გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრისა და მასზე ინფორმაციის/ მონაცემების განთავსების, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.10.2022
ძალაში შესვლა 01.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/439
სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.024.016768
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ენერგოეფექტურობის შესახებ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტკიცების შესახებ ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების
ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის
წარმოების წესის დამტკიცების შესახებ სატრენინგო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრისა და მასზე ინფორმაციის/ მონაცემების განთავსების, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/439
2022 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრისა და მასზე ინფორმაციის/ მონაცემების განთავსების, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრისა და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი
გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრისა და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის (შემდგომში – პლატფორმა) ფორმატის, მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესი უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგებისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების სისტემატურ აღრიცხვას. ასევე, ხელს უწყობს ენერგოდანაზოგების ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის პროგრესის მონიტორინგის განხორციელებას.
2. პლატფორმაზე რეგისტრაციისა და მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრებათ ადმინისტრაციულ ორგანოებს, „ენერგოეფექტურობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საწარმოებს, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს, სუბსიდიის მიმწოდებლებსა და ენერგომომსახურების მიმწოდებლებს.
3. პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 3🔗. ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგია
ეროვნულ დონეზე და ინდივიდუალური ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლა ხორციელდება პლატფორმის მეთოდოლოგიის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. პლატფორმაზე რეგისტრაცია
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე.
2. პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა შესაბამისმა პირმა სამინისტროს წარუდგინოს რეგისტრაციის მოთხოვნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mvp@moesd.gov.ge
3. რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ამონაწერს მეწარმეთა და არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) საქმიანობის სახეს;
გ) ინფორმაციას პლატფორმაზე მონაცემების განთავსებაზე უფლებამოსილების მქონე პირის სახელს და გვარს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
დ) არაუმეტეს ორი გარე IP მისამართისა, საიდანაც მოხდება ზემოაღნიშნულ პლატფორმაზე წვდომის დაშვება.
4. სამინისტრო პლატფორმაზე ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. რეგისტრაციის შემდგომ სამინისტრო შესაბამის პირს რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის რეგისტრაციის დასტურს, პლატფორმის მომხმარებლის ანგარიშს, სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს მასზე მონაცემების განთავსების ინსტრუქციას, ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ტექნიკურ პარამეტრებსა და შესაბამის განმარტებებს.
6. პლატფორმაზე ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განთავსება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ადმინისტრაციული ორგანოები ყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე ათავსებს მონაცემებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ინდივიდუალური ან „ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის“ ფარგლებში შემუშავებული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის ღონისძიებების, ასევე, წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის შესახებ.
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ადმინისტრაციული ორგანოები, მათ სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განხორციელებიდან 30 დღის ვადაში, პლატფორმაზე ათავსებენ ამ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებსა და ინსპექტირების ანგარიშებს.
გ) სუბსიდიის მიმწოდებლები ყოველი კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე ათავსებენ მონაცემებს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ, რომელთა სუბსიდირებაც იგეგმება მომდევნო წლის განმავლობაში.
მუხლი 5🔗. პლატფორმაზე ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგება
1. ადმინისტრაციული ორგანოები ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებიდან 30 დღის განმავლობაში პლატფორმაზე განათავსებენ შემდეგ მონაცემებს:
ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების სახეობას;
ბ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების აქტივობას;
გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელების სექტორს;
დ) თითოეული ღონისძიებისთვის იმ ობიექტ(ებ)ის მისამართ(ებ)ს, სადაც განხორციელდა ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიება;
ე) პლატფორმით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი კონკრეტული ღონისძიებისთვის;
ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელების პერიოდს;
ზ) ღონისძიების მოქმედების ვადას;
თ) მიღწეული ენერგოდანაზოგის რაოდენობას.
2. ენერგომომსახურებისა და სუბსიდიის მიმწოდებლები ყოველი წლის 20 იანვრამდე პლატფორმაზე განათავსებენ მონაცემებს წინა წლის განმავლობაში ინვესტიციებისა და სუბსიდირების შედეგად განხორციელებული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს.
3. სახელმწიფო მხარდაჭერით მოსარგებლე საწარმოები ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიები(ებ)ს განხორციელებიდან 30 დღის ვადაში პლატფორმაზე განათავსებენ მონაცემებს ღონისძიებ(ებ)ის განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ, კერძოდ:
ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების სახეობას;
ბ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების აქტივობას;
გ) თითოეული ღონისძიებისთვის იმ ობიექტ(ებ)ის მისამართებს, სადაც განხორციელდა ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიება;
დ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი კონკრეტული ღონისძიებისთვის პლატფორმით განსაზღვრული პარამეტრებს;
ე) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელების პერიოდს;
ვ) ღონისძიების მოქმედების ვადას;
ზ) მიღწეული ენერგოდანაზოგის რაოდენობას.
4. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელებიდან 30 დღის განმავლობაში პლატფორმაზე განათავსებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. ენერგოდანაზოგების ორმაგი დათვლის გამორიცხვის მიზნით ამ ბრძანებით განსაზღვრული პირების მიერ ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირებულ ობიექტზე ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ერთი და იგივე ღონისძიების განხორციელებისა და შედეგად მიღწეული ენერგოდანაზოგის შესახებ მონაცემები პლატფორმაზე უნდა აისახოს მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 6🔗. ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელების მონიტორინგი
1. სამინისტრო ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, ყოველწლიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე ამოწმებს წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებს.
2. განხორციელებული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით.
3. პლატფორმაზე მონაცემების განთავსების ვალდებულების მქონე პირი, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია სამინისტროს ელექტრონული ფორმით 10 დღის ვადაში წარუდგინოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) ღონისძიების განხორციელების შესახებ კონტრაქტორთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და
ბ) ღონისძიების განსახორციელებლად კონტრაქტორის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, ტექნიკური პასპორტი), ან/და
გ) ენერგომომსახურების მიმწოდებლის მიერ შედგენილი ანგარიში, ან/და
დ) ენერგოაუდიტის ანგარიში, ან/და
ე) ნებისმიერი სხვა ტექნიკური თუ ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების განხორციელებას.
4. თუ დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ პლატფორმაზე ასახული მონაცემები არ შეესაბამება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში ასახულ მონაცემებს, სამინისტრო პლატფორმაზე შესაბამის პირს განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას პლატფორმაზე ასახული მონაცემების გამოსწორებისთვის.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა
ამ ბრძანების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პლატფორმაზე მონაცემების განუთავსებლობა გამოიწვევს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 8🔗. დავების გადაწყვეტა
ენერგოდანაზოგების დადასტურებისა და ენერგოდანაზოგებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.