ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაია სიჭინავა და დავით სიჭინავა საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაია სიჭინავა და დავით სიჭინავა საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეხუთე სექციის
გადაწყვეტილება
საჩივარი N4496/11
მაია სიჭინავა და დავით სიჭინავა საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ 2023 წლის 15 ივნისს შემდეგი შემადგენლობით:
სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,ლადო ჭანტურია,მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N4496/11) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს წარედგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე 2010 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ორი მოქალაქის, ქ-ნ მაია სიჭინავას და ბ-ნ დავით სიჭინავას მიერ, დაბადებული 1991 და, შესაბამისად, 1992 წლებში და მცხოვრები თბილისში (შემდგომში „მომჩივნები“), ვისაც წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. დეკანოსიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში და ქალბატონი კ. ლევინი, ბ-ნი პ. ლიჩი, ბ-ნი ვ. გრიგოიანი, ქ-ნი ჯ. გავრონი და ქ-ნი ჯ. ევანსი, ლონდონში დაფუძნებული ადვოკატები;
გადაწყვეტილება, გადაეცეს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“) შეტყობინება საჩივრების შესახებ კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების შესაბამისად, რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ლ. მესხორაძე და გამოცხადდეს საჩივრის დარჩენილ ნაწილში მიუღებლად;
მხარეთა მოსაზრებები;
განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმის საგანი
ზოგადი ინფორმაცია
1. საქმე ეხება მომჩივნების გამოსახლებას ბინიდან, რომელიც მათმა მამამ (კ.ს.) გაყიდა მესამე პირზე.
2. 1999 წელს, მომჩივნების მშობლების განქორწინების შემდეგ, მომჩივნებმა განაგრძეს დედასთან ერთად ცხოვრება კ.ს.-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში. 2003 წელს მომჩივნების მამამ ეს ბინა, სანოტარო ჩუქების ხელშეკრულების გზით, გადასცა თავის ქალიშვილს (პირველ მომჩივანს). თუმცა, სამი წლის შემდეგ, მან წარმატებით მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და შემდეგ დაიწყო გამოსახლების პროცესი, თუმცა, წარუმატებლად.
ბინის გაყიდვა და მომჩივნების გამოსახლება
3. 2008 წლის 22 აგვისტოს კ.ს.-მ ბინა, რომელშიც მომჩივნები ცხოვრობდნენ, მიჰყიდა მესამე პირს, ჯ.თ.-ს. 2008 წლის 3 სექტემბერს ბინის ახალმა მფლობელმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომ კ.ს.-მ და მომჩივნებმა ვერ გაათავისუფლეს ბინა და მოითხოვა მათი გამოსახლება. 2008 წლის 23 ოქტომბერს მომჩივნებს გადაეცა პოლიციის შეტყობინება, რომლითაც მათ სთხოვდნენ, ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ბინა. მომჩივნებმა ეს არ გააკეთეს.
4. 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ იმოქმედა ჯ.თ.-ის მოთხოვნის შესაბამისად და უბრძანა კ.ს.-ს და მომჩივნებს ქონების დაცლა. მომჩივნები არ იყვნენ იმ საქმისწარმოების მხარე, რომელიც გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
5. 2009 წლის 24 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2009 წლის 2 სექტემბერს მომჩივნები გამოასახლეს ბინიდან. მომჩივნებმა აღმასრულებელი ორგანოების, თავიანთი მამისა და ბინის ახალი მფლობელის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს სასამართლოში, რომლითაც მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და მოცემულ ბინაში დაბრუნების უფლება. მათი საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 26 ნოემბერს არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 30 აპრილს სააპელაციო საჩივრის განხილვისას. მომჩივნებს არ უსარგებლიათ შესაძლებლობით, უზენაეს სასამართლოში შეეტანათ საჩივარი სამართლებრივი ნორმების დარღვევის თაობაზე.
ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საქმისწარმოება
6. 2008 წლის 1 დეკემბერს მომჩივნებმა წამოიწყეს სამოქალაქო საქმისწარმოება თავიანთ მამასა და ჯ.თ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო თაღლითური შეთანხმება, რომლის ერთადერთი მიზანი იყო მათი ბინიდან გამოსახლება.
7. მომჩივნებმა თხოვნით მიმართეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, გაეთავისუფლებინა ისინი სასამართლო მოსაკრებლის გადახდისგან, რაც შეადგენდა 120 ლარს (დაახლოებით 40 ევრო. მათ თავიანთი მოთხოვნა დააფუძნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილს (იხ. პარაგრაფი 13 ქვემოთ), ამტკიცებდნენ რა, რომ ისინი დარეგისტრირებული იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და არ გააჩნდათ საკმარისი ფინანსური სახსრები. 2008 წლის 5 დეკემბერს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და დაასკვნა, რომ მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს აუცილებელი დამადასტურებელი მტკიცებულება. მომჩივნებმა გადაიხადეს სასამართლო მოსაკრებელი.
8. 2009 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და დაასკვნა, რომ მომჩივნებს არ ჰქონდათ საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. ის ფაქტი, რომ ისინი რეგისტრირებული იყვნენ მობინადრეებად შესაბამის მისამართზე, არანაირ გავლენას არ ახდენდა ქონებაზე მათი მამის საკუთრების ექსკლუზიურ უფლებაზე. სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილი იყო მამის საცხოვრებელი ადგილი ზოგადად და არა კონკრეტული ბინა, ხოლო ის ფაქტი, რომ მამას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები შვილების მიმართ, არ გულისხმობს, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი ბინის გაყიდვის უფლება. გარდა ამისა, რაც შეეხება თავად ქონებას, უპირატესობა ენიჭებოდა კეთილსინდისიერად მოქმედი მყიდველის ინტერესებს.
9. მომჩივნებმა გაასაჩივრეს 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება და იმავდროულად გაიმეორეს თავიანთი მოთხოვნა სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ მათი ახალგაზრდა ასაკისა და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. 2009 წლის 11 ივნისს მათ შეავსეს თავიანთი სააპელაციო საჩივარი სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (ე) ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლებას არასრულწლოვანთა ინტერესებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში (იხ. პარაგრაფი 13 ქვემოთ). სააპელაციო სასამართლომ სხვადასხვა თარიღში უარყო მათი მოთხოვნა, თუმცა რამდენიმეჯერ გაუხანგრძლივა გადახდის საბოლოო ვადა. 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა რა, რომ მომჩივნები არასრულწლოვანები იყვნენ, დაასკვნა, რომ მოსაკრებლისგან გათავისუფლების ან მისი შემცირების პირობები არ იყო დაკმაყოფილებული, რადგან მათ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მომჩივნებმა გადაიხადეს სასამართლო მოსაკრებელი 1200 ლარის ოდენობით (დაახლოებით 400 ევრო).
10. 2010 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სრულად დაეთანხმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არ დააკმაყოფილა მათი სააპელაციო საჩივარი. მან დაასკვნა, რომ მომჩივნების მამა იყო ამ ქონების ერთადერთი მესაკუთრე და რომ საკუთარი უძრავი ქონების განკარგვით მას არ დაურღვევია სხვა პირის უფლებები ან კანონიერი ინტერესები. მან ასევე დაასკვნა, რომ მომჩივნებმა ვერ აჩვენეს, რომ სადავო ხელშეკრულება გაფორმებული იყო თაღლითური განზრახვით.
11. 2010 წლის 15 მარტს მომჩივნებმა შეიტანეს საჩივარი სამართლებრივი ნორმების დარღვევის თაობაზე, რომლითაც კვლავ ითხოვდნენ სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლებას, ამჯერად 1500 ლარის (დაახლოებით 700 ევრო) ოდენობით.. მათ გაიმეორეს, რომ მათ უფლება ჰქონდათ, უარი ეთქვათ სასამართლო მოსაკრებლის გადახდაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (ე) ქვეპუნქტის შესაბამისად. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი სკოლის მოსწავლეები იყვნენ და დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნდათ. 2010 წლის 31 მარტს და შემდეგ 29 აპრილს უზენაესმა სასამართლომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ (ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება მომჩივნებს გადაეცა 2010 წლის 13 მაისს) და გადახდის საბოლოო ვადა შვიდი დღით გაახანგრძლივა. ალტერნატიულად, მომჩივნებს შესთავაზეს, იმავე ვადაში წარმოედგინათ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ისინი იღებენ სოციალურ დახმარებას (იხ. 46-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (ვ) ქვეპუნქტი, ციტირებული ქვემოთ, პარაგრაფში 13). სასამართლო მოსაკრებლის შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
12. ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, მომჩივნებმა ვერ გადაიხადეს სასამართლო მოსაკრებელი და ვერ წარმოადგინეს მოთხოვნილი მტკიცებულებები. შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით განუხილველი დატოვა მათი საჩივარი სამართლებრივი ნორმების დარღვევის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება საბოლოო იყო.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები სასამართლო მოსაკრებლების გადახდასთან დაკავშირებით იმ დროს ითვალისწინებდა შემდეგს:
მუხლი 46 – სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება🔗
„1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე;
ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;“
მუხლი 47, ნაწილი 1 – სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ
„სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან...“
სასამართლოს შეფასება
I. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
14. მომჩივნები ჩიოდნენ კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, რომ სასამართლოს თვითნებური გადაწყვეტილებების შედეგად ისინი უსახლკაროდ დარჩნენ. მთავრობას არ გაუკეთებია კომენტარი ზემოაღნიშნული საჩივრის მისაღებობაზე.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2009 წლის 2 სექტემბერს ადგილი ჰქონდა მომჩივნების საცხოვრებლის პატივისცემის უფლებაში ფაქტობრივ ჩარევას, როდესაც ისინი გამოასახლეს 2009 წლის 24 მარტის სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ), მათ არ შეუტანიათ სააპელაციო საჩივარი სამართლებრივი ნორმების დარღვევის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ (იხ. იმავე წყაროში). ასეთ ვითარებაში, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ექვსთვიანი ვადა, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, დაიწყო სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და არა უფრო ადრე, საჩივარი სასამართლოში მაინც ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი.
16. ზემოაღნიშნულ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ მომჩივნებმა საქმისწარმოება წამოიწყეს თავიანთ მამასა და ჯ.თ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით (იხ. პარაგრაფები 6-12 ზემოთ), რადგან ეს საქმისწარმოება არ ეხებოდა საკითხს, გამოასახლეს თუ არა მომჩივნები მათი საცხოვრებლის პატივისცემის უფლების დარღვევით და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც დაადგინეს ეროვნულმა სასამართლოებმა, ვერანაირად ვერ იმოქმედებდა ბინაში მომჩივნების ბინადრობის სავარაუდო უფლებაზე. შესაბამისად, მათ მიერ აღძრული სამოქალაქო სამართალწარმოება ვერ უზრუნველყოფდა ზარალის ანაზღაურებას კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში მათ საჩივართან დაკავშირებით (შედარებისთვის იხილეთ საქმე Jansons v. Latvia, no. 1434/14, § 65, 2022 წლის 8 სექტემბერი) და არ უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის ექვსთვიანი ვადის საწყისი თარიღის განსაზღვრისას.
17. აქედან გამომდინარეობს, რომ 2010 წლის 9 დეკემბერს წარდგენილი საჩივრის ეს ნაწილი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
18. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საქმისწარმოების დროს ეროვნულმა სასამართლოებმა უკანონოდ უთხრეს მათ უარი სასამართლო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებაზე.
19. მთავრობამ სთხოვა სასამართლოს, რომ მომჩივნების სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ ეროვნული სასამართლოების ყოველი უარი განეხილა განცალკევებულად და, შესაბამისად, უარეყო მომჩივნების საჩივრის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა სამართალწარმოებას პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში, ექვსთვიანი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამართალწარმოებას უზენაეს სასამართლოში, მთავრობამ განაცხადა, მათ შორის, რომ მომჩივნების მოთხოვნა სასამართლო მოსაკრებლისგან გათავისუფლების შესახებ იყო უარყოფილი 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც მომჩივნების ადვოკატს გადაეცა 2010 წლის 13 მაისს. ამდენად, მათ სასამართლოსთვის უნდა მიემართათ არაუგვიანეს 2010 წლის 13 ნოემბრისა, რაც მათ არ გააკეთეს.
20. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათი საჩივრები სასამართლო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ ეხებოდა ერთსა და იმავე მოთხოვნას და რომ ექვსთვიანი ვადა დაიწყო უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მათ ასევე განაცხადეს, რომ 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ უარყო მოსაკრებლებისგან მათი გათავისუფლების მოთხოვნა და მიაკუთვნა დამატებითი დრო სასამართლო მოსაკრებლების გადასახდელად. მხოლოდ 2010 წლის 10 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და ამით შეუზღუდა მომჩივნებს უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობა.
21. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ რა მხრივ იყო მომჩივნების მიერ 2008 წლის 1 დეკემბერს აღძრული სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგი, რომელიც ეხებოდა საკითხს, კანონიერად მიჰყიდა თუ არა კ.ს.-მ ბინა ჯ.თ.-ს, გადამწყვეტი მათი უფლებებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ კონვენციის მე-6 მუხლი იყო გამოყენებადი, სასამართლო იმეორებს, რომ თუ სამართლებრივი დაცვის საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის ან თუ ისინი მიჩნეულია არაქმედითად, ექვსთვიანი ვადა, პრინციპში, იწყება გასაჩივრებული მოქმედების თარიღიდან. წინამდებარე საქმეში მომჩივნებმა ვერ აჩვენეს, რომ ზემდგომ სასამართლოებს შეეძლოთ, გამოესწორებინათ ქვედა ინსტანციის სასამართლოების სავარაუდო მცდარი გადაწყვეტილებები სასამართლო მოსაკრებლების დაკისრების შესახებ. ამ მიმართებით, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილ საჩივარში, სამართლებრივი ნორმების დარღვევის თაობაზე, მომჩივნები არ მოითხოვდნენ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების წინაშე უკვე გადახდილი სასამართლო მოსაკრებლების ანაზღაურებას. ასეთ ვითარებაში, აღნიშნავს რა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყვეს მომჩივნების სასამართლო მოსაკრებლებისგან გათავისუფლების მოთხოვნა 2008 წლის 5 დეკემბერს და, შესაბამისად, 2009 წლის 12 ივნისს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების საჩივარში, რომელიც სასამართლოში მხოლოდ 2010 წლის 9 დეკემბერს იქნა შეტანილი, მოცემული შესაბამისი ნაწილი დაგვიანებულია. შესაბამისად, სასამართლოს მისაღებად მიაჩნია მთავრობის პრეტენზია ექვსთვიანი წესის შეუსრულებლობის შესახებ, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.
22. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება იყო საბოლოო გადაწყვეტილება კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც მომჩივნებს გადაეცა 2010 წლის 13 მაისს, მომჩივნების მოთხოვნა სასამართლო მოსაკრებლებისგან ავტომატურად გათავისუფლების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, საბოლოოდ იქნა უარყოფილი (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). შემდგომი სამართალწარმოება ვერ უზრუნველყოფდა რაიმე კომპენსაციას მომჩივნების საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მოსაკრებლისგან ავტომატურად გათავისუფლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (ე) ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარეობს, რომ 2010 წლის 9 დეკემბერს შეტანილი საჩივრის ეს ნაწილი, წარდგენილი იყო მომჩივნებისთვის საბოლოო ქმედითი გადაწყვეტილების შეტყობინებიდან ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ.
23. ამგვარად, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35 მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2023 წლის 6 ივლისს.
მარტინა კელერი სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე