საქონლის სპეციფიკაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

ა) სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას ქართულ ენასა და იმ ენაზე/ენებზე, რომელიც/რომლებიც ამ საქონლის აღწერისთვის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში გამოიყენებოდა ან გამოიყენება;

ბ) საქონლის (ნედლეულის (არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით) აღწერას, აგრეთვე საქონლის ფიზიკურ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც მის განსაკუთრებულ თვისებებს ან/და რეპუტაციას განაპირობებს;

გ) საქონლის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერას;

დ) ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტში ან/და „ვ.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული კავშირის გათვალისწინებით, შესაბამისი გეოგრაფიული არეალის საზღვრებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ინფორმაციას;

ე) საქონლის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალის საზღვრებში წარმოშობის მტკიცებულებას;

ვ) დეტალურ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი კავშირი:

ვ.ა) საქონლის ხარისხსა ან მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ვ.ბ) საქონლის ხარისხსა, რეპუტაციასა ან სხვა მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ წარმოშობას შორის, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ზ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამდგენი კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერსა და იურიდიულ მისამართს;

თ) საქონლის ეტიკეტირების განსაკუთრებულ წესს (არსებობის შემთხვევაში);

ი) საქონლის შეფუთვის შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) და განმცხადებლის დასაბუთებას საქონლის ხარისხის დაცვის, მისი წარმოშობის ნამდვილობის ან სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად ამ საქონლის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეფუთვის საჭიროების თაობაზ