საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატის შემოღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.05.2002 ძალადაკარგული 03.04.2003
ნომერი
№225
სარეგისტრაციო კოდი
00200.250.00(0).11.000114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 22/05/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №225

2002 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

საგადასახადო კოდექსითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ცალკეულ საქონელზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატის შემოღების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსი და რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებები ცალკეულ შემთხვევებში ითვალისწინებენ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) დღგ-საგან გათავისუფლებას არა სასაქონლო ნომენკლატურული ჯგუფის, არამედ მყიდველთა კატეგორიის მიხედვით (დიპლომატიური წარმომადგენლობები, ნავთობკომპანიები და სხვა).

საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში დღგ-საგან გათავისუფლებული მიწოდების ოპერაციების გაფორმებისა და აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. იმ კატეგორიის მყიდველებისათვის (შემდგომში – „მყიდველი“), ვისთვისაც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების დღგ-ისაგან გათავისუფლება გარდა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მყიდველების) ან ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა, ასეთი საქონლის მიწოდებისას საგადასახადო ანგარიშფაქტურის ნაცვლად, შემოღებულ იქნეს სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატი (შემდგომში – „სდღგ-სერტიფიკატი").

2. დამტკიცდეს სდღგ-სერტიფიკატის ფორმა დანართი №1 ნიმუშის მიხედვით;

3. სდღგ-სერტიფიკატი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 2002 წლის 1 ივნისიდან განხორციელებულ მოწოდებებზე. იმავდროულად შეწყდეს ამ მიზნისათვის დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების არსებული ფორმის გამოყენება, გარდა ნავთობის დისტილატების შემოღებული სდღგ-ებისა;

4. სდღგ-სერტიფიკატი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სდღგ-სერტიფიკატი იბეჭდება 4 ეგზემპლარად და ოთხივე ეგზემპლარი სხვადასხვა ფერისაა;

5. სდღგ-სერტიფიკატი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება მათი მფლობელისათვის (მყიდველისათვის) მათზე განხორციელებული მიწოდებების დღგ-საგან გათავისუფლება ან ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამყიდველები საგადასახადო კოდექსი 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ და „ჰ“ პუნქტში აღნიშნულ პირებზე ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით შეღავათებით მოსარგებლე პირებზე მიწოდებას ახორციელებენ მხოლოდ აღნიშნული მყიდველების მიერ წარდგენილი სდღგ-სერტიფიკატის შევსების შემდეგ;

6. სდღგ-სერტიფიკატის გაცემის ორგანიზება დაევალოს საგადასახადო დეპარტამენტს. ამასთან, სდღგ-სერტიფიკატის გაცემა ხდება მხოლოდ ამ ბრძანების მე-5 პუნქტში აღნიშნულ პირებზე;

7. საგადასახადო დეპარტამენტის მიერ სდღგ-სერტიფიკატი გაიცემა ცენტრალიზებული წესით მის პირველ ეგზემპლარზე მყიდველის დასახელების და შესაბამის შემთხვევაში მისი საიდენტიფიკაციო კოდის ჩაწერის შემდეგ, რომლის სისწორეს დეპარტამენტი ადასტურებს სდღგ-სერტიფიკატის პირველ ეგზემპლარზე ბეჭდით და ჩანაწერით "მყიდველის დასახელება ჩაწერილია";

8. დეპარტამენტის მიერ სდღგ-სერტიფიკატის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მყიდველის წერილობითი განცხადება, რომელშიც სავალდებულო წესით დაფიქსირებულ უნდა იქნეს მისთვის მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) დღგ-საგან გათავისუფლების ან ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის საფუძველი;

9. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებისას მყიდველის მიერ სდღგ-სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ მათი გამოწერა ხდება გამყიდველის მიერ 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი (ორიგინალი) დ მე -3 ეგზემპლარები რჩება გამყიდველს, ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარი ეძლევა მყიდველს. ამასთან, შეღავათებით მოსარგებლე პირების მიერ მათზე გაცემული სდღგ-სერტიფიკატები წარედგინება მხოლოდ იმ მიმწოდებლებს, რომლებიც რეგისტრირებულ არიან დღგ-ის გადამხდელად;

10. გამყიდველი ვალდებულია სრულად შეავსოს სდღგ-სერტიფიკატის ფორმით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი და გადასცეს მყიდველს მიწოდების მომენტში, ხოლო საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეგულარულად (უწყვეტად) მიწოდებისას არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 1-ლი რიცხვისა;

11. მყიდველი ვალდებულია ყოველი თვის 15 რიცხვამდე, აგრეთვე სდღგ-სერტიფიკატის ყოველი შემდეგი პარტიის გატანისას საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგინოს მათ მიერ წინა თვის მიხედვით გახარჯული სდღგ-სერტიფიკატების მე -2 ეგზემპლარები;

12. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მყიდველისაგან მიღებული სდღგ-სერტიფიკატის პირველი პირები დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად წარუდგინონ შესაბამის საგადასახადო ინსპექციებს. ინსპექციები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სდღგ-სერტიფიკატის პირველი პირები წარადგინონ საგადასახადო დეპარტამენტში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე;

13. საგადასახადო ორგანოები დღგ-ისაგან გათავისუფლებული (ნულოვანი განკვეთით დასაბეგრი) ბრუნვების რეესტრს დღგ-ის დეკლარაციის დანართის ფორმით წარადგენენ საგადასახადო დეპარტამენტში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე;

14. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ყოველი თვის 15 რიცხვამდე საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგინოს მონაცემები იმ იმპორტიორთა და მათ მიერ განხორციელებული საქონლის იმპორტის შესახებ. რომელთათვისაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საქონლის დღგ-საგან გათავისუფლებას ან ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას;

15. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე -15 დღეს.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

დავით მეგრელიძე