ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ო.ჯ. და ჯ.ო. საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ო.ჯ. და ჯ.ო. საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეორე სექციის გადაწყვეტილება
საქმე „ო.ჯ. და ჯ.ო. საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
(საჩივრები №№ 42126/15 და 42127/15)
სტრასბურგი
2023 წლის 19 დეკემბერი
გადაწყვეტილება
მუხ. 1 • რუსეთისა და საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთზე • რუსეთის მიერ განხორციელებული ეფექტური კონტროლი, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ძლიერი ყოფნისა და აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოების რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულების გამო • რუსეთის პასუხისმგებლობა აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოების ქმედებებზე დაპატიმრებულ მომჩივნებთან დაკავშირებით • საქართველოს პოზიტიური ვალდებულებები აფხაზეთთან დაკავშირებით, მისი ტერიტორიის ნაწილის მიმართ, რომელზეც მაშინ მას კონტროლი არ ჰქონდა • საქართველოს არ აქვს პასუხისმგებლობა მოქმედებებზე, რადგან დააკმაყოფილა პოზიტიური ვალდებულებები
მუხ. 5 § 1 (a) და (c) • უკანონო დაკავება და დაპატიმრება • გამოყენებულ იქნა დასკვნები, რომლებიც მიღწეულ იქნა საქმეში Mamasakhlisi and Others v. Georgia and Russia • მოქმედი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა და აფხაზეთის სამართლებრივი და სასამართლო სისტემის შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროების ნაკლებობა • ვარაუდისთვის საფუძვლის არარსებობა, რომ რეგიონში არსებობს სისტემა, რომელიც ასახავს სასამართლო ტრადიციას, რომელიც შეესაბამება კონვენციას
მუხ. 6 § 1 (სისხლის სამართლის) და 6 § 3 (c) • გამოყენებულ იქნა დასკვნები, რომლებიც მიღწეულ იქნა საქმეში Mamasakhlisi and Others v. Georgia and Russia • კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის არარსებობა • აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოები ვერ კვალიფიცირდნენ „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოდ“ • დაცვის ორგანიზებისა და ადვოკატის დახმარების ეფექტურად გამოყენების რეალური შესაძლებლობის არარსებობა სასამართლო საქმისწარმოების განმავლობაში • აფხაზეთში სამართლებრივ და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება საქართველოს არ შეიძლება მიეწეროს
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ო.ჯ. და ჯ.ო. საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეორე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
არნფინ ბორდსენი, თავმჯდომარე,იოვან ილიევსკი,ეგიდიჯუს კურის,ლადო ჭანტურია,საადეტ იუკსელი,ლორეინ შემბრი ორლანდი,დიანა სარკუ, მოსამართლეები,და ჰასან ბაკირჯი, სექციის განმწესრიგებელი,გაითვალისწინა რა:
საჩივრები (№№ 42126/15 და 42127/15) საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ, წარდგენილი სასამართლოში 2015 წლის 21 აგვისტოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ორი მოქალაქის, ბ-ნ ო.ჯ.-სა (შემდგომში „პირველი მომჩივანი“) და ბ-ნ ჯ.ო.-ის (შემდგომში „მეორე მომჩივანი“; ერთად – „მომჩივნები“) მიერ, რომლებიც დაიბადნენ 1977 და, შესაბამისად, 1964 წელს;
გადაწყვეტილება, მომჩივნების სახელების არგამჟღავნების შესახებ;
გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას, რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი, ბ-ნი ბ. ძამაშვილი, აგრეთვე, რუსეთის მთავრობას, რომელსაც წარმოადგენდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბ-ნი გ. მატიუშკინი, ბ-ნი მ. გალპერინი და ბ-ნი მ. ვინოგრადოვი, საჩივრების შესახებ მხარეთა დაკვირვებები;
გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის პრეტენზიის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ საჩივრების განხილვის შესახებ;
2023 წლის 28 ნოემბრის დახურული თათბირის შემდეგ გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1. საჩივრები ეხება მომჩივნების პრეტენზიებს ცუდად მოპყრობის შესახებ მათი დაკავებისა და შემდგომი უკანონო პატიმრობის დროს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველო (შემდგომში „აფხაზეთი“) და, რომ მათ არ მიუღიათ სამართლიანი განხილვა აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მიერ (შემდგომში „დე ფაქტო უზენაესი სასამართლო“), რომელმაც მათ პატიმრობა მიუსაჯა „ჯაშუშობის ჩადენით აფხაზეთის კონსტიტუციური წესწყობილებისთვის საფრთხის შექმნის გამო“. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტერმინი „აფხაზეთი“ ეხება რეგიონს საქართველოში, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობის დე ფაქტო კონტროლს მიღმაა. საჩივრები ასევე ეხევა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობას მათ პრეტენზიებთან დაკავშირებით.
2. 2022 წლის 16 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის საბჭოს დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად დაწყებული პროცედურის კონტექსტში მიიღო რეზოლუცია CM/Res(2022)2, რომლითაც რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტიდან.
3. 2022 წლის 22 მარტს სასამართლომ პლენარულ სხდომაზე, სასამართლოს რეგლამენტის მე-20 § 1 წესის შესაბამისად, მიიღო „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ევროპის საბჭოში წევრობის შეწყვეტის შედეგების შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის გათვალისწინებით“. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს, იყოს კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარე 2022 წლის 16 სექტემბერს.
4. 2022 წლის 5 სექტემბერს პლენარულმა სასამართლომ ფორმალურად ცნობად მიიღო ფაქტი, რომ მოსამართლის სამსახური, რუსულ ფედერაციასთან მიმართებით, შეწყვეტდა არსებობას 2022 წლის 16 სექტემბრის შემდეგ. შედეგად, ამან განაპირობა ის, რომ აღარ არსებობდა საგანგებო მოსამართლეთა მოქმედი სია, რომლებსაც შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ იმ საქმეების განხილვაში, რომლებშიც მოპასუხე სახელმწიფო რუსეთის ფედერაცია იყო.
5. 2022 წლის 8 ნოემბრის წერილით რუსეთის მთავრობას აცნობეს, მათ შორის, რომ სასამართლოს განზრახული ჰქონდა, დაენიშნა სასამართლოს ერთ-ერთი მოქმედი მოსამართლე საგანგებო მოსამართლედ, რათა განეხილა საჩივრები იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის წინააღმდეგაც საქმის განხილვაში კომპეტენტური იყო (ანალოგიით გამოიყენება წესი 29 § 2). რუსეთის მთავრობა მიწვეული იყო ამ შეთანხმების შესახებ კომენტარის გასაკეთებლად 2022 წლის 22 ნოემბრამდე, მაგრამ კომენტარი არ წარმოუდგენია.
6. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში პალატის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, დაენიშნა საგანგებო მოსამართლე შემადგენლობის წევრებიდან, ანალოგიით გამოიყენა რა წესი 29 § 2 (b).
ფაქტები
მომჩივანთა დაპატიმრება და სასჯელის მისჯა
7. მომჩივნებს წარმოადგენდა ბ-ნი დ. ხაჩიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში.
8. მომჩივნების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე საქმის ფაქტები შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს.
9. საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ვერ მოიპოვა ინფორმაცია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის სადავოდ არ ხდის მომჩივანთა ბრალდებებს. რუსეთის მთავრობას სადავო არ გაუხდია მომჩივანთა მიერ აღწერილი ფაქტები, მაგრამ განაცხადა, რომ რუსი აგენტების ჩართულობის არანაირი მტკიცებულება გასაჩივრებულ ღონისძიებებში წარმოდგენილი არ ყოფილა.
10. ორივე მომჩივანი დაკავებული იქნა 2012 წლის 15 მარტს მეორე მომჩივნის სახლში, თაგილონში, სოფელი გალის რეგიონში, აფხაზეთში, აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ძალების გუნდის (შემდგომში „დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური“) მიერ, რომელმაც სახლში ჩხრეკის შემდეგ იპოვა ორი ხელის ყუმბარა და მონადირის დანა.
11. მომჩივნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოება დაიწყო ჯაშუშობის ბრალდებით და შემდგომ დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 16 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი ორივე დამნაშავედ ცნო (იხ. პარაგრაფი 1ზემოთ) და პირველ მომჩივანს მიუსაჯა 11 წლითა და 6 თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორე მომჩივანს – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. კონკრეტულად, დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის დასაწყისში მომჩივნებმა, მოქმედებდნენ რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მითითებებით (შემდგომში „სდდ“), სამსახურში მიიღეს დ.კ. – სამხედრო რუსული სასაზღვრო ძალების სამხედრო ნაწილიდან, რომელიც ბაზირებული იყო სოფელ თაგილონში – როგორც სდდ-ის ინფორმატორი, ხოლო თავად მსახურობდნენ, როგორც საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისათვის ინფორმაციის გადაცემის შუამავლები.
12. მომჩივანთა თანახმად, მათ ცუდად ეპყრობოდა დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური მათი დაკავების დროს, აგრეთვე, დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც, გამოკითხვებისას სდდ-სთან და რუს ზემოხსენებულ ინფორმატორთან მათი კავშირის შესახებ. სავარაუდოდ, ორივე მომჩივანს სცემეს, როცა ისინი ხელბორკილებით იყვნენ მიბმული სკამებზე, აგრეთვე, მათ მიმართ გამოიყენეს უოთერბორდინგის მეთოდი. გარდა ამისა, პირველ მომჩივანს მოურყიეს კბილები – მაგრამ არ ამოუღეს – სტომატოლოგიური გაზის გამოყენებით, გაუპატიურებით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ ამის ვიდეომასალა გამოქვეყნდებოდა ინტერნეტში. მეორე მომჩივანს კი თოკი ჰქონდა კისერზე შემოხვეული სტრანგულაციის სიმულაციით.
13. 2012 წლის 19 მარტს მომჩივნებს დაუნიშნეს ადვოკატები, ვინც მათ ურჩია, ეღიარებინათ დანაშაული, რათა შეეწყვიტათ მათი ცემა. შესაბამისად, ორივე მომჩივანმა განაცხადა, რომ კავშირი ჰქონდა სდდ-სთან (იხ. პარაგრაფი 11ზემოთ). 2012 წლის 23 მარტს ორივე მომჩივანს წაუყენებს ბრალი ჯაშუშობისთვის (იხ. პარაგრაფი 1ზემოთ), ხოლო მეორე მომჩივანს დამატებით საბრძოლო მასალისა და ცივი იარაღის უკანონო ფლობისთვის.
14. მომჩივანთა თანახმად, მათი „აღიარების“ შემდეგაც კი არ შემცირებულა ცემის სიხშირე, მათ ისევ ცუდად ეპყრობოდნენ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურისთვის მომუშავე რუსი სამხედრო პერსონალის მიერ გამოკითხვების დროს კვირაში ორჯერ.
15. მომჩივნებმა თავიანთი პატიმრობის პირველი ექვსი თვე გაატარეს დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის შენობა-ნაგებობებში, სოხუმში, ხოლო მომდევნო სამი თვე – აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში, სოხუმში. შემდეგ ისინი გადაიყვანეს დრანდის ციხეში, სადაც ადგილი ჰქონდა მათ სასამართლო პროცესს.
16. ირკვევა, რომ დროის რაღაც პერიოდში დ.კ. (იხ. პარაგრაფი 11ზემოთ) დააკავეს და ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსეთში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს მან სავარაუდოდ აღიარა, რომ ის მსახურობდა როგორც სდდ-ის ინფორმატორი და ბრალი დასდო მომჩივნებს.
17. მომჩივნების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მათ უთხრეს დე ფაქტო უზენაეს სასამართლოს, რომ მათი აღიარება მიღებული იქნა წამების გზით, დე ფაქტო უზენაესი სასამართლო დაეყრდნო ამ განცხადებებს, როგორც მათი მსჯავრის დასადებად გამოყენებულ მტკიცებულებას.
18. პრინციპში, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო ათი დღის განმავლობაში, როგორც მითითებული იყო დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში; თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრება უსარგებლო იქნებოდა, მომჩივნებმა ეს არ გააკეთეს.
19. მომჩივანთა თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს შეატყობინეს მათი დაპატიმრებისა და მათ მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ მათი დაკავების პირველივე დღეებიდან.
20. მომჩივანთა ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს, რომლებმაც არაერთხელ დაარწმუნეს ისინი სიტყვიერად, რომ ყველა ზომა იყო მიღებული მომჩივნების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, 2015 წლის 6 თებერვალს მომჩივანთა ნათესავებმა წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (შემდგომში „სახელმწიფო მინისტრი“). ეს ინფორმაცია შემდგომში გადაეცა მთავარ პროკურორს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სდდ-ს.
21. 2015 წლის 20 თებერვალს პირველი მომჩივნის მეუღლემ მიიღო პასუხი სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, რომელიც მას ატყობინებდა, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები მომჩივნებთან დაკავშირებით და, რომ მას შეატყობინებდნენ ნებისმიერი განვითარების შესახებ. მოგვიანებით, 2015 წელს, პირველი მომჩივნის დამ წერილი მისწერა სახელმწიფო მინისტრს. 2015 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მას უპასუხა და აცნობა, რომ არსებობდა „პოზიტიური ნიშნები“ მომჩივნებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ის, რომ ოჯახს შემდგომი განვითარების შესახებ შეატყობინებდნენ, როცა ამის დრო დადგება.
22. ორივე მომჩივანი გაათავისუფლეს 2016 წლის 10 მარტს, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ჩარევის შედეგად, კერძოდ, იმ მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც მათ დაიწყეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებთან 2015 წლის მაისში (იხ. პარაგრაფი 36ქვემოთ).
ურთიერთობები მოპასუხე სახელმწიფოებსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებს შორის
ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებს შორის
მომჩივნების არგუმენტები
23. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ძალების მეშვეობით 1993 წლიდან.
საქართველოს მთავრობის არგუმენტები
24. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდათ რუსეთის მხრიდან იმდენი მუდმივი და გადამწყვეტი მხარდაჭერა, რომ ისინი გადარჩნენ და აგრძელებენ არსებობას მხოლოდ რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის წყალობით. კერძოდ, აფხაზეთი შეისრუტა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, სოციალურმა და ჰუმანიტარულმა სექტორებმა. უფრო კონკრეტულად, ეს გამოიხატა მოქალაქეობის შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონის გამოყენებაში; რუსეთის პირდაპირ ჩართულობაში აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციაში, მათ შორის, საკვანძო პოზიციებზე დე ფაქტო თავდაცვის, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებში; რუსეთის სამხედრო აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ; რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაში; რუსეთის მიერ აფხაზეთთან დადებულ შეთანხმებებში, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით; რუსეთის მიერ აფხაზეთის მუდმივ ოკუპაციაში; რუსეთის კონტროლში, საქართველოს ფარგლებში სხვადასხვა ტერიტორიულ „საზღვრებზე“; რუსეთის ჯარებისა და სამხედრო ბაზების დიდ რაოდენობაში; აფხაზეთის ადმინისტრაციის ფინანსურ მხარდაჭერაში რუსეთის მიერ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციებში, მათ შორის, გაზსადენში.
რუსეთის მთავრობის არგუმენტები
25. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში სამშვიდობო ოპერაციებში, 2008 წლის 22 აგვისტომდე გაიყვანეს საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან უსაფრთხოების ზონებში აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) საზღვრებთან. მათ რუსეთში ჯარების დაგეგმილი გაყვანა დაასრულეს 2008 წლის 1 სექტემბრისთვის. 2008 წლის 9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელები ასევე გაიყვანეს უსაფრთხოების ზემოაღნიშნული ზონებიდან, ხოლო წინამდებარე საქმის მოვლენები, სავარაუდოდ, 2012 წელს მოხდა.
26. რუსეთის მთავრობამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივნები დააკავეს „აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა, რომლებიც იყვნენ იმ „სახელმწიფო ორგანოს“ წარმომადგენლები, რომელიც არ იყო რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში. გარდა ამისა, მომჩივნები ჰყავდათ სოხუმში, აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის შენობა-ნაგებობებში, რომელიც იყო ადგილი, რომელიც „არ ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის კომპეტენციას“.
ურთიერთობები საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებს შორის
მომჩივნების არგუმენტები
27. ამ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნებს კონკრეტული წარდგინებები არ გაუკეთებიათ. მათ უფრო ზოგადად აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1993 წლიდან ვერ ახორციელებდა კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია დათქმა ამ ტერიტორიაზე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მთავრობის არგუმენტები
28. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობას კონკრეტული წარდგინებები არ გაუკეთებია.
საქართველოს მთავრობის არგუმენტები
კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ზომები აფხაზეთში
29. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის მოსაგვარებლად და აფხაზეთში ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.
30. 1992 წლიდან საქართველო ატყობინებს საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ და მოითხოვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ კონტექსტში, მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებდა ტერიტორიის ოკუპაციის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა (მეტი ინფორმაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესახებ იხილეთ საქმე Georgia v. Russia (II) [GC], no. 38263/08, § 153, 2021 წლის 21 იანვარი) და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხების გადასაჭრელად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებასა და ნდობის გამყარების ზომებს.
31. მათ ასევე განაცხადეს, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები (შემდგომში „ჟსდ“)[1] იყო ერთადერთი ფორუმი საქართველოსა და რუსეთს შორის აზრთა გასაცვლელად, რომელიც მიზნად ისახავდა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შედეგების მოგვარებას, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ჟსდ-ში საქართველოს წარმომადგენლები მუდმივად აყენებდნენ აფხაზეთში ადამიანის უფლებების ვითარების საკითხს, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, გატაცებებთან, უკანონო დაპატიმრებებთან და ადამიანების მიერ მათ ქონებაზე წვდომის არქონასთან დაკავშირებით, რომლებზეც მათ წვდომა არ ჰქონდათ და გამოხატავდნენ სინანულს, რომ ეს ტერიტორია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხელმიუწვდომელი რჩება. წინამდებარე საჩივრებში განსახილველი პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, 2012 წლიდან 2015 წლამდე, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა დაარეგისტრირა აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის 996 საქმე, რომლებიც მოიცავდა, მაგრამ არა მხოლოდ, ადამიანის გატაცებებს, თვითნებურ დაპატიმრებებს, ცუდ მოპყრობას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
32. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რომელმაც დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) არაღიარების პოლიტიკა. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის ღონისძიებები გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ამზადებდა კვარტალურ ანგარიშებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ამ ანგარიშებში განსაზღვრული იყო პრობლემები და ისინი სისტემატურად მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო, სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეგრძელებინათ რუსეთის ფედერაციისთვის მოწოდება, აეღო პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეეწყვიტა მავთულხლართების და სხვა დაბრკოლებების დაყენება (და აეღო უკვე არსებული დაბრკოლებები) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. სახელმწიფო მინისტრის აპარატი სისტემატურად აგროვებდა და ამუშავებდა მასალებს აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და ამზადებდა შესაბამის ანგარიშებს ჟსდ-ისთვის, აკვირდებოდა აფხაზეთის არჩევნებსა და ყოველდღიურ აფხაზურ მედიას და თანამშრომლობდა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
33. საქართველოს მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ საქართველო ასევე ცდილობს, შექმნას ხელსაყრელი გარემო შერიგების გრძელვადიანი პროცესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გაყოფილ მოსახლეობებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობას, რომლებიც დააცალკევა საოკუპაციო ხაზებმა და აფხაზთა რეინტეგრაციას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზეთში ახორციელებდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, ამ ტერიტორიების ბინადრებს შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებით, მათი საჭიროებების შესაბამისად. საქართველო აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე აგზავნიდა ვაქცინებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებსა და სამედიცინო ინვენტარს.
34. საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ასევე ძალისხმევას არ იშურებდნენ იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე მათი შთამომავლობის, აფხაზეთში უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
35. საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ 2012-2016 წლებში მიზნად ისახავდა დაძაბულობის დეესკალაციასა და რეალური დიალოგისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ამან გამოიწვია რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ნაწილობრივი აღდგენა, ამას ხელი არ შეუწყვია პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისთვის.
საქართველოს მიერ გატარებული ინდივიდუალური ღონისძიებები მომჩივანთა უფლებების უზრუნველსაყოფად, კონვენციის შესაბამისად
36. საქართველოს მთავრობამ მიუთითა, რომ 2016 წლის 10 მარტს მომჩივნები გაათავისუფლეს უკანონო პატიმრობიდან საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ხანგრძლივი, რთული და ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, რომელიც ათი თვე გრძელდებოდა. საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა მომჩივნებს გათავისუფლების შემდეგ აღმოუჩინეს ფსიქოლოგიური, სოციალური, ფინანსური და იურიდიული დახმარება.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა
37. მხარეებს არ მოუწოდებიათ რაიმე შესაბამისი ინფორმაცია.
კანონმდებლობა
წინასწარი მოსმენა
38. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა კონვენციაში მონაწილეობა 2022 წლის 16 სექტემბერს (იხ. პარაგრაფი 2ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ მას აქვს იურისდიქცია, განიხილოს მომჩივანთა საჩივრები იმდენად, რამდენადაც ისინი დაკავშირებულია მომხდარ ფაქტებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ თარიღამდე (იხ. საქმე Fedotova and Others v. Russia [GC], nos. 40792/10 და 2 სხვა, §§ 68-73, 2023 წლის 17 იანვარი; და საქმეUkraine and the Netherlands v. Russia (dec.) [GC], nos. 8019/16 და 2 სხვა, 2023 წლის 25 იანვარი).
საჩივრების გაერთიანება
39. საჩივრების მსგავსი შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განიხილოს ისინი ერთობლივად ერთ გადაწყვეტილებაში (წესი 42, § 1)
მისაღებობის საკითხები
მხარეთა არგუმენტები
რუსეთის მთავრობა
40. რუსეთის მთავრობამ წამოაყენა რამდენიმე პრეტენზია საჩივრების მისაღებობასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მათ განაცხადეს, რომ მომჩივნებმა სათანადოდ არ მიმართეს სასამართლოს, რადგან მათ უფლება მისცეს თავიანთ წარმომადგენელს, ემოქმედა მათი სახელით არა თავად საჩივრის ფორმაში, არამედ უფლებამოსილების ცალკე ფორმაში, ხოლო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი საჩივარი ხელმოწერილია მათი წარმომადგენლის მიერ და არა თავად მომჩივნების მიერ. გარდა ამისა, მომჩივნების ხელმოწერები თავიანთ პასპორტებზე განსხვავდებოდა მათი ხელმოწერებისგან უფლებამოსილების ფორმებზე, რაც აჩენდა ეჭვს იმის თაობაზე, მართლაც მისცეს თუ არა მომჩივნებმა უფლება თავიანთ კანონიერ წარმომადგენელს, ემოქმედა მათი სახელით სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებაში.
41. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მომჩივნებმა არ დაიცვეს ექვსთვიანი ვადის წესი, რადგან მათ ვერ დაასაბუთეს სასამართლოსთვის მიმართვის დაგვიანება, რომელიც შეადგენდა დაახლოებით ოთხ წელს და გამოითვლებოდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომის დროიდან. რუსეთის მთავრობამ პირდაპირ მიუთითა კონვენციის ზოგად მოქმედ პრინციპზე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების არარსებობის შესახებ (იხ. პარაგრაფი 47ქვემოთ), მაგრამ კონკრეტულად არ განუცხადებია, რომ არ არსებობდა მომჩივნებისთვის არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები.
42. დაბოლოს, რუსეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ საჩივრები შეუთავსებელია კონვენციასთან ratione loci. მათი არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება იხილოთ პარაგრაფში 26ზემოთ.
საქართველოს მთავრობა
43. მისაღებობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას წარდგინება არ გაუკეთებია.
მომჩივნები
44. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ ხელი მოაწერეს უფლებამოსილების ფორმებს 2015 წელს, როდესაც ისინი აფხაზეთში პატიმრობაში იმყოფებოდნენ. თუმცა, მათი პასპორტები 2009 და 1994 წლებში გაიცა. ხელმოწერების განსხვავება აიხსნება იმ ხანგრძლივი პერიოდით, რომელიც გავიდა პასპორტების მიღებასა და უფლებამოსილების ფორმების ხელმოწერას შორის. მათ დაადასტურეს, რომ მათ უფლებამოსილება მისცეს თავიანთ წარმომადგენელს, ემოქმედა მათი სახელით სასამართლოში სამართალწარმოებისას. მათ დამატებითი დაკონკრეტების გარეშე დასძინეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მათსა და მათ ნათესავებს ან ადვოკატებს შორის შეხვედრები ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის ნებაზე იყო დამოკიდებული. დაბოლოს, მათ განაცხადეს, რომ რუსეთი 1993 წლიდან ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და, რომ რუსი ოფიცრები უშუალოდ მონაწილეობდნენ მათ მიმართ ცუდად მოპყრობაში დაკითხვის დროს.
სასამართლოს შეფასება
მომჩივანთა ხელმოწერები სასამართლოში წარდგენილ მათ საჩივრებში არსებულ დოკუმენტებზე
45. სასამართლო აღიარებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საჩივრების წარდგენის დროს მომჩივნები დაპატიმრებული იყვნენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების მიერ, მათ კანონიერად მისცეს უფლებამოსილება თავიანთ წარმომადგენელს, ემოქმედა მათი სახელით სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებაში. კერძოდ, ვინაიდან მათთვის ოჯახის წევრებისა და თავიანთი ადვოკატის ხელმისაწვდომობა დამოკიდებული იყო დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების ნებაზე, როგორც ისინი თავად ამტკიცებდნენ და არ აპროტესტებდა არცერთი მოპასუხე მთავრობა, სასამართლო ეთანხმება, რომ მომჩივნებმა მისცეს რა უფლებამოსილება თავიანთ წარმომადგენელს ცალკე უფლებამოსილების ფორმით და არა საჩივრის ფორმაში, არ ბადებს კითხვებს სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მიერ წამოყენებული საკითხი არ წარმოადგენს დაუშვებლობის ერთ-ერთ საფუძველს, რომელიც კონვენციის 35-ე მუხლშია ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ეს წინასწარი პრეტენზია არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივრის უარყოფა არ შეიძლება სასამართლოს საპროცესო წესების დაუცველობის გამო (იხ. საქმე Tokel v. Turkey, no. 23662/08, §§ 45‑48, 2021 წლის 9 თებერვალი, შემდგომი მითითებებით).
46. გარდა ამისა, სასამართლო მზადაა, მიიღოს, რომ მომჩივნების პასპორტებსა და უფლებამოსილების ფორმებზე ხელმოწერებს შორის განსხვავება შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც ისინი აცხადებენ, მათი პასპორტების გაცემასა და უფლებამოსილების ფორმების ხელმოწერას შორის გასული ხანგრძლივი პერიოდით.
ექვსთვიანი ვადის წესთან შესაბამისობა
47. პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ საჩივრები შეტანილი იქნა მოვლენების დროს, ექვსთვიანი ვადის წესის მიღმა, რომელიც გამოიყენება კონვენციის შესაბამისად, სასამართლო იმეორებს შემდეგს. სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობის შემთხვევაში, მომჩივნების მიერ სასამართლოში საჩივრის შეტანის ვადა იწყება იმ ქმედების ან გადაწყვეტილების თარიღიდან, რომელიც, სავარაუდოდ, არ შეესაბამება კონვენციას და, გარდა ამისა, ის არ უნდა გამოიყენებოდეს „განგრძობად სიტუაციებში“ (იხ., სხვა წყაროებს შორის, Georgia v. Russia (I) (dec.), no. 13255/07, § 47, 2009 წლის 30 ივნისი). არცერთ მოპასუხე მთავრობას არ განუცხადებია, რომ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება მომჩივანთა პრეტენზიებთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ, ვინაიდან არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები მომჩივანთა პრეტენზიებთან მიმართებით, მათთვის აუცილებელი იყო, მიემართათ სასამართლოსთვის ექვსი თვის განმავლობაში იმ დროიდან, როცა ადგილი ჰქონდა სადავო ქმედებებს.
48. იმის გათვალისწინებით, რომ პრეტენზიები ყოველთვის ხასიათდება სავარაუდო ფაქტებით (იხ. საქმე Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 და 22768/12, § 115, 2018 წლის 20 მარტი), სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნები, პირველ რიგში, ჩიოდნენ ცუდი მოპყრობის შესახებ მათი დაკავების და შემდგომში დაკითხვის დროს (იხ. პარაგრაფები 12და 14ზემოთ). თუმცა, ისინი პირდაპირ არ ჩიოდნენ და საქმის მასალებიდან შეუძლებელია, დავასკვნათ, რომ მათ მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობა გაგრძელდა 2013 წლის 16 აპრილს მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (იხ. პარაგრაფები 12და 14ზემოთ). მომჩივნების მიერ მე-3 მუხლის მიხედვით მათი საჩივრების კონტექსტში მოწოდებული აღწერილობის გათვალისწინებით, და კერძოდ, ცუდ მოპყრობასთან ან/და მძიმე ფსიქიკურ ტანჯვასთან დაკავშირებით, რაც მათ მიაყენეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებმა 2013 წლის 16 აპრილის შემდეგ, კონკრეტული პრეტენზიების არარსებობის პირობებში, სასამართლო ადგენს, რომ ასეთი პრეტენზია სასამართლოს წინაშე არცერთ მომჩივანს არ წარუდგენია.
49. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნების პატიმრობა სასამართლო პროცესის მოლოდინში, რომელიც ექვემდებარება განხილვას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (c) პუნქტის შესაბამისად, დასრულდა 2013 წლის 16 აპრილს, როდესაც მათ სასჯელი მიუსაჯეს. ეს არის აგრეთვე თარიღი, როდესაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოებას, რომელთან მიმართებითაც ისინი ჩიოდნენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მოჰყვა მათთვის მსჯავრის დადება, რაც მათ არ გაუსაჩივრებიათ. თუმცა, ზემოაღნიშნულ პრეტენზიებთან დაკავშირებით მომჩივნებმა სასამართლოს მიმართეს 2015 წლის 21 აგვისტოს, ანუ კონვენციით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ და საჩივარი შეიტანეს, კერძოდ, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის 1-ელი (c) და მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
50. გარდა იმისა, რომ აღნიშნეს, რომ ისინი აფხაზეთში დაპატიმრებული იყვნენ გათავისუფლებამდე 2016 წლის მარტში და, რომ „სიტუაცია იყო განგრძობითი ხასიათის“, მომჩივნებს არ განუმარტავთ, თუ რატომ ან როგორ აეკრძალათ მათ სასამართლოსთვის მიმართვა ექვსი თვის განმავლობაში 2016 წლის 16 აპრილიდან. მომჩივნების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე მითითების არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ შეუძლია, ვარაუდი გამოთქვას შესაძლო მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ წარადგინეს საჩივრები დადგენილი ვადის ფარგლებში სასამართლოს წინაშე (შეუპირისპირეთ საქმე Mamasakhlisi and Others v. Georgia and Russia, no. 29999/04, §§ 254-55 და 271-74, 2023 წლის 7 მარტი).
51. თუმცა, წინამდებარე საქმის განსაკუთრებულ გარემოებებში (compare Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09 და 2 სხვა , § 275, ECHR 2014 (ამონარიდები); და საქმეMamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 273), სასამართლო მზადაა, დაუშვას, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაპატიმრება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების მიერ თავისთავად სერიოზული დაბრკოლებაა მომჩივნებისთვის კონვენციით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოსთვის მისამართად. ეს დასკვნა გამომდინარეობს მომჩივნების ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მათთვის ნათესავებისა და ადვოკატის ხელმისაწვდომობა დამოკიდებული იყო დე ფაქტო ადმინისტრაციაზე (იხ. პარაგრაფი 36ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს დაბრკოლება საკმარისია მომჩივანთა გასათავისუფლებლად მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის 1-ელი (c) პუნქტისა და მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეტანილი საჩივრების ვადების დაცვის ვალდებულებისგან (შეადარეთ საქმე Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 273).
52. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმ დროს, როდესაც მათ წარადგინეს საჩივრები სასამართლოში, მომჩივნები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ პატიმრობაში, სავარაუდოდ, უკანონოდ. შესაბამისად, პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ხვდება კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) პუნქტის ფარგლებში, მათი საჩივრები არ შეუტანიათ ექვსთვიანი ვადის მიღმა, იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაციები, რომლებზეც ისინი ჩიოდნენ, დასრულებული არ იყო.
53. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრები წარდგენილი იყო ვადის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, რუსეთის მთავრობის პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა იქნეს უარყოფილი.
იურისდიქცია (ratione loci და ratione personae)
54. ზოგადი პრინციპები სასამართლომ შეაჯამა საქმეში Georgia v. Russia (II) ([GC], no. 38263/08, § 81, 2021 წლის 21 იანვარი, შემდგომი მითითებებით) და უკანასკნელად, საქმეში Ukraine and the Netherlands v. Russia (ციტირებული ზემოთ, §§ 547-75). ამ პრინციპების არსი მდგომარეობს იმაში, რომ 1-ელი მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს იურისდიქციული უფლებამოსილება, პირველ რიგში, ტერიტორიული ხასიათისაა, აგრეთვე ის, რომ არსებობს სასამართლოს მიერ აღიარებული გარკვეული გამონაკლისები – იურისდიქციის სივრცითი ცნება და იურისდიქციის პირადი ცნება – რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს იურისდიქციის განხორციელებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიულ საზღვრებს მიღმა. თითოეულ შემთხვევაში საკითხი, არსებობს თუ არა გამონაკლისი გარემოებები, რომლებიც მოითხოვს და ამართლებს სასამართლოს დასკვნას, რომ სახელმწიფო იურისდიქციას ახორციელებდა ექსტრატერიტორიულად, უნდა განისაზღვროს კონკრეტული ფაქტების მითითებით (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Georgia v. Russia (II), ციტირებული ზემოთ, § 82).
55. კონვენციის 1-ელ მუხლში ვკითხულობთ:
„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ [ამ კონვენციის] I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს“.
56. 1-ელი მუხლიდან გამომდინარეობს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა პასუხი უნდა აგონ კონვენციით დაცული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაზე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც მათ „იურისდიქციაში“ არიან მოქცეული (იხ. საქმე Ilaşcu and Others v. Moldova and Russia [GC], no. 48787/99, § 311, ECHR 2004‑VII). სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით უნდა დაადგინოს, ხვდებოდნენ თუ არა მომჩივნები, ერთ-ერთი ან ორივე, მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციაში კონვენციის 1-ელი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (შეადარეთ Catan and Others v. the Republic of Moldova and Russia [GC], nos. 43370/04 და 2 სხვა, § 82, ECHR 2012 (ამონარიდები)).
57. წინამდებარე საქმე ბადებს კითხვებს ტერმინ „იურისდიქციის“ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, როგორც ტერიტორიულ იურისდიქციასთან (საქართველოს შემთხვევაში), ისე ექსტრატერიტორიული იურისდიქციის განხორციელებასთან (რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში) მიმართებით.
საქართველოს იურისდიქცია
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთა მიერ გასაჩივრებულ მოვლენებს ადგილი ჰქონდა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე 1999 წლის 20 მაისს კონვენციის რატიფიცირების შემდეგ. მის წინაშე არსებული ყველა მასალის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას, ამ სახელმწიფოს ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არ გააჩნდა ძალაუფლება აფხაზეთზე იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საჩივრებში აღნიშნული მოვლენები მოხდა. სხვა მხრივ, ეს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
59. უფრო ადრეულ საქმეებში (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Mozer v. the Republic of Moldova and Russia [GC], no. 11138/10, § 99, 2016 წლის 23 თებერვალი, შემდგომი მითითებებით; და საქმე Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 318) სასამართლომ დაადგინა, რომ ტერიტორიულ სახელმწიფოში დაპატიმრებული პირები ხვდებიან ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში მაშინაც კი, თუ მას არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი შესაბამის რეგიონზე. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულება კონვენციის 1-ელი მუხლის შესაბამისად, „უზრუნველეყო ყველა პირი [მისი] იურისდიქციის ფარგლებში [კონვენციის] უფლებებითა და თავისუფლებებით“, ამ გარემოებებში შემოიფარგლებოდა პოზიტიური ვალდებულებით, გაეტარებინა დიპლომატიური, ეკონომიკური, სასამართლო ან სხვა ზომები, რომლებიც იყო მისი უფლებამოსილების ფარგლებში და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი (იხ. საქმე Ilaşcu and Others, ციტირებული ზემოთ, § 331).
60. სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, განასხვაოს ეს საქმე ზემოაღნიშნულისაგან და, შესაბამისად, მიაჩნია, რომ ამ საჩივრებში არსებული ფაქტები ხვდება საქართველოს იურისდიქციაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების ქმედებებზე, ის ფაქტი, რომ რეგიონი საერთაშორისო საჯარო სამართლის მიერ იქნა აღიარებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილად, წარმოშობდა ამ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას კონვენციის 1-ელი მუხლის შესაბამისად, გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური საშუალება, რათა გაეგრძელებინა იქ მცხოვრები ხალხის კონვენციით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა (იხ. საქმე Ilaşcu and Others, § 333; და საქმე Catan and Others, § 109, ორივე ციტირებული ზემოთ). ეს პოზიტიური ვალდებულება ეხება როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად აუცილებელ ზომებს, რაც მისი იურისდიქციის გამოხატულებაა, ასევე იმ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური მომჩივნების უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. ქვემოთ სასამართლო განიხილავს (იხ. პარაგრაფები 78-80და 88-89ქვემოთ), აკმაყოფილებდა თუ არა საქართველო ამ პოზიტიურ ვალდებულებას.
რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია
61. სასამართლომ შემდეგ უნდა განსაზღვროს, ხვდებოდა თუ არა მომჩივნების მიერ გასაჩივრებული ფაქტები რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე Georgia v. Russia (II) (ციტირებული ზემოთ, §§ 174, 175, 295 და 312) სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ოქტომბრის შემდეგაც კი, რუსეთის ყოფნა აფხაზეთში და აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, რომელზეც დამოკიდებული იყო მათი გადარჩენა, მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებდა „ეფექტურ კონტროლს“ აფხაზეთზე და ათავსებდა მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტო), რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. საქმეში Georgia v. Russia (IV) ((dec.), no. 39611/18, § 44, 2023 წლის 20 აპრილი) სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თავისი დასკვნა საქმეში Georgia v. Russia (II) (ციტირებული ზემოთ, §§ 162-75 და 299), რუსეთის მიერ აფხაზეთზე განხორციელებული განგრძობითი „ეფექტური კონტროლის“ შესახებ, სულ მცირე, 2018 წლის 23 მაისამდე იყო ძალაში, საპირისპირო რაიმე შესაბამისი ახალი ინფორმაციის არარსებობის პირობებში.
62. ზემოაღნიშნულის საფუძველზე ირკვევა, რომ მომჩივნების მიერ წინამდებარე საქმეში პრეტენზიები მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთის ტერიტორიაზე 2012 წლის 15 მარტიდან (მათი დაკავების თარიღი) 2016 წლის 10 მარტამდე (მათი გათავისუფლების თარიღი) პერიოდში, ხვდებოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. აქედან გამომდინარე, რუსეთის მთავრობის პრეტენზია ratione loci უნდა იქნეს უარყოფილი.
კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
63. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ისინი მრავალჯერ აწამეს თავიანთი დაკავების დროს და მათი შემდგომი პატიმრობის განმავლობაში. ისინი დაეყრდნენ მე-3 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია“.
64. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით მოპასუხე მთავრობებს არ წარმოუდგენიათ კონკრეტული დაკვირვებები. მათი კომენტარები მომჩივნების ბრალდებებთან დაკავშირებით უფრო ზოგადად შეჯამებულია პარაგრაფში 8ზემოთ.
65. სასამართლო, ქვემოთ მოცემული მიზეზების გამო, მომჩივნების საჩივარს დაუშვებლად მიიჩნევს მე-3 მუხლის შესაბამისად.
66. რა თქმა უნდა, კონვენცია აბსოლუტურად კრძალავს წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, განურჩევლად დაზარალებულის ქცევისა (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000-IV; და საქმე Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999-V). გარდა ამისა, როდესაც განსახილველი მოვლენები მთლიანად ან დიდწილად არის ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური კომპეტენციის ფარგლებში, ისე როგორც მათი კონტროლის ქვეშ პატიმრობაში მყოფი პირების შემთხვევაში, ძლიერი პრეზუმფცია წარმოიქმნება ასეთი დაკავების დროს მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. მართლაც, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება ხელისუფლების ორგანოებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება (იხ. საქმე Ribitsch v. Austria, 1995 წლის 4 დეკემბერი, § 34, Series A no. 336; და საქმე Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000‑VII).
67. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ძალადობის ბრალდებები უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით (იხ., სხვა წყაროთა შორის, საქმე Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006‑IX). ამ მტკიცებულებების შესაფასებლად სასამართლო იღებს მტკიცების სტანდარტს – „გონივრული ეჭვის მიღმა“, მაგრამ მიიჩნევს, რომ ასეთი მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი შეურყეველი პრეზუმფციების თანაარსებობიდან (იქვე).
68. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ მომჩივნები პატიმრობაში იმყოფებოდნენ დაახლოებით სამი წლის განმავლობაში სავარაუდო წამებიდან და, შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ, რომ უზრუნველეყოთ ან შეეგროვებინათ ასეთი მოპყრობის მტკიცებულებები (იხ. პარაგრაფები 12-14და 51ზემოთ). თუმცა, სასამართლომ არ შეიძლება არ შენიშნოს, რომ მომჩივნებმა არ წარმოადგინეს სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს აფხაზეთში მათი დაპატიმრების რაიმე ფიზიკურ შედეგს (შეადარეთ საქმე Mangîr and Others v. the Republic of Moldova and Russia, no. 50157/06, § 47, 2018 წლის 17 ივლისი და საქმე Tanış v. Turkey (dec.), no. 15442/08, §§ 46-49, 2016 წლის 9 თებერვალი). გარდა ამისა, მათ არ წარმოუდგენიათ დასკვნა გათავისუფლების შემდეგ ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევების შესახებ (შეუპირისპირეთ საქმეMamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 389). სასამართლომ უკვე ხაზი გაუსვა პატიმრობიდან გათავისუფლების დროს პირთა დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოკვლევის მნიშვნელობას (იხ. საქმე Akkoç v. Turkey, nos. 22947/93 and 22948/93, § 118, ECHR 2000‑X). მომჩივნების მიერ მათ მიმართ ცუდი მოპყრობის აღწერის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 12და 14ზემოთ), მათი გათავისუფლების შემდეგ მომზადებული სამედიცინო დასკვნები წარმოადგენდა შესაბამის prima facie მტკიცებულებებს, თუ მათში მოცემული იქნებოდა, მაგალითად, რაიმე ფიზიკური დაზიანების ან ფსიქოლოგიური ზემოქმედების შესაძლო ნიშნები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა მათ მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობას (შეადარეთ და შეუპირისპირეთ საქმე Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 390 და 395). გარდა ამისა, მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ რაიმე სხვა მტკიცებულება, როგორიცაა, მაგალითად, მათი ადვოკატის ან მათი ოჯახის წევრების ჩვენებები, რათა დაემტკიცებინათ მოვლენების საკუთარი ვერსია (შეადარეთ, mutatis mutandis, Borodin v. Russia, no. 41867/04, § 99, 2012 წლის 6 ნოემბერი; და საქმე Mangîr and Others, ციტირებული ზემოთ, § 47).
69. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა წარმოადგინეს საკმაოდ დეტალური აღწერა მათ მიმართ სავარაუდო ცუდი მოპყრობისა, სასამართლოს არ შეუძლია წარმოდგენილი მასალის საფუძველზე დაადგინოს prima facie, რომ ისინი დაექვემდებარნენ სავარაუდო ცუდ მოპყრობას.
70. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანთა პრეტენზიები კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არის დაუშვებელი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი და უნდა უარყოფილი იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების სავარაუდო დარღვევა
71. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს აფხაზეთში. ისინი დაეყრდნენ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს პრეტენზია ეხება მომჩივანთა სავარაუდო უკანონო პატიმრობას სასამართლო პროცესის მოლოდინში და მათ განგრძობით უკანონო პატიმრობას 2013 წლის 16 მარტს მსჯავრის დადების შემდეგ, რომლებიც განიხილება კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების შესაბამისად, რომლებიც შემდეგნაირად იკითხება:
მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტები
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
(a) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა;
...
(გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;“.
მისაღებობა
72. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივრები არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35‑ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლებით. ამიტომ ისინი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
არსებითი მხარე
მხარეთა არგუმენტები
73. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ საქართველომ იცოდა მომჩივნების მიმართ კონვენციის უფლებების დარღვევის შესახებ 2012 წლიდან, როდესაც ისინი აფხაზეთში დააპატიმრეს, მაგრამ 2015 წლის მაისამდე საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს არანაირი ზომები არ მიუღიათ ამ დარღვევების დასასრულებლად. (იხ. პარაგრაფები 22და 36ზემოთ).
74. მომჩივნების ბრალდებებთან მიმართებით გაკეთებული ზოგადი კომენტარების გარდა (რაც შეჯამებულია პარაგრაფში 8ზემოთ), ორმა მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა შემდეგი. რუსეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი რუსეთის ფედერაციის ქმედებებსა და მომჩივანთა უფლებების სავარაუდო დარღვევას შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მათ სადავოდ არ გაუხდიათ ის, რომ მომჩივნები უკანონოდ იქნენ დაკავებული და რჩებოდნენ უკანონო პატიმრობაში 2012 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 10 მარტამდე.
სასამართლოს შეფასება
75. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში კარგად არის დადგენილი, რომ ნებისმიერი თავისუფლების აღკვეთა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ერთ-ერთ გამონაკლისს, რომლებიც ჩამოთვლილია (a)-(f) ქვეპუნქტებში, არამედ ასევე უნდა იყოს „კანონიერი“; ეს მოითხოვს სამართლებრივ საფუძველს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში და კანონის უზენაესობასთან შესაბამისობას, კონცეფცია, რომელიც ჩადებულია კონვენციის ყველა მუხლში.
76. მანამდე, საქმეში Mamasakhlisi and Others (ციტირებული ზემოთ, §§ 422-28), სასამართლომ პირველად განიხილა პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებას როგორც სასამართლო პროცესის მოლოდინში, ისე მსჯავრის დადების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების დაკვეთით 2007 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში. მიუთითებს რა მოპასუხე მთავრობების მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ სპეციფიკური დებულებების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის ნაკლებობაზე, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, აგრეთვე, მიუთითებს რა აფხაზეთის სამართლებრივი და სასამართლო სისტემის შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროების ნაკლებობაზე და საფუძვლის არარსებობაზე, ვივარაუდოთ, რომ რეგიონში არსებობს სასამართლო ტრადიციის ამსახველი სისტემა, როგორიც დანარჩენ საქართველოში და რომელიც შეესაბამება კონვენციას, სასამართლომ ადგენს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებსა და სასამართლოებს არ შეეძლოთ მომჩივანთა „კანონიერი დაკავების ან დაპატიმრების“ დაკვეთა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების მნიშვნელობის ფარგლებში. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანთა დაკავება და პატიმრობა უკანონო იყო ამ დებულების მიზნებისთვის, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების დარღვევით.
77. საპირისპირო რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის არარსებობისას, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნა, რომელიც მიღწეულია საქმეში Mamasakhlisi and Others (იქვე) ასევე მოქმედებს წინამდებარე საქმეში. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების დარღვევას.
მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
78. შემდეგ სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეასრულა თუ არა საქართველომ თავისი პოზიტიური ვალდებულებები, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად აუცილებელ ზომებთან დაკავშირებით როგორც მისი იურისდიქციის გამოხატულება, ასევე იმ ზომებთან მიმართებით, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური მომჩივნების უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად (იხ., მოქმედ პრინციპებთან დაკავშირებით, საქმე Ilaşcu and Others, § 333; და საქმე Catan and Others, § 109, ორივე ციტირებული ზემოთ; იხ. აგრეთვე პარაგრაფი 60ზემოთ). რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს პოზიტიური ვალდებულების პირველ ასპექტს, საქართველოს, მოეთხოვებოდა, პირველი, თავი შეეკავებინა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერისაგან და, მეორე, მიეღო მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური, სასამართლო და სხვა ზომა ამ ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად.
79. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს არასდროს უღიარებია აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არც რაიმე მასალა ყოფილა სასამართლოში წარდგენილი იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს არასდროს უზრუნველუყვია მხარდაჭერით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოები. სასამართლომ საქმეში Mamasakhlisi and Others (ციტირებული ზემოთ, § 400) დაასკვნა, რომ 2007 წლის 14 თებერვლამდე საქართველომ საკმარისი ძალისხმევა არ დაიშურა აფხაზეთის რეგიონზე თავისი ძალაუფლების აღსადგენად, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ორგანოები აგრძელებდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე თავიანთი სუვერენიტეტის განმტკიცებას როგორც საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიკაციამდე, ისე მას შემდეგ და როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. საქართველოს მთავრობის მიერ 2008 წლის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სხვა მხარეებს სადავო არ გაუხდიათ (იხ. პარაგრაფები 29-35ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველომ მიიღო შესაბამისი ზომები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, არ დაიშურა შიდა და საერთაშორისო ძალისხმევა, რაც საკმარისად იყო მიმართული აფხაზეთში მცხოვრები პირებისთვის კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის გაგრძელებისკენ.
80. რაც შეეხება საქართველოს პოზიტიური ვალდებულებების მეორე ასპექტს, კერძოდ, ზომებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური მომჩივნების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა შეძლეს მომჩივანთა გათავისუფლება ათთვიანი მიზანმიმართული და ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ. ითვალისწინებს რა რუსეთის ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობას, მიეღოთ აუცილებელი ზომები მომჩივანთა პრეტენზიებთან დაკავშირებით, როგორც კი მათ ამის შესახებ შეატყობინეს, აგრეთვე, შესაბამის პერიოდში (იხ. პარაგრაფი 31ზემოთ) აფხაზეთის ტერიტორიაზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის დიდ რაოდენობას და ყველა ამ საქმის მაღალ დიპლომატიურ დონეზე განხილვის გარდაუვალ შეფერხებებს, სასამართლო ვერ ასკვნის, რომ რეაგირების თავდაპირველი ნაკლებობა (იხ. პარაგრაფები 22და 36ზემოთ) თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ საქართველომ ვერ გადადგა ყველა შესაძლო ნაბიჯი მომჩივანთა უფლებების უზრუნველსაყოფად (შეადარეთ Mozer-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 154).
81. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, თავისი ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამის პერიოდში აფხაზეთზე რუსეთის ეფექტურ კონტროლთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 61და 62ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის გამო, რომ აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოები გადარჩენისთვის დამოკიდებული იყვნენ რუსეთზე, წარმოიშობა რუსეთის პასუხისმგებლობა კონვენციის შესაბამისად.
82. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საქართველოს მიერ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების დარღვევას მომჩივნებთან მიმართებით და ადგილი ჰქონდა ამ დებულებების დარღვევას რუსეთის ფედერაციის მიერ მომჩივნებთან მიმართებით.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების სავარაუდო დარღვევა
83. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ არ ჰქონიათ სამართლიანი სასამართლო მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას აფხაზეთში. ისინი დაეყრდნენ მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტებს, რომლებიც შემდეგნაირად იკითხება:
„1. „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ... გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ.“
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
(a) მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით გააცნონ წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი;
(b) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;
(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
(d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
(e) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე“.
მისაღებობა
84. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
არსებითი მხარე
მხარეთა არგუმენტები
85. მხარეებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული წარდგინებები. გარდა მე-8პარაგრაფში ზემოთ შეჯამებული კომენტარებისა, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის სადავოს არ ხდიდა მომჩივნების პრეტენზიებს, რომ მათ არ ჰქონიათ სამართლიანი სასამართლო.
სასამართლოს შეფასება
86. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები უნდა განიხილებოდეს როგორც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გარანტირებული, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განსაკუთრებული ასპექტები. ამიტომ, ის განიხილავს მომჩივანთა პრეტენზიებს ერთობლივად ამ დებულებების შესაბამისად (იხ., სხვა წყაროთა შორის, საქმე Kornev and Karpenko v. Ukraine, no. 17444/04, §63, 2010 წლის 21 ოქტომბერი). გარკვეულ გარემოებებში, სასამართლო, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით არაღიარებული სუბიექტის სასამართლო სისტემის ნაწილს, შეიძლება ჩაითვალოს „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოდ“, თუ ის წარმოადგენს „კონსტიტუციურ და სამართლებრივ საფუძვლებზე“ მოქმედი სასამართლო სისტემის ნაწილს და ასახავს კონვენციასთან თავსებად სასამართლო ტრადიციას, რათა ადამიანებს საშუალება მიეცეთ, ისარგებლონ კონვენციით გათვალისწინებული გარანტიებით (იხ. საქმე Ilaşcu and Others, ციტირებული ზემოთ, § 460).
87. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოები ვერ კვალიფიცირდებიან „კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლოებად“ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისთვის (იხ. საქმე Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 440, შემდგომი მითითებებით; იხ. ასევე პარაგრაფი 76ზემოთ). სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რომ სხვა რამ დაადგინოს ამ საქმეში, შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის გამო. კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ მომჩივნებმა ვერ ისარგებლეს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. გარდა ამისა, მის წინაშე არსებულ ინფორმაციაზე მითითებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ითქვას, რომ მომჩივნებს მიეცათ თავიანთი დაცვის ორგანიზებისა და ადვოკატის დახმარებით სარგებლობის რეალური შესაძლებლობა მთელი საქმისწარმოების განმავლობაში, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (c) პუნქტი (ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქმე Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC], nos. 50541/08 და 3 სხვა, § 255, 2016 წლის 13 სექტემბერი). შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას, კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტთან ერთობლიობაში.
მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
88. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები კონვენციის შესაბამისად თითოეული მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ხასიათში წინამდებარე საქმეში წამოჭრილ სხვადასხვა პრეტენზიასთან დაკავშირებით (შეადარეთ Mozer-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, § 183; და საქმე Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, § 429). გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სიტუაცია აფხაზეთის სამართლებრივ და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, როგორც აღწერილია პარაგრაფში 76ზემოთ, არ შეიძლება მიეწეროს საქართველოს.
89. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პრეტენზიებთან დაკავშირებით, კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 76ზემოთ), სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების დარღვევას. მეორე მხრივ, ზემოთ, პარაგრაფში 81ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სასამართლო ადგენს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების დარღვევას.
კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
90. დაბოლოს, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ ხელმისაწვდომი არ ჰქონდათ სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებები თავიანთ ზემოაღნიშნულ პრეტენზიებთან მიმართებით. ისინი დაეყრდნენ მე-13 მუხლს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა“.
91. სასამართლო აღნიშნავს, რომ პრეტენზია მე-3 მუხლის შესაბამისად გამოცხადდა მიუღებლად. აქედან გამომდინარეობს, რომ მომჩივნებს არ აქვთ „არგუმენტირებული დასაბუთება“ იმისა, რომ მათი მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები დაირღვა, კონვენციის მე-13 მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, პრეტენზია მე-13 მუხლის შესაბამისად ასევე აშკარად დაუსაბუთებელია.
92. სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანთა პრეტენზია მე-13 მუხლის შესაბამისად მჭიდროდ არის დაკავშირებული ზემოთ განხილულ პრეტენზიებთან მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად და, შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად. თუმცა ზემოთ, პარაგრაფებში 77და 87მოყვანილი თავისი დასკვნების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი პრეტენზიის განხილვა ცალკე, მე-13 მუხლის შესაბამისად.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
93. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
94. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მან დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა კონვენციის დარღვევებზე. შესაბამისად, ის განიხილავს მომჩივანთა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნას რუსეთთან მიმართებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას არ დაუდგენია საქართველოს მიერ კონვენციის რომელიმე დებულების დარღვევა, ის არ განიხილავს პრეტენზიებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ საქართველოსთან მიმართებით.
ზიანი
95. თითოეულმა მომჩივანმა მოითხოვა 150 000 ევრო (EUR) მორალურ ზიანთან დაკავშირებით.
96. რუსეთის მთავრობამ არ ისურვა კომენტარის გაკეთება მომჩივანთა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის შესახებ, იმეორებდა რა, რომ მათი საჩივრები დაუშვებელი იყო.
97. ზემოაღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებმა უდავოდ განიცადეს მორალური ზიანი, რომლის კომპენსირება შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის დადგენით. შესაბამისად, გამოაქვს რა გადაწყვეტილება სამართლიან საფუძველზე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 41-ე მუხლი, სასამართლო თითოეულ მომჩივანს აკუთვნებს 16 000 ევროს, რომელიც უნდა გადაიხადოს რუსეთის ფედერაციამ მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროთ მომჩივნებს.
ხარჯები და დანახარჯები
98. მომჩივნებმა მოითხოვეს 2 173 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისათვის. მათ წარმოადგინეს შეთანხმება იურიდიული მოსაკრებლების შესახებ, რომელშიც მითითებულია მოსაკრებლის ოდენობა 2000 ევრო მომჩივანთა სასამართლოში წარმომადგენლობისთვის, რომელსაც ხელი მოაწერეს მათმა წარმომადგენელმა სასამართლოში და პირველი მომჩივნის დამ 2015 წლის 3 ივნისს. მათ ასევე წარმოადგინეს შეთანხმება მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის შესახებ 173 ევროს ოდენობით, რომელსაც ხელს აწერენ სხვა ადვოკატი და მთარგმნელი.
99. წარმომადგენლის მოსაკრებელი რეალურად წარმოიქმნება, თუ მომჩივანმა გადაიხადა ან ვალდებულია, გადაიხადოს ის (იხ. საქმე Luedicke, Belkacem and Koç v. Germany (Article 50), 1980 წლის 10 მარტი, § 15, Series A no. 36; და საქმე Airey v. Ireland (მუხლი 50), 1981 წლის 6 თებერვალი, § 13, Series A no. 41). შესაბამისად, წარმომადგენლის მოსაკრებელი, რომელიც უსასყიდლოდ მოქმედებს, რეალურად არ წარმოიქმნება (იხ. საქმე McCann and Others v. the United Kingdom, 1995 წლის 27 სექტემბერი, § 221, Series A no. 324). განსხვავებული ვითარებაა იმ წარმომადგენლის მოსაკრებელთან მიმართებით, რომელიც უარს არ ამბობს მოსაკრებელზე, მაგრამ არ დგამს რაიმე ნაბიჯებს მისი გადახდის მოსათხოვნად ან გადასავადებლად (იხ. საქმე X v. the United Kingdom (მუხლი 50), 1982 წლის 18 ოქტომბერი, § 24, Series A no. 55; და საქმე Pakelli v. Germany, 1983 წლის 25 აპრილი, § 47, Series A no. 64). პირობითი მოსაკრებლის შეთანხმების შესაბამისად, წარმომადგენლისთვის გადასახდელი მოსაკრებელი რეალურად წარმოიქმნება, თუ ეს შეთანხმება აღსრულებადია შესაბამის იურისდიქციაში (იხ. საქმე Dudgeon v. the United Kingdom (მუხლი 50), 1983 წლის 24 თებერვალი, § 22, Series A no. 59; საქმე Gentilhomme, Schaff-Benhadji and Zerouki v. France, nos. 48205/99 და 2 სხვა, § 27, 2002 წლის 14 მაისი; საქმე Pshenichnyy v. Russia, no. 30422/03, § 38, 2008 წლის 14 თებერვალი; საქმე Saghatelyan v. Armenia, no. 7984/06, § 62, 2015 წლის 20 ოქტომბერი; და საქმე Ivanova and Cherkezov v. Bulgaria, no. 46577/15, § 89, 2016 წლის 21 აპრილი).
100. წინამდებარე საქმეში მომჩივნებს არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ მათ გადაიხადეს ან კანონიერი ვალდებულება ჰქონდათ, რომ გადაეხადათ წარმომადგენლის მიერ დაკისრებული საფასური ან მის მიერ გაწეული ხარჯები (შეადარეთ საქმე Merabishvili v. Georgia [GC], no. 72508/13, § 372, 2017 წლის 28 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით). ასეთი დოკუმენტების არარსებობის გამო, სასამართლოს არ შეუძლია წინა პარაგრაფში მოხსენიებული საკითხების შეფასება. ამიტომ, მას არ აქვს საფუძველი, მიიღოს, რომ მომჩივანთა მიერ მოთხოვნილი ხარჯები და დანახარჯები რეალურად იქნა გაწეული.
101. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
ადგენს, რომ მას აქვს იურისდიქცია, განიხილოს მომჩივანთა საჩივრები, რამდენადაც ისინი ეხება ფაქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე.
წყვეტს, რომ გააერთიანოს საჩივრები.
აცხადებს მომჩივანთა პრეტენზიებს კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების, მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტებისა და მე-13 მუხლის შესაბამისად, კონვენციის ამ ორ დებულებასთან ერთობლიობაში, მისაღებად, ხოლო საჩივრების დანარჩენ ნაწილს მიუღებლად.
ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი (a) და (c) პუნქტების დარღვევას მომჩივნებთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის მიერ, მაგრამ არა საქართველოს მიერ.
ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების დარღვევას მომჩივნებთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის მიერ, მაგრამ არა საქართველოს მიერ.
ადგენს, რომ არ არსებობს დანარჩენი პრეტენზიების არსებითი მხარის განხილვის აუცილებლობა.
ადგენს,a. რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივნებს შემდეგი ფულადი ოდენობები:
EUR 16 000 (თექვსმეტი ათასი ევრო) თითოეულ მომჩივანს, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
b. ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების გადახდის სრულ განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი.
8. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 19 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ჰასან ბაკირჯი არნფინ ბორდსენი
განმწესრიგებელი თავმჯდომარე
[1] ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომლებიც დაიწყო 2008 წლის ოქტომბერში 2008 წლის კონფლიქტის შედეგების მოსაგვარებლად. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროკავშირისა და გაეროს თანათავმჯდომარეობით, ჟენევის პროცესი აერთიანებს კონფლიქტის მონაწილეების – საქართველოს, რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენლებს.