საქართველოს თავდაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.11.2004 ძალადაკარგული 06.03.2012
ნომერი
№315
სარეგისტრაციო კოდი
120.170.000.22.026.006.801
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 08/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.170.000.22.026.006.801

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №315

2004 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ

სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სათათბირო ორგანო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

აკაკი კალმახელიძე – ორგანიზაცია „საქართველო – ნატოში”, აღმასრულებელი დირექტორი;

არჩილ გეგეშიძე – „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდი”, მთავარი ექსპერტი;

დავით დარჩიაშვილი – ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”, დირექტორი;

ირაკლი მჭედლიშვილი – „მშვიდობის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი”, თავმჯდომარე;

ირაკლი სესიაშვილი – სამხედრო ომბუდსმენი;

ლაშა ტუღუში – გაზეთი „რეზონანსი”, მთავარი რედაქტორი;

მამუკა ფაჩუაშვილი – გაზეთი „24 საათი”, მთავარი რედაქტორი;

თამარ პატარაია – „მშვიდობის, დემოკრატიის, განვითარების კავკასიური ინსტიტუტი”, პროექტების კოორდინატორი.

2. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს თანდართული დებულება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბარამიძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს (შემდგომში – საბჭოს) უფლებამოსილებას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.

    მუხლი 2.

საბჭოს მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თავდაცვის მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა, საზოგადოებისა და შეიარაღებული ძალების ურთიერთობების ხელშეწყობა.

თავი II

საბჭოს კომპეტენცია

    მუხლი 3.

საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ნორმატიული აქტების შემუშავება, მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების წარმოდგენა და შესაბამისი პროექტების მომზადება, სამინისტროში მომზადებული კანონპროექტების შესახებ დასკვნების პროექტების შემუშავება და მინისტრისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის წარდგენა;

ბ) სამხედრო, მათ შორის საჯარო მოსამსახურეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა;

დ) სახელმწიფო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა;

ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა;

ვ) თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება;

ზ) საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

თ) თავდაცვის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება;

ი) სამხედრო განათლების განვითარების ხელშეწყობა;

კ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გაცნობა და სამინისტროს თანამდებობის პირებისაგან აღნიშნულ საკითხებზე განმარტებების მიღება;

ლ) თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობა.

თავი III

საბჭოს მუშაობის პრინციპები

    მუხლი 4.

საბჭოს მუშაობის პრინციპებია:

ა) კანონის უზენაესობა;

ბ) საჯაროობა;

გ) საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება;

დ) საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

თავი IV

საბჭოს შემადგენლობა

    მუხლი 5.

საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 6.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.

    მუხლი 7.

საბჭო შედგება არანაკლებ 7 წევრისაგან.

    მუხლი 8.

საბჭოს უფლება აქვს მიმართოს მინისტრს დასაბუთებული რეკომენდაციით საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრის შეყვანის შესახებ. გადაწყვეტილებას რეკომენდაციის გაზიარების ან უარყოფის შესახებ იღებს მინისტრი.

    მუხლი 9.

საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საბჭოს მუშაობაში ხანგრძლივად (3 თვე) მონაწილეობის მიუღებლობით;

გ) მინისტრის არგუმენტირებული გადაწყვეტილებით ან საბჭოს რეკომენდაციით.

    მუხლი 10.

საბჭო თავისი შემადგენლობიდან 1 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს.

თავი IV

საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

    მუხლი 11.

საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, გარდა ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას წარმართავს სხდომის მიერ არჩეული სხდომის წამყვანი.

    მუხლი 12.

საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სხდომის ზუსტ თარიღს საბჭოს თავმჯდომარე ათანხმებს საბჭოს წევრებთან. ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის შესახებ წინასწარ მიეწოდება საბჭოს წევრებს წერილობით.

    მუხლი 13.

მინისტრი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს საბჭოს სხდომა. ამ შემთხვევაში სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 14.

საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეუძლიათ:

ა) მინისტრს;

ბ) საბჭოს თავმჯდომარეს;

გ) საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს;

    მუხლი 15.

საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. სხდომის ოქმები და საბჭოს ანგარიშები ქვეყნდება.

    მუხლი 16.

საბჭოს სახელით გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული აზრი საბჭოს სხდომის ოქმში შეტანით და საჯაროდ.

    მუხლი 17.

საბჭო საკითხების განხილვისას უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებიც საბჭოს სხდომებში მონაწილეობენ სათათბირო ხმის უფლებით.

    მუხლი 18.

საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება მინისტრს, ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

    მუხლი 19.

საბჭოს ლიკვიდაცია, საბჭოს დებულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის საკითხს, საკუთარი ან საბჭოს ინიციატივით წყვეტს მინისტრი.