რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
080210322005892513
საქმე № 2/2023-22
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ
2023 წლის 27 აპრილი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
დირექტორი – აკაკი თევდორაძე;
რეაბილიტაციის ზედამხედველი – გიორგი ბათლიძე;
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოება;
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „რანდის“ მიმართ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, შპს „რანდის“ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოება, ამასთან, მოვალე დარჩა მართვაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 აპრილს განცხადებით მომართა რეაბილიტაციის ზედამხედველმა გიორგი ბათლიძემ, რომელმაც განცხადებას თან დაურთო შპს „რანდის“ კრედიტორთა კრების ოქმი.
კრების ოქმის თანახმად:
1. რეაბილიტაციის ზედამხედველისა და კრედიტორთა კრების თავმჯდომარის წარდგინებით, კრედიტორთა კრებამ ერთსულოვნად გამოხატა თანხმობა კრების ჩატარების პროცედურულ საკითხებზე. პირველ რიგში, მსჯელობის საგანი გახდა შპს „რანდის“ მიერ შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, მითითებული პროექტი იმის გათვალისწინებით, რომ ა) სცილდებოდა დღის წესრიგის ფარგლებს; ბ) არ იქნა წარდგენილი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონის 13.4 მუხლით დადგენილ ვადებში, კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე; გ) გეგმა შინაარსობრივად და ტექნიკურად იყო გაუმართავი, ასევე არასწორად იყო დასახელებული კრედიტორთა მოთხოვნების მოცულობა და არ ითვალისწინებდა ერთ-ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნის 697,567,56 ლარის დაუყოვნებლივ გადახდას, რეაბილიტაციის ზედამხედველმა საზოგადოების რეაბილიტაცია-უნარიანობაზე რეკომენდაცია არ გასცა. ასევე, სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა უარყო წარმოდგენილი პროექტი. ამდენად, დასახელებული ფაქტორების გამო შპს „რანდის“ მიერ წარდგენილი რეაბილიტაციის გეგმის პროექტი კრედიტორთა კრებაზე დასამტკიცებლად/მოსაწონებლად არ გასულა.
რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რეაბილიტაციის ზედამხედველმა კრედიტორებს განუმარტა არსებული ვითარება და შპს „რანდის“ ფინანსურად არასტაბილურ ვითარებაში ყოფნა. ასევე, ხაზი გაესვა იმასაც, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 82.2 მუხლის საფუძველზე გაგრძელებულ 3 თვიან ვადაში ვერ მოხერხდა მოვალის ქონების რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობდა გარკვეული კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილებას და რეაბილიტაციის რეჟიმის წარმატებით დასრულებას. ამასთან, შპს „რანდის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზეც აწარმოებდა ინვესტორთან მოლაპარაკებას, რაზეც სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონკრეტული შედეგი დღემდე არ იკვეთებოდა და არსებული რეალობა სცილდება კანონით დადგენილ ვადებს და იგი საზოგადოების რეაბილიტაციის პრესპექტივას ვერ ხედავდა.
კრედიტორთა კრებაზე ასევე განიხილეს შპს „რანდის“ გაკოტრების რეჟიმში გადასვლის პროცედურული საკითხები. რეაბილიტაციის ზედამხედველმა წარმომადგენილ კრედიტორებს შესთავაზა იგი დარჩეს გაკოტრების მმართველად, რადგან ახალი გაკოტრების მმართველის დანიშვნა და მის მიერ საქმის ყოველმხრივ შესწავლა გააჭიანურებდა საქმის წარმოებას. აღნიშნულზე წარმოდგენილმა კრედიტორებმა (76%), მათ შორის შპს „რანდის“ წარმომადგენელმა, მხარდაჭერა გამოხატეს.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეაბილიტაციის რეჟიმი უნდა შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით, შემდეგ გარემოებათა გამო:
გადახდისუუნარობის სამართალი საქმის წარმოების ორ მიმართულებას ითვალისწინებს. ერთი, რეაბილიტაციის და მეორე, გაკოტრების რეჟიმი. რეაბილიტაციის რეჟიმი, ცდილობს ხელი შეუწყოს როგორც ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას, ასევე ზოგადად, წაახალისოს ბიზნეს გარემო, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და გამოავლინოს სიცოცხლისუნარიანი საწარმო, რომელიც მართალია, გარკვეული ფინანსური სირთულეების გზაზე დგას, თუმცა შესაძლებლობას აძლევს საწარმოს არ მოხდეს მისი აქტივების დანაწევრება და მათი ამგვარად გასხვისება. კონკრეტული შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს მაქსიმალურად მიეცა შესაძლებლობა ბიზნესის რეაბილიტაციისთვის, თუმცა რეაბილიტაციის საქმის წარმოება არ იქნება გამართლებული.
კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ შეთავაზებულ რეაბილიტაციის გეგმის პროექტს იწონებენ, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 6 თვისა (სპეციალური კანონი, მუხლი 82.1).
კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი 2022 წლის 21 ივნისს, ხოლო ექვს თვიანი ვადა კი ამოიწურა ამავე წლის 21 დეკემბერს, 2023 წლის 16 მარტს კრების ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე შპს „რანდის“ წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარადგინა რეაბილიტაციის გეგმის პროექტი, რომელიც სცილდებოდა დღის წესრიგის ფარგლებს, არ იქნა წარდგენილი კრების ჩატარებამდე 5 დღით ადრე, ასევე გეგმა შინაარსობრივად და ტექნიკურად არ იყო გამართული, რის გამოც გეგმის პროექტი კრედიტორთა კრებაზე დასამტკიცებლად არ გასულა.
შესაბამისად, არ არსებობს რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების წინაპირობები.
რეაბილიტაციის რეჟიმი გაკოტრების რეჟიმით იცვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ნიშნავს გაკოტრების მმართველს (სპეციალური კანონი, მუხლი 95.1).
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორთა პირველად რეესტრში შემავალ კრედიტორთა კრება, რომელიც შედგება აგრეთვე იმ კრედიტორებისგან, რომელთა შესახებ ინფორმაციაც საქმეში მოიპოვება, უფლებამოსილია სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს სხვა მმართველი/ზედამხედველი და ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით მმართველად/ზედამხედველად დანიშნავს კრედიტორთა კრების მიერ არჩეულ პირს. კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორთა კრებამ ითხოვა კონვერსიის შემთხვევაში, რეაბილიტაციის ზედამხედველი დარჩენილიყო გაკოტრების მმართველად, რაც სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, 47-ე, 84-85ე, 95-ე, 99-ე, 102-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა
1. განხორციელდეს კონვერსია და რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით;
2. შპს „რანდის“ (ს/ნ 248385867) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი;
4. შპს „რანდის“ (ს/ნ 248385867) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - გიორგი ბათლიძე (პ/ნ 01010007312, ტელ. 595 133-373, ელ.ფოსტა: gbatlidze@blc.ge; gbatlidze@gmail.com), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე;
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას;
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება;
8. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში;
9. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს;
10. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას;
11. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები;
12. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას;
13. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება;
14. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე, რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისათვის ინარჩუნებს ძალას;
15. განჩინება კონვერსიის და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ);
16. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი ესწრება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე