1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მოდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
2. საკრებულოს კომისიების რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულების 24-ე მუხლით. საკრებულოს კომისიების რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი.
3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს დებულების შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით ამ დებულების (რეგლამენტის) 139-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის წევრები.
5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.
6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებებს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით.
8. საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას განსაზღვრავს დროებითი სამანდატო კომისია და ამტკიცებს საკრებულო