სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
ნომერი №M (მხოლოს იურიდიული პირის შემთხვევაში)
სარეგისტრაციო კოდი M
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ფაილის ფორმატი |
| 2 | ფონტი/კოდირება |
| 3 | ველების სიგრძე |
| 4 | ველების ფორმატები |
| 5 | ველების მიმდევრობა |
| 6 | ფორმა 4-ის შიტების სახელები |
| სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ლევან თოდუა | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი |
| Sheet1 | იურიდიული პირი |
| სამეწარმეო საზოგადოების სახელწოდება/საფირმო სახელწოდება | M |
| სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა | M |
| სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო ნომერი | M (მხოლოს იურიდიული პირის შემთხვევაში) |
| სამეწარმეო საზოგადოების იურიდიული მისამართი | M |
| სამეწარმეო საზოგადოების ტელეფონის ნომერი | O |
| სამეწარმეო საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართი | O |
| სახელი | M |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ
– დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება
№25/ნ
2023 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „კ.ლ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №357 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქცია“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქცია
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცედურას „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში –კანონი) განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.
2. დეპოზიტების ანაზღაურების პროცესს წარმართავს სააგენტო, მართვის საინფორმაციო სისტემისა და ანაზღაურების გაცემის მიზნით შერჩეული კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის (შემდგომში – აგენტი ბანკი) მეშვეობით, კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
3. მართვის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმას.
4. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II. დეპოზიტორთა ანაზღაურების პირობები
მუხლი 2🔗. ანაზღაურების მიღების პირობები
1. სააგენტოსგან ანაზღაურების მიღების უფლება წარმოექმნება ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი (შემდგომში – დეპოზიტორი) და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის არის იმ კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის დეპოზიტორი, რომლის მიმართ დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი და თუ მისი დეპოზიტი არ განეკუთვნება კანონით განსაზღვრულ დაუზღვეველ დეპოზიტებს.
2. დეპოზიტორმა, ანაზღაურების მისაღებად, აგენტ ბანკში უნდა გაიაროს პირის იდენტიფიკაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა.
3. სააგენტოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის სააგენტოს უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი ზღვრის ოდენობით.
4. კომერციული ბანკებისა ან/და მიკრობანკების შერწყმის შემთხვევაში მათი შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში არსებული, ზღვრის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტების ცალ-ცალკე ანაზღაურება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტის (ინსტრუქციის) შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ანაზღაურების ვადები
1. სააგენტომ უნდა დაიწყოს დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცესი სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს კანონით გათვალისწინებული ვადისა.
2. დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებლად.
მუხლი 4🔗. სააგენტოს ფინანსური მოთხოვნა ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის მიმართ
1. სააგენტოს ფინანსური მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, წარმოადგენს ამ კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურებული თანხის ოდენობისა და შესაბამისი ხარჯების ჯამს, რომლებიც სააგენტომ ანაზღაურების გაცემის პროცესში გასწია.
2. სააგენტო, კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის ლიკვიდატორს წარუდგენს განაცხადს დეპოზიტორებისთვის ასანაზღაურებელი თანხების და ანაზღაურების პროცესში გასაწევი ხარჯების სავარაუდო ოდენობის შესახებ და მოითხოვს მის ანაზღაურებას შესაბამისად „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად.
თავი III. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ ჩასატარებელი სამუშაოები
მუხლი 5🔗. ინფორმაციის გავრცელება
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, სააგენტომ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია კონკრეტულ კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის და შესაბამისად ანაზღაურების პროცესის დაწყების შესახებ, სულ მცირე ელექტრონულად, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის, საქართველოს საკანონდებლო მაცნეს და საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებადი ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის მეშვეობით.
2. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ცნობებს ანაზღაურების დაწყების თარიღის, გაცემის წესის, აგენტი ბანკის, შესაბამისი ფილიალების მისამართების შესახებ.
მუხლი 6🔗. ასანაზღაურებელი თანხის დაანგარიშება
1. ასანაზღაურებელი თანხა გამოითვლება შემდეგი წესით:
ა) ჯამდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში კონკრეტული დეპოზიტორის ეროვნულ ვალუტაში არსებულ ყველა ანგარიშზე ხელმისაწვდომი, მათ შორის, ერთობლივ ანგარიშზე არსებული თანხა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას ემატება ამავე დეპოზიტორის უცხოურ ვალუტაში არსებული თანხები (არსებობის შემთხვევაში) კონვერტირებული ეროვნულ ვალუტაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ თანხებს ემატება ამავე დეპოზიტორის თითოეულ ანგარიშზე დარიცხული პროცენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის. უცხოურ ვალუტაში არსებულ ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თანხის დაანგარიშებაში არ მონაწილეობს ის დეპოზიტები, ან დეპოზიტზე არსებული თანხის ის ნაწილი, რომელთა მიმართაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. თუ ერთ დეპოზიტს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), თითოეული მათგანი დაზღვეულია და ანაზღაურდება დადგენილი ზღვრის ფარგლებში ცალ-ცალკე, მაგრამ არაუმეტეს ანგარიშზე არსებული მთლიანი თანხისა. დეპოზიტორთა შორის თანხის განაწილება ხდება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული წილობრივი მონაწილეობის, ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად. ერთობლივ ანგარიშზე არსებული თითოეული დეპოზიტორის კუთვნილი წილი ემატება მის სხვა დეპოზიტებს კონკრეტულ კომერციულ ბანკში და ჯამდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ჯამური მოცულობიდან დეპოზიტორს სააგენტოს სახელით თანხა აუნაზღაურდება დადგენილი ზღვრის ფარგლებში.
მუხლი 7🔗. კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის ლიკვიდატორის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი სააგენტოს აწვდის სრულ ინფორმაციას შესაბამის კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ ამ ინსტრუქციით და მართვის საინფორმაციო სისტემით განსაზღვრული ფორმატით (№1 დანართის შესაბამისად).
2. სააგენტოს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის დეპოზიტორის ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით.
3. ლიკვიდატორის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) მონაცემებს დეპოზიტორი ფიზიკური პირის შესახებ:
ა.ა) სახელი;
ა.ბ) გვარი;
ა.გ) პირადი ნომერი;
ა.დ) პასპორტის ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);
ა.ე) დაბადების თარიღი;
ა.ვ) მოქალაქეობა (არსებობის შემთხვევაში);
ა.ზ) ფაქტობრივად საცხოვრებელი ქვეყანა;
ა.თ) ფაქტობრივად საცხოვრებელი ქალაქი (არსებობის შემთხვევაში);
ა.ი) ფაქტობრივად საცხოვრებელი რაიონი (არსებობის შემთხვევაში);
ა.კ) ფაქტობრივად საცხოვრებელი სოფელი (არსებობის შემთხვევაში);
ა.ლ) იურიდიული მისამართი (არსებობის შემთხვევაში);
ა.მ) ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ა.ნ) ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში).
ბ) მონაცემებს დეპოზიტორი იურიდიული პირის და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის შესახებ, რომელიც არ არის იურიდიული პირი:
ბ.ა) სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;
ბ.ბ) სამართლებრივი ფორმა;
ბ.გ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.დ) იურიდიული მისამართი;
ბ.ე) ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ.ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში).
გ) მონაცემებს დეპოზიტების შესახებ:
გ.ა) დეპოზიტორი ფიზიკური პირის პირადი ნომერი;
გ.ბ) დეპოზიტორი ფიზიკური პირის პასპორტის ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);
გ.გ) დეპოზიტორი იურიდიული პირის ან ორგანიზაციული წარმონაქმნის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ.დ) ანგარიშის ნომერი;
გ.ე) ანგარიშის ტიპი;
გ.ვ) ვალუტის კოდი;
გ.ზ) ანგარიშზე არსებული თანხა (ნომინალური მაჩვენებელი) – ანგარიშზე არსებული ნაშთი (თეთრების სიზუსტით, დამრგვალების გარეშე), რომელსაც აკლდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებები. ნაშთში არ შედის ოვერდრაფტის/საკრედიტო ლიმიტის თანხა; მასში შესულია დაბლოკილი თანხების ჯამი;
გ.თ) დარიცხული სარგებელი (ნომინალური მაჩვენებელი) – სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის თარიღისთვის დარიცხული (არარეალიზებული) სარგებელი (თეთრების სიზუსტით, დამრგვალების გარეშე);
გ.ი) ანგარიშზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები – კონკრეტულ ანგარიშზე შეზღუდულია ნებისმიერი სადებეტო ოპერაციის განხორციელება;
დ) მონაცემები დაბლოკილი თანხების შესახებ:
დ.ა) დეპოზიტორი ფიზიკური პირის პირადი ნომერი;
დ.ბ) დეპოზიტორი ფიზიკური პირის პასპორტის ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);
დ.გ) დეპოზიტორი იურიდიული პირის/ორგანიზაციული წარმონაქმნის საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ.დ) დეპოზიტორის ანგარიშებზე უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში (კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის მიერ) დაბლოკილი თანხების ჯამი, დამრგვალების გარეშე;
დ.ე) დეპოზიტორის ანგარიშებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების ფარგლებში (ინკასო-ყადაღა) დაბლოკილი თანხების ჯამი, დამრგვალების გარეშე;
დ.ვ) დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები – დეპოზიტორის ნებისმიერ ანგარიშზე აკრძალულია სადებეტო ოპერაციები.
მუხლი 8🔗. ანაზღაურების პროცესში სააგენტოს საქმიანობა და სამეთვალყურეო საბჭოსთან კოორდინაცია
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე სააგენტო გადადის მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე; შემდგომი 20 კალენდარული დღის განმავლობაში სამუშაო რეჟიმში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები, განისაზღვროს დამატებითი სამუშაო საათები და არასამუშაო საათებში მორიგეობის განრიგი. აღნიშნული ცვლილებები სააგენტოს თანამშრომლებს შორის შეთანხმდება სიტყვიერად, სააგენტოს უფროსის ჩართულობით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს (მათ შორის, საზოგადოების ინფორმირების მიზნით) თანამშრომლის გამოყოფას ცხელი ხაზის, საზოგადოებასთან და პრესასთან კომუნიკაციის მიმართულებით.
3. საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზოგადოების ინფორმირების მიზნით), სააგენტო, ხელშეკრულების საფუძველზე, დაასაქმებს დამატებით თანამშრომლებს.
4. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე, სააგენტომ აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) და სააგენტოს უფროსმა თხოვნით მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ 7 კალენდარული დღის ვადაში.
5. რიგგარეშე სხდომაზე სააგენტო საბჭოს წარუდგენს ინფორმაციას მიმდინარე სადაზღვევო შემთხვევის, სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების, განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის, დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებისთვის საჭირო თანხების, ფონდში არსებული რესურსების და სხვა შესაბამისი მონაცემების თაობაზე.
მუხლი 9🔗. ასანაზღაურებელი თანხების მობილიზება
1. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი ოდენობის დაანგარიშებისთანავე სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ანაზღაურებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება, მათ შორის, მის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების განაღდების გზით.
2. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, კანონისა და სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2018 წლის 4 იანვრის №7/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი.
3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების მობილიზაციის მიუხედავად, ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოიზიდოს სახსრები კანონის შესაბამისად.
4. გადაწყვეტილება დამატებითი ფულადი რესურსის მოზიდვის, მისი ოდენობის, სესხის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის, სახელმწიფო გარანტიის და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მიიღება საბჭოსთან შეთანხმებით.
თავი IV. აგენტი ბანკის შერჩევის წესი
მუხლი 10🔗. აგენტი ბანკის შერჩევის და მასთან ხელშეკრულების დადების ძირითადი პრინციპები
1. სააგენტოს სახელით ანაზღაურების პროცესის განხორციელებისთვის სააგენტო შეარჩევს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან ან/და მიკრობანკებიდან ერთს ან რამდენიმეს – აგენტ ბანკს.
2. აგენტი ბანკის შერჩევის პროცედურა 2 ეტაპისგან შედგება – წინასწარი შერჩევა და ხელშეკრულების დადება.
3. აგენტი ბანკის ფუნქციების განხორციელების დეტალები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, მომსახურების საფასურთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 11🔗. მოთხოვნები აგენტი ბანკის მიმართ
1. იმისთვის, რომ კომერციულმა ბანკმა ან/და მიკრობანკმა გაიაროს აგენტი ბანკის წინასწარი შერჩევის ეტაპი, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა შეეძლოს დეპოზიტორთა შეუფერხებელი ანაზღაურების უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი და გამართული საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს მართვის საინფორმაციო სისტემასთან კავშირს და ანაზღაურების პროცესთან დაკავშირებული ყველა ელექტრონული პროცედურის შეუფერხებელ შესრულებას;
გ) უნდა ჰქონდეს ანაზღაურების განსახორციელებლად საკმარისი ადამიანური რესურსი;
დ) უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების და შიდა კონტროლის სათანადო სტანდარტები;
ე) უნდა შეეძლოს ანაზღაურების გაცემის დაწყება, მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის მოდულზე წვდომის ჩართვიდან, არაუგვიანეს 48 საათში;
ვ) პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს დეპოზიტორებისთვის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს ანაზღაურებისთვის დამატებითი ადგილების (ლოკაციების) გამოყოფის შესაძლებლობა.
2. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ წერილობით მიმართოს წინასწარ შერჩეულ კომერციულ ბანკებს ან/და მიკრობანკებს დაადასტურონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მუხლი 12🔗. აგენტი ბანკის შერჩევის წინასწარი ეტაპი
1. აგენტი ბანკის შერჩევის წინასწარ ეტაპზე სააგენტო ოფიციალურად წერილობით მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს ინტერესთა გამოხატვაზე.
2. მიმართვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს მოთხოვნები და ის ძირითადი ვალდებულებები, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაეკისრება აგენტ ბანკს, ასევე, სააგენტოში კომერციული ბანკების ან/და მიკრობანკების მიერ შესაბამისი განაცხადების წარდგენის და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები და საჭიროების შემთხვევაში, სხვა საკითხები.
3. დაინტერესების შემთხვევაში, კომერციული ბანკი ან/და მიკრობანკი სააგენტოს წერილობით წარუდგენს ინფორმაციას აგენტი ბანკისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე, აგენტი ბანკის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული საფასურის შესახებ.
4. კომერციული ბანკის ან/და მიკრობაკის წინადადებას განიხილავს სააგენტო და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეარჩევს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს, წინადადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღეში.
5. კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს, რომელიც ვერ გაივლის აგენტი ბანკისთვის დადგენილ წინასწარი შერჩევის ეტაპს, უნდა ეცნობოს უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
6. შერჩეულ კომერციულ ბანკებთან ან/და მიკრობანკებთან სააგენტოს მიერ დაიდება წერილობითი შეთანხმება 3 წლის ვადით, რომელშიც განიმარტება თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები, ასევე, ის გარემოება, რომ აღნიშნულ ვადაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, კონკრეტულ კომერციულ ბანკთან ან და მიკრობანკთან ხელშეკრულების დადება წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
7. კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის მხრიდან ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შეთანხმებიდან გასვლის სურვილის შესახებ, სააგენტოს წერილობით უნდა ეცნობოს მინიმუმ 1 თვით ადრე.
8. აგენტი ბანკის შერჩევის პროცესი წარიმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.
მუხლი 13🔗. აგენტ ბანკთან ხელშეკრულების დადება
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას იმ კომერციულმა ბანკებმა ან/და მიკრობანკებმა, რომლებსაც გავლილი აქვთ აგენტი ბანკის წინასწარი შერჩევის ეტაპი, სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეისა, განმეორებით უნდა დაადასტურონ ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2. შესაბამისობის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკებიდან ან/და მიკრობანკებიდან ერთ-ერთთან ან რამდენიმესთან ხელშეკრულების დადების შესახებ.
3. გადაწყვეტილება შერჩეულ კომერციულ ბანკს ან/და მიკრობანკს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, ხოლო ხელშეკრულება უნდა დაიდოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
4. ხელშეკრულების დადებისთანავე, ანაზღაურების განხორციელების მიზნით, აგენტ ბანკს ჩაერთვება წვდომა მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის მოდულზე.
მუხლი 14🔗. სააგენტოსა და აგენტ ბანკს შორის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ძირითადი პრინციპები
1. აგენტი ბანკი ვალდებულია კანონის, ამ ინსტრუქციის, სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს სახელით, მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი მოდულით განახორციელოს და წარმართოს ანაზღაურების პროცესი.
2. სააგენტო ვალდებულია:
ა) მართვის საინფორმაციო სისტემის საშუალებით აგენტ ბანკს გაუხსნას წვდომა ასანაზღაურებელი დეპოზიტორების და მათი დეპოზიტების შესახებ სრულ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია დეპოზიტორთა სწორი და ეფექტიანი ანაზღაურების პროცესის უზრუნველსაყოფად;
ბ) აგენტ ბანკს აუნაზღაუროს დეპოზიტორებზე გაცემული თანხები და შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური.
3. აგენტი ბანკისთვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა დაიანგარიშება და ანაზღაურდება აგენტ ბანკთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
თავი V. დეპოზიტორთა ანაზღაურება
მუხლი 15🔗. ანაზღაურების პროცესი
1. აგენტი ბანკის მიერ ხდება დეპოზიტორის საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარება სააგენტოს მიერ მართვის საინფორმაციო სისტემით წარდგენილ მონაცემებთან.
2. ანაზღაურება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დეპოზიტორის სურვილის შესაბამისად.
3. ანაზღაურების მისაღებად დეპოზიტორს არ ეკისრება რაიმე სახის გადასახდელის გადახდა.
4. დეპოზიტორზე ან შესაბამის უფლებამოსილ პირზე თანხის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის და აგენტ ბანკში დადგენილი პროცედურის შესაბამისად. თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი იტვირთება მართვის საინფორმაციო სისტემაში.
მუხლი 16🔗. განაცხადი პრეტენზიის შესახებ
1. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტორს ან/და უფლებამოსილ პირს, აქვს პრეტენზია მისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასთან ან/და ანაზღაურების პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხთან, იგი უფლებამოსილია აგენტ ბანკში წარადგინოს პრეტენზიის განაცხადი და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. აგენტი ბანკი პრეტენზიის შესახებ განაცხადს მიღებისთანავე უგზავნის სააგენტოს შემდგომი რეაგირებისათვის, აგენტ ბანკსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ხარვეზიანია, მათ შორის არასრულია, მოითხოვს დაკონკრეტებას, ტექნიკურად გაუმართავია და სხვა, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს დეპოზიტორს ხარვეზის აღმოფხვრა.
4. სააგენტოს მიერ პრეტენზიის შესახებ განაცხადთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბოლოო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილება დეპოზიტორს ეცნობება სააგენტოს მიერ.
5. სააგენტო განიხილავს პრეტენზიის შინაარსს, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის ლიკვიდატორთან ერთად.
6. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული გადაწყვეტილება საჭიროებს მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის ცვლილებას, სააგენტო ასახავს დაუყოვნებლივ.
7. პრეტენზიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დეპოზიტორი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI. ანაზღაურების პროცესის დასრულების შემდგომი პროცედურები
მუხლი 17🔗. ანაზღაურების პროცესის დასრულება
1. სააგენტოს მხრიდან დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცესი გრძელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში.
2. ანაზღაურების პროცესის დასრულების შემდეგ დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად.
მუხლი 18🔗. ანგარიშსწორება
იმ შემთხვევაში, თუ კომერციულმა ბანკმა ან/და მიკრობანკმა, რომელშიც დადგა სადაზღვევო შემთხვევა, ანაზღაურების პროცესის დასრულებამდე აუნაზღაურა სააგენტოს დეპოზიტორებზე გასაცემი თანხები და ანაზღაურების პროცესთან დაკავშირებული სავარაუდო ხარჯები, სააგენტო ვალდებულია თანხის გაუხარჯავი ნაწილი მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
დანართი №1
მონაცემი
სავალდებულო (M)/ არასავალდებულო (O)
ველის ფორმატი (xls ფაილში)
აღწერა
კომენტარი
Sheet1
იურიდიული პირი
M
Text
თუ იურიდიული პირის ჩანაწერია, უნდა მიეთითოს – „Yes“, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი „No
“
სამეწარმეო საზოგადოების სახელწოდება/საფირმო სახელწოდება
M
Text
სამეწარმეო საზოგადოების დასახელება
უნდა შეივსოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველში „იურიდიული პირი
“ მონიშნულია „Yes
“
სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა
M
Text
(შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი)
სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო ნომერი
M
Text
13 ნიშნა უნიკალური კოდი
სამეწარმეო საზოგადოების იურიდიული მისამართი
M
Text
სამეწარმეო საზოგადოების იურიდიული მისამართი
სამეწარმეო საზოგადოების ტელეფონის ნომერი
O
Text
სამეწარმეო საზოგადოების ტელეფონის ნომერი
სამეწარმეო საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართი
O
Text
სამეწარმეო საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართი
სახელი
M
Text
ფიზ. პირის სახელი
უნდა შეივსოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ველში "იურიდიული პირი" მონიშნულია "No"
გვარი
M
Text
ფიზ. პირის გვარი
პირადი ნომერი
M (აუცილებელია, თუ არ არის მითითებული პასპორტის ნომერი)
Text
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი
ნებისმიერი 11 ნიშნა უნიკალური კოდი
პასპორტის ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში)
M (აუცილებელია, თუ არ არის მითითებული პირადი ნომერი)
Text
უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი
ნებისმიერი უნიკალური იდენტიფიკატორი
დაბადების თარიღი
M
Text (DD.MM.YYYY)
თარიღი, წინასწარ განსაზღვრული ფორმატით
მოქალაქეობა
O
Text
ქვეყნის დასახელება
საცხოვრებელი ქვეყანა
M
Text
დასახელება
საცხოვრებელი ქალაქი
O
Text
დასახელება
რაიონი
O
Text
დასახელება
სოფელი
O
Text
დასახელება
იურიდიული მისამართი
O
Text
(მაგ.: ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა, ნომერი, კორპუსი, სადარბაზო, ბინა)
ამ ეტაპზე სრული მისამართის მიღება არ იქნება საჭირო, თუმცა თუ საჭირო გახდა ბანკმა უნდა შეძლოს ამ ველის შევსება; ხოლო სისტემამ მისი იმპორტი.
მობილური ტელეფონის ნომერი (ან სხვა ნებისმიერი ტელეფონის ნომერი)
O
Text
თუ კლიენტის რამდენიმე ნომერია ცნობილი, დაშვებულია ყველა ნომრის ამ ველში გამოგზავნა.
ელექტრონული ფოსტის მისამართი
O
Text
-
Sheet2
პირადი ნომერი
M (აუცილებელია, თუ არ არის მითითებული პასპორტის ნომერი)
Text
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი
ნებისმიერი 11 ნიშნა უნიკალური კოდი
პასპორტის ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში)
M (აუცილებელია, თუ არ არის მითითებული პირადი ნომერი)
Text
უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი
ნებისმიერი უნიკალური იდენტიფიკატორი
სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო ნომერი
M (მხოლოდს იურიდიული პირის შემთხვევაში)
Text
13 ნიშნა უნიკალური კოდი
ანგარიშის ნომერი
M
Text
IBAN ანგარიშის ნომერი
ვალუტის კოდი
M
Text
ანგარიშის ვალუტის კოდი (მაგ. GEL)
ანგარიშის ტიპი (ერთობლივი კი ან არა)
M
Text
ერთობლივი ანგარიშის შემთხვევაში უნდა მიეთითოს "Yes", წინააღმდეგ შემთხვევაში "No"
ანგარიშზე არსებული თანხა (ნომინალური მაჩვენებელი)
M
Number (decimal places: 2)
ანგარიშზე არსებული ნაშთი (თეთრების სიზუსტით), გამოკლებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისთვის ვადამოსული ვალდებულებები.
ასევე ნაშთში არ არის ოვერდრაფტის/საკრედიტო ლიმიტის თანხა;
დამრგვალების გარეშე.
ამ თანხაში შესულია სახელმწიფო შეზღუდვების ჯამური თანხა და ანგარიშზე დაბლოკილი თანხების ჯამი (Sheet 3 - ზე მოცემული ველები)
დარიცხული სარგებელი (ნომინალური მაჩვენებელი)
M
Number (decimal places: 2)
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის თარიღისთვის დარიცხული (არარეალიზებული) სარგებელი (თეთრების სიზუსტით), დამრგვალების გარეშე.
ანგარიშს ადევს უთანხო ყადაღა
M
Text (დაშვებული მნიშვნელობა: Yes/no)
ადევს თუ არა ანგარიშს უთანხო ყადაღა (აკრძალულია ანგარიშზე დებიტური ოპერაციები) Yes/No მნიშნველობები;
Sheet3
პირადი ნომერი
M (აუცილებელია თუ არ არის მითითებული პასპორტის ნომერი)
Text
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი
ნებისმიერი 11 ნიშნა უნიკალური კოდი
პასპორტის ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში)
M (აუცილებელია თუ არ არის მითითებული პირადი ნომერი)
Text
უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი
ნებისმიერი უნიკალური იდენტიფიკატორი
სამეწარმეო საზოგადოების საიდენტიფიკაციო ნომერი
M (მხოლოს იურიდიული პირის შემთხვევაში)
Text
13 ნიშნა უნიკალური კოდი
დეპოზიტები უზრუნველყოფის ღონისძიებებით (ანგარიშზე დაბლოკილი თანხების ჯამი)1
M
Number (decimal places: 2)
კლიენტის ანგარიშებზე არსებული ნებისმიერი თანხობრივი ბლოკების ჯამური თანხა. გარდა სახელმწიფო შეზღუდვების (ინკასო-ყადაღის) თანხებისა; დამრგვალების გარეშე
სახელმწიფო შეზღუდვების ჯამური თანხა (ლარში გამოსახული, მაგ. ინკასო-ყადაღები)2
M
Number (decimal places: 2)
კლიენტის ანგარიშებზე არსებული თანხობრივი სახელმწიფო შეზღუდვების(ინკასო-ყადაღების) ჯამური თანხა; დამრგვალების გარეშე
კლიენტს ადევს უთანხო ყადაღა (რაც გულისხმობს რომ კლიენტის ყველა ანგარიში გაყინულია, ანუ აკრძალულია დებიტური ოპერაციები)3
M
Text (დაშვებული მნიშვნელობა: Yes/no)
ადევს თუ არა კლიენტს უთანხო ყადაღა, იმ (შემთხვევაში, თუ მსგავსი ფუნქცია ბანკს აქვს რეალიზებული)
Yes/No მნიშნველობები.
№
მოთხოვნა
აღწერა
კომენტარი
1
ფაილის ფორმატი
*.XLS
ჩანაწერების რაოდენობიდან გამომდინარე, დაშვებულია რამდენიმე ფაილად დაყოფა.
ფაილის ფორმატი უნდა იყოს *.XLSX
2
ფონტი/კოდირება
უნიკოდი - UTF 8
3
ველების სიგრძე
ველის სიგრძე არ არის ფიქსირებული, რადგან არ უნდა მოხდეს ველის სფეის სიმბოლოებით შევსება.
4
ველების ფორმატები
Text
Text (დდ.თთ.წწწწ)
თარიღი უნდა იყოს მითითებული ფორმატით წარმოდგენილი
Text (Yes/No)
დაშვებულია მხოლოდ Yes ან No მნიშვნელობები
Number (decimal places: 2)
5
ველების მიმდევრობა
„Data“ შიტზე მოცემულია ველების ზუსტი მიმდევრობა, ფორმა 4-ის სამივე შიტისთვის. აუცილებელია ამ მიმდევრობის დაცვა.
6
ფორმა 4-ის შიტების სახელები
ფორმა 4 უნდა შედგებოდეს 3 შიტისგან, შესაბამისი დასახელებებით: Sheet 1, Sheet 2, Sheet 3
1 ლიკვიდატორის მიერ ინფორმაციის მოწოდების თარიღისთვის.
2 ლიკვიდატორის მიერ ინფორმაციის მოწოდების თარიღისთვის.
3 ლიკვიდატორის მიერ ინფორმაციის მოწოდების თარიღისთვის.