1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამი წევრი მაინც.
2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომისიის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს.
3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომები იმართება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
5. კომისია ვალდებულია საკრებულოს ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. კომისიის წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებებს ამტკიცებს კომისია სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით.
7. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.
8. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გამსვლელი სხდომა.
9. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, აგრეთვე განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების 134-ე მუხლით დადგენილი წესით