ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59385/18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საჩივარი N 59385/18
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ 2023 წლის 8 ივნისს შემდეგი შემადგენლობით:

კარლო რანზონი, თავმჯდომარე,
მატიას გიომარი,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 59385/18) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2018 წლის 12 დეკემბერს შეიტანა სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ბ-ნმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ (შემდგომში „მომჩივანი“), რომელიც დაიბადა 1976 წელს, ცხოვრობს თბილისში და რომელსაც წარმოადგენდა ქ-ნი თ. ონიანი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში;

გადაწყვეტილება, კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჩივრების შეტყობინების შესახებ, რაც ეხება ბრალდების ხასიათისა და მიზეზების შესახებ დროულად და საკმარისად დეტალურად ინფორმირების უფლებას და საკმარისი დროისა და საშუალებების მინიჭების უფლებას საკუთარი დაცვის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობის (შემდგომში „მთავრობა“) წინააღმდეგ, რომელსაც წარმოადგენს ბ-ნი ბ. ძამაშვილი იუსტიციის სამინისტროდან, და საჩივრის დარჩენილი ნაწილის მიუღებლად გამოცხადების შესახებ;

მხარეთა მოსაზრებები;

გადაწყვეტილება, კომიტეტის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით მთავრობის პრეტენზიის უარყოფის შესახებ;

განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საქმის საგანი

1. საქმე ეხება მომჩივნის უფლებას, ინფორმირებული იყოს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების ხასიათისა და მიზეზის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებაში და მის უფლებას, ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები თავისი დაცვის მოსამზადებლად, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით.

2. 2018 წლის 2 მაისს მომჩივანი ჩაერთო საუბარში პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც ცდილობდნენ მისი ნათესავის წაყვანას ნარკოლოგიური ტესტირებისთვის. მომჩივნის ნათესავი საბოლოოდ დააკავეს. მომჩივანმა სხვა პირებთან ერთად შეაბიჯა პოლიციის განყოფილებაში, რომელიც, სავარაუდოდ, ახლოს მდებარეობდა და იქ განაგრძო პოლიციელების მოქმედებების გაპროტესტება.

3. 2018 წლის 3 მაისს მომჩივანს წარედგინა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, წინა დღის მოვლენებთან დაკავშირებით. ბრალდების თანახმად: „2018 წლის 2 მაისს [მომჩივანმა] წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს და დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი თბილისში, ქავთარაძის ქუჩის 1ა ნომრის მიმდებარედ“. ოქმში მოხსენიებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში „ასკ“) 166-ე (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) და 173-ე მუხლები (პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) როგორც შესაბამისი დებულებები და მითითებული იყო, რომ მას თანდართული ჰქონდა რვა წერილობითი დოკუმენტი, ერთი DVD-დისკი და ერთი CD-დისკი. ეს მასალა მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებსა და ვიდეომასალას და ეხებოდა ქავთარაძის ქუჩის 1ა ნომრის მიმდებარედ მომჩივნის ქმედებებს და მის შემდგომ ქცევას პოლიციის განყოფილებაში. მომჩივანმა ხელი მოაწერა ოქმს და აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა მას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ სხდომა იმავე დღეს გამართა. მოსამართლემ მომჩივანსა და მის თანაბრალდებულს განუმარტა მათი საპროცესო უფლებები, ხოლო მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი ამ მიმართებით. ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე წარადგინა ბრალდება, რომელიც ეხება ქავთარაძის ქუჩის 1ა ნომრის მიმდებარედ პირის დაკავებაში ჩარევას, პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობას და ამ დროს უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებასა და შემდგომ პოლიციის შენობაში შეღწევის მცდელობას, სადაც დაკავებული პირი წაიყვანეს და იქ უხეში და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას. შემდეგ მოსამართლემ ბრალდებულს აუხსნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების არსი და მისცა მომჩივანსა და მის თანამოპასუხეებს არსებითი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა.

5. მომჩივანმა და მისმა თანაბრალდებულებმა წარმოადგინეს ქავთარაძის ქუჩის 1ა ნომრის მიმდებარედ და შემდგომ პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენების საკუთარი ვერსია. მათ განაცხადეს, რომ მათ მიერ არანაირი ფიზიკური ძალა არ ყოფილა გამოყენებული არცერთგან და რომ მათ მხოლოდ გააპროტესტეს უსამართლო ნარკოპოლიტიკა და მისი გამოყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც მომჩივანი და მისი თანაბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. შემდეგ ისინი პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ, ხოლო პოლიციის განყოფილებაში შესვლის მცდელობები და შენობის გარეთ უხამსი სიტყვების შესაძლო გამოყენება იყო ამ პროტესტის შემადგენელი ნაწილი.

6. შემდგომ შესწავლილი იქნა ვიდეომასალა და გამოკითხული იქნენ პოლიციელები, რომლებიც აღწერდნენ ქავთარაძის ქუჩაზე და პოლიციის განყოფილებაში მომხდარ მოვლენებს. ისინი აცხადებდნენ, რომ მომჩივანი და მისი თანაბრალდებულები ჩაერივნენ დაკავებაში, აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიციელებს, იყენებდნენ, ზოგადად, უხამს სიტყვებს, გაჰყვნენ პოლიციელებს პოლიციის განყოფილებაში და განაგრძეს შემაფერხებელი და შეურაცხმყოფელი ქცევა. მომჩივანმა და მისმა თანაბრალდებულებმა შეძლეს ამ მოწმეებისთვის კითხვების დასმა.

7. საქმის წარმოების შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა სამი საათის განმავლობაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მომჩივანი და მისი ორი თანაბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით (დაახლოებით 700 ევრო), ხოლო მის თანაბრალდებულებს შეეფარდა ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალისა და სასამართლო საქმისწარმოების საფუძველზე“, რომ მომჩივანმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ბრძანებებს, ხელს უშლიდა მათი პროფესიული მოვალეობების შესრულებას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ მომჩივანმა ზემოაღნიშნული ქმედებები ჩაიდინა ქავთარაძის ქუჩის 1ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე „და შემდგომში პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში“.

8. მის შემდგომ სააპელაციო საჩივარში მომჩივანმა განაცხადა, რომ მისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არ იყო დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით. გარდა ამისა, ის ჩიოდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში არ იყო მითითებული, თუ რომელი კონკრეტული ქმედება იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციელების ბრძანებების დაუმორჩილებლობა. გარდა ამისა, მომჩივნის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში მითითებულ ბრალდებებსა და გარემოებებს და მომჩივანი ასევე დამნაშავედ ცნო პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით.

9. 2018 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც საბოლოო ინსტანციის სასამართლომ, საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია. მან აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა სასამართლო პროცესის დროს მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები, მოწმეების ჩვენებები და სადავო მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი ბრალდების გაურკვევლობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში მითითებული უნდა იყოს მისი ავტორების ვინაობა, თუ როდის და სად იქნა შედგენილი ის, ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ, „[სავარაუდო] ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დრო, ადგილი და არსი“, სამართლებრივი დებულება, რომლითაც განისაზღვრა სავარაუდო დანაშაული, „მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, არსებობის შემთხვევაში“, სავარაუდო დამნაშავის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება და საქმის განხილვისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია. სასამართლომ ასევე აღნიშნა შემდეგი:

„პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმისა და საქმის მასალებში არსებული მასთან [დაკავშირებული] მასალების საფუძველზე აკეთებს შეფასებას და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მათი ერთობლივი ანალიზის მეშვეობით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში დეტალურად არ არის დაკონკრეტებული, თუ რა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი.“

სასამართლოს შეფასება

10. კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებზე დაყრდნობით მომჩივანი ჩიოდა, რომ ის არ იყო დეტალურად ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების ხასიათისა და მიზეზის შესახებ, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგენილი იყო ზოგადი თვალსაზრისით და არანაირად არ ეხებოდა პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს. ის ასევე ჩიოდა, რომ დაირღვა მისი უფლება, ჰქონოდა საკმარისი დრო და საშუალებები მისი დაცვის მოსამზადებლად, რადგან სასამართლო პროცესამდე არ მიეცა საქმის მასალებზე წვდომა, ხოლო სასამართლო პროცესი დაჩქარებული სამართალწარმოების გზით წარიმართა.

11. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს არ წარუდგენია საჩივარი სააპელაციო სასამართლოში საქმის მასალების ხელმისაწვდომობის არარსებობასთან ან დაცვის მოსამზადებლად განკუთვნილი დროისა და საშუალებების არაადეკვატურობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მან ვერ ამოწურა შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ საქმის მასალები ნათლად აჩვენებდა, რომ მომჩივნის მიმართ წაყენებული ბრალდება მოიცავდა მის ქცევას პოლიციის განყოფილებაში. გარდა ამისა, საქმისწარმოების პროცესში მომჩივანმა წარადგინა არგუმენტები ორივე ადგილზე თავის ქცევასთან დაკავშირებით, რაც ეფექტურად მიუთითებდა, რომ ის იაზრებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შეეძლო თავის დაცვა.

12. კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებთან დაკავშირებული შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Kamasinski v. Austria (1989 წლის 19 დეკემბერი, § 79, Series A no. 168), საქმეში Sejdovic v. Italy ([GC], no. 56581/00, §§ 89-90, ECHR 2006-II), საქმეში Mattoccia v. Italy (no. 23969/94, §§ 59-60, ECHR 2000-IX) და საქმეში Pélissier and Sassi v. France ([GC], no. 25444/94, §§ 51-54, ECHR 1999-II).

13. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლის გამოყენებადობა განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ ყოფილა სადავო, სასამართლო განიხილავს ამ საკითხს. წინამდებარე საქმეში არასაპატიმრო სასჯელს ჰქონდა წმინდად სადამსჯელო ხასიათი და შესაბამისი დებულებები ასევე ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებებს (იხ. საქმე Makarashvili and Others v. Georgia, nos. 23158/20 და 2 სხვა, §§ 39-40, 2022 წლის 1 სექტემბერი). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა იქნეს კლასიფიცირებული, როგორც მომჩივნის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდების განმსაზღვრელი, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება საქართველოს კანონმდებლობით ხასიათდება როგორც „ადმინისტრაციული“ (იმავე წყაროში, § 51; იხილეთ ასევე Navalnyy v. Russia [GC], nos. 29580/18 და 4 სხვა §§ 77-80, 2018 წლის 15 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის სამართლიანი განხილვის მოთხოვნები ყველაზე მკაცრია სისხლის სამართლის ძირითად ბირთვთან დაკავშირებით, მე-6 მუხლის სისხლისსამართლებრივი ნაწილის გარანტიები სულაც არ ვრცელდება მათი სრული სიმკაცრით სხვა კატეგორიის საქმეებზე, რომლებიც მიეკუთვნება ამ ნაწილს (იხ. საქმე Jussila v. Finland [GC], no. 73053/01, § 43, 2006 წლის 23 ნოემბერი, შემდგომი მითითებით).

14. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანმა არ წარადგინა სააპელაციო სასამართლოს წინაშე თავისი საჩივრები საქმის მასალების სავარაუდო ხელმიუწვდომლობისა და დაცვის მოსამზადებლად არასაკმარისი დროის შესახებ (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). აქედან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ეს ნაწილი არ არის მისაღები დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

15. ამის საპირისპიროდ, მომჩივანი ჩიოდა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში მოცემული ბრალდებები არ იყო დეტალური და რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა მის მიმართ წაყენებული ბრალდების ფარგლებს. იმის გათვალისწინებით, რომ კონვენციის მე‑6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტები დაკავშირებულია და რომ ბრალდების ხასიათისა და მიზეზის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება უნდა განიხილებოდეს ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, მოამზადოს თავისი დაცვა (იხ. საქმე Pélissier and Sassi, ციტირებული ზემოთ, § 54), სასამართლო ადგენს, რომ ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ერთად აღებული ამ ორი ქვეპუნქტის ფარგლებში.

16. ამ მიმართებით, რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის სავარაუდო ზოგად ფორმულირებასთან დაკავშირებულ საჩივარს, განსახილველ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია ბრალდებები მომჩივნის მიმართ და მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები. დოკუმენტი აღწერდა მომჩივნის ქმედებებს როგორც პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას კონკრეტული ადგილის „მიმდებარედ“ (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ). აღნიშნულ ოქმს თან ერთოდა მოწმეთა ჩვენებების შემცველი დოკუმენტები და იმ ინციდენტთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერები, რომლის შესახებაც შედგენილი იქნა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმე არ იყო კომპლექსური, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, განხილული თანდართულ მასალასთან ერთად, საკმარისად მკაფიო იყო მომჩივნის მიმართ ბრალდების არსთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ).

17. რაც შეეხება მომჩივნის საჩივრის მეორე ასპექტს, რომელიც ეხება იმ ფაქტს, რომ ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ორ სხვადასხვა ადგილზე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში და არა მხოლოდ ერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტერმინის „მიმდებარედ“ გამოყენება დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ბრალდებას მომჩივნის წინააღმდეგ და ის ფაქტი, რომ პოლიციის განყოფილება მდებარეობდა ამ დოკუმენტში მითითებული მისამართიდან ფეხით სავალი მანძილის სიშორეზე, მნიშვნელოვანი ელემენტებია იმის შესაფასებლად, იყო თუ არა მომჩივანი სათანადოდ ინფორმირებული მისთვის წარდგენილი ბრალდების მიზეზის შესახებ. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, არსებითად, ქავთარაძის ქუჩის 1ა ნომერში მომხდარი ინციდენტი არ დასრულებულა და გაგრძელდა ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში, როდესაც მომჩივანი გაჰყვა პოლიციას.

18. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს დართული ყველა მტკიცებულება (რომელზე წვდომა არ ყოფილა მომჩივნის საჩივრის საგანი ადგილობრივ დონეზე) დაკავშირებულია ორივე ადგილმდებარეობასთან (იხ. პარაგრაფი 3 ზემოთ). გარდა ამისა, სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ ბრალდებები მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ორივე ლოკაციაზე მითითებით, რაც, ფაქტობრივად, განიხილავს ინციდენტს, როგორც უწყვეტს (იხ. პარაგრაფი 4 ზემოთ). უფრო მეტიც, მომჩივანმა (და მისმა თანაბრალდებულმა) წარმოადგინა წერილობითი მასალები და დაცვის არგუმენტები ორივე ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ), რაც ნათლად მიუთითებდა, რომ მომჩივანი იაზრებდა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შინაარსს და ფარგლებს და შეეძლო თავის დაცვა ბრალდების წინააღმდეგ.

19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტი არ აწესებს რაიმე სპეციალურ ფორმალურ მოთხოვნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს ინფორმირებული ბრალდებული მის მიმართ წაყენებული ბრალდების ხასიათისა და მიზეზის შესახებ (იხ. საქმე Pélissier and Sassi, ციტირებული ზემოთ, § 53), სასამართლო, წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს, რომ მომჩივანი სათანადოდ იყო ინფორმირებული მის მიმართ წაყენებული ბრალდების ხასიათისა და მიზეზის შესახებ, ანუ იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა და რომლებსაც ბრალდება ეფუძნებოდა, აგრეთვე, ამ ქმედებებისთვის მინიჭებული სამართლებრივი დახასიათების შესახებ, და მას შეეძლო თავის დაცვა ბრალდების წინააღმდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად არის აშკარად დაუსაბუთებელი და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 29 ივნისს.                     

მარტინა კელერი                                                   კარლო რანზონი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                 თავმჯდომარე