ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „აკოპიან საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64300/16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმეზე „აკოპიან საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №64300/16)

 

 სტრასბურგი

2023 წლის 23 მარტი

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.

 

 

საქმეზე „აკოპიან საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) კომიტეტმა, შემდეგი შემადგენლობით:

          კარლო რანზონი, თავმჯდომარე,
          ლადო ჭანტურია,
          მარია ელოსეგი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (№64300/16) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2016 წლის 1 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შეიტანა ბ-მა მიასნიკ აკოპიანმა, რუსეთის მოქალაქემ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1935 წელს, მცხოვრები ერევანში, რომელსაც წარმოადგენდა ქ-ნი ჰ. გრიგორიანი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ერევანში;

გადაწყვეტილება ეცნობოს კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების საფუძველზე შეტანილი საჩივრების შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი ბ. ძამაშვილი, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან და საჩივრის დანარჩენი ნაწილის მიუღებლად გამოცხადებასთან დაკავშირებით;

მხარეთა მოსაზრებები;

2023 წლის 2 მარტის დახურული თათბირის შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

 

საჩივრის საგანი

1. წინამდებარე საჩივარი ეხება ორგანოების მიერ მომჩივნის ვაჟის სიკვდილის სავარაუდო არაეფექტიან სისხლის სამართლის გამოძიებას, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების სავარაუდო დარღვევით.

2. 2015 წლის 26 ივლისს მომჩივნის შვილის, ს.ჰ.-ს ცხედარი იპოვეს სოფელში. სისხლის სამართლის გამოძიება სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით იმავე დღეს დაიწყო და არაერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. დაიკითხნენ პირები, რომლებმაც შენიშნეს ს.ჰ.-ს კუთვნილი ავტომანქანა დანაშაულის ადგილის მახლობლად და მოწმე, რომელმაც დაინახა, როგორ გაიქცა რამდენიმე ადამიანი. ექსპერტიზისთვის აიღეს ბიოლოგიური და სხვა სახის ნიმუშები.

3. 2015 წლის 30 ივლისს სამ პირს წაუყენეს ბრალი იმის გამო, რომ მათ არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს ვინმე ვ.ჰ.-ს მიერ ს.ჰ.-ს მკვლელობის ორგანიზებისა და მკვლელობის შესახებ, ხოლო როგორც საქმის მასალებით გაირკვა, ვ.ჰ. საქართველოში ჩამოვიდა ს.ჰ.-ს მოკვლის მიზნით, რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ დატოვა საქართველო და გადასახლდა რუსეთში. ამ სამი პირის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით ჩატარდა მომჩივნის შვილის სავარაუდო მკვლელობის გამოძიებისგან დამოუკიდებლად.

4. 2015 და 2016 წლებში ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა და სხვა გამოკვლევა, როგორც სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის გამოძიების ნაწილი. დაიკითხა მრავალი მოწმე.

5. 2016 წლის 5 იანვარს ბრალმდებელმა მომჩივანს გამოძიებასთან დაკავშირებით მიანიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი. მას აუხსნეს შესაბამისი საპროცესო უფლებები.

6. 2016 წლის 9 მარტს ბრალმდებელმა, რომელიც ზედამხედველობდა სისხლისსამართლებრივი დევნის რეგიონული ორგანოების საქმიანობას, განიხილა მომჩივნის საჩივარი მკვლელობის სისხლის სამართლებრივი გამოძიების სავარაუდო არაეფექტიანობასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივი დევნის რეგიონულ ორგანოებს დაავალა კიდევ ერთხელ დაეკითხათ მომჩივანი და ა.ბ., დაზარალებულის ცოლი. გამოძიებას უნდა დაედგინა დაზარალებულის მანქანიდან ამოღებული ქალის ჩანთის მფლობელის ვინაობა და საქმესთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ა.ბ., რომელიც იმ დროს სომხეთში ცხოვრობდა, 2017 წელს რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ბრალმდებლის სატელეფონო მოთხოვნის მიუხედავად, მას არ მიუმართავს სისხლისსამართლებრივი დევნის რეგიონული ორგანოებისთვის დაკითხვისთვის.

7. 2016 წლის 7 აპრილს ახალციხის საოლქო სასამართლოში საქმისწარმოებისას, რომელსაც ესწრებოდა მომჩივანი, სამ პირს მოეხსნა ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

„[მ]ოცემულ საქმეში ბრალდების შემცველი დოკუმენტი მიუთითებს, რომ [სამმა პირმა, რომელთაც ბრალად ედებათ დანაშაულის შეუტყობინებლობა] იცოდნენ დაგეგმილი მკვლელობისა და მისი ჩადენის შესახებ და არ შეატყობინეს ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს, მაგრამ გაურკვეველია [აღნიშნული დოკუმენტიდან] როდის, ვის მიერ და საერთოდ რა გზით გაიგეს, რომ მკვლელობა მიმდინარეობდა. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ანალიზიდან, კერძოდ, ა.ი.-ს [ერთ-ერთი ბრალდებული] დაკითხვის ოქმიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტიდან (ჩვენების სისწორის ადგილზე გადამოწმებით) გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრალდებიდან ნათელია, რომ ბრალდებული უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის დაგეგმვაში, მოიპოვა იარაღი და მისცა იგი პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მიუთითა დაზარალებულის ადგილსამყოფელზე, დაეხმარა მას მანქანის შეძენაში, რომელიც მას სჭირდებოდა დანაშაულის ჩასადენად გადაადგილებისთვის და უყიდა მობილური ტელეფონის სიმბარათები. ეს გარემოებები მიუთითებს [შესაძლებლობაზე], რომ დანაშაულში ბრალდებული პირების ქმედებები [დანაშაულის შეუტყობინებლობა] დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა. [ბრალდების მხარემ] არ შეაფასა, წაუყენეს თუ არა [სამ პირს] ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რადგან მათ მიერ დანაშაულის შეტყობინების შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობისთვის მათ წინააღმდეგ დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, იმ ფაქტთან ერთად, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია დანაშაულის მომზადების შესახებ ინფორმაციის ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები..., პირებს ბრალი დაედოთ ისეთი ფორმით (როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა), რომ მათი დადანაშაულება შეუძლებელი ყოფილიყო. უკანონოა პირის დადანაშაულება ისეთი დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რომელიც ამ პირმა [შესაძლოა] თავად ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდება დაუსაბუთებელია და ემყარება მხოლოდ ვარაუდებს, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე“.

8. 2017 წლის 31 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას. საქმის მასალებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან ირკვევა, რომ უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.

9. 2017 წლის 2 ივნისს მთავარმა პროკურატურამ („CPO“) იურიდიული დახმარების მოთხოვნა გაუგზავნა რუსეთის შესაბამის ორგანოებს. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივ ორგანოებს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმაში დასარწმუნებლად, რომ ვ.ჰ., რომელმაც გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და რუსეთში გადავიდა, ს.ჰ.-ს მკვლელობის უკან იდგა. აქედან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ სთხოვა თავის რუს კოლეგებს, მოეძებნათ ვ.ჰ. და დაეკითხათ იგი მოწმის სახით. მსგავსი მოთხოვნა გაეგზავნა სომხეთის ორგანოებს მეორე მოწმესთან დაკავშირებით.

10. 2017 წლის 17 აგვისტოს გამომძიებელმა დამატებით დაკითხვაზე დაიბარა ის სამი პირი, რომლებსაც ბრალი მოეხსნათ. ისინი არ გამოცხადდნენ.

11. 2017 წელს გამომძიებელმა რამდენჯერმე სცადა დაკავშირებოდა ტაქსის მძღოლს, რომელიც დაეხმარა ს.ჰ.-ის მკვლელობის სავარაუდო მონაწილე ორ სომეხ მამაკაცს მკვლელობის დროს გამოყენებული ავტომანქანის შეძენაში, იმ მიზნით, რომ დაეკითხა ტაქსის მძღოლი და მონაწილეობა მიეღო რამდენიმე პირს შორის დამნაშავის ამოცნობაში, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო.

12. 2018 წლის 25 იანვარს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას შეატყობინა, რომ მან ვერ დაადგინა ვ.ჰ.-ს მისამართი. თუმცა, მან დაკითხა ვინმე ს.გ., რომელმაც განმარტა, რომ ვ.ჰ. მოსკოვში ცხოვრობდა 2017 წლის აპრილიდან, მაგრამ არ იცოდა ვ.ჰ.-ს მისამართი ან საკონტაქტო ინფორმაცია.

13. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე განხორციელდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის, 2022 წლის იანვარში ორგანოებმა გაუგზავნეს იურიდიული დახმარების მოთხოვნა მათ სომეხ, რუს და ბერძენ კოლეგებს გარკვეული მოწმეების და პოტენციური ეჭვმიტანილების ვინაობის დადგენის მიზნით. ასევე გადაიგზავნა გენეტიკური მასალა იდენტიფიკაციისა და დნმ-ის საერთაშორისო მონაცემთა ბაზასთან შედარებისთვის. შესაბამისმა ორგანოებმა ვერ დაადგინეს შესაბამისი პირების ადგილსამყოფელი და ორგანოების მიერ წარმოდგენილი გენეტიკური მასალის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. 2022 წლის 14 აპრილს ჩატარდა ფოტოსურათის საფუძველზე პირის ამოცნობის ორი პროცედურა ტაქსის მძღოლის მონაწილეობით (რომელიც დაიკითხა 2015 წლის 29 ივლისს და რომელმაც განაცხადა, რომ მან თავისი მანქანით წაიყვანა მკვლელობასთან პოტენციურად დაკავშირებული ორი პირი). ტაქსის მძღოლმა ვერ ამოიცნო ფოტოსურათზე წარმოდგენილი პირები, ეს არ იყვნენ ის პირები, რომლებიც მან ტაქსით წაიყვანა.

14. სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.

15. მომჩივანი, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლების საფუძველზე, ჩიოდა, რომ მისი ვაჟის მკვლელობის სისხლის სამართლის გამოძიება არ იყო ეფექტიანი.

 

სასამართლოს შეფასება

კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

16. კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანი ჩიოდა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ ორგანოებმა მას ვერ მიანიჭეს დაზარალებულის პროცედურული სტატუსი, რუსეთის ორგანოებს დაგვიანებით გაუგზავნეს იურიდიული დახმარების მოთხოვნა ვ.ჰ.-ს დაკითხვასთან დაკავშირებით; ასევე, არ იყო დაწყებული ვ.ჰ.-ს ოფიციალური ძებნა და ორგანოებმა შესაბამისად ვერ დაკითხეს ის სამი პირი, რომლებსაც ბრალდება მოეხსნათ. საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემფასებლის რანგში (იხ. საქმე „Radomilja and Others v. Croatia“ [GC], №№ 37685/10 და 22768/12, §§114, 124 და 126, 20 მარტი, 2018), სასამართლომ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები, შესაბამისად, ექცევა კონვენციის მე-2 მუხლის განხილვის ფარგლებში.

17. მთავრობა არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება იყო ერთ-ერთი საშუალება და არა შედეგი. შესაბამისად, როდესაც ორგანოებმა მიიღეს ყველა გონივრული ზომა ინციდენტთან დაკავშირებით მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად, კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ასპექტი არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს ეს გულისხმობს უფლებას, მომჩივნის სასარგებლოდ განხორციელდეს მესამე მხარეების სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან დაკავშირებით დაიკითხა მრავალი მოწმე და ჩატარდა სხვადასხვა სასამართლო ექსპერტიზა, ბრალდებამ ბრალი წაუყენა სამ პირს, მაგრამ ისინი გაამართლეს ეროვნულმა სასამართლოებმა, ხოლო მომჩივანი და დაზარალებულის ცოლი არ გამოცხადდნენ ორგანოების წინაშე, როდესაც ისინი დამატებითი დაკითხვისთვის დაიბარეს.

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

19. ზოგადი პრინციპები სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტიანობის შესახებ, კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, შეჯამებულია საქმეში „Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey“ ([GC], №24014/05, §§ 172-81, 2015 წლის 14 აპრილი) და საქმეში „Nicolae Virgiliu Tănase v. Romania“ ([GC], №41720/13, §§ 165-68, 2019 წლის 25 ივნისი).

20. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ორგანოებმა შეყოვნების გარეშე დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნის ვაჟის გარდაცვალების საქმეზე და რომ ჩატარდა მრავალი საგამოძიებო მოქმედება მოწმეების დაკითხვისა და სასამართლო და სხვა ექსპერტიზების ჩათვლით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით და რომ მას შეეძლო საქმის მასალებზე წვდომა და შესაბამისი წარდგინებების გაკეთება.

21. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ითვალისწინებს სირთულეებს, რომლებსაც აწყდებოდნენ საგამოძიებო ორგანოები და ბრალდების მხარე, რადგან მკვლელობის შესაძლო მთავარი დამნაშავე და ზოგიერთი მოწმე საქართველოში არ ცხოვრობდა, მას არ შეუძლია ორგანოების მტკიცების უარყოფა, რომ ადრევე, 2015 წლის 30 ივლისს, საკმარისი ფაქტები ჰქონდათ იმაში დასარწმუნებლად, რომ ვ.ჰ. იდგა მომჩივნის ვაჟის მკვლელობის უკან (იხ., ზემოთ, მე-3 პუნქტი), მაგრამ მათ არ გააგზავნეს მოთხოვნა იურიდიული დახმარების თაობაზე რუს კოლეგებთან 2017 წლის 2 ივნისამდე, შემთხვევიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ და წინამდებარე საჩივრის მთავრობისთვის გადაცემიდან ექვსი თვის შემდეგ. იმ დროისათვის რუსეთის ორგანოებმა ვერ დაადგინეს ვ.ჰ.-ს ადგილსამყოფელი, რომელიც მოსკოვში 2017 წლის აპრილში უცნობ მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად (იხ., ზემოთ, მე-12 პუნქტი). ორგანოებმა არც ვ.ჰ.-ს საერთაშორისო ძებნის ბრძანება გასცეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა 2018-დან 2022 წლამდე პერიოდში, მთავრობამ არ წარმოადგინა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება გაჭიანურებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გაურკვეველია, თუ რატომ ჩატარდა სავარაუდო დამნაშავეთა ამოცნობა 2022 წლის აპრილში მოწმის მონაწილეობით, რომლის ვინაობა და პოტენციური კავშირი საქმესთან ცნობილი იყო ორგანოებისთვის 2015 წლის 29 ივლისიდან (იხ., ზემოთ, მე-13 პუნქტი). სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გაჭიანურება დაუსაბუთებელია იმის გათვალისწინებით, რომ დროის გასვლასთან ერთად მოწმეებს სულ უფრო ნაკლებად ახსოვთ მოვლენები ან მათ მიერ აღნიშნული ფაქტების გამოძიება სულ უფრო ნაკლებად არის შესაძლებელი, ხოლო იმის პერსპექტივა, რომ შეიძლება ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება, სულ უფრო და უფრო მცირდება (იხ., საქმე „Asllani v. the former Yugoslav Republic of Macedonia, №24058/13, §66, 2015 წლის 10 დეკემბერი).

22. რაც შეეხება დაზარალებულის მეუღლისა და მომჩივნის გამოუცხადებლობას საქართველოს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების წინაშე მათი შემდგომი დაკითხვისთვის, როგორც ჩანს, ორგანოებმა არ გაითვალისწინეს, რომ შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო სხვა ღონისძიებები, გარდა საქართველოში მათი დაკითხვისა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს პირები სომხეთში ცხოვრობდნენ.

23. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს მომჩივნის შვილის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტურობა, რაც არღვევს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ასპექტს.

 

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

24. მომჩივანმა მოითხოვა 40,000 (ორმოცი ათასი) ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის. რაც შეეხება მორალურ ზიანს, მომჩივანმა განაცხადა, რომ მან განიცადა „ძლიერი ფსიქიკური სტრესი“ მისი ვაჟის სიკვდილის არაეფექტიანი გამოძიების გამო, რაც სათანადოდ ვერ ანაზღაურდება მხოლოდ დარღვევის დადგენით და მან მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება თანხის მითითების გარეშე.

25. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 4,000 აშშ დოლარი ეროვნული სასამართლოების წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის და თანხა სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებისთვის, რომელიც უნდა გამოითვალოს თვეში 500 ევროს საფუძველზე 2016 წლის სექტემბრიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

26. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო და რომ მომჩივანმა არ მოითხოვა მორალურ ზიანთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. რაც შეეხება ხარჯებსა და დანახარჯებს, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, არათანმიმდევრული და გადაჭარბებული.

27. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; აქედან გამომდინარე, ის არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. რაც შეეხება მორალურ ზიანს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა მოითხოვა მორალური ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილება თანხის რაოდენობის მითითების გარეშე, რითაც სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისამებრ მიეღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით (იხ., მაგალითად, საქმე „Nagmetov v. Russia" [GC], №35589/08, § 72, 2017 წლის 30 მარტი). სამართლიან საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო აკმაყოფილებს მომჩივნის მოთხოვნას არამატერიალური ზიანის სახით 3,000 ევროს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ გადასახადთან ერთად, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს.

28. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს მიიღოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ეს ხარჯები რეალურად და საჭიროების მიხედვით იქნა გაღებული. წინამდებარე საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დააკმაყოფილოს 1,500 ევროს ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისთვის გაღებული ხარჯებისთვის, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით, რომელიც შეიძლება მომჩივანს დაეკისროს.

 

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

1.  აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2.  ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ასპექტის დარღვევას;

3.      ადგენს,

 (a)  რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:

(i) 3,000 (სამი ათასი ევრო) ევრო, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით;

(ii) 1,500 (ათას ხუთასი ევრო) ევრო, ნებისმიერი გადასახადის ჩათვლით, რომელიც შესაძლოა დაეკისროს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;

(b)  რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი პროცენტული პუნქტი;

4.      არ აკმაყოფილებს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 23 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

             მარტინა კელერი                                             კარლო რანზონი

სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                 თავმჯდომარე