1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება ყოველი კვირის ოთხშაბათს, ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ დებულების 51-ე მუხლის მე-2-4 პუნქტებით დადგენილი წესები.
2. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, აგრეთვე განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ დებულების 134-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობით.
4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
5. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობით.
6. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ბიუროს გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
7. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით - გადაწყვეტილებებს.
8. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს ოქმით