„2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
მიღების თარიღი 01.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3600-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016758
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
„2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.
ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.
ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები:
დადებითად ფასდება, რომ 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების კომპონენტს დაემატა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა;
მისასალმებელია, რომ, სტატისტიკური პროგრამის გამოყენებით დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს გაუმჯობესდა პირის დაკავებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებელი;
დადებითად ფასდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას, რეაგირებისთვის მიმართოს შესაბამის გამოძიების ორგანოს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს;
ასევე დადებითად ფასდება 2022 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ნორმატიული ცვლილება, რომლითაც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ შეწყალების უფლებამოსილების გამოსაყენებლად მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადა 20 წლიდან 15 წლამდე შემცირდა;
პოზიტიურად ფასდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შერჩევის ღია კონკურსის საფუძველზე დაწყება;
მისასალმებელია სავარაუდო მსხვერპლის აღჭურვა უფლებით, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს მიმდინარე გამოძიების ეტაპზე მაშინ, როდესაც იგი დაზარალებულად ჯერ ცნობილი არ არის;
ასევე მისასალმებელია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება სიცოცხლის ხელყოფის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით დაზარალებულის საჩივრის განხილვა და საქართველოს გენერალური პროკურორისთვის სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მომზადება;
დადებითად ფასდება სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის არსებითად გაუმჯობესების ტენდენცია, რაც ამ ტიპის დანაშაულზე რეაგირების ხარისხის ასამაღლებლად გადადგმული ნაბიჯების შედეგია;
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა;
ასევე აღსანიშნავია, რომ დამტკიცდა და ამოქმედდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“;
უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ნაწილისთვის სისხლის სამართლის საქმეებზე უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა;
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსი, რაც, თავის მხრივ, იძლევა მარტოხელა დედებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობას;
დადებითად ფასდება, რომ საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტები, რომლებიც მოიცავს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას 2030 წლამდე და სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის ხედვას 2050 წლამდე;
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დაიწყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავება თბილისის აგლომერაციისთვის, ცენტრალური ზონისთვის (რომელიც მოიცავს რუსთავს) და შავი ზღვის ზონისთვის (რომელიც მოიცავს ბათუმს), რაც ჰაერის მართვის ევროპულ სტანდარტზე გადასასვლელად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგია;
მისასალმებელია საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მიერ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროს რეგულირებისთვის გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ხელს უწყობს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის, განფასების სისტემის გაუმჯობესებას, სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების დაფინანსების გაზრდას, გენერიკული მედიკამენტების პოპულარიზაციას, ფარმაცევტული პროდუქტების რაციონალური გამოყენების კონტროლის გაუმჯობესებას;
უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში წინა წლებთან შედარებით შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი;
მისასალმებელია „2023-2030 წლების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა“ და „2023-2025 წლების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცება;
ასევე მისასალმებელია 2022 წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულება;
დადებითად ფასდება 2023 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა;
აღსანიშნავია „ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის“ (ბარნაჰუსის) არსებობა, რომელიც იძლევა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ბავშვზე მორგებული მიდგომის დანერგვისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის შესაძლებლობას;
დადებითად ფასდება საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ინიციატივით 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია;
ასევე პოზიტიურად ფასდება 2023 წელს ეკომიგრანტთა განსახლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაზრდა;
მისასალმებელია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესასყიდი საცხოვრებელი სახლისთვის ფინანსური ლიმიტი გაიზარდა;
აღსანიშნავია სამხედრო ნაწილებში სამედიცინო მომსახურების კუთხით ვითარების გაუმჯობესება და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ადეკვატური საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნა;
მისასალმებელია, რომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ყოველთვიური ანაზღაურება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა;
აღსანიშნავია, რომ რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველაზე წარმატებულ პროგრამად ითვლება, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სრულიად უფასოდ მკურნალობენ;
დადებითად ფასდება საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების კომპენსირებისთვის სასჯელის (პატიმრობის) ვადა შეუმცირდათ.
ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე.
საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს:
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან პატიმართა რაოდენობის შემცირების ისეთი ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც შეესაბამება როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (99) 22 რეკომენდაციას ციხის გადატვირთულობასა და ციხის მობინადრეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ისე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ციხის გადატვირთულობის შესახებ (PC-CP (2015) 6 rev 7);
ბ) გააგრძელოს მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტსა და თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე;
გ) შეიმუშაოს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი, და ეს პროგრამები მსჯავრდებულებისთვის სავალდებულო გახადოს;
დ) დაამტკიცოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);
ე) დაამტკიცოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტი შშმ პირთათვის ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებების, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ან მოახდინოს მათი სხვა, თემატურად დაკავშირებულ დოკუმენტში ინტეგრირება; უზრუნველყოს ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში შშმ პირთა/შშმ პირთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა;
ვ) გააგრძელოს მუშაობა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ხელშეწყობისთვის ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად ან მოახდინოს მათი სხვა, თემატურად დაკავშირებულ დოკუმენტში ინტეგრირება და ამ პროცესში ჩართოს შშმ პირები/შშმ პირთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს;
ბ) პენიტენციური კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გააკეთოს სპეციალური დათქმა, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას მისი ღირსების შემლახავი მოპყრობის თავიდან აცილებას, და პერიოდულად განახორციელოს აღნიშნული დათქმის (წესის) აღსრულების მონიტორინგი;
გ) დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრები მოათავსოს ახალი პენიტენციური კოდექსით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად (კოდექსის მიღების შემთხვევაში);
დ) პერიოდულად განახორციელოს მონიტორინგი დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმართა მოთავსებისას ახალი პენიტენციური კოდექსით დადგენილი სტანდარტის სრულყოფილად აღსასრულებლად (კოდექსის მიღების შემთხვევაში);
ე) დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში შექმნას კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლები და იატაკი რბილი მასალით მოაპირკეთოს;
ვ) შეისწავლოს, რამდენად არის დაცული დეესკალაციის ოთახში პატიმრის გონივრული ვადით მოთავსებისთვის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის №905 ბრძანებით დადგენილი სტანდარტი;
ზ) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების გზით:
ზ.ა) შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში ხანგრძლივად მოთავსების, მათ მიმართ ხელბორკილების გამოყენებისა და მათთვის ფსიქიატრიული დახმარების გაუწევლობის პრაქტიკა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ამ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად;
ზ.ბ) შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით გადაყვანის პრაქტიკა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად;
თ) დაადგინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობისა და პატიმართა რაოდენობის თანაფარდობის სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად დაგეგმოს ღონისძიებები პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად;
ი) გააგრძელოს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება პენიტენციურ დაწესებულებებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად;
კ) პენიტენციური კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში განსაზღვროს პენიტენციური დაწესებულების ექიმის ვალდებულება:
კ.ა) პატიმრის სხეულის დაზიანების ყველა შემთხვევაში, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიუხედავად, შესაბამის დოკუმენტში წერილობით მიუთითოს, აქვს თუ არა ეჭვი პატიმრის მიმართ ძალადობის შესახებ;
კ.ბ) პატიმრის სხეულის დაზიანების შეფასებისას მის მიმართ ძალადობის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აცნობოს საგამოძიებო ორგანოს;
ლ) „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, სამედიცინო შემოწმებაზე პასუხისმგებელ ყველა ექიმს ჩაუტაროს ტრენინგი პატიმრის დაზიანებების სრულყოფილად აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების შესახებ;
მ) „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებულ „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესში“ შეიტანოს ცვლილება, რომლითაც ექიმს მიენიჭება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პატიმრის პოზიციის მიუხედავად, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების ან დაწესებულებიდან გაყვანისა და დაბრუნების დროს მის მიმართ ძალადობის შესახებ ეჭვი გაუჩნდება;
ნ) „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“ განსაზღვროს ექიმის ვალდებულება, ისეთ შემთხვევაში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების ან დაწესებულებიდან გაყვანისა და დაბრუნების დროს პატიმარი (ბრალდებული/მსჯავრდებული) სამედიცინო შემოწმებაზე თანხმობას არ აცხადებს და სხეულზე ხილულ ადგილებში დაზიანებები არ აქვს, მას განუმარტოს, რომ აქვს სამედიცინო შემოწმების მომდევნო 24 საათში ჩატარების უფლება;
ო) პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამედიცინო პერსონალსა და პატიმრებს შორის შეხვედრების გამართვა შესაძლებელი უნდა იყოს მესამე პირის დასწრების გარეშე, თუ, ექიმის ან პაციენტის უსაფრთხოების რეალური და იმწუთიერი რისკებიდან გამომდინარე, აუცილებელი არ არის შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის დასწრება, რაც უნდა დასაბუთდეს. ასეთ, საგამონაკლისო შემთხვევაში პატიმარს სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიოს საუბრის იმ პირის მიერ მოსმენის გარეშე, რომელიც არ არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, გონივრული დისტანციის დაცვით;
პ) უწყებათაშორისი ფორმატით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან გამართოს მსჯელობა პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების რაოდენობის სტანდარტის დადგენის მიზნით და ამ სტანდარტის დადგენის შემთხვევაში დაგეგმოს ღონისძიებები მათი რაოდენობის გასაზრდელად;
ჟ) 2023 წელს პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების საშუალებით გადაამზადოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის არანაკლებ 20%;
რ) გამართოს მსჯელობა №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დამხმარე პერსონალის რაოდენობის სტანდარტის დადგენის მიზნით და ამ სტანდარტის დადგენის შემთხვევაში დაგეგმოს ღონისძიებები მისი რაოდენობის გასაზრდელად;
ს) 2023 წელს პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი პერსონალის არანაკლებ 50% გადაამზადოს ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის საკითხში;
ტ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის:
ტ.ა) პენიტენციურ სისტემაში დანერგოს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა (EHR);
ტ.ბ) პენიტენციური სისტემის შესაბამისი დებულებებით სამედიცინო პერსონალს დაავალოს პაციენტების თაობაზე ინფორმაციის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR) ასახვა;
უ) შეიმუშაოს და დანერგოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის ინსტრუმენტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები;
ფ) პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა; ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის ვალდებულება:
ფ.ა) შეაფასოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდებათ;
ფ.ბ) შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის შეიმუშაოს ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს მათ შესაბამისი დახმარება;
ქ) პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ჯანმრთელობის დასაცავად უზრუნველყოს აგრანულოციტოზის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევის, განსაკუთრებით − ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის კლინიკურ-ლაბორატორიული დინამიკური შეფასება, აგრეთვე ლეიკოციტების კონტროლი მედიკამენტების გვერდითი მოვლენების სამართავად;
ღ) პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შეინარჩუნოს კონფიდენციალური საჩივრების კონვერტების განთავსების პრაქტიკა, რათა კონვერტის მიღება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე არ იყოს დამოკიდებული და მისი მიმღები პატიმრის ვინაობის დადგენის შესაძლებლობა გამოირიცხოს, ამასთანავე, შეინარჩუნოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების (ფურცელი, კალმისტარი, კონვერტი) ყველა პატიმრისთვის უფასო ხელმისაწვდომობა;
ყ) შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრის ყუთების განთავსების პრაქტიკა მათი ვიდეომეთვალყურეობის არეალში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და საჩივრის გამგზავნის ანონიმურობის დასაცავად;
შ) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა გააგრძელოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევებისა და საჩივრების შეტანის გამო პატიმართა მიმართ ანგარიშსწორების სავარაუდო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადოდ დასჯა;
ჩ) არსებული მდგომარეობისა და რესურსის გათვალისწინებით, შეიმუშაოს პენიტენციური სისტემის შედარებით მცირე პენიტენციურ დაწესებულებებად დაყოფისა და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგია და მომზადებული დოკუმენტი გააცნოს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
ც) №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები;
ძ) მაქსიმალურად ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებებში თითოეული ბრალდებულის 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით უზრუნველსაყოფად;
წ) შეამოწმოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2022 წლის ანგარიშში (თავი „პატიმრობის პირობები“) აღწერილი, პენიტენციურ დაწესებულებებში ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების ნამდვილობა და მათი დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
ჭ) მაქსიმალურად უზრუნველყოს №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში;
ხ) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების გზით გამოავლინოს და აღმოფხვრას №8 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვანთა სრული შემოწმებისას სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნისა და ე. წ. ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
ჯ) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების ჩატარების გზით შეისწავლოს №8 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში კრიმინალური ქცევის მცდელობის ფაქტები და მიიღოს სათანადო პრევენციული ზომები;
ჰ) დაიწყოს მუშაობა ისეთი მარეგულირებელი ნორმების შესამუშავებლად, რომლებიც განსაზღვრავს არასრულწლოვანი პატიმრის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების ხანგრძლივობას, არასრულწლოვანის სოციალურ კავშირებს, უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური მუშაობის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას და არასრულწლოვანის ქცევის კორექციისთვის აუცილებელი ზომების დაგეგმვას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ჰ1) საჭიროების შემთხვევაში ყველა უცხოენოვანი პატიმარი უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურებით, მათ შორის, მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ;
ჰ2) უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ქართული ენის შესასწავლი კურსების დანერგვა იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან;
ჰ3) პენიტენციურ დაწესებულებებში გაზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
ჰ4) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს სოციალური მუშაკის ვალდებულება:
ჰ4.ა) უზრუნველყოს არასრულწლოვანთათვის მათი უფლებებისა და მოვალეობების და გასაჩივრების მექანიზმის თაობაზე ინფორმაციის მარტივი, გასაგები ენით მიწოდება;
ჰ4.ბ) არასრულწლოვანებს მათი უფლებებისა და მოვალეობების და გასაჩივრების მექანიზმის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს მარტივი ენით დაწერილი ბროშურის სახით; ეს ინფორმაცია გამოაკრას აგრეთვე არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომ ადგილებში;
ჰ5) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება პატიმართა ავტომანქანებით ტრანსპორტირებისას მათი უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოს მისი პრაქტიკაში დანერგვა;
ჰ6) №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანთათვის მოაწყოს სასეირნო ეზო, სადაც მათ დღის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ, ან მოძებნოს სხვა, ალტერნატიული გზა;
ჰ7) არასრულწლოვან პატიმართათვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავების პროცესში ითანამშრომლოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და გაითვალისწინოს მისგან მიღებული ინფორმაცია;
ჰ8) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სიღრმისეული კვლევის გზით შეისწავლოს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პენიტენციური ჯანდაცვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ინტეგრაციის საჭიროება;
ჰ9) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში გადაყვანილი გამოსაკვლევი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა ამ პირის თანხმობით, მისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების გამო დანიშნული მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
ჰ10) განავრცოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“ დადგენილი შეფასების კრიტერიუმები;
ჰ11) მსჯავრდებულთა სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი მექანიზმი, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე;
ჰ12) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგოს ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები, აგრეთვე რესოციალიზაციის ღონისძიებებისა და მათში ჩართული მსჯავრდებულების რაოდენობა არანაკლებ 50%-ით გაზარდოს;
ჰ13) შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დისტანციური წესით გასამართი სასამართლო სხდომებისთვის სპეციალური ოთახებისა და შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკის რაოდენობის გაზრდის საჭიროება და შედეგები აცნობოს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
ჰ14) დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახიც ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შექმნას საერთაშორისო ზარის შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად განხორციელების შესაძლებლობა;
ჰ15) შეამოწმოს, არის თუ არა პენიტენციურ დაწესებულებებში საერთაშორისო ზარის ყოველდღე განხორციელების შესაძლებლობა, და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გადადგას ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად;
ჰ16) ახალი პენიტენციური კოდექსის აღსრულების პროცესში უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოპაემნის იმავე კოდექსით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, გაუმჯობესებულად განხორციელების შესაძლებლობა (კოდექსის მიღების შემთხვევაში);
ჰ17) №2, №3, №6, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები პრიორიტეტულად აღჭურვოს ვიდეოპაემნის ორგანიზებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით;
ჰ18) პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების პერიოდში პატიმრებს გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეზღუდებათ;
ჰ19) უზრუნველყოს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააგრძელოს ზომების მიღება ბრალდებულის სატელეფონო ბარათის მაქსიმალურად მცირე ვადაში დასამზადებლად;
ჰ20) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა:
ჰ20.ა) პერიოდული შემოწმების გზით გამოავლინოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტები;
ჰ20.ბ) აწარმოოს სტატისტიკა გამოვლენილი დარღვევების შესახებ;
ჰ20.გ) დამრღვევ პირებს დააკისროს პასუხისმგებლობა;
ჰ21) დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს პატიმართა სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურ გარემოში მიმდინარეობას;
ჰ22) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგს:
ჰ22.ა) სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღების/ჩაბარების დროს 2 ეგზემპლარად შედგება დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ბეჭდით და რომელშიც პატიმრის თანდასწრებით შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: წერილის ავტორის სახელი და გვარი; წერილის მიმღები სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; წერილის ჩაბარების თარიღი; წერილის ადრესატი; ფურცლების რაოდენობა;
ჰ22.ბ) დოკუმენტის ორივე ეგზემპლარს ხელს მოაწერენ პატიმარი და სოციალური მუშაკი;
ჰ22.გ) დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი პატიმარს გადაეცემა, ხოლო მეორე ეგზემპლარი სოციალურ მუშაკთან დარჩება;
ჰ23) პენიტენციურ დაწესებულებებში საკვების მომზადების დროს ამ დაწესებულებათა დებულებების შესაბამისად გაითვალისწინოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებები;
ჰ24) საქართველოს მთავრობასთან ერთად ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან პატიმართა რაოდენობის შემცირების ისეთი ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც შეესაბამება როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (99) 22 რეკომენდაციას ციხის გადატვირთულობისა და ციხის მობინადრეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ისე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ციხის გადატვირთულობის შესახებ (PC-CP (2015) 6 rev 7).
3. საქართველოს პროკურატურამ:
ა) განაგრძოს ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის საერთო სასამართლოებში განხილვის დასრულების შემდეგ გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება გამოძიების პროცესში დადგენილი შესაძლო ხარვეზების თაობაზე და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ მისი შედეგები აცნობოს საზოგადოებას, ხოლო შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
ბ) განაგრძოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) სიცოცხლის უფლების ხელყოფის აღსაკვეთად წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე ინფორმაციის ასახვა;
გ) პროკურატურის სისტემის პროკურორებისა და გამომძიებლების პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენით დადგენილი კრიტერიუმები;
დ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს;
ე) განაგრძოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე ანგარიშის შემუშავება და მისი საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ვ) შეაფასოს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების უფლება-მოვალეობების გამიჯვნის მიზანშეწონილობა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათი გამიჯვნის მიზნით;
ზ) განაგრძოს შშმ პირების (მათ შორის, შშმ ქალებისა და გოგოების) მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ყველა სხვა დანაშაულის ფაქტების გამოძიებაში ჩართულ თანამშრომელთა განგრძობადი გადამზადება ამ პირთა საჭიროებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტების საკითხებში;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს უწყების შენობების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ფიზიკური, ისე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებლად გადაადგილების საჭიროებები.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) გამომძიებელთა მომზადებისა და გადამზადების პროცესში გაითვალისწინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენით დადგენილი კრიტერიუმები ისეთი დანაშაულების გამიჯვნის მიზნით, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება;
ბ) შეისწავლოს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირისთვის მისი უფლებების განმარტების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;
გ) უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა გააგრძელოს დაკავებული პირის მიერ ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის მისი დაკავების შესახებ შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირების პრაქტიკაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაკვირვება;
დ) შეისწავლოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულ პირსა და ადვოკატს შორის შეხვედრების კონფიდენციალურად გამართვის პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ე) გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს;
ვ) შეისწავლოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ზ) გააგრძელოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის შესახებ ტრენინგების ჩატარება;
თ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ჩართოს მოქალაქეებთან ურთიერთობის პროცესის ვიდეოგადაღების კომპონენტი;
ი) შეისწავლოს არასრულწლოვანი დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიოვიდეოგადაღების განხორციელების საერთაშორისო პრაქტიკა;
კ) შეიტანოს ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით დამტკიცებულ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესში“, კერძოდ, ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას დაამატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება; გასწია თუ არა პირმა წინააღმდეგობა; გამოყენებული იქნა თუ არა პირის მიმართ იძულების ზომა და, თუ იქნა გამოყენებული, − რა ფორმით;
ლ) გააგრძელოს პოლიციის დაწესებულებებში (დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში) მიყვანილი დაკავებული პირების შენობაში შეყვანისა და შენობიდან გამოყვანის ფაქტების დროის მითითებით აღრიცხვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმება;
მ) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამორიგეო ფუნქციის განმახორციელებელი დანაყოფების მუშაობის ორგანიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №605 ბრძანებით დამტკიცებული „სამორიგეო მუშაობის ორგანიზაციის წესის“ №6 დანართში („შინაგან საქმეთა ორგანოებში დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი“) მონაცემთა აღრიცხვის პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;
ნ) გააგრძელოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირსა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელს შორის შეხვედრების (მათ შორის, დისტანციური შეხვედრების) კონფიდენციალურ გარემოში გამართვა;
ო) უზრუნველყოს დროებითი განთავსების ცენტრში დასაქმებული ექიმების ფოტოაპარატით აღჭურვა;
პ) დროებითი განთავსების ცენტრში დასაქმებული ექიმებისთვის შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფოტოგადაღების ტექნიკური ინსტრუქცია, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება ის პროცედურები, რომლებიც ხარისხიანი ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს;
ჟ) შეიმუშაოს დროებითი განთავსების ცენტრში დასაქმებული ექიმების მიერ გადაღებული ფოტომასალის ერთიანი, სისტემატიზებული შენახვის წესი;
რ) დროებითი განთავსების ცენტრში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები ცენტრში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ;
ს) უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2022 წლის ანგარიშში აღწერილი, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრა და მიღებული ზომების შესახებ აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს;
ტ) შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით უზრუნველყოს, რომ დროებითი განთავსების ცენტრში დასაქმებული ექიმის მიერ გამოვლენილი პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ექიმმა დაუყოვნებლივ პირდაპირ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს;
უ) შეისწავლოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია, გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული საქმეებისა;
ფ) გააგრძელოს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურებისა და სხვა სათანადო უწყებების მონაწილეობით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-№010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანების განსაიდუმლოების საკითხის შესასწავლად;
ქ) საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო პრინციპების) თანახმად დაგეგმოს ზომები უფლებადამცველების წინააღმდეგ მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკის წარმოების დასაწყებად;
ღ) გამართოს შეხვედრები GPS-მონიტორინგის სისტემაზე ცნობიერების ასამაღლებლად; ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას მსხვერპლს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია GPS-მონიტორინგის სისტემის თაობაზე;
ყ) ყოველწლიურად შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე;
შ) შეისწავლოს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სისხლის სამართლის პროცესში ჩართვისა და მათი უფლება-მოვალეობების გამიჯვნის საკითხი და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;
ჩ) ითანამშრომლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სამედიცინო პერსონალისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის სამართავად ერთიანი სახელმძღვანელოს შესამუშავებლად, რომლითაც გათვალისწინებული იქნება იზოლატორში გასაწევი დახმარების მოცულობა;
ც) ითანამშრომლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ნივთიერებებზე დამოკიდებული დაკავებული პირების სამედიცინო დაწესებულებაში დროული რეფერირების განსახორციელებლად;
ძ) უზრუნველყოს შშმ პირების (მათ შორის, შშმ ქალებისა და გოგოების) მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ყველა სხვა დანაშაულის ფაქტების გამოძიებაში ჩართულ თანამშრომელთა განგრძობადი გადამზადება ამ პირთა საჭიროებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტების საკითხებში;
წ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს უწყების შენობების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ფიზიკური, ისე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დამოუკიდებლად გადაადგილების საჭიროებები;
ჭ) შეისწავლოს „არასრულწლოვანთა რეფერირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №681 დადგენილებით დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტების ვალდებულებების აღსრულების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ხ) გააგრძელოს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ჯ) შეისწავლოს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი ეტაპობრივად აღმოფხვრა;
ჰ) შეისწავლოს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზების საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების თანაბრად ხელმისაწვდომობის საკითხი და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ჰ1) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებში დროულად ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები და ინვენტარიზაცია, გადაჭრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
ჰ2) სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით გააგრძელოს მუშაობა ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და მისი თანამდევი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად;
ჰ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშაოს ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირებისთვის.
5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა:
ა) გააგრძელოს დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული ექიმებისთვის იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერის, ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის შესახებ ტრენინგების ჩატარება;
ბ) შეისწავლოს დაკავებული პირის მიერ ადვოკატისთვის მისი დაკავების შესახებ შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
გ) შეისწავლოს ექიმსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირს შორის შეხვედრების კონფიდენციალურად გამართვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების აღსრულების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.
6. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო პრინციპების) თანახმად განსაზღვროს უფლებადამცველების ცნება და აწარმოოს სტატისტიკა უფლებადამცველების წინააღმდეგ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) გააგრძელოს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ბ) გააგრძელოს:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისთვის ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ.ბ) სამხედრო მოსამსახურეთა ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების სათანადო პერიოდულობით გამართვა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მარტივად გასაგები ენით (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირებების გარეშე) დაწერილი ბროშურის სახით მიწოდება და ამ ინფორმაციის მათთვის ხელმისაწვდომ ადგილებში გამოკვრა;
გ) გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების საცხოვრებელ კორპუსებში შემოწმების შედეგად საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება ინფრასტრუქტურული პრობლემების საბოლოოდ გადასაჭრელად და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად, ამასთანავე, საცხოვრებელი კორპუსები სრულად აღჭურვოს მწერებისგან დამცავი ბადით;
დ) გააგრძელოს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპორტული დარბაზების საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ე) გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო უსაფრთხოების დასაცავად და ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წესების შესწავლის უზრუნველყოფა;
ვ) გააგრძელოს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირებით (მათ შორის, სამხედრო ფორმის ფეხსაცმლით) საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების თანაბრად უზრუნველყოფა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
ზ) გააგრძელოს იმ სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო უნიფორმითა და სამხედრო ფორმის ფეხსაცმლით სარგებლობის ვადებთან დაკავშირებული უახლესი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, რომელთაც უწევთ საველე წვრთნების გავლა და სამუშაოების შესრულება, აგრეთვე ზრუნვა და მონიტორინგი ამ პრაქტიკასთან მაქსიმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
თ) შეინარჩუნოს სამხედრო ნაწილების სამედიცინო პუნქტებისა და ლაზარეთების პერსონალის რაოდენობის გაზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი, ამასთანავე, გააგრძელოს სამედიცინო პუნქტებსა და ლაზარეთებში როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად ვაკანსიების 50%-ის ან 50%-ზე მეტის იმგვარად შევსება, რომ შეუვსებელი არ დარჩეს მათი ნახევარი ან მეტი;
ი) გააგრძელოს სამხედრო ნაწილების სამედიცინო პერსონალის პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების საშუალებით გადამზადება;
კ) გააგრძელოს სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციები საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გასავრცელებლად.
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს, რომ სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ გააუმჯობესოს საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილ პირთა (მათ შორის, მათი გარდაცვალების მიზეზისა და ადგილის) შესახებ სტატისტიკის წარმოება;
ბ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გადაყვანის შემდეგ გარდაცვლილი ყველა პაციენტის შემთხვევა, დაადგინოს მათი გარდაცვალების მიზეზი, შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების დროულობა და შესწავლის შედეგების საფუძველზე განახორციელოს ღონისძიებები პაციენტთა გარდაცვალების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად;
გ) დაავალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, გააუმჯობესოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მისი თანამდევი, გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკის შესწავლა;
დ) ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების სტრატეგია, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;
ე) მონიტორინგის გზით გამოავლინოს და აღკვეთოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ დაწესებულებების პერსონალის ძალადობის (მათ შორის, ინექციების ძალით გაკეთებისა და მედიკამენტების ნების საწინააღმდეგოდ მიცემის) ფაქტები და ამის შესახებ აცნობოს საგამოძიებო ორგანოს;
ვ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია. ეს ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს;
ზ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის სწავლების ჩატარება, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტის უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პერსონალის მიერ პაციენტისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და მისი პრაქტიკაში დანერგვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
თ) შეისწავლოს და აღმოფხვრას შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ პაციენტთა სხვა პაციენტებისგან ხანგრძლივად განცალკევების პრაქტიკა;
ი) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი დაწესებულებების მიერ სიტუაციის ესკალაციის რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, რათა საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება;
კ) მონიტორინგის შედეგად შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერებისა და დასაბუთებულობის, აგრეთვე ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვის საკითხი;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან კონსულტაციით განაახლოს „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“;
მ) შეიმუშაოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დოკუმენტაციის წარმოების სპეციფიკური წესები, რომლებითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პაციენტთა სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების წესები;
ნ) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების მათი რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს სტაციონარიდან იმ პაციენტების დაუყოვნებლივ გასაწერად საჭირო ყველა ზომა, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი;
ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-იდან შემოსულ ფსიქიატრიული შემთხვევების თაობაზე შეტყობინებებზე რეაგირებისთვის გაგზავნილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისთვის შეიმუშაოს პაციენტის მიერ ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე მისი დარწმუნების გზით დაყოლიების, პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების საჭიროების განსაზღვრისა და მისთვის პაციენტის უფლებების განმარტების დეტალური ინსტრუქცია;
პ) შეიმუშაოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, რომელშიც გასაგები ფორმით იქნება მოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრიული დახმარების არსისა და პაციენტის უფლებების შესახებ, ამასთანავე, ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მიმართოს მან, თუ არ სურს სტაციონარში დარჩენა;
ჟ) შეიტანოს ცვლილება „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესში“, რათა პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს ამ წესის მე-13 დანართით გათვალისწინებული №IV-300-12/ა ფორმის შევსება;
რ) შეიმუშაოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, პაციენტის სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს მისთვის სტაციონარის შინაგანაწესისა და პაციენტის უფლებების თაობაზე ინფორმაციის ზეპირად და წერილობით, გასაგები ენით მიწოდება;
ს) შეიმუშაოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები;
ტ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტის მიერ სტაციონარის მოკლე ვადით, სტაციონარიდან გაწერის გარეშე დატოვების შესაძლებლობა, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
უ) მიიღოს ყველა ზომა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებებით“ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის სისტემური მონიტორინგის გზით გასაკონტროლებლად;
ფ) შეისწავლოს, მიეწოდებათ თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, გასაგები ენით;
ქ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლება, რათა მათ შეძლონ მედიკამენტ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტების ამოცნობა, რომლებმაც შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს;
ღ) დაავალოს შესაბამის სამსახურს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო ბარათების რეგულარულად შემოწმება, რათა სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათები საქართველოში არსებული მოთხოვნების შესაბამისად იყოს ნაწარმოები;
ყ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სტომატოლოგიური მომსახურების) მიწოდების სტანდარტის უმოკლეს ვადაში შემუშავება და დანერგვა, მისი აღსრულების ზედამხედველობა და მონიტორინგი და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
შ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;
ჩ) შეიმუშაოს ღონისძიებები შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ქალთა და მამაკაცთა თავშესაფრებისა და შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ბედიანის თავშესაფრის დახურვის (გრძელვადიან პერსპექტივაში) მიზნით; ბენეფიციარები გადაიყვანოს მცირე ზომის საოჯახო ტიპის საცხოვრებლებში;
ც) თავშესაფრების დახურვამდე და სრულ დეინსტიტუციონალიზაციამდე თავშესაფრებისა და საცხოვრისებისთვის:
ც.ა) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს და დანერგოს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-15 და მე-16 მუხლებით გარანტირებულ უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის სამართლებრივი მექანიზმი;
ც.ბ) შეიმუშაოს ბენეფიციარებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების სტრატეგია;
ც.გ) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;
ძ) ყველა თავშესაფარსა და საცხოვრისში განახორციელოს მონიტორინგი ამ დაწესებულებების პერსონალის მიერ ბენეფიციარებისთვის ინექციების ძალით გაკეთებისა და მედიკამენტების ნების საწინააღმდეგოდ მიცემის ფაქტების გამოსავლენად, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;
წ) შეიმუშაოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს თავშესაფრებისა და საცხოვრისებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური პროცედურა;
ჭ) ბენეფიციარის ამბულატორიული ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახადოს „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ №9 დანართით გათვალისწინებული №IV-200-8/ა ფორმის შევსება და უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულების მიერ ბენეფიციარებისთვის მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გასაგები ენით მიწოდება;
ხ) შეისწავლოს თავშესაფრებში არსებული საცხოვრებელი პირობები და მათ დახურვამდე მიიღოს ყველა საჭირო ზომა ბენეფიციართა ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში განსათავსებლად;
ჯ) შეცვალოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების მოდელი თავშესაფრებში მყოფი ბენეფიციარებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების სრული და დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
ჰ) უზრუნველყოს ყველა თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;
ჰ1) მოახდინოს 2023 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში შესატანი ცვლილების ინიციირება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით მართვა;
ჰ2) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების როლის გაზრდა იმით, რომ განსაზღვროს სოციალური მუშაკის ვალდებულება, მოიძიოს და პაციენტებს გააცნოს თემში არსებული პროგრამები;
ჰ3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სიღრმისეული კვლევის გზით შეისწავლოს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პენიტენციური ჯანდაცვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ინტეგრაციის საჭიროება;
ჰ4) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა;
ჰ5) აღმოფხვრას შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ პაციენტების მიერ ამანათების მიღების შემაფერხებელი გარემოებები;
ჰ6) მიიღოს ზომები ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტისა და მასთან მისული პირის შეხვედრისთვის კონფიდენციალური სივრცის მოსაწყობად;
ჰ7) შეიტანოს ცვლილება „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების მე-9 დანართში, რის შედეგადაც პაციენტს გაუტკივარებაზე ინფორმირებული თანხმობის განცხადებასთან ერთად ჰემოტრანსფუზიაზე უარის თქმის შესაძლებლობაც ექნება;
ჰ8) საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისთვის შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები იმ მეთოდების/პრეპარატების გამოყენების დაშვებისა და ინსტრუქციის თაობაზე, რომლებითაც შესაძლებელია ჰემოტრანსფუზიის პროცედურის ჩანაცვლება;
ჰ9) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშაოს ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირებისთვის;
ჰ10) შეიმუშაოს კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში პირის ანტენატალური მეთვალყურეობის მომსახურების მოსარგებლედ რეგისტრაცია მიმართვისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (გამონაკლისის სახით) და მის მიერ ამ მომსახურების მიღება;
ჰ11) მშობიარობისშემდგომი ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისები ჩართოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში;
ჰ12) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის აბორტის სერვისის მისაწოდებლად;
ჰ13) შეიმუშაოს მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებების მისაწოდებლად პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებასა და ოპტიმალურ მართვას და რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი ვადები;
ჰ14) შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება დამხმარე სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია, დარეგულირდება მისი დიპლომისშემდგომი განათლების, უწყვეტი პროფესიული განათლებისა და განვითარების საკითხები და გათვალისწინებული იქნება სავალდებულო დებულებები;
ჰ15) შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ახალი ნორმები/სტანდარტი, რომლებითაც/რომლითაც დადგინდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებლად მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული განვითარების საბჭოსთვის განსახილველად დროულად და სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება;
ჰ16) გააგრძელოს საინფორმაციო კამპანიის წარმოება შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის მანდატზე დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ცნობიერების ასამაღლებლად;
ჰ17) უზრუნველყოს საცხოვრისის პოლიტიკის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში ყველა დაინტერესებული ჯგუფის (მათ შორის, უსახლკარო პირთა, სამოქალაქო სექტორისა და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთა) მონაწილეობა;
ჰ18) უზრუნველყოს საქართველოს 2022−2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, 2022 წელს შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ:
ჰ18.ა) მოამზადოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მათი დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტები;
ჰ18.ბ) დაამტკიცოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პაციენტთა უფლებებთან დაკავშირებული გასაჩივრებისა და მასზე რეაგირების მექანიზმი;
ჰ18.გ) შეიმუშაოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტი და თავშესაფრების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში უზრუნველყოს აღნიშნულ პირთა ამ სტანდარტის შესაბამის საცხოვრისებში განთავსება;
ჰ18.დ) შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მათი მომსახურების ხარისხის შეფასების მონიტორინგის ჯგუფი;
ჰ18.ე) გადახედოს მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმს და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში;
ჰ19) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გააძლიეროს ფინანსური და ადამიანური რესურსებით მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანი ადმინისტრირებისა და ხარისხიანი მონიტორინგისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად;
ჰ20) შეისწავლოს შშმ პირთა პანსიონატებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (დარღვევების) მქონე პირთა თავშესაფრებში ჩარიცხვის მომლოდინე პირების ინდივიდუალური საჭიროებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მათი ამ დაწესებულებებში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად;
ჰ21) გააფართოოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრების გეოგრაფიული არეალი და ხელი შეუწყოს დასაქმების ვებგვერდების ყველა სახის შეზღუდვის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობას;
ჰ22) დასაქმების ხელშეწყობის მოქმედი პროგრამების/კომპონენტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს მასშტაბურად, ხელმისაწვდომი ფორმატების გამოყენებით;
ჰ23) შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად და სამუშაო ადგილებზე მათ მხარდასაჭერად შეიმუშაოს დოკუმენტები (გაიდლაინი, შესაბამისი რეკომენდაციები), რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად ორიენტირებული იქნება შშმ პირთა უფლებებზე დაფუძნებულ ხედვაზე, ეთიკურ ტერმინებსა და კომუნიკაციაზე, უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე, გონივრული მისადაგების პრაქტიკულ ასპექტებსა და თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვაზე;
ჰ24) პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა მშობლებისთვის შექმნას პოზიტიური მშობლობის, ბავშვთან კომუნიკაციის, წყვილთა და საოჯახო დავებზე ორიენტირებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი;
ჰ25) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზარდოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის დაფინანსების მოცულობა და შეიმუშაოს სერვისის ეფექტიანობის შეფასებისა და ეტაპობრივად გაძლიერების გეგმა;
ჰ26) სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებსა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში დასაქმებული პირები გადაამზადოს აღსაზრდელთა რთული ქცევის, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის საკითხებში, აგრეთვე თითოეულ სახლში/თავშესაფარში არასრულწლოვანებთან მუშაობისას გამოვლენილ სხვა სპეციფიკურ თემებზე;
ჰ27) შეიმუშაოს სოციალური მუშაკების, იურისტებისა და ფსიქოლოგების საქმიანობის ეფექტიანობისა და შედეგზე ორიენტირებულობის ინდიკატორები; ამის საფუძველზე გადახედოს მათ სამუშაო დატვირთვას და განსაზღვროს მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებები;
ჰ28) ყოველწლიურად განსაზღვროს თემატური საკითხები და სოციალური მუშაკების, იურისტებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის არანაკლებ ნახევარი გადაამზადოს ამ საკითხებში;
ჰ29) აქტიურად განახორციელოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ მიაწოდოს ინფორმაცია დამხმარე სოციალურ სერვისებში ჩართვის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს კოორდინაცია მუნიციპალიტეტებთან;
ჰ30) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გახსნას 24-საათიანი მომსახურების გამწევი თავშესაფარი;
ჰ31) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან ერთად შეიმუშაოს კოორდინაციის მექანიზმი იმ დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად, რომლებიც მუნიციპალიტეტების დაფინანსებით/თანადაფინანსებით ფუნქციონირებენ;
ჰ32) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ხანდაზმულ პირებზე მზრუნველი ორგანიზაციების (ხანდაზმულთა დაწესებულებების) სერვისის მიმწოდებლებად რეგისტრაციის პროცესში შეამოწმოს მათი „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალურ სტანდარტებთან“ შესაბამისობა;
ჰ33) უზრუნველყოს მომსახურების მიწოდებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის საშუალებების, ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებზე ხანდაზმულთა დაწესებულებების პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი სატრენინგო სასწავლო-მეთოდური პროგრამების დამტკიცება;
ჰ34) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან გრძელვადიანად გაასახლოს არანაკლებ 550 დევნილი ოჯახი;
ჰ35) შეიმუშაოს გამოთავისუფლებული ე. წ. ნგრევადი ობიექტების დახურვის წესი, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს შეეზღუდებათ ასეთი საშიში გარემოს ხელმისაწვდომობა;
ჰ36) შეისწავლოს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტიდან ჩანაწერის „ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე“ ამოღებისა და შესაბამისი პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში სათანადო ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი;
ჰ37) საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად გამოავლინოს მაღალი რისკის პირობებში მცხოვრები ოჯახები და განსახლებისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 40% მათ განსახლებას მოახმაროს;
ჰ38) დაასრულოს 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი;
ჰ39) შეისწავლოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ და, შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები მის დასახვეწად;
ჰ40) შეიმუშაოს რეკომენდაციები უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტის დასადგენად, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ მომსახურების მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასა და ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები;
ჰ41) სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს კვლევა და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ არის გათვალისწინებული უსახლკარო პირთა ინტერესები;
ჰ42) შეიმუშაოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები;
ჰ43) ჩაატაროს კვლევა და წარმოადგინოს გეგმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მიერ პროფესიონალი მხარდამჭერების მომსახურების მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;
ჰ44) საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შეიმუშაოს ახალი დასაქმების პროგრამები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
ა) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მოამზადოს ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები ბავშვთა ქორწინების ფაქტების გამოვლენის, მათზე ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების (რეფერირების) შესახებ;
ბ) სისტემატურად გადაამზადოს სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები (მათ შორის, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები) ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხში, აგრეთვე რეფერირების პროცედურებსა და განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით დანერგოს ინკლუზიური სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები და მათში ჩართოს ადრეული ინკლუზიური განათლების კომპონენტები;
დ) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს საბავშვო ბაღის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების გამოვლენასა და სკოლამდელი განათლების სისტემაში ჩართვაში, და უზრუნველყოს ამ დოკუმენტების მუნიციპალიტეტებისთვის მიწოდება;
ე) ინფრასტრუქტურულ ჭრილში პრიორიტეტი მიანიჭოს არსებული სკოლების მისაწვდომობას (პანდუსების, ლიფტების, ადაპტირებული სანიტარიული კვანძებისა და ტაქტილური ბილიკების მოწყობას) და შეძლებისდაგვარად სწრაფად დაგეგმოს საჭირო სამუშაოები, მათ შორის, გამოაცხადოს შესაბამისი ტენდერები;
ვ) აამაღლოს სკოლის პერსონალისა და მშობლების ცნობიერება ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, შშმ ბავშვების მიმართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე, სწორ კომუნიკაციაზე, სწავლა-სწავლების პროცესში გონივრული მისადაგების ზომებზე, რთული ქცევის მართვის ტექნიკისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენისთვის/შეფასებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებზე;
ზ) სკოლებს მისცეს მითითება, მშობლებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია საგანმანათლებლო საჭიროებების უგულებელყოფის შემთხვევებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/რეფერირების ღონისძიებების შესახებ; არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გააძლიეროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობის მექანიზმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198¹ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;
თ) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან − პროფესიული უნარების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც რეგიონულ, ისე სექტორულ ჭრილში;
ი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები არაფორმალური განათლების აღიარების გამარტივების ხელშესაწყობად, იმ შშმ პირთა ინტერესების დასაცავად, რომლებიც ზოგადი განათლების არქონის გამო ვერ რეგისტრირდებიან პროფესიულ პროგრამებზე;
კ) უზრუნველყოს შშმ სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი და მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების შეთავაზება, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერა და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭირო უნარ-ჩვევების უწყვეტ რეჟიმში განვითარება;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უნივერსიტეტების ჩართულობით ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო დონეზე ინკლუზიური განათლების გაძლიერებას, შესაბამისი პროფილური/მეთოდური სასწავლო პროგრამების დანერგვას და უმაღლესი განათლების საფეხურზე შშმ სტუდენტთა დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას (დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვითა და მისაწვდომობის ყველა ასპექტის გათვალისწინებით);
მ) მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლის მიტოვების პრევენციის პოლიტიკის განსახორციელებლად დახვეწოს მის მიერ წარმოებული სტატისტიკა სწავლის შეწყვეტის შესახებ და სისტემატიზებულად აღრიცხოს მოსწავლის სტატუსის შეჩერების რეალური მიზეზები, მათ შორის, სწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და სკოლის ზედიზედ გაცდენის ზღვრული რაოდენობის საფუძველზე შეწყვეტის შემთხვევებში;
ნ) სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებლის ზრდის მიზეზები და როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს სამომავლო სტრატეგია მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის რისკების შესამცირებლად;
ო) გააგრძელოს ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბულინგის, სექსუალური ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე და რეფერირების ვალდებულებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლების მასწავლებელთა გადამზადება, აგრეთვე მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, ამასთანავე, დანერგოს ამ ღონისძიებების ზეგავლენის შეფასების მექანიზმი;
პ) გააგრძელოს ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბულინგის, სექსუალური ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრების გამართვა არასრულწლოვანთა მშობლებთან და გააფართოოს მათი არეალი, შექმნას ახალი ტრენინგმოდულები და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალები;
ჟ) იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, დანერგოს ბილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო რესურსები და მოამზადოს/გადაამზადოს ორენოვანი მასწავლებლები;
რ) მოქმედი წესის საფუძველზე გააგრძელოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე გონივრულ ვადაში თარგმნა და გამოცემა და მათი სკოლებისთვის მიწოდება;
ს) განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად;
ტ) უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე მასწავლებელთა გადამზადება;
უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ისე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სტუდენტთა და მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებს ქვეყნის შიგნით, როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ისე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით;
ქ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში/სოფლებში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას;
ღ) აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს ეროვნული უმცირესობების საჭიროებები უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით;
ყ) გააფართოოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მობილური ჯგუფების გეოგრაფიული არეალი მობილური ჯგუფებით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ყველა მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფით;
შ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გეოგრაფიული არეალისა და ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამების ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლების რაოდენობა;
ჩ) გააძლიეროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტთა მხარდამჭერი სერვისები, რათა მათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტში) ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის გასაგრძელებლად სათანადო პირობები ჰქონდეთ;
ც) პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტები;
ძ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამოქმედო გეგმებში ფორმალური განათლების ყოველი საფეხურისთვის განსაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობისკენ მიმართული ამოცანები/ღონისძიებები და შესაბამისი ინდიკატორები, რომლებიც გაზომვას ექვემდებარება;
წ) გადახედოს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესს“ და მოკვლევის საფუძველზე შეიტანოს მასში შესაბამისი ცვლილება გრიფირების პროცედურების დასახვეწად/გასაუმჯობესებლად;
ჭ) გადახედოს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების არსებულ პროცედურას და გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოს ყველა ეტაპზე ადამიანის უფლებათა ექსპერტის ჩართულობა;
ხ) უზრუნველყოს სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში საჩივრების განსახილველად შექმნილი სააპელაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების დასაბუთება, რაც გულისხმობს კომისიის მიერ სხდომაზე მოწვეულ პირთა პოზიციების გადაწყვეტილებაში აღწერას და მათზე დასკვნების დასაბუთებას და სხვა;
ჯ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან 1+4 სტაჟირების პროგრამის ეფექტიანად განსახორციელებლად;
ჰ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშაოს ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირებისთვის;
ჰ1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს დოკუმენტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების, აგრეთვე ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის შესახებ;
ჰ2) ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციას, კერძოდ, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებით და სხვა;
ჰ3) საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საჯარო სამსახურის ბიუროსთან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად ახალი დასაქმების პროგრამების შემუშავების პროცესში.
10. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში/სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) დარგობრივ სამინისტროებთან ერთად განიხილოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის 2008 წლის ფაკულტატიური ოქმისა და სტრასბურგის 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებულის) 31-ე მუხლის რატიფიცირების მიზანშეწონილობის საკითხი;
ბ) განაგრძოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება;
გ) განაგრძოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებელთა სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) შეისწავლოს მოპოვებითი საქმიანობის ფარგლებში არსებული გამოწვევები, დაგეგმოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ სფეროში გარემოსდაცვითი ინტერესების რეალიზაციის გასაუმჯობესებლად და ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და პასუხისმგებელი პირების მიერ მისი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით მედიაციის ხელშეწყობისთვის;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელოს კომპლექსური ნაბიჯების დაგეგმვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციისთვის, მათ შორის, განსაზღვროს პასუხისმგებელი უწყებები და ვადები შესაბამისი უწყებათაშორისი კომისიის დასკვნაში აღნიშნული მონიტორინგის განხორციელებისა და სოფლის მცხოვრებთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად.
13. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
ა) დაასრულოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელოს და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ სახელმძღვანელოს განახლება და პრაქტიკაში დანერგვა;
ბ) შეისწავლოს მოპოვებითი საქმიანობის ფარგლებში არსებული გამოწვევები, დაგეგმოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ სფეროში გარემოსდაცვითი ინტერესების რეალიზაციის გასაუმჯობესებლად და ეფექტიანი საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად.
14. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა:
ა) შეისწავლოს და შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით გადახედოს 1+4 სტაჟირების პროგრამის ეფექტიანად განხორციელების გაუმჯობესებულ ინსტრუმენტებს, აგრეთვე დაგეგმოს ამ პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესრულებისა და მისი ეფექტიანობის გაზრდის გზები. შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის მოთხოვნები და სტაჟირების მოსალოდნელი შედეგები პროგრამის მონაწილეებისთვის, დაინერგოს შეფასების უფრო ცხადი ინსტრუმენტები და ახალგაზრდების უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები და სხვა;
ბ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან ეროვნული უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმების საქართველოს პარლამენტში შექმნის საკითხზე;
გ) ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებით;
დ) გააგრძელოს მუშაობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021−2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ინტერეთნიკური და ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს მათი ეფექტიანად განხორციელება თემთა შორის უკონფლიქტო ურთიერთობების განვითარებისთვის.
15. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებამდე უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევების ჩატარება და მათ შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშაონ სხვადასხვა ტიპის სერვისები ყველა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინებით;
ბ) უზრუნველყონ ქალებისთვის ტრანსპორტის ადეკვატური ხელმისაწვდომობა (მათ შორის, არასამუშაო დღეებში/საათებში) და გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (გარე განათება, საფეხმავლო გზები, დასასვენებელი ადგილები, გაჩერებები და სხვა) მოწყობისას გაითვალისწინონ სპეციალური საჭიროების მქონე ქალთა საჭიროებები;
გ) შეისწავლონ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა საჭიროებები საკვების ხელმისაწვდომობის კუთხით, შეაგროვონ სათანადო სტატისტიკური მონაცემები და ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, საჭიროების შესაბამისად, საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოიძიონ დამატებითი სახსრები და გაზარდონ მუნიციპალიტეტის მიმდინარე და მომავალი წლების ბიუჯეტები;
დ) უზრუნველყონ, რომ გორის, თბილისის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიებმა სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები პირები უზრუნველყონ ადამიანის ღირსეული ცხოვრების შესაბამისი, ალტერნატიული საცხოვრებლით;
ე) უზრუნველყონ, რომ ხონის, ხარაგაულის, ჩოხატაურის, სენაკის, სამტრედიის, საგარეჯოს, რუსთავის, ოზურგეთის, მესტიის, მარტვილის, თეთრი წყაროს, ზუგდიდის, ვანის, დუშეთის, დმანისის, გორის, ბოლნისის, ამბროლაურისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერიებმა პირთათვის სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად პრიორიტეტი მიანიჭონ გრძელვადიან საცხოვრებლებს და შექმნან საბინაო ფონდი;
ვ) უზრუნველყონ ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური განათლების პრინციპებზე, შშმ ბავშვების უფლებრივ გარანტიებზე, სწორ მიდგომებზე/ტერმინებზე, ადრეული ინტერვენციის, სკოლამდელი აღზრდის, თანატოლებთან სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობაზე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების როლსა და რთული ქცევის პოზიტიურ მართვაზე ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული შეხვედრების გამართვა (ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართულობით) მოსახლეობასთან, საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელების მშობლებთან;
ზ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომების გამართვა მისი დებულებით გათვალისწინებული პერიოდულობით;
თ) პრიორიტეტი მიანიჭონ საბავშვო ბაღების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მშენებლობას/რეაბილიტაციას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში;
ი) მუნიციპალური სერვისების ფარგლებში აქტიურად იმუშაონ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ადრეული გამოვლენის, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათთვის მოქნილი ადგილობრივი პროგრამების შეთავაზების მეშვეობით ამ ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის;
კ) მუდმივად შეაგროვონ მონაცემები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესაფასებლად (მოამზადონ ხანდაზმულთა საჭიროებების შეფასების დოკუმენტი), ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები, ეს პროგრამები ასახონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და საჭიროების შემთხვევაში გაზარდონ აღნიშნული ბიუჯეტი და მოიძიონ დამატებითი სახსრები;
ლ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყონ პედაგოგთა (მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა) გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მათთვის მიწოდება;
მ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა უზრუნველყონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე ხელმისაწვდომობა;
ნ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა უზრუნველყონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული, საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების) ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე;
ო) დაიანგარიშონ განსახორციელებელი ეკომიგრაციის პრევენციული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება;
პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია განსახორციელებელი ეკომიგრაციის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ჟ) უზრუნველყონ, რომ აბაშის, ლანჩხუთის, ნინოწმინდის, თერჯოლის, ბაღდათის, ლენტეხისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას მოახდინონ ფინანსების მობილიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად;
რ) უზრუნველყონ, რომ დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა შეიმუშაონ და საკრებულოებმა მიიღონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები;
ს) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით დაამტკიცონ უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ მომსახურების მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასა და ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები;
ტ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში/სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
16. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:
ა) ინტენსიურად გააგრძელოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური სატელევიზიო გამოშვებების პოპულარიზაცია აუდიტორიის გასაზრდელად;
ბ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტების (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტების) ხელმისაწვდომობას ტრანსლაციის ყველა არსებული საშუალებით, აგრეთვე უზრუნველყოს ამ მედიაპროდუქტების პოპულარიზაცია.
17. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ:
ა) წარმოადგინოს წინადადებები პირებთან შრომითი ურთიერთობის აღდგენასთან ერთად მათთვის იძულებითი განაცდური თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის აღსრულების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით;
ბ) წარმოადგინოს წინადადებები უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის (გამოსახლების) საქმეთა ნაკადის სამართლიანად მართვის მიზნით მესაკუთრეთა უფლებების დაკმაყოფილების გაუმართლებელი დაყოვნების თავიდან ასაცილებლად.
18. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ:
ა) დაიწყოს მუშაობა პაციენტის დაზიანების დოკუმენტირების ისეთი ფორმის შემუშავებაზე, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო პერსონალი შეავსებს, თუ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ თავად პაციენტი განაცხადებს ან სამედიცინო პერსონალს წარმოეშობა ეჭვი მის მიმართ ასეთი მოპყრობის შესახებ; იმავდროულად, განსაზღვროს ექიმის მიერ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების წესი;
ბ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში გადაყვანილი გამოსაკვლევი პირის სომატური მკურნალობის უწყვეტობის საკითხის უკეთ დარეგულირების მიზნით ითანამშრომლოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან ამ პირის თანხმობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად;
გ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ბიუჯეტის გაზრდით უზრუნველყოს დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელფასებისა და რაოდენობის გაზრდა, აგრეთვე გამოყოს ფინანსური რესურსი მათ მიერ უწყვეტი განათლების მიღებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.
19. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო სამსახურის ბიურომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შეიმუშაოს ახალი დასაქმების პროგრამები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად.
20. თანამდებობის პირებმა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს დაიცვან უფლებადამცველების საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები, მათ შორის, თავი შეიკავონ უფლებადამცველების დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან და ხელი შეუწყონ მათ საქმიანობას, ამასთანავე, უზრუნველყონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების არსებითი ჩართულობა და თავიდან აიცილონ შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა იმის მიხედვით, თუ რამდენად მიუღებელია მათ მიერ გამოხატული პოზიციები.
21. ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა:
ა) კერძოდ, შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა“, შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ თითოეული პაციენტი უზრუნველყონ სტანდარტით დადგენილი 8 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით;
ბ) უზრუნველყონ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2022 წლის ანგარიშში (თავი „უსაფრთხო და თერაპიული გარემო“) აღწერილი პრობლემების გადაჭრა და მიღებული ზომების შესახებ აცნობონ საქართველოს სახალხო დამცველს.
22. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №1910-IXმს-Xმპ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად.
23. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2024 წლის 1 მარტამდე.
24. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი
თბილისი,
1 ნოემბერი 2023 წ.
N3600-XIIIმს-Xმპ