„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№293/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016778
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №293/04

2023 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2015; ს/კ: 220090000.18.011.016159) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების (შემდგომში – ბანკი) მიერ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდებისათვის.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულებაში მოყვანილი განმარტებები ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტს – „ბასს 24“-სა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის „ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებს“. იმ შემთხვევაში, თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება, ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებული სტანდარტებითა და არსებული საუკეთესო პრაქტიკით და აცნობოს ეროვნულ ბანკს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ –„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაკავშირებული მხარე (პირი) - ბანკთან  ან/და მის კონტროლს ან/და ერთობლივ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებთან დაკავშირებული შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირები:

ა.ა) ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრი ან მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირი, თუ:

ა.ა.ა) მას აქვს ან გასული 12 თვის განმავლობაში ჰქონდა კონტროლი ან/და ერთობლივი კონტროლი ბანკზე;

ა.ა.ბ) მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბანკზე;

ა.ა.გ) ის არის ან გასული 12 თვის განმავლობაში იყო ბანკის ან მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი საწარმოს  უმაღლესი მენეჯმენტის წევრი;

ა.ა.დ) ის ფლობს ან გასული 12 თვის განმავლობაში ფლობდა ბანკის მნიშვნელოვან წილს.

ა.ბ) საწარმო (ასევე, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი), თუ სრულდება ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე:

ა.ბ.ა) საწარმო და ბანკი არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ ერთი ჯგუფის წევრები (მშობელი, შვილობილი ან მშობელი საწარმოს შვილობილი არის დაკავშირებული დანარჩენებთან);

ა.ბ.ბ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მეორეს ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო ან ერთ-ერთი მათგანი არის იმ ჯგუფის წევრის ასოცირებული, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ერთობლივი საწარმო, რომლის წევრიცაა მეორე საწარმო, ან თუ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა გასული 12 თვის განმავლობაში;

ა.ბ.გ) ბანკი და საწარმო არიან ან გასული 12 თვის განმავლობაში იყვნენ მესამე საწარმოს ერთობლივი საწარმოები;

ა.ბ.დ) საწარმოსა და ბანკს შორის ერთ-ერთი არის მესამე პირის ერთობლივი საწარმო, ხოლო მეორე მათგანი არის აღნიშნული მესამე პირის ასოცირებული საწარმო, ან თუ აღნიშნული ვითარება ვრცელდებოდა გასული 12 თვის განმავლობაში;

ა.ბ.ე) საწარმო წარმოადგენს ბანკის ან ბანკთან დაკავშირებული საწარმოს თანამშრომელთა დასაქმების შემდგომი პერიოდის სარგებლის სქემას;

ა.ბ.ვ) საწარმო ექვემდებარება ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის კონტროლს ან ერთობლივ კონტროლს;

ა.ბ.ზ) ამ მუხლის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საწარმოზე ან აღნიშნული პირი არის საწარმოს (ან მშობელი საწარმოს) უმაღლესი მენეჯმენტის წევრი.

ა.ბ.თ) საწარმო ან იმ ჯგუფის წევრი ნებისმიერი საწარმო, რომელიც უწევს ან გასული 12 თვის განმავლობაში უწევდა ბანკს ან მის მშობელ საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის პერსონალით მომსახურებას.

ა.გ) ამ დებულების მიზნებისთვის, დაკავშირებული მხარეები არ მოიცავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და მხოლოდ მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ სახეზე არ გვაქვს „ა.ა.ა“ და „ა.ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევები.

ბ) დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქცია - რესურსების, მომსახურებების ან ვალდებულებების გადაცემა ბანკსა და დაკავშირებულ მხარეს შორის მისი საფასურის მიუხედავად, მათ შორის:

ბ.ა) საქონლის (მზა ან დაუსრულებელი პროდუქციის) ყიდვა ან გაყიდვა;

ბ.ბ) უძრავი ქონების ან სხვა აქტივების ყიდვა ან გაყიდვა;

ბ.გ) მომსახურების გაწევა ან მიღება;

ბ.დ) იჯარა;

ბ.ე) სამშენებლო ხელშეკრულება;

ბ.ვ) სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ტრანზაქციები;

ბ.ზ) ტრანზაქციები ფინანსური გარიგებების ფარგლებში (მათ შორის, სესხები, დეპოზიტები და საკუთარ კაპიტალში შენატანები ნაღდი ფულით ან ნატურით);

ბ.თ) გარანტიების გაცემა ან უზრუნველყოფის მიწოდება;

ბ.ი) ტრანზაქცია მესამე მხარესთან დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით;

ბ.კ) რაიმეს შესრულების პირობის გაცემა იმ შემთხვევისათვის, თუ მომავალში მოხდება ან არ მოხდება კონკრეტული მოვლენა, მათ შორის, აღსრულების მოლოდინში მყოფი ხელშეკრულებები (აღიარებული და არაღიარებული);

ბ.ლ) ვალდებულებების დაფარვა საწარმოს სახელით ან საწარმოს მიერ დაკავშირებული მხარის სახელით;

ბ.მ) მიმდინარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის გადახედვა, მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათების მიცემა, უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება;

ბ.ნ) რისკის პოზიციის ჩამოწერა ან აღდგენა.

გ) უმაღლესი მენეჯმენტი - ფიზიკური პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საწარმოს საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის, საწარმოს ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;     

დ) კონტროლი - საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; კონტროლის დამოკიდებულების განსაზღვრისას ბანკმა ასევე უნდა იხელმძღვანელოს „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართით გათვალისწინებული ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქციით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მნიშვნელოვანი გავლენა - საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი. მნიშვნელოვანი გავლენის განსაზღვრისას გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №153/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლი.“;

გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია);

მ) ფიზიკური პირის ოჯახის წევრები და მასთან სხვა გზით დაახლოვებული პირები - პირები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ ფიზიკურ პირზე, ან თავად იყვნენ ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საწარმოსთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვისას, მათ შორის:

მ.ა) ნათესავები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან;

მ.ბ) მუდმივ თანაცხოვრებაში მყოფი პირები და მათი შვილები, ვისთან ერთადაც   შესაბამისი პირი ეწევა საერთო მეურნეობას;

მ.გ) ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ფიზიკურ პირთან ახლო საქმიანი, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირიდან გამომდინარე, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ფიზიკურ პირზე, ან თავად იყოს ფიზიკური პირის გავლენის ქვეშ საქმიანი ურთიერთობების/აქტივობების წარმოებისას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის:

მ.გ.ა) ერთსა და იმავე საწარმოში წილის ფლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია აღნიშნული წილის მატერიალურობა, ინვესტიციის მოცულობა ან/და პროექტის მნიშვნელობა;

მ.გ.ბ) მსესხებლისათვის უზრუნველყოფის საშუალების, მათ შორის, თავდებობის მიწოდებას; აღნიშნული არ მოიცავს დეველოპერული პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებას ან/და იმ უძრავი ქონების მცირე ვადით იპოთეკით დატვირთვას, რომლის მფლობელი დაკავშირებული მხარეა და გაყიდვისას უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებაში გადასვლამდე ამ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით დატვირთვა ხდება;  

მ.გ.გ) თანამსესხებლობას.“;

დ) „ო“ –„რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) რისკის პოზიცია – აქტივი, გარესაბალანსო ელემენტი ან/და პოტენციური მოთხოვნა (კაპიტალში ინვესტიციის გეგმის განცხადება, მოთხოვნის შექმნის დაპირება, რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის უზრუნველყოფით, მათ შორის, თავდებობის მიწოდებით და სხვ.);

პ) მატერიალური რისკის ამღები პირი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მატერიალური რისკის ამღებ პირთა იდენტიფიცირების ინსტრუქციის მიხედვით ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ბანკის თანამშრომელი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბანკის რისკის პროფილზე;

ჟ) საზედამხედველო არბიტრაჟი - ბანკის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ეკონომიკურ ნორმატივებთან, ლიმიტებთან, შეზღუდვებთან ან სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იმგვარი დამუშავება/წარმოდგენა ან/და ტრანზაქციის ისეთი ფორმით განხორციელება, ან/და სხვა იმგვარი ქმედება, რაც იმავე რისკ(ებ)ის შენარჩუნების პირობებში იწვევს კანონმდებლობის, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და შეზღუდვების თავიდან არიდებას ან არამართლზომიერ შემსუბუქებას;

რ) რისკის პოზიციის ღირებულება – აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტებისთვის „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ (შემდგომში - ბაზელ III-ის დებულება) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ღირებულება, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იმავე დებულების XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად რისკის კატეგორიისა აიღება 100%, ხოლო იმავე დებულების XVI თავით განსაზღვრული სავალუტო და საპროცენტო კონტრაქტებისთვის,  სახელშეკრულებო ღირებულების მინიმუმ 10%. ხოლო, პოტენციური მოთხოვნების შემთხვევაში რისკის პოზიციის ღირებულება არის პოტენციური მოთხოვნის ღირებულების ტოლი;“;

ე) „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“-„ქ“ ქვეპუნქტები:

„ს) მნიშვნელოვანი წილი - პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ბანკის განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მიერ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა;

ტ) საინვესტიციო რეიტინგი – ბაზელ III-ის დებულების მიხედვით აღიარებული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტის (Fitch, Moody’s, Standard&Poor’s) შეფასება, რომელიც ტოლია ან აღემატება „BBB-“ ან „Baa3“ რეიტინგს;

უ) გაშლილი მკლავის პრინციპი - ტრანზაქციის საბაზრო პირობებით განხორციელების პრინციპი, როდესაც დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების  პირობები არ არის უფრო შეღავათიანი, ვიდრე არადაკავშირებულ მხარეებთან იმავე ვითარებაში განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციები; 

ფ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი - ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციები, მრავალმხრივი განვითარების ბანკები და ამ დებულების დანართი №1-ით განსაზღვრული ორგანიზაციები;

ქ) კომერციული ბანკი – ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განმარტებული ბანკი და სხვა ქვეყანაში ლიცენზირებული კომერციული ბანკები.“.

 3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების წარმართვა გაშლილი მკლავის პრინციპით. ამავდროულად, ბანკი უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად და საკუთარი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გაშლილი მკლავის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზის პროცესში, თუ ბანკის შიგნით ანალოგიური ტრანზაქცია არ არის ხელმისაწვდომი, ბანკმა უნდა მოიკვლიოს ბაზარზე განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების პირობები. ბანკმა შიდა პოლიტიკაში უნდა ასახოს ტრანზაქციების ანალოგების განსაზღვრის მეთოდოლოგია, რაც უნდა ითვალისწინებდეს ვადას, ვალუტას, ხანდაზმულობას, ტრანზაქციის შინაარსს და ა.შ. ამასთან, აღნიშნული ანალოგიური ტრანზაქციები თავსებადი უნდა იყოს ბანკის რისკის პროფილთან, ბიზნეს და ფასდადების მოდელებთან.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დაკავშირებული მხარის იდენტიფიცირებისათვის, პოტენციურ დაკავშირებულ მხარეებს შორის ურთიერთობისას ყურადღება უნდა მიექცეს ურთიერთობის შინაარსს და არა მხოლოდ ფორმალურ მხარეს.“;

დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაკავშირებულ მხარეთა იდენტიფიცირებისთვის ბანკს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს დაკავშირებულ მხარეებზე ინფორმაციის შეგროვების პროცედურა, რაც უნდა მოიცავდეს ბანკის უმაღლესი მენეჯმენტისგან, თანამშრომლებისგან, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისგან, საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმოებისგან ინფორმაციის პერიოდული გამჟღავნების ვალდებულებას. ამასთან, ბანკს უნდა ჰქონდეს მატერიალური ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ შეგროვების პროცედურა.

5. ბანკმა უნდა მიიღოს ზომები ამ დებულების მე-2 მუხლის „მ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისათვის. ამისთვის ბანკი, სულ მცირე, უნდა აწარმოებდეს უმაღლესი მენეჯმენტის წევრებთან  და ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე აქციონერებთან იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის პერიოდულ განახლებას. აგრეთვე, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული ახლო  ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირის მქონე პირების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ხორციელდებოდეს მათი დაკავშირებული პირებისათვის მიკუთვნება და მათთან შემდგომი საქმიანი ურთიერთობების ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. კონკრეტული ბანკის რისკის გარემოდან გამომდინარე, ბანკმა უნდა განსაზღვროს დამატებითი მიდგომები და პოლიტიკები ასეთი პირების ეფექტიანი იდენტიფიცირებისა და ინტერესთა კონფლიქტის არიდებისათვის.“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ბანკებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციებისათვის აუცილებელი უზრუნველყოფის საშუალების სახეები და მოცულობა, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. დებულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფის სახეებისა და რისკის პოზიციასთან შედარებით უზრუნველყოფის მინიმალური დასაშვები მოცულობების შესახებ ინფორმაციას, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დებულების 61 მუხლის მოთხოვნებთან.“;

ვ) მე-11-მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ ანგარიშგებას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკთან, ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.

12. ბანკის რისკების მართვის ფუნქციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და გააკონტროლოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა წყარო. მათ მიერ გამოვლენილი არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგები უნდა ეცნობოს სამეთვალყურეო საბჭოსა და ეროვნულ ბანკს.

13.  ბანკის შიდააუდიტორული სამსახური ვალდებულია საკუთარი გეგმის ფარგლებში განახორციელოს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების ამ დებულებასთან შესაბამისობის აუდიტი გონივრული პერიოდულობით, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შიდა აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.

14. ინტერესთა კონფლიქტის მაქსიმალურად არიდების მიზნით, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ მატერიალური რისკის ამღები პირების, რომლებიც მოცემული დებულების მიზნებისათვის არ წარმოადგენენ უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს, ტრანზაქციებზე ადეკვატური ზედამხედველობა და კონტროლი. ბანკში არსებული უფლებამოსილებათა და მათი დელეგირებათა სისტემების  გათვალისწინებით, ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი ყველა ის საჭირო პროცესი, რაც ამ დებულებით მოითხოვება დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ბანკების პროცესები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბანკის მატერიალური რისკის ამღებმა პირებმა არ მიიღონ მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცებაში ან ისეთ ტრანზაქციებში, საიდანაც მათ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი ელის.“. 

 4. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულება“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებიდან (რომელიც არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ამ დებულებასთან) საჭიროებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებულ დასტურსა და დოკუმენტირებას. ასეთი დასაშვები  გადახვევების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებში და შესაბამისად მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.“.

 5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკი ვალდებულია დაკავშირებულ მხარეებთან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტრანზაქციები განახორციელოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული ლიმიტებით დასაშვები შემთხვევებისა.

2. დაუშვებელია, ამ პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებს ზემოთ, სამეთვალყურეო საბჭომ ბანკის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე დაადელეგიროს დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციების დამტკიცების უფლებამოსილება:

ა) დაკავშირებული იურიდიული პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციების მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 500,000  (ხუთასი ათასი) ლარს;

ბ) დაკავშირებული ფიზიკური პირის მიმართ რისკის პოზიციის ზრდა, რომლის შედეგადაც მოცემული პირის მიმართ რისკის პოზიციების ნაშთი აჭარბებს 500,000  (ხუთასი  ათასი) ლარს;

გ) დაკავშირებულ მხარესთან ისეთი ტრანზაქციის განხორციელება, რომლის შედეგადაც პროდუქციისა თუ მომსახურების სანაცვლოდ ბანკში შემოდინებული ან ბანკიდან გადინებული ფულადი ნაკადების ჯამური წლიური ოდენობა აღემატება 200,000 (ორასი ათასი) ლარსა და ბანკის ბოლო საანგარიშგებო თვის მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ს შორის მაქსიმალურ ოდენობას;

დ) დეპოზიტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შექმნა დაკავშირებული მხარის მიმართ, რომლის შედეგად მოცემული მხარის მიმართ რისკის პოზიციის მიმდინარე ნაშთი აჭარბებს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარს. ამასთან, აღნიშნული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს;

ე) დაკავშირებული მხარის მიმართ არსებულ რისკის პოზიციაზე უზრუნველყოფის საშუალების ჩანაცვლება, თუ აღნიშნული პირის მიმართ რისკის პოზიციის ნაშთი აჭარბებს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზღვრების ფარგლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ თავად უნდა განსაზღვროს ბანკისათვის მიზანშეწონილი ლიმიტები და აღნიშნული ასახული უნდა იქნეს ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი ლიმიტების განსაზღვრისას სამეთვალყურეო საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბანკში არსებული გარემო, ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური საფრთხეები და მათი მართვის დონე.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხილვები და მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ უნდა გაფორმდეს სხდომის ოქმებში და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სხდომებზე გამოყენებულ სხვა დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია ნებისმიერ დაკავშირებულ მხარესთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა, რომლის ხარისხიც წარმოქმნის მომენტისათვის არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას. ამასთან, რისკის პოზიციას არ უნდა ჰქონდეს მაღალი საკრედიტო რისკის სტატუსი. დამატებით, მსესხებლის ლიკვიდობა, კაპიტალი და გადახდისუნარიანობა  უნდა იყოს სტაბილური. ასევე, მსესხებელი უნდა იყოს ფინანსურად ძლიერი, გააჩნდეს საშუალო სიმძიმის სტრესის შედეგების უმტკივნეულოდ შთანთქმის უნარი, უნდა ჰქონდეს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს მოულოდნელი მოვლენების უარყოფითი ზეგავლენა, ასრულებდეს მომგებიანობასთან დაკავშირებულ მიზნებს და ჰქონდეს საკმარისი ლიკვიდობა, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული რისკის პოზიცია. სესხის რესტრუქტურიზაცია დასაშვებია, თუ აღნიშნულ პროცესში არ იქმნება დამატებითი რისკის პოზიცია.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აკრძალულია ბანკის დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის განხორციელების მიზნით, მესამე მხარესთან ტრანზაქციის განხორციელება, ისეთი ფორმით, რაც გამოიწვევს ამ დებულების მოთხოვნებისგან თავიდან არიდებას.“;

გ) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბანკს ნებისმიერ დროს ეკრძალება რისკის პოზიციის შექმნა მისი დაკავშირებული მხარის მიმართ, თუ მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 110%-ზე ნაკლებია, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ბანკმა არ უნდა გამოათავისუფლოს უზრუნველყოფის საშუალება რისკის პოზიციის მთლიანი ვადის განმავლობაში, თუ ამის შედეგად ირღვევა ამ პუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტი.

4. მიღებული უზრუნველყოფის საშუალების სამართლიანი ღირებულების რისკის პოზიციის  ღირებულებასთან თანაფარდობის ლიმიტი არ უნდა იყოს შიდა პოლიტიკებითა და პროცედურებით დაშვებულ ქვედა ზღვარზე ნაკლები. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დაურღვევლად, აღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დეტალურად უნდა იყოს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადეკვატურად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ბანკს უნდა შეეძლოს მათ შესახებ მონაცემების ანგარიშგება.

5. დასაშვებია დაკავშირებული მხარის  მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს დეპოზიტი, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის ღირებულების 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ასევე, დასაშვებია დაკავშირებული მხარის  მიმართ რისკის პოზიციის შექმნა, თუ მიღებულ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან უცხოეთში ლიცენზირებული საინვესტიციო რეიტინგის მქონე ბანკის გარანტია, რომლის სამართლიანი ღირებულება რისკის პოზიციის 100%-ზე მეტი ან ტოლია და თუ აღნიშნული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ეროვნული ბანკისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ის დამატებითი შემთხვევები, როცა ბანკს უფლება აქვს გასცეს არაუზრუნველყოფილი სესხები დაკავშირებულ მხარეებზე. აღნიშნული დეტალურად უნდა იქნეს ასახული ბანკის ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემდეგი რისკის პოზიციები:

ა) ინვესტიციები;

ბ) პოტენციური მოთხოვნები, რომელებიც წარმოიქმნება არადაკავშირებული მხარეების მიმართ არსებული რისკის პოზიციის უზრუნველსაყოფად დაკავშირებული მხარის მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდის დაგირავებით, თუ ჩატარებულია მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი და ამ სესხის დაფარვის წყაროს არ წარმოადგენს დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდისგან მიღებული შემოსავლები;

გ) პოტენციური მოთხოვნები თავდებობის მიმწოდებლის/თანამსესხებლის მიმართ, როდესაც თავდები/თანამსესხებელი არის დაკავშირებული პირი, რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია ამ დებულების 61 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივით და კმაყოფილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნა;  

დ) საკრედიტო ხელშეკრულებების აუთვისებელი ნაწილები, თუ  ყოველი ტრანშის ათვისების წინაპირობას წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაცვა;

ე) საოპერაციო იჯარის ფარგლებში აღიარებული რისკის პოზიციები;

ვ) მოკლევადიანი რისკის პოზიციები, რომლებიც წარმოიქმნება პროდუქციისა და მომსახურების სანაცვლოდ ჩვეულებრივი საქმიანობს ფარგლებში ტრანზაქციების განხორციელებისას;

ზ) დაკავშირებულ კომერციულ ბანკებთან არსებული ნოსტრო ანგარიშები.“;

ვ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე  (მოქმედი) და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი. უზრუნველყოფის ხელშეკრულების სამართლებრივ აღსრულებადობაში დარწმუნების მიზნით, ბანკს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი მოკვლევა;

ბ) ბანკისთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით  არ უნდა არსებობდეს უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებული რაიმე სახის ისეთი გარემოებები და შეზღუდვები, რაც მოვალის დეფოლტის შემთხვევაში ბანკს პოტენციურად შეუზღუდავს შესაძლებლობას, რომ დროულად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე მოახდინოს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული აქტივების რეალიზაცია ან/და დასაკუთრება;

გ) უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა იყოს შესაძლებელი;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასება ყველა ეტაპზე  უნდა შესრულდეს გარე შემფასებლის მიერ და უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული  აქტივის შინაარსიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს შეფასების დასაშვები ხანდაზმულობა;

ე) უზრუნველყოფის საშუალება უნდა იყოს იდენტიფიცირებადი და უნდა არსებობდეს ბანკის მხრიდან მასზე კონტროლი შესაძლო რისკების აღმოსაფხვრელად დროული რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, ბანკი უნდა აფასებდეს რისკის პოზიციის უზრუნველყოფის შემცირების ან გაუქმების რისკებს; 

ვ) უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკით/გირავნობით  დატვირთვის ვადა, სულ მცირე, უნდა იყოს საკრედიტო მოთხოვნის დარჩენილი ვადის ტოლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, უზრუნველყოფის საშუალებასთან დაკავშირებით ბანკის მიერ სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული/დასაბუთებული:

ა) უზრუნველყოფის საშუალების ლიკვიდურობა და მისი ღირებულების ისტორიული სტაბილურობა;

ბ) არსებობს თუ არა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულებას, აქტივთან დაკავშირებულ ბიზნესსაქმიანობასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შემუშავებული და დოკუმენტირებული ჰქონდეს აღნიშნული რისკების მართვის მექანიზმები ან/და სამოქმედო გეგმა და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;

გ) უზრუნველყოფის საშუალების კომპლექსურობა და მისი თანმდევი  რისკები;

დ) მსესხებლის დეფოლტის მაქსიმალური ალბათობა და დეფოლტის შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი გონივრულ ვადაში გადახდისუუნარობის/გაკოტრების პროცედურების დაწყება ან/და უზრუნველყოფის საშუალების ბანკის მიერ რეალიზაცია/დასაკუთრება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარე შეფასება არ მოითხოვება სახელმწიფო და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობად საინვესტიციო რეიტინგის მქონე ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასება და დასაბუთება ბანკს  სესხის გაცემამდე  უნდა ჰქონდეს დოკუმენტირებული და საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია, ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შესაბამისი მოთხოვნილი ინფორმაცია.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული  პროცედურული და ტექნიკური საკითხები, ბანკის მხრიდან დეტალურად უნდა იქნეს ასახული შესაბამის პოლიტიკა-პროცედურების დოკუმენტებში.

6. უზრუნველყოფის საშუალებები უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი ტიპის აქტივებიდან ერთ-ერთს:

ა) უძრავი ქონება;

ბ) ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ან ბანკის მიერ გამოშვებული ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ბაზელ III-ის დებულებით განსაზღვრულ კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის კრიტერიუმებს;

გ) გარანტიები, რომლებსაც ბაზელ III-ის დებულების მიხედვით ენიჭებათ 0% რისკის წონა. ასევე, ის გარანტიები, რომლებიც გაცემულია ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების ან/და საინვესტიციო რეიტინგის მქონე ორგანიზაციების   მიერ;

დ) საინვესტიციო რეიტინგის სავალო ფასიანი ქაღალდები და საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები;

ე)  სტანდარტული ოქროს ზოდი;

ვ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები;

ზ) საკრედიტო და სალიზინგო პორტფელი; 

თ) საწარმოო მანქანა-დანადგარები;

ი) ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უზრუნველყოფის სხვა საშუალება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ბანკი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შეფასებას/დასაბუთებას.

7. დაკავშირებული მხარის ფასიანი ქაღალდის დასაკუთრების შემთხვევაში ბანკმა 6 თვის ვადაში უნდა მიიღოს ზომები მისი რეალიზაციისთვის.“.  

 8. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთი დაკავშირებული მხარის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაკავშირებული მხარე მშობელი კომერციული ბანკი ან/და შვილობილი კომერციული ბანკია, რისკის პოზიციის ღირებულება, არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 5%-ს.

2. ყველა დაკავშირებული მხარის, მათ შორის, მშობელი კომერციული ბანკის ან/და შვილობილი კომერციული ბანკის მიმართ, რისკის პოზიციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს.“.

9. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური საინფორმაციო სისტემები დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციის მონიტორინგისათვის. ნებისმიერი გადახვევა პოლიტიკიდან, პროცესიდან თუ ლიმიტიდან დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და  ეროვნულ ბანკს.

2. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო კვარტალურად უნდა იღებდეს ანგარიშგებას დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების დეტალურ აღწერას. ასეთი ანგარიშგება მიზანშეწონილი დეტალურობით უნდა ასახავდეს ტრანზაქციებს მათი სახეებისა და დაკავშირებული მხარების სახეების ჭრილში. დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ანგარიშგებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინდივიდუალურად.  ანგარიშგება, მათ შორის, უნდა ასახავდეს:

 ა) დაკავშირებული მხარეების მიმართ რისკის პოზიციების ხარისხს, კერძოდ, ვადაგადაცილებებსა და მათზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვს, ასევე განხორციელებულ ჩამოწერებს;

ბ) დადგენილი ლიმიტებიდან დასაშვები  გადახვევების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას;

გ) დაკავშირებულ მხარეებთან მატერიალური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. ბანკს შიდა პოლიტიკით უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მატერიალურობის ზღვარი.“.

10. მე-9 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ხელი უნდა შეუწყონ დაკავშირებული მხარეების იდენტიფიცირების პროცესს და აღნიშნულის მიზნით ვალდებული არიან მიაწოდონ ინფორმაცია ბანკს მათთან დაკავშირებულ მხარეებზე. ასეთი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.

5. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა არ უნდა მიიღონ (გასცენ) ბანკისგან ან საბანკო ჯგუფის წევრთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან ისეთი ანაზღაურება, რომელიც აღემატება ფაქტობრივად გაწეული სამსახურის სამართლიან ღირებულებას.

6. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრები ვალდებული არიან თავად ან ბანკის საშუალებით ყოველი წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია წლის განმავლობაში  მათ მიერ ბანკის ან ბანკის მშობელი საწარმოს აქციების ყიდვა-გაყიდვის, მათი წარმოებული თუ მათთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. თუ უმაღლესი მენეჯმენტის წევრის მიერ განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების მოცულობა (ტრანზაქციის ღირებულება ან აქციების ღირებულება, რომელთა წარმოებული ინსტრუმენტებითაც განხორციელდა მოცემული ტრანზაქცია) უკანასკნელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში გადააჭარბებს 200, 000 ლარს, ინფორმაცია ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს აღნიშნული მოვლენის დადგომიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებმა ეროვნულ ბანკს ასევე უნდა წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მათთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ანალოგიური ტრანზაქციების შესახებ ამ პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობით. წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფინანსური ინსტრუმენტის დახასიათებას, ტრანზაქციის სახეს (მაგ. ყიდვა, გაყიდვა), განხორციელების დროს, ადგილს, მის ფასსა და მოცულობას, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს.“.

11. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოსთხოვოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია მატერიალური რისკის ამღები პირების დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების შესახებ.“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“-„მ“ ქვეპუნქტები:

„კ) მოსთხოვოს ბანკს დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების დამტკიცება სამეთვალყურეო საბჭოს მხოლოდ დამოუკიდებელი წევრების მიერ;

ლ) მოსთხოვოს ბანკს აღიარებული უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შეფასება, მათ შორის, მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ;

მ) მოსთხოვოს ბანკის შიდა აუდიტის ფუნქციას კონკრეტული ტრანზაქციის, დაკავშირებული მხარეების სიის ან/და სხვა დაკავშირებული საკითხის შემოწმება.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისი დასაბუთებით, თუ ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ შეთანხმდებიან ბანკის კონკრეტული მომხმარებლის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან ტრანზაქციად აღიარებაზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკს კონკრეტული პირის ან ტრანზაქციის დაკავშირებულ მხარედ ან დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციად აღიარება და კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ეროვნული ბანკის მითითების შესაბამისად.“.

12. დებულებას დაემატოს დანართი №1 თანდართული რედაქციით:

მუხლი 2
1. კომერციული ბანკები ვალდებული არიან, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში, პოლიტიკები და პროცედურები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ბრძანების მოთხოვნებთან.

2. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტიდან დაუშვებელია კომერციული ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ დაკავშირებულ მხარეებთან ისეთი რისკის პოზიციის შექმნა ან/და ზრდა, რომლის შედეგადაც ირღვევა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დებულების 61 მუხლის მე-6 პუნქტის  მოთხოვნები. 

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 12-თვიანი პერიოდი კომერციულმა ბანკებმა უნდა აითვალონ ამ ბრძანების ამოქმედების მომენტიდან.

4. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნიდან  გამონაკლისს წარმოადგენს ასევე, ის პოტენციური მოთხოვნები, რომლებიც წარმოიქმნება დაკავშირებული კომერციული ბანკების მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ არადაკავშირებულ პირზე გარანტიის გაცემისას, თუ ჩატარებულია პრინციპალის გადახდისუნარიანობის ანალიზი და ის გადამხდელუნარიანია. აღნიშნული გამონაკლისი ძალაშია ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 წლის ვადით.

 

მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა




დანართი №1

 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები

1. ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“;

2. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD);

3. საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA);

4. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO);

5. უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC);

6.ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO);

7. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).