სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) საკონკურსო წესით განთავსების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 30.03.1998
ძალის დაკარგვა 18.08.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000220 15
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 03/04/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) საკონკურსო წესით განთავსების შესახებ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №24
1998 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) საკონკურსო წესით განთავსების შესახებ
საქართველოს მიერ სახელმწიფოს ფუნქციების, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-15 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად:
1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე დასაფინანსებელი პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) განთავსება, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება 10 ათას ლარს, მოახდინონ მხოლოდ ტენდერის ჩატარების წესით.
2. ტენდერების მაღალორგანიზებულად და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით ჩატარების მიზნით:
2.1 დამტკიცდეს ტიპური დებულება სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) განთავსებისათვის ტენდერების ჩატარების წესის შესახებ;
2.2 აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შექმნან სპეციალური სატენდერო კომისიები, რომელთა შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შეიყვანონ ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინიტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, დაამტკიცონ ამ კომისიების დებულებები, ტიპური დებულების საფუძველზე დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრონ ტენდერების ჩატარების წესები, უზრუნველყონ ტენდერებში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან კონტრაქტების გაფორმება (ან ამ ფუნქციის დელეგირება თავის სისტემის რომელიმე ორგანიზაციაზე) არსებული წესის შესაბამისად და დააწესონ მკაცრი კონტროლი კონტრაქტების შესრულებაზე.
3. სახელმწიფო სახსრების ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაუსაბუთებელი გადინების აღკვეთის მიზნით, ტენდერები, პროდუქციის იმ სახეობების შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) განთავსებაზე, რომელთა წარმოება და შესრულება შესაძლებელია საქართველოში, ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს მეურნე სუბიექტების მონაწილეობით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება ტენდერში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოთა მეურნე სუბიექტების (არარეზიდენტების) დაშვების თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღონ შესაბამისმა სატენდერო კომისიებმა.
4. ძალოვანი სტრუქტურების საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვები განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 ივნისის №317 და 1998 წლის 18 მარტის №156 ბრძანებულებებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სახელმწიფო საჭიროებისათვის სამშენებლო დარგის სამუშაოთა (მომსახურების) დაკვეთების განთავსება ხორციელდება „სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ეკონომიკის მინისტრი: ვ. პაპავა
შეთანხმებულია
ფინანსთა სამინისტროსთან
მინისტრი მ. ჭკუასელი
დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკის
სამინისტროს 1998 წლის 30“ მარტის
№24 ბრძანებით
ეკონომიკის მინისტრი: ვ. პაპავა
შეთანხმებულია საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან
მინისტრი:
მ. ჭკუასელი
ტიპური დებულება
სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) განთავსებისათვის ტენდერების ჩატარების წესის შესახებ
1. ზოგადი დებულებები
1.1 მოცემული დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) განთავსებისათვის ტენდერების (შემდგომ ტექსტში „სახელმწიფო ტენდერები“) ორგანიზაციისა და ჩატარების საერთო წესებს, სახელმწიფო ტენდერებში საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა მეწარმე სუბიექტების მონაწილეობის პირობების, სატენდერო კომისიების მიერ სახელმწიფო ტენდერების მონაწილეთა წინადადებების განხილვისა და გამარჯვებულთა გამოვლინების წესს.
1.2 სახელმწიფო ტენდერების ჩატარების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის შესყიდვებისა და სამუშაოთა (მომსახურების) ოპტიმალური განთავსება.
1.3 სახელმწიფო ტენდერის გამოცხადება შეუძლიათ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებს მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში.
1.4 სახელმწიფო ტენდერებს ატარებენ სპეციალური სატენდერო კომისიები, რომლებსაც ქმნიან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები. სატენდერო კომისიების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყვნენ შეყვანილი ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.
1.5 სახელმწიფო ტენდერების ჩატარების ძირითად პრინციპებს წარმოადგენს ტენდერის მონაწილეთათვის თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნა, მათ წინაშე დასმული მოთხოვნების ერთიანობა და მათი წინადადებების ობიექტური შეფასება.
2. სახელმწიფო ტენდერების სახეობანი
2.1 შესასყიდი პროდუქციის ან შესასრულებელი სამუშაოს (მომსახურების) სპეციფიკის შესაბამისად ტენდერი შეიძლება იყოს ღია ან დახურული (შეზღუდული მონაწილეთა თვალსაზრისით). ტენდერი ტარდება დახურული წესით იმ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესები. გადაწყვეტილებას ტენდერის ფორმის თაობაზე ღებულობს სატენდერო კომისია.
2.2 ღია ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მეურნე სუბიექტებს მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2.3 დახურულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სატენდერო კომისიის მიერ გაეგზავნებათ ოფიციალური მოწვევა.
2.4 გადაწყვეტილებას საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების (ტენდერში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოთა მეურნე სუბიექტების დაშვების) თაობაზე ღებულობს სატენდერო კომისია.
3. ტენდერების ორგანიზაციისა და ჩატარების ეტაპები
სახელმწიფო ტენდერების ორგანიზაცია და ჩატარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– ტენდერის საგნის განსაზღვრა;
– ტენდერის ფორმის განსაზღვრა (ღია, დახურული);
– ტენდერის ჩატარების ვადის განსაზღვრა;
– დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, მონაწილეთა დადგენა და მათთვის მოსაწვევების დაგზავნა;
– ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
– სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ მეურნე სუბიექტებისათვის მიწოდება;
– ტენდერის მონაწილეთა წინადადებების მიღება;
– შემოსული წინადადებების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლინება;
– ტენდერში გამარჯვებულთან კონტრაქტის გაფორმება.
4. ტენდერის საგნის განსაზღვრა
4.1 სახელმწიფო ტენდერებზე გამოიტანება სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის (სამუშაოთა, მომსახურების) შესყიდვები, რომელთა ღირებულება აღემატება 10 (ათი) ათას ლარს.
სახელმწიფო ტენდერის საგანს განსაზღვრავს ორგანიზაცია, რომელიც აწყობს ტენდერს.
ტენდერის საგნის განსაზღვრისას დადგენილი უნდა იყოს სახელმწიფო საჭიროებისათვის შესასყიდი პროდუქციისა და შესასრულებელი სამუშაოების (მომსახურების) დასაბუთებული მოცულობები, მათი დაფინანსებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებები, პროდუქციის მიწოდების, სამუშაოთა (მომსახურების) შესრულების ვადები (საჭიროების შემთხვევაში – გრაფიკი).
4.2 ტენდერის ჩატარების ვადებსა და გრაფიკს საზღვრავს სატენდერო კომისია.
5. ტენდერის ჩატარების თაობაზე განცხადების მომზადება და გამოქვეყნება
5.1 განცხადებას ტენდერის ჩატარების თაობაზე აკეთებს ორგანიზაცია, რომელიც აწყობს ტენდერს ან შესაბამისი სატენდერო კომისია.
გამოცხადება ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში ხდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის, აუცილებლად გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასა“ და ტელევიზიის მეშვეობით, სპეციალური განცხადების გამოქვეყნების გზით.
დახურული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კონკრეტულ პრეტენდენტებს ეგზავნებათ ოფიციალური მოწვევა. პრეტენდენტების შერჩევას ახდენს ორგანიზაცია, რომელიც აწყობს ტენდერს.
5.2 განცხადება (ოფიციალური მოწვევა) ტენდერის თაობაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
– ტენდერის მომწყობი ორგანიზაციის სრული დასახელება, მისამართი, ტელეფონი და ტელეფაქსი;
– შესასყიდი პროდუქციის ან შესასრულებელი სამუშაოების (მომსახურების) სახეობანი, მოცულობები, მათი მიწოდების ან შესრულების ვადები, სხვა პირობები;
– სატენდერო დოკუმენტაციის ფასი;
– საგარანტიო დეპოზიტის თანხა, რომელიც ტენდერის მონაწილეს შეაქვს ტენდერის მომწყობი ორგანიზაციის სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე, როგორც ტენდერში მონაწილეობისა და შესასრულებელი სამუშაოების (მათ შორის, პროდუქციის წარმოება-დამზადების) შესაძლებლობის გარანტია;
- სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა (თარიღის და საათის ჩვენებით).
6. სახელმწიფო ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის წყაროები
6.1 სახელმწიფო ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის წყაროებს წარმოადგენს;
– ტენდერში მონაწილეთა მიერ შეტანილი საგარანტიო დეპოზიტის 2%, რომელიც რჩება ტენდერის მომწყობი ორგანიზაციის ანგარიშზე დეპოზიტის დაბრუნების შემთხვევაში ან დეპოზიტის მთელი თანხა, თუ სატენდერო კომისიის მიერ ტენდერის ჩატარების პროცესში მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაუბრუნებლობის შესახებ. საგარანტიო დეპოზიტის მოცულობა განისაზღვრება პროდუქციის შესყიდვისათვის ან სამუშაოთა (მომსახურების) შესრულებისათვის განკუთვნილი თანხის 2%-ით;
– ფასიანი სატენდერო დოკუმენტაციის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხები. სატენდერო დოკუმენტაციის ფასი განისაზღვრება ტენდერის მომწყობი ორგანიზაციის მიერ.
6.2 აღნიშნული სახსრები მთლიანად გამოიყენება სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე, მოწვეული ექსპერტებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მომსახურების ანაზღაურებაზე.
7. ძირითადი მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციის მიმართ
7.1 სატენდერო დოკუმენტაციას ამზადებს ტენდერის მომწყობი ორგანიზაცია.
7.2. სატენდერო დოკუმენტაცია შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
– ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეებისათვის;
– დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი;
– დოკუმენტაციის კომერციული ნაწილი.
7.3 ინსტრუქცია მონაწილეებისათვის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
– ტენდერის მომწყობი ორგანიზაციის მისამართსა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, სადაც მსურველებს შეეძლებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები ტენდერის პირობების შესახებ;
– სატენდერო წინადადებების გაფორმების წესს;
– სატენდერო წინადადებების ჩაბარების წესს;
– წარდგენილ სატენდერო წინადადებაში საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანის წესს;
– მითითებას იმის თაობაზე, თუ ვინ და რა ვადებში გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულთან;
– საგარანტიო დეპოზიტის მოცულობასა და შეტანის წესს.
7.4 სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომელიც ასახავს სახელმწიფო საჭიროებისათვის შესასყიდი პროდუქციის ნომენკლატურასა და მოცულობებს, შესასრულებელი სამუშაოების სახეობებსა და მათ მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
7.5 სატენდერო დოკუმენტაციის კომერციული ნაწილი წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დაფინანსების, პროდუქციის მიწოდებისა და სამუშაოების შესრულების პირობების, ანაზღაურების საკითხების, საჭიროების შემთხვევაში მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის შესახებ.
8. სახელმწიფო ტენდერის მონაწილეთა წინადადებების მიღება
8.1 ტენდერში მონაწილეობის პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები, გარდა მათ მიერ შევსებული სატენდერო დოკუმენტაციისა, უნდა შეიცავდნენ შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
– პრეტენდენტის რეკვიზიტებს (მისამართი, ტელეფონი, ტელექსი, ტელეფაქსი, ბანკის ანგარიში);
– სარეგისტრაციო დოკუმენტების ასლებს;
– ცნობას პრეტენდენტის საწარმოო სიმძლავრეების, ფინანსური მდგომარეობის, ორგანიზაციული სტრუქტურის, წინა წლის ძირითადი საწარმოო და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ (საგადასახადო ინსპექციის მიერ დამოწმებული საბალანსო ანგარიშის ასლს);
– იმ პირების სიას, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმოქმედონ პრეტენდენტის სახელით და გააჩნიათ იურიდიული საბუთების ხელმოწერის უფლება;
– პროდუქციის, სამუშაოების (მომსახურების) პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სავარაუდო ღირებულებას.
8.2 სატენდერო დოკუმენტაციას უნდა დაერთოს დამადასტურებელი დოკუმენტი პრეტენდენტის მიერ საგარანტიო დეპოზიტის შეტანის შესახებ.
9. სახელმწიფო ტენდერის ჩატარების რეგლამენტი
9.1 ტენდერის გახსნის თარიღად ითვლება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში განცხადების გამოქვეყნების თარიღი (ღია ტენდერისათვის) ან ტენდერის მონაწილეთათვის ოფიციალური მოსაწვევების დაგზავნის თარიღი (დახურული ტენდერისათვის).
9.2 სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას ადგენს ტენდერის მომწყობი ორგანიზაცია ან სატენდერო კომისია და მიუთითებს მას განცხადებაში ტენდერის მოწყობის შესახებ.
სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა შეიძლება გაგრძელდეს და ეს გადაწყვეტილება ვრცელდება ტენდერში მონაწილეობის ყველა მსურველზე.
9.3 სატენდერო წინადადებები მიიღება მხოლოდ დაბეჭდილ ორმაგ კონვერტებში. შიდა კონვერტში უნდა იყოს მოთავსებული სატენდერო წინადადება (შევსებული სატენდერო დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია სატენდერო წინადადებასთან), ხოლო გარე კონვერტში – 8.1 მუხლში
ჩამოთვლილი სხვა დოკუმენტაცია და საჭირო ახსნა-განმარტებები, პრეტენდენტის თანდართული წერილი (რომელშიც არ უნდა იყოს ნახსენები არავითარი ინფორმაცია სატენდერო წინადადების შესახებ) და საგარანტიო დეპოზიტის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარე კონვერტზე უნდა იყოს ნაჩვენები ტენდერის მომწყობი ორგანიზაციისა და პრეტენდენტის მისამართები.
9.4 სატენდერო წინადადებები იგზავნება შეკვეთილი გზავნილით ან ბარდება სატენდერო კომისიას ხელმოწერით. სატენდერო კომისიის უფლებამოსილი პირი აწარმოებს შემოსული წინადადებების რეგისტრაციას მათი შემოსვლის თარიღის ჩვენებით.
შემოსული სატენდერო წინადადების გარე კონვერტი იხსნება სატენდერო კომისიის უფლებამოსილი პირის მიერ შემოსვლისთანავე. თუ გარე კონვერტში მოთავსებული დოკუმენტები აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს, შიდა კონვერტი გაუხსნელად ინახება სპეციალურ სეიფში. გარე კონვერტში მოთავსებული დოკუმენტების არასრულყოფილების შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ მიიღება და შიდა კონვერტი გაუხსნელად უბრუნდება პრეტენდენტს.
სატენდერო კომისია უზრუნველყოფს შემოსული წინადადებების კონფიდენციალობის დაცვას.
9.5 სატენდერო წინადადებების მიღება წყდება დადგენილ ვადაში.
სატენდერო კომისია ადგენს კონვერტების გახსნის თარიღს და გახსნის პროცედურის რეგლამენტს. კონვერტების გახსნა ხდება შესაბამისი სატენდერო კომისიის სხდომაზე. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ განიხილება და უბრუნდება პრეტენდენტებს კონვერტების გაუხსნელად. სატენდერო წინადადებების მიღების შეწყვეტის შემდეგ ტენდერის მონაწილეებს არ შეუძლიათ თავის სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა.
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე ტენდერის დასრულებამდე გამოითხოვს თავის სატენდერო წინადადებას, მას საგარანტიო დეპოზიტი არ უბრუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადება არ იქნა მიღებული, გარე კონვერტში მოთავსებული დოკუმენტაციის არასრულყოფილების ან დაგვიანების გამო, მის წარმომდგენ პრეტენდენტს საგარანტიო დეპოზიტი უბრუნდება სრული მოცულობით.
9.6 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის საგნის არსიდან გამომდინარე საჭიროა შემოსული სატენდერო წინადადებების სპეციალისტების მიერ შესწავლა და მათი ექსპერტიზის ჩატარება, სატენდერო წინადადებების განხილვისა და შეფასების ვადებს ადგენს სატენდერო კომისია კონვერტების გახსნის შემდეგ, ხოლო თუ სატენდერო წინადადებების განხილვას ხანგრძლივი პერიოდი არ სჭირდება, მათი შეფასება ხდება
კონვერტების გახსნისთანავე. სატენდერო წინადადებების განხილვისას პირველ რიგში მოწმდება მათი გაფორმების სისწორე. სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ შეესაბამებიან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, არ განიხილება.
9.7 ტენდერში გამარჯვებულად შეიძლება გამოცხადდეს ერთი ან რამოდენიმე მონაწილე. გამრჯვებულების გამოცხადების შემდეგ ტენდერის მომწყობი ორგანიზაცია ან მის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა ორგანიზაცია აფორმებს გამარჯვებულებთან კონტრაქტებს. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მონაწილე უარს აცხადებს კონტრაქტის გაფორმებაზე მის სატენდერო წინადადებაში მოყვანილი პირობებით ან დამატებით აყენებს მიუღებელ პირობებს, კონტრაქტი ფორმდება მონაწილესთან, რომელმაც დაიკავა მომდევნო ადგილი. კონტრაქტის გაუფორმებლობის შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულს საგარანტიო დეპოზიტი არ უბრუნდება.
9.8 კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა ტენდერის მონაწილეებს (გამარჯვებულების გარდა) უბრუნდებათ საგარანტიო დეპოზიტები მოცემული დებულების 6.1 მუხლით დადგენილი პირობით. გადაწყვეტილება გამარჯვებულთა დეპოზიტების დაბრუნების შესახებ მიიღება ტენდერის მომწყობი ორგანიზაციის მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების მიმდინარეობიდან გამომდინარე.
9.9 სატენდერო კომისია აცხადებს ტენდერს არ შემდგარად, თუ სატენდერო წინადადებების მიღების ვადაში არ შემოვიდა ან მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო არ იყო მიღებული არც ერთი სატენდერო წინადადება.
9.10 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებების განხილვის შედეგად გამოვლინდება, რომ არცერთი სატენდერო წინადადება არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს და ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, ტენდერი ითვლება ჩატარებულად, მაგრამ უარყოფითი შედეგით და ტენდერის მონაწილეებს უბრუნდებათ საგარანტიო დეპოზიტები მოცემული დებულების 6.1 მუხლით დადგენილი პირობებით.
10. სატენდერო წინადადებების განხილვისა და გამარჯვებულთა გამოვლინების წესი
10.1 სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება ხდება სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.
სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილეობას ღებულობენ:
– სატენდერო კომისიის წევრები;
– მოწვეული ექსპერტები და კონსულტანტები.
ტენდერის მონაწილეთა წარმომადგენლები სატენდერო წინადადებების განხილვაზე არ დაიშვებიან.
საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას აქვს უფლება სატენდერო წინადადებების განხილვის პროცესში მოიწვიოს მონაწილეთა წარმომადგენლები მათი წინადადებების ახსნა-განმარტების მიზნით ან მოითხოვოს მათგან დამატებითი ინფორმაცია.
10.2 ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვის, შეფასებისა და მათი შინაარსის შესახებ გავრცელებას არ ექვემდებარება და არ ეცნობება პირებს, რომელნიც ოფიციალურად არ არიან დაკავშირებული ტენდერის ჩატარებასთან სატენდერო კომისიის წევრები და ტენდერზე მოწვეული ექსპერტები პასუხს აგებენ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვაზე.
10.3 სატენდერო წინადადებებში დაშვებული შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას ასეთი წინადადებების განუხილველად დატოვების ან მისი შემომტანი ორგანიზაციის წარმომადგენლების მოწვევის შესახებ.
10.4 სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლინება ხდება სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. ყურადღება ექცევა აგრეთვე სატენდერო წინადადებების ტექნიკურ, ორგანიზაციულ და კომერციულ უპირატესობებს და მონაწილეთა რეპუტაციას.
10.5 სატენდერო წინადადებების განხილვის შემდეგ სატენდერო კომისიის ყველა წევრი კენჭს უყრის ტენდერზე წარმოდგენილ წინადადებებს, მათი პრიორიტებების მიხედვით რანჟირების ან სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასების გზით.
სატენდერო წინადადებების განხილვაზე მოწვეულ ექსპერტებსა და კონსულტანტებს ხმის უფლება არ გააჩნიათ.
ტენდერში გამარჯვებულს (ერთ ან რამოდენიმე წინადადებას, თუ სახელმწიფო დაკვეთის სპეციფიკა ამის შესაძლებლობას იძლევა) ავლენს სატენდერო კომისია კენჭისყრის შედეგად მიღებული ხმების (ან ქულების) უმრავლესობის მიხედვით. სატენდერო კომისია ახდენს აგრეთვე ტენდერში მონაწილე წინადადებების საბოლოო რანჟირებას.
10.6 სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გამარჯვებულთა გამოცხადების შესახებ ფორმდება ოქმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
– სატენდერო კომისიის შემადგენლობა;
– სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირთა სია;
– კენჭისყრის შედეგები;
– სატენდერო წინადადებების რანჟირებული ნუსხა.
აღნიშნული ოქმი მტკიცდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მიერ.
10.7 სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულთა გამოცხადების შემდეგ გამარჯვებულსა და ტენდერის მომწყობ ორგანიზაციას (ან მის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ სხვა ორგანიზაციას) შორის ფორმდება კონტრაქტი,
10.8 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი მიჩნეული იქნება არ შემდგარად ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, მის მომწყობ ორგანიზაციას აქვს უფლება ხელმეორედ გამოაცხადოს იგივე ტენდერი.
10.9 პასუხისმგებლობა ტენდერის ჩატარებაზე ეკისრება მის მომწყობ ორგანიზაციას.
10.10 კონტროლს გაფორმებული კონტრაქტის პირობების შესრულებაზე ახორციელებს ტენდერის მომწყობი ორგანიზაცია.
პასუხისმგებლობა კონტრაქტის პირობების შესრულებაზე ეკისრება შემსრულებელს, ხოლო შესყიდვების ანაზღაურების ნაწილში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს.