„დანართი №1
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის
განხორციელების მეთოდიკა
მუხლი 1. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის
განხორციელების მეთოდიკის შექმნის საფუძველი და
მოქმედების სფერო
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების
მეთოდიკა (შემდგომში – ჩანაცვლებითი მკურნალობა) იქმნება „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4
პუნქტების საფუძველზე და არეგულირებს ჩანაცვლებით მკურნალობას
საქართველოში.
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება
წარმოადგენს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას და რეგულირდება „მაღალი
რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებითა
და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა და
მისი სახეები
1. ჩანაცვლებითი მკურნალობა არის ნარკოტიკული დამოკიდებულების
მკურნალობა ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების – ფარმაცევტული პროდუქტის
(შემდგომში – ფარმაცევტული პროდუქტი) გამოყენებით, რომელსაც გააჩნია
ჯვარედინი დამოკიდებულება და ჯვარედინი ტოლერანტობა იმ ნარკოტიკული
ნივთიერებების მიმართ, რომლის მიმართ განვითარებულია დამოკიდებულების
სინდრომი.
2. ოპიოიდური დამოკიდებულება წარმოადგენს სხვადასხვა ინტენსივობის
ფიზიოლოგიური, ქცევითი და კოგნიტური ფენომენის ერთობლიობას, რომელიც,
ობიექტურად ინდივიდის ინტერესის საწინააღმდეგოდ, ხასიათდება ოპიოიდის
მიღების მაღალი პრიორიტეტით, რაც ნარკომანიის ფორმირების ძირითად
კომპონენტად გვევლინება. ოპიოიდებზე დამოკიდებულება განისაზღვრება ამ
ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართში მითითებულ ერთ-ერთ რომელიმე
ნივთიერებაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე დამოკიდებულებად.
3. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის
ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამონათვალი განისაზღვრება №3 დანართის
შესაბამისად.
4. ჩანაცვლებითი მკურნალობის სახეებია:
ა) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე დეტოქსიკაცია –
ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის კლებითი დოზებით მკურნალობა
არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში;
ბ) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია –
ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი
ვადის განმავლობაში;
გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული
პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვემდე ვადით;
დ) ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა –
ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6
თვეზე მეტი ვადით;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაციონარული მკურნალობა ჩამანაცვლებელი
ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით.
მუხლი 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და
ამოცანები
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია:
ა) ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური
მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, საზოგადოებაში
რეინტეგრაცია;
ბ) აივ-ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტებისა და სისხლის გზით გადამდები სხვა
დაავადებების გავრცელების პრევენცია;
გ) ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის
გზით პაციენტებში რემისიის მდგომარეობის მიღწევა;
დ) ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინექციური გზით
მოხმარების შეწყვეტა/შემცირება, არალეგალური ნარკოტიკების/ფსიქოაქტიური
ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტა/შემცირება და მათი ფსიქოსომატური
მდგომარეობის გაუმჯობესება;
ე) ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართულ პირთა საზოგადოებრივი საშიშროების
რისკის შემცირება.
მუხლი 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების
უზრუნველყოფა
1. ჩანაცვლებითი მკურნალობის ფინანსირება ხორციელდება როგორც
სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი, საქველმოქმედო და კერძო რესურსებით.
მკურნალობის ანაზღაურების ოდენობა დგინდება მკურნალობის კონკრეტული
ფორმატის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია ჩანაცვლებითი მკურნალობის
მიმდინარეობის პერიოდში (სამუშაო საათებში), სამედიცინო პერსონალისა და
სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულება უზრუნველყოს
შესაბამისი დაცვით.
3. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების
ხელმძღვანელის მიერ იქმნება სამედიცინო - საკონსულტაციო კომისია (შემდგომში
– სსკ).
4. ჩანაცვლებითი მკურნალობის მართვის ეფექტური განხორციელებისათვის,
განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება
ჩანაცვლებითი მკურნალობის მართვის განხორციელების ზედამხედველობის საბჭო
(შემდგომში – ზედამხედველობის საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებით.
ზედამხედველობის საბჭო უფლებამოსილია ცალკეული საკითხების დამუშავების
პროცესში მოიწვიოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების
წარმომადგენლები.
მუხლი 5. ჩანაცვლებითი მკურნალობაში პაციენტთა ჩართვის
საფუძველი და კრიტერიუმები
1. ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტთა ჩართვის საფუძველია ოპიოიდებზე
დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზისა და მასთან
ერთად ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმთაგან არანაკლებ ერთ-ერთის
არსებობა.
2. კრიტერიუმები:
ა) არანაკლებ 21 წლის ასაკი;
ბ) ოპიოიდების ინექციური მოხმარება;
გ) აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება;
დ) ორსულობა;
ე) მიგრანტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გამომგზავრების
მომენტისთვის ჩართული იყო უცხოეთში ჩანაცვლებით მკურნალობაში (მათი
მომსახურებისა და ანაზღაურების ფორმა და წესი განისაზღვრება მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად);
ვ) სხვა, განსაკუთრებული სამედიცინო ან/და სოციალური ჩვენების
შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სამინისტროს ზედამხედველობის საბჭოს
თანხმობით;
ზ) პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული
პირი, გათავისუფლებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, რომელიც გათავისუფლების
მომენტისთვის ჩართული იყო ჩანაცვლებითი მკურნალობაში.
3. პაციენტი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ჩართული ჩანაცვლებითი
მკურნალობის განმახორციელებელ ორ ან მეტ დაწესებულებაში.
მუხლი 6. პაციენტთა ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვის
წესი
1. პაციენტის ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვა ხორციელდება სსკ-ის
გადაწყვეტილებით, თუკი პაციენტი აკმაყოფილებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.
2. ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტის ჩასართავად მოქალაქის
განცხადების საფუძველზე, სსკ განიხილავს მისი ჩართვის მიზანშეწონილობას და
იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
3. განცხადებას თან უნდა ახლდეს პაციენტის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა),
ხოლო ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, ,,ე“, „ვ“ და ,,ზ“
ქვეპუნქტების შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
4. მკურნალობაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის
ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.
5. ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტთა ჩართვა ხორციელდება შესაბამისი
პროგრამების მოცულობის ფარგლებში.
მუხლი 7. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება
1. პაციენტის მკურნალობა წარმოებს მისი ინდივიდუალური თავისებურებების
გათვალისწინებით, რომელსაც საზღვრავს მკურნალი ექიმი და აღნიშნულის თაობაზე
ინფორმაციას აწვდის პაციენტს.
2. ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის საწყისი დოზის განსაზღვრა
ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ და მტკიცდება სსკ-ს მიერ.
3. პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის მიღება
დაწესებულებაში ხორციელდება ყოველდღიურად, სამედიცინო პერსონალის და დაცვის
კონტროლის ქვეშ.
4. ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პაციენტის სხვა სტაციონარში
სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტი ან მისი წარმომადგენელი
მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელობას და აცნობებს, რომ იგი არის
ჩანაცვლებითი მკურნალობის მოსარგებლე. სამედიცინო დაწესებულების
ხელმძღვანელობა ვალდებულია არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის
სტაციონარში მოხვედრის შესახებ დაწესებულებას და მიაწოდოს მას ცნობა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ფორმა NIV-100/ა).
5. დაწესებულება ვალდებულია სტაციონარის შესაბამის განყოფილებას
გადასცეს სამკურნალო საშუალების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია
პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში. გადასაცემი სამკურნალო
საშუალების რაოდენობა ისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური დოზისა და მისი
სტაციონარში დაყოვნების საჭიროების მიხედვით. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის
მიერ პაციენტის სტაციონარულ სამედიცინო ბარათში უნდა დაფიქსირდეს
შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება სამკურნალო
საშუალების დასახელება, ფორმა და დანიშნული დოზა.
6. სტაციონარი ვალდებულია გააფორმოს მიმწოდებელთან სამკურნალო
საშუალების გადაცემა-მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, დადგენილი წესის
შესაბამისად.
7. სტაციონარის განყოფილება ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს
პაციენტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალება და კანონმდებლობით
დადგენილი წესით აწარმოოს მისი აღრიცხვა, შენახვა, სამედიცინო
დოკუმენტაციაში გაფორმება, გაცემა და საჭიროების შემთხვევაში
განადგურება.
8. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ
დაწესებულებაში გამოცხადების დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში,
გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პაციენტისთვის
განსაზღვრული დოზის, 1 დღის ულუფის გატანაზე უფლებამოსილია პაციენტის
მინდობილი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც მიმართავს სამედიცინო
დაწესებულებას და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელ მოწმობას;
გ) პაციენტის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტს და
მის ასლს ან ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას და მის ასლს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია ინახება
მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში (განყოფილებაში) 3 კალენდარული
წლის განმავლობაში, ამასთან, შესაბამისი დოკუმენტის რეკვიზიტები მიეთითება
პაციენტის სამედიცინო ბარათში.
10. პაციენტის ქვეყნის შიგნით გადაადგილების შემთხვევაში, პაციენტის
წერილობითი განცხადების საფუძველზე, ჩანაცვლებითი მკურნალობის მომსახურების
მიმწოდებელი დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელის მიერ გაიცემა
მიმართვა, რომელსაც პაციენტი წარადგენს მისი სავარაუდო ადგილსამყოფლის
ტერიტორიული ერთეულის ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ უახლოეს
დაწესებულებაში (განყოფილებაში).
11. ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ქვეყნის საზღვრებს გარეთ
გასვლის შემთხვევაში დასაშვებია მას ხელზე გადაეცეს ჩამანაცვლებელი
სამკურნალო საშუალება, რომლის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მკურნალობაში
ჩართულმა პაციენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ჩანაცვლებითი მკურნალობის
მიმწოდებელ დაწესებულებას და წარუდგინოს შეძენილი ბილეთის ასლი (თუ
ბენეფიციარი გადაადგილდება კერძო ავტომობილით, მიმწოდებელ დაწესებულებას
უნდა წარუდგინოს ავტომობილის ტექნიკური პასპორტისა და მფლობელის პირადობის
მოწმობის ასლი). აღნიშნულის საფუძველზე დაწესებულება გასცემს საზღვარგარეთ
გამგზავრების დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე
პაციენტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ჩამანაცვლებელი პრეპარატის
დასახელება, პრეპარატის დღიური დოზა და ხელზე გასაცემი პრეპარატის ჯამური
დოზა. დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, პაციენტი,
განცხადებასთან ერთად წარადგენს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, ჩამანაცვლებელი პრეპარატის
საზღვარგარეთ გატანის თანხმობის მოსაპოვებლად.
13. საქართველოში უკან დაბრუნებისას, პაციენტმა მომსახურების მიმწოდებელ
დაწესებულებას უნდა წარუდგინოს პასპორტი და პასპორტის ასლი, სადაც
დაფიქსირებული იქნება საზღვრის კვეთა (ასლი ინახება სამედიცინო
დაწესებულებაში 3 წლის განმავლობაში). წინააღმდეგ შემთხვევაში, პაციენტი
გარიცხული იქნება მკურნალობიდან.
14. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური
აფეთქება) ღონისძიებების დროს პირებისათვის, რომლებიც გადიან
საიზოლაციო/საკარანტინო ღონისძიებებს დაწესებულებაში, მათ შორის ბინაზე,
რის გამოც ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით მოკლებულნი არიან
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებში ყოველდღიურად
გამოცხადების შესაძლებლობას:
ა) კუთვნილი ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების სტანდარტული ულუფის,
არაუმეტეს 5 დღის ოდენობის, მიწოდება ხორციელდება დაწესებულების
(განყოფილების) თანამშრომლის, პაციენტის მინდობილი პირის ან კანონიერი
წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადების და
იზოლაციაში/კარანტინში ყოფნის დამადასტურებელი ცნობის, შესაბამისი
მინდობილობის/წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის
საფუძველზე);
ბ) ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვა ხორციელდება ნარკოლოგის დასკვნის
საფუძველზე ან სსკ-ის გადაწყვეტილებით.
მუხლი 8. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებებისა
და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების კონტროლი
1. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, პერიოდულად (არანაკლებ
თვეში ერთხელ) ტარდება თითოეული პაციენტის ბიოლოგიური მასალის მოულოდნელი
გადამოწმება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების
შემცველობაზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. პაციენტის სხვა სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში
მისთვის ანალიზის ჩატარების (არანაკლებ სამ თვეში ერთხელ) სიხშირე და
მიზანშეწონილობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
მუხლი 9. ჩანაცვლებითი მკურნალობის კურსის
დასრულება
ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება მკურნალი
ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. მკურნალი ექიმის
გადაწყვეტილებით, პაციენტს შესაძლოა გაუფორმდეს ერთთვიანი შესვენება
გამოცდის სახით. დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელობა ვალდებულია
უზრუნველყოს ამ პერიოდის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, სსკ-ს
გადაწყვეტილების საფუძველზე პაციენტის შეუფერხებელი შემობრუნება
მკურნალობაში.
მუხლი 10. ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის
შეწყვეტა
1. ჩანაცვლებითი მკურნალობის არაგეგმური შეწყვეტა შესაძლებელია
გამოწვეული იყოს პაციენტის მოთხოვნით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან
მკურნალობიდან გარიცხვით.
2. მკურნალობიდან გარიცხვის კრიტერიუმებია:
ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის
დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტები;
ბ) დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა;
გ) სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტული მოქცევა;
დ) თვეში 5 არასაპატიო გაცდენა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევების პირველ შემთხვევაში პაციენტს
ეძლევა წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი შედეგის შესახებ მკურნალი
ექიმის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სსკ განიხილავს
პაციენტის მკურნალობიდან გარიცხვის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი
მკურნალობიდან გარიცხვის ან/და მკურნალობის გაგრძელების შესახებ.
4. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (პერსონალის ან სხვა
პაციენტთა მიმართ უხეში მოქცევა, ჩამანაცვლებელი პრეპარატის
დაწესებულებიდან გატანის მცდელობა, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული
დადგენილი წესის დარღვევა) პაციენტი შესაძლოა გარიცხულ იქნეს მკურნალობიდან
პირველივე დარღვევის შემდგომ, სსკ-ს გადაწყვეტილებით.
5. სსკ-ის მიერ პაციენტის მკურნალობიდან გარიცხვის გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში, მას ეძლევა უფლება ჩაიტაროს მოკლევადიანი (არაუმეტეს
30 დღიანი) დეტოქსიკაციის კურსი. აღნიშნული უფლების გამოყენებისას პაციენტი
მკურნალობიდან გარიცხულად ითვლება დეტოქსიკაციის კურსის
დასრულებისთანავე.
მუხლი 11. ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული
პროდუქტის მიღების, შენახვის აღრიცხვის, გაცემისა და
განადგურების წესები
ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ფარმაცევტული
პროდუქტის მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და განადგურება წარმოებს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
„დანართი №3
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის
ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის ნებადართულ
ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს:
ა) მეთადონის ჰიდროქლორიდი (methadone hydrochloride);
ბ) კომბინირებული პრეპარატი – ბუპრენორფინი, ნალოქსონი (comb.
dru-Buprenorphine,Naloxone).“.