„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 24.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია
ნომერი №19-89
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016757
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილია | აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით ხელმოწერილია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მხარეები“:
გამოხატავენ რა ერთგულებას გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი, ასევე საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებისა და ნორმებისადმი;
მიისწრაფვიან რა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით გააძლიერონ თავიანთი მეგობრული კავშირები;
ადასტურებენ რა, რომ მხარეთა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას;
გამოხატავენ რა ერთგულებას მხარეთა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული პატივისცემისადმი;
თავს იკავებენ რა ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან სამხედრო სფეროში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მხარეთა სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს;
ადასტურებენ რა, რომ თანამშრომლობა შესაბამისობაშია მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან, ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკასთან და რომ არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
წინამდებარე შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს მხარეთა შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, ასევე, უზრუნველყოს პრაქტიკული საფუძვლის შექმნა მხარეთა მიერ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მიღებული პროგრამების განსახორციელებლად.
მუხლი 2🔗
თანამშრომლობის სფეროები
მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
სამხედრო განათლება, წვრთნა და სწავლებები;
თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა;
მშვიდობის შენარჩუნებისა და ჰუმანიტარული ოპერაციები;
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა;
იარაღების კონტროლი და განიარაღება;
სამხედრო კანონმდებლობა;
ლოჯისტიკა;
სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობა;
კიბერუსაფრთხოება თავდაცვის სფეროში;
სამხედრო ტოპოგრაფია;
სამხედრო სამედიცინო მომსახურება;
სოციალური, სპორტული და კულტურული ღონისძიებები;
ჰუმანიტარული განაღმვა;
ერთობლივ ინტერესში შემავალი სხვა სფეროები.
მუხლი 3🔗
თანამშრომლობის ფორმები
მხარეთა შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმებით:
ოფიციალური ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები;
ორმხრივი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და გამოცდილების გაზიარება;
საწვრთნელ და სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობა;
საერთო ინტერესში შემავალი ინფორმაციის გაცვლა;
კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
თანამშრომლობის ურთიერთშეთანხმებული სხვა ფორმები.
მუხლი 4🔗
კომპეტენტური უწყებები
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის კომპეტენტური უწყებებია:
საქართველოს მთავრობისთვის: თავდაცვის სამინისტრო;
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობისთვის: თავდაცვის სამინისტრო.
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით მხარეთა კომპეტენტურმა უწყებებმა შეიძლება გააფორმონ თანამშრომლობის შესახებ დამატებითი შეთანხმებები და ყოველწლიური გეგმები.
მხარეები წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეატყობინებენ ერთმანეთს კომპეტენტურ უწყებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას.
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მხარეები საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან და ერთობლივად დაიცავენ „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2011 წლის 26 ოქტომბრის შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ფინანსური საკითხები
თუ მხარეები/კომპეტენტური უწყებები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაიფარება ნაცვალგების საფუძველზე, შემდეგნაირად:
მიმღები მხარე უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო და სტომატოლოგიურ მომსახურებას, ასევე პასუხისმგებელია განთავსების, კვებისა და მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებზე;
გამგზავნი მხარე პასუხისმგებელია მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიამდე და უკან მგზავრობის ხარჯებზე და სხვა ხარჯებზე, გარდა ამ მუხლის “a” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა.
ათზე მეტი პირისგან შემდგარ დელეგაციასთან (დამხმარე პერსონალის ჩათვლით, მაგ. მძღოლები, თარჯიმნები და ა.შ.) მიმართებით დაფინანსების პროცედურა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ დადგინდება მხარეებს/კომპეტენტურ უწყებებს შორის ცალკე წერილობითი შეთანხმებებით.
მუხლი 7🔗
დისციპლინური პროცედურები
გამგზავნი მხარის პერსონალი დაემორჩილება მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, ასევე შესაბამის წესებს, რეგულაციებსა და მისი სამხედრო დაწესებულების წესდებებს.
მიმღები მხარის დაწესებულებები ვერ შეძლებენ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას გამგზავნი მხარის პერსონალზე.
თუ გამგზავნი მხარის პერსონალი დაარღვევს მიმღები მხარის დაწესებულებებში დადგენილ დისციპლინას, მიმღები მხარე აღნიშნული დარღვევების შესახებ შეატყობინებს გამგზავნ მხარეს. გამგზავნი მხარე მიიღებს შესაბამის ზომებს მისი რეგულაციების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ზიანის ანაზღაურება
თითოეული მხარე მეორე მხარეს აუნაზღაურებს მისი პერსონალის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეულ დანაკარგს ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანს.
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოვალეობების შესრულებისას მათი პერსონალის დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში მხარეები არ მოითხოვენ კომპენსაციას, თუ გამოძიება არ დაადგენს, რომ დაშავება ან გარდაცვალება განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით იყო გამოწვეული.
მუხლი 9🔗
დროებითი შეჩერება
თითოეული მხარე უფლებას იტოვებს თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოების, ასევე საზოგადოებრივი მართლწესრიგის, საზოგადოების ჯანმრთელობისა და სხვა ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
მოქმედების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ წინამდებარე შეთანხმების მოქმედება აღდგება.
მხარე, რომელიც აჩერებს/აღადგენს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებას, წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხებით შეატყობინებს მეორე მხარეს მისი განზრახვის შესახებ. შეჩერება/აღდგენა ძალას შეიძენს შეტყობინების მიღების თარიღიდან 24 (ოცდაოთხი) საათის შემდეგ.
მუხლი 10🔗
სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები
წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენს მხარეთა მიერ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელთა მხარეებიც არიან მათი სახელმწიფოები.
მუხლი 11🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ან განხორციელებისას წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების და/ან კონსულტაციების საშუალებით და გადასაწყვეტად არ გადაეცემა რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს ან მესამე მხარეს.
მუხლი 12🔗
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები მხარეთა ურთიერთთანხმობით. ასეთი ცვლილებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 13🔗
ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულმა მხარემ შეიძლება ნებისმიერ დროს წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხებით, შეატყობინოს მეორე მხარეს მისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება. შეთანხმება შეწყდება ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე მათ დასრულებამდე გავლენას არ მოახდენს.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის
სახელით
ხელმოწერილია