გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/22943-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე №2/22943-19

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

მოვალე: შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისი“, ს/ნ 405124477

დირექტორი: ირაკლი დონაძე

კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: გელა პუტკარაძე

კრედიტორი: შპს „ჯორჯიან ექსპრესი“, ს/ნ 201954965

წარმომადგენელი: თამარ გოჩელაშვილი

კრედიტორი: სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“, ს/ნ 404476189

წარმომადგენელი: მარიამ ჭეშმარიტაშვილი

მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: სანდრო საგინაძე

დაინტერესებული პირი: შპს „G&A Group“, ს/ნ 404943683

წარმომადგენელი: დათო კესარელი

სასამართლომ განიხილა  შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი და

გამოარკვია:

2018 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ წარმომადგენელმა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საწარმოს არა აქვს ქონება და არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. მოვალე საწარმოს წარმომადგენელმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა განცხადებაში მითითებული გარემოება ქონების არარსებობის შესახებ. 2019 წლის 6 აგვისტოს მიღებულ იქნა სასამართლო განჩინება, რომლითაც კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, საწარმო გამოცხადდებოდა გაკოტრებულად და საწარმოს რეგისტრაცია გაუქმდებოდა.

2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ მიმართ გადახდისუუნარობის  საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის განცხადება მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნა  წარმოებაში და მოვალე საწარმოს მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

საქმეზე ჩატარებულ კრედიტორთა კრებებზე აღიარებულ იქნა სსიპ – შემოსავლების სამსახურის, შპს „ჯორჯიან ექსპრესის“ და სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ კრედიტორული მოთხოვნები. კერძოდ, 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აღიარებულ იქნა სსიპ – შემოსავლების სამსახურის კრედიტორული მოთხოვნა 223956,76 ლარის ოდენობით მეოთხე რიგში, 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აღიარებულ იქნა სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ კრედიტორული მოთხოვნა 13102,6834 ლარის ოდენობით მეშვიდე რიგში და 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აღიარებულ იქნა შპს „ჯორჯიან ექსპრესის“ კრედიტორული მოთხოვნა 459,46 ლარის ოდენობით მეშვიდე რიგში.

საქმის განხილვის ფარგლებში ჩატარებულ კრედიტორთა კრებებზე მეურვემ მოვალე საწარმოსთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიში არაერთხელ წარმოადგინა და მიუთითა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევა და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან მოვალე საწარმოს ქონება არა აქვს.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ მიმართ უნდა შეწყდეს, ვინაიდან:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლო მიუთითებს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მიზნის – კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების – განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა საწარმოს სამეურვეო ქონება. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „რ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო ქონება არის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონება არ გააჩნია – საწარმოს დებიტორულ მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მეურვემ შეისწავლა და არაერთხელ წარმოადგინა, რის შედეგადაც დგინდება, რომ მოვალე საწარმოს მხოლოდ 2 დებიტორული მოთხოვნა აქვს, რომელთაგანაც ერთი – შპს  „G&A Group“-ის მიმართ – ხანდაზმულია, ხოლო მეორე მოთხოვნის იძულებითი აღსრულება სააღსრულებო ბიუროს მიერ ვერ ხერხდება ქონების არარსებობის გამო.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საბანკო დაწესებულებებიდან მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მოვალე საწარმო არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, მოვალე საწარმოს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის და მას  საკუთრებაში არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება ან სხვა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება, მოვალე საწარმოს არ გააჩნია არც თანხა საბანკო ანგარიშზე. ასევე უდავოა, რომ სამეურვეო ქონების არარსებობის გამო შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისი“ ვერც საპროცესო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად, კრედიტორი ინარჩუნებს მომავალში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას  იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც გაუქმებულ საწარმოს ეკუთვნოდა. კერძოდ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილია, რომ  თუ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ  ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა,  უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც  მას  დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორმა  დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, მოვალე საწარმო უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში უნდა გაუქმდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.

ვინაიდან მოვალე საწარმოს მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება, კრედიტორის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარით უნდა ანაზღაურდეს მეურვის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, მომსახურების საფასური.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-12, მე-20, 35-ე და 42-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეწარმეო რეესტრში 405124477 საიდენტიფიკაციო ნომრით რეგისტრირებული შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება,  შპს  „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ჯი ენდ ეი ლოჯისტიკ სერვისის“  რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 19 სექტემბერს სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის  ანგარიშზე GE07TB7563236020100006 შეტანილი 5000 ლარი გადაეცეს  სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების  საფასურის სახით. საგადასახადო მოთხოვნის რეკვიზიტებია: მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი: 203860642, მიმღები ბანკის კოდი TBCBGE22, საგადასახადო მოთხოვნა №215856.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის წერილობითი ფორმით შეტანის გზით, განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. განჩინების გასაჩივრების უფლება აქვთ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

მოსამართლე                                                     ვერა დობორჯგინიძე