რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14196-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე N 2/ 14196-22

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ

20 22 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი შოთა წიწილაშვილი

განმცხადებელი/მოვალე შპს „ზე ლისი“ (ს/ნ 406276220)

წარმომადგენელიდირექტორი ელგა ნიკორაშვილი

რეაბილიტაციის ზედამხედველი ირაკლი გაფრინდაშვილი

მოთხოვნა გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „ზე ლისის“ მიმართ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების საკითხი და      

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით, შპს „ზე ლისის“ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოება. ამასთან, მოვალე დარჩა მართვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მომართა შპს „ზე ლისის“ წარმომადგენელმა თამარ მაღრაძემ, რომელმაც წარმოადგინა რებილიტაციის გეგმა და ითხოვა მისი დამტკიცება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მომართა რეაბილიტაციის ზედამხედველმა ირაკლი გაფრინდაშვილმა, რომელმაც განცხადებას თან დაურთო რეკომენდაციები და შენიშვნები შპს „ზე ლისის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტთან დაკავშირებით.

რეაბილიტაციის ზედამხედველი მიუთითებს:

1. რეაბილიტაციის პროექტში მოცემულია რეაბილიტაციის პოტენციური გზები, კერძოდ 5 შესაძლო ვარიანტი. კანონის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს შეთავაზებას კრედიტორთათვის, რომელსაც ისინი ან მხარს დაუჭერენ ან უარს იტყვიან რეაბილიტაციის გეგმის მხარდაჭერაზე. შეუძლებელია კრედიტორებს შევთავაზოთ რეაბილიტაციის 5 შესაძლო ვარიანტი, ვინაიდან გაურკვეველია რომელ ვარიანტს უნდა დაუჭირონ მხარი და უცნობია თუ რას და როგორ მოიმოქმედებს მოვალე ასეთი ტიპის რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, რეაბილიტაციის ზედამხედველის პოზიციაა და რეკომენდაციაა, რომ კრედიტორებისთვის შეთავაზებული იქნეს ერთი და ყველაზე ოპტიმალური, რეალისტური და მიღწევადი ვარიანტი.

2. კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს შეთავაზებაში ისეთი მნიშვნელოვანი პირობების ასახვას, როგორიცაა - ითხოვს თუ არა მოვალე ვალდებულებების ცვლილებას, კერძოდ ძირითადი ვალის და პროცენტის შემცირებას ან/და გადავადებას. შესაბამისად, თუ რეაბილიტაციის გეგმით მოვალე ითხოვს ვალდებულებების შესრულების გადავადებას და შემცირებას, აღნიშნული საკითხები დეტალურად უნდა იქნეს ასახული რეაბილიტაციის გეგმის პროექტში, თითოეულ კრედიტორთან მიმართებით.

3. რეაბილიტაციის გეგმის პროექტში ასევე არ არის ასახული 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, კერძოდ თუ როგორ ხორციელდებოდა მოვალის საქმიანობა და მისი დაფინანსება, მოხდა თუ არა აქტივების განკარგვა და როგორ გაგრძელდება მოვალის დაფინანსება რეაბილიტაციის შემთხვევაში. მოცემული ჩანაწერი, რომ დამფუძნებლის მიერ მოხდება 20-30 ათასი ლარით დაფინანსება ძალზედ მწირი ინფორმაციაა კრედიტორთათვის.

4. კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს მოვალის წმინდა აქტივების შეფასებით ღირებულებას. 2022 წლის 21 თებერვალს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასება გაკეთებულია თითოეული შენობის ერთიან კომპლექსად და არ იქნა განცალკევებული თითოეული ბინა-ერთეულის ღირებულება, ასევე შეფასებაში შედის ის ბინებიც (2 ბინა), რომელიც არ არის მოვალის საკუთრებაში, ასევე შეფასებაში არ არის დადგენილი ღირებულება დღგ-ის ჩათვლითაა დაანგარიშებული თუ მის გარეშე.

5. რეაბილიტაციის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს მოთხოვნის რა ღირებულებას მიიღებდა კრედიტორი გაკოტრების შემთხვევაში, გაკოტრების მინიმუმი და გაკოტრების მინიმუმის გამოანგარიშებისას და კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების დადგენისას გამოიყენება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი (NPV).

6. ვალდებულების გასტუმრების გრაფიკთან დაკავშირებით, დამატებით, დასაზუსტებელია თუ გეგმით შემოთავაზებული რეაბილიტაციის შესაძლებლობის 5 ვარიანტიდან, რომელი ვარიანტის შემთხვევაში რა ვადებში  ელოდება მოვალე ფულადი ნაკადების შემოდინებას და რომელი ვარიანტისას რა გრაფიკით მოხდება ვალდებულებების დაკმაყოფილება (მაგალითად, თუ აქტივების ერთიანი გაყიდვა ხდება, მაშინ რატომ არ ხდება კრედიტორების სრული და იმავდროული დაკმაყოფილება და რატომაა საჭირო გრაფიკი თუ პოტენციური მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდა ხდება.      

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 29 ნოემბერს მომართა შპს „ზე ლისის“ დირექტორმა ელგა ნიკორაშვილმა, რომელმაც წარმოადგინა მოვალის რეაბილიტაციის გეგმის შესწორებული ვარიანტი და ითხოვა მის შესაბამისად, ძირითად გეგმაში ცვლილების შეტანა.   

სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ზე ლისის“ რეაბილიტაციის გეგმა ვერ აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თვალსაზრისით. შესაბამისად, რეაბილიტაციის რეჟიმი უნდა შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს განხილვის საგანია არსებობს თუ არა მოვალის მიმართ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების სამართლებრივი წინაპირობები. მაგრამ, სანამ უშუალოდ იმის განხილვას შევუდგებით რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი გეგმა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, მანამდე საინტერესოა მოკლე თეორიული მიმოხილვა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გადახდისუუნარობის სამართალი აგებულია არა მხარეთა უფლებებზე, როგორც ეს სხვა სამართლებრივ ურთიერთობებშია დადგენილი, არამედ სამართლის კონკრეტულ დარგში თავმოყრილია ღირებულებები, როგორიცაა მაგალითად, ერთი სახის კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა და მათი მოთხოვნების პროპორციული დაკმაყოფილება ე.წ. pari passu პრინციპი; კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება (შეცილების ინსტიტუტი); საწარმოს საქმიანობის და ქონების სწორი მართვა (მორატორიუმის ინსტიტუტი); კრედიტორთა სამართლიანი დაკმაყოფილება (გაკოტრების მინიმუმი) და ა.შ., რომელთა განუხრელ დაცვას უპირობო და განუზომლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც უმთავრესად ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე/განვითარებაზე აისახება. ამრიგად, ყოველი საქმის განხილვისას სასამართლო აფასებს რამდენად ემსახურება ესა თუ ის გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის სამართლის პრინციპებს.

უდავოა, რომ გადახდისუუნარობის სამართალი საქმის წარმოების ორ მიმართულებას ითვალისწინებს. ერთი, რეაბილიტაციის და მეორე, გაკოტრების რეჟიმი. რეაბილიტაციის რეჟიმი, ცდილობს ხელი შეუწყოს როგორც ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას, ასევე ზოგადად, წაახალისოს ბიზნეს გარემო,  ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და გამოავლინოს სიცოცხლისუნარიანი საწარმო, რომელიც მართალია, გარკვეული ფინანსური სირთულეების გზაზე დგას, თუმცა შესაძლებლობას აძლევს საწარმოს არ მოხდეს მისი აქტივების დანაწევრება და მათი ამგვარად გასხვისება. თუმცა, აქვე საყურადღებოა, რომ რეაბილიტაციის რეჟიმი არ უნდა იქცეს გარდაუვალი გაკოტრებისთვის დროის გახანგრძლივების საშუალებად (EBRD Core Principles of an Effective Insolvency System, თავი 5, 6.). ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ რეაბილიტაციის რეჟიმი წარმოადგენს კრედიტორთა დაკმაყოფილების ალტერნატიულ ვარიანტს. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში რეაბილიტაციის თუ გაკოტრების რეჟიმით საქმის წარმოებასთან გვაქვს საქმე, სამართლის უმთავრესი ამოცანაა გარკვეული დისციპლინის ფარგლებში განხორციელდეს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. პრაქტიკაში სულ უფრო და უფრო რთული შემთხვევები ვლინდება, რა დროსაც გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ რისკებს უკავშირდება. ერთი შეხედვით, მარტივ გამოსავალს გვთავაზობს უნსიტრალის წესები, რომელიც ამბობს, რომ უნდა შეირჩეს ის რეჟიმი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია როგორც კრედიტორთათვის ასევე მოვალისთვის, თუმცა სირთულე სწორედ სამომავლო შედეგების განჭვრეტაშია. მაგრამ, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ პროცედურულმა რეჟიმმა არ უნდა გამოიწვიოს ხელოვნური დაბრკოლებები, პოლარიზაცია, მოუქნელობა, არამედ რეაბილიტაციის რეჟიმმა უნდა მოახდინოს აქტივების მაქსიმიზაცია და კრედიტორთათვის საუკეთესო პირობების შექმნა ( UNCITRAL, Legislative Guide on Insolvency Law, New York, 2005, 27). შესაბამისად, საქმის წარმოების რეჟიმი შეირჩევა არა რომელიმე მხარის უფლებების თვალსაზრისით, არამედ იმის გათვალისწინებით, რომელ შემთხვევაში მიიღწევა საუკეთესო შედეგები.  

რეაბილიტაცია ეფექტიანია, როდესაც საწარმო ფინანსური სირთულეების გამოვლენისთანავე, ანუ ადრეულ ეტაპზევე ექცევა რეჟიმის ფარგლებში, რადგან რეაბილიტაცია გულისხმობს ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას, რაც შემდეგში ხელს უწყობს მიმდინარე საწარმოს (ე.წ. Going Concern) გასხვისებას (EBRD Core Principles of an Effective Insolvency System, თავი 5, 6.). საგულისხმოა, რომ რეაბილიტაციის გეგმა შესაძლოა ითვალისწინებდეს მოვალის აქტივების გასხვისებას და ამგვარად ფინანსური სირთულის დაძლევას. ამის თაობაზე პირდაპირ მიეთითა საკანონმდებლო სისტემაში („რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, შემდეგში - სპეციალური კანონი, მუხლი 69.2. „ბ“). ამგვარ პროცედურას ითვალისწინებს ასევე ამერიკის გაკოტრების სამართალიც, რომელიც ემსახურება ქონების მაქსიმიზაციის პრინციპს (Chapter 11, <https://www.uscourts.gov/services-forms/bankruptcy/bankruptcy-basics/chapter-11-bankruptcy-basics >). თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკის შემთხვევაში სხვა შესაძლებლობებთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბარია მიმდინარე საწარმოს გასხვისებაზე, რასაც ამერიკული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება მოწმობს. ამერიკისგან განსხვავებით კი, საქართველოში მცირე შემთხვევა თუ გამოინახება მიმდინარე საწარმოს შეძენის.  

ნიშანდობლივია, რომ გაკოტრების ძირითადი პროცედურაც მოვალის ქონების გასხვისებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, თუკი ორივე რეჟიმის ფარგლებში ქონების გასხვისებით ხდება კრედიტორების დაკმაყოფილება, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ უნდა განვასხვავოთ როდის გვაქვს საქმე გაკოტრებასთან და როდის რეაბილიტაციასთან. ამ საკითხზე განმარტება მოცემულია სახელმძღვანელოში, რომელიც მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია არა ის თუ რა სახის ქონების გასხვისება ხდება ან რა ოდენობის, ნაწილ ნაწილ, თუ საწარმოს მთლიანი აქტივის, არამედ არსებითია ვისზე ხორციელდება აქტივის გასხვისება. ანუ როდესაც კრედიტორია მოვალის ქონების შემძენი ეს გულისხმობს, რომ კრედიტორი მიჰყვება რეაბილიტირებულ ბიზნეს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ქონების გასხვისებასთან მესამე პირზე, და ამონაგები თანხით იფარება არსებული ვალდებულება, ეს არის გაკოტრება (Thomas H. Jackson, The logic and Limits of Bankruptcy Law, 211).

დამატებით გთავაზობთ ამონარიდს განმარტებითი ბარათიდან - „ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რეაბილიტაცია არ არის დისტრიბუციის პროცედურა, არამედ ის კომპანიის ან ბიზნესის გადარჩენის პროცედურაა და სწორედ ამ გადარჩენის სქემის ფარგლებში ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება ფულადი ან არაფულადი ფორმით (წილები, მოგებაში მონაწილეობა, დასაქმება და სხვ.) შესაბამისად, როდესაც ბიზნესის გაყიდვისას კრედიტორები მხოლოდ ფულს იღებენ დისტრიბუციის გზით - ეს გაკოტრების დროს გაყიდული ბიზნესია, ხოლო როდესაც ისინი ბიზნესს „გადაჰყვებიან“ - ეს არის რეაბილიტირებული კრედიტორი და ბიზნესი ერთად.“ https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/245931 .

„როგორც აღინიშნა, რეაბილიტაცია არ გამორიცხავს ბიზნესის გაყიდვას, რა დროსაც კრედიტორები ბიზნესს მიჰყვებიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესის გაყიდვით კრედიტორები კმაყოფილდებიან, აღნიშნული უკვე არა რეაბილიტირებული, არამედ გაკოტრების შედეგად გაყიდული ბიზნესია“ (მესხიშვილი ქ., ბათლიძე გ., ამისულაშვილი ნ., ჯორბენაძე ს., გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თბილისი, 2021, 118).

კონკრეტული შემთხვევაში, წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია საწარმოს აქტივის მესამე პირზე გასხვისება და ამგვარად კრედიტორთა დაკმაყოფილება, რაც წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ მოყვანილ განმარტებებთან. ამავდროულად, სასამართლოს არც იმის დასაბუთება მოუსმენია რატომ არის უფრო ხელსაყრელი რეაბილიტაციის პროცესი კრედიტორებისთვის, ვიდრე გაკოტრების საქმის წარმოება. დამატებით, როგორც უკვე ითქვა რეაბილიტაცია ეფექტიანია ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ფინანსური დაბრკოლებების გადასალახად. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოვალე ჯერ კიდევ 2021 წელს ფინანსური სირთულეების წინაშე იდგა, რაც დასტურდება სს „საქართველოს ბანკის“ კერძო საჩივარზე თანდართული 2021 წლის 06 სექტემბრის განჩინებით. ამავდროულად, წარმოდგენილი განჩინება იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოვალის მიმართ ფინანსური დაბრკოლებების წარმოშობა მხოლოდ პანდემიის გავრცელებას ვერ დაბრალდება, რადგან ბანკმა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოს მიმართა 2021 წლის აპრილის თვეში, ხოლო თავად განმცხადებელი მიუთითებს, რომ ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან აღებული სესხით დაიფარა სხვა ინსტიტუტის ვალდებულება. ამგვარად, სავარაუდოა, რომ მოვალე პანდემიის გავრცელებამდე უკვე გადახდისუუნარობის წინაშე იდგა.   

მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს მაქსიმალურად მიეცა შესაძლებლობა ბიზნესის რეაბილიტაციისთვის, რაც საწარმოს მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით და მოვალის მართვაში დატოვებით გამოიხატა. ამავდროულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში კრედიტორებმა საკმაოდ დიდი დრო დაკარგეს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე კი, გეგმა მთლიანად დაფუძნებულია მიმდინარე საწარმოს გასხვისებაზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა 6 თვიან ინტერვალში მთლიანი აქტივის გასხვისება. სასამართლო მით უფრო საეჭვოდ მიიჩნევს ბიზნესის რეაბილიტირებას, როდესაც წარმოდგენილი გეგმა არავითარ კონკრეტულ და მიზანმიმართულ განზრახვას არ ითვალისწინებს, მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული.    

შესაბამისად, ზოგადი მსჯელობის ფარგლებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება არ იქნება გამართლებული.

ახლა კი ვნახოთ რა მოთხოვნები დააწესა კანონმდებელმა რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად.

თუ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს მართვაში მყოფი მოვალე ამზადებს, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის კრედიტორებისთვის შეთავაზებამდე და შესაბამისი მოლაპარაკების წარმოებისას მან უნდა გაითვალისწინოს რეაბილიტაციის ზედამხედველის დასაბუთებული შენიშვნები (არსებობის შემთხვევაში), რომელთა მიზანია რეაბილიტაციის გეგმის პროექტის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (სპეციალური კანონი, მუხლი 81.2).

აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გატარებული რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს პრაქტიკოსის ინსტიტუტის დამკვიდრება. ამის განხორციელების სხვადასხვა საფუძველი არსებობდა, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, უმთავრესია ის, რომ პრაქტიკოსი წარმოადგენს შესაბამისი განათლების მქონე პირს, რომელიც ობიექტურად აფასებს თუნდაც საწარმოს სამომავლო ბედს და სხვ. ამრიგად, პრაქტიკოსის მოსაზრების გაზიარება მნიშვნელოვანია საქმის წარმოების ყოველ ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, მოვალის მიერ წარმოდგენილია რეაბილიტაციის გეგმა, რომელსაც თან ერთვის რეაბილიტაციის ზედამხედველის შენიშვნები და რომელიც არ გაითვალისწინა საწარმომ. სასამართლო იზიარებს და მიიჩნევს, რომ სრულიად სამართლიანი შენიშვნები ერთვის გეგმას. კერძოდ: 1. რეაბილიტაციის პროექტში მოცემულია რეაბილიტაციის პოტენციური გზები, კერძოდ 5 შესაძლო ვარიანტი. სპეციალური კანონის მიხედვით რეაბილიტაციის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს შეთავაზებას კრედიტორთათვის, რომელსაც ისინი ან მხარს დაუჭერენ ან უარს იტყვიან რეაბილიტაციის გეგმის მხარდაჭერაზე. შეუძლებელია კრედიტორებს შევთავაზოთ რეაბილიტაციის 5 შესაძლო ვარიანტი, ვინაიდან გაურკვეველია რომელ ვარიანტს უნდა დაუჭირონ მხარი და უცნობია თუ რას და როგორ მოიმოქმედებს მოვალე ასეთი ტიპის რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში; 2. წარმოდგენილი გეგმიდან არ დგინდება - ითხოვს თუ არა მოვალე ვალდებულებების ცვლილებას, კერძოდ ძირითადი ვალის და პროცენტის შემცირებას ან/და გადავადებას; 3. გეგმის პროექტში ასევე არ არის ასახული თუ როგორ ხორციელდებოდა მოვალის საქმიანობა და მისი დაფინანსება, მოხდა თუ არა აქტივების განკარგვა და როგორ გაგრძელდება მოვალის დაფინანსება რეაბილიტაციის შემთხვევაში; 4. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასება გაკეთებულია თითოეული შენობის ერთიან კომპლექსად და არ იქნა განცალკევებული თითოეული ბინა-ერთეულის ღირებულება, ასევე შეფასებაში შედის ის ბინებიც (2 ბინა), რომელიც არ არის მოვალის საკუთრებაში, ასევე შეფასებაში არ არის დადგენილი ღირებულება დღგ-ის ჩათვლითაა დაანგარიშებული თუ მის გარეშე; 5. არ არის გათვალისწინებული მოთხოვნის რა ღირებულებას მიიღებდა კრედიტორი გაკოტრების შემთხვევაში; 6. არ არის გათვალისწინებული რომელი ვარიანტის შემთხვევაში რა ვადებში  ელოდება მოვალე ფულადი ნაკადების შემოდინებას და რომელი ვარიანტისას რა გრაფიკით მოხდება ვალდებულებების დაკმაყოფილება.    

კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 6 თვისა (სპეციალური კანონი, მუხლი 82.1).

თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორები რეაბილიტაციის გეგმის პროექტს არ მოიწონებენ, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ (სპეციალური კანონი, მუხლი 82.2).

უზრუნველყოფილ კრედიტორს შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების პროცესში კენჭისყრისას ხმის უფლება არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმის პროექტი მოვალესა და უზრუნველყოფილ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ითვალისწინებს (სპეციალური კანონი, მუხლი 82.6).

სასამართლო ამტკიცებს კრედიტორთა მიერ ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას, თუ დაცულია ამ კანონის მოთხოვნები (სპეციალური კანონი, მუხლი 83.1).

კონკრეტულ შემთხვევაში, გეგმას თან ერთვის მხოლოდ არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მოწონება, ისიც მხოლოდ პირველად ვერსიასთან დაკავშირებით, ხოლო ცვლილებას არც აღნიშნული კრედიტორების მოწონება არ ერთვის თან. აგრეთვე, როგორც უკვე ითქვა (იხ. პრაქტიკოსის შენიშვნები) წარმოდგენილი გეგმით არ დგინდება იცვლება თუ არა ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, არ დგინდება სავალდებულოა თუ არა უზრუნველყოფილი კრედიტორის თანხმობა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი 2022 წლის 17 მაისს, ხოლო ექვს თვიანი ვადა კი ამოიწურა ამავე წლის 18 ნოემბერს.  

შესაბამისად, არ არსებობს რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების წინაპირობები.

რეაბილიტაციის რეჟიმი გაკოტრების რეჟიმით იცვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ნიშნავს გაკოტრების მმართველს (სპეციალური კანონი, მუხლი 95.1).

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11, 84-85ე,  95-ე, 99-ე, 102-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განხორციელდეს კონვერსია და რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით;

2. რეაბილიტაციის ზედამხედველს ირაკლი გაფრინდაშვილს შეუწყდეს უფლებამოსილება;

3. შპს „ზე ლისის“ (ს.ნ. 406276220) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი;

4. შპს „ზე ლისის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - გიორგი ბათლიძე (პ/ნ 01010007312, ტელ. 595 133-373, ელ.ფოსტა: gbatlidze@blc.ge; gbatlidze @gmail.com ), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე;

5.  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6.   გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას;

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება;

8. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში;

9. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს;

10.   გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას;

11. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები;

12. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას;

13. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება;

14. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე, რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისათვის ინარჩუნებს ძალას;

15. განჩინება კონვერსიის და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ);

16. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი ესწრება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე                                                            თამარ ბურჯანაძე