ტექნიკური რეგლამენტის – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №546
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024373
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 1 |
| 2 | არა |
| 3 | 0.15 |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| ნიშნის ტიპზომა სტანდარტი | ნიშნის გამოყენების პირობები |
| დასახლებული პუნქტების გარეთ | დასახლებულ პუნქტებში |
| I | გზები ერთი ან ორი მოძრაობის ზოლით |
| II | გზები ორი და სამი მოძრაობის ზოლით |
| III | გზები ოთხი და მეტი მოძრაობის ზოლით |
| IV | ავტომაგისტრალებზე სარემონტო სამუშაოების წარმოების ადგილები, სხვა გზების საშიში უბნები მისი გამოყენების მიზანშეწონილობის დასაბუთებისას |
| წარწერის შრიფტის სიმაღლე (h) მმ-ში | ნიშნები 5.23.1, 5.24.1, 5.25, 5.26, 7.9.1, 7.9.2, 7.10.1 - 7.12 დაყენებული |
| 75, 100 ან 150 | გზები ერთი ან ორი მოძრაობის ზოლით |
| 150 ან 200 | გზები ერთი მოძრაობის ზოლით |
| 200 ან 300 | გზები ორი და სამი მოძრაობის ზოლით |
| 300 ან 400 | გზები ოთხი და მეტი მოძრაობის ზოლით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დაბა ჩოხატაურში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქ. ახალქალაქში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების შესახებ ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №546
2023 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი – საგზაო მოძრაობის ორგანიზების
ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესი
I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი და სფერო
1. „ტექნიკური რეგლამენტი – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესი“ (შემდგომში – რეგლამენტი) ადგენს საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა: საგზაო ნიშნების, მონიშვნებისა და შუქნიშნების გამოყენების წესებს ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე.
2. რეგლამენტი შემუშავებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ 1968 წლის ვენის კონვენციის და ამ სფეროში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების, „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ რეგულირდება ამ რეგლამენტით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗. რეგლამენტის დანართები
ამ რეგლამენტს აქვს შემდეგი დანართები:
ა) დანართი №1. „საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების პირობითი აღნიშვნები“;
ბ) დანართი №2. „საგზაო ნიშნები“;
გ) დანართი №3. „მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების გამოყენების წესების სურათები“;
დ) დანართი №4. „საგზაო მონიშვნა“;
ე) დანართი №5. „შუქნიშნის ტიპები“;
ვ) დანართი №6. „ცხრილი №6 და ცხრილი №7“.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას).
ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალება – საგზაო ნიშანი, მონიშვნა და შუქნიშანი.
გ) საგზაო მოძრაობის სქემა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით შეთანხმებული სქემა, რომლის მიხედვით არის შესაძლებელი სამუშაოს შესრულება და რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას.
დ) ნიშანი - საგზაო ნიშანი, ანუ დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ.
ე) ძირითადი ნიშანი – ნიშანი, რომლის დაყენების აუცილებლობა განისაზღვრება საგზაო პირობებით, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ვ) ნიშნის დუბლირება – გზის მონაკვეთზე ერთი და იმავე საგზაო ნიშნის ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებით ერთმანეთის გასწვრივ დადგმა, რაც ემსახურება მოძრაობის მონაწილეთა მიერ ინფორმაციის აღქმის ამაღლების საიმედოობას.
ზ) წინასწარი ნიშანი – ძირითად ნიშნამდე დადგმული ნიშანი, მძღოლების მაფრთხილებელი მოძრაობის რეჟიმისა და ობიექტის მომავალი ცვლილებების შესახებ, რომელთა შესახებ ინფორმაცია ძირითად ნიშანზეა განთავსებული.
თ) ნიშნის განმეორებით დადგმა – ძირითადი ნიშნის შემდეგ, გზის იმავე მხარეს გარკვეულ მანძილზე დადგმული ნიშანი, რომელიც ადასტურებს ძირითადი ნიშნის ინფორმაციას.
ი) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) – ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც ერთობლივად გამოიყენება.
კ) მონიშვნა – საგზაო მონიშვნა, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ.
ლ) შუქნიშანი – საგზაო შუქნიშანი, ელექტრომოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის.
მ) შუქნიშნის ობიექტი – ქსელის უბანზე დაყენებული შუქნიშნების ჯგუფი, რომელიც შუქნიშნის სიგნალებით არეგულირებს გავლის თანმიმდევრობას კონფლიქტურ სატრანსპორტო ნაკადებს, ან ქვეითთა და სატრანსპორტო ნაკადებს შორის.
ნ) ნიშნების ტიპზომები – „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული სტანდარტებითა და ნორმებით გათვალისწინებული ტიპზომები (ცხრილი №1).
ო) ინდივიდუალური პროექტირების ნიშნების, წარწერების ასოების სიმაღლე – „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული სტანდარტებითა და ნორმებით გათვალისწინებული პარამეტრები (ცხრილი №2).
პ) მონიშვნის ხაზის სიგანე (ზომები მეტრებში) – „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული სტანდარტებითა და ნორმებით გათვალისწინებული პარამეტრები (ცხრილი №9).
2. ამ რეგლამენტში გამოყენებულია საგზაო ნიშნების ნომრები, რომლებიც გათვალისწინებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 4🔗. ძირითადი ვალდებულებები
1. ამ რეგლამენტით გაუთვალისწინებულ შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების გამოყენება დასაშვებია, თუ მათი გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია მოძრაობის კონკრეტული პირობებით.
2. აკრძალულია პლაკატების, აფიშების განთავსება, მონიშვნა და ისეთი მოწყობილობების დაყენება, რომლებიც შეიძლება მიღებულ (აღქმულ) იქნეს საგზაო ნიშნებად ან საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სხვა ტექნიკურ საშუალებად, ან დააქვეითონ მათი აღქმა ან ეფექტურობა, მხედველობა შეუზღუდონ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ან გაფანტონ მათი ყურადღება და ამით საფრთხე შეუქმნან საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ასევე დაუშვებელია საგზაო ნიშნების, შუქნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზაციის სხვა ტექნიკური საშუალებების დაფარვა, დაზიანება ან თვითნებური დაყენება. დაუშვებელია ნიშნებზე (მათ წინა და უკანა მხარეს), ნიშნის ქვემოთ და მათ საყრდენზე, რომლებზეც ისინია განლაგებული, ტრანსპარანტებისა და სხვა მოწყობილობების განთავსება, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს მოძრაობის ორგანიზებასთან.
3. ნიშნებსა და შუქნიშნებს (დანართი №1, პირობითი აღნიშვნები ცხრილში ა.1) განათავსებენ იმგვარად, რომ ისინი აღქმული იყოს მოძრაობის მხოლოდ იმ მონაწილეთა მიერ, ვისთვისაც არის განკუთვნილი და არ იყოს დაფარული რაიმე სახის დაბრკოლებით (რეკლამა, მწვანე ნარგავები, გარე განათების საყრდენები და ა.შ.), რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი ექსპლუატაციის მოხერხებულობა და შემცირებული იქნეს მათი დაზიანების ალბათობა.
4. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მონიშვნა, რომელიც მოძრაობის რეჟიმს განსაზღვრავს, ძნელად გასარჩევია (თოვლი, ტალახი და ა.შ.) და დროულად აღდგენა შეუძლებელია, აყენებენ შესაბამისი დანიშნულების ნიშნებს.
5. საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებები, რომელთა გამოყენება გამოწვეული იყო დროებითი ხასიათის მიზეზებით (საგზაო-სარემონტო სამუშაოები, საგზაო პირობების სეზონური თავისებურებები და ა.შ.), მითითებული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ უნდა იქნეს დემონტირებული. დაშვებულია ნიშნები და შუქნიშნები დაიფაროს, ისე რომ არ იყოს ხილვადი.
6. სამუშაოს შესრულება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას უნდა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის მიხედვით, რა დროსაც დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებები უნდა განთავსდეს შეთანხმებული სქემის შესაბამისად.
II. საგზაო ნიშნების გამოყენების წესები
მუხლი 5🔗. ზოგადი მოთხოვნები
1. საგზაო ნიშნების ნომრებს, დასახელებებსა და გამოსახულებებს ითვალისწინებს რეგლამენტის დანართი №2.
2. გზაზე დადგმული ნიშნები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტს და ექსპლუატაციის პროცესში უნდა პასუხობდეს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.
3. ექსპლუატაციაში მყოფი ნიშნები იცვლებიან ახლებით, როცა მათი მახასიათებლები აღარ შეესაბამება მოქმედი სტანდარტისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.
4. ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალ ნაწილზე, გზისპირებზე, ველოსიპედის ან ქვეითთა ბილიკებზე, რომლებთანაც ან რომლებზედაც ისინია დადგმული.
5. ნიშნის ხილვადობის მანძილი არ უნდა იყოს 100 მ-ზე ნაკლები.
6. ნიშნებს აყენებენ სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, გზისპირის გარეთ (მისი არსებობისას), ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევების გარდა, აგრეთვე ველოსიპედის ან ქვეითთა ბილიკის მარჯვნივ ან მის ზემოთ.
7. გზებზე მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის შემთხვევაში, განმეორებით დუბლირდებიან სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს დაყენებული ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.21.1-1.21.3, 1.22, 1.24, 1.26, 2.3, 2.4, 3.20, 3.24. ნიშნები იდგმება გამყოფ ზოლზე, ხოლო გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, ნიშნებს დუბლირებულად აყენებენ შემდეგნაირად:
ა) სავალი ნაწილის მარცხნივ, როცა შემხვედრი მოძრაობა ხორციელდება ერთ ან ორ ზოლზე;
ბ) სავალი ნაწილის ზემოთ, როცა შემხვედრი მოძრაობა ხორციელდება სამ ან მეტ ზოლზე;
გ) აუცილებლობის შემთხვევაში დაშვებულია აღნიშნული მეთოდით სხვა ნიშნების დუბლირებაც.
8. დაშორება სავალი ნაწილის კიდედან (გვერდულის არსებობის შემთხვევაში – მიწის ვაკისიდან) უახლოესი ნიშნის ნაპირამდე უნდა იმყოფებოდეს ზღვრებში 0.5-2.0 მ. (დანართი №3, სურათი გ.1 - ა,ბ), ხოლო განსაკუთრებული მითითებების ნიშნების 5.23.1, 5.24.1, 5.25, 5.26 და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების 7.9.1, 7.9.2, 7.10.1-7.12, 7.17 - 0.5-5.0 მ.
9. ნიშნის ქვედა კიდედან (1.4.1-1.4.6 ნიშნების, ასევე დამატებითი ინფორმაციის ნიშნების გარდა) გზის საფარის ზედაპირამდე (დაყენების სიმაღლე) მანძილი, გარდა ამ რეგლამენტით სპეციალურად დადგენილი შემთხვევებისა, უნდა იყოს:
ა) 1.5-დან 3.0 მ-მდე სავალი ნაწილის გვერდულზე დაყენების შემთხვევაში დასახლებული პუნქტების გარეთ (დანართი №3, სურათი გ.1 - ა), 2.0-დან 4.0 მ-მდე დასახლებულ პუნქტში (დანართი №3, სურათი გ.1 - ბ);
ბ) 0.6-დან 1.5 მ-მდე ამაღლებულ მიმმართველ და უსაფრთხოების კუნძულებსა და სავალ ნაწილებზე (გადასატან საყრდენებზე) დაყენებისას;
გ) 5.0-დან 6.0 მ-მდე სავალი ნაწილის ზემოთ განთავსებისას. ხელოვნურ ნაგებობებზე, რომლებიც გზის სავალი ნაწილიდან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე მდებარეობენ, განლაგებული საგზაო ნიშნები ნაგებობის ქვედა კიდეზე დაბლა არ უნდა იყოს გამოშვერილი.
10. სავალი ნაწილის გვერდულებზე ნიშნის დაყენების სიმაღლე განისაზღვრება გზის სავალი ნაწილის საფარის ნაპირთან მდებარეობით.
11. სხვადასხვა ჯგუფის ნიშნების ერთ საყრდენზე განთავსების შემთხვევაში მათი განლაგების თანმიმდევრობა (ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ), გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უნდა იყოს შემდეგნაირი:
ა) პრიორიტეტის ნიშნები;
ბ) მაფრთხილებელი ნიშნები;
გ) მიმთითებელი ნიშნები;
დ) განსაკუთრებული მითითებების ნიშნები;
ე) ამკრძალავი ნიშნები;
ვ) საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები;
ზ) ობიექტებისა და სერვისის ნიშნები.
12. ერთი გზის მთელ სიგრძეზე ნიშნების დაყენების სიმაღლე, შეძლებისდაგვარად, ერთნაირი უნდა იყოს.
13. ნიშნები იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის, მობრუნების ადგილის, სერვისის ობიექტის და ა.შ. მისასვლელთან, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დასახლებულ პუნქტში ნიშნები შეიძლება დაიდგას მათგან 25 მ. მანძილზე, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში არაუმეტეს 50 მ. მანძილისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეზღუდვებისა და რეჟიმების შემომტანი ნიშნები იდგმება იმ უბნის დასაწყისში, სადაც ეს აუცილებელია, ხოლო შეზღუდვებისა და რეჟიმების გამაუქმებელი ნიშნები ბოლოში, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
14. ნიშნების განთავსება გზისპირებზე დასაშვებია შეზღუდულ პირობებში (ხრამებთან, კლდეების შვერილებთან, პარაპეტებთან და ა.შ.). სავალი ნაწილის ნაპირსა და მასთან უახლოეს ნიშნის კიდეს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მ., ხოლო დაყენების სიმაღლე 2-დან 3 მ-მდე (დანართი №3, სურათი გ.1 - გ).
15. გამყოფ ზოლზე, უსაფრთხოების ამაღლებულ კუნძულებსა და მიმართულების მიმთითებელ კუნძულებზე ან გვერდულებზე, საგზაო შემოღობვის არარსებობის შემთხვევაში, ნიშნებს განათავსებენ დარტყმის საწინააღმდეგო საყრდენებზე. ნიშნის საყრდენის ფუნდამენტის ზედა ნაწილს განათავსებენ გამყოფი ზოლის, უსაფრთხოებისა და მიმმართველი კუნძულის ან გვერდულის ზედაპირის თანაბრად.
16. გზებზე სამუშაოების ჩატარების ადგილებში და მოძრაობის ორგანიზებაში დროებითი ოპერატიული ცვლილებების დროს, გადასატან საყრდენებზე არსებული ნიშნების დაყენება დასაშვებია სავალ ნაწილზე, გვერდულზე და გამყოფ ზოლზე.
17. ერთ საყრდენზე განთავსებულ, ერთსა და იმავე სავალ ზოლზე თავისი მოქმედების გამავრცელებელ ორი მეზობელი ნიშნების უახლოეს კიდეებს შორის მანძილი უნდა იყოს 50-200 მმ.
18. მოძრაობის ერთი მიმართულების სხვადასხვა სავალ ზოლზე თავის მოქმედების გამავრცელებელ, ერთ საყრდენზე არსებულ ნიშნებს ათავსებენ შესაბამისი მოძრაობის ზოლის ზემოთ ან მაქსიმალურად აახლოვებენ მათ ამ რეგლამენტის მოთხოვნებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
19. გზის ერთ განივ კვეთში აყენებენ არაუმეტეს სამ ნიშანს, გარდა 5.15.2, ძირითადი ნიშნის დუბლირებისა და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებისა.
20. გზაჯვარედინებსა და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების პუნქტებში დაყენებული ნიშნების გარდა, ნიშნები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იყოს დასახლებული პუნქტების გარეთ არანაკლებ 50 მ-ის, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 25 მ-ის დაშორებით.
21. ნიშნებს აყენებენ მაღალი ძაბვის ელექტროსადენებიდან არანაკლებ 1 მ-ის მანძილზე. მაღალი ძაბვის ხაზების დამცავი ზოლის საზღვრებში ნიშნის განთავსება ელექტროსადენების დამჭერ გვარლებზე (ბაგირზე) აკრძალულია.
22. სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, ნიშნების ტიპზომები განისაზღვრება №1 ცხრილის მიხედვით, გარდა ამ სტანდარტით დაწესებული შემთხვევისა. აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია დიდი ტიპზომის ნიშნების გამოყენებაც. ინდივიდუალური პროექტირების საინფორმაციო-მაჩვენებელ ნიშნებზე წარწერების შრიფტის სიმაღლე განისაზღვრება №2 ცხრილის მიხედვით.
23. დასახლებულ პუნქტებში, ასევე დასახლებული პუნქტების გარეთ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე (გარდა, ავტომაგისტრალისა) სსტ ენ 12899-1:2010 სტანდარტის შესაბამისად საგზაო ნიშნების ფირის რეტრორეფლექტურობის კოეფიციენტი RA უნდა შეესაბამებოდეს RA2 კლასს. ავტომაგისტრალზე საგზაო ნიშნების რეტრორეფლექტურობის კოეფიციენტი RA უნდა შეესაბამებოდეს R3A ან R3B კლასს.
24. ერთნაირი რაოდენობის მოძრაობის ზოლიან გზაზე ან ქუჩაზე რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ნიშნები დამზადებული ერთი ტიპის ფირის გამოყენებით.
ნიშნების ტიპზომები
ცხრილი №1
ნიშნის ტიპზომა
სტანდარტი
ნიშნის გამოყენების პირობები
დასახლებული პუნქტების გარეთ
დასახლებულ პუნქტებში
I
გზები ერთი ან ორი მოძრაობის ზოლით
ადგილობრივი მნიშვნელობის
გზები და ქუჩები, გასასვლელები, გზები და ქუჩები სასოფლო დასახლებებში
II
გზები ორი და სამი მოძრაობის ზოლით
მაგისტრალური გზები, გარდა ჩქაროსნული მაგისტრალური
ქუჩებისა
III
გზები ოთხი და მეტი მოძრაობის ზოლით
ჩქაროსნული მოძრაობის მაგისტრალური გზები
IV
ავტომაგისტრალებზე სარემონტო სამუშაოების წარმოების ადგილები, სხვა გზების საშიში უბნები მისი გამოყენების მიზანშეწონილობის
დასაბუთებისას
ინდივიდუალური პროექტირების ნიშნების
წარწერების ასოების სიმაღლე
ცხრილი №2
წარწერის შრიფტის სიმაღლე (h) მმ-ში
ნიშნები 5.23.1, 5.24.1, 5.25, 5.26, 7.9.1, 7.9.2, 7.10.1 - 7.12
დაყენებული
დასახლებული პუნქტების გარეთ
დასახლებულ პუნქტებში
75, 100 ან 150
გზები ერთი ან ორი მოძრაობის ზოლით
ადგილობრივი მნიშვნელობის
გზები და ქუჩები, გასასვლელები,
გზები და ქუჩები სასოფლო დასახლებებში
150 ან 200
გზები ერთი მოძრაობის ზოლით
მაგისტრალური გზები, გარდა ჩქაროსნული მაგისტრალური
ქუჩებისა
200 ან 300
გზები ორი და სამი მოძრაობის ზოლით
ჩქაროსნული მოძრაობის მაგისტრალური გზები
300 ან 400
გზები ოთხი და მეტი მოძრაობის ზოლით
–
400 ან 500
ავტომაგისტრალები
–
შენიშვნა: დასახლებული პუნქტების გარეთ 7.14.1 და 7.14.2 ნიშნებზე შრიფტის სიმაღლე განისაზღვრება -150 მმ., 7.16 ნიშანზე - 200 მმ., ხოლო დასახლებულ პუნქტებში 100 მმ.
მუხლი 6🔗. მაფრთხილებელი ნიშნები
1. მაფრთხილებელი ნიშნები გამოიყენება მძღოლთა გასაფრთხილებლად სახიფათო უბანთან მიახლოების და მასზე არსებული საშიშროების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რომელზეც მოძრაობა მოითხოვს გარემოების შესაბამისი ზომების მიღებას.
2. მაფრთხილებელი ნიშნები, გარდა ნიშნებისა 1.3.1-1.4.6, 1.35.1-1.35.6; 1.36.1-1.36.2 იდგმება საშიში უბნის დასაწყისამდე დასახლებული პუნქტების გარეთ 150-300 მ. მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ. მანძილზე. განსხვავებული დაშორებები შესაბამისობაში უნდა იყოს მოძრაობის დასაშვებ მაქსიმალურ სიჩქარესთან, ხილვადობის პირობებთან და განთავსების შესაძლებლობასთან.
3. დასაშვებია მაფრთხილებელი ნიშნების დადგმა სხვა მანძილზეც, ასეთ შემთხვევაში მანძილს მიუთითებენ 8.1.1 დაფაზე.
4. მაფრთხილებელი ნიშნები 8.1.1 დამატებითი დაფით განმეორებით, გარდა ნიშნებისა 1.4.1-1.4.6 დასაშვებია დაიდგას გზაჯვარედინისა და სახიფათო უბნის დასაწყისს შორის იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის მანძილი შეადგენს დაუსახლებელ პუნქტებში 20-150 მ-ს, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 20-50 მ-ს (დანართი №3, სურათი გ.2 - ა). ასეთ შემთხვევაში, ნიშნების 1.1, 1.2, 1.5, 1.10, 1.11 განმეორებით დადგმა აუცილებელია.
5. მაფრთხილებელი ნიშნების, 8.1.3 ან 8.1.4 დაფით დადგმა, როდესაც მანძილი გზაჯვარედინსა და საშიში მონაკვეთის დასაწყის შორის 20 მ-ზე ნაკლებია, დასაშვებია გზაჯვარედინიდან 50-60 მ. დაშორებით (დანართი №3, სურათი გ.2 - ბ). ასეთ შემთხვევაში, ნიშნების 1.1, 1.2, 1.5, 1.10, 1.11 დადგმა აუცილებელია.
6. ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.11, 1.22, 1.23, 1.24, 1.26 იდგმება განმეორებით, დასახლებული პუნქტების გარეთ, ხოლო ნიშნები 1.24, 1.26 დასახლებულ პუნქტებშიც. ნიშანს განმეორებით განათავსებენ დასახლებული პუნქტების გარეთ, საშიში მონაკვეთის დასაწყისამდე 50-100 მ. დაშორებით, ხოლო დასახლებულ პუნქტებში - ამ მუხლის 35-ე და 37-ე პუნქტების მიხედვით.
7. ნიშნები 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ და 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“ იდგმება შესაბამისად შლაგბაუმიანი ან უშლაგბაუმო ყველა რკინიგზის გადასასვლელის წინ. ნიშნებს დუბლირებენ ორ ან მეტზოლიან გზაზე ერთი მიმართულებით მოძრაობისთვის, ხოლო ერთზოლიან გზაზე, იმ შემთხვევაში, თუ დასახლებული პუნქტების გარეთ გადასასვლელის ხილვადობის მანძილი 300 მ-ზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 100 მ-ზე ნაკლებია. რკინიგზის გადასასვლელებს შორის არაუმეტეს 50 მ. მანძილისას ნიშნები იდგმება პირველი გადასასვლელის წინ, ხოლო თუ დაშორება 50 მ-ზე მეტია ყოველი გადასასვლელის წინ.
8. ნიშნებს 1.3.1 „ერთლიანდაგიანი რკინიგზა“ და 1.3.2 „მრავალლიანდაგიანი რკინიგზა“ დგამენ ყველა რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელის წინ, შესაბამისად ერთ ან მრავალიანდაგიანი რკინიგზის წინ. გადასასვლელზე შუქნიშნის სიგნალიზაციის არსებობისას, ნიშნებს განათავსებენ ერთ საყრდენზე შუქნიშანთან, ხოლო მისი არარსებობისას უახლოეს რელსამდე 6-10 მ. მანძილის დაშორებით.
9. ნიშნები 1.4.1-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ორმხრივი მიმართულების მოძრაობის ორ ან მეტზოლიან გზებზე, ყოველი გადასასვლელის წინ, ხოლო მოძრაობის ერთზოლიან გზებზე - გადასასვლელის 300 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ხილვადობისას.
10. ნიშნებს 1.4.1-1.4.3 განათავსებენ გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო ნიშნებს 1.4.4-1.4.6 გზის მარცხენა მხარეს. ნიშნებს 1.4.1 და 1.4.4 განათავსებენ მოძრაობის მიმართულებით პირველ 1.1. ან 1.2 ნიშანთან ერთად, ნიშნებს 1.4.3 და 1.4.6 მეორე 1.1 ან 1.2 ნიშანთან, ხოლო ნიშნებს 1.4.2 და 1.4.5 დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე, ძირითად და განმეორებით დადგმულ 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის (დანართი №3, სურათი გ.3).
11. ნიშნებს 1.4.1, 1.4.3, 1.4.4, 1.4.6 განათავსებენ 1.1 ან 1.2 ნიშნის ქვემოთ, ხოლო ნიშნებს 1.4.2 და 1.4.5, ნიშნების 1.4.1, 1.4.3, 1.4.4, 1.4.6 დაყენების სიმაღლის თანაბრად.
12. ნიშანი 1.5 „ტრამვაის ხაზის გადაკვეთა“ იდგმება გზაჯვარედინის გარეთ, ტრამვაის ხაზის გზასთან გადაკვეთის წინ, ასევე გზაჯვარედინების (მოედნების) წინ, რომლებსაც კვეთს ტრამვაის ხაზები, ტრამვაის ხაზის 50 მ-ზე ნაკლები ხილვადობისას.
13. ნიშანი 1.6 „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა“ იდგმება თანაბარმნიშვნელოვანი გზების გზაჯვარედინების მისასვლელთან, რომელთა ხილვადობის მანძილი დაუსახლებელ პუნქტებში 150 მ-ზე ნაკლებია, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50 მ-ზე ნაკლები. ნიშანს აყენებენ გზაჯვარედინის წინ, რომელზეც უქმდება გავლის თანამიმდევრობა - დაწესებული პრიორიტეტის ნიშნების დაყენებით.
14. ნიშნები 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2-1.7.7 „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ყველა გზაჯვარედინის წინ 2.1 ნიშნით აღნიშნულ გზებზე. ნიშნებს არ ათავსებენ რთული დაგეგმარების გზაჯვარედინების და იმ გზაჯვარედინების წინ, რომლებზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას. ნიშნები 1.7.4-1.7.7 უნდა დაიდგას თუ მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების ღერძებს შორის კუთხე შეადგენს 600-ზე ნაკლებს.
15. ნიშნები 1.7.1-1.7.7 დაუსახლებელ პუნქტებში იდგმება გზაჯვარედინამდე 150-300 მ. მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გზაჯვარედინამდე 50-100 მ. მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში დაშვებულია 1.7.1-1.7.7 ნიშნების დაყენება სხვა მანძილზეც, ამ შემთხვევაში დაშორების მანძილი 8.1.1 დაფაზე უნდა იქნეს ნაჩვენები.
16. დასაშვებია 2.1, 1.7.1-1.7.7 ნიშნები არ დაიდგას გზების სხვადასხვა დონეზე გადაკვეთების შესასვლელების წინ, ასევე მკვრივსაფარიანი გზის გრუნტსაფარიან გზასთან მიერთებებზე, მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზებთან მიერთებებზე, თუ ყველა ჩამოთვლილი ნიშნები გზების მიერთებების დროს, მთავარ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად გასარჩევი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.
17. ნიშანი 1.8 „წრიული მოძრაობის გადაკვეთა“ იდგმება 4.3 ნიშნებით აღნიშნული გზაჯვარედინების წინ, დაუსახლებელ პუნქტებში ყველა გზაჯვარედინის წინ, ხოლო დასახლებულ პუნქტებში იმ გზაჯვარედინების წინ, რომელთა მხედველობა 50 მ-ზე ნაკლებია, ასევე რომლებზედაც არ არსებობს ხელოვნური განათება.
18. ნიშანი 1.9 „შუქნიშნით რეგულირება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ყოველი გზაჯვარედინის, ქვეითთა გადასასვლელის ან გზის მონაკვეთის წინ, გარდა სარკინიგზო გადასასვლელებისა, რომელზეც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნით, ხოლო დასახლებულ პუნქტებში იქ სადაც შუქნიშნის ხილვადობის მანძილი 100 მ-ზე ნაკლებია, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში შესვლის შემდეგ შუქნიშნით რეგულირებული პირველი გზაჯვარედინის ან ქვეითთა გადასასვლელის წინ.
19. ნიშანი 1.10 „გასახსნელი ხიდი“ იდგმება ყველა გასახსნელი ხიდისა და საბორნე გადასასვლელის წინ.
20. ნიშანი 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი“ იდგმება სანაპიროზე ან წყალსაცავის ნაპირზე გასასვლელების მონაკვეთის წინ. ნიშანს დგამენ საგზაო ზღუდეების არსებობის მიუხედავად.
21. ნიშნები 1.12.1 და 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი“ იდგმება მრუდეების წინ, რომელზეც უსაფრთხოების კოეფიციენტის მნიშვნელობა 0,6-ზე ნაკლებია, ასევე მრუდეებზე, სადაც შემხვედრი ავტომობილის ხილვადობის მანძილი სიჩქარისას რომელიც ახასიათებს გზის მრუდე მონაკვეთს, ნაკლებია ვიდრე ხილვადობის მინიმალური მანძილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას ((ცხრილი №3) (მოცემული სიჩქარის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის ხილვადობის მინიმალური მანძილი)).
22. ნიშნები 1.13.1 და 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები“ იდგმება ორი ან მეტი ერთმანეთის მიმდევრობით არსებულ გეგმაში მრუდეების წინ, თუ მათ შორის დაშორება 300 მ-ზე ნაკლებია და თუ მათგან პირველის წინ ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად დადგმული უნდა ყოფილიყო ნიშნები 1.12.1 და 1.12.2.
23. დაშორება მეზობელ მრუდეებს შორის გეგმაში განისაზღვრება მანძილით ერთმანეთის მიმდევრობით მდებარე მრუდეების ბოლოსა და საწყისს შორის.
24. ნიშნები 1.13.1 და 1.13.2, 8.2.1 დაფით იდგმება სამი ან მეტი, ერთმანეთის მიმდევრობით არსებულ გეგმაში მრუდეების შემთხვევაში.
25. ნიშნები 1.14 „ციცაბო დაღმართი“ და 1.15 „ციცაბო აღმართი“, იმ შემთხვევაში თუ დაღმართები და აღმართები ერთმანეთს მოსდევენ, დასაშვებია დაიდგას 8.1.1 დაფის გარეშე უშუალოდ დაღმართის ან აღმართის წინ. სხვა შემთხვევაში, ნიშნები 1.14 და 1.15 იდგმება:
ა) თუ შესაბამისი სიდიდის დახრისას, დაღმართზე ან აღმართზე გზის მონაკვეთის სიგრძე მეტია №4 ცხრილში (1.14 და 1.15 ნიშნების დადგმისას დაღმართის გზის უბნის მინიმალური სიგრძის დამოკიდებულება დახრის სიდიდეზე) მითითებულ სიდიდეებზე;
ბ) თუ ვერტიკალურ ამოზნექილ მრუდეებზე შემხვედრი ავტომობილის ხილვადობის მანძილი ნაკლებია №3 ცხრილში (მოცემული სიჩქარის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის ხილვადობის მინიმალური მანძილი) მითითებულ სიდიდეზე სიჩქარისას, რომელიც გზის უბნის წინამდებარე მრუდს ახასიათებს.
მოცემული სიჩქარის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის
ხილვადობის მინიმალური მანძილი
ცხრილი №3
მოძრაობის სიჩქარე კმ/სთ
30
40
50
60
70
80
90
100
110
180
მხედველობის მინიმალური მანძილი (მ.) - შემხვედრი ავტომობილის წინ გაჩერებისთვის
90
110
130
170
200
250
300
350
400
450
მხედველობის მინიმალური მანძილი (მ.) - დაბრკოლების წინ გაჩერებისათვის
45
55
75
85
125
150
175
200
225
250
შენიშვნა:
1. მშენებარე გზებისთვის გამოიყენება სიჩქარე შესაბამისად საანგარიშო სიჩქარის 70%, ხოლო ექსპლუატაციაში მყოფი გზებისათვის, სიჩქარე, რომელსაც მოცემულ უბანზე არ აჭარბებს სატრანსპორტო საშუალებების 85%.
2. შემხვედრი ავტომობილის ხილვადობის მანძილად უნდა ჩაითვალოს მანძილი, რომლებზედაც 1.2 მ. სიმაღლიდან (მსუბუქი ავტომობილის მძღოლის თვალების დონე) შესაძლებელია იმ საგნის დანახვა, რომელიც მდებარეობს სავალი ნაწილიდან 1.2 მ-ის სიმაღლეზე.
3. გაჩერებისათვის ხილვადობის მანძილად უნდა ჩაითვალოს მანძილი, რომელიც 1.2 მ. სიმაღლიდან (მსუბუქი ავტომობილის მძღოლის თვალების დონე) უზრუნველყოფს ნებისმიერი საგნის ხილვადობას, რომელიც მოძრაობის შუა ზოლზე იმყოფება არანაკლებ 0.2 მ-ის სიმაღლეზე.
1.14 და 1.15 ნიშნების დადგმისას დაღმართის გზის უბნის მინიმალური
სიგრძის დამოკიდებულება დახრის სიდიდეზე
ცხრილი №4
დაღმართის დახრა 0/00 (%)
გზის მონაკვეთის სიგრძე დაღმართზე, მ.
40 (4)
50 (5)
60 (6)
70 (7)
80 (8) და მეტი
600
450
350
300
270
26. ნიშანი 1.16 „მოლიპული გზა“ იდგმება გზის იმ უბნების წინ, რომელზეც საბურავის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია.
27. ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა“ იდგმება იმ გზის უბნის წინ რომლის საფარიც დაზიანებულია (ამოშვერილები, ხიდურ ნაგებობებთან უსწორმასწორო მისასვლელები, ტალღურობა და ა.შ.) და რომლებიც შესაბამისად ართულებენ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას საგზაო მოძრაობის წესებით დაშვებული სიჩქარით.
28. ნიშანი 1.18 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ იდგმება ხელოვნური უსწორმასწორობის წინ სიჩქარის იძულებითი შემცირებისათვის. იმ შემთხვევაში თუ მანძილი თანმიმდევრობით განლაგებულ უსწორმასწორობებს შორის შეადგენს 100 მ-ზე ნაკლებს, მაშინ ნიშანი იდგმება პირველი ხელოვნური უსწორმასწორობის წინ.
29. ნიშანი 1.19 „ქვის ასხლეტა“ იდგმება გზის უბნების წინ, რომელზეც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებების თვლებიდან ღორღის, ხრეშის, კენჭების, ქვის ნატეხების ასხლეტა და ა.შ.
30. ნიშანი 1.20 „სახიფათო გზისპირი“ იდგმება უბნების წინ რომელზედაც გზისპირის მდგომარეობა არ შეესაბამება არსებულ სტანდარტს.
31. ნიშნები 1.21.1-1.21.3 „გზის შევიწროება“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში, გზის უბნების წინ, რომელზეც სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება 0.5 მ-ზე მეტად, ხოლო დასახლებულ პუნქტებში ვიწროვდება ერთი ან მეტი ზოლით. დაუსახლებელ პუნქტებში ნიშანს აგრეთვე დგამენ ხიდური ნაგებობების და გვირაბის წინ, თუ სავალი ნაწილის სიგანე ხელოვნური ნაგებობების ფარგლებში ტოლია ან ნაკლებია ვიდრე მასთან მისასვლელი, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ ნაკლებია ვიდრე მასთან მისასვლელი.
32. ნიშანი 1.21.2 არ იდგმება აჩქარების ზოლის და აღმართზე დამატებითი ზოლის დამთავრების ადგილებში.
33. ნიშანი 1.22 „ორმხრივი მოძრაობა“ იდგმება გზის (სავალი ნაწილის) უბნების წინ ორმხრივი მოძრაობისას, თუ მათ წინ უსწრებს უბანი ცალმხრივი მოძრაობით. ნიშანი იდგმება 5.6 ნიშნის არსებობის მიუხედავად. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას იმ მონაკვეთების წინ, რომლის წინაც არის გზის მონაკვეთი 100 მ-ზე ნაკლები სიგრძის ცალმხრივი მოძრაობით. ნიშანი არ იდგმება თუ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზა მთავრდება „T“-სებურ გზაჯვარედინზე, წრიული მოძრაობის გზაჯვარედინზე ან მოედანზე.
34. ნიშანი 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი“ იდგმება დაუსახლებელ პუნქტებში ყველა არარეგულირებულ მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელის წინ, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გადასასვლელების წინ, რომელთა ხილვადობის მანძილი 150 მ-ზე ნაკლებია. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას გზაჯვარედინებზე განთავსებული გადასასვლელის წინ.
35. ნიშანი 1.24 „ბავშვები“ იდგმება საბავშვო დაწესებულებების გასწვრივ გამავალ ან ბავშვების მიერ ხშირად გადასაკვეთ გზის უბნების წინ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ქვეითთა გადასასვლელები. ნიშანი 8.2.1 დაფით, რომელზედაც მიუთითებენ გზის უბნის სიგრძეს, განმეორებით იდგმება საბავშვო დაწესებულებების გასწვრივ ან ბავშვების მიერ ხშირად გადასაკვეთ გზის უბნებზე. ძირითადი ნიშანი 1.24 დასახლებულ პუნქტებში იდგმება სახიფათო უბნის დასაწყისიდან 90-100 მ. მანძილზე, ხოლო განმეორებით არანაკლებ 50 მ. მანძილზე.
36. ნიშანი 1.25 „ველობილიკის გადაკვეთა“ იდგმება გზაჯვარედინების მიღმა სავალი ნაწილის, 4.4 ნიშნით აღნიშნულ ველობილიკთან გადაკვეთის წინ.
37. ნიშანი 1.26 „საგზაო სამუშაოები“ იდგმება იმ გზის უბნის წინ, რომლის ფარგლებში ნებისმიერი სახის სამუშაოები ტარდება. თუ სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარზე ან ველობილიკზე, მაშინ ნიშანი იმ შემთხვევაში იდგმება, თუ ქვეითები ან ველოსიპედისტები იძულებულნი არიან მოძრაობისათვის სავალი ნაწილი გამოიყენონ. ნიშანს 1.26 დასახლებულ პუნქტებში, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში - შეზღუდულ პირობებში, განმეორებით დგამენ უშუალოდ სამუშაოების ჩატარების უბნის დასაწყისთან. ამასთან, უბნის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს მოძრაობის მიმართულებით პირველი გადამღობი ან მიმმართველი მოწყობილობა ან დროებითი საგზაო მონიშვნა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადს სახიფათო უბანს არიდებს. მოკლევადიანი სამუშაოების ჩატარებისას (მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჭების პროფილაქტიკური დათვალიერება, სავალი ნაწილის დასუფთავება და ა.შ.) დაშვებულია ერთი ნიშნის დადგმა 8.1.1 დაფის გარეშე, გადასატან სადგარზე სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრის დაშორებით. თუ გზის მონაკვეთის წინ, რომელზეც ტარდება საგზაო სამუშაოები, იყენებენ სხვა ნიშნებსაც, ნიშანი 1.26 იდგმება პირველი მოძრაობის მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაუსახლებელ პუნქტებში 7.19.1 ნიშანი გამოიყენება.
38. ნიშანი 1.27 „პირუტყვის გადარეკვა“ იდგმება გზის უბნის წინ რომელიც გადის საქონლის სადგომების, ფერმების და ა.შ. გასწვრივ, ასევე გზებზე, საქონლის მუდმივი გადარეკვის ადგილების წინ, სადაც მოსალოდნელია მათი სავალ ნაწილზე გამოჩენა.
39. ნიშანი 1.28 „გარეული ცხოველები“ იდგმება გზის უბნების წინ, რომელიც გადის ნაკრძალების, სანადირო მეურნეობების, ტყის მასივების ტერიტორიებზე და გზების სხვა მონაკვეთების წინ, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა და გამოიყენება 8.2.1 დაფასთან ერთად.
40. ნიშანი 1.29 „ქვის ცვენა“ იდგმება გზის იმ მონაკვეთების უბნების წინ, რომელთა სავალი ნაწილი არ არის დაცული შესაძლო ზვავისგან, მეწყერისგან ან ქვის ცვენისგან.
41. ნიშანი 1.30 „გვერდითი ქარი“, როგორც წესი, იდგმება გზების მონაკვეთების წინ, რომელიც გადის მთის უღელტეხილზე, მაღალ ნაყარებზე, ხიდებზე, გზაგამტარებზე, ხეობებისა და მდინარეების გასწვრივ და ა.შ., სადაც მოსალოდნელია ძლიერი გვერდითი ქარი.
42. ნიშანი 1.31 „დაბლამფრენი თვითფრინავი“ იდგმება აეროდრომებთან ახლოს გამავალი გზების მონაკვეთების წინ, სადაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
43. ნიშანი 1.32 „გვირაბთან მიახლოება“ იძლევა გაფრთხილებას საავტომობილო გვირაბთან მიახლოების (საავტომობილო გვირაბამდე ან/და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზამდე არსებული მონაკვეთის) თაობაზე. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150-300 მ. მანძილზე, დასახლებულ პუნქტში 50-100 მ. მანძილზე. აუცილებლობის შემთხვევაში, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე.
44. ნიშანი 1.33 „ხერგილი“ გამოიყენება, როგორც დროებითი ნიშანი გზის მონაკვეთზე ჩახერგვის წარმოშობისას და იდგმება გზაჯვარედინების წინ, საიდანაც შესაძლებელია იმ გზის მონაკვეთის შემოვლა, რომელზეც წარმოიქმნა ჩახერგვა.
45. ნიშანი 1.34 „სხვა საფრთხეები“ იდგმება გზის სახიფათო უბნების წინ, სადაც არსებული საშიშროება არ არის გათვალისწინებული ამ რეგლამენტში მოცემული მაფრთხილებელი ნიშნებით.
46. ნიშნები 1.35.1-1.35.6 „მოხვევის მიმართულება“ იდგმება გზის მონაკვეთებზე, მოხვევის მცირე რადიუსიან მრუდეებზე, თუ მასთან მიახლოებისას გართულებულია მოხვევის მიმართულების განსაზღვრა. ნიშნები იდგმება მრუდის გარე მხრიდან მოძრაობის ზოლის ღერძის გაგრძელებაზე, სადაც ხორციელდება მოსახვევისკენ მოძრაობა. გზაჯვარედინზე წრიული მოძრაობით ნიშნებს 1.35.1-1.35.6 დგამენ ცენტრალურ კუნძულზე, შესაბამისი შესასვლელის საპირისპიროდ. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას გზაჯვარედინზე ხელოვნური განათების არსებობისას. ნიშნები 1.35.2 და 1.35.5 ორი ისრით დასაშვებია შეზღუდულ პირობებში დაიდგას. ნიშნებს 1.35.3 და 1.35.6 ერთი ისრით დგამენ ერთი მრუდის სიგრძეზე. მათი რიცხვი არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები, მათ შორის დაშორება კი არ უნდა აღემატებოდეს 20 მ-ს. ნიშნები იდგმება 1.5-2.0 მ. სიმაღლეზე. ნიშნები 1.35.1-1.35.6 დაშვებულია გამოყენებულ იქნეს საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებში, შემოღობილი უბნის შემოვლის მიმართულების დამატებითი მითითებისთვის. ამ შემთხვევაში, დასაშვებია ნიშნების განთავსება შემომსაზღვრელ მოწყობილობებზე.
47. ნიშნები 1.36.1 და 1.36.2 „მოხვევის მიმართულება“ იდგმება „T“-სებურ გზაჯვარედინზე და გზების განშტოების ადგილებზე, თუ არსებობს პირდაპირი მიმართულებით მათი გავლის საშიშროება. „T“-სებურ გზაჯვარედინზე ნიშანი იდგმება იმ გზის საპირისპიროდ, რომელსაც არ აქვს გაგრძელება, გზის განშტოებაზე კი უშუალოდ იმ ადგილის მიღმა, სადაც გზის სავალი ნაწილი განშტოვდება. ნიშანი 1.36.2 დასაშვებია დაიდგას შეზღუდულ პირობებში. ნიშანს აყენებენ 1.5-2.0 მ. სიმაღლეზე. ნიშნები 1.36.1–1.36.2 დაშვებულია გამოყენებულ იქნეს საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებში, შემოღობილი უბნის შემოვლის მიმართულების დამატებითი მითითებისთვის.
მუხლი 7🔗. პრიორიტეტის ნიშნები
1. პრიორიტეტის ნიშნებს იყენებენ გზაჯვარედინის, ცალკეული სავალი ნაწილების გადაკვეთების, აგრეთვე გზების ვიწრო უბნების გავლის რიგითობის მისათითებლად.
2. ნიშანი 2.1 „მთავარი გზა“ იდგმება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისში. დასახლებულ პუნქტებში ნიშანი იდგმება ყოველი გზაჯვარედინის წინ, მთავარ გზაზე. არარეგულირებული გზაჯვარედინების წინ, სადაც მთავარი გზა გადის პირდაპირი მიმართულებით, ხოლო გადამკვეთ გზას აქვს არაუმეტეს ოთხი ზოლი, დასაშვებია 350X350 მმ. ზომის ნიშნის დადგმა. დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში ნიშანი არ დაიდგას მეორეხარისხოვანი გზის მთავარ გზასთან მიერთების საპირისპირო მხარეს მიერთების წინ. ნიშანი 2.1, 8.13 დაფით იდგმება გზაჯვარედინების წინ, რომელზეც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, აგრეთვე რთული კონფიგურაციის გზაჯვარედინის წინ. დასახლებულ პუნქტებში ნიშანი 2.1, 8.13 დაფით იდგმება გზაჯვარედინების წინ, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში წინასწარ გზაჯვარედინამდე 150-300 მ. მანძილზე და გზაჯვარედინის წინ (დანართი №3, სურათი გ.4 - ა). რამდენიმე სავალნაწილიანი გზების გადაკვეთაზე ნიშანს დგამენ სავალი ნაწილების გადაკვეთის წინ, რომელზეც შესაძლებელია არაერთმნიშვნელოვანი გზებიდან მთავარი გზის განსაზღვრა.
3. ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული“ იდგმება გზის მონაკვეთის ბოლოს, სადაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ 2.1 ნიშნით აღნიშნული გზა მთავრდება იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელზეც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, მაშინ 2.2 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტებში იდგმება 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად, ერთ საყრდენზე, რომელიც დადგმულია წინასწარ 8.1.1 ან 8.1.2 დაფით. ნიშანი იდგმება დასახლებულ პუნქტებში - გზაჯვარედინიდან 25 მ. დაშორებით ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. დაუსახლებელ პუნქტებში დასაშვებია 2.2 ნიშანი დაიდგას განმეორებით 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად, ხოლო დასახლებულ პუნქტებში - წინასწარ 8.1.1 დაფით 50-100 მ-ის დაშორებით ძირითად ნიშნამდე (დანართი №3, სურათი გ.4 - ბ).
4. ნიშანს 2.3 „დაუთმე გზა“ გამოიყენებენ იმის მისათითებლად, რომ მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მოძრაობენ გადამკვეთ გზაზე, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ნიშანს განათავსებენ უშუალოდ გზაზე გასასვლელში, მრუდის შეერთების წინ, რომელზეც 2.1 ან 1.7.1-1.7.7 ნიშნებით მინიჭებული აქვთ გავლის უპირატესობა მოცემულ გზაჯვარედინზე და ავტომაგისტრალზე გასასვლელის წინ. რთული დაგეგმარების გზაჯვარედინებსა და იმ გზაჯვარედინების წინ, რომელზედაც მთავარი გზა მიმართულებას იცვლის, ნიშანი იდგმება 8.13 დაფასთან ერთად. ნიშანს განათავსებენ ხრეშოვანი გზის მკვრივსაფარიან გზაზე, გასასვლელის წინ, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიებიდან გზაზე გასვლის ადგილებში, თუ გზასთან მიერთებების არსებული მდგომარეობა, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მხრიდან, რომლებიც გადიან მთავარ გზაზე, ერთმნიშვნელოვნად გასარჩევი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. ნიშანი 2.3 დაფით 8.1.1 წინასწარ იდგმება გზებზე, დაუსახლებელ პუნქტებში, გრუნტსაფარიანი გზების გარდა, 150-300 მ. მანძილის დაშორებით გზაჯვარედინამდე, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.3, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი. გზაჯვარედინის გავლის უპირატესობის მქონე გზის მიერთებასთან აჩქარების ზოლის არსებობის შემთხვევაში ნიშანი იდგმება აღნიშნული ზოლის დასაწყისში.
5. ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ გამოიყენება მძღოლების მისათითებლად გაჩერდნენ და დაუთმონ გზა გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო 8.13 დაფის არსებობის შემთხვევაში - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ნიშანი 2.4 იდგმება 2.3 ნიშნის მაგივრად, თუ არ არის უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა. ნიშანს განათავსებენ რკინიგზის გადასასვლელების წინ, რომლებიც არ არიან აღჭურვილი შუქნიშნებით და არ ხდება მორიგეობა უახლოესი რელსიდან 10 მ. მანძილზე, იმ შემთხვევაში თუ უახლოესი რელსიდან 50 მ. დაცილებით მატარებლის ხილვადობის მანძილი ნაკლებია №5 ცხრილში მითითებულ მნიშვნელობებზე. სარკინიგზო გადასასვლელზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას დასაშვებია 2.4 დროებითი ნიშნის გადასასვლელის წინ განთავსება. სარკინიგზო გადასასვლელის წინ 2.4 ნიშნის დაყენების შემთხვევაში, წინასწარი 2.3 ნიშანი 8.1.2 დაფით არ გამოიყენება.
6. ნიშნები 1.7.1-1.7.7, 2.3, 2.4 დასაშვებია გამოყენებული იქნეს ცალკეული გზაჯვარედინების აღსანიშნად, სადაც აუცილებელია დაწესდეს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გზაჯვარედინის გავლის თანმიმდევრობისაგან განსხვავებული გავლის თანმიმდევრობა. გზაჯვარედინზე, მთავარი გზის მიმართულების შეცვლის შემთხვევაში, მთავარ გზაზე, გზაჯვარედინის წინ დგამენ 2.1 ნიშანს 8.13 დაფით, ხოლო გზაჯვარედინის შემდეგ 2.2 ნიშანს.
7. რეგულირებად გზაჯვარედინზე ნიშნები 2.1, 2.3, 2.4 უნდა განთავსდეს ძირითადი შუქნიშნის სიახლოვეს, რეკომენდებულია შუქნიშნის საყრდენებზე.
8. ნიშნები 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა“ და 2.6 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან“ გამოიყენება მოძრაობის ორგანიზების ადგილებში, სადაც შეუძლებელია ან საშიშია შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების აქცევა (გზის ვიწრო მონაკვეთები, ხიდური ნაგებობები, გვირაბები და ა.შ.), ასევე ინტენსიური მოძრაობისას, რაც უზრუნველყოფს შემხვედრი აქცევის თვითრეგულირებას და გზის ვიწრო უბნის მთელი მონაკვეთის ყოველი დაბოლოებიდან შესასვლელის ხილვადობას. ნიშნებს განათავსებენ ორმხრივმოძრაობიანი ხიდური ნაგებობების წინ, როცა სავალი ნაწილის სიგანე 6 მ-ზე ნაკლებია. დახრილი გზის მონაკვეთებზე უპირატესობა ეძლევა აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ნიშნები იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ, მისი საპირისპირო ბოლოებიდან. ამასთან, 2.5 ნიშანს 8.1.1 დაფით განათავსებენ წინასწარ ერთ-ერთი 1.21.1-1.21.3 ნიშნის დგარზე.
სატრანსპორტო საშუალებიდან მატარებლის ხილვადობის მინიმალური მანძილი
რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას
ცხრილი №5
მატარებლის მოძრაობის
სიჩქარე კმ/სთ
121-140
81-120
41-80
25 და ნაკლები
ხილვადობის მანძილი (მ.)
(არანაკლებ)
500
400
250
100
შენიშვნა:
1. მოძრაობის სიჩქარედ იღებენ სარკინიგზო გადასასვლელის მისასვლელებზე მატარებლის დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს.
2. სარკინიგზო გადასასვლელებზე ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო გზების პროექტირებისას, ავტომობილის მძღოლი, რომელიც გადასასვლელის წინ იმყოფება №3 ცხრილში მითითებულზე არანაკლებ მანძილზე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სარკინიგზო გადასასვლელთან 400 მ. მანძილზე მოახლოებული მატარებლის ხილვადობით.
მუხლი 8🔗. ამკრძალავი ნიშნები
1. ამკრძალავი ნიშნები გამოიყენება მოძრაობის შეზღუდვების შემოსატანად ან მათ გასაუქმებლად და დგამენ ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-9-მე-12 პუნქტების მიხედვით.
2. ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია“ იდგმება:
ა) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილებზე ან მონაკვეთებზე შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად. ასევე, რამდენიმე სავალნაწილიან გზებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია ბულვარით ან გამყოფი ზოლით. ნიშანი იდგმება ცალმხრივმოძრაობიანი ყოველი სავალი ნაწილისთვის;
ბ) 5.11 ნიშნით აღნიშულ გზებზე შემხვედრ საერთო ნაკადში, სატრანსპორტო საშუალებების შესვლის თავიდან აცილებისთვის;
გ) სატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელ მოედნებზე, დასასვენებელ ადგილებში, ავტოგასამართ სადგურებში და ა.შ. შესვლისა და გამოსვლის ორგანიზებისთვის;
დ) მოძრაობის ცალკეულ ზოლზე ან გზის ცალკეულ მონაკვეთზე შესვლის ასაკრძალად.
3. ცალკეულ ზოლზე შესვლის ასაკრძალად ნიშანი იდგმება 8.14 დაფასთან ერთად.
4. სხვადასხვა დონეზე გადაკვეთების ერთზოლიან ჩამოსასვლელზე, სადაც ხორციელდება ცალმხრივი მოძრაობა, ნიშანი დასაშვებია განთავსდეს მარცხენა მხარეს.
5. თუ ძირითადი ნიშანი დადგმულია გზის მონაკვეთზე გზაჯვარედინებს შორის გზის მონაკვეთის დასაწყისში, ამ შემთხვევაში განათავსებენ წინასწარ ნიშანს 3.1, 8.1.1 დაფით.
6. არ დაიშვება ნიშნის 3.1 გამოყენება დაფით 8.3.1-8.3.3 და 8.4.1-8.4.8.
7. ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად.
8. ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად.
9. ნიშანი 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებისა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას (თუ ნიშანზე მასა მითითებული არ არის).
10. ნიშნის 3.4 მოქმედება არ ვრცელდება ხალხის გადასაყვანად განკუთვნილ ავტომობილებზე.
11. ნიშანი 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება მოტოციკლების მოძრაობის ასაკრძალად, ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია“ - ტრაქტორებისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანების მოძრაობის ასაკრძალად, ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“ - ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელიანი ტრაქტორების მოძრაობის ასაკრძალად, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ყველანაირი ბუქსირების ასაკრძალად, ნიშანი 3.8 „საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია“ - ყველა სახის საჭაპანო ტრანსპორტის, სასაპალნე და დასაჯდომი (უნაგირიანი) ცხოველების მოძრაობის, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვის ასაკრძალად, ნიშანი 3.9 „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია“ - ველოსიპედებისა და მოპედების მოძრაობის ასაკრძალად.
12. ნიშანი 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“ იდგმება ადგილებში, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე (ხელოვნური ნაგებობები, გზები ტროტუარის გარეშე, სარემონტო უბნები და ა.შ.). ნიშანი გზის იმ მხარეს იდგმება, რომელზეც წესდება აკრძალვა.
13. ნიშნის გამოყენება დასაშვებია რეგულირებად გზაჯვარედინებზე გადასვლის ასაკრძალად, სადაც ქვეითთა მოძრაობა რომელიმე მიმართულებით აკრძალულია. ნიშანი იდგმება ტროტუარის ნაპირზე, წინა მხრით მიმართული იმ ქვეითებისკენ, რომელთა მოძრაობაც აკრძალულია.
14. ნიშანთა 3.1-3.10 მოქმედება განისაზღვრება ამ მუხლის 46-ე-53-ე პუნქტების მიხედვით.
15. ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.
16. ხიდური ნაგებობების (ხიდები, გზაგამტარები და ა.შ.) წინ დაყენებულ 3.11 ნიშანზე მითითებული დასაშვები მასის მნიშვნელობა განისაზღვრება ნაგებობების, მოწყობილობების ტვირთამწეობის გათვალისწინებით, სპეციალური გამოკვლევებისა და ცდების შედეგების შესაბამისად.
17. ნიშანი 3.12 „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე, ნიშანზე აღნიშნულს აღემატება.
18. ნიშანი 3.12 დამატებითი დაფით 8.20.1 ან 8.20.2 გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა ფაქტობრივი მასა საწევრის ნებისმიერ ღერძზე მოსული მეტია ნიშანზე აღნიშნულზე.
19. ნიშანზე მითითებული დაშვებული მასის მნიშვნელობას განსაზღვრავენ ხელოვნური ნაგებობების ელემენტებისა და გზების საფარის ფაქტობრივი მზიდუნარიანობის მიხედვით, მოცემული პერიოდისათვის გამოკვლევების შედეგებით.
20. ნიშანი 3.13 „სიმაღლის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა გაბარიტული სიმაღლე (ტვირთით ან ტვირთის გარეშე) ნიშანზე აღნიშნულს აღემატება.
21. ნიშანს დგამენ იმ შემთხვევაში, თუ გზის საფარის ზედაპირიდან ხელოვნური ნაგებობების, საინჟინრო კომუნიკაციების და ა.შ. ქვედა წერტილამდე მანძილი 5 მ-ზე ნაკლებია.
22. ნიშანზე მითითებული სიმაღლე, საინჟინრო კომუნიკაციებისათვის უნდა იყოს ფაქტობრივზე 0.2-0.4 მ-ზე ნაკლები, ხოლო გზაგამტარებისთვის სადაც გადის საავტომობილო და რკინიგზის გზები 0.3–0.4 მ-ზე ნაკლები. ფაქტობრივ და ნიშანზე მითითებულ სიმაღლეს შორის სხვაობის გაზრდა დასაშვებია გზის საფარის მდგომარეობის მიხედვით.
23. ნიშანი 3.13 დასაშვებია განმეორებით დაიდგას ხელოვნურ ნაგებობებზე, ხოლო მათ წინ გაბარიტიანი ჭიშკრის არსებობისას – ჭიშკარზე.
24. ნიშანი 3.14 „სიგანის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა გაბარიტული სიგანე (ტვირთით ან ტვირთის გარეშე) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ნიშანს დგამენ შესასვლელის წინ, თუ მისი სიგანე გვირაბში, ხიდური ნაგებობების საყრდენებს შორის და ა.შ. 3.5 მ-ზე ნაკლებია. ნიშანზე მითითებული სიგანე უნდა იყოს ფაქტობრივზე 0.2 მ-ით ნაკლები. ნიშანი 3.14 დასაშვებია განმეორებით დაიდგას ხიდის მალაზე ან ხელოვნური ნაგებობების საყრდენზე.
25. ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებათა და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთით ან ტვირთის გარეშე) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. როგორც წესი, ნიშანი გამოიყენება ვიწროსავალიანი გზის მონაკვეთზე, მჭიდრო დასახლებებში, მკვეთრ მოსახვევიან გზებზე და ა.შ., სადაც მოძრაობა ან შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების აქცევა გაძნელებულია.
26. წინასწარი ნიშნები 3.11-3.15, 8.1.1 დაფით იდგმება გზაჯვარედინების შემდეგ, გზის მონაკვეთის დასაწყისში, რომელზეც ძირითადი ნიშნებით 3.11-3.15 დადგენილია შესაბამისი შეზღუდვები.
27. ნიშანი 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა“ გამოიყენება ნიშანზე აღნიშნულ მანძილზე ნაკლები დისტანციით მოძრაობის ასაკრძალად (შეზღუდული ტვირთამწეობის ხიდურ ნაგებობებზე, ყინულოვან გადასასვლელებზე, გვირაბებში და ა.შ.).
28. ნიშანი 3.17.1 „საბაჟო გამშვები პუნქტი“ გამოიყენება საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლის ასაკრძალად.
29. წინასწარი ნიშანი 3.17.1 დაფით 8.1.1 იდგმება საკონტროლო პუნქტამდე 500 მ. მანძილზე.
30. ნიშანი 3.17.2 „საფრთხე“ გამოიყენება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად გზის უბანზე, სადაც მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ავარია ან არსებობს მოძრაობისათვის სხვა საშიშროება, რომლებიც მოითხოვენ მოძრაობის ორგანიზაციის დროებით ოპერატიულ ცვლილებებს.
31. ნიშანი 3.17.3 „კონტროლი“ გამოიყენება საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზებზე გასვლისათვის საფასურის გადახდის პუნქტებთან და ა.შ.) გაჩერების გარეშე გავლის ასაკრძალად. პოლიციის და საკარანტინო საგუშაგოზე ნიშანს აყენებენ ოპერატიული ღონისძიებისათვის საჭირო დროით.
32. ნიშნები 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ გამოიყენება სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე ნიშანზე აღნიშნული მიმართულებით მოხვევის ასაკრძალად. ნიშნები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობის აუცილებელი წესრიგის უზრუნველყოფა შეუძლებელია ნიშნებით 4.1.1-4.1.6 ან 5.15.1, 5.15.2.
33. ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” იდგმება გზაჯვარედინის წინ, სადაც ეს მანევრი საშიშროებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობას. ნიშანს არ იყენებენ გზის მონაკვეთებზე გზაჯვარედინებს შორის გამყოფი ზოლების წყვეტაში მობრუნების ასაკრძალად. ორ ან მეტზოლიან გზებზე მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ძირითადი ნიშანი 3.18.2 და 3.19 იდგმება მარცხენა ზოლის ზემოთ, ხოლო გზებზე გამყოფი ზოლით - გამყოფ ზოლზე. გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, როცა შემხვედრი მოძრაობისათვის არაუმეტეს ორი ზოლია, დაშვებულია ნიშნის დუბლირება გზის მარცხენა მხარეს.
34. ნიშნებს 3.20 „გასწრება აკრძალულია“ და 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია“ იყენებენ ყველა სატრანსპორტო საშუალებების გასწრების ასაკრძალად. ნიშანი 3.20 კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით გასწრებას, ხოლო ნიშანი 3.22 სატვირთო ავტომობილებით გასწრებას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება. ნიშნებს 3.20 და 3.22 აყენებენ 8.5.4-8.5.7 დაფიდან ერთ-ერთით, სამ ან ნაკლებზოლიან მოძრაობიან გზებზე, ორივე მიმართულებით შემხვედრ და თანმხვედრ სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახების მომატებული საშიშროების შემთხვევაში, მოძრაობის ინტენსივობის, სავალი ნაწილის სიგანისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. ნიშანს 3.20 აყენებენ გზის მონაკვეთებზე, სადაც შემხვედრი ავტომობილის ხილვადობა უზრუნველყოფილი არ არის (ცხრილი №3). ამ შემთხვევაში ნიშნის მოქმედების ზონა სახიფათო უბნის სიგრძით განისაზღვრება.
35. ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ გამოიყენება ყველა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომელთა სიჩქარე ნიშანზე აღნიშნულს აღემატება და რომლის შემოღებაც მოცემულ უბანზე წარმოადგენს აუცილებლობას. გზის საშიშ მონაკვეთებზე (მკვეთრი მოსახვევი, შემხვედრი ავტომობილების გაძნელებული ხილვადობა, გზის შევიწროება და ა.შ.) მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვისას ნიშნის მოქმედების ზონა უნდა შეესაბამებოდეს საშიში მონაკვეთის სიგრძეს. თუ მოცემულ მონაკვეთებზე წესდება მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც 20 კმ/სთ-ით და მეტით განსხვავდება წინა მონაკვეთზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარისაგან, გამოიყენებენ სიჩქარის საფეხურებრივ შეზღუდვას, არაუმეტეს 20 კმ/სთ-ში ბიჯით, 3.24 ნიშნის ერთმანეთისაგან თანმიმდევრობით 100-150 მეტრის დაშორებით დადგმის გზით. სიჩქარის საფეხურებრივი შეზღუდვა დასაშვებია არ იქნეს გამოყენებული დასახლებული პუნქტების წინ, რომელიც აღნიშნულია 5.23.1 ან 5.23.2 ნიშნებით, იმ შემთხვევაში, თუ ნიშნის ხილვადობის მანძილი 150 მ-ზე მეტია. ნიშანს 3.24, 8.2.1 დაფით ხელოვნური უსწორმასწორობის წინ დგამენ 3.20 ნიშანთან ერთად, ერთ საყრდენზე. ნიშანზე მითითებული სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს უსწორმასწორობის კონსტრუქციას.
36. ნიშნები 3.21 „გასწრების აკრძალვის დასასრული“, 3.23 „სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის დასასრული“ და 3.25 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული“ გამოიყენება გზის მონაკვეთის დასასრულის აღსანიშნად, რომელზეც შემოღებული იყო მოძრაობის აკრძალვები შესაბამისი ნიშნებით 3.20, 3.22 და 3.24, თუ არ არსებობს მათი მოქმედების გავრცელების აუცილებლობა მოძრაობის მიმართულებით უახლოეს გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის ბოლომდე, ხოლო ნიშნისთვის 3.24 კი დასახლებული პუნქტის დასაწყისამდე, რომელიც აღნიშნულია ნიშნებით 5.23.1 ან 5.23.2.
37. ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ გამოიყენება ხმოვანი სიგნალით სარგებლობის ასაკრძალად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ნიშანი განთავსდება დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც აღნიშნულია ნიშნებით 5.23.1, 5.23.2, ასევე გზის მონაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ სანატორიუმებთან, დასასვენებელ სახლებთან, გამაჯანსაღებელ ბანაკებთან, საავადმყოფოებთან და ა.შ. სიახლოვეს გადიან.
38. ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების და დგომის ასაკრძალად.
39. ნიშნები 3.28 „დგომა აკრძალულია“, 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“, 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში“ გამოიყენება დგომის ასაკრძალად, მათ შორის, ნიშანი 3.29 თვის კენტ რიცხვებში დგომის ასაკრძალად, ხოლო ნიშანი 3.30 თვის ლუწ რიცხვებში დგომის ასაკრძალად.
40. ნიშნები 3.27-3.30 იდგმება გზის იმ მხარეს, სადაც შემოდის აკრძალვა. ნიშნების 3.29 და 3.30 ერთდროულად გამოყენებისას სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეებზე 19 სთ-დან 21 სთ-მდე (გადაადგილების დრო) დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს. გაჩერების ან დგომის ასაკრძალად მოედნის ერთ მხარეს, შენობის ფასადის და ა.შ. გასწვრივ, ნიშნები 3.27-3.30, 8.2.5 და 8.2.6 დაფებიდან ერთ-ერთთან ან ორივესთან ერთად დასაშვებია დაიდგას მოედანზე შესასვლელის, შენობასთან მისასვლელისა და ა.შ. საპირისპიროდ, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისაკენ წინა მხრით. დასახლებულ პუნქტებში ნიშნები 3.27-3.30 დიამეტრით 250 მმ. (8.2.2-8.2.4 დაფის გარეშე), ადრე შემოტანილი შეზღუდვების დასადასტურებლად დასაშვებია განმეორებით დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელების შემდეგ, რომელთა ნიშნები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ შესაძლებელია არაერთმნიშვნელოვნად იქნეს ამოცნობილი.
41. ნიშანი 3.31 „ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული“ გამოიყენება გზის მონაკვეთის დასასრულის მისათითებლად, რომელზედაც შემოღებული იყო ერთდროულად რამდენიმე შეზღუდვა ნიშნებით 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს შეზღუდვების მოქმედების გავრცელების აუცილებლობა უახლოეს გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის დასასრულამდე.
42. ნიშანი 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება საშიში ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს აღნიშნული საცნობი ნიშნით ,,სახიფათო ტვირთი“.
43. ნიშანი 3.33 „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ გამოიყენება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ასაკრძალად, რომლებიც ახორციელებენ ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების, აგრეთვე სხვა ისეთი ტვირთის გადაზიდვას, რომლებიც ექვემდებარება მარკირებას, როგორც ადვილად აალებადი, ისეთი რაოდენობით, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური წესები.
44. ნიშნები 3.32 და 3.33 გამოიყენება სახიფათო, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალებების მათთვის განკუთვნილი მარშრუტიდან გადახვევის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ისეთ გზებზე ან რაიონებში შესვლის ასაკრძალად, სადაც ისინი ხალხისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენენ.
45. ნიშნები 3.2-3.9, 3.32 და 3.33 იდგმება გზის ყველა მონაკვეთის და ტერიტორიის შესასვლელში, სადაც აკრძალულია შესაბამისი სახეობების სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა. გზაზე, გვერდითი გამოსასვლელების წინ ნიშნები გამოიყენება 8.3.1-8.3.3 დაფებიდან ერთ-ერთთან ერთად.
46. ნიშნების 3.1-3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.
47. ნიშნების 3.2, 3.3, 3.28-3.30 მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც მართავენ მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.
48. 3.28-3.30 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება საფოსტო ავტომობილებზე, რომლებსაც ძარაზე აქვთ თეთრი დიაგონალური ზოლი ლურჯ ფონზე, აგრეთვე ტაქსიზე ჩართული ტაქსომეტრით.
49. 3.2-3.8 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოებს ან/და ემსახურებიან ან ეკუთვნიან ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირებს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებები უნდა შევიდნენ აღნიშნულ ზონაში და გამოვიდნენ იქიდან დანიშნულების ადგილისკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.
50. ნიშნების 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, დასახლებულ პუნქტებში კი, თუ არ არის გზაჯვარედინი დასახლებული პუნქტის ბოლომდე. 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დაყენებული 3.24 ნიშნის მოქმედება ვრცელდება ამ ნიშნებამდე. მითითებული ნიშნები განმეორებით უნდა დაიდგას დასახლებული პუნქტის დამთავრების შემდეგ, ან უშუალოდ გზაჯვარედინის შემდეგ იმ შეზღუდვების შენარჩუნების აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც შემოღებულია შესაბამისი ნიშნებით გზაჯვარედინამდე ან დასახლებული პუნქტის დასასრულამდე.
51. აუცილებლობის შემთხვევაში, ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება:
ა) 3.16 და 3.26 ნიშნების - 8.2.1 დაფის გამოყენებით;
ბ) 3.20, 3.22, 3.24 ნიშნების - მოქმედების ზონის დასასრულის შესაბამისი 3.21, 3.23 ან 3.25 ნიშნების დადგმით ან 8.2.1 დაფის გამოყენებით.
52. 3.24 ნიშნის მოქმედების ზონა, აუცილებლობის შემთხვევაში, მცირდება მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით.
53. 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონა, აუცილებლობის შემთხვევაში, მცირდება მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფით, 3.27-3.30 ნიშნების განმეორებით განთავსებით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით ან ნიშნის 7.4, 8.2.1 დაფით განთავსებით. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო ნიშნის 3.28, 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთან, ნიშნების მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით. 3.10, 3.27-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება გზის იმ მხარეზე, სადაც ისინია განთავსებული.
მუხლი 9🔗. მიმთითებელი ნიშნები
1. მიმთითებელი ნიშნები გამოიყენება მოძრაობის რეჟიმების შემოღების ან გაუქმებისთვის და განათავსებენ ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, გარდა ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ნიშნები 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“, 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“, 4.1.3 „მოძრაობა მარცხნივ“ 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“, 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ“, 4.1.6 „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“ გამოიყენება სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე, ნიშანზე ისრებით მითითებული მიმართულებით მოძრაობის ნების დასართავად, ხოლო ნიშნები 4.1.3, 4.1.5, 4.1.6 ასევე მობრუნების ნების დასართავად.
3. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე. თუ გზაჯვარედინებზე მოძრაობის რეგულირებისთვის შესაძლებელია, როგორც მიმთითებელი 4.1.1-4.1.5 ნიშნების, ისე ამკრძალავი ნიშნების 3.18.1 და 3.18.2 გამოყენება, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მიმთითებელი ნიშნები.
4. ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ გამოიყენება გზაჯვარედინებს შორის გზის უბნებზე გამყოფი ზოლის წყვეტაში მობრუნების აკრძალვისთვის. ამასთან, ნიშანს აყენებენ მხოლოდ გამყოფ ზოლზე. აუცილებლობის შემთხვევაში 4.1.1 ნიშნის გამოყენება დასაშვებია 1.1 ან 1.3 მონიშვნის დუბლირებისთვის, რომლებიც შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადებს ჰყოფენ, ამასთან ნიშანს განათავსებენ უშუალოდ გზის მონაკვეთის დასაწყისში. ამ შემთხვევაში ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე.
5. ორ ან მეტზოლიან გზებზე მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის 4.1.1, 4.1.2, და 4.1.4 ნიშნების დუბლირება ხდება მარცხენა ზოლის ზემოთ, გზებზე გამყოფი ზოლით - გამყოფ ზოლზე, ხოლო გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, შემხვედრი მოძრაობისათვის არაუმეტეს ორი ზოლის არსებობის შემთხვევაში, დასაშვებია ნიშნის დუბლირება გზის მარცხენა მხარეს.
6. ნიშნები 4.2.1 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“, 4.2.2 „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“, 4.2.3 „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან“ გამოიყენება გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებული ზღუდის დასაწყისის, გამყოფი ზოლის დასაწყისის, უსაფრთხოებისა და მიმმართველი კუნძულების შემაღლებული ადგილების, სავალ ნაწილზე სხვადასხვა დაბრკოლებების შემოვლის შესაბამისი მიმართულების მისათითებლად. ნიშნებს აყენებენ სავალი ნაწილის მიღმა გამყოფი ზოლების დასაწყისში, კუნძულებზე და ზღუდეებზე. აღნიშნულ ადგილებზე შიდა განათებით ტუმბოს არსებობის შემთხვევაში ნიშანი იდგმება მასზე.
7. ნიშანი 4.3 „წრიული მოძრაობა“ იდგმება გზაჯვარედინის (მოედნის) ყოველ შესასვლელზე, რომელზეც ორგანიზებულია წრიული მოძრაობა. ნიშანს არ გამოიყენებენ თუ წრიულ მოძრაობასთან ერთად დაშვებულია სატრანსპორტო საშუალებების ჯვარედინი მოძრაობა, რელსებიანების გარდა.
8. ნიშანი 4.4 „ველობილიკი“ გამოიყენება ბილიკის აღსანიშნად, რომელზედაც ნებადართულია მხოლოდ ველოსიპედების მოძრაობა. ძირითადად ნიშანს განათავსებენ ველობილიკის დასაწყისში, ხოლო განმეორებით ველობილიკის გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ. ნიშანი იდგმება:
ა) ველობილიკის ან ზოლის მარჯვნივ, თუ ის სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია ბორდიურით, ბარიერით, გაზონით და ა.შ.;
ბ) სავალი ნაწილის ზემოთ 8.14 დაფით, თუ ის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზოლისგან გამოყოფილია 1.1 მონიშვნით.
9. ნიშანი 4.5 „ქვეითთა ბილიკი“ გამოიყენება იმ ბილიკების აღსანიშნად, რომლებიც მხოლოდ ქვეითთათვის არის განკუთვნილი. ძირითად ნიშანს განათავსებენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, მარჯვნივ, ხოლო განმეორებით ქვეითთა ბილიკის გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.
10. ნიშანი 4.6 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ გამოიყენება გზებზე ან მოძრაობის ცალკეულ ზოლებზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარის დასადგენად, ამასთან მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული, ან უფრო მაღალი სიჩქარით (მაგალითად, გრძელი აღმართის მიმართულებით მოძრაობის ორი და მეტი ზოლის არსებობისას). ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გზაჯვარედინის არარსებობის შემთხვევაში დასახლებული პუნქტის ბოლომდე. მოძრაობის მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალტერნატიული გზა იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ იმოძრაონ ნიშანზე მითითებული სიჩქარით.
11. ნიშანი 4.7 „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“ გამოიყენება გზის მონაკვეთის დასასრულის მისათითებლად, რომელზედაც შემოღებული იყო მოძრაობის მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა 4.6 ან 5.15.3 ნიშნით და იდგმება მონაკვეთის ან მოძრაობის ზოლის ბოლოში.
12. ნიშანი 4.8 „მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია“ მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოძრაობენ გზაზე, რომლის დასაწყისშიც არის აღნიშნული ნიშანი დამონტაჟებული, ვალდებულნი არიან არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე ჰქონდეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
13. ნიშნები 4.9.1-4.9.3 „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების ნებადართული მოძრაობის მიმართულების მისათითებლად, რომლებსაც გადააქვთ სახიფათო ტვირთი და რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იქნენ აღნიშნული საცნობი ნიშნით ,,სახიფათო ტვირთი“.
14. 4.9.1-4.9.3 ნიშნების გამოყენებისას, გზაჯვარედინებზე 3.32 და 3.33 ნიშნების დადგმა არ არის რეკომენდებული.
მუხლი 10🔗. განსაკუთრებული მითითებების ნიშნები
1. განსაკუთრებული მითითებების ნიშნებს იყენებენ მოძრაობის განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებისთვის ან მათ გასაუქმებლად.
2. ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი“ გამოიყენება გზების აღსანიშნად, რომლებზეც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობისთვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება (ნიშანი 5.1 განმეორებით დასაშვებია დაიდგას ავტომაგისტრალზე შესასვლელის შემდეგ):
ა) ავტომაგისტრალის დასაწყისში;
ბ) 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის დასაწყისიდან უახლოესი მობრუნების ადგილის ან გზაჯვარედინის წინ;
გ) 8.1.3 ან 8.1.4 დაფით სხვადასხვა დონის გადაკვეთიდან ავტომაგისტრალზე გასასვლელის წინ, მაგისტრალის უახლოეს გზასთან გადაკვეთის წინ, რომელიც შემდგომში ავტომაგისტრალში გადადის;
დ) 8.3.1 დაფით ერთ დონეზე ავტომაგისტრალთან მიერთების წინ;
ე) 8.3.1, 8.3.2 დაფით იმ ავტომაგისტრალზე გასასვლელის წინ, რომელიც იწყება ერთი დონის მიერთებიდან (დანართი №3, სურათი გ.5).
3. ნიშანი 5.2 „ავტომაგისტრალის დასასრული“ იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელის დასაწყისში და წინასწარ 8.1.1 დაფასთან ერთად ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე (დანართი №3, სურათი გ.5).
4. ნიშანი 5.3 „საავტომობილო გზა“ გამოიყენება გზის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილებისა და მოტოციკლების მოძრაობისთვის. ნიშანს განათავსებენ გზის დასაწყისში. ნიშანს აყენებენ (2.3 ან 2.4 ნიშნების არსებობისას, ნიშანი 5.3 შესაბამის დაფასთან ერთად იდგმება მათთან, ერთ საყრდენზე, გზაჯვარედინის წინ):
ა) 8.1.1 დაფით 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასაწყისის წინ (უახლოესი), მობრუნების და გზაჯვარედინის ადგილებში;
ბ) 8.1.3 ან 8.1.4 დაფით 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის შესასვლელების წინ, 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზასთან უახლოეს სხვადასხვა დონის გადაკვეთებზე და გზასთან გადაკვეთაზე, რომელიც 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზაში გადადის;
გ) 8.3.1-8.3.3 დაფიდან ერთ-ერთთან 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზასთან გადაკვეთის წინ.
5. ნიშანი 5.4 „საავტომობილო გზის დასასრული“ იდგმება 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის ბოლოში.
6. ნიშანი 5.5 „ცალმხრივმოძრაობიანი გზა“ გამოიყენება გზის ან სავალი ნაწილის აღსანიშნად, რომლებზედაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე, ერთი მიმართულებით ხორციელდება. ნიშანი იდგმება გზის ან სავალი ნაწილის დასაწყისში. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას:
ა) სხვადასხვა დონეებზე გადაკვეთების გადასასვლელების, სერვისის ობიექტებთან მისასვლელების დასაწყისში, რომლებზედაც ხორციელდება ცალმხრივი მოძრაობა;
ბ) ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის დასაწყისში, რომელიც შემხვედრი მოძრაობიანი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია გამყოფი ზოლით ან ბულვარით, ცალ-ცალკე სავალნაწილიან გზებზე თითოეული სავალი ნაწილიდან შემხვედრი მოძრაობის ხილვადობის უზრუნველყოფის შემთხვევაში.
7. ნიშანი 5.5 განმეორებით იდგმება რთული კონფიგურაციის გზაჯვარედინის შემდეგ.
8. ნიშანი 5.6 „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული“ იდგმება 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის ბოლოში. დასაშვებია 5.6 წინასწარი ნიშნის 8.1.1 დაფასთან ერთად დადგმა.
9. ნიშნებს 5.7.1 და 5.7.2 „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა“ დგამენ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნებს განათავსებენ სხვა ნიშნებთან ერთ საყრდენზე. დასაშვებია ნიშნები არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.
10. ნიშანი 5.8 „რევერსული მოძრაობა“ გამოიყენება გზის მონაკვეთის აღნიშვნისთვის, სადაც სავალი ნაწილის ცალკეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს საპირისპიროდ, რევერსული შუქნიშნის ან 5.15.7 ნიშნის მეშვეობით. ნიშანი იდგმება რევერსულმოძრაობიანი გზის ან უბნის დასაწყისში. ნიშანი 5.8 განმეორებით იდგმება ყოველი რეგულირებადი გზაჯვარედინის შემდეგ, აგრეთვე რთული კონფიგურაციის არარეგულირებადი გზაჯვარედინის შემდეგ.
11. ნიშანი 5.9 „რევერსული მოძრაობის დასასრული“ იდგმება 5.8 ნიშნით აღნიშნული რევერსულმოძრაობიანი გზის მონაკვეთის ბოლოში.
12. ნიშანი 5.10 „გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა“ გამოიყენება 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთებზე გასასვლელების მისათითებლად და იდგმება ყველა გვერდით გასასვლელში. დასაშვებია ნიშანი არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.
13. ნიშანი 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ გამოიყენება გზის აღსანიშნად, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ. ნიშანს განათავსებენ გზის დასაწყისში, მოძრაობის ზოლის ზემოთ ან გზის ორივე მხარეს. ნიშანი 5.11 განმეორებით იდგმება რთული კონფიგურაციის გზაჯვარედინის შემდეგ.
14. ნიშანი 5.11.1 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ − გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.11 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის მქონე გზა. 5.11.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს.
15. ნიშანი 5.12 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“ იდგმება 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის ბოლოში.
16. ნიშანი 5.12.1 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“ მიუთითებს 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.
17. ნიშნები 5.13.1, 5.13.2 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ გამოიყენება 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასასვლელის მისანიშნებლად და განათავსებენ ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. იმ შემთხვევაში, თუ გზაზე გასასვლელის ადგილებზე ერთ საყრდენზე რამდენიმე ნიშანს განათავსებენ, მაშინ ნიშნებს 5.13.1, 5.13.2 ათავსებენ სხვა ნიშნებზე ზევით. დასაშვებია ნიშნები არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.
18. ნიშნები 5.13.3, 5.13.4 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ მიუთითებენ 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას. 5.13.3, 5.13.4 საგზაო ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ეს ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზიდან.
19. ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ გამოიყენება ზოლის აღსანიშნად, რომელზეც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშანს აყენებენ ზოლის დასაწყისში მის ზემოთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ზოლი უკიდურესად მარჯვენა მხარესაა, დასაშვებია ნიშნის დადგმა ზოლის მარჯვენა მხარეს. ნიშანი მეორდება ყოველი გზაჯვარედინის შემდეგ, გზის მთელ სიგრძეზე, სადაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხორციელდება 5.14 ნიშნით აღნიშნულ ზოლზე.
20. ნიშანი 5.14.1 „ტაქსისთვის (M1 კატეგორია) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ – გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია) მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით და რომელიც იმავდროულად არის 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი. 5.14.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. ეს ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაოს. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული აღნიშნული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.
21. ნიშნები 5.15.1 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები“ და 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები“ გამოიყენება გზაჯვარედინზე, თითოეულ ზოლზე მოძრაობის ნებადართული მიმართულებების მისათითებლად (ნიშანი 5.15.1 მიუთითებს აგრეთვე მოძრაობის ზოლების რაოდენობას), იქ სადაც საჭიროა სატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური მოძრაობის შესაბამისად ზოლების გამოყენების უზრუნველყოფა. 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები გამოიყენება შემდეგნაირად:
ა) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავენ, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევიან;
ბ) გზაჯვარედინის წინ დაყენებული 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დაყენებული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებებს არ იძლევიან;
გ) ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე;
დ) ნიშნებს დგამენ სავალი ნაწილის ზევით გზაჯვარედინიდან ისეთი მანძილის დაშორებით, რომ მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დროულად განახორციელონ აუცილებელი გადაადგილებები;
ე) 5.15.2 ნიშნებიდან თითოეულს განათავსებენ შუაში ზოლის ზევით, რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი;
ვ) წინასწარი ნიშნები 5.15.1 და 5.15.2 იდგმება გზებზე, რომლებსაც გზაჯვარედინის წინ აქვთ სამი ზოლი. ნიშანი 5.15.2 იდგმება მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამი და მეტი ზოლის შემთხვევაში. სხვა გზებზე წინასწარი ნიშნები დასაშვებია დაიდგას აუცილებლობის შემთხვევაში;
ზ) დაუსახლებელ პუნქტებში გზებზე, რომლებსაც გზაჯვარედინის წინ გააჩნიათ არაუმეტეს სამი ზოლი, ხოლო დასახლებულ პუნქტებში არაუმეტეს ორი ზოლი მოცემული მიმართულებით, დასაშვებია ნიშანი 5.15.1 განთავსდეს გზის მარჯვენა მხარეს, ასევე მასთან ერთად განათავსებენ წინასწარ 5.15.1 ნიშანსაც;
თ) წინასწარი ნიშნები 5.15.1 და 5.15.2 იდგმება ძირითადი ნიშნის განთავსების ადგილიდან 50-150 მ. მანძილის დაშორებით;
ი) 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების არსებობისას 4.1.1-4.1.6 ნიშნები არ გამოიყენება.
22. ნიშანი 5.15.3 „ზოლის დასაწყისი“ გამოიყენება აღმართის დამატებითი ზოლის ან გადაკვეთებსა და მიერთებებზე დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის აღსანიშნად, მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რიცხვის გაზრდისას და იდგმება ასეთ ზოლზე გასასვლელის დასაწყისში. ნიშანი 5.15.3, 4.6 ნიშნის (ნიშნების) გამოსახულებით გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაწესდეს მოძრაობის მინიმალური სიჩქარე მარცხენა ზოლზე (ზოლებზე), აღმართის მიმართულებით. ნიშანზე მიუთითებენ მარცხენა ზოლისთვის დასაშვებ მინიმალურ სიჩქარეს, რომელსაც აჭარბებენ სატრანსპორტო საშუალებების 50%, რომლებიც მოძრაობენ აღმართის ორ ზოლზე, ან დასაშვებ მინიმალურ სიჩქარეს, რომელსაც აჭარბებენ აღმართის სამ ზოლზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების 50% (მარცხენა ზოლზე) და 85% (შუა ზოლზე). სიჩქარეს ზომავენ აღმართის ბოლოში. მიღებულ სიდიდეს ამრგვალებენ ნაკლებისაკენ 10-ის ჯერადით.
23. ნიშანი 5.15.4 „ზოლის დასაწყისი“ გამოიყენება სამზოლიან გზაზე, შუა ზოლის მონაკვეთის დასაწყისის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის, თითოეული მიმართულებით მოძრაობის ორი ზოლის საგზაო მონიშვნით მორიგეობით გამოყოფის შემთხვევაში. ამასთან, ნიშანს დგამენ მონიშვნის გარდამავალი ხაზის დასაწყისში. ნიშანი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ ზოლის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მარცხნივ მოხვევის ან მობრუნებისთვის.
24. ნიშანი 5.15.5 „ზოლის დასასრული“ გამოიყენება აღმართზე დამატებითი ან აჩქარების ზოლის დასასრულის აღნიშვნისათვის, მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რიცხვის შემცირებისას და დგამენ ასეთ ზოლებიდან გადასვლის დასაწყისში.
25. ნიშანი 5.15.6 „ზოლის დასასრული“ გამოიყენება გზაზე, მარცხენა ზოლის მონაკვეთის დასასრულის აღსანიშნად, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვის და რომლის დასაწყისი აღნიშნული იყო 5.15.4 ნიშნით. ნიშანს განათავსებენ მონიშვნის გარდამავალი ხაზის დასაწყისში. ნიშნის გამოყენება დასაშვებია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ძირითადი ზოლიდან მარცხნივ განთავსებული აჩქარების ზოლის დასასრულის აღსანიშნად. ნიშანს დგამენ ზოლზე გადასვლის დასაწყისში.
26. ნიშანი 5.15.7 „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება“ გამოიყენება მოძრაობის ზოლების რაოდენობის და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულების აღსანიშნად, მოძრაობის ორგანიზებისას ერთ-ერთი მიმართულებით უფრო მეტი ზოლების არსებობისას, ვიდრე შემხვედრი მიმართულებით და განათავსებენ მოძრაობის ასეთი ორგანიზების გზებზე ყოველი გზაჯვარედინის შემდეგ. დასაშვებია ორისრიანი ნიშნის დადგმა ორზოლიანი გზების სავალი ნაწილის მონაკვეთებზე, როდესაც მოძრაობის ორგანიზება (ცალმხრივი ან ორმხრივი) მძღოლების მიერ შესაძლებელია არაერთგვაროვნად იქნეს აღქმული. იმ შემთხვევაში, როდესაც 8.14 დაფიანი ნიშნებით მოძრაობის ცალკეულ ზოლებზე შემოაქვთ რაიმე სახის რეჟიმები, ეს ნიშნები შეიძლება გამოსახული იყოს 5.15.7 ნიშნის ისრებზე. ნიშნის გამოყენება დასაშვებია რევერსული მოძრაობის ორგანიზებისთვის, რისთვისაც ნიშანს განათავსებენ ყოველი გზაჯვარედინის შემდეგ, გზის მონაკვეთის მთელ სიგრძეზე.
27. ნიშანი 5.15.8 „ზოლების რაოდენობა“ გამოიყენება მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობისა და ზოლებზე მოძრაობის რეჟიმების მისათითებლად. ნიშანს დგამენ დაუსახლებელ პუნქტებში გზის უბნის დასაწყისიდან 150-300 მ. მანძილზე, ხოლო დასახლებულ პუნქტებში გზის უბნის დასაწყისიდან 50-150 მ. მანძილზე, რომლებზედაც შესაბამისი ნიშნებით 8.14 დაფასთან ერთად შემოაქვთ ზოლებზე მოძრაობის რეჟიმები. ნიშანს განათავსებენ სავალი ნაწილის ზევით. ასევე ერთეული გამოსახულების სახით შესაძლებელია განთავსდეს უშუალოდ მოძრაობის ზოლის ზევით. ნიშნის დადგმა დასაშვებია დაუსახლებელ პუნქტებში გზის მარჯვენა მხარეს, გზებზე რომლებსაც აქვთ გზაჯვარედინის წინ არაუმეტეს სამი, ხოლო დასახლებულ პუნქტებში არაუმეტეს ორი მოძრაობის ზოლი მოცემული მიმართულებით.
28. ნიშნები 5.16 „ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“, 5.17 „ტრამვაის გაჩერების ადგილი“ და 5.18 „მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი“ გამოიყენება შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებელი პუნქტებისა და მსუბუქი ტაქსების დგომის ადგილის აღნიშვნისთვის. ნიშნები უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივი ნიშნების გამოყენება დასაშვებია დაუსახლებელ პუნქტებში გამყოფზოლიანი გზის მონაკვეთებზე, რომლებზედაც არ არის ქვეითთა მოძრაობა გზის გასწვრივ. ნიშნები განთავსდება შემდეგნაირად:
ა) ნიშანს 5.16 დგამენ ჩასასხდომი ბაქნის დასაწყისში. გაჩერების ადგილზე პავილიონის არსებობისას დასაშვებია ნიშნის დადგმა მოძრაობის მიმართულებით, პავილიონის უახლოეს კიდეზე (ნაპირზე) ან დამოუკიდებელ საყრდენზე;
ბ) ნიშანი 5.17 იდგმება სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ტრამვაის ლიანდაგების სავალი ნაწილის შუაში განლაგებისას ან ცალმხრივი მოძრაობისას, სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს. 5.17 ნიშნის დუბლირება ხდება:
ბ.ა) შემაღლებული ჩასასხდომი ბაქნის არსებობისას, რომელიც განლაგებულია ტრამვაის ლიანდაგების გასწვრივ - ამ ბაქნის დასაწყისში;
ბ.ბ) ჩასასხდომი ბაქნის გარეშე მოცემული მიმართულებით მოძრაობის ორ ან მეტზოლიან გზებზე - მარცხენა ზოლის ზემოთ;
გ) ერთი ან რამდენიმე ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული გაჩერების პუნქტების დაშორების აღნიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ნიშნის 5.16, 8.2.1 დაფით გამოყენება. ამასთან, ნიშანს განათავსებენ პირველი გაჩერების პუნქტის დასაწყისში;
დ) ინფორმაციას მარშრუტების შესახებ მიუთითებენ შესაბამისი სტანდარტის თანახმად.
29. ნიშნები 5.19.1 და 5.19.2 „ქვეითთა გადასასვლელი“ გამოიყენება გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილების აღსანიშნად. ნიშნები განთავსდება შემდეგნაირად:
ა) ნიშანი 5.19.1 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო ნიშანი 5.19.2 გზის მარცხენა მხარეს. გამყოფზოლებიან გზებზე ნიშნებს 5.19.1 და 5.19.2 განათავსებენ გამყოფ ზოლზე შესაბამისად მარჯვნივ ან მარცხნივ თითოეული სავალი ნაწილიდან;
ბ) გადასასვლელზე 1.14.1 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი 5.19.1 იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო ნიშანი 5.19.2 გადასასვლელის შორ საზღვართან. ნიშნებს შორის მოთავსებული დაუხაზავი ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება ამ რეგლამენტის მე-15 მუხლის 22-ე პუნქტის მიხედვით;
გ) მონიშნულ ქვეითთა გადასასვლელზე ნიშანი იდგმება გადასასვლელის საზღვრიდან არაუმეტეს 1 მ. მანძილზე;
დ) ნიშანი 5.19.2 დასაშვებია განთავსდეს 5.19.1 ნიშნის მეორე მხარეს;
ე) დასაშვებია ნიშნები არ დაიდგას მონიშნულ ქვეითთა გადასასვლელებზე, რომლებიც განლაგებული არიან რეგულირებად გზაჯვარედინებზე;
ვ) არარეგულირებად გზაჯვარედინებზე მონიშნულ ქვეითთა გადასასვლელებზე, იმ შემთხვევაში თუ გზაჯვარედინის ცენტრთან ახლოს მდებარე გადასასვლელის საზღვარი ემთხვევა სავალი ნაწილის კიდეს, ნიშნის დადგმა დასაშვებია მხოლოდ გადასასვლელის შორ საზღვართან.
30. ნიშანი 5.20 „ხელოვნური უსწორმასწორობა“ გამოიყენება ხელოვნური უსწორმასწორობის საზღვრების აღნიშვნისათვის. ნიშანს განათავსებენ ხელოვნური უსწორმასწორობის საზღვარზე მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებების მხარეს.
31. ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ გამოიყენება იმ ტერიტორიის (ზონის) აღსანიშნად, სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისთვის დადგენილი წესები. ნიშანს განათავსებენ საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
32. ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ გამოიყენება საცხოვრებელი ზონის დასასრულის აღნიშვნისათვის. ნიშანს განათავსებენ საცხოვრებელი ზონიდან ყველა გამოსასვლელში. ნიშნის განთავსება დასაშვებია 5.21 ნიშნის მეორე მხარეს.
33. ნიშანი 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტის, ხოლო ნიშანი 5.23.2 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ განაშენიანებული გზის მონაკვეთის (რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში) დასაწყისის აღსანიშნად, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისთვის დადგენილი წესები. ნიშნები განთავსდება შემდეგნაირად:
ა) ნიშნებს დგამენ დასახლებული პუნქტების ყველა შესასვლელში, საცხოვრებელი განაშენიანების ფაქტობრივ საზღვრებზე;
ბ) ნიშანი 5.23.2 იდგმება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობისთვის დადგენილი წესები აუცილებელია შემოღებულ იქნეს განაშენიანებული გზების მონაკვეთებზე, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები, მშენებარე ობიექტები და ა.შ.). ნიშანი 5.23.2 დასაშვებია დაიდგას:
ბ.ა) დასახლებულ პუნქტებში მეორეხარისხოვან შესასვლელებთან;
ბ.ბ) დასახლების დასაწყისში, იმ შემთხვევაში როდესაც გზა რამდენიმე ადგილზე კვეთს ერთი და იგივე დასახლებული პუნქტის საზღვრებს;
ბ.გ) დასახლების საზღვრებზე, როდესაც დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვარში განაშენიანება ხდება 500 მ-ზე მეტ მანძილზე.
34. ნიშნები 5.24.1 და 5.24.2 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ გამოიყენება დასახლებული პუნქტის დასასრულის მისათითებლად, რომელიც აღნიშნულია შესაბამისი ნიშნებით 5.23.1 და 5.23.2. ნიშნებს განათავსებენ დასახლებული პუნქტებიდან ყველა გამოსასვლელში, განაშენიანების ფაქტობრივ საზღვრებზე.
35. 5.24.2 ნიშნის დადგმა დასაშვებია 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის ბოლოს.
36. ნიშანი 5.25 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტის დასაწყისის აღნიშვნისთვის, სადაც მოცემულ გზაზე არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისთვის დადგენილი წესები.
37. ნიშანი 5.26 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ გამოიყენება 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულის მისათითებლად.
38. ნიშნები 5.27 „ზონა დგომის შეზღუდვით“, 5.29 „რეგულირებადი სადგომი ზონა“, 5.31 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა“ გამოიყენება ტერიტორიის (გზის უბნის) აღნიშვნისათვის, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშნებს განათავსებენ ტერიტორიაზე (გზის უბანზე) ყველა შესასვლელში. მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მთელ დასახლებულ პუნქტში არ დაიშვება. იმ სახის სატრანსპორტო საშუალებებზე ინფორმაცია, რომლებზეც ვრცელდება შესაბამისი შეზღუდვა, ასევე მოქმედების დრო, სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების დაყენების ხერხი, მისი ზონაში ყოფნის ხანგრძლივობა და ა.შ. უნდა განთავსდეს ნიშნის ქვემოთ დაფებზე ან/და 5.27, 5.29 და 5.31 ნიშნების ქვედა ნაწილში მოქმედი სტანდარტის მიხედვით შესაბამისი გამოსახულებით.
39. ნიშანი 5.33 „ქვეითთა ზონა“ გამოიყენება იმ ტერიტორიის (გზის უბნის) აღნიშვნისათვის, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის. ნიშანს განათავსებენ იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებების ტერიტორიაზე (გზის უბნებში) შესვლა.
40. ნიშნები 5.28 „დგომის შემზღუდველი ზონის დასასრული“, 5.30 „რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული“, 5.32 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული“ და 5.34 „ქვეითთა ზონის დასასრული“ გამოიყენება ტერიტორიის (გზის უბნის) დასასრულის მითითებისთვის, რომლებიც შესაბამისი 5.27, 5.29, 5.31, 5.33 ნიშნებით არის აღნიშნული. ნიშნებს დგამენ ტერიტორიიდან (გზის უბნიდან) ყველა გამოსასვლელში.
41. ნიშნები 5.28, 5.30, 5.32, 5.34 დასაშვებია განთავსდეს შესაბამისი 5.27, 5.29, 5.31, 5.33 ნიშნების მეორე მხარეს.
42. ნიშანი 5.35 „საავადმყოფო“ მიუთითებს გზასთან ახლოს სამედიცინო დაწესებულების არსებობის თაობაზე. ნიშანთან გავლისას მძღოლი, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერიდოს ზედმეტ ხმაურს.
43. ნიშანი 5.36 „შერწყმის ადგილი“ მიუთითებს სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლი) ავტომაგისტრალთან შერწყმის ადგილს.
44. ნიშანი 5.37 „გვირაბი“ მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასაწყისს, საიდანაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს. 5.37 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით) ან მის გარეშე. ამასთანავე, ამ ნიშნის ქვემოთა ნაწილში ან 8.2.1 დამატებითი ინფორმაციის ნიშანზე (დაფაზე) შეიძლება აღინიშნოს საავტომობილო გვირაბის სიგრძე.
45. ნიშანი 5.38 „გვირაბის დასასრული“ მიუთითებს საავტომობილო გვირაბის დასასრულს (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის დასასრულს, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს). 5.38 საგზაო ნიშანი იდგმება საავტომობილო გვირაბის ბოლოში (საავტომობილო გზის იმ მონაკვეთის ბოლოში, სადაც საავტომობილო გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები მოქმედებს).
მუხლი 11🔗. ობიექტებისა და სერვისის ნიშნები
1. ნიშნები 6.1 „პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი“, 6.2 „ავტოგასამართი სადგური“, 6.3 „ავტომობილის ტექნიკური მომსახურება“, 6.4 „ავტომობილის რეცხვა“, 6.5 „ტელეფონი“, 6.6 „კვების პუნქტი“, 6.7 „სასმელი წყალი“, 6.8 „სასტუმრო ან მოტელი“, 6.9 „კემპინგი“, 6.10 „დასვენების ადგილი“, 6.11 „საპატრულო პოლიციის საგუშაგო“, 6.12 „პოლიცია“, 6.13 „საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საკონტროლო პუნქტი“, 6.14 „საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა“, 6.15 „საავარიო სამსახურთან რადიოკავშირის ზონა“, 6.16 „საცურაო აუზი ან პლაჟი“, 6.17 „საპირფარეშო“ გამოიყენება მოძრაობის მონაწილეების ინფორმირებისთვის შესაბამისი ობიექტის ან სერვისის შესახებ. ნიშნებს განათავსებენ ობიექტებთან. სერვისის წინასწარ ნიშნებს დაუსახლებელ პუნქტებში დგამენ 400-800 მ., ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში 15-20 კმ. და 60-80 კმ. დაშორებით ობიექტამდე, მათკენ მოსახვევის (გზაჯვარედინების) ადგილებთან, თუ ისინი განლაგებული არიან გზიდან გვერდით. სერვისის წინასწარ ნიშნებზე მიუთითებენ მანძილს ობიექტამდე. სერვისის წინასწარ ნიშნებზე მანძილის მითითებისას, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან გზიდან გვერდზე 15-20 კმ. და 60-80 კმ. დაშორებით განლაგებული ობიექტების შესახებ, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოსახვევის (გზაჯვარედინის) დაშორების მანძილი ობიექტამდე. სერვისის წინასწარი ნიშნების დადგმა დასახლებულ პუნქტებში დასაშვებია ობიექტამდე და მასთან უახლოეს მოსახვევთან (გზაჯვარედინთან) 100-150 მ. მანძილზე. სერვისის ნიშნებზე დამატებითი ინფორმაციის განთავსებისას (მისამართები, ტელეფონის ნომრები, მომსახურების სახეები და ა.შ.), ობიექტამდე მანძილს, მუშაობის დროს, მიუთითებენ დამატებითი ინფორმაციის ნიშნებზე.
2. ნიშანს 6.13 იყენებენ მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირებისთვის სატრანსპორტო კონტროლის პუნქტების შესახებ, რომლებზედაც კონტროლდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები და რომლებსაც ახორციელებენ სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები.
3. ნიშანი 6.14 გამოიყენება გზის მონაკვეთის დასაწყისის აღსანიშნად, რომელზედაც ხორციელდება რადიოსადგურის გადაცემის მიღება ნიშანზე მითითებული სიხშირით. ნიშანს განათავსებენ ასეთი მონაკვეთის დასაწყისში და იმეორებენ მონაკვეთის მთელი სიგრძის ყოველ 20 კმ-ში. ნიშანი 6.15 გამოიყენება გზის მონაკვეთის აღნიშვნისთვის, რომელზეც მოქმედებს საავარიო სამსახურებთან რადიოკავშირის სისტემა. ნიშანს განათავსებენ ასეთი მონაკვეთის დასაწყისში და აუცილებლობის შემთხვევაში იმეორებენ მონაკვეთის მთელ სიგრძეზე.
მუხლი 12🔗. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
1. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები გამოიყენება საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირებისთვის, მოძრაობის მიმართულებით დასახლებული პუნქტების და სხვა ობიექტების განლაგების, ასევე დადგენილი და რეკომენდებული მოძრაობის რეჟიმების შესახებ.
2. ნიშანი 7.1 „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა ინფორმირებისთვის სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების შესახებ, რომლებიც საქართველოს გზებზე დადგენილია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელებში საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან.
3. ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა ინფორმირებისთვის სიჩქარის თაობაზე, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე და განათავსებენ გზის მონაკვეთის დასაწყისში. ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად - სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.
4. ნიშანი 7.3.1 „მობრუნების ადგილი“ გამოიყენება მობრუნების ადგილის მისათითებლად. ნიშანს განათავსებენ გამყოფ ზოლიან გზებზე, მობრუნების ადგილის წინ გამყოფ ზოლზე, ხოლო გამყოფი ზოლის არმქონე გზებზე, მოძრაობის მოცემული მიმართულებით განაპირა მარცხენა ზოლის ზემოთ. მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის არაუმეტეს სამზოლიან გზებზე ნიშნის დადგმა დასაშვებია მარჯვენა მხარეს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენებენ წინასწარ ნიშანს 8.1.1 დაფით ძირითადი ნიშნიდან 100-150 მ-ის დაშორებით.
5. ნიშანი 7.4 „დგომის ადგილი“ გამოიყენება მოედნების აღნიშვნისთვის, რომლებიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის, ხოლო 8.6.1-8.6.9 ერთ-ერთ დაფასთან ერთად ტროტუარის მიმდებარედ დგომის აღნიშვნისათვის. ტროტუარის მიმდებარედ დგომის აღმნიშვნელი ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება 8.2.1 დაფით, თუ არ არის განსაზღვრული საგზაო მონიშვნით. დასახლებული პუნქტების გარეთ, გზებზე წინასწარ ნიშანს 7.4, 8.1.1 დაფით დგამენ დგომისთვის განკუთვნილი მოედნიდან 400-800 მ. მანძილზე. ნიშანს 7.4, 8.21.1-8.21.3 დაფით დგამენ მეტროს სადგურებთან არსებული მოედნის შესასვლელებთან, აგრეთვე ავტობუსის, ტროლეიბუსის ან/და ტრამვაის გაჩერებებთან და წინასწარ 8.1.1, 8.1.3, 8.1.4, 8.3.1, 8.3.2 დაფებით, ასეთ მოედნამდე/გაჩერებამდე მიმართულების და მანძილის მისათითებლად.
6. ნიშანი 7.5 „საავარიო გაჩერების ზოლი“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებისთვის ციცაბო დაღმართებზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის შესახებ. ნიშანს განათავსებენ საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ. წინასწარი ნიშანი 7.5, დაფით 8.1.1 იდგმება დაღმართის ზედა ნაწილში 1.14 ნიშანთან ერთად. წინასწარი ნიშანი 7.5, დაფით 8.1.1, დასაშვებია დაიდგას დაღმართის მთელ სიგრძეზე.
7. ნიშნები 7.6 „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი“ და 7.7 „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი“ იდგმება გამოსახულებით ქვეითთა ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ, ქვეითთა გადასასვლელზე/გადასასვლელში, ყველა შესასვლელ-გასასვლელთან.
8. ნიშნები 7.8.1-7.8.3 „ჩიხი“ გამოიყენება გამჭოლი გასასვლელის არმქონე გზების აღსანიშნად. ნიშანი 7.8.1 იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო ნიშნები 7.8.2 და 7.8.3 იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. ნიშნები 7.8.1-7.8.3 არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გზაჯვარედინებს შორის გზის უბანზე მოძრაობა აკრძალულია ნიშნებით 3.1 ან 3.2.
9. ნიშანი 7.9.1 „მიმართულებათა წინასწარი მაჩვენებელი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისკენ მოძრაობის მიმართულების შესახებ წინასწარი ინფორმირებისთვის. ნიშანი გამოიყენება აგრეთვე გზების იმ უბნების შემოვლის მარშრუტის მისათითებლად, რომლებზეც ნიშნებით 3.11-3.15 შემოღებულია შესაბამისი შეზღუდვები. ნიშანს განათავსებენ დასახლებული პუნქტების გარეთ 300-500 მ-ის დაშორებით გადაკვეთის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის წინ, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ-ის დაშორებით. ავტომაგისტრალებზე წინასწარ ნიშანს 7.9.1 დგამენ გადაკვეთის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის წინ 800-1000 მ-ის დაშორებით. ნიშნის დადგმა დასაშვებია სავალი ნაწილის ზევით ან/და გამყოფ ზოლზე.
10. ნიშანი 7.9.2 „მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისკენ მოძრაობის მიმართულების შესახებ წინასწარი ინფორმირებისთვის. ნიშანს განათავსებენ ორი ან მეტზოლიანი გზის სავალი ნაწილის ზემოთ, უშუალოდ დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის წინ, ხოლო თუ ის არ არსებობს, მაშინ გზაჯვარედინის წინ, დაუსახლებელ პუნქტებში 100-300 მ-ის დაშორებით, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ-ის დაშორებით. ნიშანი 7.9.2 იდგმება 7.9.1 ნიშნის მაგივრად და შემდეგი პირობებით:
ა) გზის მონაკვეთებზე, სადაც 7.9.1 ნიშნის განთავსება გართულებულია (მაღალი ნაყარი, ღრმა თხრილები, ნაგებობების არსებობა და ა.შ.);
ბ) გზაჯვარედინის წინ, სადაც სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილება პირდაპირ, მარცხნივ და მარჯვნივ ხდება ცალკეულ მოძრაობის ზოლებზე. ამასთან, გადაკვეთაზე ყოველი შესაძლო მოძრაობის მიმართულებისთვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი 7.9.2 ნიშანი, რომელსაც განათავსებენ შესაბამისი მოძრაობის ზოლის ზემოთ;
გ) იმ გზებზე, რომლებსაც მოცემული მიმართულებით აქვთ ოთხი ან მეტი მოძრაობის ზოლი განათავსებენ შესაბამისი ზოლების ზემოთ;
დ) ორივე მიმართულებით მოძრაობის ორ ან სამზოლიან გზებზე 7.9.2 ნიშნების განთავსება დასაშვებია ერთმანეთზე მიყოლებით, მათ შორის ვერტიკალურად, არანაკლებ 0.05 მ-ის დაშორებით. თუ გზაჯვარედინის წინ განთავსებულია 7.9.1 და 7.9.2 ნიშნები, მათ შორის მანძილი არ უნდა იყოს 200 მ-ზე ნაკლები. სხვადასხვა დონეზე გადაკვეთისას 7.9.2 ნიშანს დგამენ ყველა განშტოების წინ, ხოლო თუ მარშრუტი გადის გზაგამტარის ქვეშ ამ მაჩვენებელს განათავსებენ გზაგამტარის მალაზე.
11. ნიშანი 7.9.3 „მოძრაობის სქემა“ გამოიყენება შემოვლის მარშრუტის მისათითებლად, თუ გზაჯვარედინზე მოძრაობა ცალკეული მიმართულებით აკრძალულია ან რთული დაგეგმარების გზაჯვარედინებზე მოძრაობის ნებადართული მიმართულების მისათითებლად. ნიშანი იდგმება უშუალოდ გზაჯვარედინის წინ. წინასწარი ნიშნის 7.9.3 დადგმა დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში გზაჯვარედინიდან 50-100 მ-ის დაშორებით, ხოლო დასახლებული პუნქტების გარეთ გზაჯვარედინიდან 150-300 მ. მანძილზე.
12. ნიშნები 7.10.1 „მიმართულებების მაჩვენებელი“ და 7.10.2 „მიმართულების მაჩვენებელი“ გამოიყენება დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისკენ მოძრაობის მიმართულების მითითებისთვის და განათავსებენ სავალი ნაწილის მარჯვნივ, უშუალოდ გზაჯვარედინის ან განშტოების წინ, დამუხრუჭების ზოლის არსებობისას - მასზე გადასვლის დასაწყისთან. გზაჯვარედინებზე, სადაც ყოველ გადამკვეთ გზას აქვს ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის არაუმეტეს ორი ზოლი, დასაშვებია ნიშნები დაიდგას გზის მარცხენა მხარეს გზაჯვარედინამდე ან მის შემდეგ. დასაშვებია რამდენიმე ნიშნის ან ყველა 7.10.1 და 7.10.2 ნიშნის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ერთ დგარზე განთავსება.
13. 7.10.1 და 7.10.2 ნიშნების დუბლირებები, რომლებიც მიუთითებენ მარცხნივ მოძრაობის მიმართულებას, დასაშვებია მოხდეს მოცემული მიმართულებით სამ და მეტზოლიან გზებზე, სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ან გამყოფ ზოლზე (შემაღლებულ მიმმართველ კუნძულზე), თუ ნიშნები არ შეზღუდავენ სატრანსპორტო საშუალებების ხილვადობას გზაჯვარედინზე.
14. „T“-სებურ გადაკვეთაზე 7.10.1 და 7.10.2 ნიშნების დადგმა დასაშვებია იმ გზის საპირისპიროდ, რომელსაც არ აქვს გაგრძელება. გზების განშტოებებზე 7.10.1 ნიშნის განთავსება დასაშვებია განშტოების შემდეგ დადგმულ „T“-სებურ საყრდენზე. ნიშანს 7.10.2 დგამენ რთული დაგეგმარების გზაჯვარედინის შემდეგ მარშრუტზე მოძრაობის დასამოწმებლად. ნიშნის 7.10.1 დადგმა დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში 7.9.1 ან 7.9.2 ნიშნის მაგივრად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.
15. ნიშანი 7.11 „ობიექტის დასახელება“ გამოიყენება დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის დასახელების მითითებისთვის და განათავსებენ უშუალოდ ობიექტის წინ.
16. ნიშანი 7.12 „მანძილის მაჩვენებელი“ გამოიყენება მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე და სხვა ობიექტებამდე მანძილის მისათითებლად. დასახლებული პუნქტების გარეთ გზებზე ნიშანს განათავსებენ ქალაქებიდან და მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან გამოსასვლელების, სხვადასხვა დონეზე გადაკვეთების შემდეგ, რთული გზაჯვარედინების შემდეგ, ხოლო დასახლებულ პუნქტებს შორის გზების მონაკვეთებზე არაუმეტეს ყოველი 20 კმ-ის შემდეგ. დასახლებულ პუნქტებში ნიშანს განათავსებენ მაგისტრალური გზების გადაკვეთის შემდეგ. იმ გზებზე, რომლებსაც აქვთ ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის არაუმეტეს სამი ზოლი, 7.12 ნიშნის განთავსება დასაშვებია მარცხნივ, 7.9.1 ნიშნის უკანა მხარეს.
17. ნიშანი 7.13 „საკილომეტრო ნიშანი“ გამოიყენება მისი დადგმის ადგილიდან გზის დასაწყისამდე ან ბოლომდე მანძილის მისათითებლად და დგამენ ყოველი 1 კმ-ის შემდეგ. გამყოფზოლიან გზაზე ნიშანს განათავსებენ გამყოფი ზოლის შუაში ან გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობის ყოველი მიმართულებისთვის. გზებზე სავალი ნაწილის ღერძზე შემოღობვის არსებობის შემთხვევაში, ნიშანი იდგმება გზის შუაში შემოღობვის შიგნით ან გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობის ყოველი მიმართულებისთვის. გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის, ხუთი და მეტი ზოლის არსებობის შემთხვევაში, ნიშანს განათავსებენ გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობის ყოველი მიმართულებისთვის. გზებზე გამყოფი ზოლის გარეშე, ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის, ოთხი და ნაკლები ზოლის არსებობის შემთხვევაში ნიშანს განათავსებენ გზის მხოლოდ ერთ მხარეს. დასაშვებია ერთ საყრდენზე ორი 7.13 ნიშნის დადგმა, რომლებიც განკუთვნილია მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებისთვის, ამასთან მათ განათავსებენ ერთმანეთისკენ საპირისპირო მხარეებით ან არაუმეტეს 600-იანი კუთხით.
18. ნიშნები 7.14.1 და 7.14.2 „მარშრუტის ნომერი“ გამოიყენება დადგენილი წესით დამტკიცებული გზის (მარშრუტის) ნომრისა და მიმართულების მისათითებლად. ნიშანს 7.14.1 განათავსებენ გზის (მარშრუტის) დასაწყისში და იმეორებენ ყოველი 10-15 კმ-ის შემდეგ. ნიშანს 7.14.2 განათავსებენ გზაჯვარედინის წინ მიმართულებისა და გზის (მარშრუტის) ნომრის მისათითებლად, აგრეთვე გადასაკვეთ გზაზე გზის (მარშრუტის) ნომრის მისათითებლად, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმული არ არის ნიშნები 7.9.1, 7.9.2, 7.10.1, 7.10.2.
19. ნიშნები 7.15.1-7.15.3 „სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება“ გამოიყენება სატვირთო ავტომობილებისათვის, ტრაქტორებისა და თვითმავალი მანქანებისათვის მოძრაობის რეკომენდებული მარშრუტის მისათითებლად, იმ შემთხვევაში თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. ნიშნებს განათავსებენ გზაჯვარედინის წინ რეკომენდებული მარშრუტის დასაწყისში და მარშრუტის მთელ სიგრძეზე ყველა გზაჯვარედინის წინ. გზაჯვარედინის წინ, სადაც იწყება მარშრუტი, ნიშნები დასაშვებია დაიდგას გზაჯვარედინამდე 100-150 მ-ის დაშორებით.
20. ნიშანი 7.16 „სდექ“ ხაზი“ გამოიყენება რეგულირებად გზაჯვარედინებსა და არარეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილის მისანიშნებლად. ნიშანს განათავსებენ გზის მარჯვენა მხარეს ან სავალი ნაწილის ზემოთ. ნიშნის დადგმა დასაშვებია მოძრაობის ყოველი ზოლის ზემოთ. თუ ნიშანს იყენებენ დამოუკიდებლად (1.12 მონიშვნის გარეშე), მაშინ მანძილი ნიშნიდან შუქნიშნამდე, შლაგბაუმამდე ან პირველ რელსამდე განსაზღვრება ამ რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად. ნიშნის გამოყენება დასაშვებია 1.12 მონიშვნის დუბლირებისათვის, რა შემთხვევაშიც მას განათავსებენ მონიშვნასთან ერთად.
21. ნიშანი 7.17 „შემოვლის სქემა“ გამოიყენება დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტის მისათითებლად. ნიშანს განათავსებენ დასახლებული პუნქტების გარეთ 150-300 მ-ის, ხოლო დასახლებულ პუნქტებში 50-100 მ-ის დაშორებით გზაჯვარედინიდან, სადაც იწყება შემოვლის მარშრუტი.
22. ნიშნები 7.18.1-7.18.3 „შემოვლის მიმართულება“ გამოიყენება მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მოძრაობის მარშრუტის მისათითებლად. ნიშნებს განათავსებენ გზაჯვარედინის წინ, სადაც შემოვლის მარშრუტი იწყება. თუ შემოვლის მარშრუტი გადის არსებული გზების ქსელზე, მაშინ ნიშნებს განათავსებენ მარშრუტზე ყოველი გზაჯვარედინის წინ.
23. ნიშნები 7.19.1 და 7.19.2 „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი“ გამოიყენება მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულების მისათითებლად, გზაზე რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი და მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად მიმართულების მისათითებლად. ნიშანს 7.19.1, 8.1.1 დაფით განათავსებენ 50-100 მ. მანძილის დაშორებით, ხოლო დასახლებული პუნქტების გარეთ - ასევე წინასწარ 500 მ. მანძილზე გამყოფი ზოლის წყვეტამდე, რომელზედაც ხორციელდება გადასვლა შემხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე. ნიშანს 7.19.2, 8.1.1 დაფით დგამენ გამყოფ ზოლზე 50-დან 100 მ-მდე მანძილზე იმ წყვეტამდე, რომლებზედაც ხორციელდება მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე გადასვლა.
24. ნიშანი 7.20.1 „ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.
25. ნიშანი 7.20.2 „საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია საცნობი ნიშნის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.4 ნიშნითა და 8.17 დაფით.
26. ნიშანი 7.20.3 „ტურისტული მარშრუტისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.
27. ნიშანი 7.20.4 „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.
28. ნიშანი 7.20.5 „ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც განკუთვნილია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვნით განისაზღვრება.
მუხლი 13🔗. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)
1. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) აზუსტებენ ან ზღუდავენ სხვა საგზაო ნიშნების მოქმედებას. დაფებს განათავსებენ ნიშნების ქვემოთ, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევებისა. ერთ ნიშანთან, 7.4 ნიშნის გარდა, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს ორი დაფა.
2. დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ გამოიყენება მაფრთხილებელ ნიშნებთან ერთად, თუ მანძილი ნიშნიდან სახიფათო უბნის დასაწყისამდე ნაკლებია ან მეტია ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში მითითებულ მანძილზე, ასევე სხვა ჯგუფის წინასწარ ნიშნებზე, გარდა ნიშნებისა 5.15.1, 5.15.2, 6.1-6.17, 7.9.3, 7.15.1-7.15.3, 7.17 (ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა).
3. დაფა 8.1.2 „მანძილი ობიექტამდე“ გამოიყენება დაუსახლებელ პუნქტებში 2.3 ნიშანთან ერთად, თუ გზაჯვარედინის წინ დაყენებულია 2.4 ნიშანი.
4. დაფები 8.1.3 და 8.1.4 „მანძილი ობიექტამდე“ გამოიყენება ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით დაყენებულ მაფრთხილებელ ნიშნებთან ერთად და 5.1, 5.3, 7.4 ნიშნებთან ერთად, საჩვენებელი ობიექტებისკენ მოხვევის ადგილებში.
5. 8.2.1 დაფა „მოქმედების ზონა“ გამოიყენება:
ა) 1.13.1-1.20, 1.24, 1.26-1.34 ნიშნებთან ერთად, სახიფათო უბნის სიგრძის მისათითებლად. ამასთან, ნიშნის განმეორებით არსებობის შემთხვევაში, დაფას აყენებენ მის ქვემოთ;
ბ) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26 ნიშნებთან ერთად ნიშნის მოქმედების ზონის მისათითებლად. დაფაზე მითითებული ნიშნის მოქმედების ზონა არ უნდა აჭარბებდეს ამ ნიშნისთვის დადგენილ ზონას ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის 50-ე-53-ე პუნქტების მიხედვით;
გ) 5.16 ნიშანთან ერთად, ერთმანეთის მიყოლებით ერთი ან რამდენიმე გასაჩერებელი პუნქტის სიგრძის მისათითებლად;
დ) 7.2 ნიშანთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაყენებულია მაფრთხილებელ ნიშნებთან ერთად, თუ 7.2 ნიშნის მოქმედება არ არის აუცილებელი გავრცელდეს უახლოეს გზაჯვარედინამდე;
ე) 7.4 ნიშანთან ერთად, დაყენებული დაფასთან/დაფებთან ერთად, რომელიც აზუსტებს/აზუსტებენ ან ზღუდავს/ზღუდავენ მის მოქმედებას. ამასთან, 8.2.1 დაფას განათავსებენ სხვა დაფების ქვემოთ, თუ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე.
6. დაფებს 8.2.2-8.2.6 „მოქმედების ზონა“ გამოიყენებენ მხოლოდ 3.27-3.30 ნიშნებთან ერთად, შემდეგნაირად:
ა) 8.2.2 დაფა - ნიშნის მოქმედების ზონის მისათითებლად, თუ ის არ ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე;
ბ) 8.2.3 დაფა - ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულის მისათითებლად;
გ) 8.2.4 დაფა - მძღოლების ინფორმირებისთვის, რომ ისინი იმყოფებიან ნიშნის მოქმედების ზონაში;
დ) 8.2.5 და 8.2.6 დაფები - ნიშნის მარჯვნივ ან/და მარცხნივ მოქმედების ზონის მისათითებლად, როცა გაჩერება ან დგომა აკრძალულია მოედნის, შენობის ფასადის და ა.შ. გასწვრივ;
ე) ნიშნის დგარზე განთავსების შემთხვევაში დაფებს განათავსებენ ნიშნის ქვემოთ, ნიშნის კონსოლურ დგარზე ან სავალი ნაწილის ზემოთ განთავსების შემთხვევაში, 8.2.2-8.2.4 დაფები განთავსდება ნიშნის გვერდით (მარჯვნივ ან მარცხნივ), ისე რომ ნიშანი იმყოფებოდეს სავალი ნაწილის შუა ნაწილთან ახლოს.
7. დაფები 8.3.1-8.3.3 „მოქმედების მიმართულება“ გამოიყენება 3.2-3.9, 5.3 ნიშნებთან ერთად დაყენებული უშუალოდ გზაჯვარედინის წინ გადასაკვეთ გზაზე მათი მოქმედების მიმართულების მისათითებლად, ასევე 1.26 და 1.34 ნიშნებთან ერთად. 8.3.1 და 8.3.2 დაფები დასაშვებია გამოყენებულ იქნეს 7.4 ნიშანთან ერთად, სადგომი მოედნის გზის მიმართ განლაგების მისათითებლად, თუ ის სავალი ნაწილის ნაპირიდან დაშორებულია არაუმეტეს 10 მ-ით.
8. დაფები 8.4.1-8.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების სახეობის მისათითებლად, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფები ნიშნის მოქმედებას ავრცელებენ:
ა) 8.4.1 - სატვირთო ავტომობილებზე, მათ შორის მისაბმელიანზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტ-ზე მეტია;
ბ) 8.4.2 - სატვირთო ავტომობილებზე ან ტრაქტორებზე ნებისმიერი სახეობის მისაბმელით, ასევე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მაბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებებზე;
გ) 8.4.3 - მსუბუქ ავტომობილებზე (ასევე სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მასა 3,5 ტ-ზე ნაკლებია);
დ) 8.4.4 - ავტობუსებზე;
ე) 8.4.5 - ტრაქტორებზე;
ვ) 8.4.6 - მოტოციკლებზე;
ზ) 8.4.7 - ველოსიპედებზე და მოპედებზე;
თ) 8.4.8 - საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
9. დაფები 8.5.1 „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები“, 8.5.2 „სამუშაო დღეები“, 8.5.3 „კვირის დღეები“, 8.5.4-8.5.7 „მოქმედების დრო“ გამოიყენება კვირის დღეების ან/და დღე-ღამის დროის მისათითებლად, როცა მოქმედებს ნიშანი.
10. დაფები 8.6.1-8.6.9 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად სატრანსპორტო საშუალებების ტროტუართან ახლომდებარე სადგომზე დაყენების ხერხის მისათითებლად. 8.6.1 დაფა მიუთითებს, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება დაყენებულ უნდა იქნეს სავალი ნაწილის სადგომზე, ტროტუარის გასწვრივ. 8.6.2-8.6.9 დაფები მიუთითებენ, რომ სადგომი მოედანი განკუთვნილია მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის, რომლებიც სადგომზე დაყენებულ უნდა იქნეს დაფაზე მითითებული ხერხის მიხედვით.
11. დაფა 8.7 „დგომა გამორთული ძრავით“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების მომუშავე ძრავით დგომის აკრძალვისათვის.
12. დაფა 8.8 „ფასიანი მომსახურება“ გამოიყენება სადგომ მოედანთან დაყენებულ 7.4 ნიშანთან ერთად, რომლის გამოყენებაც ფასიანია, ასევე სხვა ნიშნებთან ერთად იმის მისათითებლად, რომ გავლა ან სხვა მომსახურება ფასიანია.
13. დაფა 8.9 „დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების დგომის მაქსიმალური ხანგრძლივობის მისათითებლად, მცირე ხნით მასიური თავშეყრის ობიექტებთან (სავაჭრო, სანახაობითი, სპორტული და ა.შ.) არსებულ სადგომებზე.
14. დაფა 8.10 „ავტომობილის დათვალიერების ადგილი“ გამოიყენება ნიშნებთან 7.4 ან 6.10 ერთად, სადგომ მოედნებზე ან დასვენების ადგილებში, ესტაკადის ან დასათვალიერებელი თხრილის (ორმოს) არსებობის მისათითებლად.
15. დაფა 8.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა“ მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს.
16. დაფა 8.12 „სახიფათო გზისპირი“ გამოიყენება 1.26 ნიშანთან ერთად, თუ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს გზისპირზე ან გზისპირი გამოიყენება სამშენებლო მასალების ან/და სამშენებლო ტექნიკის დასაწყობად ან დასაყენებლად.
17. დაფა 8.13 „მთავარი გზის მიმართულება“ გამოიყენება 2.1, 2.3, 2.4 ნიშნებთან ერთად გზაჯვარედინზე მთავარი გზის მიმართულების მისათითებლად, სადაც ის იცვლის მიმართულებას. ნიშნის დგარზე განთავსების შემთხვევაში დაფას განათავსებენ ნიშნის ქვემოთ. ნიშნის კონსოლურ დგარზე ან სავალი ნაწილის ზემოთ განთავსების შემთხვევაში დაფას განათავსებენ ნიშნის მარჯვნივ.
18. დაფა 8.14 „მოძრაობის ზოლი“ გამოიყენება ზოლის მისათითებლად, რომელზეც ვრცელდება ნიშნის ან/და შუქნიშნის მოქმედება, ამ შემთხვევაში დაფას განათავსებენ მოძრაობის ზოლის ზემოთ.
19. დაფა 8.15 „უსინათლო ქვეითები“ გამოიყენება ნიშნებთან 1.23, 5.19.1, 5.19.2 და შუქნიშნებთან ერთად ქვეითთა გადასასვლელის წინ, განათავსებენ უშუალოდ ობიექტის სიახლოვეს, რომლებითაც სარგებლობენ უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული პირები.
20. დაფა 8.16 „სველი საფარი“ გამოიყენება ნიშნებთან 1.16, 3.20, 3.22, 3.24 ერთად იმის მისათითებლად, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია.
21. დაფა 8.17 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად იმის მისათითებლად, რომ სადგომი მოედანი ან მისი ნაწილი გამოყოფილია იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც აღნიშნულია საცნობი ნიშნით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. ეს ადგილი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე 7.20.2 საგზაო ნიშნით.
22. დაფა 8.18 „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა“ გამოიყენება იმის მისათითებლად, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.
23. დაფა 8.19 „სახიფათო ტვირთის კლასი“ გამოიყენება 3.32, 3.33, 4.9.1-4.9.3 ნიშნებთან ერთად იმის მისათითებლად, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადააქვთ შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, დაფაზე მითითებული სახიფათო კლასის ტვირთი.
24. დაფები 8.20.1 და 8.20.2 „სატრანსპორტო საშუალების საწევრის ტიპი“ გამოიყენება 3.12 ნიშანთან ერთად სატრანსპორტო საშუალებების ერთმანეთთან მიახლოებული ღერძების რაოდენობის მისათითებლად, რომლებიდანაც თითოეულისათვის ნიშანზე მოყვანილი მასა წარმოადგენს დასაშვებ ნორმას.
25. დაფები 8.21.1-8.21.3 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების სახეობა“ გამოიყენება 7.4 ნიშანთან ერთად მეტროპოლიტენის სადგურთან არსებული სადგომი მოედნის, ასევე მეტროპოლიტენის სადგურთან არსებული ავტობუსის, ტროლეიბუსის ან/და ტრამვაის სადგომი მოედნის მისათითებლად.
26. დაფები 8.22.1-8.22.3 „წინააღმდეგობა“ გამოიყენება შესაბამისად 4.2.1-4.2.3 ნიშნებთან ერთად, დაბრკოლების შემოვლის დროს მძღოლების უკეთ ორიენტირებისთვის. ნიშნები გამოიყენება შემდეგნაირად:
ა) 8.22.1 დაფა 4.2.1 ნიშანთან ერთად გამოიყენება:
ა.ა) საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი ზღუდის დასაწყისში;
ა.ბ) ცენტრალური გამყოფი ზოლის დასაწყისში;
ა.გ) მიმმართველი კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;
ა.დ) უსაფრთხოების კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;
ბ) დაფები 8.22.1 და 8.22.2 გამოიყენება შესაბამისად 4.2.1 და 4.2.2 ნიშნებთან ერთად, სავალ ნაწილზე ან მასთან ახლოს განთავსებული დაბრკოლების წინ, რომელიც ხიფათს უქმნის მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს;
გ) 8.22.3 დაფა 4.2.3 ნიშანთან ერთად გამოიყენება:
გ.ა) ერთი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი ზღუდის დასაწყისში;
გ.ბ) გვერდითი გამყოფი ზოლის დასაწყისში;
გ.გ) მიმმართველი კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;
გ.დ) უსაფრთხოების კუნძულების შემაღლებულ ადგილებზე;
დ) 8.22.1-8.22.3 დაფებს განათავსებენ მიმთითებელი ნიშნების ქვემოთ 0.5-1.0 მ. სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში, თუ 4.2.1-4.2.3 ნიშნებს აყენებენ ხელოვნურ განათებიან ტუმბოზე, მაშინ დაფები 8.22.1-8.22.3 არ გამოიყენება.
III. საგზაო მონიშვნების გამოყენების წესები
მუხლი 14🔗. ზოგადი მოთხოვნები
1. საგზაო მონიშვნების გამოსახულებები და ნომრები მოცემულია დანართში №4. საგზაო მონიშვნა ადგენს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებსა და წესრიგს, წარმოადგენს მძღოლების ვიზუალური ორიენტაციის საშუალებას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სხვა ტექნიკურ საშუალებებთან ერთად.
2. გაუმჯობესებულ საფარიან გზებზე და საგზაო ნაგებობების ელემენტებზე დატანილი საგზაო მონიშვნა უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს. საგზაო მონიშვნის კოეფიციენტების მნიშვნელობებია:
ა) ß - მშრალ მდგომარეობაში საგზაო მონიშვნის სიკაშკაშე;
ბ) RL - დღე-ღამის ბნელ პერიოდში ზედაპირის მშრალი საფარის მდგომარეობის პირობებში შუქის არეკვლა;
გ) RW - დღე-ღამის ბნელ პერიოდში წვიმისა და ზედაპირის სველი მდგომარეობის პირობებში შუქის არეკვლა;
დ) Qd - დღისით ან ხელოვნურად განათებულ მშრალ მდგომარეობაში შუქის არეკვლა (საგზაო პირობებზე დამოკიდებულებით ხელმძღვანელობენ დანართში №6 მოცემული ცხრილებით №6 და №7).
3. გზების მონიშვნისას მოძრაობის ზოლის სიგანეს იღებენ გზის მნიშვნელობის, სიჩქარის და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად. გზებზე, რომლის განივი პროფილის ელემენტები არ შეესაბამებიან მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს, მოსანიშნი მოძრაობის ზოლის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 3.0 მეტრი. მსუბუქი ავტომობილის მოძრაობისათვის ზოლის სიგანის შემცირება შესაძლებელია 2.75 მ-მდე იმ შემთხვევაში, თუ შემოღებული იქნება მოძრაობის რეჟიმის შეზღუდვები.
4. მოძრაობის ზოლის სიგანეს განსაზღვრავენ მონიშვნის ხაზების ღერძებს შორის დაშორებით.
5. ცემენტბეტონიან ზედაპირზე დასაშვებია თანმხვედრი მოძრავი ტრანსპორტის ნაკადების გამყოფი გრძივი მონიშვნის ხაზების დატანა ტემპერატურული ნაკერის (შოვის) გვერდზე მოძრაობის მიმართულებიდან მარცხენა მხარეს, ხოლო შემხვედრი ნაკადების გამყოფი მონიშვნის შემთხვევაში - ნაკერის ნებისმიერ მხარეს.
6. თერმოპლასტით, ცივი პლასტით ან სხვა მსგავსი მასალებით შესრულებული მონიშვნის ფუნქციონალური ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები, ხოლო ლაქსაღებავი მასალებით სამ თვეზე ნაკლები.
მუხლი 15🔗. ჰორიზონტალური მონიშვნა
1. ხაზები, წარწერები, ისრები და ჰორიზონტალური მონიშვნების სხვა აღნიშვნები დაიტანება გაუმჯობესებულ საფარიან გზებზე, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი შემთხვევებისა.
2. დასახლებულ პუნქტებში ჰორიზონტალური მონიშვნა გამოიყენება მაგისტრალურ ქუჩებსა და გზებზე, ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩებსა და გზებზე, ხოლო სოფლად იმ ქუჩებსა და გზებზე, რომლებზეც ხორციელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
3. დაუსახლებელ პუნქტებში ჰორიზონტალური მონიშვნები გამოიყენება გზებზე, რომელთა სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. და მეტია, ხოლო მოძრაობის ინტენსივობა 1000 ავტ/დღ.ღმ. და მეტი (ავტ/დღ.ღმ. (ავტ/სთ.) მიუთითებს საავტომობილო ტრანსპორტის ერთეულების ინტენსივობებს განზომილს ნატურალურად (ფიზიკურად), განზომილებისათვის ერთ/დღ.ღმ. (ერთ/სთ.) ინტენსივობებს გაზომილი ტრანსპორტის ერთეულებში).
4. მონიშვნები დასაშვებია გამოყენებულ იქნეს სხვა გზებზეც, როცა ეს აუცილებელია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
5. მონიშვნა 1.1 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გასაყოფად (ღერძულა ხაზი) გზებზე, რომელთაც გააჩნიათ ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის ორი ან სამი ზოლი:
ა.ა) გზების მონაკვეთებზე, სადაც შემხვედრი ავტომობილების მხედველობა დასაშვებზე ნაკლებია (ცხრილი №3), ხდება შეზღუდული ხილვადობის ზონების გადაფარვა (დანართი №3, სურათი გ.6 - ა). ამასთან, შემხვედრი ავტომობილების შეზღუდული მხედველობის გზის მონაკვეთებზე შეიძლება იყოს ორი ზონა, სადაც მხედველობა დაშვებულზე ნაკლებია (ცხრილი №3), მათ შორის ერთი აღინიშნება ერთი მიმართულებით მოძრაობისას, ხოლო მეორე საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობისას;
ა.ბ) მრუდეების მთელ სიგრძეზე, რომლის რადიუსი არ აღემატება 50 მ-ს, ასევე მასთან მიერთების ცვალებრადიუსიან მონაკვეთებზე. გზებზე, რომლებსაც აქვთ ორი ზოლი მონიშვნა დაიტანება ისე, რომ დაცული იყოს შიდა ზოლის სიგანის კავშირი გარესთან №8 ცხრილის შესაბამისად;
ა.გ) გზებზე, რომლებსაც აქვთ სამი ზოლი აღნიშნულ კავშირს იღებენ განაპირა ზოლისათვის, შუა ზოლი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც გამყოფი ან სამოძრაო, რისთვისაც დანიშნულია განაპირა ზოლი;
ა.დ) გზაჯვარედინების წინ, გადამკვეთ გზაზე მოძრაობის ინტენსივობისას არანაკლებ 50 ავტ/დღ.ღმ., მონიშვნა დაიტანება (დანართი №3, სურათი გ.7) გადამკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან არანაკლებ 20(40) მ-ის (ამ მუხლში მითითებულ შემთხვევებში, პირველი სიდიდით მოინიშნება გზები, სადაც მოძრაობის დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 60 კმ/სთ, ხოლო ფრჩხილებში მოცემული სიდიდით 60 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს) დაშორებით;
ა.ე) რკინიგზის გადასასვლელის წინ, 100 მეტრის მანძილზე პირველ რელსამდე;
ა.ვ) გზების მონაკვეთებზე, სადაც შემხვედრი ავტომობილის მხედველობა უზრუნველყოფილი არ არის №3 ცხრილის მიხედვით;
ა.ზ) დაბრკოლების წინ (გზაგამტარების ბურჯები, უსაფრთხოების კუნძულები, ბორდიურები და ა.შ.), რომლებიც იმყოფება 0.3 მ-ზე ახლოს მოძრაობის ზოლის საზღვრიდან, ასევე ზოლის შევიწროების ადგილიდან, ასევე მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლის შემცირებისას გზის ღერძის დახრისას 1:20(1:50) (გარდამავალი ხაზი). გზებზე ორივე მიმართულებით მოძრაობისას სამი ზოლით, დასაშვებია დატანილ იქნეს ორი პარალელური გარდამავალი ხაზი არანაკლებ 20(40) მ. მანძილზე (დანართი №3, სურათი გ.8);
ა.თ) ქვეითთა გადასასვლელის წინ, ველობილიკის გადაკვეთიდან 20(40) მ. მანძილზე;
ა.ი) ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის სამზოლიანი გზების მონაკვეთებზე;
ა.კ) სატრანსპორტო საშუალებების საერთო ნაკადის საპირისპიროდ მოძრავი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის გამოყოფილ ზოლიანი გზის მონაკვეთზე;
ბ) ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის ორ და მეტ ზოლიან გზებზე მოძრაობის ზოლის საზღვრის აღსანიშნად:
ბ.ა) გზაჯვარედინების წინ, ქვეითთა და რკინიგზის გადასასვლელებთან 1.12 ან 1.13 მონიშვნიდან არანაკლებ 20(40) მ. მანძილზე (დანართი №3, სურათი გ.9, გ.10);
ბ.ბ) სატრანსპორტო საშუალებების საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის გამოყოფილ ზოლიანი გზის მონაკვეთზე (დანართი №3, სურათი გ.11);
გ) სავალი ნაწილის მონაკვეთის საზღვრის აღსანიშნად, რომელზეც შესვლა აკრძალულია (უსაფრთხოების კუნძულები, მიმმართველი კუნძულები და ა.შ. (დანართი №3, სურათი გ.12));
დ) მოედნებზე ან ტროტუარის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების სადგომი ადგილების საზღვრის აღსანიშნად (დანართი №3, სურათი გ.13). ავტომობილების სავალი ნაწილის ან სადგომი მოედნის ნაპირთან თანმიმდევრობით განთავსების შემთხვევაში, ერთი სადგომი ადგილის მინიმალური ზომები უნდა იყოს 2.5X7.5 მ. მსუბუქი ავტომობილებისთვის და 3.0X11.0 მ. სატვირთო ავტომობილებისთვის მისაბმელის გარეშე, ხოლო ერთმანეთის მიმართ პარალელურად განთავსების შემთხვევაში შესაბამისად 2.5X5.0 მ. და 3.5X8.5 მ.
მრუდზე მოძრაობის ზოლის სიგანის კავშირი
ცხრილი №8
სავალი ნაწილის რადიუსის შიდა ნაპირი მ.
10-15
15-20
20-30
30-50
50-ზე მეტი
სავალი ნაწილის შიდა
ზოლის სიგანის კავშირი
გარე ზოლის სიგანესთან
1.4
1.3
1.2
1.1
1.0
6. მონიშვნა 1.2.1 და 1.2.2 გამოიყენება სავალი ნაწილის ნაპირის აღსანიშნად (გვერდითი ხაზი). გვერდითი ხაზი 1.2.1 დასაშვებია დატანილ იქნეს ავტომაგისტრალზე, გვერდითი ხაზი 1.2.2 დასაშვებია დატანილ იქნეს საავტომობილო გზაზე, სადაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების რეგულარული მოძრაობის გარეშე მოძრაობის ინტენსივობა 1000 ავტ/დღ.ღმ. ნაკლებია და გადამღობი ბარიერების არსებობისას, ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის არაუმეტეს ორი ზოლია, გარდა იმ მონაკვეთებისა სადაც აკრძალულია გასწრება. მონიშვნა დაიტანება 0.1-0.2 მ. დაშორებით სავალი ნაწილის ნაპირიდან გამაგრების ზოლის გარეშე, როგორც გვერდულის ისე გამყოფი ზოლის მხრიდან. გამაგრების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მონიშვნა დაიტანება სავალი ნაწილისა და გამაგრების ზოლს შორის საზღვარზე.
7. მონიშვნა 1.3 გამოიყენება გზების მონაკვეთებზე, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადების გასაყოფად (ღერძულა ხაზი), რომლებსაც ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გააჩნიათ ოთხი და მეტი ზოლი, აჩქარების, დამუხრუჭების და დამატებითი ზოლების ჩათვლით (დანართი №3, სურათი გ.9).
8. მონიშვნა 1.4 გამოიყენება გზების მონაკვეთებზე, სადაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება. მონიშვნა დაიტანება 0.1-0.2 მ. დაშორებით სავალი ნაწილის ნაპირიდან ან ბორდიურებზე, გვერდითი ხაზის მონიშვნის არარსებობისას კი მის მაგივრად (დანართი №3, სურათი გ.13).
9. მონიშვნა 1.5 გამოიყენება:
ა) ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადების გასაყოფად (ღერძულა ხაზი) გზებზე, რომლებსაც ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გააჩნიათ ორი ან სამი ზოლი (დანართი №3, სურათი გ.13, გ.14). გზების მონაკვეთებზე, სადაც შემხვედრი ავტომობილების მხედველობის ზონა ნაკლებია დასაშვებზე (ცხრილი №3) არ გადაფარავენ ერთმანეთს (დანართი №3, სურათი გ.6), გარდა ამ მუხლის მე-5, მე-15-მე-18 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა;
ბ) ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის ორი და მეტი ზოლის არსებობისას მათი საზღვრის აღსანიშნად (დანართი №3, სურათი გ.10), გარდა ამ მუხლის მე-5, მე-15-მე-18 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.
10. მონიშვნა 1.6 (მიახლოების ხაზი) გამოიყენება ურთიერთსაწინააღმდეგო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების გასაფრთხილებლად (დანართი №3, სურათი გ.9, გ.10). მონიშვნა 1.6 დაიტანება 1.1 ან 1.11 მონიშვნის წინ, არანაკლებ 50(100) მ. მანძილზე.
11. მონიშვნა 1.7 გამოიყენება მოძრაობის ზოლის საზღვრის გზაჯვარედინის საზღვრებში აღსანიშნად იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიის ჩვენება ან მოძრაობის ზოლის საზღვრების აღნიშვნა (დანართი №3, სურათი გ.9, გ.10).
12. მონიშვნა 1.8 გამოიყენება აჩქარების ან შენელების და მოძრაობის ძირითად ზოლებს შორის საზღვრის აღსანიშნად (დანართი №3, სურათი გ.15). მონიშვნის სიგანე ავტომაგისტრალზე უნდა იყოს 0.4 მ., ხოლო სხვა გზებზე 0.2 მ.
13. მონიშვნა 1.9 (რევერსული ხაზი) გამოიყენება:
ა) მოძრაობის ზოლების საზღვრის აღსანიშნად, რომლებზეც მოძრაობის მიმართულება საწინააღმდეგოდ იცვლება (დანართი №3, სურათი გ.16);
ბ) ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გასაყოფად (გამორთული რევერსული შუქნიშნისას);
გ) გზების მონაკვეთებზე, სადაც გამოიყენება რევერსული მოძრაობა (დანართი №3, სურათი გ.16).
14. მონიშვნა 1.10 გამოიყენება გზების მონაკვეთებზე, სადაც აუცილებელია აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების დგომა (დანართი №3, სურათი გ.13). მონიშვნა დაიტანება 0.1-0.2 მ. დაშორებით სავალი ნაწილის ნაპირიდან, ან ბორდიურებზე, გვერდითი ხაზის მონიშვნის არარსებობისას კი მის მაგივრად.
15. მონიშვნა 1.11 (ბარიერის ხაზი) გამოიყენება ურთიერთსაწინააღმდეგო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გასაყოფად, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რიგის შეცვლის აკრძალვის აუცილებლობის შემთხვევაში.
16. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გამოყოფისთვის მონიშვნა 1.11 დაიტანება ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის ორზოლიანი გზების მონაკვეთებზე შემხვედრი ავტომობილის მხედველობის არაუზრუნველყოფის შემთხვევაში (ცხრილი №3), სადაც მხედველობის ზონა ნაკლებია დასაშვებზე (დანართი №3, სურათი გ.6 - ბ). მონიშვნა უწყვეტი ხაზის მხრიდან მიმართული უნდა იყოს ზოლის მხარეს, რომელზეც მოცემულ მონაკვეთზე არსებობს ზონა დაშვებულზე ნაკლები მხედველობით.
17. მონიშვნა 1.11 დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გასაყოფად 1.1 მონიშვნის მაგივრად, ქვეითთა გადასასვლელის წინ არანაკლებ 20(40) მ. მანძილზე, ველოსიპედის გადასასვლელებზე, გზაჯვარედინებზე 3000 ავტ/დღ.ღმ. ნაკლები ინტენსივობისას, ასევე რკინიგზის გადასასვლელების წინ პირველი რელსიდან 100 მ. მანძილზე. ამ შემთხვევაში, მონიშვნა უწყვეტი ხაზის მხრიდან მიმართული უნდა იყოს იმ ზოლის მხარეს, რომელზედაც მოძრაობა ხორციელდება ნაჩვენები გზის მონაკვეთის მიმართულებით (დანართი №3, სურათი გ.17, გ.18).
18. თანმხვედრი მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადების გასაყოფად მონიშვნა 1.11 დაიტანება:
ა) აღმართის მონაკვეთზე, სადაც აღმართის მხარეს მოძრაობა ხორციელდება ორი ზოლით, არანაკლებ 50 მ. მანძილზე აღმართის მწვერვალამდე და 30 მ. მის შემდეგ. ამ შემთხვევაში 1.11 მონიშვნის უწყვეტი ხაზი მიმართული უნდა იყოს მარჯვენა განაპირა ზოლის მხარეს;
ბ) სხვა შემთხვევაში, როცა აუცილებელია გამოირიცხოს უახლოეს მარჯვენა ან მარცხენა მოძრაობის ზოლზე გადაადგილების შესაძლებლობა, მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლისა და იქიდან გამოსვლის ადგილების აღსანიშნად (დანართი №3, სურათი გ.11, გ.13, გ.14), ასევე მობრუნების ადგილებისთვის. 1.11 მონიშვნის შტრიხის სიგრძე და შტრიხებს შორის მანძილი უნდა იყოს ისეთი, როგორც მის წინამდებარე 1.6 მიახლოების ხაზის, ხოლო მისი არარსებობისას შეიძლება შემცირდეს შესაბამისად 0.9-დან 0.3 მ-მდე.
19. მონიშვნა 1.12 („სდექ“ ხაზი) გამოიყენება გზაჯვარედინების წინ ნიშნის 2.4 არსებობისას, იმ ადგილებში, სადაც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნით და რკინიგზის გადასასვლელების წინ (დანართი №3, სურათი გ.7, გ.9, გ.17). მონიშვნა დაიტანება გზაჯვარედინის წინ ნიშნის 2.4 არსებობისას, გადასაკვეთი სავალი ნაწილიდან არანაკლებ 1 მ. დაშორებით. შუქნიშნის სიგნალების მხედველობის უზრუნველყოფისთვის 1.12 მონიშვნა დაიტანება პირველი (ნებისმიერი შესრულებით) და მე-2 ტიპის შუქნიშნების სავალი ნაწილის ზემოთ განთავსების შემთხვევაში შუქნიშნამდე 10-20 მ. მანძილზე, სავალი ნაწილის გვერდით განთავსების შემთხვევაში 3-5 მ. დაშორებით. აღნიშნული დაშორებები დასაშვებია შემცირდეს შესაბამისად 5 მ-მდე და 1 მ-მდე მე-3 ტიპის (ნებისმიერი შესრულებით) შუქნიშნის არსებობისას. ქვეითთა გადასასვლელის არსებობის შემთხვევაში, მონიშვნა დაიტანება გადასასვლელიდან არანაკლებ 1 მ. დაშორებით (დანართი №3, სურათი გ.18). მონიშვნა დაიტანება მე-5 ტიპის შუქნიშნამდე 1-3 მ. დაშორებით, რომელიც გამოიყენება სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრავი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების რეგულირებისათვის. რკინიგზის გადასასვლელებზე მონიშვნა 1.12 დაიტანება შლაგბაუმიდან ან შუქნიშნიდან 5 მ. დაშორებით, 2.4 ნიშნის არსებობისას - ახლომდებარე რელსიდან 10 მ. დაშორებით, ნიშანთან ერთ ხაზზე (დანართი №3, სურათი გ.17).
20. 1.13 მონიშვნა გამოიყენება ნიშნის 2.3 არსებობისას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილის აღნიშვნისთვის და დაიტანება შესაძლებლობის მიხედვით გადასაკვეთი ნაწილის საზღვრის სიახლოვეს (დანართი №3, სურათი გ.10).
21. 1.12 და 1.13 მონიშვნა დაიტანება მოძრაობის ზოლის ღერძის მიმართ სწორი კუთხით (დანართი №3, სურათი გ.7, გ.9, გ.10).
22. 1.14.1 და 1.14.2 მონიშვნები გამოიყენება ქვეითების მიერ სავალი ნაწილის გადასაკვეთად გამოყოფილი ადგილის აღნიშვნისთვის. ქვეითად გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება ქვეითთა ინტერესებიდან გამომდინარე, ანგარიშით 1 მ. ყოველი 500 ქვ/სთ, მაგრამ არანაკლებ 2.5 მ. მონიშვნა 1.14.1 გამოიყენება ქვეითთა გადასასვლელებზე, რომლის სიგანე არ აღემატება 6 მ-ს, ხოლო თუ ქვეითთა გადასასვლელის სიგანე 6 მ-ზე მეტია გამოიყენება 1.14.2 მონიშვნა. 1.14.1 და 1.14.2 მონიშვნის ხაზები დაიტანება სავალი ნაწილის ღერძის პარალელურად (დანართი №3, სურათი გ.7).
23. 1.15 მონიშვნა გამოიყენება იმ ადგილის აღსანიშნად, რომელიც გამოყოფილია ველოსიპედისტების მიერ სავალი ნაწილის გადასაკვეთად (დანართი №3, სურათი გ.10). ველოსიპედისტების გადამკვეთი ზოლის სიგანე ველოსიპედის ბილიკის სიგანის ტოლი უნდა იყოს.
24. მონიშვნა 1.16.1-1.16.3 გამოიყენება მიმმართველი კუნძულების აღნიშვნისთვის. იმ კუნძულებზე, რომლებსაც გააჩნიათ დიდი ფართობი, 1.16.1-1.16.3 მონიშვნა დასაშვებია შესრულდეს კუნძულების ბოლო ნაწილში, მისი საზღვრიდან 1 მ. მანძილზე (დანართი №3, სურათი გ.12), ხოლო მცირე ფართობის შემთხვევაში დასაშვებია კუნძულის მთელი ფართობის მონიშვნა. 1.16.1 მონიშვნა დასაშვებია გამოყენებული იქნეს ქვეითთა გადასასვლელებზე უსაფრთხოების კუნძულის აღნიშვნისთვის. უსაფრთხოების კუნძულის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1.5 მ., ხოლო სიგრძე გადასასვლელის სიგრძის ტოლი. დაშორება სავალი ნაწილის ნაპირიდან უსაფრთხოების კუნძულის საზღვრამდე უნდა იყოს არანაკლებ 7 მეტრი. კერძოდ, მონიშვნა 1.16.1-1.16.3 გამოიყენება:
ა) 1.16.1 - სატრანსპორტო საშუალებათა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებების ნაკადების გაყოფის ადგილებზე;
ბ) 1.16.2 - სატრანსპორტო საშუალებათა ერთი მიმართულებების ნაკადების გაყოფის ადგილებზე;
გ) 1.16.3 - სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადების შერწყმის ადგილებზე (დანართი №3, სურათი გ.12).
25. მონიშვნა 1.17 გამოიყენება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების და ტაქსების დგომის ადგილის აღნიშვნისთვის. მონიშვნის სიგრძე განისაზღვრება ერთდროულად გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ ჩასასხდომი ბაქნის სიგრძისა.
26. მონიშვნა 1.18 გამოიყენება გზაჯვარედინზე, ზოლების მიხედვით ნებადართული მიმართულებით მოძრაობის მისათითებლად (დანართი №3, სურათი გ.9, გ.10, გ.15). მიმდევრობით დაიტანება ორი ან უფრო მეტი ისარი ერთმანეთს შორის 20-დან 30 მ-მდე დაშორებით. ძირითადი ისარი გზაჯვარედინის სიახლოვეს უნდა იყოს თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გამყოფი 1.1 მონიშვნის დასაწყისის დონეზე.
27. მონიშვნა 1.18 ჩიხის გამოსახულებით დაიტანება იმ გზის გადაკვეთის წინ, რომლის სავალი ნაწილები გამოყოფილია ერთმანეთისგან ბულვარით ან გამყოფი ზოლით, როცა მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია. მონიშვნა არ დაიტანება თუ ბულვარის ან გამყოფი ზოლის სიგანე, აღნიშნულ პუნქტში მოყვანილი პირობის შესაბამისად, გზაჯვარედინის საზღვრებში ისრების დატანის საშუალებას იძლევა.
28. მონიშვნა 1.19 გამოიყენება მოძრაობის ზოლის დასასრულთან მიახლოების გასაფრთხილებლად, ხოლო 1.6 მონიშვნასთან ერთად, 1.1 და 1.11 მონიშვნასთან მიახლოების გასაფრთხილებლად (დანართი №3, სურათი გ.6, გ.8, გ.17). ამასთან, მიმდევრობით დაიტანება ორი ან უფრო მეტი ისარი ერთმანეთს შორის ბიჯით 15(30) მეტრი. დაშორებები ნაჩვენებია ძირითად ისრებს შორის დაწყებული ბოლო ისრიდან მოძრაობის მიმართულებით. მოძრაობის მიმართულებით ბოლო ისარსა და გარდამავალ ხაზს ან აჩქარების ზოლს შორის დაშორება უნდა იყოს 20(40) მეტრი.
29. მონიშვნა 1.20 გამოიყენება 1.13 მონიშვნასთან მიახლოების გასაფრთხილებლად იმ გზებზე, სადაც მოძრაობის ინტენსივობა 3000 ავტ/დღ.ღმ. მეტია და დაიტანება მოძრაობის ყველა ზოლზე. დაშორება 1.20 და 1.13 მონიშვნას შორის უნდა შეადგენდეს 2-დან 10 მ-მდე((10-დან 25 მ-მდე) (დანართი №3, სურათი გ.10)).
30. მონიშვნა 1.21 გამოიყენება 1.12 მონიშვნასთან მიახლოების გასაფრთხილებლად იმ გზებზე, სადაც ინტენსიური მოძრაობა 3000 ავტ/დღ.ღმ. მეტია, თუ დაყენებულია 2.4 ნიშანი დაიტანება მოძრაობის ყველა ზოლზე. 1.21 და 1.12 მონიშვნებს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს 2-დან 10 მ-მდე((10-დან 20 მ-მდე) (დანართი №3, სურათი გ.7)).
31. მონიშვნა 1.22 გამოიყენება ინტენსიურ მოძრაობიან გზებზე 3000 ავტ/დღ.ღმ. და მეტი, დადგენილი წესით დამტკიცებული გზის ინდექსის ან ნომრის (მარშრუტის) აღსანიშნად. მონიშვნა დაიტანება მოძრაობის ყველა ზოლის შუა ნაწილში, გზის მიმართულების (მარშრუტის) შესაბამისად, გზაჯვარედინის წინ და მის შემდეგ, როცა მარშრუტი სხვა გზის გადაკვეთის ადგილზე იცვლის თავის მიმართულებას. გზაჯვარედინის წინ 1.22 მონიშვნას გამოიყენებენ 1.18 მონიშვნასთან ერთად. ამასთან 1.22 მონიშვნა დაიტანება 1-დან 5 მ-მდე 1.18 მონიშვნის წინ (დანართი №3, სურათი გ.15). თუ გზაჯვარედინზე მარშრუტი იცვლის თავის მიმართულებას და მოძრაობის ზოლზე დატანილია 1.18 მონიშვნა მოძრაობის რამდენიმე მიმართულებით, ამ შემთხვევაში მარშრუტის ნომერი დაიტანება 1.18 მონიშვნის გვერდითი შემცირებული ზომის შრიფტით.
32. მონიშვნა 1.23 დაიტანება 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზის იმ ზოლებზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის გამოსაყოფად დატანილი საგზაო მონიშვნა შეიძლება იყოს ყვითელი ფერის (დანართი №3, სურათი გ.11). პირველი მონიშვნა დაიტანება მოძრაობის ზოლის ღერძის გასწვრივ, მასზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით ზოლის დასაწყისში, სავალი ნაწილის გადაკვეთიდან 10 მ-ის დაშორებით, ხოლო მეორე მონიშვნა 20 მ-ის შემდეგ. მონიშვნას იმეორებენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებების შემდეგ და ყოველი 200 მ. დაშორებით, გადასარბენის სიგრძეზე დამოკიდებულებით ეს დაშორება შეიძლება შემცირდეს. 1.23 მონიშვნა 5.14 ნიშნით აღნიშნულ ზოლზე დასაშვებია დატანილი იქნეს ზოლის დასაწყისში და ბოლოში, ასევე ამ ზოლის მთელ სიგრძეზე ყოველი 200 მ. დაშორებით. მონიშვნა დასაშვებია დატანილ იქნეს დამუხრუჭების ზოლზე და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელ მოედნებზე და გასაჩერებელ პუნქტებში (დანართი №3, სურათი გ.14).
33. 1.24.1 და 1.24.2 მონიშვნები დასაშვებია გამოყენებულ იქნეს საგზაო ნიშნების დუბლირებისთვის. ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის მრავალზოლიან გზაზე 1.24.1 და 1.24.2 მონიშვნა დაიტანება ყველა ზოლზე, 3.27-3.30 ნიშნების გამოკლებით, რომლებიც დაიტანება მოძრაობის განაპირა მარჯვენა ზოლზე. 1.24.1 და 1.24.2 მონიშვნები გამოიყენება შემდეგნაირად:
ა) 1.24.1 - მაფრთხილებელი ნიშნების დუბლირებისთვის და დაიტანება შესაბამისი მაფრთხილებელი ნიშნის დაყენების ადგილიდან 20-30 მ-ის შემდეგ;
ბ) 1.24.2 - ამკრძალავი ნიშნების დუბლირებისათვის (დანართი №3, სურათი გ.19) და დაიტანება გზის იგივე განივ კვეთში სადაც შესაბამისი ამკრძალავი ნიშანია.
34. მონიშვნა 1.24.3 გამოიყენება გზების მონაკვეთებზე სადგომი მოედნების (სადგომი ადგილების), მათი შესასვლელების/გამოსასვლელების და სხვა ადგილების აღნიშვნისთვის, რომლებიც განკუთვნილია იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი“.
35. მონიშვნა 1.24.4 აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვისთვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე მწვანე ფონით ან მის გარეშე.
36. მონიშვნა 1.24.5 აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე ლურჯი ფონით ან მის გარეშე.
37. მონიშვნა 1.24.6 აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალებისათვის. საგზაო მონიშვნა დაიტანება გზაზე ლურჯი ფონით ან მის გარეშე.
38. მონიშვნა 1.24.7 აღნიშნავს გზის მონაკვეთზე სადგომ ადგილს, რომელიც განკუთვნილია ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისათვის.
39. მონიშვნა 1.25 გამოიყენება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური უსწორმასწორობის (ბორცვი) აღნიშვნისთვის.
40. მონიშვნა 1.25 დაიტანება ხელოვნური დაბრკოლების დასაწყისისა და დაბოლოების დახრილ ნაწილზე (დანართი №3, სურათი გ.19).
41. თუ ხელოვნური დაბრკოლების დახრილ ნაწილს არ აქვს საკმარისი სიგანე მის ზედაპირზე მონიშვნის დატანისთვის, ამ შემთხვევაში მონიშვნა 1.25 დაიტანება დაბრკოლების ორივე მხარეს გზის სავალ ნაწილზე.
42. დასაშვებია სავალ ნაწილზე დატანილი იქნეს მონიშვნით შესრულებული წარწერები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ რეგლამენტით და რომელიც წარმოადგენს ინფორმაციის დამატებით საშუალებას (დასახლებული პუნქტი, ტურიზმის ობიექტის დასახლება და ა.შ.), 1.6(4.0) მ. სიმაღლის შრიფტის გამოყენებით და რომელსაც არ შემოაქვს რაიმე შეზღუდვა. წარწერები უნდა შესრულდეს 1.22 მონიშვნის შრიფტისა და ციფრების პროპორციული შრიფტით.
43. წარწერებისათვის, რომლის სიგანე აჭარბებს მოძრაობის ზოლის სიგანეს, დასაშვებია ციფრებისა და ასოების ზომების, არაუმეტეს ორჯერ შემცირება.
44. 1.1-1.7, 1.9-1.11 მონიშვნის ხაზის სიგანე განისაზღვრება №9 ცხრილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ №9 ცხრილში მითითებული არ არის მონიშვნის ხაზის სიგანე, მაშინ განისაზღვრება 0.1 მ-ით.
45. დროებით მონიშვნას შლიან დროებითი ნიშნების მოხსნისა და გადამღობი/მიმმართველი მოწყობილობების დემონტაჟისთანავე.
46. 1.1, 1.2.1 და 1.3 ხაზების გადაკვეთა აკრძალულია.
47. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა დასაშვებია გვერდულებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისთვის და ისეთ ადგილებზე შესასვლელად, სადაც ნებადართულია გაჩერება და დგომა.
48. 1.5-1.8 ხაზების გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
49. 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია რევერსული შუქნიშნის არარსებობის ან მისი გამორთვის შემთხვევაში, თუ ხაზი მდებარეობს მძღოლიდან მარჯვენა მხარეს, ხოლო ჩართული რევერსული შუქნიშნის შემთხვევაში ნებისმიერი მხრიდან, თუ ხაზი ყოფს ზოლს, რომლებზედაც მოძრაობა ნებადართულია ერთი მიმართულებით.
50. 1.9 ხაზის გადაკვეთა გამორთული რევერსული შუქნიშნის შემთხვევაში აკრძალულია, თუ ის ყოფს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადებს.
51. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილის მხრიდან, ხოლო გასწრების ან შემოვლის დამთავრების შემდეგ - უწყვეტი ხაზის მხრიდან.
52. 1.18 მონიშვნა, უკიდურესი მარცხენა ზოლის მარცხნივ მოხვევის ნებართვასთან ერთად ამ ზოლიდან მობრუნების ნებართვასაც იძლევა.
53. იმ შემთხვევაში, თუ საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ საგზაო ნიშნებით.
54. თუ დროებითი და მუდმივი მონიშვნის ხაზების მნიშვნელობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ დროებითი მონიშვნის ხაზებით.
მონიშვნის ხაზის სიგანე (ზომები მეტრებში)
ცხრილი №9
მოძრაობის
ზოლის რაოდენობა
გამყოფი
ზოლის არსებობა
საწინააღმდეგო მიმართულების ნაკადების გამოყოფა
მოძრაობის ზოლის აღნიშვნა
სავალი ნაწილის ნაპირის აღნიშვნა
გაჩერებისა და დგომის აკრძალვა
1.1
1.3
1.5; 1.6
1.9
1.11
1.1; 1.5-1.7
1.9
1.11
1.21
1.22
1.4;
1.10
2
არა
0.10
–
0.10
–
0.10
0.10
–
0.10
0.10
0.10
0.10
3
0.15
0.15
0.10
_
4 და 5
–
0.15
–
0.15 (0.10)
0.15
(0.10)
0.15
(0.10)
0.15
(0.10)
0.15
(0.10)
0.15
(0.10)
≥6
0.20
(0.15)
0.20 (0.15)
0.20
(0.15)
0.20
(0.15)
≥4
არის
–
–
0.15
–
შენიშვნა: ფრჩხილებში ნაჩვენები მონიშვნის ხაზის სიგანის სიდიდეები დასაშვებია დასახლებულ პუნქტებში
მუხლი 16🔗. ვერტიკალური მონიშვნა
1. ვერტიკალური მონიშვნა დააქვთ ხიდური ნაგებობების საყრდენებზე, გვირაბების პორტალის ტორსულ ზედაპირზე, ზღუდარებზე, პარაპეტებზე, ბორდიურებზე და გზის აღჭურვილობის სხვა ელემენტებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხედველობის გაუმჯობესების მიზნით.
2. 2.1.1 და 2.1.3 მონიშვნა გამოიყენება ხიდური ნაგებობების ვერტიკალური ელემენტების, განათების ბოძების, ხეების, ბუფერული მოწყობილობების და ა. შ. აღნიშვნისთვის, სავალი ნაწილიდან 1 მ-ზე ნაკლები მანძილით დაშორებულ წინაღობებზე, ასევე სხვა შემთხვევებშიც, როცა ეს წინაღობა წარმოადგენს მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხიფათს. 2.1.1 და 2.1.3 მონიშვნა დაიტანება წინაღობებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან შესაბამისად სავალი ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ, 2.1.2 მონიშვნა დაიტანება იმ შემთხვევაში, თუ მასზე შემოვლა შესაძლებელია ორივე მხრიდან. დასაშვებია დაიხაზოს მხოლოდ სავალი ნაწილის ახლოს მდებარე ნაგებობის 0.5 მ. სიგანის და 3 მ. სიმაღლის ნაპირი (დანართი №3, სურათი გ.20, გ.21).
3. 2.2 მონიშვნა გამოიყენება ხიდური ნაგებობების, გვირაბის პორტალებისა და სხვა ნაგებობების ქვედა ნაპირის აღნიშვნისთვის, რომლებიც განთავსებული არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე. მონიშვნა დაიტანება ყოველი ზოლის შუა ნაწილის ზემოთ, რომლებზედაც წარმოებს მოძრაობა ნაგებობის მიმართულებით (დანართი №3, სურათი გ.20).
4. დასაშვებია დაიხაზოს გადმოშვერილი ნაგებობა მთელი სავალი ნაწილის სიგანეზე, რომლითაც წარმოებს მოძრაობა ნაგებობის მიმართულებით.
5. თუ 2.1.1-2.1.3 ან 2.2 მონიშვნის დატანა უშუალოდ ხელოვნური ნაგებობების ზედაპირზე შეუძლებელია, ის უნდა შესრულდეს დაფაზე, რომელიც დამაგრებული უნდა იქნეს ამ ნაგებობაზე ან უნდა დაყენდეს უშუალოდ მის წინ.
6. მონიშვნა 2.3 გამოიყენება მრგვალი ტუმბოს (ბოძკინტის) აღნიშვნისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის განთავსებულია გამყოფ ზოლზე, ამაღლებულ მიმმართველ ან უსაფრთხოების კუნძულებზე (დანართი №3, სურათი გ.22).
7. მონიშვნა 2.4 გამოიყენება სასიგნალო ბოძების და ა.შ. აღნიშვნისთვის (დანართი №3, სურათი გ.22). შავი ზოლის ქვედა მხარე მიმართული უნდა იყოს სავალი ნაწილის მხარეს.
8. მონიშვნა 2.5 გამოიყენება გზის სწორ მონაკვეთებზე დაყენებული საგზაო ზღუდის მოწყობილობების გვერდითი ზედაპირის აღნიშვნისთვის (მისი დასაწყისიდან არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე), ასევე სხვადასხვა დონის გადაკვეთებზე არსებულ ზღუდის მოწყობილობების მთელ სიგრძეზე, 50 მ-ზე ნაკლებ რადიუსიან მრუდეებზე, ციცაბო დაღმართებზე, სავალი ნაწილის შევიწროებულ ადგილებში (დანართი №3, სურათი გ.22).
9. მონიშვნა 2.6 გამოიყენება საგზაო ზღუდის მოწყობილობების გვერდითი ზედაპირის აღნიშვნისთვის, ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა.
10. დასაშვებია დატანილი არ იქნეს 2.5 და 2.6 მონიშვნები ზღუდის მოწყობილობებზე, რომელიც შესრულებულია მოთუთიებული მეტალისაგან.
11. 2.4-2.6 მონიშვნით აღნიშნული ზღუდეები და მიმმართველი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იქნეს შუქამრეკლი ელემენტებით.
12. 2.7 მონიშვნა დაიტანება ამაღლებული მიმმართველი და უსაფრთხოების კუნძულების ბორდიურებსა და წინაღობებზე, თუ ისინი განთავსებული არიან სავალი ნაწილიდან 1 მ-ზე ნაკლებ მანძილზე, 50 მ-ზე ნაკლებ რადიუსიან მრუდეებზე, გზის შევიწროებულ ადგილებში, სანაპიროებზე და სხვა სახიფათო მონაკვეთების გასასვლელებში (დანართი №3, სურათი გ.21, გ.22).
13. მონიშვნის ელემენტების ზომები შავი და თეთრი ფერები შესაბამისად განისაზღვრება: მიმმართველი და უსაფრთხოების კუნძულებისათვის - 0.2 მ. და 0.4 მ, ხოლო ბორდიურებისთვის - 0.5 მ. და 1.0 მ. (1.0 და 2.0 მ).
IV. საგზაო შუქნიშნების გამოყენების წესები
მუხლი 17🔗. ზოგადი მოთხოვნები
1. საგზაო შუქნიშნების (შემდგომში - შუქნიშანი) ტიპები და ჯგუფები მოცემულია დანართში №5.
2. შუქნიშნები გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის (გატარების რიგითობის) რეგულირებისათვის, ასევე გზის სახიფათო მონაკვეთის აღნიშვნისთვის.
მუხლი 18🔗. შუქნიშნის გამოყენების წესები
1. პირველი ტიპის (ტ.1 და ტ.1 ჰორიზ.) შუქნიშნები გამოიყენება გზაჯვარედინზე იმ შემთხვევაში, როდესაც გზაჯვარედინის მოცემული მისასვლელიდან სატრანსპორტო საშუალებების გატარება ხდება ერთდროულად ყველა მიმართულებით და გზაჯვარედინებს შორის განთავსებულ რეგულირებად ქვეითთა გადასასვლელზე. ამ შუქნიშნების გამოყენება დასაშვებია დასახლებულ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელების წინ (რკინიგზის მფლობელ ორგანიზაციასთან შეთანხმებით), გზის ტრამვაის ხაზებთან გადაკვეთასთან, ველოსიპედის ბილიკის გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთის წინ, გზის შევიწროებულ ადგილებში ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების მორიგეობით გასაშვებად.
2. პირველი ტიპის (ტ.1 მარჯ., ტ.1 მარც., ტ.1 მარჯ.მარც.) სატრანსპორტო შუქნიშნები გამოიყენება გზაჯვარედინის მოცემული მისასვლელიდან სატრანსპორტო საშუალებების განსაზღვრული მიმართულებით რიგრიგობით გატარებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან ეკონომიკური მოსაზრებით შეუძლებელია მე-2 ტიპის შუქნიშნის გამოყენება.
3. მე-2 ტიპის შუქნიშანი გამოიყენება განსაზღვრული მიმართულებით საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის, როდესაც მათ ნებადამრთველ სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს გზაჯვარედინის ფარგლებში არ აქვს გადაკვეთა ან შერწყმა სხვა მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებთან, ასევე გადაკვეთა ქვეითთა ნაკადთან, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ყველა მიმართულებას უნდა გააჩნდეს თავისი შუქნიშანი. მე-2 ტიპის შუქნიშანი დასაშვებია აღიჭურვოს 400X400 მმ. ზომის თეთრი ფერის დაფებით, რომელზეც გამოსახული შავი ფერის ისარი მიუთითებს იმავე მიმართულებას, რომელსაც მოცემული შუქნიშანი არეგულირებს (დანართი №3, სურათი გ.23).
4. პირველი ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-2 ტიპის 300 მმ. დიამეტრის შუქგამბნევიანი შუქნიშნები იდგმება:
ა) გზებზე დაუსახლებელ პუნქტებში;
ბ) მაგისტრალურ გზებზე, ჩქაროსნულ და რეგულირებად საერთო საქალაქო დანიშნულების ქუჩებზე და მოედნებზე;
გ) ქალაქის სხვა კატეგორიის ქუჩებსა და გზებზე სადაც დასაშვებია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა.
5. პირველი ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-2 ტიპის 300 მმ. დიამეტრის შუქგამბნევიანი (წითელი სიგნალი) და 200 მმ. დიამეტრის (ყვითელი და მწვანე სიგნალი) შუქნიშნები იდგმება მეორეხარისხოვან ქუჩებსა და გზებზე, ქუჩებისა და გზების გადაკვეთების წინ.
6. პირველი ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-2 ტიპის 200 მმ. დიამეტრის შუქგამბნევიანი შუქნიშნები იდგმება ყველა სხვა შემთხვევაში.
7. პირველი ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-2 ტიპის შუქნიშნების ერთობლივი დაყენება გზაჯვარედინის ერთ მისასვლელთან დასაშვებია, როცა პირველი ტიპის (ტ.1) შუქნიშნით რეგულირებული სატრანსპორტო ნაკადი გამოყოფილია ამაღლებული მიმმართველი კუნძულებით, უსაფრთხოების კუნძულებით ან გამყოფი ზოლით იმ ნაკადისაგან, რომელიც რეგულირდება მე-2 ტიპის შუქნიშნით.
8. მე-3 ტიპის შუქნიშანი ნებისმიერი შესრულებით დასაშვებია გამოყენებულ იქნეს პირველი ტიპის შუქნიშნის იმავე შესრულების განმეორებად სიგნალად, თუ პირველი ტიპის შუქნიშნის მხედველობა იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის, რომლებიც გაჩერდნენ მოცემული მიმართულებით მოძრაობის განაპირა ზოლის „სდექ“ ხაზთან, გაძნელებულია. მე-3 ტიპის შუქნიშანი ნებისმიერი შესრულებით იდგმება ერთ ბოძზე პირველი ტიპის იმავე შესრულებით შუქნიშანთან ერთად. მე-3 ტიპის ნებისმიერი შესრულებით შუქნიშნის გამოყენება (მე-9 ტიპის შუქნიშნის მაგივრად) დასაშვებია ველოსიპედისტების მოძრაობის რეგულირებისთვის ველოსიპედის ბილიკის გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთების ადგილებში ან რეგულირებად ქვეითთა გადასასვლელებზე. ამ შემთხვევაში, შუქნიშანი აღჭურვილი უნდა იყოს 200X200 მმ. ზომის თეთრი ფერის დაფით, მასზე შავი ფერის ველოსიპედის გამოსახულებით.
9. მე-4 ტიპის შუქნიშანი ნებისმიერი შესრულებით გამოიყენება მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ცალკეულ ზოლებზე რევერსული მოძრაობის ორგანიზებისას. ხელოვნურ განათებიანი გვირაბის შესასვლელებს აღჭურავენ ამ შუქნიშნებით, თუ გვირაბს აქვს 300 მ-ზე მეტი სიგრძე ან განთავსებულია ჰორიზონტალურ მრუდზე ან მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე.
10. მე-5 ტიპის შუქნიშანი გამოიყენება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრავი ტრამვაის, ასევე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების უკომფლიქტო რეგულირებისთვის.
11. მე-6 ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-10 ტიპის შუქნიშნები გამოიყენება საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის სარკინიგზო გადასასვლელებზე. მათი განთავსების აუცილებლობა და წესი განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
12. მე-6 ტიპის შუქნიშნები ნებისმიერი შესრულებით ასევე გამოიყენება საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის გადასასვლელ ხიდებსა და საბორნე მისადგომებზე. მათი გამოყენება დასაშვებია ადგილებში, სადაც მოსალოდნელია ოპერატიული სამსახურების სატრანსპორტო საშუალებების გამოსვლა.
13. მე-7 ტიპის შუქნიშანი გამოიყენება არარეგულირებადი გზაჯვარედინებისა და ქვეითთა გადასასვლელების აღნიშვნისათვის.
14. მე-8 ტიპის შუქნიშანი გამოიყენება საწარმოებისა და ორგანიზაციების შიდა ტერიტორიაზე მოძრაობის რეგულირებისათვის, ასევე სავალი ნაწილის დროებითი შევიწროებისას თითოეულ ზოლზე რევერსული მოძრაობის ორგანიზაციისათვის.
15. მე-9 ტიპის შუქნიშანი გამოიყენება ველოსიპედისტების მოძრაობის რეგულირებისათვის ველობილიკების სავალ ნაწილთან გადაკვეთის ადგილებზე ან რეგულირებად ქვეითთა გადასასვლელებზე.
16. შუქნიშნები ქვ.1 და ქვ.2 გამოიყენება რეგულირებად გზაჯვარედინებსა და გზაჯვარედინებს მიღმა ქვეითთა გადასასვლელებზე, ქვეითების მოძრაობის რეგულირებისათვის.
17. შუქგამბნევი 300 მმ. დიამეტრის შუქნიშნები (300X300 მმ. ზომის) იდგმება გზებზე, რომლებსაც აქვთ მოცემული მიმართულებით მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი, ხოლო ოთხ ზოლზე ნაკლებ გზებზე 200 მმ. დიამეტრის (200X200 მმ. ზომის) შუქნიშნები.
18. პირველი ტიპის ნებისმიერი შესრულებით, მე-2 ტიპის, ქვ.1 და ქვ.2 შუქნიშნები გამოიყენება მოძრაობის რეგულირებისთვის გზაჯვარედინებსა და სხვა ადგილებზე, სადაც ერთ დონეზე გადაიკვეთებიან სატრანსპორტო ნაკადები და სატრანსპორტო/ქვეითების ნაკადები. აღნიშნული შუქნიშნები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი ოთხი პირობიდან თუნდაც ერთი პირობა:
ა) პირობა 1 - გზაჯვარედინებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ინტენსივობა კვირის სამუშაო დღის 8:00 საათიდან შემდგომი თითოეული ერთსაათიანი პერიოდის განმავლობაში არ არის ნაკლები №10 ცხრილში მითითებულ სიდიდეებზე;
ბ) პირობა 2 - სამუშაო დღის 8:00 საათიდან შემდგომი თითოეული ერთსაათიანი პერიოდის განმავლობაში, გზაზე ორივე მიმართულებით მოძრაობა შეადგენს 600 ავტ/სთ. (გზებისათვის გამყოფი ზოლით - 1000 ავტ/სთ.), ამავე დროს ამ გზაზე ერთი ყველაზე მეტად დატვირთული მიმართულებით გადადის არანაკლებ 150 ქვ/სთ. დასახლებული პუნქტებისათვის, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 10 000-ზე ნაკლებია, პირველი და მეორე პირობით გათვალისწინებული მოძრაობების ინტენსივობების მნიშვნელობები შეადგენს ნაჩვენების 70%-ს;
გ) პირობა 3 - სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა ინტენსივობის მნიშვნელობები გათვალისწინებული ერთდროულად პირველი და მეორე პირობით სრულდება 80 და მეტი პროცენტით;
დ) პირობა 4 - ბოლო 12 თვის განმავლობაში გზაჯვარედინზე მოხდა არანაკლებ სამი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ ყოფილიყო შუქნიშნით რეგულირება და პირველი ან მეორე პირობის 80 და მეტი პროცენტით შესრულება.
19. მაგისტრალებზე სატრანსპორტო ნაკადების მაღალი ინტენსივობით (900 და მეტი ავტ/სთ.) და ქვეითთა მოძრაობის ეპიზოდური მაღალი ინტენსივობით (800 და მეტი ქვ/სთ.), როცა მთელი დღის განმავლობაში ქვეითთა ინტენსივობა მცირეა (სკოლებთან, დიდ საწარმოებთან და ა.შ.), ქვეითთა მოძრაობის რეგულირებისთვის იყენებენ შუქნიშნებს გამოსაძახებელი მოწყობილობით, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო ნაკადის წყვეტას მხოლოდ ქვეითთა მოთხოვნის შემთხვევაში.
20. ადგილებში სადაც ველობილიკი კვეთს სავალ ნაწილს, შუქნიშნით რეგულირების შემოღების აუცილებლობის საკითხი განხილული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ველოსიპედის მოძრაობის ინტენსივობა აჭარბებს 50 ველოსიპ/სთ-ში.
21. პირველი ტიპის შუქნიშანი ნებისმიერი შესრულებით, მე-2, მე-9 (ან მე-3 ტიპის ნებისმიერი შესრულებით), ასევე ქვ.1 და ქვ.2 დასაშვებია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაშიც, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-18-მე-20 პუნქტებით, კერძოდ თუ რეგულირებად ორ მეზობელ გზაჯვარედინებს შორის დაშორება, ჩართული მოძრაობის კოორდინირებული მართვის სისტემაში, აჭარბებს 800 მ-ს.
22. ნებისმიერი შესრულებით მე-4 ტიპის შუქნიშნების გამოყენებით რევერსული რეგულირების შემოღება ხდება მოძრაობის ორივე მიმართულებით, სამ და მეტზოლიან გზებზე, შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისას.
23. მე-7 ტიპის შუქნიშანი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ინტენსივობა შეადგენს ამ მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული პირობებით გათვალისწინებული ნორმის არანაკლებ ნახევარს ან უზრუნველყოფილი არ არის მხედველობა იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისთვის, რომლებიც მოძრაობენ ამ უბანზე დასაშვები სიჩქარით გზაჯვარედინის ან ქვეითთა გადასასვლელების წინ.
24. გზის შევიწროებულ მონაკვეთზე მე-8 ტიპის შუქნიშანი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის ორივე მიმართულებით არსებობს მხოლოდ ერთი ზოლი და შეზღუდული მხედველობის გამო მოძრაობა არ შეიძლება ორგანიზებული იყოს 2.5 და 2.6 საგზაო ნიშნების დახმარებით (ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად). ხიდური ნაგებობების წინ მე-8 ტიპის შუქნიშანი იდგმება იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაგებობა არ იძლევა საშუალებას ერთდროულად გაატაროს შემხვედრი მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების ნაკადები.
გადამკვეთი მიმართულებით სატრანსპორტო
ნაკადების მოძრაობის ინტენსივობა
ცხრილი №10
ერთი მიმართულებით მოძრაობის ზოლის რაოდენობა
სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის
ინტენსივობა ერთ/სთ.
მთავარი გზა
მეორეხარისხოვანი გზა
მთავარ გზაზე ორივე მიმართულებით
მეორეხარისხოვან გზაზე ერთი ყველაზე მეტად დატვირთული
მიმართულებით
1
1
750
670
580
500
410
380
75
100
125
150
175
190
2 და მეტი
1
900
800
700
600
500
400
75
100
125
150
175
200
2 ან მეტი
2 ან მეტი
900
825
750
675
600
525
480
100
125
150
175
200
225
240
მუხლი 19🔗. შუქნიშნის მოწყობის წესები
1. სატრანსპორტო შუქნიშნების დაყენებისას (მე-3 ტიპის ნებისმიერი შესრულებით, მე-9, ქვ.1 და ქვ.2 გარდა) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი სიგნალების მხედველობა მოძრაობის ნებისმიერი ზოლიდან, რომელზედაც ვრცელდება მათი მოქმედება არანაკლებ 100 მ. მანძილზე. თუ აღნიშნული პირობის შესრულება შეუძლებელია, მაშინ ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად აყენებენ 1.9 ნიშანს.
2. პირველი ტიპის (ტ.1 მარჯ., ტ.1 მარც., ტ.1 მარჯ.მარც.) შუქნიშნების დამატებითი სექციების სიგნალები და მე-9 ტიპის შუქნიშნის სიგნალი ამოცნობადი უნდა იყოს არანაკლებ 50 მ. მანძილზე. პირველი ტიპის (ტ.1 მარჯ., ტ.1 მარც., ტ.1 მარჯ.მარც.) შუქნიშნებს დამატებითი სექციების მხედველობის გაუმჯობესების მიზნით აღჭურავენ თეთრი ფერის ეკრანით მომრგვალებული კუთხეებით, რომელიც გამოდის შუქნიშნის გაბარიტებიდან 120 მმ-ით. დასაშვებია შუქნიშნის კონტურის ფორმის ეკრანი.
3. მე-3 ტიპის შუქნიშნის ნებისმიერი შესრულებით დაყენების შემთხვევაში, ამ შუქნიშანთან უახლოეს განაპირა ზოლზე ნიშნის 7.16 ან მონიშვნის 1.12 წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი სიგნალების მხედველობა.
4. მე-4 ტიპის შუქნიშანს ნებისმიერი შესრულებით, აყენებენ ზოლზე გასასვლელის წინ და რევერსული რეგულირების გზის მონაკვეთის ყველა ზოლის ზემოთ მთელ სიგრძეზე. ამასთან, თითოეული შუქნიშნის დაყენების ადგილიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოძრაობის მიმართულებით შემდეგი შუქნიშნების სიგნალების მხედველობა.
5. მე-4 ტიპის შუქნიშნების ნებისმიერი შესრულებით გვირაბებში გამოყენების შემთხვევაში, მათ აყენებენ მოძრაობის ყველა ზოლზე გვირაბის დასაწყისში.
6. ქვ.1 და ქვ.2 შუქნიშნებს აყენებენ ტროტუარებზე სავალი ნაწილის ორივე მხარეს, ხოლო გამყოფი ზოლის ან ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულის არსებობისას მათზეც, თუ ერთი მიმართულებით მოძრაობის ორ ზოლზე მეტია (დანართი №3, სურათი გ.24 - ა).
7. ქვეითთა შუქნიშნის დაყენების შემთხვევაში, მათი სიგნალების მხედველობა ქვეითების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს გზის სავალი ნაწილის საწინააღმდეგო მხრიდან.
8. რეგულირებულ გზაჯვარედინებზე განთავსებული ქვეითთა ყველა გადასასვლელი აღიჭურვება ქვეითების შუქნიშნებით.
9. შუქნიშნის დაყენების სიმაღლე კორპუსის ქვედა კიდიდან სავალი ნაწილის ზედაპირამდე (დანართი №3, სურათი გ.23), გარდა სატრანსპორტო შუქნიშნების მე-3 ტიპის ნებისმიერი შესრულებით, მე-5 და მე-9 ტიპებისა შეადგენს:
ა) სავალი ნაწილის ზემოთ დაყენების შემთხვევაში 5-დან 6 მ-მდე. დასაშვებია სავალი ნაწილის ზევით შუქნიშნის 6-დან 8 მ-მდე დაყენება ამ რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებისათვის;
ბ) სავალი ნაწილის გვერდზე დაყენებისას - 2-დან 3 მ-მდე, მე-3 ტიპის შუქნიშნის ნებისმიერი შესრულებით, მე-9 ტიპის - 1.5-დან 2 მ-მდე, მე-5 ტიპის შუქნიშნის - 2-დან 4 მ-მდე, ქვეითების შუქნიშნების - 2-დან 2.5 მ-მდე.
10. ერთ საყრდენზე დაყენებული და ერთი მიმართულებით მოძრავი საგზაო მონაწილეებისაკენ მიმართული სხვადასხვა ტიპის შუქნიშნებს ერთმანეთის მიმართ განათავსებენ ვერტიკალურად შემდეგი თანმიმდევრობით (ქვემოდან ზევით): მე-3 ტიპი ნებისმიერი შესრულებით, ქვ.1 და ქვ.2, პირველი ტიპი (ტ.1 მარჯ., ტ.1 მარც., ტ.1 მარჯ.მარც.) ან მე-2 და მე-5 ტიპები (დანართი №3, სურათი გ.23).
11. შუქნიშნის დასამაგრებლად გამოყენებულ საყრდენ კონსტრუქციებს დგამენ გზის სავალი ნაწილის მიღმა. მათი ელემენტები, რომლებიც განთავსებულია სავალი ნაწილის ზემოთ, არ უნდა იყოს ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების მიხედვით სავალი ნაწილის ზემოთ განთავსებული შუქნიშნის კორპუსის ქვედა ნაწილის ქვემოთ.
12. დაშორება სავალი ნაწილის ნაპირიდან სავალი ნაწილის გვერდზე დაყენებულ შუქნიშნამდე უნდა შეადგენდეს 0.5-დან 2 მ-მდე.
13. დაშორება სავალი ნაწილის ახლო ნაპირიდან სავალი ნაწილის ზემოთ დაყენებულ შუქნიშნამდე უნდა იყოს არანაკლებ 4 მ. (დანართი №3, სურათი გ.23).
14. ქვეითთა შუქნიშნის სიგნალების მხედველობის უზრუნველყოფის მიზნით მისი დაყენება დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მ. მანძილზე.
15. დაშორება ქვეითთა შუქნიშნიდან ქვეითად გადასასვლელის საზღვრამდე არ უნდა იყოს 1 მ-ზე ნაკლები (დანართი №3, სურათი გ.18).
16. ერთ გზაზე არსებული სატრანსპორტო შუქნიშნების დაყენების სიმაღლე და სავალი ნაწილიდან დაშორება შეძლებისდაგვარად უნდა იყოს ერთნაირი.
17. შუქნიშანი განთავსდება ტრამვაის ან ტროლეიბუსის საკონტაქტო სადენებიდან არანაკლებ 1 მ-ის მანძილზე.
18. სატრანსპორტო შუქნიშნები (გარდა, პირველი ტიპის (ტ.1 ჰორიზ.) შუქნიშნისა) იდგმება გზაჯვარედინის წინ სავალი ნაწილის გვერდზე ან სავალი ნაწილის ზემოთ (გარდა, მე-3 და მე-6 ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-10 ტიპის შუქნიშნებისა). პირველი ტიპის (ტ.1 ჰორიზ.) შუქნიშანი იდგმება მხოლოდ სავალი ნაწილის ზემოთ.
19. მოცემული მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვნივ იდგმება შემდეგი ტიპის შუქნიშნები: პირველი ტიპის (ტ.1, ტ.1 მარჯ., ტ.1 მარჯ.მარც.), მე-2 ტიპის ისრებით „პირდაპირ“, „მარჯვნივ“, „პირდაპირ და მარჯვნივ“, მე-3 ტიპის (ტ.3 და ტ.3 მარჯ.), მე-6 ტიპის ნებისმიერი შესრულებით, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ტიპის შუქნიშნები. პირველი ტიპი (ტ.1 მარც.), მე-2 ტიპი ისრებით „მარცხნივ“ ან „პირდაპირ და მარცხნივ“ და მე-3 ტიპი (ტ.3 მარც.) იდგმება მარცხნივ გამყოფ ზოლზე, მიმმართველ კუნძულზე ან უსაფრთხოების კუნძულზე, ცალმხრივი მოძრაობისას - გზიდან მარცხნივ.
20. ორმხრივმოძრაობიან გზებზე გზაჯვარედინის წინ გამყოფი ზოლის არარსებობის შემთხვევაში, მიმმართველ კუნძულებზე ან უსაფრთხოების კუნძულებზე დასაშვებია პირველი ტიპის (ტ.1 მარც.) შუქნიშნის დაყენება მარჯვნივ, თუ დასახლებულ პუნქტებში მოცემული მიმართულებით მოძრაობის არაუმეტეს სამი ზოლია (დაუსახლებელ პუნქტებში არანაკლებ ორი). წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ტიპის (ტ.1 მარც.), მე-2 ტიპის ისრებით „მარცხნივ“, „პირდაპირ“ ან „პირდაპირ და მარცხნივ“ შუქნიშნებს განათავსებენ სავალი ნაწილის ზემოთ.
21. თუ შუქნიშნის ობიექტის მუშაობის რეჟიმი ითვალისწინებს სხვადასხვა ხანგრძლივობებს ან/და შუქნიშნის სიგნალების თანმიმდევრობებს მოძრაობის თითოეული ზოლისათვის, მაშინ მე-2 ტიპის შუქნიშანს აყენებენ შესაბამისი მოძრაობის ზოლის ზემოთ.
22. მე-5 ტიპის შუქნიშანს აყენებენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლის მარჯვნივ ან ზემოთ. ტრამვაის მოძრაობის რეგულირებისას დასაშვებია ხაზებს შორის მე-5 ტიპის შუქნიშნის დაყენება.
23. მე-7 ტიპის შუქნიშნის დაყენება დასაშვებია ამაღლებულ ცენტრალურ კუნძულზე, უსაფრთხოების კუნძულზე ან გზაჯვარედინის ცენტრის ზემოთ.
24. პირველი ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-2 ტიპის შუქნიშნები, რომლებიც სავალი ნაწილის გვერდითაა განთავსებული დუბლირდება. დუბლირებული შუქნიშანი იდგმება გზაჯვარედინებზე ან უშუალოდ მის შემდეგ, მძღოლების მიერ შუქნიშნის სიგნალების მხედველობის გაუმჯობესების მიზნით. გამყოფი ზოლის, მიმმართველი კუნძულების, უსაფრთხოების კუნძულების არსებობისას დუბლირებულ შუქნიშნებს (გარდა პირველი ტიპის (ტ.1 მარჯ.), მე-2 ტიპის ისრით „მარჯვნივ“) აყენებენ გზაჯვარედინებზე, მის შემდეგ სავალ ნაწილებს შორის ან გზაჯვარედინის მარცხნივ. ამასთან, დუბლირებული შუქნიშნის დაყენება გზაჯვარედინის შემდეგ მარცხნივ დასაშვებია, თუ შემხვედრი მიმართულებით სავალ ნაწილს აქვს მოძრაობის არაუმეტეს სამი ზოლი, ხოლო მოძრაობის ინტენსივობა ყოველ ზოლზე შეადგენს არანაკლებ 500 ავტ\სთ. პირველი ტიპის (ტ.1 მარჯ.) და მე-2 (ისრით „მარჯვნივ“) ტიპის შუქნიშნები დუბლირდებიან, თუ მარჯვნივ მოხვევა ხორციელდება ორი და მეტი ზოლიდან. დუბლირებულ შუქნიშანს აყენებენ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ მის შემდეგ სავალ ნაწილებს შორის ან მარჯვნივ. შუქნიშნის მარჯვნივ დაყენების შემთხვევაში, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლი უნდა იყოს არაუმეტეს სამისა, ხოლო მოძრაობის ინტენსივობა თითოეულ ზოლზე უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 500 ავტ/სთ. გამყოფი ზოლის, ამაღლებული მიმმართველი კუნძულების ან ამაღლებული უსაფრთხოების კუნძულების არარსებობისას დუბლირებულ შუქნიშანს აყენებენ უშუალოდ გზაჯვარედინის შემდეგ: პირველი ტიპის (ტ.1 მარჯ.) ან მე-2 ტიპის (ისრით „მარჯვნივ“) - მარჯვნივ, დანარჩენს მარცხნივ იმ შემთხვევაში თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლი არ აჭარბებს სამს, ხოლო მოძრაობის ინტენსივობა თითოეულ ზოლზე შეადგენს არაუმეტეს 500 ავტ/სთ (დანართი №3, სურათი გ.24 - ა).
25. ამ მუხლის 24-ე პუნქტში ჩამოთვლილი პირობების შესრულების შეუძლებლობისას შუქნიშნებს (გარდა მე-3 ტიპის ნებისმიერი შესრულებით) აწყობენ სავალი ნაწილის ზემოთ (დანართი №3, სურათი გ.24 - ბ).
26. სავალი ნაწილით ზემოთ განთავსებული შუქნიშნები დასაშვებია არ დუბლირდებოდეს.
მუხლი 20🔗. შუქნიშნის მუშაობის რეჟიმები
1. ერთ ობიექტზე დაყენებული ყველა შუქნიშანი (გარდა მე-4 ტიპის ნებისმიერი შესრულების შუქნიშნები) უნდა მუშაობდეს ურთიერთშეთანხმებულ რეჟიმში. შუქნიშნის ნებისმიერ ობიექტს, რომელიც შედის მოძრაობის კოორდინირებული მართვის სისტემაში, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმუშაოს ინდივიდუალურ ავტომატურ რეჟიმში, დამოუკიდებლად შუქნიშნის სხვა ობიექტის მუშაობისგან.
2. პირველი ნებისმიერი შესრულებით, მე-3 ტიპის ნებისმიერი შესრულებით, მე-2 და მე-9 ტიპის შუქნიშნებისთვის დაცულ უნდა იქნეს სიგნალების ჩართვის შემდეგი თანმიმდევრობა: წითელი - წითელი ყვითლით - მწვანე - ყვითელი - წითელი. ამასთან, სიგნალის „ყვითელი წითლით“ ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2 წმ-ზე მეტი, ყვითელი სიგნალის ხანგრძლივობა ყველა შემთხვევაში უნდა იყოს 3 წმ., თუ შუალედური ტაქტის საანგარიშო ხანგრძლივობა აჭარბებს მითითებულ მნიშვნელობას, მაშინ წითელი სიგნალის ხანგრძლივობას ზრდიან გადაჭარბებული დროით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ექსპლუატაციაში არსებულ იმ კონტროლერებზე, რომელთაც საშუალება არ აქვთ გაყონ შუალედური ტაქტი. დასაშვებია სიგნალის ჩართვის შემდეგი თანმიმდევრობა: წითელი - მწვანე - ყვითელი - წითელი და ა.შ. ამავე თანმიმდევრობით, თუ შუქნიშნის ობიექტი ჩართული არ არის მოძრაობის მართვის კოორდინირებულ სისტემაში.
3. პირველი და მე-3 ტიპის შუქნიშნები ნებისმიერი შესრულებით - მე-2, მე-8 და მე-9 ტიპის შუქნიშნების გამოყენებით შუქნიშნის სიგნალიზაციის მუშაობის რეჟიმში შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მწვანე სიგნალის ციმციმი 3 წმ-ის განმავლობაში უშუალოდ მისი გამორთვის წინ სიხშირით 1 ციმციმი/წმ. (დასაშვები ნაჩვენები სიხშირიდან გადახვევა ±10%). ქვ.1 და ქვ.2 ტიპის შუქნიშნებისათვის ასეთი რეჟიმი აუცილებელია. მძღოლებისა და ქვეითების ინფორმირებისთვის მწვანე სიგნალის ნათების დარჩენილი დროის შესახებ, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ციფრული ტაბლო.
4. ქვეითთა გადასასვლელებზე, რომლითაც რეგულარულად სარგებლობენ უსინათლოები ან მხედველობადაქვეითებული პირები, შუქნიშნის სიგნალიზაციასთან ერთად დამატებით გამოიყენებენ ქვეითების შუქნიშნის სიგნალთან ურთიერთრეჟიმში მომუშავე ხმოვან სიგალიზაციას.
5. მოძრაობის ინტენსივობის არანაკლებ 50%-ით შემცირებისას ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული პირობებისთვის პირველი და მე-3 ტიპის ნებისმიერი შესრულებით შუქნიშნებთან მე-2 და მე-9 ტიპის შუქნიშნები გადაყავთ ყვითელი სიგნალის მოციმციმე მუშაობის რეჟიმში მწვანე სიგნალისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტში ნაჩვენები სიხშირით.
6. მოძრაობის უსაფრთხოების პირობის უზრუნველყოფისთვის დასაშვებია ეს შუქნიშნები, დღე-ღამის განმავლობაში დარჩეს სამფერიან რეჟიმში.
7. მე-4 ტიპის ნებისმიერი შესრულებით და მე-8 ტიპის შუქნიშნების წითელი და მწვანე სიგნალების ჩართვის მონაცვლეობა, ხოლო მე-4 ტიპის ნებისმიერი შესრულებისთვის წითელი, მწვანე და ყვითელი სიგნალების ჩართვის თანმიმდევრობა ხორციელდება რეგულირების რეჟიმის შესაბამისად.
8. მე-5 ტიპის შუქნიშნის სიგნალების ჩართვის თანმიმდევრობა განისაზღვრება მოძრაობის ორგანიზაციის სქემით მე-6 ტიპის ნებისმიერი შესრულებით, მე-7 და მე-10 ტიპის შუქნიშნებმა უნდა უზრუნველყონ ორი სიგნალის მონაცვლეობით ჩართვა ან ერთი სიგნალის ციმციმი, მწვანე სიგნალისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტში ნაჩვენები სიხშირით.
9. ქვეითთა შუქნიშნების სიგნალების თანმიმდევრობა წითელი-მწვანე-წითელი და ა.შ. ამავე თანმიმდევრობით უნდა იყოს შუქნიშნის ობიექტის მუშა რეჟიმის შესაბამისი.
10. პირველი ტიპის (ტ.1 მარჯ., ტ.1 მარც., ტ.1 მარჯ.მარც.) შუქნიშნებით მოძრაობის რეგულირებისას დაუშვებელია სიგნალების რომელიმე კომბინაციის მუდმივი მოქმედება (მაგალითად, წითელი სიგნალი დამატებითი სექციის სიგნალთან ერთად).