საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 19.02.1998
ძალის დაკარგვა 12.06.2012
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №68/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).003.000192 24
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 26/02/1998
1,024 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.1998 მიღება
12.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №68/ო 1998 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ საქართველოში შექმნილმა რთულმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქალთა და ბავშვთა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რამდენიმე ათეული წელია მცირდება შობადობა, უარესდება დედათა და ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი; მცირდება ბუნებრივი ნამატი. გამოიკვეთა დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში ახალი ტენდენციები: მატულობს გართულებულ მშობიარობათა რიცხვი, ნაადრევი მშობიარობები, მკვდრადშობადობა. აღირიცხა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევები ექსტრაგენიტალური პათოლოგიების გამო. ბავშვთა ავადობისა და გარდაცვალების მიზეზებში დომინირებს ახალშობილობის პერიოდის პათოლოგიები; ამ ფონზე აუცილებელი გახდა დედათა და ბავშვთა ავადობისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებისა და სტრუქტურის ღრმად შესწავლა და ანალიზი როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე მის ცალკეულ მხარეებსა და რაიონებში. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გაუმჯობესების „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის“ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის გასაფართოებლად დასაბუთებული წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევების ღრმა და საფუძვლიანი განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1.0. შეიქმნას საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა დანართი №1-ის მიხედვით. 2.0. დამტკიცდეს საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის დებულება დანართი №2-ის მიხედვით. 3.0. დაევალოს მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ღუდუშაურს, უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომიტეტის ანგარიშის მოსმენა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში, ყოველ 6 თვეში. 4.0. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს აღნიშნულ საკითხზე, ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანების გამოცემამდე. 5.0. ბრძანება გავრცელდეს ქსელში და გამოქვეყნდეს გაზეთ „მედიცინაში“. 6.0. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად. ა. ჯორბენაძე დანართი №1 საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შემადგენლობა 1. ღუდუშაური მ. – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე (თავმჯდომარე); 2. დიდავა გ. – პათოლოგანატომი, თსსუ პათანატომიის კათედრის ასისტენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; 3. კინტრაია პ. – კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი; 4. მამალაძე ლ. – ქ. თბილისის №7 ქ/კონსულტაციის მთავარი ექიმი, სრულიად საქართველოს მედმუშაკთა დაცვის ასოციაციის „დედა და ბავშვი” პრეზიდენტი; 5. მანჯავიძე ნ. – თსსუ პედიატრიის კათედრის გამგე; 6. მეტრეველი ჯ. – თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე; 7. მერაბიშვილი ც. თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე; 8. ნემსაძე ქ. – ბავშვთა გადარჩენის“ სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი; 9. ნუცუბიძე ნ. – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 10. ჟვანია მ. – თსსუ პედიატრიის კათედრის გამგე; 11. ფავლენიშვილი ი. თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის კათედრის გამგე; 12. ფაღავა ყ – თსსუ პედიატრიისა და მოზრდილთა ჯანმრთელობის კათედრის გამგე; 13. ქორიძე – ქ. თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 14. ყაზახაშვილი ნ. – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 15. შიხაშვილი მ. – ქ. თბილისის №9 ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 16. ჭურაძე თ. – ი. ფაღავას სახ. პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი; 17. ჭილაძე ზ. – თბილისის სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე; 18. ხეროდინაშვილი შ. – „უსაფრთხო დედობის“ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის კოორდინატორი; 19. ხომასურიძე ა.– ი. იორდანიას სახ. ადამიანის გენერაციული ფუნქციის და რეპროდუქტოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი; დანართი №2 საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა ზოგადი ნაწილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისია (შემდგომში – ёკომისია”), წარმოადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოში მოქმედი კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, კანონქვემდებარე აქტებით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს დებულებით, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის დეპარტამენტის დებულებით. აგრეთვე სამინისტროს სხვა ნორმატიული დოკუმენტებით. კომისია თავის შემადგენლობაში აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, 19 წევრის შემადგენლობით. კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და მის გადაწყვეტილებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. კომისიის გადაწყვეტილებები მოქმედებაში მოდის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. კომისიის მიზნები და ამოცანები კომისიის ძირითად ამოცანას შეადგენს: – განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემდგომი შემცირებისათვის. – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს აღმოუჩინოს  კონსულტაციური დახმარება დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების საკითხებში. – შეისწავლოს საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობა, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის შესახებ ყველა სახის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებიდან, განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა. – საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის ანალიზის საშუალებით გამოავლინოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის უხშირესი მიზეზები, შეადგინოს სტრუქტურა და გამოიყვანოს ძირითადი მაჩვენებლები. – დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს რეკომენდაციები სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული სამსახურის სრულყოფის შესახებ. – მოამზადოს წინადადებანი „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის“ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის გაფართოების თაობაზე, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარებას და შეამცირებს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობას. – დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ღრმა ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს მეთოდური რეკომენდაციები და რჩევები პრაქტიკოს ექიმთათვის, ჯანდაცვის ორგანიზატორთათვის, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. – შეიმუშაოს პროგრამა და სასწავლო სემინარის ჩატარების გეგმა-გრაფიკი საქართველოს იმ რეგიონებისათვის, სადაც მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. – შექმნას მაღალკვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთა ბრიგადა და მიავლინოს დედათა და ბავშვთა პროფილაქტიკური გასინჯვების ჩასატარებლად საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. კომისიის უფლება-მოვალეობანი კომისიის უფლება-მოვალეობებია: – მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის შესახებ, ყველა სახის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებიდან, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა. – განიხილოს საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობა, მოამზადოს ანალიზი სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების სტრუქტურისა და შესაბამისი მაჩვენებლების აღნიშვნით. – შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად. – განიხილოს და გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ანალიზისა და მაჩვენებლების გამოყვანის თაობაზე, უზრუნველყოს მათი დაყვანა სამეანო-გინეკოლოგიურ და პედიატრიულ დაწესებულებებამდე. – დასვას საკითხი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის წინაშე საგანგებო სხდომის მოწვევისა და განსაკუთრებით მწვავე საკითხების განხილვის შესახებ. – დასვას საკითხი დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებთან ფუნქციონირების დროებით შეჩერების, დახურვის ან პროფილის შეცვლის შესახებ. – დასვას საკითხი სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელების, განყოფილების გამგეების ან რიგითი ექიმების დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის შესახებ. – მოითხოვოს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე მივლინება ან მათი რიგგარეშე ატესტაციაზე გატარება. – შეიმუშაოს რეკომენდაციები მეან-გინეკოლოგთა და პედიატრთა სასწავლო გაშუქების პროგრამებს და საატესტაციო ტესტებში იმ დაავადებების ღრმად გაშუქების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დედათა და ბავშვთა გარდაცვალების უხშირეს მიზეზს წარმოადგენს. – კომისიას უფლება აქვს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის შესწავლის დროს მოიწვიოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მიიღოს მათგან კონსულტაციები. – კომისიას უფლება აქვს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონში მიავლინოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან სპეციალისტთა ბრიგადა, რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. – კომისიას უფლება აქვს შეიკრიბოს თვეში ერთხელ – ყოველი თვის პირველ პარასკევს. – კომისიას უფლება აქვს მოიწვიოს საგანგებო რიგგარეშე სხდომა განსახილველი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე. – კომისიის სხდომა ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილებას ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი. – კომისიის გადაწყვეტილებები მოქმედებაში მოდის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. კომისიის შექმნა და ლიკვიდაცია – კომისია იქმნება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით. – კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. – კომისია უქმდება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით.