საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 29.09.2022
ძალაში შესვლა 01.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №1. ზოგადი მონაცემები
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,017 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2022 მიღება
01.10.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 98% 23.10.2020 საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 96% 28.10.2020 კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 94% 26.10.2020 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 92% 06.08.2021 მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 92% 24.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №45 2022 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის, 38-ე მუხლისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქმის შესწავლის წესი და პროცედურა“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე საქმის შესწავლის წესი და პროცედურა თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. შესავალი დებულებები 1. „საქმის შესწავლის წესი და პროცედურა“ (შემდგომ − პროცედურა) შემუშავებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი)  შესაბამისად. 2.პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისიწინებული დებულებ(ებ)ის დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მიერ საქმის შესწავლის წესს და პროცედურას, ასევე მომხმარებლის მიერ სააგენტოში წარსადგენი განცხადების ფორმას, მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და კანონის დარღვევის შემთხვევებზე რეაგირების წესებს. 3. ეს პროცედურა გამოიყენება კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლის დროს, გარდა კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 4. ამ პროცედურით გათვალისწინებული საქმის შესწავლა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს. 5. დოკუმენტში გამოყენებული განმარტებები შეესაბამება კანონის მე-4 მუხლით დადგენილ განმარტებებს.  თავი II განცხადება და საქმის შესწავლა მუხლი 2🔗. განცხადების წარდგენა და მისი რეკვიზიტები 1. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს ამ პროცედურის დანართი №1-ით დადგენილი ფორმის შესაბამისი განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ (შემდგომ − განცხადება). 2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განმცხადებლის სახელს (სახელი, გვარი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია); ბ) არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის წარმომადგენლის სახელს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია); გ) მოვაჭრის დასახელებას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), დასახელება ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში), მისამართი და არსებობის შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია); დ) დეტალურ ინფორმაციას კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი  ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაციას სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე; ე) მტკიცებულებათა ნუსხას, რომელიც ადასტურებს წინა ქვეპუნქტში მოცემულ გარემოებებს (არსებობის შემთხვევაში); ვ) მოთხოვნას გარკვეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად აღიარების შესახებ (არსებობის შემთხვევაში); ზ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც ერთვის განცხადებას; თ) მითითებას განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე; ი) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის სახელს, გვარს, ხელმოწერასა და განცხადების წარდგენის თარიღს. 3. განცხადება სააგენტოში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. მუხლი 3🔗. სააგენტოსადმი მიმართვის ვადა 1. კანონის მოთხოვნ(ებ)ის დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 2 წელი. 2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია. მუხლი 4🔗. განცხადების ფორმალური დასაშვებობა 1. სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის, ამ პროცედურის მე-2 მუხლითა და დანართი №1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2. თუ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 3. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს სააგენტო. 4. თუ განმცხადებელი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 5. განცხადების მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა იწყება სააგენტოში ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარმოდგენის მომენტიდან. 6. თუ სააგენტოს წარედგინა განცხადება კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ განცხადებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.  მუხლი 5🔗. საქმის შესწავლის დაწყების საფუძვლები 1. სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს. 2. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის  განხილვის პროცესში მოპასუხე მხარისგან გამოითხოვოს შესაბამისი პოზიცია. 3. სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედებ(ებ)ის შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი. 4. მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი გულისხმობს მომხმარებელთა ფართო წრის საერთო ინტერესს. ამ შემთხვევაში სააგენტო ითვალისწინებს იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც შეიძლება  გავლენა იქონიოს სადავო ქმედებამ. 5. მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის სავარაუდო დარღვევის ფაქტის განსაზღვრისას, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქმედების ხასიათი და მისი უნარი, გავლენა იქონიოს მომხმარებელთა ფართო წრეზე ან/და ზიანი მიაყენოს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ მომხმარებელს.  6. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში. 7. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ქმედება არ იწვევს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებ(ებ)ის დარღვევას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. მუხლი 6🔗. საქმის შესწავლის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება  1. სააგენტო, ფორმის დაცვით შევსებული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმის შესწავლის დაწყების შესახებ (შემდგომ – გადაწყვეტილება). 2. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღების თარიღს, განმცხადებლის/განმცხადებლების და მოვაჭრის დასახელებას და იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებსაც ემყარება საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება. 3. სააგენტო უფლებამოსილია ერთგვაროვან/მსგავს საკითხთან დაკავშირებით, ერთი მოვაჭრის მიმართ სხვადასხვა პირის მიერ  წარმოდგენილ ერთზე მეტ განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს საქმის შესწავლა ერთიანი პროცედურის ფარგლებში. 4. სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მოვაჭრეს შესაბამის ინფორმაციას, განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს და განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად. 5. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობობებს განმცხადებელ(ებ)ს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ და განუმარტავს უფლება- მოვალეობებს. მუხლი 7🔗. საქმის შესწავლის ვადა  1. სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 2. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე მოვაჭრეს. 3. საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და სააგენტოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში. თავი III სააგენტოსა და მხარეთა უფლება-მოვალეობები მუხლი 8🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. განმცხადებელს და მოვაჭრეს (შემდგომ – მხარეები) უფლება აქვს: ა) ჰყავდეს წარმომადგენელი; ბ) სააგენტოს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე; გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით; დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება; ე) განაცხადოს აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ. 2. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, უარი თქვას განცხადებაზე, რაც საქმის შესწავლის შეწყვეტის საფუძველია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომხმარებელთა ჯგუფის უფლება მნიშვნელოვნად ილახება. 3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებისა, მოვაჭრეს უფლება აქვს, აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად (შემდგომ – პირობითი ვალდებულებები).   4. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სააგენტომ არ გაამჟღავნოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და სააგენტოს შეუძლია გაითვალისწინოს მისი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საქმის სრულად და ჯეროვნად შესწავლას.    5. მხარე ვალდებულია: ა) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს  ახსნა-განმარტება; ბ) სააგენტოს მიაწოდოს  მოთხოვნილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მუხლი 9🔗. აცილება/თვითაცილება 1. მხარეს უფლება აქვს, აცილება განაცხადოს სააგენტოს იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით. 2. სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა/მხარემ უნდა განაცხადოს აცილების/თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და მხარეს შორის. 3. სააგენტოს თავმჯდომარის თვითაცილების/აცილების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას და სარგებლობს სააგენტოს თავმჯდომარისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით. 4. მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს სააგენტოს კონკრეტული თანამშრომლის აცილების საფუძველი, უფლება აქვს სააგენტოს თავმჯდომარეს ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, წარუდგინოს დასაბუთებული განცხადება სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ. 5. სააგენტოს თავმჯდომარის/სააგენტოს თანამშრომლის აცილების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესწავლის დაწყების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან ან იმ დღიდან, როდესაც მხარისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. 6. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 10🔗. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები 1. სააგენტოს უფლება აქვს: ა) ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს საქმის შესწავლისათვის საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია; ბ)   მხარეებისგან/დაინტერესებული პირებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება; გ) გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან; დ) საქმის შესწავლისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მოვაჭრე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი; ე) საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ საქმიანობასთან და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაყოვნებამ კი შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით კომპენსირებული ვერ იქნება; ვ) განცხადების განხილვის პროცესში როგორც მტკიცებულებების მოპოვების, ასევე სხვა ნებისმიერი მიზნით, ყველა შესაბამის პირთან კომუნიკაცია ასევე განახორციელოს  ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; ზ) საქმის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მტკიცებულებების ფოტო გადაღება ან/და ვიდეო-აუდიო ჩაწერა; თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. სააგენტო ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული, საგადასახადო, საბანკო და სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ეს ვალდებულება სააგენტოს თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. თავი IV საქმის შესწავლის პროცედურა მუხლი 11🔗. ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები საქმის შესწავლის დროს 1. მხარისგან/დაინტერესებული პირისგან ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით. 2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებაზე მოწვეული პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს მისცენ ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე მხარეთა ერთობლივი მონაწილეობით. 3. მხარეს/დაინტერესებულ პირს შეტყობინება ახსნა-განმარტების წარმოდგენის ფორმის, დროისა და ადგილის შესახებ უნდა ჩაბარდეს პირადად, მის წარმომადგენელს, ოჯახის ქმედუნარიან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, ადრესატი მხარის მიერ მისი დადასტურების შემთხვევაში. 4. სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მხარეთა მოთხოვნითაც. 5. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს/აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი/პირები და ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს. 6. მხარეს/დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოს ახსნა-განმარტების ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები. 7. მხარეს უფლება აქვს სააგენტოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება. ამ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სააგენტოს უნდა წარედგინოს საქმის შესწავლის დასრულებამდე. სააგენტო, საქმის გარემოებების და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, თავად წყვეტს ხსენებული ექსპერტის დასკვნის გაზიარების საკითხს. მუხლი 12🔗. მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღება 1. მოვაჭრე უფლებამოსილია, საქმის შესწავლის დასრულებამდე, სააგენტოს შესთავაზოს და აიღოს პირობითი ვალდებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად. 2. სააგენტო განიხილავს სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს დაб თუ მიიჩნევს, რომ ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს. 3. თუ სააგენტო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მოვაჭრეს და აგრძელებს საქმის შესწავლას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრესთან დებს წერილობით შეთანხმებას, სადაც გათვალისწინებული იქნება ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო პირობები და გონივრული ვადა. ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მითითებული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. 6. სააგენტო უფლებამოსილია მოვაჭრეს მოსთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება გარკვეული პერიოდულობით. 7. სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ: ა) მოვაჭრე თავის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს სააგენტოს მიერ მასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს; ბ) პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება. მუხლი 13🔗. საქმის შესწავლის შეწყვეტის საფუძვლები 1. სააგენტო იღებს საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ შემთხვევებში: ა) განცხადებაში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად, არ იკვეთება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესი; ბ) საქმის შესწავლის შეწყვეტის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მომხმარებლების უფლებები მნიშვნელოვნად ილახება; გ) არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი; დ) საქმის შესწავლის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები; ე) იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, ან სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ან სხვა აქტი იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა შორის მორიგების შესახებ აქტის დამტკიცების თაობაზე; ვ) გასულია ამ პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. 2. საქმის შესწავლა არ დაიწყება, ხოლო დაწყებული შესწავლა შეწყდება, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის არსებობის შესახებ. სააგენტო საქმის შესწავლას წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომელზეც წარმოიშობა შეწყვეტის საფუძველი. მუხლი 14🔗. სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვა 1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად უფლებამოსილია: ა) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მოვაჭრისგან გამოითხოვოს ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია); ბ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ. 2. დოკუმენტის/ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით  განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. მუხლი 15🔗. სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება და მიუწოდებლობა 1. ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ იგი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად იქნა წარდგენილი სააგენტოს იურიდიულ მისამართზე ან/და ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 2. თუ ამ ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღება დაკავშირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. 3. პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი კონკრეტული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და წარუდგინოს შესაბამისი მითითება. 4. სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნას განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27​2 მუხლით დადგენილი წესით. 5. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება: ა) ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა; ბ) არასწორი ინფორმაციის მიწოდება; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება. 6. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ. მუხლი 16🔗. მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება და წარდგენა 1. სააგენტო საქმის შესწავლასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს მხარეს/მესამე პირს უგზავნის ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შორის შეთანხმებით გათვალისწინებული მიწოდების სხვა მეთოდით, რაც მიტანის დადასტურების საშუალებას იძლევა. დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია სააგენტოს ადმინისტრაციულ ოფისშიც. 2. თუ მხარისთვის/მესამე პირისთვის პირველ მცდელობაზე დოკუმენტების მიწოდება შეუძლებელია, ისინი შესაბამის პირს სულ მცირე კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოს იგივე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე ან გაეგზავნოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. 3. თუ სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის მისამართზე მიტანას, ან პირი უარს აცხადებს  დოკუმენტების ჩაბარებაზე, სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურს, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს, რომ ადრესატს დოკუმენტები გადასახადების გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით გაეგზავნოს. თავი V სააგენტოს გადაწყვეტილება მუხლი 17🔗. სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების წესი 1. სააგენტო ვალდებულია საქმის შესწავლის შედეგად კანონის 32-ე მუხლით დადგენილ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ. 2. საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო წერილობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შესახებ; ბ) მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; გ) მოვაჭრის მიერ პირობითი ვალდებულებების აღების შემთხვევაში დარღვევის ფაქტის შეფასების  გარეშე საქმის შესწავლის დასრულების შესახებ. 3. დარღვევის დადასტურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევის ხასიათს, იმ პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობას, ვისზეც იქონია/შესაძლოა იქონიოს გავლენა სადავო ქმედებამ, მომხმარებლებისთვის მიყენებულ ზიანს და სხვა გარემოებებს. 4. კანონის მოთხოვნების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გონივრული დაშვება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული. 5. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა; ბ) ფაქტების აღწერას; გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას; დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას; ე) დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მოვაჭრის მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას. 6. მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას: ა) დარღვეული უფლების აღდგენას;      ბ) კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას. 7. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოვაჭრეს. 8. მოვაჭრე ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 9. სააგენტო ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად და დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. 10. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა. მუხლი 18🔗. ჯარიმა და მისი დაკისრების პროცედურა 1. სააგენტოს გადაწყვეტილების, მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. 2. თუ დაჯარიმებული მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. 3. თუ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააგენტოს არ მიეწოდა ინფორმაცია მოვაჭრის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, სააგენტო იწყებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით იღებს გადაწყვეტილებას მოვაჭრის დაჯარიმების შესახებ. 4. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან. 5. მოვაჭრის მიერ იმავე დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 6. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები. 7. ჯარიმის განსაზღვრის წესი მტკიცდება  სააგენტოს სახელმძღვანელო დოკუმენტით.  მუხლი 19🔗. სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულება და გასაჩივრება 1. მოვაჭრე ვალდებულია, ჯარიმა გადაიხადოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში. 2. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 4. სააგენტოს გადაწყვეტილება, მხარის მიერ მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს  კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და მოვაჭრეს დააკისროს შესაბამისი ჯარიმა. დანართი 1 განცხადება 1. ზოგადი მონაცემები განმცხადებელი : 1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი  (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში): 2. მისამართი: 3.ტელეფონი: 4.ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში): განმცხადებლის წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში): 1.სახელი, გვარი, პირადი ნომერი: 2.მისამართი: 3.ტელეფონი: 4.ელ-ფოსტა: მოვაჭრე: 1. სახელი, გვარი/პირადი ნომერი  (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დასახელება/ საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში): 2. მისამართი: 3. საკონტაქტო მონაცემები (არსებობის შემთხვევაში): 2.  საქმის გარემოებების დეტალური აღწერა დეტალური ინფორმაცია კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფაქტების, გარემოებების ან/და მტკიცებულებების მითითებით; ასევე, ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის ჯგუფურ ხასიათზე 3. მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში) 1. მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი №   ) 2.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი №  ) 3.მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი №  ) 4. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა (არსებობის შემთხვევაში) (გთხოვთ, დაასახელოთ, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის ცნობა გსურთ კომერციულ საიდუმლოებად – შესაბამისი  მითითებით) 5 .  განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა დასახელება: დასახელება: დასახელება: □ ვადასტურებ, რომ განცხადებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შესახებ. განმცხადებელი /განმცხადებლის წარმომადგენელი ------------------------------------ ხელმოწერა   --------------- თარიღი ---------------