სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/40
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016782
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/40
2023 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილების მე-4 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სიმძლავრის აუქციონის წესები“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება განთავსდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე: www.economy.ge.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 18 იანვრის №1-1/13 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი
დანართი
სიმძლავრის აუქციონის წესები
მუხლი 1🔗. ძირითადი დებულებები
1. სიმძლავრის აუქციონის წესი (შემდგომში ‒ წესი) განსაზღვრავს სიმძლავრის აუქციონის გამოცხადების წესებსა და პირობებს.
2. სიმძლავრის აუქციონის სხვა წესები, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ ბრძანებით, განისაზღვრება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით ( შემდგომში ‒ დადგენილება).
3. წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ დადგენილებით, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2🔗. მიზანი
1. სიმძლავრის აუქციონის გამოცხადების მიზანია ქვეყანაში არსებული ელექტროენერგეტიკული პოტენციალის მქონე სიმძლავრის დანაწილება აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებულ დაინტერესებულ პირებს შორის და ამ პირებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის შესაძლებლობის შექმნა მეტი ენერგეტიკული პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიერ დაფინანსების შესაძლებლობების განხორციელების მიზნით.
2. სიმძლავრის აუქციონი ცხადდება სამინისტროს მიერ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.economy.ge ინფორმაციის განთავსების გზით ყოველი წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ, ქვეყანაში არსებული ენერგოპროექტების განვითარების გეგმისა და მოთხოვნის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3🔗. მოქმედების სფერო
1. სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობა დასაშვებია:
ა) ენერგეტიკის დარგში არსებულ პროექტებზე, რომლებიც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებს და ასევე იმ პროექტებს, რომლებიც არ წარმოადგენენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებს;
ბ) ელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ეტაპზე არსებულ პროექტებზე.
2. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ მშენებლობის ფაზაში მყოფ პროექტებზე.
მუხლი 4🔗. განაცხადის წარდგენისა და განხილვის წესი
1. სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის განაცხადს(ებს) განიხილავს სიმძლავრის აუქციონის კომისია. აღნიშნულ კომისიას განაცხადი უნდა წარედგინოს ქართულ ენაზე, დახურულ კონვერტში, შემდეგი აღნიშვნით:
ა) დაინტერესებული პირი: /დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები/;
ბ) ადრესატი: ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სიმძლავრის აუქციონის კომისია“;
გ) წარწერა: სიმძლავრის აუქციონი.
2. განაცხადი ხელმოწერილ უნდა იქნეს:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში ‒ დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენელი პირის მიერ;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში ‒ დაინტერესებული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ან ასეთი პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
3. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განაცხადის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, ხოლო უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტების შემთხვევაში, უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული. ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
4. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროს მიერ აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე და წინადადების მიღებისთვის დაწესებულ ვადაში.
5. დაინტერესებული პირის მიერ სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მას უჩერდება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით გათვალისწინებულ მხარდაჭერის სქემაში მონაწილეობის უფლება სიმძლავრის აუქციონის შედეგების დასრულებამდე. ხოლო, სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, ასეთ პირს ერთმევა ამ პუნქტით გათვალისწინებული მხარდაჭერის სქემაში მონაწილეობის მიღების უფლება.
6. განაცხადის მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) ახორციელებს სიმძლავრის აუქციონის კომისიის მდივანი.
7. სიმძლავრის აუქციონის განაცხადის განხილვა (მათ შორის ხარვეზის გამოსწორება) უნდა განხორციელდეს განაცხადის წარდგენიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
8. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
9. სიმძლავრის აუქციონის კომისია არ განიხილავს განაცხადს, თუ სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ აღმოჩენილი ხარვეზი დაინტერესებულმა პირმა არ აღმოფხვრა გონივრულ ვადაში ან/და თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗. სიმძლავრის განმეორებითი აუქციონი
1. ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი. თუკი ასეთ შემთხვევაში ტარიფები იდენტურია, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლის ენერგეტიკული მოდელით შემოთავაზებული სავარაუდო გამომუშავება იქნება უფრო მაღალი. თუკი ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას შემოთავაზებული ტარიფები და ენერგეტიკული მოდელით შემოთავაზებული სავარაუდო გამომუშავებები იდენტურია, სამინისტრო ჩანიშნავს განმეორებით აუქციონს, „სიმძლავრის აუქციონის წესების“ შესაბამისად. განმეორებით სიმძლავრის აუქციონში უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი.
2. განმეორებითი აუქციონი გაიმართება პირველი აუქციონის დასრულებიდან ან მისი შეწყვეტიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინონ განმეორებითი წინადადება.
3. აუქციონი განმეორდება მანამ, სანამ არ გამოვლინდება საუკეთესო შემოთავაზებული ტარიფი, ან სანამ სიმძლავრის აუქციონის კომისია თავისი ინიციატივით არ შეწყვეტს განაცხადების განხილვას.
მუხლი 6🔗. სიმძლავრის აუქციონის კომისია
1. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სიმძლავრის აუქციონში საუკეთესო განაცხად(ებ)ის შერჩევას და სამინისტროსთვის წარდგენას უზრუნველყოფს სიმძლავრის აუქციონის კომისია.
2. სიმძლავრის აუქციონის კომისიის შემადგენლობაშია:
ა) სამინისტრო 2 კანდიდატით;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
გ) სსიპ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო“;
დ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.
3. განაცხადების შეფასების დროს შესაძლებელია ასევე სიმძლავრის აუქციონის კომისიის წევრად მოწვეულ იქნეს სპეციფიკური ცოდნის ექსპერტ(ებ)ი/სპეციალისტ(ებ)ი, სიმძლავრის აუქციონის კომისიაში ხმის უფლებით ან მის გარეშე.
4. სიმძლავრის აუქციონის კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს ნიშნავს მინისტრი.
5. სიმძლავრის აუქციონის კომისია საუკეთესო განაცხად(ებ)ს შეარჩევს დამსწრე ხმათა უბრალო უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ სიმძლავრის აუქციონის ნებისმიერ საკითხზე სიმძლავრის აუქციონის კომისიის წევრთა ხმები თანაბრად განაწილდება, გადამწყვეტად ჩაითვლება თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 7🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. სიმძლავრის აუქციონის კომისია წარდგენილი განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებას ახორციელებს დადგენილების შესაბამისად.
2. სიმძლავრის აუქციონის კომისია წარდგენილ განაცხადებს განიხილავს მედიანური ტარიფის პრინციპის შესაბამისად, კერძოდ, სიმძლავრის აუქციონის კომისია მედიანურ ტარიფად განსაზღვრავს შემოთავაზებული ტარიფების წყებიდან შუა შემოთავაზებულ ტარიფს (შემოთავაზებული ლუწი რაოდენობის ტარიფების შემთხვევაში, შუა ორი შემოთავაზებული ტარიფის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს) და სიმძლავრის დანაწილება მოხდება იმ დაინტერესებულ პირებზე, ვისი შემოთავაზებული ტარიფიც იქნება მედიანურ ტარიფზე დაბალი. სიმძლავრის დანაწილება დაიწყება ყველაზე დაბალი შემოთავაზებული ტარიფიდან ზრდადობის პრინციპით. იმ შემთხვევაში, თუ სიმძლავრის დანაწილება მოხდა ყველა იმ დაინტერესებულ პირზე, ვისაც შემოთავაზებული ჰქონდა მედიანური ტარიფი ან მასზე დაბალი ტარიფი, სიმძლავრის აუქციონის კომისიის გადაწყვეტილებით, დარჩენილი სიმძლავრის შეთავაზება მოხდება იმ დაინტერესებულ პირებზე, ვისაც შემოთავაზებული ჰქონდათ მედიანურ ტარიფზე მაღალი ტარიფი. სიმძლავრის განაწილება მოხდება შემოთავაზებული ტარიფის შესაბამისად ზრდადობით, მანამ, სანამ არ ამოიწურება არსებული სიმძლავრე. მედიანურ ტარიფზე მაღალი შემოთავაზების მქონე დაინტერესებული პირები მხარდაჭერის სქემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მედიანური ტარიფის შესაბამისად. სიმძლავრის აუქციონის დასრულების შემდგომ, სიმძლავრის აუქციონის კომისია შეარჩევს დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილ საუკეთესო განაცხად(ებ)ს და აფორმებს შესაბამის წინადადებას, რომელიც წარედგინება სამინისტროს.
3. სამინისტრო, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან 60 (სამოცი) დღის ვადაში, მომზადებულ წინადადებას, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
4. საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი წინადადების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას. წარდგენილი წინადადების მოწონების შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რის საფუძველზეც დაინტერესებულ პირ(ებ)სა და საქართველოს მთავრობას შორის დაიდება დადგენილებით განსაზღვრული ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება.
5. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა ხელი არ მოაწერა ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სრულად გამოითხოვოს განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
მუხლი 8🔗. აუქციონზე წარდგენილ განაცხადსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შორის სხვაობა
1. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 10%-ით.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 30%-ით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს, შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება 100%-ით.
4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი პოზიტიურ სხვაობაზე შეუმცირდება 10%-ით.
5. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი პოზიტიურ სხვაობაზე შეუმცირდება 30%-ით.
6. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება პოზიტიურ სხვაობაზე 100%-ით.“.