„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №95
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 462) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.
2. მე-3 მუხლის „ჰ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების თითოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:
„დ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის კანდიდატურას.“.
4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ვ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ზ“ და „ვ.თ“ ქვეპუნქტები:
„ვ.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით;
ვ.თ) სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
6. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მინისტრი უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანო – სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს სისტემის სხვა თანამდებობის პირები და თანამშრომლები. სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა წარმომადგენლები, მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით;“.
7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.
11. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
13. 23-ე მუხლის „ვ“–„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილი საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაერთი ბალანსის შედგენა;“.
14. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე მუხლი:
„მუხლი 41. შიდა აუდიტის დეპარტამენტი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება;
გ) დაწესებულების სისტემის ორგანოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ვ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
თ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ი) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-7, მე-10, მე-11 და მე-15 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-7, მე-10, მე-11 და მე-15 პუნქტები ამოქმედდეს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 35-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური