„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“
მიღების თარიღი 31.07.2024
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016521
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.07.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის (პროგრამული კოდით 06 02 12) პროგრამის განხორციელების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) განხორციელების შესახებ თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2024 წლის 31 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ წესი თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პროგრამის ბიზნესიდეის ფორმა თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ბიზნესგანაცხადის ფორმა თანახმად №3 დანართისა.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ბიზნესგეგმის შეფასების ფორმა №4 დანართისა.
მუხლი 5🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივლისის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/07/2022წю, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016474).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების წესი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამის (ორგ. კოდი 07.01.03) განხორციელების ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზნები
პროგრამის მიზნებს წარმოადგენს:
ა) სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული პირების (მათ შორისб სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები) მხარდაჭერა;
ბ) იმ პირების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ;
გ) ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
დ) დასაქმების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗.
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) თანასწორობა;
გ) საჯაროობა;
დ) მიუკერძოებლობა;
ე) კოლეგიურობა;
ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
მუხლი 4🔗.
პროგრამის პარტნიორი
1. პროგრამის პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი:
ა) ვისგანაც მუნიციპალიტეტს გააჩნია გრანტის მიღების უფლება;
ბ) რომელიც არაფინანსურად მხარს უჭერს პროგრამის განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო
1. პროგრამის „საკოორდინაციო სამდივნო“ (შემდგომში – სამდივნო), წარმოადგენს ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება მერის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის კოორდინაციის, კონკურსის ორგანიზების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.
2. ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ შემადგენლობაში სავალდებულოდ და თანამდებობრივად შედიან:
ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელ(ებ)ი;
ბ) საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის წარმომადგენელ(ებ)ი;
გ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელ(ებ)ი;
დ) მერის მოადგილე;
ე) მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენელ(ებ)ი;
ვ) მერიის ადმინისტრაციის სამსახურების წარმომადგენელ(ებ)ი;
ზ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელ(ებ)ი.
3. მერი უზრუნველყოფს ,,საკოორდინაციო სამდივნოში“, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო /ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას, მათი მიმართვის საფუძველზე.
4. ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ საქმიანობას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს მერის მოადგილე.
5. ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ საქმიანობის წესი, შემადგენლობა და წევრთა შემადგენლობის ცვლილება მტკიცდება მერის ბრძანებით, პროგრამის ბენეფიციარების, სამიზნე მუნიციპალიტეტ(ებ)ისა და შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის ცვლილების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
პროგრამის საკონკურსო კომისია
1. პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, იქმნება ,,საკონკურსო კომისია“ (შემდგომში – კომისია).
2. ,,საკონკურსო კომისიის“ შემადგენლობას ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ წარდგინებით წელიწადში ერთხელ ამტკიცებს მერი.
3. ,,საკონკურსო კომისიის“ შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) მერის მოადგილე;
ბ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
გ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის და ეკონომიკური განვითარების სამსახურების წარმომადგენელ(ებ)ი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელ(ებ)ი;
ე) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)ი;
ვ) სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ(ებ)ი.
მუხლი 7🔗.
პროგრამაში მონაწილეობის პირობები და პროგრამის ბენეფიციარი
1. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილეობას იღებს ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:
ა) 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან მეწარმე იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე;
გ) მეწარმე იურიდიულ პირი.
2. ბიზნეს იდეის წარდგენა ასევე შეუძლია ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში - ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური პირი, ინდივიდუალური ან მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნეს იდეების გადარჩევის ეტაპს ან/და გამარჯვებული პროექტის ავტორია.
4. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს:
ა) საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი (,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
დ) გამარჯვებული ბენეფიციარი ან/და მისი ოჯახის წევრი, 3-ჯერ ზედიზედ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
მუხლი 8🔗.
პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 07. 01. 03) და პარტნიორი ორგანიზაციიდან მოზიდული სახსრები, რომელიც უნდა შეადგენდეს პროგრამის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 50 %-ს.
2. პროგრამის დაფინანსების მიზნით პარტნიორი ორგანიზაციებისგან მოზიდული ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. მერი უფლებამოსილია პროგრამის განხორციელების წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს ან მოამზადოს საბიუჯეტო ცვლილების პროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში, სადაც გათვალისწინებული იქნება ხარჯები, პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და პროგრამის საგანმანათლებლო აქტივობების დასაფინანსებლად.
მუხლი 9🔗.
პროგრამის განხორციელების ეტაპები
1. პროგრამა მოიცავს განხორციელების შემდეგ ეტაპებს:
ა) ბიზნეს იდეების კონკურსის გამოცხადება;
ბ) ბიზნეს იდეების მიღება და გადარჩევა;
გ) ბენეფიციარების გადამზადება;
დ) ბიზნეს გეგმების წარდგენა და შეფასება;
ე) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება;
ვ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსება;
ზ) გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი.
მუხლი 10🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. ბიზნეს იდეების კონკურსს „საკოორდინაციო სამდივნოს“ წარდგინებით აცხადებს მერი, წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში.
2. ბიზნეს იდეების წარმოსადგენად საჭირო ფორმა მტკიცდება ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
ბიზნეს იდეების მიღება
1. ბიზნეს იდეები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით (მუნიციპალიტეტის ელ. ფოსტის მისამართი - meriaozurgeti2018@gmail.com), და მას ენიჭება სპეციალური ნომერი.
2. „,საკოორდინაციო სამდივნოს“ თავმჯდომარის დავალებით, „საკოორდინაციო სამდივნოს“ ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული ან/და ელექტრონული ვერსიით შემოსული განაცხადები და შემოსული განაცხადის ფორმის არასწორად/არასრულად შევსების ან კონკურსის პირობებთან შეუსაბამო სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კონკურსანტებს აღმოუჩინოს შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კვირისა.
მუხლი 12🔗.
ბიზნეს იდეების გადარჩევა
1. ბიზნეს იდეების გადარჩევას უზრუნველყოფს პროგრამის ,,საკოორდინაციო სამდივნო“ კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კვირის ვადაში.
2. ბიზნეს იდეების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) ბიზნესიდეის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 (თვრამეტი) წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);
ბ) ბიზნესიდეის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირის წარმომადგენელია. მეწარმე იურიდიული პირის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100,000 (ასიათასი) ლარს;
გ) ბიზნესიდეის ავტორი ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირია, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) ბიზნესიდეა მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული ან აგროტურისტული მიმართულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან;
ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარს;
ვ) იდეის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის, მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირს;
ზ) იდეის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნეს იდეის ფორმა.
მუხლი 13🔗.
პროგრამის სასწავლო კომპონენტი
1. პროგრამის სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვეკომპონენტებს: ბიზნესგეგმის შედგენის, საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმების, ფინანსების, მარკეტინგის შესახებ, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის თემებს და სხვა რელევანტურ საკითხებს.
2. მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს სასწავლო მოდულის განხორციელებას ბენეფიციარებისთვის ბიზნესიდეების გადარჩევის დასრულებიდან 3 (სამი) კვირის ვადაში.
3. სასწავლო კურსის წარმატებით გავლა დასტურდება სერტიფიკატით. სერტიფიცირებულ ბენეფიციარებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს გეგმების წარდგენის ეტაპზე.
მუხლი 14🔗.
ბიზნეს გეგმების წარდგენა
1. სასწავლო პროგრამის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კვირის ვადაში, ბენეფიციარები სამდივნოს წარუდგენენ ბიზნეს გეგმებს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. ბიზნეს გეგმები მიიღება მუნიციპალიტეტის კანცელარიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით და მას ენიჭება ინდივიდუალური ნომერი.
3. „საკოორდინაციო სამდივნოს“ თავმჯდომარის დავალებით, ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული ბიზნეს გეგმები და მოამზადოს ,,საკონკურსო კომისიისათვის“ გადასაცემად.
მუხლი 15🔗.
ბიზნეს გეგმების შეფასება
1. ბიზნესგეგმების შეფასებას უზრუნველყოფს პროგრამის „საკონკურსო კომისია“.
2. ბიზნესგეგმების შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:
ა) ფორმალური შეფასება;
ბ) გასაუბრება.
3. გასაუბრებამდე ან გასაუბრების შემდგომი ეტაპი შესაძლებელია მოიცავდეს ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობას.
4. შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 (ასი) ქულას, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) ფორმალური შეფასება – მაქსიმალური ქულა – 30 (ოცდაათი);
ბ) გასაუბრება – მაქსიმალური ქულა – 50 (ორმოცდაათი);
გ) დამწყები ინდივიდუალური მეწარმე ან მეწარმე იურიდიული პირი – 2 (ორი) ქულა (ენიჭება ავტომატურად);
დ) სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი – 2 (ორი) ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ე) ქალი განმცხადებელი – 4 (ოთხი) ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ვ) მრავალშვილიანი მშობელი (ოთხი და მეტი - 18 წლამდე შვილი) – 4 (ოთხი) ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ზ) შშმ პირი განმცხადებელი – 4 ( ოთხი) ქულა (ენიჭება ავტომატურად);
თ) დაბრუნებული მიგრანტი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა უწყვეტად ერთ წელზე მეტი ვადით და სამშობლოში დაბრუნებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში – 4 (ოთხი) ქულა (ენიჭება ავტომატურად);
5. ბიზნეს გეგმების შეფასების ფორმა მტკიცდება ,,საკონკურსო კომისიის" წარდინებით დანართი №3-ის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 16🔗.
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება
1. გამარჯვებული პროექტების შესახებ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებს და მერს წარუდგენს, ,,საკონკურსო კომისია“, შეფასების პროცესის დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობა უდრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა (არ იანგარიშება სასწავლო და საინფორმაციო მხარდაჭერის კომპონენტებისთვის გამოყოფილი თანხა) გაყოფილი 15,000-ზე (თხუთმეტიათასი).
3. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის სულ მცირე ნახევარი განაწილდება სარეიტინგო სიაში საუკეთესო შედეგების მქონე ქალ განმცხადებლებზე.
4. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა ვერ სრულდება, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ნახევარი ნაწილდება სარეიტინგო სიაში მყოფ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებზე, დარჩენილი რაოდენობა კი ივსება სარეიტინგო სიაში მყოფი ქალი კანდიდატებით, მათი შედეგების რიგითობის გათვალისწინებით, რომელიც მინიმუმ უნდა შეადგენდეს მაქსიმალური შეფასების 50 % - პროცენტს.
5. ,,საკონკურსო კომისიის“ ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესების გათვალისწინებით.
6. გამარჯვებული პროექტის ავტორ ფიზიკურ პირს, გამარჯვებულად გამოცხადების მომენტიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღეში, წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან მეწარმე იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება.
მუხლი 17🔗.
ხელშეკრულების გაფორმების ეტაპამდე წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. ბიზნესის განხორციელების ადგილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი (განახლებული მიმდინარე წლის მდგომარეობით) საჯარო რეესტრიდან ან/და ბიზნესის განხორციელების ადგილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დროებით სარგებლობის ფორმით მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება, (იჯარის ხელშეკრულება და სხვა სახის დროებითი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრება არანაკლებ 5 (ხუთი) წლით.
2. გადასახადის გადამხდელ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. თანამონაწილეობის თანხის შემთხვევაში, ცნობა/ამონაწერი კომერციული ბანკიდან გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ;
4. ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს გრანტის თანხის ჩარიცხვა;
5. ცნობა, კომერციული ბანკიდან, იმის თაობაზე, რომ მეწარმე სუბიექტს აღნიშნულ კომერციულ ბანკში არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება;
6. ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან;
7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დეტალური საფუძვლ(ებ)ის შესახებ;
8. ბენეფიციარის მიერ, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიზნესის განხორციელების ადგილზე, განხორციელებისათვის საჭირო სანებართვო დოკუმენტაციები შესაბამისი სამსახურებიდან (საჭიროების შემთხვევაში).
9. კომისიის მიერ მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული სხვა საჭირო წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
მუხლი 18🔗.
პროექტების დაფინანსების წესი
1. პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორსა და მუნიციპალიტეტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს და ითვალისწინებს გამარჯვებული ბენეფიციარის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნულ ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი ან მერის პირველი მოადგილე.
ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან პროექტის დასრულების ვადა შეადგენს არაუმეტეს 1 (ერთ) წელს.
ბ) მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 15,000 (თხუთმეტიათასი) ლარს.
2. ,,საკონკურსო კომისიის" გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.
ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის თანხის/ბიუჯეტის კორექტირების შეთავაზების შეთანხმების შემთხვევაში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კორექტირებული ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის კანცელარიაში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (მუნიციპალიტეტის ელ. ფოსტის მისამართი - meriaozurgeti2018@gmail.com).
ბ) თანადაფინანსების თანხის არსებობის შემთხვევაში, (პირველ რიგში იხარჯება თანამონაწილეობის თანხა) ბენეფიციარმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების ხარჯვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
3. გამარჯვებული პროექტის დაფინანსებისათვის გადაცემული თანხის ხარჯვის სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს გრანტის თანხის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში. აუთვისებელი თანხა რჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ა) მეორადი ნივთის შეძენის შემთხვევაში ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია, კერძოდ: ხელშეკრულება/მიღება ჩაბარება და ასევე ნივთის საგარანტიო არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით. (ნივთი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში).
მუხლი 19🔗.
გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი
1. მონიტორინგს ახორციელებს „საკოორდინაციო სამდივნოს“ წევრები (არანაკლებ სამი), რომლებიც ბიზნეს გეგმის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ჩარიცხვიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადაში, ბენეფიციართა საქმიანობის ეფექტიანობისა და გრანტით განსაზღვრული თანხის მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგს ახორციელებს არანაკლებ 2-ჯერ.
2. მონიტორინგის ფორმა მტკიცდება მერის ბრძანებით.
მუხლი 20🔗.
პროგრამის შეფასება
1. პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით „საკოორდინაციო სამდივნო“ შეიმუშავებს და ამტკიცებს პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ (დასაქმებულთა ოდენობა, წლიური შემოსავლის ზრდა), ისე თვისობრივ მაჩვენებლებს.
2. პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარმოუდგენს ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ თავმჯდომარე ან/და ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ წევრი, პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. საკრებულო ცნობად იღებს და აფასებს პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს.
მუხლი 21🔗.
პროგრამის საინფორმაციო კამპანია
1. კონკურსის გამოცხადებამდე 2 (ორი) კვირით ადრე „საკოორდინაციო სამდივნო“ შეიმუშავებს და მერი ამტკიცებს პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და კომუნიკაციის გეგმას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, განსახორციელებელი აქტივობების, მხარდამჭერი ორგანიზაციების, საკონტაქტო პირების, ვადებისა და შესრულების ინდიკატორების შესახებ.
მუხლი 22🔗.
პროგრამის განხორციელების გამჭვირვალობის სტანდარტები
1. ,,საკოორდინაციო სამდივნოს“ თავმჯდომარე ვალდებულია პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე უზრუნველყოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი.
2. პროგრამის ფარგლებში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) პროგრამის განხორციელების წესი;
ბ) შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამა;
გ) პროგრამის შეფასების ანგარიში.
3. ინფორმაცია პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს იმგვარი ფორმით, რომ მისი გამოქვეყნების დროს დაცული იყოს ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოება.