აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №1-1/105
2023 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს „გარდაბნის თბოსადგური-2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №1-1/42 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. ზემოაღნიშნული პროექტის დანიშნულებაა ,,გარდაბნის თბოსადგური-2“-ის ქსელთან მიერთების დამატებითი წყაროს უზრუნველყოფა, კერძოდ ,,გარდაბნის თბოსადგური-2“-ის ქსელთან მიერთებისათვის განხორციელდა ეგხ ,,ალავერდი“-ს გაჭრა და გაორჯაჭვიანება ქ/ს გარდაბნის მხრიდან, ხოლო მეორე მხარე შეიჭრება ქ/ს ,,მარნეულში“, რითიც გაიზრდება თბოსადგურის ქსელთან მიერთების საიმედოობა, აგრეთვე გაძლიერდება თბილისის გარშემო არსებული ქსელი (მარნეული-გარდაბნის კვანძი). ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
პროექტის ფარგლებში ექცევა შპს „M.B. INTERNATIONAL“-ის (ს/კ 406083198) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ აზიზკენდში მდებარე 138 736.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.03.16.502) ნაწილი 110.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამასთან, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი.
დადგენილია, რომ სსიპ – საჯარო რეესტრის ამონაწერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზკენდში მდებარე 138 736.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.03.16.502) მესაკუთრეა შპს „M.B. INTERNATIONAL“-ი (ს/კ 406083198);
ამასთან, დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა კომპანიის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ აზიზკენდში მდებარე 138 736.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ N83.03.16.502) ნაწილი - 110.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის.
ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 16 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შპს „M.B. INTERNATIONAL“-ის (ს/კ 406083198) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ აზიზკენდში მდებარე 138 736.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №83.03.16.502) ნაწილზე -110.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი