„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
ეყრდნობიან რა, საქართველოსა და თურქმენეთს შორის კულტურის სფეროში არსებულ კავშირებს, ესწრაფვიან რა, ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და განვითარებას, აღიარებენ რა, კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელობასა და როლს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგების განვითარებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განმტკიცების კუთხით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1
მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ხელსაყრელი პირობები საქართველოსა და თურქმენეთის ხალხებს შორის კულტურული თანამშრომლობისთვის. მუხლი 2
მხარეები შეთანხმდნენ განავითარონ თანამშრომლობა ორი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებებს შორის და ასევე ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ინტელიგენციას შორის შემოქმედებითი კავშირების განვითარებას. მუხლი 3
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის ჩამოყალიბებას თეატრებს, საკონცერტო ორგანიზაციებსა და შემოქმედებით კოლექტივებს, მუზეუმებს, ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ორგანიზაციებს, ბიბლიოთეკებს, სასაწავლო დაწესებულებებსა და კულტურის სფეროში მოქმედ სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის. მუხლი 4
კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი პროგრამებისა და გეგმების საფუძველზე, მხარეები აცხადებენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ შემოქმედებითი კოლექტივებისა და შემსრულებლების საგასტროლო ტურნეების ორგანიზებას, ხელოვნების ნიმუშების გამოფენებისა და სამუზეუმო ექსპონატების გაცვლას, ფესტივალების, კონკურსების, კონფერენციების, სემინარებისა და პროფესიული და ხალხური ხელოვნების და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში სხვა ღონისძიებების ჩატარებას. მუხლი 5
მხარეები უზრუნველყოფენ თავიანთ ქვეყნებში არსებული კოლექციებისა და სხვა კულტურული ფასეულობების დაცულობას, რომლებიც ქმნიან საქართველოსა და თურქმენეთის საარქივო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო ფონდებს და უზრუნველყოფენ მათ ხელმისაწვდომობას ამ სახელმწიფოთა მოქალაქეებისთვის. მუხლი 6
მხარეები ხელს შეუწყობენ შემოქმედებითი კოლექტივების რეპერტუარებში საქართველოსა და თურქმენეთის მწერლებისა და კომპოზიტორების ნაწარმოებების ჩართვას, დრამატურგიული ნაწარმოებების და პოეზიის ნიმუშების თარგმნის გაფართოებას, პროფესიული და თვითშემოქმედებითი კოლექტივების რეპერტუარებში მათი ჩართვის მიზნით. მუხლი 7
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ესთეტიკური აღზრდისა და მხატვრული განათლების საკითხებზე, სპეციალისტების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, კულტურისა და ხელოვნების სასწავლებლების სტუდენტების, სტაჟიორებისა და სპეციალისტების ურთიერთგაცვლას. მუხლი 8
მხარეები რეგულარულად მიაწვდიან ინფორმაციას ქართველ და თურქმენ ხალხს ბეჭდვითი ორგანოების, რედაქციების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით, თავიანთი ქვეყნების კულტურული ცხოვრების, თავიანთ ხალხებს შორის ისტორიული კავშირებისა და თანამშრომლობის შედეგების გაშუქების მიზნით. მუხლი 9
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად. მუხლი 10
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 11
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით, სანამ რომელიმე მხარე, შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ამ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 2 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე. შეთანხმების ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
|