1.  საკრებულოს  ფრაქცია  წარმოადგენს  საერთო  პოლიტიკური  შეხედულების  მქონე  საკრებულოს  წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

2.  ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

4. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები.

5. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით  (ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით) ფრაქციებად გაერთიანება. ფრაქციას აქვს სახელი.

6.  ფრაქციას უნდა გააჩნდეს  წესდება.

7. ფრაქციის  წესდებით განისაზღვრება  ფრაქციის  შექმნისა  და მის შემადგენლობაში  ცვლილებების  შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის  წევრთა  უფლებამოსილება,  ფრაქციის  მიზნები  და ამოცანები,  წესდებაში  ცვლილებების  შეტანის პროცედურა.

8.  საკრებულოს   წევრს  უფლება  აქვს  ამ  რეგლამენტით   დადგენილი   წესით  გაერთიანდეს  ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციის უფლება აქვს წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს   ბიურო   საკრებულოს   სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიის წარდგინებით.

10. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

11. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.

12. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე –სამანდატო დროებითი კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია  სამანდატო  დროებითი კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადება, ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს სამანდატო,  საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიას.  საკრებულოს სამანდატო,  საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადების, ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან  და საკრებულოს  ბიუროს  წარუდგენს  შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს სამანდატო,  საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს  ცნობად  კენჭისყრის  გარეშე  და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს სამანდატო,  საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  კენჭისყრით. საკრებულოს  მიერ  ფრაქციის  შექმნაზე  უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.

13. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა  და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს