1. საკრებულოს ფრაქცია არის საერთო შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
3. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები.
4. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (რელიგიური, პროფესიული და ა.შ.) ფრაქციებად გაერთიანება. ფრაქციას აქვს სახელი.
5. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომლითაც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.
6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
7. ფრაქციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება. ფრაქციის წევრთა რაოდენობრივი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება სამანდატო კომისიას.
8. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსი იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
9. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.
10. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის და ამ დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნებთან და განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშე. საკრებულო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.
11. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხებისა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხებისა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს