწურა არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რადგან დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი მექანიზმი. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლს უფლება აქვს აღძრას სასამართლო პროცესი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებების შესაბამისად. უფრო მეტიც, ავტორს ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოების წინაშე მოეთხოვა მორალური და/ან მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ამიტომ ეს მოთხოვნა ასევე მიუღებელია სამართლებრივი დაცვის საშუალებების სრულად გამოუყენებლობის გამო.

4.10  არსებითი განხილვის მხრივ, მონაწილე სახელმწიფო აცხადებს, რომ მან შეასრულა კონვენციის მე-2, მე-12 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე მისი პირდაპირი ვალდებულებები.

4.11 რაც შეეხება ბავშვის უფლებას, მოუსმინონ მას, მონაწილე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ავტორი ჩართული იყო გამოძიებაში იმ დონეზე, რაც მიჩნეულია საკმარისად კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით.

4.12 მონაწილე სახელმწიფო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 (11)-ე მუხლი15 ახდენს არასრულწლოვნის შეგნებულად ცემის ან მის მიმართ ნებისმიერი სხვა ძალადობის კრიმინალიზაციას და ამ დებულებას ავრცელებს ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც არასრულწლოვანი ექვემდებარება ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას. არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის გამოყენების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა აღიძრა: 2017 წელს - 20 საქმეზე; 2018 წელს - 85 საქმეზე, მათ შორის 2 საქმე საბავშვო ბაღში ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე; ხოლო 2019 წლის პირველ 10 თვეში - 93 საქმეზე, მათ შორის საბავშვო ბაღში ფიზიკური ძალადობის ერთ შემთხვევაზე. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის დისკრიმინაციული ხასიათის შესახებ ავტორის მტკიცებები უსაფუძვლოა.

4.13   ბოლოს, მონაწილე სახელმწიფო აღნიშნავს ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ბავშვის უფლებების ქმედითი დაცვის უზრუნველსაყოფად გატარებულ ზომებს, ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს, სწავლებებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. კერძოდ, 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც 2022 წლის იანვრამდე ეტაპობრივად შევა ძალაში. ამ კოდექსის მიზანია, შეიქმნას საერთო სამართლებრივი საფუძველი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად, მათ შორის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისთვის. გარდა ამისა, განხორციელდა ეროვნული სოციალური მუშაკების აქტიური მომზადება ოჯახში ძალადობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში და ასევე ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით მიმართვიანობის პროცედურულ საკითხებში. სკოლებში რეგულარულად ტარდება სწავლებები ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. ოჯახში ძალადობა ასევე გაერთიანებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებში, ასევე მოსამართლეების, პოლიციის, გამომძიებლებისა და პროკურორების მოსამზადებელ პროგრამებში.

 

ავტორის კომენტარები მონაწილე სახელმწიფოს მოსაზრებებთან დაკავშირებით

5.1   2020 წლის 5 აპრილით დათარიღებულ მის კომენტარებში ავტორმა არგუმენტად მოიყვანა, რომ სამოქალაქო სამართლით გარანტირებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები არა მხოლოდ ეფექტური შემსუბუქების მომტანი არ არის, არამედ უსაფუძვლოდაც ხანგრძლივდება. ვინაიდან, ფიზიკური დასჯის ფაქტი არ დადგინდა, არ არსებობდა სამოქალაქო სარჩელის საფუძველი. საბავშვო ბაღმა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ და პოლიციამ უარი თქვა ავტორის მიმართ უკანონო ქმედების აღიარებაზე. ავტორი ასევე იმყოფებდა განმეორებითი ფიზიკური დასჯის საშიშროების წინაშე, რადგან ბრალდებული მასწავლებელი საბავშვო ბაღში აღადგინეს თანამდებობაზე.

 5.2   მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ის არ დაელოდა განხილვის პროცესში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებას, ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 24 იანვარს დაიწყო გამოძიება, თანამშრომლებისგან ჩვენებები მხოლოდ 2018 წლის თებერვალში იქნა აღებული, ხოლო სხვა მშობლების ჩვენებები კი 2019 წლის აპრილში. აღნიშნული ღონისძიებები იმდენად გაჭიანურდა, რომ ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს ქმედითად. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტიდან სამ წელზე მეტი გავიდა, გამოძიებებს მნიშვნელოვანი შედეგი მაინც არ მოჰყოლია. სასამართლომ მასწავლებელი აღადგინა მის სამუშაო პოზიციაზე, ხოლო ბაღის პასუხისმგებლობის საკითხი საერთოდ არ დამდგარა. ვინაიდან, ავტორს არ მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, მას არ შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, მონაწილე სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი დაცვის საშუალებები არარეალური და არაპროგნოზირებადია.

5.3   ავტორი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, არ არის სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება, რადგან მისი გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, საჯარო უწყებებისადმი მიმართული 19 რეკომენდაციიდან და ზოგადი ხასიათის შეთავაზებებიდან, თანასწორობის დეპარტამენტის შექმნის დღიდან 2017 წლის აგვისტოს ბოლომდე პერიოდში, საჯარო უწყებებმა შეასრულეს მხოლოდ 4 რეკომენდაცია.16 2020 წლის ანგარიშიც განხორციელების დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს.17

5.4 მონაწილე სახელმწიფოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებისთვის 22-თვიანი პერიოდი იყო შესაბამისი, ავტორი კვლავ აღნიშნავს, რომ ის განმეორებითი ძალადობის საშიშროების ქვეშ იყო, რის გამოც ორგანოებს მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინათ. ორგანოებს არასოდეს აუხსნიათ გამოძიების გაჭიანურება, კერძოდ, მათ ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ დაუკავშირდნენ მოწმეებს ინციდენტიდან მხოლოდ 15 თვის შემდეგ და არ უცნობებიათ ავტორისთვის და დედამისისთვის გამოძიების მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპის შესახებ. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 71 (1)-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ ორი წელია გასული ისეთი დანაშაულის ჩადენიდან, რისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, რასაც ადგილი აქვს ავტორის საქმესთან დაკავშირებით.

5.5   ინციდენტის მეორე დღეს ავტორის მოსმენასთან დაკავშირებით ის კვლავ აღნიშნავს, რომ ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული.18 მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა დეტალურად მოახსენა ინციდენტის შესახებ, რასაც ადასტურებდა მატერიალური მტკიცებულებები – დაზიანებები მის სახესა და ყურებზე – ორგანოებმა მისი ჩვენება სერიოზულად არ მიიღეს.

5.6   მონაწილე სახელმწიფოს მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია პროკურორის მიერ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გასაჩივრება, ავტორი კვლავ აღნიშნავს, რომ მან კომიტეტს წარუდგინა შეტყობინება 2018 წლის ნოემბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა ამ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა.

5.7   დასასრულს, არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ავტორს დაზიანებები მიაყენეს საბავშვო ბაღის მზრუნველობის ქვეშ ყოფნისას, მაგრამ მონაწილე სახელმწიფოს არ შეუთავაზებია რაიმე გონივრული ახსნა-განმარტება ამ დაზიანებებთან დაკავშირებით. მონაწილე სახელმწიფომ არ აღკვეთა, არ გამოიძია ძალადობა და არ დაიცვა ავტორი ძალადობისგან, რომელიც გამოხატა ფიზიკურ დასჯაში. ავტორს არ მიუღია რაიმე კომპენსაცია და არ გაუვლია რაიმე რეაბილიტაცია.

კომიტეტის წინაშე არსებული საკითხები და საქმისწარმოება

მისაღებობის განხილვა

6.1   შეტყობინებაში მოცემული ნებისმიერი მოთხოვნის განხილვამდე, კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, მისაღებია თუ არა შეტყობინება ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული საპროცედურო წესების მე-20 წესის შესაბამისად.

6.2   კომიტეტი მიუთითებს მონაწილე სახელმწიფოს არგუმენტზე, რომ შეტყობინება მიუღებელია ადგილობრივ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების სრულად გამოუყენებლობის გამო, რადგან: (a) ავტორმა არ წამოიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება ზიანის ანაზღაურების თაობაზე როგორც საბავშვო ბაღის, ასევე საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის გამოძიების ხანგრძლივობის გასაჩივრების მიზნით; (b) ავტორი არ დაელოდა მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებას; (c) საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე ავტორს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია ზემდგომი პროკურორის უარი მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე; და (d) ავტორს არ გაუსაჩივრებია ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა სახალხო დამცველის აპარატის ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით და არ უსარგებლია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობით, სასამართლოში საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით.

6.3   მონაწილე სახელმწიფოს განცხადებასთან მიმართებით სამართლებრივი დაცვის საშუალებების სრულად გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, როდესაც ავტორმა არ წამოიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კომიტეტს მოჰყავს ავტორის არგუმენტი, რომ ფიზიკური დასჯის აქტის არაღიარების პირობებში სამოქალაქო სარჩელი უსაფუძვლოა. კომიტეტი ასევე მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით სამოქალაქო სამართალწარმოება არ ანაცვლებს სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებას, ქმედითად გამოიძიონ და ბრალი წაუყენონ სავარაუდო დამნაშავეებს სავარაუდო დანაშაულების ჩადენისთვის.19

6.4   სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებებთან მიმართებით მონაწილე სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ არგუმენტზე შიდა საშუალებების სრულად გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, კომიტეტს მოჰყავს ავტორის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო გამოძიებას შედეგები არ მოჰყოლია. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს სარჩელი ეხება სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, ავტორის მიერ შეტანილი საჩივრების არსებით მხარესთან და, აქედან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ამ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით.

6.5   მონაწილე სახელმწიფოს არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ავტორმა არ გაასაჩივრა პროკურორის გადაწყვეტილება, რომლითაც მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება იქნა უარყოფილი, კომიტეტი აღნიშნავს ავტორის მტკიცებებს, რომ მან კომიტეტს წარუდგინა შეტყობინება საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებამდე და, შესაბამისად, მას არ ჰქონდა ამ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა.

6.6   ბოლოს, რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატის ზედამხედველობის მექანიზმისთვის ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, კომიტეტი აღნიშნავს ავტორის არგუმენტს, რომ სახალხო დამცველის აპარატი არ არის სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, რადგან მისი გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და მათი აღსრულების ხარისხი დაბალია. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ზოგადად არ არის აუცილებელი იმ არასასამართლო ორგანოების წინაშე ყველა საშუალების ამოწურვა, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სამართლებრივ დაცვას ფაკულტატური ოქმის მე-7 (e) მუხლის მოთხოვნების შესასრულებლად.20

6.7   თუმცა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ავტორი არ დაპირისპირებია მონაწილე სახელმწიფოს არგუმენტს იმის შესახებ, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით შესაძლებელია დისკრიმინაციის შესახებ საჩივრის სასამართლოებში წარდგენა. აქედან გამომდინარე, კომიტეტი თვლის, რომ ავტორმა ვერ ამოწურა დაცვის ყველა არსებული შიდა საშუალება მის სარჩელთან მიმართებით კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და კომუნიკაციის ამ ნაწილს მიუღებლად ცნობს ფაკულტატური ოქმის მე-7 (e) მუხლის საფუძველზე.

6.8 ბოლოს, კომიტეტი აღნიშნავს ავტორის საჩივარს კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით, რომ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას არ დაუკითხავს არც ის და არც დედამისი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ შეიტანა მისი და დედამისის მოსაზრება ოფიციალურ დოკუმენტაციაში და რომ სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არ მოუსმენია არც ავტორის და არც დედამისისთვის. თუმცა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ავტორს მოუსმინეს სისხლის სამართლის გამოძიების კონტექსტში და რომ იგი დაიკითხა გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრში. შესაბამისად, კომიტეტი ასკვნის, რომ ავტორმა საკმარისად ვერ დაასაბუთა თავისი სარჩელი კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით და მას მიუღებლად ცნობს ფაკულტატური ოქმის მე-7 (f) მუხლის მიხედვით.

6.9   თუმცა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ავტორმა ამოწურა დაცვის შიდა საშუალებები მის სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება მის მიმართ ფიზიკური დასჯის გამოყენებასა და სისხლის სამართლის გამოძიებაში არსებულ ხარვეზებს. იგი მიიჩნევს, რომ სარჩელები საკმარისად დასაბუთებული იყო მისაღებობის თვალსაზრისით და რომ მათ საფუძველზე წამოიჭრა საკითხები კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით. შესაბამისად, კომიტეტი მათ მისაღებად ცნობს და აგრძელებს მათ არსებითად განხილვას.

 

არსებითად განხილვა

7.1   კომიტეტმა განიხილა წინამდებარე შეტყობინება ყველა იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა მხარეებისგან, ფაკულტატური ოქმის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

7.2   კომიტეტი კვლავ აღნიშნავს თავის ზოგად კომენტარს №8, სადაც მან განმარტა, რომ კონვენციის მე-19 მუხლის ფორმულირება ეფუძნება მე-4 მუხლს და ასევე განმარტავს, რომ საკანონმდებლო, ისევე როგორც სხვა ზომებია საჭირო იმისათვის, რომ შესრულდეს სახელმწიფოთა ვალდებულებები ბავშვების ყველა ფორმის ძალადობისგან, მათ შორის ფიზიკური დასჯისგან, დაცვის მიზნით.21  ასევე, იგი კვლავ აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის განხილვისას, მან გამოხატა ძლიერი შეშფოთება სკოლებში და დაწესებულებებში ფიზიკური დასჯის სიჭარბის გამო, ფიზიკური დასჯის კრიმინალიზაციისა და ამ პრაქტიკის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებისთვის ღონისძიებების ნაკლებობისა და საბავშვო ბაღებში ბავშვთა დაცვისთვის მიმართვიანობის მექანიზმის შეზღუდული განხორციელების გამო.22

7.3   მოცემულ საქმეში კომიტეტმა უნდა დაადგინოს, 2017 წლის 24 იანვარს ავტორის მიმართ მისი მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური დასჯა და ამგვარი მოპყრობის სავარაუდო არაეფექტური გამოძიება, წარმოადგენს თუ არა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-19 მუხლით დადგენილი ვალდებულებების დარღვევას. კომიტეტი, ამასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ მე-19 მუხლი მოყვანილია როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური თვალსაზრისით.

7.4 მე- 19 (1)-ე მუხლის მატერიალურ ელემენტთან დაკავშირებით კომიტეტი აღნიშნავს, რომ ავტორი საბავშვო ბაღში მიიყვანეს 2017 წლის 24 იანვარს დილით, სახეზე დაზიანებების გარეშე. მიუხედავად ამისა, როდესაც დედა მივიდა მის სახლში წასაყვანად აღნიშნულ დღეს, მას მარცხენა და მარჯვენა ყურის ბიბილოები ჩალურჯებული ჰქონდა, სილურჯეები აღენიშნებოდა ასევე მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ქვედა ყბის ძვალზე, რაც დასტურდება სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით, რაც ავტორის თქმით იყო იმის შედეგი, რომ მას საბავშვო ბაღში მისმა მასწავლებელმა დაარტყა და ყურები მოქაჩა. კომიტეტი კვლავ აღნიშნავს, რომ მან განსაზღვრა „სხეულებრივი“ ან „ფიზიკური“ დასჯა, როგორც ნებისმიერი დასჯა, როდესაც გამოიყენება ფიზიკური ძალა და მიზნად ისახავს გარკვეული ხარისხის, თუნდაც მსუბუქი, ტკივილის მიყენებას, ან დისკომფორტის გამოწვევას. დასჯის უმეტესობა გულისხმობს ბავშვების ცემას („სილის გაწვნა“, „გალაწუნება“, „ცემა-ტყეპა“) ხელით ან სხვა საშუალებით, როგორიცაა: შოლტი, ჯოხი, ქამარი, ფეხსაცმელი, ხის კოვზი და ა.შ.23 ასევე, კომიტეტი კვლავ აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი არ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ შეტყობინების ავტორს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავტორს და მონაწილე სახელმწიფოს ყოველთვის არ აქვთ მტკიცებულებებზე თანაბარი წვდომის საშუალება და რომ ხშირად მხოლოდ მონაწილე სახელმწიფოს აქვს წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე.24

7.5   განსახილველ საქმეზე კომიტეტი აღნიშნავს, რომ ავტორი საჯარო საბავშვო ბაღს ისე მიაბარეს მოვლა-პატრონობისთვის, რომ მას სახეზე არანაირი არსებული დაზიანება არ ჰქონია. არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი ახსნა მისი ყურებისა და სახის დაზიანებებთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ მიაყენა საჯარო საბავშვო ბაღის მასწავლებელმა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე და სახელმწიფო დაწესებულების მზრუნველობის ქვეშ ავტორის ყოფნის დროს. კომიტეტი ითვალისწინებს, რომ იმ მოპყრობის ავტორისეული აღწერა, რომელიც სავარაუდოდ მის მიმართ გამოიჩინეს საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა, დეტალური და თანმიმდევრულია. ამას ნაწილობრივ ამყარებს თვითმხილველი მოწმის – სხვა ბავშვის ბებიის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ მასწავლებელი ხშირად იყენებდა ფიზიკურ დასჯას მისი შვილიშვილის მიმართ. ავტორის მასწავლებლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბავშვს შესაძლოა ალერგია ჰქონოდა, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. 2017 წლის 27 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნით, არაფერია მითითებული იმაზე, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიით. მისთვის წარდგენილი ყველა მასალის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილე სახელმწიფოს ორგანებმა ვერ შეძლეს ალტერნატიული ახსნა-განმარტების წარმოდგენა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ავტორის მიმართ გამოყენებული მოპყრობა იყო კონვენციის მე-19 მუხლით განსაზღვრული ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. ავტორის, როგორც სამ წლინახევრის ბავშვის, განსაკუთრებული მოწყვლადობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელი ავტორიტეტია და მას შეუძლია ავტორის მართვა, ასევე საბავშვო ბაღის როლის გათვალისწინებით, რაც გამოიხატება ძირითადი სახელმწიფო სერვისის უზრუნველყოფაში ბავშვებზე ზრუნვისა და მათი აღზრდა-განათლების სახით, რაც საყოველთაო ინტერესს წარმოადგენს, კომიტეტი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ის დაზიანებები, რომლებიც ავტორს მიაყენეს საჯარო საბავშვო ბაღის მზრუნველობის ქვეშ მისი ყოფნის დროს და რომ, აქედან გამომდინარე, მონაწილე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა მის დაზიანებებზე, კონვენციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.25

7.6   კონვენციის მე-19 (2) - ე მუხლში შემავალ პროცესუალურ ელემენტთან დაკავშირებით კომიტეტი აღნიშნავს ავტორის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ ავტორის სარჩელის საფუძველზე სისხლის სამართლის გამოძიება ქმედითი არ ყოფილა. კომიტეტი კვლავ აღნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევების გამოძიება, იქნება ეს ბავშვის, მისი წარმომადგენლის თუ გარეშე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიება, უნდა ჩატარდეს კვალიფიციური პროფესიონალების მიერ, რომლებმაც გაიარეს მათი ფუნქციის შესაბამისი სპეციალური და კომპლექსური სწავლება და ეს საჭიროებს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შესაბამის მიდგომას. მკაცრი, მაგრამ ბავშვის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შესაბამის საგამოძიებო პროცედურები უზრუნველყოფს ძალადობის სწორად იდენტიფიცირებას და ხელს უწყობს მტკიცებულებების წარდგენას ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ბავშვთა დაცვისა და სისხლის სამართლის პროცესების დროს. ასევე, კომიტეტი კვლავ აღნიშნავს, რომ ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე გამოძიება ქმედითი უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ მის შედეგად უნდა შეიძლებოდეს დადგენა, იყო თუ არა ავტორი ფიზიკური დასჯის ობიექტი საბავშვო ბაღში და ასევე უდა შეიძლებოდეს პასუხისმგებელი პირების ვინაობის დადგენა. კომიტეტი კვლავ აღნიშნავს, რომ ეს არის არა შედეგებთან, არამედ საშუალებებთან დაკავშირებული ვალდებულება. ორგანოებმა უნდა გადადგან შესაძლო გონივრული ნაბიჯები ინციდენტის შესახებ მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად. ასევე, გამოძიება უნდა ჩატარდეს ოპერატიულად და დაჩქარებული წესით, გონივრულობის ფარგლებში.26

7.7   კომიტეტი აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში, როდესაც სპეციალისტ-გამომძიებელმა ავტორი დაკითხა მამამისისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით, მონაწილე სახელმწიფოს არ აღუნიშნავს, გაკეთდა თუ არა დაკითხვის ვიდეოჩანაწერი ბავშვის ჩვენების შესაძლო გამოყენებისათვის შემდგომ სასამართლო პროცესებში, ან ბავშვს მიეცა თუ არა გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა.27 კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ თუმცა, პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, საგამოძიებო ორგანოებს თითქმის ათი თვე დასჭირდათ ორი თანამშრომლის მოსასმენად, რომლებიც ჩიოდნენ ბრალდებული მასწავლებლის შესახებ და 15 თვე დასჭირდათ იმ მშობლებთან დასაკავშირებლად, რომლებსაც შვილები იმავე მასწავლებლისთვის ჰყავდათ მიბარებული. მონაწილე სახელმწიფოს არ განუმარტავს ეს შეფერხებები. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2018 წლის 22 აგვისტოს, კერძოდ, აღნიშნული ინციდენტიდან 19 თვის შემდეგ, ავტორის ადვოკატს მიეცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება. ბოლოს, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ინციდენტიდან ხუთ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც კი, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობის პროცესშია, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე. მიუხედავად გამოძიებების შესაძლო საბოლოო შედეგისა და იმის გაუთვალისწინებლად, იყო თუ არა საქმეში არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები საკმარისი სისხლის სამართლის პროცესის დაწყების დასასაბუთებლად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ასეთი გამოძიებები არ აკმაყოფილებს ოპერატიულობისა და ეფექტურობის სტანდარტებს.

7.8   ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი ასკვნის, რომ შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა არ გამოიჩინეს სათანადო გულმოდგინება და ოპერატიულად და ქმედითად ვერ გამოიძიეს სავარაუდო ფიზიკური დასჯის ფაქტი.

8.    ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომელიც მოქმედებს ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატური ოქმის მე-10 (5) მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების პროცედურის მიხედვით, მიიჩნევს, რომ მის წინაშე არსებული ფაქტები ავლენენ კონვენციის მე-19 მუხლის დარღვევას.

9.    მონაწილე სახელმწიფოს ავტორის მიმართ ეკისრება ეფექტური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. მონაწილე სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი დარღვევები მომავალში, კერძოდ, უზრუნველყოს ფიზიკური დასჯის შემთხვევების ოპერატიული და ქმედითი გამოძიება.

10. ფაკულტატური ოქმის მე-11 მუხლის თანახმად, კომიტეტს სურს 180 დღის ვადაში მიიღოს მონაწილე სახელმწიფოსგან ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მან მიიღო კომიტეტის შეხედულებების განხორციელებისათვის. მონაწილე სახელმწიფოს მოეთხოვება, კონვენციის 44-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტისადმი წარდგენილ მის ანგარიშებში შეიტანოს ინფორმაცია ნებისმიერი ასეთი მიღებული ზომების შესახებ. მონაწილე სახელმწიფოს ასევე მოეთხოვება, გამოაქვეყნოს და ფართოდ გაავრცელოს წინამდებარე შეხედულებები მონაწილე სახელმწიფოს ოფიციალურ ენებზე.

 


1 ბავშვის დედ - მამა იმ დროისთვის დაშორებულები იყვნენ.

2 ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით ბავშვთა მიმართვიანობის პროცედურების დამტკიცების თაობაზე მთავრობის №437-ე დადგენილების მე-20 მუხლი, 2016 წლის 12 სექტემბერი.

3 დასკვნაში აღნიშნულია, რომ სოციალური მუშაკი ორჯერ ესტუმრა ავტორს სახლში და დაკითხა დედა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ავტორი „მასწავლებლის მიმართ კეთილგანწყობილია და არც კი ახსოვს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.

4 მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიხედვით გაკეთდა დასკვნა, რომ დაზიანებები ბავშვის სახეზე ბლაგვი საგნის დარტყმით იყო მიყენებული, ბრალდების მხარემ იგი არ გაუზიარა ავტორის ადვოკატს, რომელიც მხოლოდ 2018 წლის 22 აგვისტოს გაეცნო აღნიშნულ დასკვნას.

5 ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულს.

6 ადმინისტრაცია ასევე აღნიშნავს, რომ ავტორის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან მან ვერ მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციას ავტორის სახეზე არსებული ნიშნების შესახებ.

8 CRC/C/GEO/CO/4, პუნქტები 21 და 22. მონაწილე სახელმწიფომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად განაახლა ქვემოთ მოცემული პუნქტი 4.13.

9 მასწავლებელმა განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა უთხრა ავტორზე, რომ მას ლოყაზე სიწითლე ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ბავშვს ალერგია ჰქონდა.

10 გაცემულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

11 მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწოდებული დასკვნის ინგლისურ თარგმანში ასევე მოცემულია წინადადება: „ ექსპერტის მიხედვით, დაზიანებები მიაყენა ბაღის მასწავლებელმა – ტ.-მ.

12 მათ განმარტეს, რომ არ სურდათ ბრალდებულ მასწავლებელთან ერთად მუშაობის გაგრძელება, რადგან მოექცნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან არასასურველი ყურადღების ქვეშ.

13 იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, „შავიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, №21519/05, 2010 წლის 9 ნოემბერი, და საქმე „საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №18768/05, 2010 წლის 27 მაისი, პუნქტები 95-96.

14 თვითმხილველების ან რაიმე პირდაპირი მტკიცებულების და მოწმეთა საპირისპირო ჩვენებების არარსებობა. მონაწილე სახელმწიფო ასევე აღნიშნავს, რომ ოთახში სათვალთვალო კამერების არარსებობა ართულებს გარკვევას, თუ რა მოხდა.

15 126-ე მუხლი ეხება ძალადობას.

16 https://ombudsman.ge/res/docs/2019040212241164882.pdf .

17 https://ombudsman.ge/res/docs/2020031712325453928.pdf.

18 ზოგადი კომენტარი №13 (2011) ბავშვის უფლებაზე, იყოს დაცული ყველა ფორმის ძალადობისგან, პუნქტი 3(e).

19 იხილეთ, მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტი, საქმე "მაჰარაჯა ნეპალის წინააღმდეგ" (Maharjan v. Nepal) (CCPR/C/105/D/1863/2009), პუნქტი 7.6; და საქმე "ბენაზიზა ალჟირის წინააღმდეგ" (Benaziza v. Algeria) (CCPR/C/99/D/1588/2007), პუნქტი 8.3.

20 იხილეთ, ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა კომიტეტი, საქმე "კატვალი ნეპალის წინააღმდეგ" (Katwal v. Nepal) (CCPR/C/113/D/2000/2010), პუნქტი 6.3; და საქმე "გირი ნეპალის წინააღმდეგ" (Giri v. Nepal) (CCPR/C/101/D/1761/2008), პუნქტი 6.3.

21 ზოგადი კომენტარი №8 (2006) ბავშვის უფლების შესახებ, იყოს დაცული ფიზიკური დასჯისა და დასჯის სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმებისგან (მუხლები 19; 28, პუნქტი 2; და 37, მათ შორის), პუნქტი 30.

22 CRC/C/GEO/CO/4, პუნქტი 21.

23 იქვე, პუნქტი 11.

24 იხილეთ, მათ შორის, საქმე "დ.დ. ესპანეთის წინააღმდეგ" (D.D. v. Spain) (CRC/C/80/R/4/2016), პუნქტი 13.3.

25 იხილეთ ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „ვ.კ. რუსეთის წინააღმდეგ“, ( V.K. v. Russia ) No 68059/13, 2017 წლის 7 მარტი, პუნქტები 168-184.

26 იქვე,პუნქტი 185.

27 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „რ.ბ.ესტონეთის წინააღმდეგ", (R.B. v. Estonia) №22597/16, 2021 წლის 22 ივნისი, პუნქტები 91-92.