ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №603
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023816
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №603
2022 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 29-ე მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ლ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ნ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
ო) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი.
2. დამტკიცდეს თანდართული „ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიის (შემდგომში − კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. კომისიას შესაძლებელია,ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეკვიზიტები.
მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი
კომისიის მიზანია საქართველოში ციფრული მმართველობის განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობა და უწყებათაშორისი კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. კომისიის ამოცანები
ამ დებულებით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, კომისიის ამოცანებია:
ა) ციფრული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სახელმწიფო სერვისების ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით მათი მიწოდების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებების ერთიანი ინფორმაციული აქტივების შექმნის ხელშეწყობა და კოორდინირება;
დ) ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს შორის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. კომისიის ფუნქციები
ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების გადასაჭრელად, კომისიის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული აქტივებისა და ციფრული მმართველობის არსებით გაუმჯობესებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების პროექტების/რეკომენდაციების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის განსახილველად წარმოდგენა;
ბ) ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ქვეყნისათვის სტრატეგიულად და მატერიალურად მნიშვნელოვანი პროექტების საოპერაციო/ტექნიკურ დონეზე მონიტორინგის შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ციფრული მმართველობისა და სერვისების მიწოდების სფეროებში სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების, ასევე სტანდარტების შემუშავებისა და მათი შემდგომი დანერგვის ხელშეწყობა;
დ) ქვეყანაში არსებული ადამიანური რესურსებისა და ტექნიკური საშუალებების ანალიზი და აღნიშნული მიმართულებებით საჭიროებების გამოვლენა;
ე) ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში შემსყიდველი ორგანიზაციების ინოვაციური იდეის, მეთოდის, პროდუქტის, პროცესის ან მარკეტინგული გადაწყვეტილებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო ინფორმაციული აქტივებისა და სერვისების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად, წინადადებების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ზ) ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები) მიერ, შესაბამისი აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიაზე წარდგენილი პროექტის/განსახორციელებელი შესყიდვის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
თ) ამ დებულებიდან გამომდინარე ან/და საქართველოს კანონით ან ნორმატიული აქტით დადგენილი სხვა ფუნქციები, რომლებიც ემსახურება კომისიის საქმიანობის ძირითად მიზანს ან/და მისი ამოცანების შესრულებას.
მუხლი 5🔗. კომისიის უფლებამოსილებები
ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, კომისია უფლებამოსილია:
ა) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამისი საჯარო და კერძო (სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული, შესაბამისი წილობრივი მონაწილეობით) სამართლის იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია;
ბ) კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის წევრებს დაავალოს მიმდინარე/ინიიცირებულ ან/და დასრულებულ საკითხებთან/პროექტებთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა, ანალიტიკური პროცედურების განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება, შესრულების მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება კომისიის წინაშე;
გ) კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვროს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები;
ე) დაამტკიცოს კომისიის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი წესები და პროცედურები, მათ შორის, ელექტრონული სხდომის განხორციელების დეტალური პროცედურები.
მუხლი 6🔗. კომისიის ორგანიზაციული მოწყობა
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს მოადგილე.
2. კომისიაში შესაძლოა ფუნქციონირებდეს თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც თემატიკის გათვალისწინებით დაკომპლექტებულია კომისიის წევრების ან/და კომისიის სამდივნოს მიერ შერჩეული კანდიდატებისგან.
3. კომისიის გამართულ საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკური კუთხით უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტოს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, სსიპ − კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლებით. კომისიის სამდივნოს შემადგენლობას ერთპიროვნულად ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.
მუხლი 7🔗. კომისიის ფუნქციონირების ზოგადი წესები
1. კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის სამდივნოს მოთხოვნით, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმების საფუძველზე.
2. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომაზე საკითხის (პროექტის) გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს/მოადგილეს ან/და კომისიის სამდივნოს. კომისიის სამდივნოში საკითხი (პროექტი) განსახილველად შესაძლებელია, წარადგინონ საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო უწყებებმა, შესაბამისმა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებმა, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის სამდივნოს წარდგინებითა და კომისიის თავმჯდომარის თანხმობით, სხვა პასუხისმგებელმა პირებმა.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.
5. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სამდივნოს წარდგინებით, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს.
6. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განსახილველი საკითხის ინიციატორ უწყებას მიმართოს ინფორმაციის დაზუსტების ან დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენისათვის.
7. კომისიის საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომისიის წევრებს და სხვა მოწვეულ პირებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.
8. კომისიის საბოლოო საოქმო გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან/და შესაბამის შემთხვევებში − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 8🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა
1. კომისიამ გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიიღოს სხდომაზე საკითხის განხილვის შედეგად. კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. კომისიის წევრები კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ უშუალოდ სხდომაზე ან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის წევრის მიერ როგორც ფიზიკურ, ასევე ელექტრონულ სხდომაზე, დაუშვებელია პოზიციის დაფიქსირებისგან ან/და ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. აღნიშნული ავტომატურად ჩაითვლება როგორც მათი მხრიდან თანხმობა, საკითხის (პროექტის) დადებითად გადაწყვეტა.
5. კომისიის წევრის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიცია, განსახილველ საკითხზე (პროექტზე), რომლითაც არ ეთანხმება ინიციირებულ საკითხს (პროექტს), უნდა იყოს დასაბუთებული იმ არგუმენტების, მიზეზების მითითებით, რითაც გამოწვეულია მისი უარყოფითი პოზიცია.
6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
მუხლი 9🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფები იქმნება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2. კომისიის სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი სფეროების მიხედვით, განიხილავენ ცალკეულ საკითხებს და კომისიისთვის ამზადებენ შესაბამის დასკვნებს/წინადადებებს/რეკომენდაციებს.
3. კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს კომისიის სამდივნო.
მუხლი 10🔗. კომისიის სამდივნო
კომისიის სამდივნოს ფუნქციებია:
ა) განსახილველ საკითხთან/პროექტთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის შეგროვება, საკითხების დაზუსტება და შესაბამის დაწესებულებებთან პირველადი კომუნიკაცია;
ბ) კომისიის სხდომების ორგანიზება და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლი;
გ) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით, კომისიის წევრთა შორის ინფორმაციის გაცვლა და, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის სხდომის მოსამზადებელ სამუშაოთა კოორდინაცია;
დ) კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადების გზით;
ე) კომისიის სხდომის ოქმისა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი დავალებების გაფორმება და ხელმოსაწერად მომზადება;
ვ) კომისიის დახმარება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;
ზ) ყველა სხვა სახის სამუშაოს შესრულება, რაც დაკავშირებულია ორგანიზაციულ-ტექნიკური კუთხით კომისიის გამართულ ფუნქციონირებასთან.