შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“
მიღების თარიღი 17.12.2022
ძალაში შესვლა 18.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №GEO-AZ-HU-ROU-17-22-2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016769
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2024
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ილჰამ ალიევი პრეზიდენტი | საქართველოს მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“
ცვლილების ოქმი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „პარიზის შეთანხმება“
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“
შეთანხმება
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“
აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“) ,
მიუთითებენ რა მათ შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე და ადასტურებენ ურთიერთგაგების, დიალოგის, ნდობის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას საერთაშორისო ურთიერთობებში,
პატივს სცემენ რა ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობას,
გამოხატავენ რა თავიანთ განზრახვებს, რომ გააძლიერონ გრძელვადიანი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და ხელი შეუწყონ მათ ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ახალი მიმართულებით ურთიერთობების გაფართოების გზით ერთობლივი სარგებლის მისაღებად,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ახალი ინიციატივების მზარდ მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგომომარაგებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას იმ რეგიონებში, რომლებსაც ეს ქვეყნები მიეკუთვნებიან,
ხაზგასმით აღნიშნავენ რა ენერგეტიკის საკითხების სტრატეგიულ პრიორიტეტს ოთხმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, მწვანე ენერგეტიკის პროექტების განხორციელება წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას ენერგომომარაგებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
გამოხატავენ სურვილს, რომ გააგრძელონ ძალისხმევა გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.50C-მდე შეზღუდვისაკენ სათბურის გაზების გამონაბოლქვების შემცირებით, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში 2015 წელს პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნების გათვალისწინებით,
ესწრაფვიან რა, რომ 2030 წლისთვის მიაღწიონ სათბურის გაზების ემისიების სწრაფ, მნიშვნელოვან და მდგრად შემცირებას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული კონტრიბუციების რეგულარულად განახლების გზით, გამოხატავენ თავიანთ განზრახვას, ითანამშრომლონ დაბალი ემისიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიებში ამ შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) მიზნების მისაღწევად და უზრუნველყონ მისი სრული განხორციელება,
ესწრაფვიან რა, განავითარონ თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის, რათა გააღრმავონ არსებული განახლებადი ენერგიის პოტენციალის გამოყენება და განავითარონ მწვანე ელექტროენერგიით ვაჭრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოსა და ევროპას შორის,
ითვალისწინებენ რა, საქართველოსა და რუმინეთის ერთობლივ ინიციატივას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შემუშავებასა და განხორცილებაზე და ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც დაიწყო 2022 წლის 11 აპრილს და ინიცირებულია საქართველოს მიერ, რომელსაც შემდგომ შემოუერთდა რუმინეთი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა,
ითვალისწინებენ რა, ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს შეერთების ოქმს, რომელსაც ხელი მოეწერა 2016 წლის 14 ოქტომბერს და საქართველო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა 2017 წლის 1 ივლისს,
ითვალისწინებენ რა, 2022 წლის 18 ივლისს ხელმოწერილ „ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ევროკავშირსა, წარმოდგენილი ევროკომისიის სახით და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის“,
ერთობლივი სარგებლის მიღების მიზნით, მათი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, უნდა გაატარონ აუცილებელი ღონისძიებები განახლებადი და სუფთა ენერგიის გამომუშავების, გადაცემისა და რეალიზაციის, მწვანე წყალბადის, ელექტროენერგიის ტრანზიტული გადაცემისა და მიწოდების, ენერგოეფექტურობისა და დეკარბონიზაციის სფეროებში, გააფართოვონ თანამშრომლობა ამ მიმართულებებით, აგრეთვე, მხარი დაუჭირონ ენერგეტიკის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას,
წინამდებარით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობის საფუძვლებსა და პრინციპებს მწვანე ენერგეტიკის სფეროში:
მუხლი 1🔗
თანამშრომლობის სფეროები
1. წინამდებარე შეთანხმების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში, სამართლებრივი თანასწორობისა და ერთობლივი ინტერესების საფუძველზე:
- თანამშრომლობის გაძლიერება მწვანე და სუფთა ენერგიის, ენერგოეფექტურობის, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ხელშეწყობაში;
- თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემასა და მიწოდებაში;
- მწვანე წყალბადის წარმოების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პროექტების იდენტიფიცირების, გამოცდილების გაცვლისა და სამეცნიერო-ტექნიკური კვლევითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
- ტექნიკური და კომერციული პირობების, ადმინისტრაციული წესებისა და სხვა ორგანიზაციული მოთხოვნების განსაზღვრა მხარეთა შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და შეუფერხებელი გადაცემის უზრუნველსაყოფად.
2. წინამდებარე შეთანხმება, მოიცავს რა მხოლოდ ოთხმხრივი თანამშრომლობის სფეროებს, არ ახდენს გავლენას მხარეთა შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებებსა და საქმიანობებზე.
მუხლი 2🔗
განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა და წყალბადი
1. ხაზგასმით მიუთითებენ რა მწვანე და სუფთა ენერგიის მნიშვნელობაზე გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად, მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთთანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და მწვანე წყალბადის სფეროებში, ენერგეტიკული სისტემების უსაფრთხოებისა და მიწოდებების სტაბილურობის გაზრდის მიზნით.
2. მხარეები ერთობლივად ითანამშრომლებენ აზერბაიჯანისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გადაცემასა და მიწოდებაში ევროპის მიმართულებით.
3. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ენერგოეფექტურობისა და კონსერვაციის სერვისების განვითარებაში.
4. მხარეები განსაზღვრავენ განახლებადი ენერგიისა და მწვანე წყალბადის წარმოების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესაძლებლობებს.
5. მხარეები წაახალისებენ თავიანთ სახელმწიფო უწყებებსა და ინვესტორებს, რათა ერთობლივად იმუშაონ ამ სფეროებში არსებული პროექტების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით.
მუხლი 3🔗
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
1. მხარეები ხელს შეუწყობენ არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გადასაცემად რუმინეთსა და უნგრეთში საქართველოს გავლით და ამ ქვეყნების გავლით ევროპის სხვა ქვეყნებში.
2. მხარეები გამოხატავენ ინტერესს, ერთობლივად შეისწავლონ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირებასთან, მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხები.
3. მხარეები მოიძიებენ საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობებს მწვანე წყალბადის გადასაცემად.
მუხლი 4🔗
მმართველი კომიტეტი და სამუშაო ჯგუფი
1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები ქმნიან მმართველ კომიტეტს. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს ერთობლივი თანხმობით.
2. მმართველი კომიტეტის სხდომები იმართება, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. კომიტეტს შეუძლია, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა თითოეული მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით. მმართველი კომიტეტის სხდომები ტარდება თითოეულ მონაწილე ქვეყანაში, როტაციის წესით. სხდომას თავმჯდომარეობს მასპინძელი ქვეყანა. სხდომის დღის წესრიგს წარადგენს მასპინძელი მხარე სხდომის თარიღამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე. სხდომის შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ ოთხივე მხარის დელეგაციის ხელმძღვანელები.
3. მხარეები ქმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელშიც შევლენ მათი კომპეტენტური ორგანოებისა და შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლები.
4. სამუშაო ჯგუფი მოამზადებს და მმართველ კომიტეტს წარუდგენს დასამტკიცებლად თანამშრომლობის წლიურ გეგმებს საკითხებზე, რომლებიც ეხება საქმიანობების განსაზღვრას, ორგანიზებასა და განხორციელებას შესაბამის სფეროებში.
მუხლი 5🔗
კონფიდენციალური ინფორმაცია
1. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება კონფიდენციალური ინფორმაციის ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობიდან გამომდინარე ინფორმაციის გასაჯაროება, მხარეებმა უნდა მიიღონ ამ შეთანხმების დანარჩენი მხარეების წერილობითი თანხმობა.
2. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის მიუხედავად, მხარეები გააგრძელებენ წინამდებარე მუხლის პირობებისა და ვალდებულებების შესრულებას, თუკი მხარეები ამ შეთანხმებისგან განსხვავებულ პირობებზე არ შეთანხმდებიან წერილობითი ფორმით.
მუხლი 6🔗
სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მათ გავლენა აქვთ მხარეთა შორის არსებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე და არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა სახელმწიფოების ინტერესების, უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
მუხლი 7🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების გამოყენების ან ინტერპრეტაციის შედეგად მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 8🔗
ცვლილებები
წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მხარეთა ერთობლივი წერილობითი თანხმობით. ასეთი ცვლილებები წარმოდგენილ იქნება ცალკეული დოკუმენტების სახით, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან ამ შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
დეპოზიტარი
წინამდებარე შეთანხმების და მე-8 მუხლის შესაბამისად შეტანილი ცვლილებების დეპოზიტარს წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკა. დეპოზიტარი უზრუნველყოფს ამ შეთანხმების დამოწმებული ასლების გადაცემას ამ შეთანხმების მონაწილე ყველა მხარისათვის.
მუხლი 10🔗
ძალაში შესვლა, გასვლა და შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება გაფორმდა განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ოცდამეათე დღეს იმ თარიღიდან, როდესაც დეპოზიტარი სხვა მხარეებს აცნობებს ყველა მხარის იმ შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებიც ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის მოითხოვება.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია, გავიდეს ამ შეთანხმებიდან, და წერილობით აცნობოს დეპოზიტარს თავისი ამ განზრახვის შესახებ. ამ შემთხვევაში, შეთანხმების მოქმედება შეწყდება ექვსი თვის ამოწურვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც შეწყვეტის მომთხოვნი მხარე მიიღებს ზემოაღნიშნულ შეტყობინებას დეპოზიტარისგან. დეპოზიტარი ვალდებულია, სხვა მხარეებს აცნობოს რომელიმე მხარის განზრახვა ამ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.
3. მხარეებს შეუძლიათ, შეწყვიტონ შეთანხმება მათი საერთო წერილობითი თანხმობით. ამ შემთხვევაში, შეთანხმების მოქმედება შეწყდება ექვსი თვის ამოწურვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც დეპოზიტარი მხარეთა ბოლო შეტყობინებას მიიღებს ამ შეთანხმების შეწყვეტისათვის საჭირო შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.
4. წინამდებარე შეთანხმებიდან გასვლა და მისი შეწყვეტა არ ახდენს გავლენას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიმდინარე პროგრამების და/ან პროექტების განხორციელებაზე, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან წერილობითი ფორმით.
წინამდებარე შეთანხმება ხელმოწერილი იქნა ბუქარესტში, 17 დეკემბერს, 2022 წელს, თითო ეგზემპლარად აზერბაიჯანულ, ქართულ, რუმინულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების ინტერპრეტაციისას შეუსაბამობების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მის ინგლისურენოვან ტექსტს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ილჰამ ალიევი
პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობის სახელით
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი
რუმინეთის მთავრობის სახელით
ნიკოლაი ჩიუკა
პრემიერ-მინისტრი
უნგრეთის მთავრობის სახელით
ვიქტორ ორბანი
პრემიერ-მინისტრი