ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 370010010.10.003.024063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №227
2023 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის აღდგენითა და გაშენებით საქართველოში ქარსაფარი ზოლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ქარსაფარი ზოლის მართვის ეფექტიანი განხორციელება, რათა ხელი შეეწყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფასა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვას, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისაგან დაცვას.
2. პროგრამა აწესრიგებს ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასა და მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
3. პროგრამა ვრცელდება, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებით დამტკიცებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
4. ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება და მართვა ხორციელდება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მარტის №146 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ პროგრამის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმა − შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემამდე აღდგენა-გაშენებული ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების ერთობლიობა (გამოთოხნა, მოთიბვა, მორწყვა და ა. შ.), რომელთა უმთავრესი მიზანია ქარსაფარი ზოლისა და მისი ფუნქციის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ქარსაფარი ზოლის მართვა − ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შესაბამისად, ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებების წარმოება;
გ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
დ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.
2. ამ პროგრამის მიზნებისთვის გამოიყენება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები.
მუხლი 3🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს სამინისტრო.
2. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო.
3. პროგრამის განხორციელებაში ფინანსური ან/და სხვა სახის თანამონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის სააგენტოსთან გაფორმებული შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება
1. პროგრამა ხორციელდება ეტაპობრივად, რომლის პირველი ეტაპი მოიცავს 2030 წლის ჩათვლით პერიოდს.
2. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების სავარაუდო სამიზნე მაჩვენებელი შეადგენს 1000 ჰექტარს, რისთვისაც პირველ რიგში პრიორიტეტული იქნება:
ა) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი საინფორმაციო და სხვა შემეცნებითი პროექტების, ასევე ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამონაწილეობით, ქარსაფარი ზოლების გაშენებით დაინტერესებული პირების ინიციატივების განხილვა, პროგრამის ფარგლებში მისაღები წინადადებების შერჩევა, წარდგენილი (შერჩეული) პროექტების განხორციელების დაგეგმვა, თანადაფინანსება და განხორციელება, სააგენტოსთან გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია, ქარსაფარი ზოლის აღდგენა/გაშენება განხორციელდეს სააგენტოს მიერ, მისთვის გამოყოფილი შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების ან/და სხვა მიზნობრივი პროექტების/პროგრამების ფარგლებში.
4. პროგრამის განხორციელების პირველი ეტაპის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სამინისტროს მიერ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროექტების მოცულობიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების გეგმის დამტკიცებას;
ბ) ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების პროექტირებას;
გ) ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენებას (ხე-მცენარეების დარგვა, გაშენება, მოვლა და დაცვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში);
დ) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ე) ქარსაფარი ზოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემას.
მუხლი 5🔗. ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების დაგეგმვა
1. ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების დაგეგმვა შეიძლება განხორციელდეს ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთად.
2. ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება დაიგეგმოს ერთი ან ერთზე მეტი ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენება.
3. ერთი ქარსაფარი ზოლი შეიძლება მოიცავდეს ინვენტარიზაციის დროს, ცალკე (დამოუკიდებელ) საკადასტრო ერთეულებად აღრიცხულ და ქარსაფარი ზოლის სტატუსით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს.
4. პროგრამის ფარგლებში აღსადგენი ან/და გასაშენებელი ქარსაფარი ზოლის შერჩევა ხდება სააგენტოს მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. პროგრამაში ჩასართავი ქარსაფარი ზოლის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება იმ ქარსაფარ ზოლს, რომლის (რომლების) დაცვის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ან/და სხვა დაინტერესებული პირები გამოხატავენ სურვილს და მზაობას, წილობრივი მონაწილეობა მიიღონ ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ღონისძიებების დაფინანსებაში ან/და სხვა სახის მისაღებ თანამონაწილეობაში.
6. სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი განაცხადების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქარსაფარი ზოლის შერჩევისას მუნიციპალიტეტებს პრიორიტეტი ენიჭებათ ქარის სიძლიერის მიხედვით.
7. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმას, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
8. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმა უნდა მოიცავდეს:
ა) აღდგენას/გაშენებას დაქვემდებარებული ქარსაფარი ზოლის შესახებ ინფორმაციას ადგილმდებარეობის, ქარსაფარ ზოლში შემავალი ნაკვეთების რაოდენობის, საკადასტრო კოდის (კოდების), ფართობის, გაბატონებული ქარების სიძლიერისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვის სავარაუდო არეალის შესახებ;
ბ) ქარსაფარი ზოლის მდგომარეობის ამსახველ მონაცემებს (ხე-მცენარეების შენარჩუნების პროცენტი, სახეობები, ასაკი, მდგომარეობა (საღი, ხმობადი, ხმელი));
გ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების პროექტის შედგენის ვადას;
დ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების ვადას;
ე) გეგმას თან უნდა ერთოდეს ქარსაფარი ზოლის გაშენებასა და გაშენებული (აღდგენილი) ქარსაფარი ზოლის საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) წინასწარი თანხმობა, რაც წარმოადგენს გეგმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6🔗. ქარსაფარი ზოლის აღდგენის/გაშენების პროექტირება
1. ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების გეგმის საფუძველზე დგება ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) პროექტის შედგენის საფუძველსა და მიზანს;
ბ) აღდგენას/გაშენებას დაქვემდებარებული ქარსაფარი ზოლის ადგილმდებარეობის, ქარსაფარ ზოლში შემავალი ნაკვეთების რაოდენობის, საკადასტრო კოდის (კოდების), ფართობის, გაბატონებული ქარების სიძლიერისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვის სავარაუდო არეალის, მიმდებარე ტერიტორიების ბუნებრივი პირობების, ნიადაგებისა და სხვ. შესახებ ინფორმაციას;
გ) აღსადგენი ან გასაშენებელი ქარსაფარი ზოლების სტრუქტურის, კონსტრუქციისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლის, ასევე ცვლილების საჭიროების დასაბუთებას;
დ) ქარსაფარ ზოლში გასაშენებელი მერქნიანი მცენარეების (ხეების) შერჩეული სახეობების ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;
ე) შერჩეული სახეობის მავნებელ-დაავადებების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;
ვ) მოვლის ღონისძიებებს (მათ შორის, გაშენებული ნარგაობის მოვლის ღონისძიებები);
ზ) ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან/გაშენებასთან დაკავშირებულ საპროექტო ღონისძიებებს, მათ სახეებს, მეთოდებსა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებსა და პარამეტრებს;
თ) შესაბამის საპროექტო ნახაზებსა და კარტოგრაფიულ მასალას;
ი) ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენებისა და 5 წლის განმავლობაში მოვლა-მეთვალყურეობის სამუშაოთა ღირებულებების ხარჯთაღრიცხვას;
კ) გაშენებული ქარსაფარი ზოლის (ზოლების) მართვის გეგმის (გეგმების) პროექტებს.
2. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობების შერჩევა ხორციელდება ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისგან, მათ შორის, თაფლოვანი მცენარეებისგან, რომლებიც დამახასიათებელია შესაბამისი გარემო პირობებისთვის და გამოიყენება ქარსაფარი ზოლის გასაშენებლად.
3. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების პროექტირების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი კატეგორიის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი სიძლიერის გაბატონებული ქარების მიმართ მდგრადი მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობები, გაშენების მეთოდები და რეკომენდირებულ სახეობებთან (ჯიშებთან) დაკავშირებით პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მუნიციპალიტეტების მიხედვით, სარწყავი და ურწყავი ფართობების შესახებ არსებული ინფორმაცია.
4. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების პროექტირების პროცესში ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქარსაფარი ზოლის გასაშენებლად შერჩეული ხე-მცენარეების ნერგების ასაკი უნდა იყოს არანაკლებ 2 (ორი) და არა უმეტეს 4 (ოთხი) წლისა.
მუხლი 7🔗. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მომსახურების შესყიდვა
ამ პროგრამით გათვალისწინებული ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან/გაშენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების (პროექტირება, აღდგენა-გაშენება, მოვლა, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის წარმოება) განხორციელების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სააგენტო.
მუხლი 8🔗. გაშენებული (აღდგენილი) ქარსაფარი ზოლის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემა
გაშენებული (აღდგენილი) ქარსაფარი ზოლი, მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) წინასწარი თანხმობის შესაბამისად, გადაეცემა შესაბამის მუნიციპალიტეტს განუსხვისებელი ქონების სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. ქარსაფარი ზოლის მართვა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვა ხორციელდება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
მუხლი 11🔗. საინფორმაციო კამპანია
ამ პროგრამით გათვალისწინებული ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს და ახორციელებს სააგენტო, სამინისტროსთან შეთანხმებით.