სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები
მიღების თარიღი 03.07.2023
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016457
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის და საკრებულოს წევრის ფიცის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2023 წლის 3 ივლისი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.
მუხლი 1🔗.
მიზანი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების (შემდგომ – ეთიკისა და ქცევის წესები) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომ – საკრებულოს წევრის) პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განისაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, ხელი შეუწყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობების ღირსეულად, მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შესრულებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ამაღლებას, მისი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.
მუხლი 2🔗.
მოქმედების სფერო
1. ეთიკისა და ქცევის წესები ვრცელდება საკრებულოს წევრებზე, რომელიც საკრებულოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე, ადგენს საკრებულოს წევრის ქცევის სტანდარტს, განსაზღვრავს ქცევის წესებს, რომელიც საკრებულოს წევრმა უნდა გაითვალისწინოს საქმიანობის განხორციელებისას და კოლეგებთან, სხვა თანამშრომლებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის დროს.
2. ეთიკისა და ქცევის წესების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 3🔗.
ძირითადი პრინციპები
საკრებულოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:
ა) კანონიერება და ერთგულება:
ა.ა) საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირი, რომელიც იცავს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ა.ბ) საკრებულოს წევრი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის რეპუტაციას, პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გადაწყვეტილებათა კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას;
ა.გ) საკრებულოს წევრი ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულია;
ბ) თანასწორობა:
ბ.ა) საკრებულოს წევრი პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებას, თანაბრად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, წარმოშობისა, ეთნიკური კუთვნილებისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნისა;
ბ.ბ) საკრებულოს წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, აღიარებს მამაკაცთა და ქალთა თანაბარ უფლებებს, პატივისცემით ეპყრობა საკრებულოს სხვა წევრებს, მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საჯარო მოსამსახურეებს, სხვა თანამშრომლებს. ცდილობს თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, თავს იკავებს სიძულვილის ენის გამოყენებისა და ჰომოფობიური განცხადებებისაგან;
გ) კეთილსინდისიერება:
გ.ა) საკრებულოს წევრი მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობრივ მდგომარებასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით;
გ.ბ) საკრებულოს წევრი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით;
გ.გ) საკრებულოს წევრი პირადი ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, არ ახორციელებს საკითხების ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ;
გ.დ) საკრებულოს წევრი კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ან მათთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს არ იყენებს პირადი ინტერესებისათვის. უარს ამბობს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე;
გ.ე) საკრებულოს წევრი არ ახმაურებს და პირადი ინტერესებისათვის არ იყენებს ინფორმაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისაგან;
გ.ვ) საკრებულოს წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ;
დ) ანგარიშვალდებულება:
დ.ა) საკრებულოს წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე. იგი წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს ანგარიშს ამომრჩევლებს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს წევრი ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში;
ე) გამჭვირვალობა:
ე.ა) საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს გამჭვირვალედ და ღიად. ყოველთვის მზად არის, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ;
ე.ბ) საკრებულოს წევრი აქტიურად თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე.გ) საკრებულოს წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ვ) პასუხისმგებლობა, თავაზიანობა, კომუნიკაბელურობა:
ვ.ა) საკრებულოს წევრი არის კორექტული და თავაზიანი კოლეგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საჯარო მოსამსახურეებთან, სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობისას;
ვ.ბ) საკრებულოს წევრი ცდილობს თავიდან აიცილოს ხალხის რჩეულისათვის შეუფერებელი საქციელი და ამგვარი საქციელისათვის მზად არის მოიხადოს ბოდიში;
ვ.გ) საკრებულოს წევრი გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად. ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას;
ვ.დ) საკრებულოს წევრი ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და რეპუტაცია.
მუხლი 4🔗.
ქცევის წესები
საკრებულოს წევრმა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები:
ა) საკრებულოს წევრმა საკრებულოს წევრის სტატუსი არ უნდა გამოიყენოს თავისი, ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის. „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები;
ბ) საკრებულოს წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, საქართველოს კანონით;
გ) საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლი;
დ) საკრებულოს წევრი ვალდებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობაში;
ე) საკრებულოს წევრმა არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის (მათ შორის, კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ). ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
ვ) თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს მათი დისკრიმინაცია, გამორჩევა რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან სხვა ნიშნით; საკრებულოს წევრმა საკრებულოს აპარატის თანამშრომელს არ უნდა დაავალოს ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მისი სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული არ არის;
ზ) საკრებულოს წევრისათვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;
თ) საკრებულოს წევრის საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის.
მუხლი 5🔗.
ეთიკისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება
საკრებულოს წევრები ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესში ჩამოყალიბებული ეთიკისა და ქცევის ნორმები.
მუხლი 6🔗.
პასუხისმგებლობა ეთიკისა და ქცევის წესების დარღვევისათვის
ეთიკისა და ქცევის წესების დარღვევისათვის საკრებულოს წევრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომები დგინდება, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, საქართველოს კანონითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗.
ეთიკისა და ქცევის წესებში ცვლილების შეტანა
ეთიკისა და ქცევის წესებში ცვლილების შეტანა შესაძლებელია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია