გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება №CRC/C/96/D/144/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება №CRC/C/96/D/144/2021
ბავშვის უფლებათა კომიტეტი
კომიტეტის მიერ მიღებული შეხედულებები ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატიური ოქმის ფარგლებში კომუნიკაციის პროცედურის შესახებ, რომელიც ეხება კომუნიკაციას
N 144/2021*,**,***,****
კომუნიკაცია წარმოდგენილია შემდეგი პირების მიერ:
ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
აღმასრულებელი დირექტორი
სავარაუდო დაზარალებული პირები:
57 ბავშვი, რომელიც ცხოვრობს ეკლესიის კურატორობის ქვეშ მყოფ, დახურული ტიპის ბავშვთა პანსიონში
მხარე სახელმწიფო:
საქართველო
კომუნიკაციის თარიღი:
05.05.2021
შეხედულებების თარიღი:
24.05.2024
საგანი:
მხარე სახელმწიფოს წარუმატებლობა, მიეღო ზომები ეკლესიის კურატორობის ქვეშ მყოფ, დახურული ტიპის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებების დასაცავად, მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან
პროცედურული საკითხი:
Ius Standi, დაზარალებულის სტატუსი, შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებების ვერამოწურვა, აშკარად დაუსაბუთებელი
მატერიალური საკითხები:
ბავშვის საუკეთესო ინტერესები; დისკრიმინაციის აკრძალვა; მოსმენაზე გატანის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; აღმსარებლობის თავისუფლება; პირად ცხოვრებაში თვითნებური და უკანონო ჩარევა; ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის პრევენცია; წამებისა და ცუდი მოპყრობის პრევენცია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებები.
კონვენციის მუხლები:
მუხლები 2, 3, 12, 14, 15, 16, 19 მუხლებთან 37, 20, 23 და 25 ერთობლიობაში.
ფაკულტატიური ოქმის მუხლები:
მუხლები 5 (2), 7 (e) (f)
* მიღებულია კომიტეტის მიერ 93-ე სხდომაზე (2024 წლის 6-24 მაისი).
** კომუნიკაციის განხილვაში მონაწილეობდნენ კომიტეტის შემდეგი წევრები: სუზანე
აჰო, თუვაიბა ალ ბარვანი, აისატუ ალსანე სიდიკუ, ჰინდ აიუბი იდრისი, მერი ბელოფი, რინჩენ ჩოპელი, როსარია კორეა, ბრაგი გუდბრანდსონი, ფილიპ ჯაფე, ოტანი მიკიკო, ლუის ერნესტო პედერნერა რეინა, ენ მარი სკელტონი, ველინა ტოდოროვა, ბენუა ვან კირსბილკი და ტატუ ზარა.
*** ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატიური ოქმის ფარგლებში კომიტეტის რეგლამენტის მე-8(1)(a) წესის თანახმად, კომუნიკაციის პროცედურასთან დაკავშირებით, სოფიო კილაძე არ მონაწილეობდა კომუნიკაციის განხილვაში.
**** კომიტეტის წევრების ენ სკელტონის, ბენუა ვან კირსბილკის და ლუის ერნესტო პედერნერას ერთობლივი მოსაზრება (ნაწილობრივ განსხვავებული აზრი) თან ერთვის წინამდებარე შეხედულებებს.
1.1. 2021 წლის 5 მაისით დათარიღებული კომუნიკაციის ავტორია საქართველოს მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ანა არგანაშვილი. ის მოქმედებს 57 ბავშვის სახელით, რომლებიც ცხოვრობდნენ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონში წინამდებარე ანგარიშის („დაზარალებული ბავშვები“) წარდგენის დროს. ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ბავშვები არიან მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2, მე-3, მე-12, მე-14, მე-15, მე-16, მე-19 მუხლების დარღვევის დაზარალებულები, წაკითხული კონვენციის 37-ე, მე-20 და 23-ე მუხლებთან ერთად. ფაკულტატიური ოქმი მხარე სახელმწიფოსთვის ძალაში შევიდა 2016 წლის 19 სექტემბერს.
1.2. 2021 წლის 7 მაისს, ფაკულტატიური ოქმის მე-6 მუხლის შესაბამისად, კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მოქმედებდა კომიტეტის სახელით, სთხოვა მხარე სახელმწიფოს, უზრუნველეყო შესაბამისი სახელმწიფო მონიტორინგის სააგენტოებისთვის პანსიონში დაუყოვნებლივი წვდომა, პირობებისა და ბავშვთა მიმართ მოპყრობის მონიტორინგის მიზნით. 2021 წლის 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა წვდომა მოიპოვა და მოინახულა პანსიონი.
1.3. 2021 წლის 7 სექტემბერს მხარე სახელმწიფომ მოსთხოვა კომიტეტს, შეეწყვიტა წინამდებარე კომუნიკაციის განხილვა და განეხილა მისაღებობის საკითხი არსებითისაგან განცალკევებით. 2022 წლის 4 იანვარს კომიტეტმა უარყო მხარე სახელმწიფოს მოთხოვნა, შეეწყვიტა და ცალკე განეხილა მისაღებობის საკითხი.
ფაქტობრივი ზოგადი ინფორმაცია
2.1. 2015 წელს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგის შესახებ1, რომელშიც მან გამოავლინა ბავშვთა უფლებების არაერთი დარღვევა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონში (შემდგომში „პანსიონი“), მათ შორის: ა) ბავშვებზე ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა; ბ) მასწავლებლების მხრიდან ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა სასჯელის სახით, მათ შორის, პირქვე დამხობა, კვების გამოტოვება, ოთახებში ჩაკეტვა ან სხვა ბავშვების თვალწინ ხელებით ხოხვის იძულება; და გ) ფსიქიატრიული შეფასების და დახმარების ნაკლებობა, მიუხედავად ქცევითი და ემოციური დარღვევების ფართო გავრცელებისა. 2016 წელს პანსიონმა მიიღო ზრუნვის ლიცენზია საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ შესაბამისად. 2018 წელს2 სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ანგარიში ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგისა და ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობის შესახებ, რომელშიც გამოავლინა პანსიონის შემდეგი პრობლემები: ა) სპორტული და რეკრეაციული აქტივობების ნაკლებობა; ბ) პერსონალის მიერ ბავშვების მუდმივი მეთვალყურეობა, რაც არ აძლევს მათ პირადი სივრცის ქონის შესაძლებლობას; გ) მაღალი ღობით შემოღობილი პანსიონის გარეთ გასვლის შესაძლებლობის არქონა, თანმხლები პირის გარეშე.
2.2. მ.ლ. დაიბადა 2008 წლის 27 სექტემბერს და სამი წლის ასაკში მოთავსებული იქნა პანსიონში. მ.ლ. ხშირად ისჯებოდა, თუ ის საწოლში შარდავდა, აიძულებდნენ ტელევიზორთან ზურგით დაჯდომას სხვა ბავშვების პირისპირ, რომლებსაც ავალებდნენ, რომ დაეცინათ და „ქვეშაფსია“ დაეძახათ მისთვის. მასწავლებლები ხშირად მოუწოდებდნენ უფროს ბავშვებს მ.ლ.-ისა და სხვა ბავშვების „დისციპლინირებისკენ“, მათი ჯოხებით, სავარცხლებით ან ხელებით ცემით. ერთხელ აღმზრდელმა მ.ლ.-ს შუბლზე ჯოხი დაარტყა, რის შემდეგაც ჭრილობის დასამალად თმა შეჭრა. მ.ლ. დაახლოებით 8 წლის იყო, როცა ის აიძულეს მუხლებზე მდგარიყო და ნახევარი საათის განმავლობაში სკამი დაეჭირა ხელში. 11 წლის ასაკში მ.ლ.-ს დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტები, რაც მას გამუდმებით ძილს ჰგვრიდა. 2021 წლის 3 ივნისს სოციალურმა მუშაკებმა ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს („სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“), რომ მ.ლ.-სა და მის ძმას, გ.ლ.-ს, სურთ პანსიონის დატოვება და სააგენტომ გადაწყვიტა მათი მცირე ჯგუფის სახლში გადაყვანა. ისინი გადაიყვანეს 2021 წლის 4 ივნისს.
2.3. ლ.კ. დაიბადა 2003 წლის 10 ივნისს. 2010 წელს ის მოათავსეს ზესტაფონის პანსიონატში შშმ ძმასთან, გ.კ.-სთან ერთად. 2011 წელს ისინი გადაიყვანეს პანსიონში, სადაც მათ 10 წელი იცხოვრეს. სავარაუდოდ, ამ ხნის განმავლობაში მათ მიეწოდებოდათ არასაკმარისად საკვები, არ ჰქონდათ თეთრეული, არ ჰყავდათ ჰიგიენის პერსონალი, არ ჰქონდათ თბილი წყალი და ინტერნეტი. გოგონებს არ ჰქონდათ შარვლის ჩაცმისა და შენობის დატოვების უფლება. თუ ისინი გარეთ გადიოდნენ, ეს იყო მხოლოდ მცირე ხნით ან სკოლაში წასასვლელად და ყოველთვის აღმზრდელების თანხლებით.
ლ.კ.-ის განცხადების თანახმად, აღმზრდელები სჯიდნენ მის ძმას, როდესაც ის შარვალში ისვრიდა,ტოვებდნენ მას ჩასვრილ ტანსაცმელში და დიდი ხნის განმავლობაში საკვების გარეშე. 2021 წლის 10 ივნისს მან დატოვა პანსიონი, მისი ძმა გადაიყვანეს საგურამოს ბავშვთა სახლში, შემდეგ კი – ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ლ.კ.-მ განაცხადა, რომ პანსიონში განცდილი იზოლაციის გამო, ის ჯერ კიდევ სწავლობს ადამიანებთან ურთიერთობას და მათთან კომუნიკაციას.
2.4. ავტორი აღნიშნავს, რომ პანსიონის ბავშვები 2020 წლის ივნისის შემდეგ არ იმყოფებოდნენ ოფიციალური ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატს უარი ეთქვა მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებაზე. 2021 წლის 17 აპრილს პანსიონის ხელმძღვანელმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ შეუშვებს სახალხო დამცველის აპარატს პანსიონში, რადგან ის ოფიციალურად უჭერს მხარს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. 2021 წლის 19 მაისს სახალხო დამცველს კვლავ ეთქვა უარი პანსიონში შესვლაზე.
2.5. 2021 წლის 19 აპრილს ავტორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა უზრუნველყოფილიყო სახალხო დამცველის დაუყოვნებელი და შეუფერხებელი წვდომა პანსიონში ბავშვების მოთავსების პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის ეფექტური მონიტორინგისა და შესწავლის მიზნით. ავტორი ამტკიცებდა, რომ ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებები, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, სისტემატურად ირღვევა. ავტორმა კონკრეტულად აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2015 და 2018 წლებში დაფიქსირებული დარღვევები. ავტორის განცხადებით, ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოითხოვონ დაცვა შესაბამისი ორგანოებისგან, იზოლირებულები არიან საზოგადოებისგან და იმყოფებიან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. 2021 წლის 26 აპრილს ავტორის მოთხოვნა უარყოფილი იქნა, რადგან მას ჰქონდა შეზღუდული უფლებამოსილება, რადგან მის არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა მხოლოდ „სპეციალური სტატუსი“ მინიჭებული იუსტიციის სამინისტროს მიერ, ემოქმედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელით და არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ რომელიმე ბავშვს, რომელიც მოთავსებულია ამ დაწესებულებაში, ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები. სასამართლომაც დაადგინა, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევა არ იყო საკმარისად დასაბუთებული. 2021 წლის 28 აპრილს ავტორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ავტორის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდებოდა COVID-19-ის გამო, ხოლო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში ბავშვები დაუცველები დარჩებოდნენ.
2.6. 2021 წლის 30 აპრილს ავტორი დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თხოვნით, რომ ავტორს მისცემოდა საშუალება, შეხვედროდა პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს და გაეწია დამოუკიდებელი იურიდიული დახმარება, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
2.7. 2021 წლის 17 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ავტორის საჩივარი ფორმალური შეცდომების მოტივით. 2021 წლის 3 ივნისს დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება პანსიონში ერთი ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. 2021 წლის 4 ივნისს ავტორმა კიდევ ერთი შუამდგომლობა შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და კვლავ მოითხოვა დროებითი ზომების მიღება პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვების, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გადაყვანის მიზნით, ამტკიცებდა რა, რომ 2020 წლის შემდეგ მონიტორინგი არ განხორციელებულა და რომ ამ ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ძალადობისგან დაცვის უფლებები შეიძლება შეუქცევადად ირღვეოდეს. 2021 წლის 5 ივნისს სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, მიიჩნია რა, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვის ინტერესები შეიძლება დაზიანდეს, და დაავალა სახელმწიფო ორგანოებს შშმ ბავშვების პანსიონიდან გადაყვანის უზრუნველყოფა და მათი განთავსება ბავშვთა დაწესებულებებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტორი არ იყო უფლებამოსილი, შეეტანა შუამდგომლობა შშმ ბავშვების სახელით.
2.8. 2021 წლის 11 ივნისს ავტორმა კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარე სახელმწიფოს ბავშვთა სახლებში ყველა ბავშვის დეინსტიტუციონალიზაციისა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფის მოთხოვნით, მათ შორის, პანსიონში მცხოვრები ბავშვებისთვის. 2021 წლის 14 ივნისს სასამართლომ მიიღო საჩივარი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2.9. 2021 წლის 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა წვდომა მოიპოვა და მოინახულა პანსიონი, ჩაატარა ყოვლისმომცველი შეფასება და მონიტორინგი. ამ დროისთვის პანსიონიდან გაწერილი იყო 27 ბავშვი, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელთაგან 6 რეინტეგრირებული იქნა თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებში, ხოლო 21 ბავშვი მოთავსებულ იქნა ალტერნატიულ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში (მაგ., მცირე საოჯახო სახლებში, მინდობით აღზრდაში და და ა.შ.).
2021 წლის ნოემბერში სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ანგარიში3, რომელშიც იდენტიფიცირებულია: ა) ბავშვთა ინდივიდუალური, განსაკუთრებით, ფსიქოსოციალური საჭიროებების შეუფასებლობა; ბ) კვალიფიციური კადრების ნაკლებობა; გ) არ არის დაკმაყოფილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები; დ) ბავშვების სოციალიზაციისა და გარე სამყაროსთან ინტეგრაციის ნაკლებობა, რაც აფერხებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას; ე) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა; ვ) მათი განვითარებისათვის შესაბამისი კვების ნაკლებობა; ზ) საგანმანათლებლო მეთოდებში ინტეგრირებული დასჯის ფორმები, რომლებიც ამცირებს და აზიანებს ბავშვებს; თ) სავარაუდო ძალადობის აქტების დოკუმენტაციისა და გამოძიების არარსებობა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ ბავშვების დასაცავად არ ტარდებოდა შესაბამისი ზომები, წლების განმავლობაში არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო ექსპერტიზა. ჯერ კიდევ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების ჩვენების თანახმად, ისინი თავისუფლად ვერ საუბრობდნენ. 2021 წლის 22 ნოემბრისთვის პანსიონში ჯერ კიდევ 15 ბავშვი ცხოვრობდა, მათ შორის, სულ მცირე, ერთი ბავშვი, რომელმაც მიიღო შშმ პირის სტატუსი 2015 წელს.
საჩივარი
3.1. ავტორი აცხადებს, რომ აქვს საპროცესო უფლებუნარიანობა, წარადგინოს ეს კომუნიკაცია დაზარალებული ბავშვების სახელით. ის ამტკიცებს, რომ „პარტნიორობას ადამიანის უფლებებისთვის“ იუსტიციის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს სპეციალური მოსარჩელის სტატუსი.
3.2. ის ამტკიცებს, რომ ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება ამოწურულია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და დაზარალებული ბავშვები არ არიან დაცული, სახალხო დამცველის აპარატის ან/და სხვა სამთავრობო ორგანოების მონიტორინგის გარეშე.
3.3. ავტორი ამტკიცებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი, რადგან მას რეაგირება არ მოუხდენია ბავშვების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებებზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა, რომლებიც მოთავსებული არიან იზოლირებულად დაწესებულებაში, ისევე როგორც მოახდენდა რეაგირებას ზრდასრულთა ადამიანის უფლებების დარღვევაზე დაწესებულებებში ან/და დაკავების ადგილებში, რაც იწვევს დისკრიმინაციას ასაკის ნიშნით.
3.4. ის ასევე აცხადებს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რადგან არ განხორციელებულა დაზარალებულ ბავშვთა მდგომარეობის შესაბამისი მონიტორინგი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების უზრუნველსაყოფად, სულ მცირე, 2015 წლიდან.
3.5. ის ამტკიცებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-12 მუხლი იმით, რომ არ უზრუნველყო დაზარალებული ბავშვების მოსმენა, განხილვა და სათანადო შეფასება.
3.6. ის ამტკიცებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-14 მუხლი იმით, რომ ვერ იცავდა დაზარალებულ ბავშვებს რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მათი ნების საწინააღმდეგოდ იძულებისგან.
3.7. ის ამტკიცებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-15 მუხლი იმით, რომ არ უზრუნველყო, დაზარალებულ ბავშვებს ჰქონოდათ უფლება, თავისუფლად შეხვედროდნენ მეგობრებს დაწესებულების გარეთ ან აღმზრდელების მუდმივი ზედამხედველობის გარეშე.
3.8. ის ამტკიცებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-16 მუხლი იმით, რომ ვერ იცავდა დაზარალებულ ბავშვთა პირადი კომუნიკაციის უფლებას ბავშვთა უფლებების დამცველებთან, კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატთან.
3.9. ის ამტკიცებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-19 მუხლი კონვენციის 37-ე მუხლთან ერთობლიობაში იმით, რომ არ იცავდა დაზარალებულ ბავშვებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მძიმე ფორმებისგან, დასჯისა და ძალადობისგან და არ უზრუნველყოფდა, რომ ამ ბავშვებს ჰქონოდათ წვდომა ანგარიშვალდებულების მექანიზმებზე, მათ შორის, პრევენციის, გამოვლენის, გადამისამართების, გამოძიების, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების რელიგიურ დაწესებულებებში დადგენილ პროცედურებზე.
3.10. ის ასევე აცხადებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-20 მუხლი იმით, რომ არ უზრუნველყო სპეციალური დაცვა დაზარალებული ბავშვებისთვის, როგორც ბავშვებისთვის, რომლებიც დროებით ან სამუდამოდ მოცილებული არიან ოჯახებს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისა და დაცვის გარეშე.
3.11. და ბოლოს, ავტორი ამტკიცებს, რომ მხარე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის 23-ე მუხლი იმით, რომ ვერ უზრუნველყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი მკურნალობა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და მხარდაჭერა.
3.12. ავტორი მოითხოვს კომიტეტისგან, მოუწოდოს მხარე სახელმწიფოს, უზრუნველყოს: ა) ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვა რელიგიურ დაწესებულებებში; ბ) დაწესებულებების შესაბამისობა ყველა სტანდარტთან, რომელსაც მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა; და
გ) დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავება დიდ დაწესებულებებში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის.
მხარე სახელმწიფოს განცხადებები მისაღებობის შესახებ
4.1. 2021 წლის 7 სექტემბრით დათარიღებულ მოსაზრებებში მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ კომუნიკაცია მიუღებელია, ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) და მე-7(ე) მუხლების შესაბამისად. მხარე სახელმწიფოს თანახმად, ავტორს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი; კომუნიკაცია წარდგენილი იყო 57 ბავშვის სახელით, მათი თანხმობის ან მათი მშობლების თანხმობის გარეშე და ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მათი თანხმობის მოპოვების მცდელობაზე ან დაასაბუთებდა, თუ რატომ ვერ იქნა მიღებული ასეთი თანხმობა. გარდა ამისა, როგორც სპეციალურ მოსარჩელეს, ავტორს უფლება ჰქონდა წარმოედგინა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესები ეროვნული ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე, მაგრამ არა პანსიონში მოთავსებული ყველა ბავშვის ინტერესები. მხარე სახელმწიფო ასევე აცხადებს, რომ „სპეციალური მოსარჩელის“ სტატუსი მიენიჭა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და არ აძლევს ავტორს უფლებას, წარუდგინოს კომუნიკაცია კომიტეტს.
და ბოლოს, მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ავტორმა კომუნიკაცია წარადგინა პირადი უფლებამოსილებით და არა როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა.
4.2. მხარე სახელმწიფოს თანახმად, კომუნიკაციის ავტორის მიერ წამოჭრილი მატერიალური საკითხები სრულად იქნა გადაჭრილი ეროვნულ დონეზე, კერძოდ: ა) 2021 წლის 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო წვდომა, მოინახულა პანსიონი და გაეცნო ყველა სისხლის სამართლის გამოძიებას; ბ) 2021 წლის ივნისიდან 27 ბავშვი, მათ შორის, 7 შშმ ბავშვი, გაწერილი ან გადაყვანილ იქნა. 27 ბავშვიდან 6 ბავშვის რეინტეგრაცია მოხდა ოჯახში, ხოლო 21 ბავშვი მოთავსებულ იქნა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. გარდა ამისა, პანსიონიდან 11 ბავშვი გაიყვანეს და დაწესებულებაში მხოლოდ 15 ბავშვი დარჩა, რომელთა უმეტესობას ბიოლოგიურ ოჯახებთან არასდროს ჰქონია რაიმე კონტაქტი; გ) პანსიონში ჯერ კიდევ მცხოვრები ბავშვები ექვემდებარებიან მუდმივ მონიტორინგს და იღებენ მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას სოციალური მუშაკების მხრიდან; დ) სავარაუდო ძალადობისა და იძულების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგად, სამსახურიდან გაათავისუფლეს 19 აღმზრდელი, 31-ს შეუჩერეს უფლებამოსილება და მხოლოდ 7 დარჩა დასაქმებული პანსიონში.
4.3. მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ 2016 წლის დეკემბრიდან ხელისუფლებამ განახორციელა რამდენიმე სისხლის სამართლის გამოძიება პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობასთან, გაუპატიურებასა და იძულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. მხარე სახელმწიფო ასევე ამტკიცებს, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლებამ გამოჰკითხა ბავშვები მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით. გამოძიების მსვლელობისას ასობით საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა საჭირო მტკიცებულებების შესაგროვებლად, ხოლო რამდენიმე სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან. მხარე სახელმწიფოს თანახმად, ავტორი არ დაელოდა მიმდინარე გამოძიების შედეგებს, რაც ეწინააღმდეგება ფაკულტატიური ოქმის მე-7(e) მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
4.4. მხარე სახელმწიფო აგრეთვე აცხადებს, რომ კომუნიკაციის ავტორს არ ამოუწურავს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები4 2021 წლის 19 აპრილს ავტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი ზომების თაობაზე, რაც უარყოფილ იქნა 2021 წლის 26 აპრილს. 2021 წლის 28 აპრილს ავტორმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო 2022 წლის 5 მაისს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის განხილვისთვის დალოდების გარეშე, წარადგინა წინამდებარე კომუნიკაცია, ამტკიცებდა რა, რომ გადაწყვეტილების მიღებას დასჭირდება მინიმუმ სამი თვე, მხარე სახელმწიფოსთვის შესაძლებლობის მიცემის გარეშე, დაემტკიცებინა ეროვნული სასამართლო სისტემების ეფექტურობა. მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ 2021 წლის 5 ივნისს საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ავტორის მოთხოვნა და გამოსცა დროებითი ზომა, გასცა რა ბრძანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გადაყვანის შესახებ. ამიტომ მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ არ დაელოდა რა სააპელაციო სასამართლოს,ვიდრე განიხილავდა საქმეს და გამოიტანდა გადაწყვეტილებას, ავტორმა ვერ შეასრულა ფაკულტატიური ოქმის მე-7(e) მუხლის მოთხოვნა ამოწურვის შესახებ.
ავტორის კომენტარები მხარე სახელმწიფოს მოსაზრებებზე საქმის მისაღებობასთან დაკავშირებით
5.1. 2021 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ კომენტარში ავტორი აღნიშნავს, რომ, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ აღმასრულებელ დირექტორს, უფლება აქვს საჩივრები წარუდგინოს ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებს. მხარე სახელმწიფოს არგუმენტთან დაკავშირებით, რომ კომუნიკაცია არ შეიცავს ბავშვების ან მათი მშობლების შეხედულებებს, ავტორი აცხადებს, რომ კომუნიკაციის წარდგენის დროს არც ავტორს, არც სახალხო დამცველის აპარატს და არც სხვა შესაბამის სუბიექტს ბავშვებთან შეხვედრის და მათი შეხედულებების მოპოვების საშუალება არ ჰქონდათ.
5.2. ავტორი ამტკიცებს, რომ მან მრავალჯერ მიმართა მხარე სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებებს, რათა მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდა დაზარალებულ ბავშვს, მაგრამ ხელისუფლების ორგანოები სისტემატურად უარყოფდნენ ამ მოთხოვნებს. 2021 წლის 30 აპრილს ავტორი დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. 2021 წლის 18 მაისს ის დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებს ნებართვის მოთხოვნით და დახმარებისათვის, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად შეხვედროდა, რათა გაეწია იურიდიული დახმარება. 2021 წლის 8 სექტემბერს ავტორი დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და ითხოვდა შეხვედრას პანსიონში დარჩენილ ბავშვებთან, ასევე იმ ბავშვებთან, რომლებმაც უკვე დატოვეს პანსიონი, იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით. არცერთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ამ ბავშვების მშობლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ გადაწყვეტილებები მათ ცხოვრებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იყვნენ5.
5.3. ავტორი იმეორებს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო არ შეიტანდა საჩივარს; თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ავტორი ამტკიცებს, რომ ყველა ეს საშუალება არაეფექტური იყო ბავშვთა უფლებების დასაცავად და დროებითი ზომების მოთხოვნით კომიტეტისთვის მიმართვა მათი ბოლო საშუალება იყო.
5.4. რაც შეეხება მხარე სახელმწიფოს არგუმენტს, რომ ყველა მატერიალური საკითხი მოგვარებული იყო, ავტორი ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის წვდომის მიცემის მიუხედავად, ეს წვდომა კანონით უკვე დადგენილი პრეროგატივა იყო და პანსიონი კრძალავდა, მაგრამ ამ კუთხით გამოძიება არ დაწყებულა. 2021 წლის 28 ივნისს სახალხო დამცველის აპარატი ეწვია პანსიონს, გასცა მრავალი რეკომენდაცია6 და განაცხადა, რომ დაწესებულებაში ჯერ კიდევ მცხოვრები ბავშვები საჭიროებენ სპეციალისტების მუდმივ ჩართულობას, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არ დაუკმაყოფილებია ბავშვების ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული საჭიროებები. შემდგომ, 2021 წლის 13 სექტემბერს ვიზიტისას, სახალხო დამცველის აპარატმა გამოთქვა დამატებითი შეშფოთება დოკუმენტაციის, გამოძიებისა და ძალადობის შემთხვევების გადამისამართების ნაკლებობასთან დაკავშირებით.
5.5. გარდა ამისა, ავტორი ამტკიცებს, რომ ის ფაქტი, რომ სასამართლომ მიიღო დროებითი ზომა, უკვე ადასტურებს, რომ არსებობს ძალადობის რეალური რისკი ყველა ბავშვის მიმართ და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. გარდა ამისა, ინსტიტუციონალიზებული რჩება 15 ბავშვი, ხოლო გადაყვანილი ბავშვები სათანადოდ არ იქნა შეფასებული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების რამდენიმე შემთხვევა ჯერ კიდევ საჭიროებს სათანადო შეფასებას. ავტორის თანახმად, მხარე სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები არასაკმარისია.
5.6. რაც შეეხება სისხლის სამართლის გამოძიებებს, ავტორი ამტკიცებს, რომ ისინი არ იყო ეფექტური. ავტორი ამტკიცებს, რომ სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეტანილ იქნა ბავშვების მიერ პანსიონის დატოვების შემდეგ, რადგან დაწესებულებაში ყოფნისას ბავშვები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ. სოციალური მუშაკები, რომელთაგან ზოგიერთი, სავარაუდოდ, მოძალადე იყო, ასევე წარმოადგენდნენ ბავშვების ინტერესებს, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარე სახელმწიფოს აქვს დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გაწევის ვალდებულება7, ავტორს უარი ეთქვა ამგვარი დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების მიწოდებაზე, ხოლო ბავშვები გამოჰკითხეს ადვოკატის დასწრების გარეშე. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ გამოძიების პროცესში არის მრავალი ხარვეზი, როგორიცაა გამოძიების დაგვიანებით დაწყება, სასამართლო ექსპერტიზის დაგვიანებული შედეგები, არაეფექტური და გაჭიანურებული კომუნიკაცია, ასევე სახალხო დამცველის მრავალი რეკომენდაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული.
5.7. რაც შეეხება დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვას, ავტორი ამტკიცებს, რომ კომუნიკაცია წარდგენილ იქნა დაცვის სამართლებრივი საშუალებების არაგონივრულად გაჭიანურებული პერიოდის შემდეგ, რომელსაც არ მოჰყოლია ეფექტური შედეგები. ეროვნულმა სასამართლოებმა თავდაპირველად უარყვეს ავტორის მიერ 2021 წლის აპრილში მოთხოვნილი დროებითი ზომები, ხოლო 2021 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინშია. ავტორი აცხადებს, რომ დაუსაბუთებელი სასამართლო შეფერხება სისტემატური პრობლემაა მხარე სახელმწიფოში და მოჰყავს მრავალი საქმის მაგალითი, რომლებშიც სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილება არ გამოუტანია. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია 2021 წლის 15 ოქტომბრამდე, 6 თვის დაგვიანებით, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დამატებით კიდევ 6 თვე არ ჰქონდა წვდომა 57 ბავშვზე, რომლებიც იმყოფებოდნენ ძალადობის, ცუდი მოპყრობის, წამების, იზოლაციისა და მათი უფლების სხვა დარღვევების რისკის ქვეშ.
დამატებითი წარდგინებები მხარეთა მიერ
6.1. 2022 წლის 5 მაისით დათარიღებულ მოსაზრებებში მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ავტორს სადავო არ გაუხდია, რომ კომუნიკაცია წარდგენილი იყო დაზარალებული ბავშვების ან მათი მშობლების თანხმობის გარეშე და არ ასახავს ბავშვების შეხედულებებს. მხარე სახელმწიფოს თანახმად, სააგენტო მზად იყო, ჩაერთო ავტორი, თუ ბავშვები გამოთქვამდნენ მასთან შეხვედრის სურვილს. გარდა ამისა, 2021 წლის ივნისიდან 32 ბენეფიციარი გაწერეს, მათგან 25 სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას შემდეგ ავტორს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, დაჰკავშირებოდა ბავშვებს ან/და მათ ოჯახებს, რაც არ გაუკეთებია.
6.2. მხარე სახელმწიფო იმეორებს, რომ მატერიალური საკითხები სრულად მოგვარებულია და დასძენს, რომ ერთადერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ დაწესებულებაში რჩება, ჰყავს ორი დედმამიშვილი, რომლებმაც უარი განაცხადეს გაწერაზე. მხარე სახელმწიფო დასძენს, რომ ბავშვზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში განხორციელდა მრავალი ზომა.
6.3. მხარე სახელმწიფო იმეორებს, რომ დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები არ არის ამოწურული, რადგან კომუნიკაციის საგანი ჯერ კიდევ არ არის განხილული ეროვნულ დონეზე და იხსენებს, რომ 2021 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო ავტორის საჩივარი მხარე სახელმწიფოში ყველა პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის მოთხოვნით.
6.4. მხარე სახელმწიფო ასევე ამტკიცებს, რომ ავტორის კომუნიკაცია მიუღებელია მე-7(f) მუხლის მიხედვით, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ის ეფუძნება უბრალო განცხადებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ინტერპრეტაციას, რაც ძირითადად ეყრდნობა სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშებს და არ არის გამყარებული დამატებითი მტკიცებულებებით.
6.5. რაც შეეხება არსებით მხარეს, მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ პანსიონი ლიცენზირებულ იქნა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად8 და მას შემდეგ სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს, იღებს რა ყველა საჭირო ზომას დაზარალებული ბავშვების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ თითოეული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მულტიდისციპლინური ჯგუფების მონაწილეობით და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი მოსმენის უფლების უზრუნველყოფით, და ამტკიცებს, რომ ბავშვების გადაყვანის გადაწყვეტილება მიღებული იქნა მათი შეხედულებების გათვალისწინებით. სახალხო დამცველის აპარატს პანსიონზე აქვს შეუზღუდავი წვდომა, ხოლო ბავშვებს არ გამოუთქვამთ სურვილი, შეხვედროდნენ ან/და დაკავშირებოდნენ ბავშვთა დაცვის რომელიმე ორგანიზაციას.
6.6. მხარე სახელმწიფო აგრეთვე ამტკიცებს, რომ სოციალურმა მუშაკებმა გადაამისამართეს ბავშვთა მიმართ ძალადობის სავარაუდო შემთხვევები სამართალდამცავ ორგანოებში და, რომ სხვა შემთხვევებში დაზარალებულები თავად ითხოვდნენ კომპენსაციას მორალური ზიანისათვის სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობისა და მათი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შედეგად. ბავშვების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და დასძენს, რომ გამოძიება აკმაყოფილებს ეფექტურობის, სისწრაფის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს.
6.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 7 ბავშვს ჩაუტარდა სპეციალური საჭიროების გამოვლენის გამოკვლევა, 3 – გადაყვანილი იქნა მცირე საოჯახო სახლებში, ხოლო 4 – გადაცემულ იქნა მინდობით აღზრდაში.
7.1. 2022 წლის 22 აგვისტოს თავის კომენტარებში ავტორი ამტკიცებს, რომ ის განიცდიდა ძლიერ შევიწროებას, აგრესიას და თავდასხმას ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან და აცხადებს, რომ მხარე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია ამ სიტუაციაზე.
7.2. ავტორი იმეორებს, რომ შეუძლებელი იყო ბავშვების თანხმობის მოპოვება და, რომ სხვა გზა არ არსებობდა „სამართლიანობის აღსასრულებლად“. ის დასძენს, რომ გაწერილ ბავშვებს არ გაუვლიათ შესაბამისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დეინსტიტუციონალიზაციის შემდეგ და იმყოფებიან მეორეული ტრავმის მიღების რისკის ქვეშ. ავტორმა მოიპოვა ცალსახა თანხმობა მ.ლ.-სა და ლ.კ.-სგან, რომლებმაც 2021 წლის ივნისში დატოვეს პანსიონი და გამოკითხულ იქნენ სისხლის სამართლის გამოძიების კონტექსტში, ადვოკატის თანდასწრების გარეშე.
7.3. საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის თანახმად, მ.ლ.-ის მიმდინარე მდგომარეობა და სიმპტომები შეესაბამება ტრავმულ გამოცდილებას. 2022 წლის 23 მარტს ავტორი დაუკავშირდა ჯავახეთის საოლქო პროკურორს და მოიკითხა გამოძიების მიმდინარეობის სტატუსი, ვინაიდან მ.ლ. გამოკითხულ იქნა 2021 წლის 5 ივნისს, ადვოკატის დასწრების გარეშე. პროკურორმა მოახსენა, რომ მ.ლ.-ს გამოძიებაში არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი და ამიტომ არ მიეცა წვდომა საგამოძიებო მასალებზე. 2022 წლის 1 ივნისს ავტორმა მოსთხოვა პროკურორს დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და მ.ლ.-ის გამოკითხვა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბავშვთა საგამოძიებო გამოკითხვის საერთაშორისო ოქმის შესაბამისად. 2022 წლის 28 ივნისს პროკურორმა არ დააკმაყოფილა ავტორის მოთხოვნა, ხოლო 2022 წლის 2 ივლისს უარი თქვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე და განაცხადა, რომ „სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 7 აპრილის დასკვნის თანახმად, მ.ლ.-ის ამჟამინდელი მდგომარეობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა“. 2022 წლის 7 ივლისს ავტორმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, ხოლო 2022 წლის 8 ივლისს ზემდგომმა პროკურორმა არ დააკმაყოფილა საჩივარი. 2022 წლის 18 ივლისს ავტორმა პროკურორის უარი გაასაჩივრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. 2022 წლის 1 აგვისტოს რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ მოწმეთა ჩვენებები გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი იყო და, რომ არ არსებობდა დამაჯერებელი და საკმარისი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა მ.ლ.-ის მიმართ კონკრეტული პირის ან პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე
9.
7.4. სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ავტორი აცხადებს, რომ მხარე სახელმწიფომ არ ჩაატარა 2015 და 2018 წლებში სახალხო დამცველის მიერ ანგარიშებში აღწერილი ფაქტების ex-officio სისხლის სამართლის გამოძიება და ვერ შეასრულა პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. ავტორი ამტკიცებს, რომ ბავშვთა ადვოკატებს არ შეეძლოთ, გაეანალიზებინათ მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რადგან მათ არ აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ ერთ ბავშვს მიანიჭა, რადგან ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, რაც შეუძლებელს ხდის ბავშვებისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანის ხარისხის განსაზღვრას, რაც მათი დაზარალებულად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ავტორი ამტკიცებს, რომ პირის დაზარალებულად ცნობისთვის საკმარისია დანაშაულის ჩადენის და ზიანის მიყენების ვარაუდი10. გარდა ამისა, ვინაიდან პროკურატურა იძიებს ძალადობის და არა წამების, ღირსების შელახვის ან არაადამიანური მოპყრობის საქმეებს, ასეთი დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გასულია. გარდა ამისა, ავტორის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მხარე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტურია, ისინი ვერ ჩაანაცვლებს სისხლისსამართლებრივ დაცვის საშუალებებს.
7.5. ავტორი ამტკიცებს, რომ თუ ბავშვების უმრავლესობა მზად იყო რეინტეგრაციისთვის ან/და დეინსტიტუციონალიზაციისთვის, სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედა და, რომ დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარე პროცესი გამარტივებული იყო ბავშვების გაყვანით და სხვადასხვა გარემოში მოთავსებით, ბავშვების საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე.
7.6. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ბავშვებს კვლავაც ეკრძალებათ ჯანდაცვაზე წვდომა. უფრო მეტიც, 2021 წლის სექტემბერში სახალხო დამცველის აპარატის ვიზიტისას ერთი შშმ ბავშვი კვლავ პანსიონში ცხოვრობდა, ხოლო 2021 წლის ნოემბერში მორიგი ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი ბავშვი, რომელმაც მიიღო შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი 2015 წლის, ამ დაწესებულებაში იმყოფებოდა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით.
7.7. დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით ავტორი იმეორებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩამოართვა სახალხო დამცველის აპარატს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის კონსტიტუციური მანდატი და დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები აშკარად ხელმიუწვდომელი, არაეფექტური ან არასაკმარისი იყო კომუნიკაციის წარდგენის დროს. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ კომიტეტში თავდაპირველი წარდგენის შემდეგ წელიწადზე მეტი ხნის მერეც, არანაირი სასამართლო მოქმედება არ განხორციელებულა და ბავშვების უმრავლესობას არ მიუღია დაზარალებულის სტატუსი.
7.8. რაც შეეხება კომუნიკაციის არსებით მხარეს, ავტორი მიუთითებს, რომ ლ.კ.-ს ეკრძალებოდა შარვლის ტარება, როგორც სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა და, რომ ლ.კ.-სა და მ.ლ.-ს ეკრძალებოდათ თვითგამოხატვა და ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას პანსიონში. ეს ჩვენებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვები ემორჩილებოდნენ აღმზრდელების მიერ დადგენილ წესებს და არასოდეს მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაზარალებული ბავშვები ერთმანეთის დაცვის მცდელობისას მკაცრ სასჯელებს ექვემდებარებოდნენ11, ეკრძალებოდათ გარე სამყაროსთან ურთიერთობა და ეშინოდათ მშობლებთან ან გარე აუდიტორიასთან პირადი ურთიერთობა და ძალადობის შესახებ შეტყობინება.
8.1. 2022 წლის 9 დეკემბერს მხარე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ავტორის ბრალდებები ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან შევიწროების, აგრესიის და თავდასხმების შესახებ არ შედის წინამდებარე კომუნიკაციის ფარგლებში. მხარე სახელმწიფოს თანახმად, ავტორმა ვერ აჩვენა, რომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იყო სავარაუდო კამპანიის სამიზნე და შედეგად განიცადა რაიმე ზიანი. გარდა ამისა, ავტორმა ვერ აჩვენა, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა შესაბამის ორგანოებს და, რომ ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
8.2. მხარე სახელმწიფო ასევე აცხადებს, რომ მ.ლ.-მ და ლ.კ.-მ დატოვეს პანსიონი 2021 წლის 3 ივნისსა და 9 აგვისტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორს ჰქონდა შესაძლებლობა, დაჰკავშირებოდა ბავშვებს კომუნიკაციის წარდგენამდე.
8.3. მხარე სახელმწიფოს თანახმად, ბავშვებმა, რომლებიც რჩებიან პანსიონში, გამოთქვეს იქ დარჩენის სურვილი; ისინი დამოუკიდებლად დადიან სკოლაში და მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში.
8.4. მხარე სახელმწიფო იმეორებს სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას და აცხადებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ანაცვლებენ სისხლის სამართლის გამოძიებას, ისინი ძირითადად მოიცავს საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე კომუნიკაციის საფუძველს და, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ნებისმიერი შეფერხება გამოწვეულია იმით, რომ სოციალურმა მუშაკებმა და საგამოძიებო ორგანოებმა შეიტყვეს ფაქტების შესახებ ინციდენტებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, აგრეთვე, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებით.
8.5. ავტორის მიერ წამოჭრილ ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებით მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ 2021 წლის 3 ივნისს მ.ლ. მოთავსებული იქნა ალტერნატიულ სახელმწიფო ზრუნვაში და იღებს ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ მხარდაჭერას, რომ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და, რომ სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ აქამდე შეგროვებული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს „გონივრული ეჭვის“ ზღვარს, რომ დაზარალებულმა პირმა ზიანი მიიღო მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად. გარდა ამისა, სამედიცინო შემოწმების ანგარიშის თანახმად, „მექანიკური დაზიანების ნიშნები არ დაფიქსირებულა“, ხოლო ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით „ტანჯვა ვერ განისაზღვრა“. 2021 წლის 9 აგვისტოs ლ.კ. განათავსეს პატარა საოჯახო სახლში ძმასთან, გ.კ.-სთან ერთად; ისინი ორივე დადიან სკოლაში და იღებენ მხარდაჭერას.
9.1. 2023 წლის 3 იანვარს ავტორი აღნიშნავს, რომ 2021 წლიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განზრახ უარყო და შეაფერხა ბავშვების წვდომა იურიდიულ დახმარებაზე. ავტორი აცხადებს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მუდმივად აცხადებდა, რომ დაუშვებდა წვდომას, თუკი ბავშვები გამოთქვამდნენ ასეთ სურვილს, მაგრამ ავტორი აცხადებს, რომ ამას ვერ ამოწმებს, რადგან ბავშვებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, ავტორმა ვერ მოიპოვა ოფიციალური ინფორმაცია იმ ბავშვების ადგილსამყოფლის შესახებ, რომლებმაც დატოვეს პანსიონი.
9.2. 2022 წლის 1 ნოემბერს ავტორი დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელს“, რომელიც პანსიონიდან გადაყვანილ შშმ ბავშვებს ალტერნატიული ზრუნვით უზრუნველყოფს. 2022 წლის 9 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ ბავშვებიდან ოთხმა12 სიტყვიერად გამოთქვა თანხმობა ავტორთან შეხვედრაზე, მაგრამ ასეთი შეხვედრის მოწყობამდე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან მიღებული უნდა იქნეს ნებართვა. რამდენიმე კომუნიკაციის გაცვლის შემდეგ, 2022 წლის 16 დეკემბერს სააგენტომ უპასუხა, რომ განიხილავდა ამ საკითხს, მაგრამ ნებართვა არ გაუცია.
კომიტეტის წინაშე არსებული საკითხები და საქმისწარმოება
მისაღებობის განხილვა
10.1. კომუნიკაციაში მოცემული ნებისმიერი პრეტენზიის განხილვამდე, კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, თავისი რეგლამენტის მე-20 წესის შესაბამისად, დასაშვებია თუ არა საჩივარი ფაკულტატიური ოქმის მიხედვით.
10.2. კომიტეტი პირველ რიგში აღნიშნავს, რომ წინამდებარე კომუნიკაცია წარმოდგენილი იყო 57 ბავშვის სახელით, რომლებიც ცხოვრობდნენ პანსიონში, იყვნენ სახელმწიფო მზრუნველობაში და იზოლირებული, კომუნიკაციის წარდგენის მომენტში, და მასში მითითებულია პანსიონში ყოფნისას ბავშვთა კონვენციით დადგენილი უფლებების მრავალი დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორს არ აქვს მითითებული ყველა ბავშვის სახელი, კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დაზარალებული ბავშვები წარმოადგენენ პირთა ჯგუფს, რომელთა მარტივად იდენტიფიცირებაც მხარე სახელმწიფოს შეუძლია და, რომელთაც აქვთ დაზარალებულის სტატუსი ფაკულტატიური ოქმის მე-5(1) მუხლის მიზნებისთვის.
10.3. კომიტეტი აღნიშნავს მხარე სახელმწიფოს არგუმენტს, რომ კომუნიკაცია მიუღებელია ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) მუხლის მიხედვით, რადგან ის წარმოდგენილი იყო დაზარალებულ ბავშვთა თანხმობის გარეშე და ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ის ცდილობდა ასეთი თანხმობის ან მშობლების თანხმობის მოპოვებას, ან დასაბუთებას, თუ რატომ არ იყო ეს შესაძლებელი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბავშვების უმეტესობა გაწერეს, გადაიყვანეს საოჯახო ტიპის ზრუნვაში ან/და რეინტეგრირებული იქნენ ბიოლოგიურ ოჯახებში კომიტეტის მიერ დროებითი ზომების მოთხოვნის შემდეგ. კომიტეტი ასევე ითვალისწინებს მხარე სახელმწიფოს არგუმენტს, რომ, როგორც სპეციალურ მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე, ავტორს უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მხოლოდ პანსიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და, რომ მან წარადგინა კომუნიკაცია მისი პირადი უფლებამოსილების ფარგლებში და არა როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა.
10.4. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფოს არგუმენტები დაკავშირებულია ავტორის მიერ locus standi ან ლეგიტიმურობის სავარაუდო არქონასთან, რომ წარმოადგინოს დაზარალებული ბავშვები კომიტეტის წინაშე. რაც შეეხება ავტორის სავარაუდო წარუმატებლობას, წარმოედგინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მისი ეროვნულ დონეზე მოსარჩელის განსაკუთრებული სტატუსის გათვალისწინებით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) მუხლი არ ადგენს რაიმე კონკრეტულ ფორმალურ მოთხოვნებს იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია წარმოადგინოს ინდივიდუალური კომუნიკაცია სავარაუდო დაზარალებულ პირთა სახელით. ამიტომ კომიტეტი მიიჩნევს, რომ ავტორის სტატუსი ეროვნულ დონეზე არ წარმოადგენს დაბრკოლებას კომიტეტის წინაშე მოქმედებისთვის.
10.5. დაზარალებულ ბავშვთა თანხმობის სავარაუდო არარსებობასთან დაკავშირებით, კომიტეტი იხსენებს, რომ ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) მუხლის შესაბამისად, როდესაც კომუნიკაციები წარდგენილია ცალკეული პირების ან პირთა ჯგუფის სახელით, ისინი წარდგენილი უნდა იქნეს დაზარალებულთა თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორს შეუძლია დაასაბუთოს, რომ ის მოქმედებს მათი სახელით ასეთი თანხმობის გარეშე. წინამდებარე საქმეში კომიტეტი ითვალისწინებს ავტორის უდავო განცხადებას, რომ წინამდებარე კომუნიკაციის წარდგენის დროს მან არაერთხელ მოითხოვა დაზარალებულ ბავშვებთან შეხვედრა, რომ მისი ყველა მოთხოვნა უარყო სახელმწიფო მეურვეობის სააგენტომ, როგორც ბავშვთა მეურვემ და, რომ არ არსებობდა ბავშვების თანხმობის მოპოვების სხვა შესაძლებლობა, რადგან პანსიონზე წვდომა შეჩერებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მხარე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ დაზარალებულ ბავშვებს არ გამოუთქვამთ ინტერესი, მიეღოთ ავტორისგან იურიდიული დახმარება, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს არ ამართლებს მათთვის ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობის არმიცემას, რათა მათ გაეაზრებინათ იურიდიული დახმარების მნიშვნელობა, ჩამოეყალიბებინათ თავიანთი მოსაზრებები და საბოლოოდ მიეცათ ინფორმირებული თანხმობა. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ავტორმა შემდგომში მიიღო მინდობილობა მ.ლ.-სა და ლ.კ.-ს წარმომადგენლობაზე და რამდენიმეჯერ მოითხოვა წვდომა პანსიონში დარჩენილ ბავშვებზე, ასევე „SOS ბავშვთა სოფელში“ მცხოვრებ ოთხ ბავშვზე, რომლებმაც სიტყვიერად გამოხატეს ინტერესი, კანონიერად წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ავტორის მიერ, მაგრამ უშედეგოდ. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ავტორმა, როგორც მხარე სახელმწიფოში უფლებადამცველი ორგანიზაციის დირექტორმა, შეიტანა რამდენიმე საჩივარი დაზარალებულ ბავშვთა სახელით ეროვნულ დონეზე, რომელთაგან ერთი მიიღეს და, რომ მან ასევე მოითხოვა დროებითი ზომები, რომლებიც ნაწილობრივ იყო მინიჭებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ავტორმა შესაბამისად დაადგინა, რომ მას ჰქონდა კანონიერი ინტერესი, ემოქმედა დაზარალებულ ბავშვთა სახელით და, რომ მას არ შეეძლო გონივრულად მოეპოვებინა წვდომა იმ თხუთმეტ დაზარალებულ ბავშვზე, რომლებიც პანსიონში იყვნენ 2021 წლის 22 ნოემბრისთვის, ასევე „SOS ბავშვთა სოფელში“ განთავსებულ ვ.კ.-ზე, ლ.კ.-ზე, ზ.ჟ.-სა და მ.ბ.-ზე, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან და მათზე წვდომა არ მისცეს კომუნიკაციის ავტორს. ამიტომ კომიტეტი ასკვნის, რომ ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) მუხლის მიზნებისთვის, ავტორმა დაასაბუთა, რომ ის მოქმედებს მ.ლ.-ს, ლ.კ.-ს, ვ.კ.-ს, ლ.კ.-ს, ზ.ჯ.-ს, მ.ბ.-სა და თხუთმეტი ბავშვის სახელით, რომლებიც 2022 წლის ნოემბერში ჯერ კიდევ პანსიონში ცხოვრობდნენ (შემდგომში „21 დაზარალებული ბავშვი“), მათი თანხმობის გარეშე.
10.6. თუმცა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ ის ცდილობდა დაკავშირებოდა სხვა 36 დაზარალებულს ბავშვს, რომლებიც 2021 წელს გადაიყვანეს პანსიონიდან, რათა მიეღო თანხმობა კომიტეტის წინაშე წარმომადგენლობაზე, ან დაესაბუთებინა, რომ ასეთი კონტაქტი შეუძლებელი იყო. ამიტომ კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ 36 დაზარალებულ ბავშვთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიუღებელია ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) მუხლის შესაბამისად.
10.7. კომიტეტი ითვალისწინებს მხარე სახელმწიფოს არგუმენტს იმის შესახებ, რომ ავტორს არ ამოუწურავს შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებები მას შემდეგ, რაც 2021 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ავტორის მოთხოვნა და მიიღო დროებითი ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გადაყვანისა და მათი ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებებში განთავსების შესახებ და, რომ 2021 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო ავტორის მეორე საჩივარი მხარე სახელმწიფოში მოქმედი ყველა პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციისა და მათში მცხოვრები ბავშვებისთვის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფის მოთხოვნით, რაც ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინშია. თუმცა, კომიტეტი აღნიშნავს ავტორის არგუმენტს, რომ სამართლებრივი დაცვის ეს საშუალებები ზედმეტად გახანგრძლივებული და არაეფექტური იყო. ამ კონტექსტში და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სასამართლოებს ჯერ კიდევ არ გამოუტანიათ საბოლოო გადაწყვეტილება ავტორის საჩივრებზე თითქმის სამი წლის შემდეგ, ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ შიდა სამართალწარმოება დაუსაბუთებლად გაჭიანურდა.
10.8. რაც შეეხება მხარე სახელმწიფოს არგუმენტს ვერამოწურვის შესახებ, ვინაიდან ავტორი არ დაელოდა პანსიონის ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურებისა და იძულების სავარაუდო შემთხვევების გამოძიების შედეგებს, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ავტორის უდავო განცხადება, რომ პანსიონის ყველა ბავშვს, გარდა ერთისა, უარი ეთქვა ამ სამართალწარმოებაში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, რის შედეგადაც მათ არ მიეცათ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, აფერხებდა დაზარალებული ბავშვებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას13 და, რომ ზოგი საქმისწარმოება კანონით აკრძალული ხდება. ამიტომ კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს საქმისწარმოება არაეფექტური იყო.
10.9. ზემოაღნიშნულის ფონზე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმისთვის, რომ კომუნიკაცია მისაღებად გამოცხადდეს ფაკულტატიური ოქმის მე-7(e) მუხლის შესაბამისად.
10.10. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ავტორმა ვერ დაასაბუთა თავისი პრეტენზიები კონვენციის მე-2, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად, ბავშვების ასაკის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ ზრდასრულებთან შედარებით, აგრეთვე, მათ რელიგიის თავისუფლებასთან, მათ მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან და, შესაბამისად, მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელშეუხებლობასთან შედარებით.
10.11. თუმცა კომიტეტი მიიჩნევს, რომ ავტორმა საკმარისად დაასაბუთა, მისაღებობის მიზნებისთვის, თავისი პრეტენზიები 21 დაზარალებული ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით, კონვენციის მე-3, 12, 19, 20, 23 და 37(a) მუხლებზე დაყრდნობით, მხარე სახელმწიფოს სავარაუდო წარუმატებლობასთან დაკავშირებით, დაეცვა ისინი ძალადობისაგან და უზრუნველეყო პასუხისმგებლობა ასეთი მოპყრობისთვის. კომიტეტი ასევე მიიჩნევს, რომ ავტორის ბრალდებები პანსიონში ყოფნის დროს 21 დაზარალებული ბავშვის მიმართ მოპყრობის სათანადო მონიტორინგის არარსებობის შესახებ, ბადებს მატერიალურ საკითხებს კონვენციის 25-ე მუხლის შესაბამისად. კომიტეტი კომუნიკაციის ამ ნაწილს მისაღებად მიიჩნევს და აგრძელებს მის არსებით განხილვას.
არსებითი განხილვა
11.1. კომიტეტმა განიხილა წინამდებარე კომუნიკაცია ყველა იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მას მიაწოდეს მხარეებმა, ფაკულტატიური ოქმის მე-10(1) მუხლის შესაბამისად.
11.2. კომიტეტი აღნიშნავს ავტორის ბრალდებას, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა პანსიონში მყოფი 21 დაზარალებული ბავშვი ძალადობისგან, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობისგან, ვერ მოახდინა იქ მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი და ვერ გამოიძია ასეთი სავარაუდო დარღვევები და არ უზრუნველყო პასუხისმგებლობა.
11.3. კომიტეტმა ჯერ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა მხარე სახელმწიფომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები, რადგან ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვი ძალადობისა და ბოროტად გამოყენებისგან. კომიტეტი იხსენებს, რომ კონვენციის 37(a)-ე მუხლი მოითხოვს სახელმწიფოებისგან, უზრუნველყონ, რომ „არც ერთი ბავშვი არ დაექვემდებაროს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას“. მას ავსებს და აფართოებს მე-19 მუხლი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებისგან, „მიიღონ ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომა, რათა დაიცვან ბავშვები ყველა სახის ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობისგან, ტრავმისგან ან ბოროტად გამოყენებისგან, უგულებელყოფისგან ან დაუდევრობისგან, ძალადობისგან ან ექსპლუატაციისგან, მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან, მშობლების, კანონიერი მეურვ(ეებ)ის ან ნებისმიერი სხვა პირის ზრუნვის ქვეშ ყოფნისას“.14 მე-20 მუხლის შესაბამისად, ოჯახურ გარემოს მოკლებულ ბავშვებს აქვთ სახელმწიფო სპეციალური დაცვისა და დახმარების მიღების უფლება. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მე-19 მუხლი ჩამოყალიბებულია როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული თვალსაზრისით. მატერიალურ ელემენტთან დაკავშირებით, კომიტეტი ითვალისწინებს ავტორის ბრალდებებს 21 დაზარალებული ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფისა და ფიზიკური დასჯის შესახებ – როგორც ეს დოკუმენტირებულია სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშებში და ბავშვების ჩვენებებში – მათ შორის, ცემა, საკვების შეზღუდვა, ბავშვების იძულება, ყოფილიყვნენ სველ საწოლები ან სველ ტანსაცმელში, მათთვის თვალებზე ტანსაცმლის დაფარვა, ზამთარში ცივი წყლით დასველება, გარკვეულ პოზიციებზე გადაადგილების შეზღუდვა, მძიმე საგნების ტარება და შიშველი ბავშვების მეტლახის იატაკზე დატოვება. მტკიცებულებებში ასევე ნათქვამია, რომ ბავშვებს დასამშვიდებლად აძლევდნენ მედიკამენტებს და, რომ აღმზრდელები აბუჩად იგდებდნენ მათ და ემუქრებოდნენ მეტი სასჯელით, თუ მომხდარის შესახებ შეატყობინებდნენ. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები სისტემატურად ხდებოდა, სულ მცირე, 2015 წლიდან. სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლების ანგარიშები ასევე აჩვენებდა, რომ ბავშვებს ჩაგრავდნენ; ფსიქოსოციალური პრობლემების ან რთული ქცევის მქონე ბავშვები ექვემდებარებოდნენ ძალადობას, როგორც დისციპლინის ფორმას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების მქონე ბავშვი არასათანადო სამედიცინო დახმარებას იღებდნენ. კომიტეტი იხსენებს, რომ სახელმწიფოს დაცვის პოზიტიური ვალდებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საჯარო მომსახურების კონტექსტში, ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის ვალდებულებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბავშვები განსაკუთრებულად დაუცველები არიან და ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.15 კომიტეტი ასევე იხსენებს, რომ მან განსაზღვრა „სხეულის“ ან „ფიზიკური“ სასჯელი, როგორც ნებისმიერი სასჯელი, რომელშიც გამოყენებულია ფიზიკური ძალა და, რომელიც გამიზნულია გარკვეული, თუმცა, მსუბუქი, დონის ტკივილის ან დისკომფორტის გამოსაწვევად. კომიტეტის აზრით, სხეულის სასჯელი უცვლელად ამცირებს ადამიანის ღირსებას. გარდა ამისა, არსებობს დასჯის სხვა არაფიზიკური ფორმები, რომლებიც ასევე სასტიკი და დამამცირებელია და, შესაბამისად, შეუთავსებელია კონვენციასთან. ეს მოიცავს, მაგალითად, სასჯელს, რომელიც ამცირებს, შეურაცხყოფს, ცილს სწამებს, ადანაშაულებს, ემუქრება, აშინებს ან დასცინის ბავშვს.16 კომიტეტი ასევე იხსენებს, რომ მტკიცების ტვირთი არ შეიძლება დაეკისროს მხოლოდ კომუნიკაციის ავტორს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავტორს და მხარე სახელმწიფოს ყოველთვის თანაბარი წვდომა არ აქვთ მტკიცებულებებზე და, რომ ხშირად მხოლოდ მხარე სახელმწიფოს აქვს წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე.17
11.4. თუ აკრძალვისა და პოზიტიური განათლებისა და მომზადების პროგრამების მიუხედავად, სხეულის დასჯის შემთხვევები გამოვლენილია ოჯახის გარეთ – მაგალითად, სკოლებში, სხვა დაწესებულებებსა და ალტერნატიულ ზრუნვაში – სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება იყოს გონივრული პასუხი. ბავშვებსა და მათ წარმომადგენლებს ყველა ასეთ განთავსებაში უნდა ჰქონდეთ დაუყოვნებელი და კონფიდენციალური წვდომა ბავშვებისთვის მგრძნობიარე რჩევებზე, ადვოკატებზე და საჩივრების პროცედურებზე და, საბოლოოდ, სასამართლოებზე, საჭირო სამართლებრივი და სხვა სახის დახმარებით. დაწესებულებებს უნდა მოეთხოვებოდეთ, ანგარიში წარადგინონ და განიხილონ ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა18.
11.5. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფო არ დავობს ავტორის მიერ დაბრალებულ მოპყრობაზე, არამედ აღნიშნავს, რომ დაზარალებული ბავშვები იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომ მათი უმრავლესობის დეინსტიტუციონალიზაცია მოხდა 2021 წლისთვის და, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვებზე, მიღებული იქნა ინტერდისციპლინური გუნდების მონაწილეობითა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, კომიტეტი ითვალისწინებს ავტორის უდავო ბრალდებებს, რომ მონიტორინგის ვიზიტები შეჩერებული იყო 2020 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის აპრილის ბოლომდე.
ის ასევე აღნიშნავს მის ბრალდებებს, რომლებიც გამყარებულია პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების ჩვენებებითა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2015 წლიდან ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშებით, რომელთა თანახმად, ბავშვები გადაიყვანეს სხვა ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში მათი საჭიროებების ან/და შეხედულებების შესაბამისი გათვალისწინების გარეშე, რომ ადვოკატებზე წვდომა არ იყო უზრუნველყოფილი და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ვიზიტები 2021 წელს განახლდა, მაგრამ ბავშვებისთვის მონიტორინგის ჯგუფებთან კომუნიკაციისთვის უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფის გარეშე. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ადვოკატებსა და სხვა კანონიერ წარმომადგენლებზე წვდომა კვლავ შეზღუდულია სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის.
11.6. კომიტეტი აღნიშნავს, რომ პანსიონში ცხოვრობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სულ მცირე, რვა ბავშვი, რომელთაგან, გავრცელებული ინფორმაციით, ორი კვლავ ცხოვრობს იქ. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ კომუნიკაციის წარდგენის შემდეგ შვიდი ბავშვი შეფასდა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით, სამი გადაყვანილი იქნა მცირე საოჯახო სახლებში და ოთხი გადაეცა მინდობით აღზრდაში. კომიტეტი აღნიშნავს, რომ „SOS ბავშვთა სოფელში“ გადაყვანილმა შშმ ბავშვებმა ავტორთან შეხვედრაზე სიტყვიერი თანხმობა გამოთქვეს. კომიტეტი ხშირად გამოთქვამს შეშფოთებას დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რაოდენობის გამო. გაწეული ზრუნვის ხარისხი, იქნება ეს საგანმანათლებლო, სამედიცინო თუ სარეაბილიტაციო, ხშირად ჩამოუვარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მოვლისთვის საჭირო სტანდარტებს, როგორც დადგენილი სტანდარტების არარსებობის, ისე ამ სტანდარტების განხორციელებისა და მონიტორინგის გამო. დაწესებულებები ასევე უზრუნველყოფენ სპეციალურ გარემოს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები უფრო დაუცველები არიან გონებრივი, ფიზიკური, სექსუალური და სხვა სახის ძალადობის, ასევე უგულებელყოფისა და დაუდევრობის მიმართ. 18 კომიტეტი ასევე იხსენებს, რომ მხარე სახელმწიფოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის19 განხილვისას კომიტეტმა მოუწოდა მხარე სახელმწიფოს, დაეჩქარებინა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, უზრუნველეყო საკმარისი ალტერნატიული საოჯახო და სათემო ზრუნვის შესაძლებლობები ოჯახურ გარემოს მოკლებული, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, და გაეძლიერებინა რეინტეგრაციის მომსახურებები. კომიტეტი აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ექვემდებარებიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და აღნიშნავს სახალხო დამცველის აპარატის უამრავ ანგარიშს, რომლებიც ადასტურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიური დახმარების ხელმისაწვდომობის არარსებობას. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს არ მიუღიათ წვდომა დამოუკიდებელ ადვოკატებზე, მიუხედავად მათი გამოხატული ინტერესისა, და მხარე სახელმწიფოს არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უსმენენ ამ ბავშვებს ან რეალურად მონაწილეობენ თუ არა დაცვის ზომების პროცესში ან სისხლის სამართლის გამოძიებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კეთილდღეობას უნდა ჰქონდეს მკაფიო საკანონმდებლო განზომილება, რათა შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა სრულად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და, ამრიგად, შეძლონ ბავშვებზე სათანადო ზრუნვის უზრუნველყოფა, მათი შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით.20
11.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და, რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები, რაც არღვევდა მათ უფლებებს კონვენციის მე-19(1) მუხლის შესაბამისად, კონვენციის 37(a), მე-20 და 23-ე მუხლებთან ერთობლიობაში წაკითხული.
11.8. კონვენციის მე-19(2) მუხლში მოცემულ პროცედურულ ელემენტთან დაკავშირებით კომიტეტი აღნიშნავს ავტორის არგუმენტს, რომელიც უკავშირდება სხეულის დასჯის ავტორისეული ბრალდების სისხლის სამართლის ეფექტური გამოძიების სავარაუდო ნაკლებობას. კომიტეტი იხსენებს, რომ გამოძიება ძალადობის შემთხვევებზე, იქნება ეს ბავშვის, წარმომადგენლის თუ გარე მხარის მიერ მოხსენებული, უნდა ჩატარდეს კვალიფიციური პროფესიონალების მიერ, რომლებმაც გაიარეს სპეციფიკური და ყოვლისმომცველი მომზადება, და მოითხოვს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვისთვის მგრძნობიარე მიდგომას. მკაცრი, მაგრამ ბავშვისთვის მგრძნობიარე საგამოძიებო პროცედურები ხელს უწყობს ძალადობის შემთხვევების სწორად იდენტიფიცირებას და უზრუნველყოფს მტკიცებულებებს ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ბავშვთა დაცვისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოებისთვის. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბავშვზე ძალადობის ამ შემთხვევის გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმით, რომ მან უნდა გაარკვიოს, დაექვემდებარა თუ არა ავტორი სხეულის დასჯას დაწესებულებაში, და მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება. კომიტეტი იხსენებს, რომ ეს არის არა შედეგის, არამედ საშუალებების ვალდებულება. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს
ამ ინციდენტებთან დაკავშირებული მტკიცებულებების დაცვა. გარდა ამისა, გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად და გონივრული სისწრაფით.21
11.9. წინამდებარე საქმეში კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბავშვს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო დანარჩენებს განიხილავდნენ მოწმეებად, რომელთა ჩვენებები ადვოკატის დასწრების გარეშე იქნა მოპოვებული და, რომ ამ ბავშვებსა და მათ ადვოკატებს არ ჰქონდათ წვდომა გამოძიების მასალებზე. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ სავარაუდო დანაშაულთა უმეტესობა კანონით აკრძალული გახდა. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული ძალიან ცოტა გამოძიება დაიწყო, ყველა მათგანი ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბავშვი აღიარებული იყო დაზარალებულად, სასამართლო ექსპერტიზა არ აღიარებს ბავშვობისას განცდილ ზიანს და ფსიქოლოგიური შეფასების ჩასატარებელი სპეციალიზებული ოქმები არ ყოფილა გათვალისწინებული. კომიტეტი იხსენებს, რომ დაზარალებულ ბავშვებსა და დანაშაულის მოწმე ბავშვებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, სრულად გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლება „მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად, რომლებიც ეხება დაზარალებულ ბავშვებსა და დანაშაულის მოწმე ბავშვებს“.22 კერძოდ, ეს ნიშნავს, რომ ყველა ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ დაზარალებულ ან/და მოწმე ბავშვს გაეწიოს კონსულტაცია განსახილველ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებულ შესაბამის საკითხებზე და შეძლოს სასამართლოში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრისა და შეშფოთების გამოხატვა თავისუფლად და თავისებურად.23
11.10. კომიტეტი აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ბავშვებს არ მიუღიათ იურიდიული დახმარება არც პოლიციის მიერ გამოკითხვისას და არც სასამართლო ექსპერტიზის დროს და, რომ სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბავშვთა საგამოძიებო გამოკითხვის საერთაშორისო ოქმის გამოყენების გარეშე. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ერთ ყოფილ ბენეფიციარს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, რადგან ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, რაც შეუძლებელს ხდის ფსიქოლოგიური ზიანისა და ბავშვებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენას. კომიტეტი აღნიშნავს, რომ, სულ მცირე, მ.ლ.-ის საქმეში რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმის მასალები არ შეიცავს დამაჯერებელ და საკმარის ინფორმაციას, რომელიც მიუთითებდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე მ.ლ.-ის მიმართ კონკრეტული პირის ან პირების მხრიდან, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად და მიაღწევდა გონივრული ვარაუდის სტანდარტს. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ არცერთ სხვა ბავშვს ან მათ ადვოკატებს არ მიეცათ წვდომა გამოძიების მასალებზე და, რომ ერთობლივი სისხლის სამართლის გამოძიების სავარაუდო დანაშაულთა უმეტესობისთვის ხანდაზმულობის ვადა გასულია. კომიტეტი იხსენებს, რომ ყველა სამართალწარმოებაში, რომელშიც მონაწილეობენ ძალადობით დაზარალებული ბავშვები, გამოყენებული უნდა იქნეს სისწრაფის პრინციპი კანონის უზენაესობის დაცვით და, რომ სისხლის სამართლის პროცედურები მკაცრად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა აღმოფხვრილი იქნეს დაუსჯელობის ფართოდ გავრცელებული დეიურე ან დე ფაქტო პრაქტიკა, განსაკუთრებით სახელმწიფო სუბიექტებში.24 კომიტეტი აგრეთვე იხსენებს, რომ გამოძიება უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ ბავშვისთვის მგრძნობიარე საგამოძიებო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს ძალადობის შემთხვევების სწორად იდენტიფიცირებას და მტკიცებულებებს ადმინისტრაციული, სამოქალაქო, ბავშვთა დაცვისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოებისთვის. 26 კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია საკმარისი ინფორმაცია გამოძიებისადმი ამ მკაცრი მიდგომის შესახებ, პირიქით, საგამოძიებო ორგანოებს არ მიუნიჭებიათ სათანადო მნიშვნელობა ბავშვების ჩვენებებისთვის და არ გაუთვალისწინებიათ სისტემური ძალადობის კონტექსტი, რომელიც დოკუმენტირებული იყო სახალხო დამცველის მიერ. და ბოლოს, კომიტეტი აღნიშნავს, რომ პროკურატურაში პირველი საჩივრის შეტანიდან თითქმის ათი წლის შემდეგ, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მნიშვნელოვანი განვითარებას ადგილი არ ჰქონია.
11.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება, მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-3(1), მე-3(2) და მე-19 მუხლების შესაბამისად ვალდებულებების დარღვევით, კონვენციის 37(a)-ე მუხლთან ერთობლიობაში.
11.12. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფომ წარმოადგინა ზოგადი ინფორმაცია ბავშვების გადაცემისა და მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ, მაგრამ არ წარმოუდგენია დეტალური ინფორმაცია იმის განსამარტებლად,თუ როგორ იქნა გათვალისწინებული 21 დაზარალებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები პირველადი განთავსებისას ან/და ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანისას და გამოძიების პროცესში25 და, როგორ იყო უზრუნველყოფილი მათი მოსმენის უფლება. კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ მხარე სახელმწიფოს არ დაუკონკრეტებია შშმ ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებების შეფასების ტიპი, ბავშვების გადაყვანის ადგილი და თითოეული ბავშვისთვის გაწეული დახმარების ტიპი. გარდა ამისა, კომიტეტი აღნიშნავს ავტორის ბრალდებებს, რომ პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს არ მიეცათ საშუალება, თავისუფლად შეხვედროდნენ ომბუდსმენს, ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ან ოჯახის წევრებსაც კი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენდა მათ შესაძლებლობაზე, თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი შეხედულებები ან პრეტენზიები მათი უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ. კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ბავშვებს არ ჰქონდათ წვდომა საჩივრის რაიმე სახის მექანიზმზე და რამდენიმე ბავშვმა, ვინც სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა, ეს დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებმაც სიტყვიერად გამოხატეს ადვოკატებთან შეხვედრის სურვილი, არ მიეცათ მათთან შეხვედრის უფლება. გარდა ამისა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს, თუ როგორ იქნენ ბავშვები მოსმენილი. ამ კონკრეტულ საქმეში კომიტეტი მიიჩნევს, რომ მხარე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყვნენ ბავშვები ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში იურიდიული დახმარების მოთხოვნის უფლების, ასეთი დახმარების მნიშვნელობისა და მისი შედეგების შესახებ, რათა მიეღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, სურდათ თუ არა ასეთი დახმარება, ან მათი, როგორც მოწმის როლის შესახებ და, თუ როგორ შეიძლება მას გავლენა ჰქონოდა მათზე.
11.13. კომიტეტი იხსენებს, რომ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი აკონკრეტებს, რომ მოსმენის შესაძლებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, კერძოდ, „ბავშვზე გავლენის მქონე ნებისმიერი სასამართლო ან ადმინისტრაციული წარმოების დროს“, როგორიცაა გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება განათლებას, ჯანმრთელობას, გარემოს, საყოფაცხოვრებო პირობებს ან დაცვას26 და, რომ ბავშვის ეფექტურად მოსმენა შეუძლებელია, თუ გარემო არის საშიში, მტრული, არაგულისხმიერი ან ასაკისთვის შეუსაბამო.29 კომიტეტი ასევე იხსენებს, რომ მე-3 მუხლის მიზანია უზრუნველყოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს უპირველესად გათვალისწინებული ყველა ქმედებაში, რომელიც განხორციელდება ბავშვებთან მიმართებით სოციალური დაცვის სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებების, სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების ან საკანონმდებლო ორგანოების მიერ.30 შესაბამისად, მხარე სახელმწიფოები ვალდებული არიან, გაითვალისწინონ არა მხოლოდ თითოეული ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობა მისი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას, არამედ ბავშვების როგორც ჯგუფის ინტერესები. გარდა ამისა, მხარე სახელმწიფოებმა უნდა გამოიკვლიონ კერძო და საჯარო ინსტიტუტების, ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოების ქმედებები.27 უნდა შეიქმნას მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, რომ ბავშვებმა ალტერნატიული ზრუნვის ნებისმიერ ფორმაში ყოფნისას, მათ შორის, დაწესებულებებში, შეძლონ თავიანთი შეხედულებების გამოხატვა და, რომ ეს შეხედულებები მხედველობაში იქნება მიღებული მათი მიმღებ ოჯახებში ან სახლებში განთავსებისას და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.28 კომიტეტი ასევე იხსენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ხშირად არ უსმენენ განცალკევებით და განთავსების პროცესში.29 მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოსმენილი იქნენ მათზე გავლენის მქონე ყველა პროცედურისას და მათი შეხედულებები გათვალისწინებულ იქნეს მათი განვითარებადი შესაძლებლობების შესაბამისად. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი შეხედულებების გამოსახატად34.
11.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 21 დაზარალებული ბავშვის უფლება, მოსმენილიყვნენ და გამოეთქვათ თავიანთი შეხედულებები დაწესებულებებში მოთავსებასთან, ალტერნატიულ ზრუნვასთან ან მინდობით აღზრდასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმისწარმოების კონტექსტში, მხარე სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევით, კონვენციის მე-3, მე-12 და 23-ე მუხლების შესაბამისად.
11.15. კომიტეტი აღნიშნავს ავტორის უდავო ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მონიტორინგის ვიზიტები შეჩერდა 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილის ბოლომდე და, რომ სახალხო დამცველს წვდომა მინიმუმ ორჯერ აეკრძალა 2021 წელს, რაც ხელს უშლიდა ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს, სათანადოდ ეკონტროლებინათ დაზარალებული ბავშვების უფლებები და უზრუნველეყოთ ბავშვების მოვლის სტანდარტები. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვიზიტების განახლების შემდეგ ბავშვებსა და მონიტორინგის ორგანოებს შორის კონფიდენციალური შეხვედრები არ დაიშვებოდა. კომიტეტი ასევე აღნიშნავს ავტორის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ
ბავშვები პანსიონიდან სხვა სახელმწიფო ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში გადაიყვანეს მათი საჭიროებების სათანადო შეფასების გარეშე და, რომ მხარე სახელმწიფომ არ უზრუნველყო დეტალური ინფორმაცია ამ მიმართებით. კომიტეტი იხსენებს, რომ ბავშვის მოვლასთან, მოპყრობასთან, განთავსებასთან და სხვა ზომებთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება პერიოდულად უნდა განიხილებოდეს მისი დროის აღქმის, მისი ცვალებადი შესაძლებლობებისა და განვითარების გათვალისწინებით30 და, რომ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად და ეფექტურად მოახდინონ მონიტორინგი, ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და დაცვა36 განთავსებისა და ზრუნვის სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 21 დაზარალებული ბავშვის მიმართ მოპყრობის პერიოდული განხილვა, რაც არღვევს კონვენციის მე-3(3) და 25-ე მუხლებს.
ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომელიც მოქმედებს კომუნიკაციის პროცედურის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატიური ოქმის მე-10(5) მუხლის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მის წინაშე არსებული ფაქტები მიუთითებს კონვენციის მე-3, მე-12, მე-20, 23-ე, 25-ე და მე-19 მუხლების დარღვევაზე, კონვენციის 37(a) მუხლთან ერთობლიობაში.
მხარე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეფექტური კომპენსაცია დაზარალებული ბავშვებისთვის, მათ შორის: ა) სათანადო, ყოვლისმომცველი და დროული კომპენსაცია და რეაბილიტაცია განცდილი დარღვევებისთვის; ბ) დაზარალებულ ბავშვებთან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში; გ) ხელახლა შეაფასოს მათი მდგომარეობა, ვინც ჯერ კიდევ სახელმწიფო ზრუნვაში არიან, კონვენციის შესაბამისად; დ) ჩაატაროს ყველა სისხლის სამართლის საქმის ეფექტური, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები. რეპარაციის ზომები უნდა განისაზღვროს დაზარალებულ ბავშვებთან კოორდინაციით, რათა გათვალისწინებულ იქნეს მათი შეხედულებები და მოსაზრებები. მხარე სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერ კერძო ან საჯარო დაწესებულებაში, კერძოდ: ა) მხარე სახელმწიფოში ამ ცენტრების რეგულარული დამოუკიდებელი მონიტორინგის უზრუნველყოფით; ბ) იმის უზრუნველყოფით, რომ მხარე სახელმწიფოში ამ ცენტრების დამოუკიდებელ მონიტორინგს შეეძლოს თავისი მანდატის ეფექტურად განხორციელება, ნებისმიერ დროს ამ ადგილების მონახულების და ბავშვებთან კონფიდენციალური ინტერვიუს ჩატარების შესაძლებლობით; გ) იმის უზრუნველყოფით, რომ ყველა ტიპის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებას ჰქონდეს საჩივრების ეფექტური სისტემა, რომელიც იქნება ბავშვზე ორიენტირებული, კონფიდენციალური, ხელმისაწვდომი, გენდერულად მგრძნობიარე და ბავშვის მიმართ მეგობრული; დ) იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობისა და ყველა ბავშვისთვის სათანადო იურიდიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფით, ვისაც დახმარება სჭირდება საკუთარი უფლებების განსახორციელებლად ან რომელიც უნდა გამოცხადდეს სასამართლოში; და ე) იმის უზრუნველყოფით, რომ ბავშვის უფლებების დარღვევის ყველა ბრალდება გამოძიებულ იქნეს სათანადო გულმოდგინებით და საფუძვლიანი პროცედურით, როდესაც ბავშვი ხდება დანაშაულის დაზარალებული.
ფაკულტატიური ოქმის მე-11 მუხლის შესაბამისად, კომიტეტს სურს, მიიღოს მხარე სახელმწიფოსგან, რაც შეიძლება მალე, და 180 დღის განმავლობაში, ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მან მიიღო კომიტეტის შეხედულებების განსახორციელებლად. მხარე სახელმწიფოს მოეთხოვება კონვენციის 44-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტისადმი წარდგენილ ანგარიშებში შეიტანოს ინფორმაცია ნებისმიერი ასეთი ზომის შესახებ. მხარე სახელმწიფოს ასევე მოეთხოვება გამოაქვეყნოს ეს შეხედულებები და ფართოდ გაავრცელოს ისინი მხარე სახელმწიფოს ოფიციალურ ენებზე.
CRC/C/96/D/144/2021
დანართი
[მხოლოდ ინგლისური]
კომიტეტის წევრების, ენ სკელტონის, ბენუა ვან კირსბილკისა და ლუის ერნესტო პედერნერას ერთობლივი მოსაზრება (ნაწილობრივ განსხვავებული აზრი)
1. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეთანხმებით კომიტეტის დასკვნას ამ საქმეში, ჩვენ არ ვეთანხმებით უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომ კომუნიკაცია მიუღებელია ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) მუხლის შესაბამისად, სხვა 36 დაზარალებულ ბავშვთან მიმართებით, რომლებიც ასევე ცხოვრობდნენ ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონში (შემდგომში „პანსიონი“) ამ კომუნიკაციის წარდგენის დროს. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომიტეტი უფრო შორს უნდა წასულიყო მხარე სახელმწიფოს ვალდებულებებთან და დაზარალებული ბავშვებისთვის ეფექტური ანაზღაურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
მისაღებობის შესახებ
2. კომუნიკაციის ავტორი მოქმედებდა 2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით. კომიტეტმა მიიჩნია, რომ ავტორმა ვერ დაასაბუთა ის, რომ მოქმედებდა დანარჩენი 36 დაზარალებულის თანხმობის გარეშე, რომლებიც 2021 წელს პანსიონიდან გადაიყვანეს.[31] ამიტომ კომიტეტი მიუღებლად მიიჩნევს ამ 36 დაზარალებული ბავშვის კომუნიკაციას. კომიტეტმა დაადგინა, რომ ავტორმა სათანადოდ დაასაბუთა თავისი მოქმედება 2021 წლის 22 ნოემბერს პანსიონში ჯერ კიდევ მცხოვრები 15 ბავშვისა და „SOS ბავშვთა სოფელში“ მოთავსებული ოთხი ბავშვის (ვ.კ., ლ.კ., ზ.ჯ., მ.ბ.), აგრეთვე მ.ლ-სა და ლ.კ.-ის სახელით, რომლებმაც მკაფიო თანხმობა გამოხატეს (პარაგრაფი 7.2)38.
3. თუმცა, ჩვენი აზრით, კომიტეტს მისაღებად უნდა მიეჩნია კომუნიკაცია 57-ვე ბავშვთან მიმართებით, რომლებიც პანსიონში ცხოვრობდნენ კომუნიკაციის წარდგენის მომენტში.
4. ფაკულტატიური ოქმის მე-5(2) მუხლი ადგენს, რომ თუ კომუნიკაცია წარდგენილია ადამიანთა ჯგუფის სახელით, ეს უნდა მოხდეს მათი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორს შეუძლია დაასაბუთოს, რომ ის მოქმედებს მათი სახელით ასეთი თანხმობის გარეშე. ფაკულტატიური ოქმის რეგლამენტის მე-13(3) წესი ითვალისწინებს, რომ სავარაუდო დაზარალებულის სახელით კომუნიკაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ასეთი მკაფიო თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ავტორს შეუძლია დაასაბუთოს თავისი ქმედება და კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებში.
5. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ბავშვების თანხმობის მნიშვნელობას და მათგან თანხმობის მიღებას მთელი პროცესის განმავლობაში მათი სახელით მოქმედებისთვის, მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება უნდა შეფასდეს გონივრულ საფუძველზე, საქმის გარემოებების გათვალისწინებით. საქმეზე P.N. et al v. Finland32 კომიტეტის გადაწყვეტილების მსგავსად, ჩვენ გვჯერა, რომ წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში ავტორმა შემოფარგლა კომუნიკაცია დაზარალებული ბავშვებით, რამაც ავტორს წაართვა ბავშვების თანხმობის მოპოვების რეალური შესაძლებლობა. კომიტეტმა აღნიშნა ავტორის გამეორებული პრეტენზია, რომ შეუძლებელი იყო ბავშვების თანხმობის მოპოვება და, რომ სხვა გზა არ არსებობდა „სამართლიანობის აღსასრულებლად“.33 ავტორი ამტკიცებდა, რომ კომუნიკაციის წარდგენის მომენტში არც ავტორს, არც სახალხო დამცველს და არც სხვა შესაბამის პირებს არ ჰქონდათ ბავშვებთან შეხვედრისა და მათი აზრის მოპოვების შესაძლებლობა.41 გარდა ამისა, მხარე სახელმწიფომ დაადასტურა, რომ 2021 წლის ივნისიდან პანსიონიდან გაწერეს 32 ბენეფიციარი, რომელთაგან 25 რჩება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.34 2021 წლის 8 სექტემბერს ავტორი დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და ითხოვდა შეხვედრას პანსიონში დარჩენილ ბავშვებთან, ასევე იმ ბავშვებთან, რომლებმაც უკვე დატოვეს პანსიონი, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიუღია არცერთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე.
35 ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავტორმა სათანადოდ დაასაბუთა მოქმედება 57 დაზარალებული ბავშვის სახელით და ჩვენ მივიჩნევთ, რომ წინამდებარე კომუნიკაცია ყველა მათგანთან მიმართებით მისაღებია.
არსებითი განხილვა
6. ჩვენი აზრით, 57 ბავშვი, რომელიც ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში ცხოვრობდა კომუნიკაციის წარდგენის დროს, იყო მხარე სახელმწიფოს მხრიდან დარღვევის დაზარალებული.
7. კომიტეტმა აღნიშნა ავტორის ბრალდება, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა პანსიონში მყოფი დაზარალებული ბავშვები ძალადობისგან, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობისგან და ვერ გამოიძია ასეთი სავარაუდო დარღვევები და არ უზრუნველყო პასუხისმგებლობა.36 კონვენციის მე-19(2) მუხლზე დაყრდნობით, კომიტეტმა აგრეთვე აღნიშნა ავტორის არგუმენტი, რომელიც უკავშირდება სხეულის დასჯის ავტორისეული ბრალდების სისხლის სამართლის ეფექტური გამოძიების სავარაუდო ნაკლებობას.37
8. კომიტეტმა აღნიშნა, რომ მკაცრი, მაგრამ ბავშვებისთვის მგრძნობიარე საგამოძიებო პროცედურები ხელს უწყობს ძალადობის შემთხვევების სწორად იდენტიფიცირებას. კომიტეტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბავშვზე ძალადობის ამ შემთხვევის გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმით, რომ მან უნდა გაარკვიოს, დაექვემდებარა თუ არა ავტორი სხეულის დასჯას დაწესებულებაში და მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება.46
9. ამასთან დაკავშირებით კომიტეტმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს მხოლოდ ერთ ბავშვს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, დანარჩენები კი მოწმედ მიიჩნიეს. 2015 წლიდან მოყოლებული ძალიან ცოტა გამოძიება დაიწყო, ყველა მათგანი ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინშია.38 კომიტეტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ ყოფილ ბენეფიციარს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, რადგან ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, რაც შეუძლებელს ხდის ფსიქოლოგიური ზიანისა და ბავშვებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენას.39
10. ამიტომ კომიტეტმა დაასკვნა, რომ მხარე სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა ვერ აჩვენეს სათანადო გულმოდგინება ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდების დროული და ეფექტური გამოძიებისას.49 საქმის ანალიზმა კომიტეტი მიიყვანა დასკვნამდე, რომ მხარე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ეფექტური ანაზღაურება დაზარალებული ბავშვებისთვის, მათ შორის, სათანადო, ყოვლისმომცველი და დროული კომპენსაცია და რეაბილიტაცია განცდილი დარღვევებისთვის. მხარე სახელმწიფო ასევე ვალდებულია სათანადო გულმოდგინებით გამოიძიოს ბავშვთა უფლებების დარღვევის ყველა ბრალდება.40
11. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს კომიტეტის დასკვნას. თუმცა გვჯერა, რომ კომიტეტს იმ ნაბიჯების უფრო ზუსტი განმარტება უნდა წარმოედგინა, რომლებიც მხარე სახელმწიფოს უნდა გადაედგა, რათა უზრუნველეყო ეფექტური ანაზღაურება დაზარალებული ბავშვებისთვის.
12. კომიტეტმა უკვე დაადგინა, რომ მხარე სახელმწიფოების სპეციალური ვალდებულებები ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, მოიცავს სათანადო გულმოდგინებას, ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციის ვალდებულებას, პასუხისმგებელ პირთა გამოძიებისა და დასჯის ვალდებულებას და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების ხელმისაწვდომობის ვალდებულებას.41 მან ასევე დაადგინა, რომ სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები მოიცავს დაზარალებულთა კომპენსაციას და ანაზღაურების მექანიზმებზე წვდომას.42
13. „მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეხება დაზარალებულ ბავშვებსა და დანაშაულის მოწმე ბავშვებს“ ასევე იხსენებს ბავშვების ზარალის ანაზღაურების უფლებას. სახელმძღვანელო მითითებებში აღნიშნულია დაზარალებული ბავშვების აუცილებლობა, მიიღონ ზარალის ანაზღაურება, რათა მოიპოვონ სრული ანაზღაურება, რეპარაცია, რეინტეგრაცია და აღდგენა. მასში აღნიშნულია, რომ „პროცედურები ანაზღაურების მოპოვებისა და აღსრულებისთვის უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და ბავშვის მიმართ მგრძნობიარე“. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „რესტიტუცია შეიძლება მოიცავდეს დამნაშავის რესტიტუციას,დაურედაქტირებელი ვერსია – CRC/C/96/D/144/2021
რომელიც დადგენილია სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, დახმარებას მთავრობის მიერ ადმინისტრირებული დაზარალებულთა კომპენსაციის პროგრამების მეშვეობით და ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართალწარმოებით“. სადაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სოციალური და საგანმანათლებლო რეინტეგრაცია, სამედიცინო ღონისძიება, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და იურიდიული მომსახურება. უნდა დაინერგოს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების შესახებ ბრძანებების აღსრულებასა და ანაზღაურებას ჯარიმებამდე“.43
14. ზემოაღნიშნულისა და მხარე სახელმწიფოს დღემდე უმოქმედობის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაცვის საშუალება უნდა მოიცავდეს უფრო სპეციფიკურობას, რათა უზრუნველყოს ეფექტური ანაზღაურება დაზარალებული ბავშვებისთვის. ჩვენ უნდა მოგვეთხოვა სახელმწიფოსგან, შექმნას პროცედურული მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილია, შეიმუშაოს რეპარაციების ეფექტური სამოქმედო გეგმა, რომელიც პროაქტიულად გამოავლენს ბავშვთა უფლებების დარღვევის დაზარალებულებს, ჩაატარებს თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალურ შეფასებას, დაადგენს ზიანის რაოდენობას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეული ბავშვის შემთხვევაში, განსაზღვრავს შესაბამის რეპარაციებს და უზრუნველყოფს ფინანსურ კომპენსაციას დაზარალებული ბავშვებისთვის, მათ შორის, ზომებს ფულადი სახსრების დამოუკიდებლად კონტროლისთვის, თუ ისინი გადახდილია ბავშვობაში, ან უსაფრთხოდ შეინახოს ფულადი სახსრები ბავშვებისთვის სრულწლოვანების მიღწევამდე, თუ ამის საჭიროება არსებობს.
1 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში: „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში“, 2015.
2 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი – ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა“, თბილისი 2019.
3 საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური ანგარიში ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2021.
4 ადამიანის უფლებათა კომიტეტი, საქმე R.T. v France; CCPR საქმე G.J. v Lithuania; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე Mifsud v. France [GC], no. 57220/00, 2002 წლის 11 სექტემბერი, § 15; საქმე İçyer v. Turkey, no. 18888/02, 2006 წლის 12 იანვარი, §§ 69-72; საქმე Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, 2005 წლის 1 მარტი, § 152.
5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი.
6 საქართველოს სახალხო დამცველი: სპეციალური ანგარიში ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2021.
7 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლები 3, 10 და 15.
8 ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
9 ახალციხის რაიონული სასამართლო, 2022 წლის 1 აგვისტო, პარაგრაფი 8.3
10 არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ერთობლივი განცხადება, 2022 წლის 1 ივნისი.
11 იქვე.
12 ვ.კ., ლ.კ., ზ.ჯ., მ.ბ.
13 CRC/C/91/D/114/2020, CRC/C/91/D/116/2020, CRC/C/91/D/117/2020, CRC/C/91/D/118/2020, პარაგრაფი 9.2.
14 ზოგადი კომენტარი N 8 (2006), პარაგრაფი 18.
15 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე Nencheva and Others v. Bulgaria, no. 48609/06, §§ 106-16 და 119-20, 2013 წლის 18 ივნისი და საქმე X and Others v. Bulgaria no. 22457/16 პარაგრაფი 180, 2021 წლის 2 თებერვალი.
16 ზოგადი კომენტარი N 8 (2006), პარაგრაფი 11; საქმე N.B. v Georgia (CRC/C/90/84/2019) პარაგრაფი 7.2, CRC/C/GEO/CO/4, პარაგრაფი 21.
17 იხ., მათ შორის, საქმე D.D. v. Spain (CRC/C/80/R/4/2016), პარაგ. 13.3. 18 ზოგადი კომენტარი N 8 (2006), პარაგრაფი 43.
18 იქვე, პარაგრაფი 47.
19 CRC/C/GEO/CO/4 (CRC 2017) პარაგრაფი 31.
20 CRPD/C/GBR/CO/1 (2017) პარაგრაფები 20(d) და 21(d).
21 საქმე N.B. v Georgia (CRC/C/90/84/2019) პარაგრაფი 7.6; ECHR, საქმე V.K. v. Russia, საჩივარი N 68059/13, გადაწყვეტილება, 2017 წლის 7 მარტი, პარაგრაფები 168-184.
22 ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუცია 2005/20, მუხლები 8, 19 და 20.
23 ზოგადი კომენტარი N12 (2009), პარაგრაფები 62-63
24 ზოგადი კომენტარი N13 (2011), პარაგრაფი 54 26 იქვე, პარაგრაფი 51
25 CRC/C/87/D/115/2020 პარაგრაფი 12.9, და ზოგადი კომენტარი N14, პარაგრაფები 30 და 79.
26 ზოგადი კომენტარი N12 (2009), პარაგრაფი 32 29 იქვე, პარაგრაფი 34. 30 იქვე, პარაგ. 70.
27 იქვე, პარაგრაფი 72.
28 იქვე, პარაგრაფი 97.
29 ზოგადი კომენტარი N9 (2006), პარაგრაფი 48. 34 იქვე, პარაგრაფი 32.
30 ზოგადი კომენტარი N14 პარაგ. 93. 36 ზოგადი კომენტარი N2, პარაგ. 7
31 პარაგრაფი 10.6. 38 პარაგ. 10.5.
32 CRC/C/91/D/100/2019, პარაგრაფი 10.3.
33 პარაგრაფი 7.2. 41 პარაგრაფი 5.1.
34 პარაგრაფი 6.1.
35 პარაგრაფი 5.2.
36 პარაგრაფი 11.2.
37 პარაგრაფი 11.8. 46 იქვე.
38 პარაგრაფი 11.9
39 პარაგრაფი 11.10. 49 პარაგ. 11.11.
40 პარაგრაფი 13.
41 CRC/C/GC/13, პარაგრაფი 5.
42 CRC/C/GC/13, პარაგრაფი 56.
43 ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუცია 2005/20, „სახელმძღვანელო პრინციპები მართლმსაჯულების შესახებ საქმეებში, რომლებიც ეხება დაზარალებულ ბავშვებსა და დანაშაულის მოწმეებს“, პარაგრაფები 35-37.