„საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 18.09.2018
ძალაში შესვლა 24.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოსთვის:
ნომერი №00-10
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016791 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“);
თანხმდებიან რა, მოლაპარაკებები გამართონ პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააფართოონ და გააძლიერონ საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა;
ითვალისწინებენ რა მსოფლიო პოლიტიკური კუთხით მომხდარ ცვლილებებს და აღიარებენ რა საკუთარი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ორმხრივი ნდობის სტაბილიზაციის თვალსაზრისით;
აცნობიერებენ რა, რომ ეფექტურმა თანამშრომლობამ შესაძლებელია მოითხოვოს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა;
სურთ რა, რომ შეიმუშაონ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესები, რომლებიც გავრცელდება საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ან მომცველი ნებისმიერი შეთანხმების ან დოკუმენტის და საიდუმლო კონტრაქტის მიმართ, რომლებიც მომავალში დაიდება ან გაიცვლება მხარეებს ან/და მხარეების კონტრაქტორებსა და ქვეკონტრაქტორებს შორის, ან რომლებიც დაიდო ან გაიცვალა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე;
ორმხრივად სცემენ რა პატივს საკუთარი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და ინტერესებს;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი და მოქმედების სფერო
1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც, მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად და რომლის გაცვლა ან შექმნა ხორციელდება მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში.
2. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ან მომცველი ნებისმიერი შეთანხმების ან დოკუმენტის და საიდუმლო კონტრაქტის მიმართ, რომლებიც მომავალში დაიდება ან გაიცვლება მხარეებს ან/და მხარეების კონტრაქტორებსა და ქვეკონტრაქტორებს შორის, ან რომლებიც დაიდო ან გაიცვალა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
მუხლი 2🔗
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
1. „საიდუმლო ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ ზეპირ ან წერილობით ინფორმაციას, მიუხედავად ინფორმაციის ჩაწერის ფორმისა/საშუალებისა, და ინფორმაციის შემცველ ნებისმიერ მატერიალურ საგანს ან დოკუმენტს, რომელიც, მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციად;
2. „საიდუმლო კონტრაქტი“ ნიშნავს მხარესა და კონტრაქტორს ან კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებულ კონტრაქტს (ქვეკონტრაქტს), რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ან რომლის საფუძველზე ასეთი ინფორმაცია იქმნება, გადამუშავდება ან ინახება;
3. „კონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს კონტრაქტების (ქვეკონტრაქტების) დადების უფლებამოსილებას, ან/და ნიშნავს საიდუმლო კონტრაქტის მხარეს, წინამდებარე შეთანხმების დებულებების თანახმად;
4. „საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება“ ნიშნავს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს გადაწყვეტილებას, რომ ფიზიკურ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას, მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
5. „საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება“ ნიშნავს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს გადაწყვეტილებას, რომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ობიექტს აქვს ფიზიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, გამოიყენოს და მართოს საიდუმლო ინფორმაცია, მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
6. „ინფორმაციის გაცნობის საჭიროება“ ნიშნავს პრინციპს, რომლის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირს, ვისაც აქვს ასეთი ინფორმაციის ცოდნის დადასტურებული საჭიროება, მის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მოხდა ინფორმაციის მიწოდება მიმღები მხარისათვის;
7. „მესამე მხარე“ ნიშნავს სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს;
8. „წარმომშობი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას აწვდის მიმღებ მხარეს;
9. „მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას იღებს წარმომშობი მხარისაგან;
10. „ვიზიტორები“ ნიშნავს ერთი მხარის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომლებსაც სჭირდებათ, საიდუმლო ინფორმაციის შემცველ საქმიანობაში ჩართულ, მეორე მხარის დაწესებულებებსა და შენობებში ვიზიტების განხორციელება.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან:
საქართველოსთვის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
ალბანეთის რესპუბლიკისთვის – საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატი (ეროვნული უსაფრთხოების ორგანო).
2. ორივე კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ, თითოეულმა საკუთარი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს, წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესში შექმნილი ან გადაცემული, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.
3. უსაფრთხოების ეკვივალენტური სტანდარტების მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით, შესაბამისმა კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული საკუთარი უსაფრთხოების სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის შესახებ.
4. მხარეებმა, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უნდა აცნობონ ერთმანეთს საკუთარ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების თაობაზე.
მუხლი 4🔗
საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტობა
1. საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს საიდუმლოობის ერთ-ერთი შემდეგი, ეკვივალენტური ხარისხი:
საქართველოსთვის:
ალბანეთის რესპუბლიკისთვის:
ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე:
განსაკუთრებული მნიშვნელობის
TEPËR SEKRET
TOP SECRET
სრულიად საიდუმლო
SEKRET
SECRET
საიდუმლო
KONFIDENCIAL
CONFIDENTIAL
შეზღუდული სარგებლობისათვის
I KUFIZUAR
RESTRICTED
2. გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა უნდა განისაზღვროს წარმომშობი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მიმღებმა მხარემ არ უნდა მოახდინოს საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება, და არ უნდა გამოიყენოს უფრო დაბალი საიდუმლოობის ხარისხი, წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა
1. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება, ან რომლებიც, შესაბამისი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან, გაეცნონ საიდუმლო ინფორმაციას.
2. მიმღები მხარე პასუხისმგებლობას იღებს, არ გადასცეს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეს, წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. მიმღებმა მხარემ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიანიჭოს დაცვის ისეთივე ხარისხი, რაც წარმომშობი მხარის მიერ მინიჭებული ხარისხის ეკვივალენტურია, მე-4 მუხლში მოცემული ეკვივალენტობის შესაბამისად.
4. მიმღებმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნისა, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული.
5. მიმღებმა მხარემ, საკუთარ სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა დაიცვას უფლებები, როგორიცაა საპატენტო, საავტორო უფლებები, ასევე, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოება, რომელსაც შეიცავს საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 6🔗
საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება
1. საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური და იურიდიული პირის დაშვების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი მხარის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ეფუძნებოდეს შემოწმების პროცედურების შედეგებს.
2. მხარეები აღიარებენ, მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებულ, საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ და იურიდიული პირის დაშვებებს.
მუხლი 7🔗
ვიზიტები
1. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, უნდა დაექვემდებაროს მასპინძელი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს წინასწარ თანხმობას. დაგეგმილ ვიზიტამდე, სულ მცირე, სამი კვირით ადრე, ერთი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ ვიზიტის თაობაზე უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს.
2. ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ვიზიტორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პასპორტის ან/და პირადობის დამასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
ვიზიტორის ეროვნება/მოქალაქეობა;
ვიზიტორის თანამდებობის დასახელება და იმ ორგანიზაციის სახელწოდება, რომელსაც ის წარმოადგენს;
ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება;
ვიზიტის მიზანი, შემოთავაზებული სამუშაო პროგრამა და დაგეგმილი თარიღი;
იმ ორგანიზაციებისა და ობიექტების სახელწოდებები, სადაც მოთხოვნილია ვიზიტის განხორციელება;
სხვა მონაცემები, თუ ეს შეთანხმებულ იქნა კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ.
3. მხარეების კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები დაამტკიცებენ იმ ვიზიტორების სიას, რომლებსაც თორმეტი თვის განმავლობაში შეუძლიათ განმეორებითი ვიზიტების განხორციელება, საიდუმლო კონტრაქტის შესრულების მიზნით. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები უშუალოდ შეათანხმებენ კონკრეტული ვიზიტების პირობებს.
4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს ვიზიტორების პერსონალური მონაცემების დაცვას, შესაბამისი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.
მუხლი 8🔗
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა
1. საიდუმლო ინფორმაცია, როგორც წესი, გადაიცემა დიპლომატიური არხებით, ან კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ წინასწარ შეთანხმებული სხვა არხებით.
2. მიმღებმა მხარემ წერილობით უნდა დაადასტუროს საიდუმლო ინფორმაციის მიღება.
3. მხარეებს საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ ელექტრონული საშუალებებით, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ ორმხრივად შეთანხმებული უსაფრთხოების პროცედურების შესაბამისად.
4. საიდუმლო ინფორმაციის დიდი ზომის ნივთების ან დიდი ოდენობის გადატანა წერილობით უნდა შეთანხმდეს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მუხლი 9🔗
საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება
1. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება ნებადართულია მხოლოდ ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის გათვალისწინებით. საიდუმლო ინფორმაციის დედნისა და თარგმანის/ასლის დაცვა თანაბრად უნდა განხორციელდეს. თარგმანის/ასლების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობი მხარის მიერ.
2. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა/გამრავლება ხორციელდება მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვების მქონე ფიზიკური პირების მიერ.
3. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/TEPËR SEKRET/TOP SECRET“ საიდუმლოობის გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ, და უნდა ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.
მუხლი 10🔗
საიდუმლო ინფორმაციის განადგურება და უკან დაბრუნება
1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს, თუ:
კრიზისული სიტუაციის დროს შეუძლებელია მისი დაცვა, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;
წარმომშობი მხარე მოითხოვს მის განადგურებას.
2. საიდუმლო ინფორმაცია ისე უნდა განადგურდეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი აღდგენა მთლიანად ან ნაწილობრივ. განადგურება უნდა განხორციელდეს მხარეების სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. წარმომშობ მხარეს განადგურების შესახებ უნდა ეცნობოს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ ორმხრივად შეთანხმებული არხებით.
4. მოთხოვნის შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაცია უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ მხარეს.
მუხლი 11🔗
დაკარგვა ან გამჟღავნება
1. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წარმომშობ მხარეს საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი დაკარგვის ან გამჟღავნების, ასევე, მისი შესაძლო დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ, და უნდა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.
2. მიმღებმა მხარემ წარმომშობ მხარეს უნდა გადაუგზავნოს გამოძიების შედეგები და ინფორმაცია იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა ასეთი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად. მიმღებ მხარეს შეუძლია წარმომშობ მხარეს მიანიჭოს გამოძიებაში მონაწილეობის მიღების უფლება.
მუხლი 12🔗
საიდუმლო კონტრაქტები
1. მხარემ, რომელსაც სურს საიდუმლო კონტრაქტის დადება მეორე მხარის სახელმწიფოში არსებულ კონტრაქტორთან/ქვეკონტრაქტორთან, ან რომელსაც სურს, უფლებამოსილება მიანიჭოს ერთ-ერთ საკუთარ კონტრაქტორს/ქვეკონტრაქტორს, საიდუმლო კონტრაქტის დასადებად საიდუმლო პროექტის ფარგლებში მეორე მხარის სახელმწიფოში, მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსაგან უნდა მიიღოს წინასწარი წერილობითი თანხმობა, რომ შემოთავაზებული შესაძლო კონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორი ფლობს საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის სათანადო დაშვებას.
2. კონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორის პასუხისმგებლობა, დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია, სულ მცირე, მოიცავს მის ვალდებულებას:
საიდუმლო ინფორმაცია გაუმჟღავნოს მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება, და რომლებსაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება;
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა განახორციელოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული საშუალებებით;
შეიმუშაოს პროცედურები და მექანიზმები, რითაც საკუთარ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს შეატყობინებს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით მისი საიდუმლოობის ხარისხის ცვლილების შედეგად, ან როდესაც საიდუმლო ინფორმაციის დაცვა აღარ არის აუცილებელი;
განსაზღვროს ერთ-ერთი მხარის პერსონალის მიერ მეორე მხარესთან ვიზიტების განხორციელების პროცედურები;
აცნობოს საკუთარ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი ფაქტობრივი, შესაძლო უნებართვო გაცნობის, ან უნებართვო გაცნობის მცდელობის შესახებ;
მიღებული საიდუმლო ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საიდუმლო კონტრაქტის შინაარსთან დაკავშირებული მიზნებისათვის;
დაიცვას მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები საიდუმლო ინფორმაციის განადგურებასთან დაკავშირებით.
3. ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის შესახებ შეტყობინება წინასწარ უნდა გადაეგზავნოს იმ მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს, სადაც სამუშაო უნდა შესრულდეს.
4. ნებისმიერი საიდუმლო კონტრაქტის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სექციის ასლი უნდა გადაეგზავნოს იმ მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს, სადაც სამუშაო უნდა შესრულდეს. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანო პასუხისმგებელია საიდუმლო კონტრაქტის შესრულებისთვის აუცილებელი ზომების განსაზღვრასა და ადმინისტრირებაზე.
მუხლი 13🔗
ხარჯები
თითოეული მხარე დაფარავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების განხორციელებასთან დაკავშირებით აღნიშნული მხარის მიმართ წარმოშობილ ხარჯებს, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 14🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით ან, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტის მიღწევა შეუძლებელია, მხარეთა სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გზით, და იგი არ უნდა გადაეცეს რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლო ორგანოს ან მესამე მხარეს.
მუხლი 15🔗
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეების მიერ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომელიც ადასტურებს მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მეორე მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, უნდა გაგრძელდეს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, ან უნდა განადგურდეს, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
3. წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასეთი ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, უნდა გაფორმდეს ცალკე დოკუმენტის სახით. ის ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2018 წლის 18 სექტემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ალბანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა
საბჭოს სახელით
(ხელმოწერლია)