⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2000)
გაუქმებულია:

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.08.1998
ძალის დაკარგვა 15.03.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-368
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).003.000363 22
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 20/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
2,273 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.08.1998 მიღება
15.03.2000 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება N2-368 1998 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულება და ხარჯთა ნუსხა (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დღემდე მოქმედი დებულება (ბრძანება № 2-101, 18.06.96 წელი). 3. დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბ-მა გ. ჯიქიამ უზრუნველყოს დამტკიცებული დებულების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიაში არსებული წესით და მისი გამოქვეყნება პრესაში. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ვლადიმერ გვარჯალაძეს. მინისტრი ბ. გულუა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) შექმნილია „ვეტერინარიული მედიცინის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 19 აპრილის დადგენილების საფუძველზე და თავის საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესაბამისად. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა №15. 2. დეპარტამენტი არის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ქვეყანაში დარგის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიულ სახელმწიფო პოლიტიკასა და სახელმწიფო ვეტერინარიულ-ინსპექტორულ კონტროლს. 3. დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 5. დეპარტამენტს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 6. დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, დეპარტამენტის თანამდებობის პირს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა იმავდროულად, საჯარო სამსახურში. 7. დეპარტამენტის კომპეტენცია დადგენილია კანონით ან კანონის საფუძველზე კანონქვემდებარე აქტებით. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული. 8. დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „ვეტერინარიის შესახებ“, სხვა კანონების, კანონქვემდებარე აქტების ვეტერინარიული კანონმდებლობის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბრძანებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 9. დეპარტამენტის გამგებლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო ვეტერინარიული დაწესებულებები. 10. დეპარტამენტს, ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ წარმოადგენს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 11. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი და იგი ტარდება რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. 12. დეპარტამენტი იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, დეპარტამენტის დებულების შესაბამისად. 13. ვეტერინარიული მმართველობის სფეროში პოლიტიკის შემუშავების, ვეტერინარიული სტრატეგიის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისა და სისტემის სახელმწიფო ვეტერინარიულ უწყებებთან კოორდინირებული ქმედების მიზნით სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ქმნის სათათბირო ორგანოებს ვეტერინარიულ საქმეთა საბჭოს, ვეტერინარიულ-ფარმაკოლოგიურ კომისიასა და კოლეგიალურ ორგანოს საბჭოს, რომელთა შემადგენლობაში გარდა დეპარტამენტის სისტემის თანამშრომელი პირებისა შეიძლება მოწვეულ იქნან დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო აკადემიისა და საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები. 14. ვეტერინარიულ საქმეთა საბჭო, კოლეგიალური ორგანო - საბჭო და ვეტერინარიულ-ფარმაკოლოგიური კომისია მო ქმედი კანონმდებლობის თანახმად არიან სათათბირო ორგანოები და მათი გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. 15. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. II. დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის მიზანი 16. ცხოველების (ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადამდები და არაგადამდები სნეულებების თავიდან აცილება; დაავადების წარმოშობის შემთხვევაში - კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია. 17. ვეტერინარიულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოების ორგანიზაცია. 18. მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანთა საერთო დაავადებებისაგან. 19. საქართველოს ტერიტორიის დაცვა საზღვარგარეთიდან ცხოველების გადამდები დაავადებების ამღძვრელის შემოტანისა და გავრცელებისაგან. 20. „ვეტერინარიის შესახებ“ და „სასოფლო სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ვეტერინარიული კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარიულ-სანიტარიული კოდექსით, საქართველოს კანონმდებლობითა და ვეტერინარიული დარგის კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი. 21. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის დამამზადებელ, გადამამუშავებელ, შემნახველ და მარეალიზირებელ საწარმოებში ვეტერინარიულ- სანიტარიული მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი. 22 ბაზრებში და ბაზრობებზე ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტების ვეტერინარიულ-სანიტარიული ექსპერტიზის განხორციელება. 23. ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარიული პრეპარატების წარმოებასა და ხარისხზე კონტროლი. 24. ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულის, ფურაჟის და ვეტერინარიულ კონტროლქვემდებარე სხვა (მ.შ. ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, ვეტერინარიული პრეპარატების, საკვებდანამატების) საექსპორტო, საიმპორტო, სატრანზიტო ტვირთებზე ვეტერინარიულ-სანიტარიული კონტროლი. 25. ცხოველების დაავადებების პროფილაქტიკა, მკურნალობა, ინფექციურ, ინვაზიური და არაგადამდები დაავადებების ლიკვიდაცია და ამ საქმიანობის განხორციელებისადმი სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი. 26. ცხოველების (ფრინველის, თევზის, ფუტკრის) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის, მცენარეული საკვები პროდუქტების, ცხოველის საკვებისა და სასმელი წყლის ექსპერტიზა და ხარისხის განსაზღვრა. 27. საუწყებო და კერძო ვეტერინარიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. 28. ვეტერინარიულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოების უზრუნველყოფაზე ვეტერინარიული კონტროლი. 29. ცხოველების გადამდები, მასობრივი არაგადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა. 30. ეპიზოოტიური სიტუაციების განსაზღვრა, გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის, ასევე დეზინფექციების, დეზინსექციების, დეზაკარიზაციების, დერატიზაციების, დეზინვაზიების, სხვა ღონისძიებების ორგანიზაცია და კონტროლი მათ განხორცილებაზე. 31. მეცხოველეობის ფერმების, კომპლექსების, მეფრინველეობის ფაბრიკების, მეთევზობის ტბორების, ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების, ობიექტების, ცხოველების დასაწყურვებელი წყალსაცავებისა და სისტემების მშენებლობისათვის ადგილის შერჩევასა და სამშენებლო პროექტების ექსპერტიზის კომისიებში მონაწილეობის მიღება. 32. მეცხოველეობის ფერმების, ფაბრიკების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების მიმღებ სახელმწიფო კომისიაში მონაწილეობა, აგრეთვე ამ ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტა ვეტერინარიულ-სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში. 33. „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ვეტერინარიული კანონმდებლობით და საერთაშორისო ვეტერინარიულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული ნორმებისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით კანონით გათვალისწინებული სანქციების განხორციელება. 34. ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის შენარჩუნების საქმეში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის აუცილებელ სამუშაოთა კოორდინაცია და კონტროლი. 35. სახელმწიფო ვეტერინარიულ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის და განმტკიცებისათვის ხელშეწყობა. 36. ქვეყანაში ცხოველების განსაკუთრებით საშიში დაავადებების მიმართ ბუფერული ზონის შექმნის მიზნით ვეტერინარიული პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი. 37. ვეტერინარიული სამსახურის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრა. 38. დადგენილი წესით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვეტერინარიული საქმიანობის სუბიექტების აღრიცხვა, რეგისტრაცია, სერთიფიკაცია და ლიცენზირება. 39. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვეტერინარიული მომსახურების ერთიანი წესების და ნორმატივების შემუშავება, მათ შესრულებაზე კონტროლი; ხარისხიანი ვეტერინარიული მომსახურების უზრუნველყოფა დამტკიცებული წესებისა და ნორმების ფარგლებში. 40. ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონების (ქალაქების), ვეტერინარიული თვალსაზრისით, გაჯანსაღების პროგრამების შემუშავებისა და შესრულების კოორდინაცია და კონტროლი. 41. ვეტერინარიულ დაწესებულებათა სამკურნალო-პროფილაქტიკურ და ვეტერინარიულ-სანიტარიული ზედამხედველობის საქმიანობაზე კონტროლი. 42. დადგენილი წესით ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან საშიში გადამდები დაავადებების შემოტანის აღკვეთის მიზნით. 43. ქვეყნის შიგნით წარმოებულ, საექსპორტო, შიდა და სხვა სახის გადაზიდვებისას ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულის, ფურაჟის და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე (მ.შ. ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების) ტვირთებსა და მათ გადასაზიდ საშუალებებზე ვეტერინარული კონტროლი. 44. საქართველოში დამზადებული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების წარმოებასა და ხარისხზე კონტროლი, ასევე იმპორტული პრეპარატების რეგისტრაცია და ხარისხზე კონტროლი. III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 45. საქართველოში ვეტერინარული სამსახურის ორგანიზაცია. 46. ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება. 47. საქართველოს მთავრობაში განსახილველად ვეტერინარიულ სფეროში პერსპექტიულ, პრობლემატურ და საგანგებო საკითხებზე წინადადებების შეტანა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 48. ცენტრალური სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ვეტერინარიული ინსპექციების, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიული სამსახურების დებულებების, ეპიზოოტიური ღონისძიებების გეგმების განხილვა-დამტკიცება. 49. სამამულო ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარიული პრეპარატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გადატანის და გამოყენების ნებართვის გაცემა. 50. სამამულო ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, სხვა ვეტერინარული საშუალებების, საკვებ-დანამატების გამოყენების კონტროლის განხორციელება; ჯანმრთელი ცხოველებზე და მეცხოველეობის პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ხარისხზე აღნიშნული პრეპარატების მოქმედების განსაზღვრა და ამ პრეპარატებზე ტექნიკური დოკუმენტების გაფორმება დამტკიცება. 51. ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებების შემუშავება. 52. საკარანტინო-შემზღუდავი და სხვა სპეციალური ღონისძიებების შემუშავება და დამტკიცება. 53. შესაბამისი სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა წინაშე „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ვეტერინარიული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაში დამნაშავე თანამდებობის პირთა დისციპლინარული და სხვა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. 54. ვეტერინარიული საქმიანობის სამართალ-სუბიექტების რეგისტრაცია, ლიცენზირება და სერტიფიცირება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 55. საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და ყველა სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებებთან, აგრეთვე იურიდიულ და კერძო პირებთან იქონიოს დამოუკიდებელი მიმოწერა. 56. „საქართველოში ვეტერინარიულ-სანიტარიული ზედამხედველობის ნორმების" შემუშავება. 57. განახორციელოს ყველა ის უფლებამოსილებანი, რომელიც ენიჭება დეპარტამენტს „ვეტერინარიის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ვეტერინარიული კანონმდებლობით, „ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.  58. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ვეტერინარიული ქსელის მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულება. IV. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 59. დეპარტამენტის თავმჯდომარეს - საქართველოს მთავარ სახელმწიფო ვეტერინარ ინსპექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. 60. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილე. 61. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ დარგში. 62. დეპარტამენტის თავმჯდომარეს - ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ვეტერინარ ინსპექტორს - ჰყავს მოადგილე - სახელმწიფო ვეტერინარიული ინსპექციის უფროსი. 63. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. 64. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს საფინანსო-ეკონომიკურ დარგში და სახელმწიფო ვეტერინარიული ინსპექციის უფროსს - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მოადგილეს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით. 65. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის წინაშე დეპარტამენტის საქმიანობისთვის, ხოლო როგორც საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი, რომლის კომპეტენციაშიც შედის სახელმწიფო იძულების განხორციელება საქართველოს მთავრობის წინაშე. 66. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ დარგში და სახელმწიფო ვეტერინარიული ინსპექციის უფროსი, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის ქვეყნის მთავარი ვეტერინარი ინსპექტორის წინაშე. 67. დეპარტამენტის თავმჯდომარე - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი - საქართველოს კანონის „ვეტერინარიის შესახებ“ თანახმად, როგორც ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელი: ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის მმართველობას განეკუთვნება; ბ) წარმართავს დეპარტამენტისა და ქვეყნის ვეტერინარიული სახელმწიფო სამსახურების საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) ახორციელებს სამსახურეობრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დეპარტამენტის მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო, საუწყებო და კერძო ვეტერინარიულ დაწესებულებასა და დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „ვეტერინარიის შესახებ“ თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტისა და ვეტერინარიული ექსპედიციის მუშაკებს, ასევე დეპარტამენტის დაქვემდებარების სამსახურების ხელმძღვანელებს, მათ მოადგილეებსა და მთავარ (უფროსს) ბუღალტრებს; ე) შეაქვს წინადადება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ასიგნაციების გამოყოფის თაობაზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანმიმართულად შესრულებისათვის; ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს, დეპარტამენტის მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულებისადმი კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შესრულებას, აკონტროლებს მათ მიმდინარეობას და აწვდის ინფორმაციას მათ შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს; თ) ანგარიშს აწვდის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პერიოდულად დადგენილ ვადებში; ი) საქართველოს მთავრობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით წარუდგენს ინფორმაციას ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ ვეტერინარიული მუნიციპალური პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; კ) ათანხმებს საკითხს შესაბამისი დარგის სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან ან სამთავრობო დაწესებულებებთან თუ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა ეხება სხვა სამინისტროებს, დეპარტამენტებს ან სამთავრობო დაწესებულებებს. საკითხს სხდომაზე განსახილველად წარუდგენს „ეპიზოოტიებთან ბრძოლის საგანგებო სახელმწიფო კომისიას“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად; ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 68. დეპარტამენტის თავმჯდომარის - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის სამართლებრივი აქტები: ა) დეპარტამენტის თავმჯდომარე - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი გამოცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ გამოცემული ბრძანება არის ვეტერინარიის დეპარტამენტისა და მისი სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის უფლებააღმჭურველი ან ამკრძალავი აქტი; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს, თუ მასში არ არის მითითებული სხვა ვადა და დაუყოვნებლივ ეცნობება ან გადაეცემა პირადად დაინტერესებულ პირებს. 69. დეპარტამენტის თავმჯდომარე - საქართველოს მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტამენტის აპარატისა და დეპარტამენტს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო ორგანიზაცია-დაწესებულებების მეშვეობით. 70. დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებას უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ნაწილდება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებზე, სამმართველოებზე, განყოფილებებზე, სამსახურებსა და თითოეულ პასუხისმგებელ მუშაკზე. 71. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. 72. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს და სამსახურის ურთიერთობებს კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 73. დეპარტამენტის თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. 74. დეპარტამენტის უშუალო მმართველობის სფეროს განეკუთვნება დეპარტამენტის აპარატის ფუნქციური სამსახურები და მის დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო ორგანიზაცია-დაწესებულებები, რომლებიც დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული დებულების (წესების) საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, იღებენ გადაწყვეტილებებს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. 75. დეპარტამენტის თავმჯდომარე ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილის, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტების, სამხარეო, რაიონების (ქალაქის) ვეტერინარიის სამსახურების ხელმძღვანელების გადაწვეტილებებს, რომლებიც არ შესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებს და ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს. V. დასკვნითი დებულებები 76. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით. 77. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 78. „დეპარტამენტის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი. VI. ვეტერინარიის დეპარტამენტის აპარატის სტრუქტურა 79. სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექცია. 80. რეგულირებისა და რეფორმების მთავარი სამმართველო. - კანონშემოქმედებისა და ვეტსაქმის ორგანიზაციის სამსახური; - საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური; - ექსპრეს-საინფორმაციო მონიტორინგის სამსახური. 81. ეპიზოოტიებთან, ინვაზიური და არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლის ორგანიზაციისა და კონტროლის მთავარი სამმართველო. - ეპიზოტიებთან ბრძოლის ღონისძიებათა ორგანიზაციისა და კონტროლის სამსახური; - ინვაზიურ და არაგადამდებ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა ორგანიზაციისა და კონტროლის სამსახური; - ეპიზოოტიებთან ბრძოლის ვეტერინარული ექსპედიცია. 82. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობისა და სურსათის ხარისხის კონტროლის მთავარი სამმართველო. - ლიცენზირების სამსახური. 83. ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო. - კანცელარია; - კადრები; - კონტროლის სამსახური. 84. ბუღალტერია. VII. დეპარტამენტის სისტემის ქვესაუწყებო დაწესებულებათა ნუსხა 85. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტი და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები. 86. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტი და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები. 87. საქართველოს ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი და მისი სისტემის დაწესებულებები. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ვეტერინარული ლაბორატორიები; - სარაიონთაშორისო ვეტერინარული ლაბორატორიები; - რაიონული ვეტერინარული ლაბორატორიები. 88. ფრინველთა დაავადებების სპეციალიზირებული ვეტერინარიული ლაბორატორია. 89. ვეტერინარიული პრეპარატების სამეცნიერო-საკონტროლო ცენტრი. 90. სასაზღვრო-სატრანსპორტო სახელმწიფო ვეტერინარიულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველო და მისი სისტემის სამსახურები: - ცენტრალური დაქვემდებარების სასაზღვრო-საკონტროლო, სასაზღვრო-სატრანსპორტო საკონტროლო ვეტერინარიული სახელმწიფო ზედამხედველობის უბნები; - სადეზინფექციო გამრეცხი სადგური. 91. ქალაქ თბილისის ვეტერინარიის სამმართველო და მისი სისტემის სამსახურები: - ქალაქ თბილისის რაიონული ვეტერინარიული სამკურნალოები; - ქალაქ თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებში მოქმედი ვეტერინარიულ- სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიები. 92. ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სამხარეო ვეტერინარიული სამსახურები და მასში შემავალი რაიონების (ქალაქის) ვეტერინარიული სტრუქტურები. 93. ქალაქ ქუთაისის ვეტერინარიის სამმართველო, მასში შემავალი ქალაქის სახელმწიფო ვეტერინარიული სამსახურებით. 94. ქალაქ რუსთავის ვეტერინარიის სამმართველო, მასში შემავალი ქალაქის სახელმწიფო ვეტსამსახურებით. 95. ქალაქ ფოთის ვეტერინარიის სამმართველო, მასში შემავალი ქალაქის სახელმწიფო ვეტერინარიული სამსახურებით. 96. რაიონული (ქალაქის) ვეტერინარიული სადგურები და მისი სისტემის სამსახურები: - რაიონული ვეტერინარიული სადგურის საუბნო ვეტერინარიული სამკურნალოები, ვეტერინარიული (მ.შ. მომთაბარე) უბნები.