სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.024672
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“
დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №277
2024 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“
დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვროს ჯამში არაუმეტეს 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ განხორციელების მიზნით, 2024 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჭირო დაფინანსების მოძიება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში შესაბამისი ასიგნება გაითვალისწინოს შესაბამისი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სახელმწიფო პროგრამის − „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ერთიანი აგროპროექტის“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 31 05) ფარგლებში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაევალოს, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, მისცეს უფლება ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს, პროგრამაში ჩართულ კომერციულ ბანკებში გახსნას ან/და გამოიყენოს არსებული საბანკო ანგარიშ(ებ)ი.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პოტენციური ბენეფიციარი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს დაფინანსების შეთანხმება;
ბ) პროგრამის ბენეფიციარი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელშიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების შეთანხმება;
გ) კომერციული ბანკი – პროექტში მონაწილე საქართველოში რეგისტრირებული ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც ჩაერთვება პროგრამის განხორციელებაში;
დ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
ე) დაფინანსების შეთანხმება – სააგენტოს, კომერციულ ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
ვ) პროექტი – პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი პოტენციური ბენეფიციარის სესხის დამტკიცების განაცხადით გათვალისწინებული ბიზნესსაქმიანობა, რომლის დაფინანსებისთვისაც გაიცემა ფულადი სახსრები პროგრამის პირობების შესაბამისად;
ზ) სასათბურე მეურნეობა – კონსტრუქციული ნაგებობა, გარდა ხის კონსტრუქციით მოწყობილი ნაგებობისა, რომელიც გადახურულია გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე მასალით და განკუთვნილია ბოსტნეული კულტურების საწარმოებლად წელიწადის სხვადასხვა პერიოდში, ასევე მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა;
თ) დაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროექტის ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;
ი) საქონელი – ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები;
კ) მომსახურება – ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობისთვის გასაწევი მომსახურება;
ლ) საბრუნავი საშუალება – სასათბურე მეურნეობისთვის სარგავი/სათესლე მასალა და მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდები, აგროქიმიკატები და სხვა დამხმარე საშუალებები.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗. პროგრამის პირობები და დაფინანსება
1. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად (მათ შორის, საბრუნავი საშუალებებისთვის).
2. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და მისაბმელის შეძენა.
3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ მისაღები სესხების ჯამური თანხის არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას, ამასთანავე, სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
4. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხ(ებ)ის ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს და არაუმეტეს 1 000 000 ლარისა.
5. სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა, ამასთანავე, სააგენტოს დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში.
6. სააგენტო ბენეფიციარის სესხის პროცენტის დაფინანსების თანხას განათავსებს სესხის გამცემ კომერციულ ბანკებში ამ მიზნისთვის გახსნილ სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება სესხის პროცენტის დაფინანსება დადგენილი გადახდის გრაფიკისა და პროგრამის პირობების შესაბამისად. ასევე, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი პროგრამის პირობების შესაბამისად სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვასა და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულებას დაადასტურებს, იგი დამატებით მიიღებს პროცენტის დაფინანსების შემდგომ დარჩენილ სააგენტოს დაფინანსების თანხას, სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არაუმეტეს 30%-ისა, რომლის განკარგვაც ბენეფიციარს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ.
7. დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი მოხმარდეს ბენეფიციარის სხვა სესხების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას.
8. დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე გავრცელდეს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ პირობები; „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პირობები ან/და „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით გათვალისწინებული „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემით გათვალისწინებული პირობები“.
9. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
მუხლი 6🔗. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან იჯარით მიღებული უძრავი ქონება (იჯარის დარჩენილი პერიოდი პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რომელზეც განხორციელდება სესხის თანხის ინვესტირება.
2. კომერციული ბანკის მიერ სესხის გაცემა დასაშვებია როგორც ფიქსირებულ, ასევე ცვლად (მცურავ) საპროცენტო განაკვეთში, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული არაუმეტეს 5% სესხის დამტკიცების თარიღში.
3. ბენეფიციარისთვის განკუთვნილი მთლიანი დაფინანსების თანხიდან სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში განხორციელდება პროექტის ფარგლებში აღებული სესხის არაუმეტეს პირველი 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსება.
მუხლი 7🔗. განაცხადის მიღების, დაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა
1. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების სასესხო განაცხადების მიღება განხორციელდება სააგენტოს პარტნიორ კომერციულ ბანკებში.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, დაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
მუხლი 8🔗. პროგრამის მონიტორინგი
1. ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების, სესხის თანხით შექმნილი აქტივების საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობისა და მასთან გაფორმებული დაფინანსების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად უნდა წარადგინოს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მომზადებული დასკვნა.
2. კომერციულმა ბანკმა დაფინანსების თანხის მიზნობრივად და პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების დასადასტურებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირების მომზადებული დასკვნა.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს ბენეფიციარების საველე ან/და დოკუმენტური მონიტორინგი.