1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ დებულებით დადგენილი წესით:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს; მიიღოს და შეაფასოს პასუხები;
დ) საკრებულოს (საკრებულოს კომისიას) გააცნოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;
ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე;
ვ) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს/ნიშნავს ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;
ზ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ კომისიების თუ დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომლის წევრიც ის არ არის;
თ) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს და თანამდებობის პირებს; უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; მიიღოს და შეაფასოს გაცემული პასუხები;
ი) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისა;
კ) ამ დებულებით დადგენილი წესით მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და სამართლებრივი თუ ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა.
2. საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ, დანიშნულ ან წარდგენილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობაზე, საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს თანამდებობიდან ან გამოვიდეს კომისიიდან, დროებითი სამუშაო ჯგუფიდან ან ფრაქციიდან.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი.
თავი III
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილ