📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.1999
ძალის დაკარგვა 14.03.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №346
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27(34), 09/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,534 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.1999 მიღება
14.03.2000 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №346 1999 წლის 31 მაისი  ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №530 ბრძანებულება. საქართველოს პრეზიდენტი                                                              ე. შევარდნაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთანუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 6. სამინსიტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი 380046, რუსთაველის გამზირი 30. მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) სამართლებრივი რეფორმის კოორდინაცია და იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა; ბ) ევროპულ სამართალთან საქართველოს სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაცია; გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროსაბჭოს ორგანოებთან თანამშრომლობისას სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; ე) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების ექსპერტიზა; ვ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია; ზ) სასამართლო აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; თ) მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხები; ი) კანონმდებლობის საფუძველზე ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირება; კ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაციის საკითხები; ლ) სამართლებრივი ინფორმატიკისა და იურიდიული განათლების საკითხები; მ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფა; ნ) სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება; ო) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები; პ) ერთიანი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; ჟ) კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანები. მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) სამართალშემოქმედების მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება; გ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში მომზადებული ნორმატიული აქტების ექსპერტიზა; დ) იურიდიული ტერმინების დადგენა; ე) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კოდიფიკაცია; ვ) ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება; ზ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; თ) ნორმატიული აქტების ოფიციალური კრებულების გამოცემის ორგანიზაცია; ი) სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების მოთხოვნით ცნობების გაცემა ნორმატიული აქტის მოქმედების თაობაზე; კ) სამართლებრივი პოლიტიკის ძირითადი საფუძვლების შემუშავება; ლ) ევროპული სამართლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების კოორდინაცია; მ) ევროსაბჭოს აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაცია; ნ) ევროპული სამართლის მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის შემოწმება და სათანადო და დასკვნების წარდგენა; ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის გაწეული უცხოური სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზაცია; პ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით გათვალიწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; ჟ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება და დადება, მათი შესრულების ორგანიზაცია; რ) სასამართლო აქტების აღსრულების ორგანიზაციის განხორციელება; ს) საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების ცნობა და აღსრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულად გადაცემისა და ექსტრადაციის საკითხების გადაწყვეტა; ტ) სააღსრულებო სამსახურების მართვა; უ) საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე შესაბამისი მასალების მომზადება; ფ) იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, იმიგრაციის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა; ქ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების (სპეციალიზებული განყოფილებების) მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გაფორმება (ლეგალიზაცია); ღ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა; ყ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და ფონდების სახელმწიფო რეგისტრაცია და რეესტრის შედგენა, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით; შ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე სამხედრო დანიშნულებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების, იარაღის ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტისა და იმპორტის, აგრეთვე იარაღით ვაჭრობის ლიცენზიების გაცემა; ჩ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირება და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება-სრულყოფა; ც) კანონით ან კანონის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 4🔗. სამინისტროს იურისდიქცია სამინისტროს იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება: ა) ნოტარიატის სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზაცია, ნოტარიუსებისა და სანოტარო პალატის საქმიანობის ზედამხედველობა; ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საერთო და მეთოდიკური ხელმძღვანელობა, რეგისტრაციის სამსახურების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა; გ) სასამართლოებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების რეესტრის შედგენა და გამოქვეყნება; დ) სამართლებრივი აქტების თარგმანებისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება; ე) უცხოელი ადვოკატების განცხადებების განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების თაობაზე; ვ) ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლების, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია; ი) სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების ოპერატიული მართვა; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, სამეცნიერო და მეთოდიკური მუშაობის განხორციელება; ლ) საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა“ და სამართლებრივი ხასიათის ბეჭდვითი მასალების ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფა. მუხლი 5🔗. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები 1. სამინისტროს შემადგენლობაშია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) საქართველოსა და თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები; ბ) საქართველოს კანონთა წიგნის მომზადებისა და გამოცემის რედაქცია. 3. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველო იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი; ბ) საქართველოს სააღსრულებო სამსახური; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა; დ) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. 4. სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოებია: ა) ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურები; ბ) რაიონებისა და ქალაქების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილებები. 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მინისტრის ბიურო; ბ) სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტი; გ) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი; დ) ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის დეპარტამენტი; ე) კანონმდებლობის დეპარტამენტი; ვ) მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა და იმიგრაციის დეპარტამენტი; ზ) კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტი; თ) საქმეთა მმართველობისა და საფინანსო დეპარტამენტი; ი) აღსრულების განყოფილება; კ) სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება; ლ) სახელმწიფო ნებართვათა განყოფილება; ნ) ნოტარიატის განყოფილება. მუხლი 6🔗. მინისტრი 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. მინისტრი: ა) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; გ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ვ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას; თ) იღებს გადაწყვეტილებას იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ; ი) იღებს გადაწყვეტილებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის ნებართვის გაცემის ან უარის თქმის შესახებ; კ) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის ორგანოების მოხელეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს; მ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად; ნ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას; ო) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; პ) კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ადგენს სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; ჟ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; ს) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება; ტ) აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; უ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; ქ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს; ღ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ყ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ; შ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჩ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ც) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს; ძ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. მინისტრის მოადგილეები 1. მინისტრის ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. მუხლი 8🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები; ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფროსები და მათი მოადგილეები; გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფროსები და მათი მოადგილეები. 2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 9🔗. სამინისტროს მოხელეები 1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან: ა) მინისტრის მრჩევლები; ბ) სამინისტროს მრჩევლები. 2. მინისტრის მრჩევლები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ. მინისტრის მრჩეველი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით. 3. სამინისტროს მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით. 4. სამინისტროს მრჩევლის მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 10🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფს არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სექტორები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის არსებობა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. 5. დეპარტამენტი შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, რომელთაც ხელმძღვანელობს უფროსი. განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 11🔗. მინისტრის ბიურო მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანაა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მაკონტროლებელი და მაკოორდინირებელი ფუნქციების განხორციელება, მინისტრის სახელზე შემოსული მასალებისა და დოკუმენტების დახარისხება და კორექტირება, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება, მინისტრის მოხსენებების მომზადება, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო და სამართლებრივი მომსახურების გაწევა, მინისტრის მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება. მუხლი 12🔗. სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტი სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა, ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირებისათვის მომზადება. მუხლი 13🔗. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადების, დადებისა და შესრულების ორგანიზება, ქართული სამართლის ჰარმონიზაცია ევროპულ სამართალთან, სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო შეთანხმებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება. მუხლი 14🔗. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის დეპარტამენტი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი, მათი მოხელეების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება. მუხლი 15🔗. კანონმდებლობის დეპარტამენტი კანონმდებლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის საკონტროლო მდგომარებაში არსებობის, სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა. მუხლი 16🔗. მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა და იმიგრაციის დეპარტამენტი მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა და იმიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ცალკეულ დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეთა მოქალაქეობიდან გასვლის ან მათ მიერ მოქალაქეობის დაკარგვის, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა, ორგანიზება და კოორდინაცია. მუხლი 17🔗. კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტი კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, მათი შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა და წარმოება, ყოველწლიური შვებულებების, მოსამსახურეთა საპენსიო საბუთების გაფორმება, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, წინადადებათა შემუშავება იურიდიული განათლების სისტემის სრულყოფის თაობაზე. მუხლი 18🔗. საქმეთა მმართველობისა და საფინანსო დეპარტამენტი საქმეთა მმართველობისა და საფინანსო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა, სამინისტროს მუშაობისა და საქმისწარმოების ორგანიზაცია, სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საფინანსო საქმიანობის კონტროლი. მუხლი 19🔗. აღსრულების განყოფილება აღსრულების განყოფილების ძირითადი ამოცანაა სააღსრულებო სამსხურთან ურთიერთობის კოორდინაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა გადაცემის, ექსტრადაციის საკითხების მომზადება. მუხლი 20🔗. სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების ძირითადი ამოცანაა პოლიტიკური გაერთიანებებისა და ფონდების რეგისტრაცია, სამინისტროში რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი. მუხლი 21🔗. სახელმწიფო ნებართვათა განყოფილება სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიების აღრიცხვა. მუხლი 22🔗. ნოტარიატის განყოფილება ნოტარიატის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ნოტარიატისა და ნოტარიუსების სამსახურების ორგანიზაცია, სამართალშემოქმედების ნოტარიატის საკითხებზე, ნოტარიულად დამოწმებული საზღვარგარეთ წარსადგენი საბუთების ლეგალიზაცია. მუხლი 23🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – კომისია) სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 2. კომისიას შეიძლება მიეცეს გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს. 3. კომისია იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და კომისიის საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 4. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. კომისიის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 5. თუ კომისიის თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანოყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს კომისიის მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 6. კომისიის საქმიანობასა და კომისიის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 7. კომისია უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს აუცილებელი დოკუმენტები. 8. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ კომისიის შექმნისას სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. 9. კომისიის მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს. მუხლი 24🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელის აბრებზე. 4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.