საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების წესი“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №129
1996 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების წესი“
I. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების წესები შემუშავებულია საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საფუძველზე და არეგულირებენ ურთიერთობებს საყოფაცხოვრებო სფეროში მომხმარებლებსა და შემსრულებლებს შორის.
1.2. წინამდებარე წესები ვრცელდება ყველა იურიდიულ პირზე, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან მომსახურებას (სამუშაოს შესრულებას) საქართველოს ტერიტორიაზე.
გამონაკლისს წარმოადგენენ იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ასრულებენ სატვირთო გადაზიდვებს მოსახლეობისათვის, მოქალაქეთა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს, უწევენ მომსახურებას ლომბარდებსა და შესანახ საკნებს, აგრეთვე უწევენ მომსახურებას სავაჭრო ქსელში შეძენილ საქონელში ექსპლუატაციის საგარანტიო ვადებში გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად.
1.3. თუ შემსრულებელი მოქალაქეთა ინდივიდუალური შეკვეთით ტანსაცმლის, თავსაბურავების, ავეჯის, ტყავსაგალანტერიო, მეტალისა და სხვა ნაკეთობების დამზადებასთან ერთად ახორციელებს მომხმარებლის წინასწარი შეკვეთის გარეშე მასიური ან სერიული წარმოების წესით ნაკეთობების დამზადებას და მის შემდგომ რეალიზაციას მოსახლეობაზე, მაშინ მისი ურთიერთობა მომხმარებელთან (ნაკეთობათა ხარისხისადმი მოთხოვნების, გარანტიების, პასუხისმგებლობის ზომების და სხვათა ჩათვლით) დარეგულირდება საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 თავში დადგენილი წესით.
1.4. საწარმოები, რომლებიც გაწევენ მომსახურებას (შეასრულებენ სამუშაოებს), ვალდებულნი არიან ჰქონდეთ აბრა მათი საქმიანობის ორგანიზაციის ფორმისა და პროფილის, საფირმო დასახელების (თუ ასეთი გააჩნიათ), იურიდიული მისამართისა და სამუშაო რეჟიმის ჩვენებით.
ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია იმ ორგანოს დასახელებისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელმაც იგი გაატარა რეგისტრაციაში, აგრეთვე ინფორმაცია სტანდარტების შესახებ, რომლის აუცილებელი მოთხოვნები ვრცელდება გაწეულ მომსახურებაზე (შესრულებულ სამუშაოზე), მონაცემები მათი სერტიფიკაციის შესახებ.
1.5. შემსრულებელი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს მომხმარებელი ინფორმაციით თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი ფორმით გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოების) შესახებ, მომსახურების (სამუშაოს) ანაზღაურების ფორმისა და წესის შესახებ, იმ შემთხვევაშიც, თუ მომსახურება სრულდება საწარმოს მუდმივი ადგილსამყოფელის გარეთ - დროებით ნაგებობებში, მოძრავ-მიმღებ პუნქტებში, გამსვლელ ბრიგადებში და ა. შ.
საწარმოს შენობაში, სადაც წარმოებს შეკვეთების მიღება, ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს მომხმარებლისათვის მოხერხებულ ადგილას და აუცილებლად შეიცავდეს:
საქართველოში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებს;
საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონიდან (ამონაწერებს), ამონაკრებს;
მომსახურების (სამუშაოს) ძირითადი სახეობების და მათი გაწევის ფორმის ჩამონათვალს და აგრეთვე თანმხლებ და სხვა მომსახურებას (სამუშაოს) და მომსახურების ფორმებს მომხმარებლის სურვილით;
სტანდარტების დასახელებას, რომელთა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების (სამუშაოს) ხარისხი, აგრეთვე მომსახურების (სამუშაოს) საგარანტიო ვალდებულებებს;
პრეისკურანტებს (ამონაწერებს პრეისკურანტიდან) ან ფასებს შემოთავაზებული მომსახურების (სამუშაოს) სახეობებზე, აგრეთვე შემსრულებელის მიერ გამოყენებული მასალების სათადარიგო ნაწილების და ფურნიტურის (მათ ნიმუშებზე აღნიშნულ) ფასებს;
ლიცენზიას მოცემული მომსახურების (სამუშაოს) შესრულების უფლებაზე, თუ ლიცენზირება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
ვიტრინებს (მოდების ჟურნალები, ალბომები) მომხმარებლისათვის რეკომენდებული დასამზადებელი ნაკეთობების (შესასრულებელი სამუშაოების) ნიმუშებით (მოდელებით);
მომხმარებლისათვის შემსრულებლის მიერ შეთავაზებული მასალების და ფურნიტურის ნიმუშებს, რომლებსაც გამოიყენებენ მომსახურების (სამუშაოს შესრულების) გაწევის დროს;
ტიპიური ხელშეკრულებების, ქვითრების, ჟეტონების, ხელწერილების, ტალონების და სხვა დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც ამოწმებენ შემსრულებლის მიერ შეკვეთის მიღებას და მომხმარებლის მიერ მომსახურების (სამუშაოს) ანაზღაურებას;
მონაცემებს (განცხადებები) შემსრულებლის სამუშაო რეჟიმის, მისი იურიდიული მისამართის და ტელეფონის ნომრის შესახებ;
მონაცემებს შეღავათების და უპირატესობების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის.
თუ არასათანადო ინფორმაციის (არასწორი ან არასაკმარისად სრული) წარმოდგენამ მომსახურების (სამუშაოს) შესრულების შესახებ გამოიწვია;
მომსახურების გაწევა (სამუშაოს შესრულება), რომელსაც არ გააჩნია მომხმარებლისათვის აუცილებელი თვისებები - იგი უფლებამოსილია დაარღვიოს მოლაპარაკება და მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის ზიანის მიყენება - მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება სრული მოცულობით, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა.
II. მომსახურებაზე (სამუშაოზე) შეკვეთის მიღება და გაფორმება
2.1. შემსრულებელი იღებს შეკვეთას მომსახურებაზე (სამუშაოზე), რომელიც შეესაბამება მისი საქმიანობის პროფილს.
2.2. შეკვეთა მომსახურების გაწევაზე (სამუშაოს შესრულებაზე) ფორმდება ხელშეკრულებით (ქვითრით) ან დადგენილი ფორმის სხვა დოკუმენტით, რომელშიც ივსება მასში მითითებული ყველა რეკვიზიტი, შემსრულებლის იურიდიული მისამართი, დამკვეთის გვარი და ინიციალები, მისი ტელეფონი და მისამართი;
შეკვეთის მიღების თარიღი, შეკვეთის შესრულების დაწყების და დამთავრების ვადები, ავანსის თანხა (მთლიანი თანხა), შეკვეთის მიმღების და ჩამბარებლის ხელმოწერები;
მომსახურების (სამუშაოს) სახეობა, შემსრულებლისა და მომხმარებლის ნივთების სრული დასახელება, მათი ღირებულება და რაოდენობა, რომელიც საჭიროა მომსახურების გაწევისათვის (სამუშაოს შესრულებისათვის), რემონტში ჩასაბარებელი ნაკეთობის საქარხნო ნომერი;
სხვა რეკვიზიტები.
ნაკეთობის დამზადებაზე შეკვეთის მიღება წარმოებს მოდების ჟურნალებით ან ნიმუშებით, აგრეთვე მომხმარებლის ესკიზებით. ხელმოწერით დადასტურებული სურვილით შეიძლება შესრულდეს შემსრულებელთან შეთანხმებული გადახრებით ნაკეთობის დამზადება ნიმუშებიდან და ტექნოლოგიიდან, თუ ეს გადახრები არ ემუქრება მომხმარებლის უსაფრთხოებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე არ აყენებს ზიანს მის ქონებას.
შეკვეთები შეიძლება გაფორმდეს აგრეთვე ჟეტონის, ტალონის, საკასო ქვითრის გაცემით.
2.3. ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტის პირობები, რომლითაც ფორმდება შეკვეთა და საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ან წინამდებარე წესებთან შედარებით იწვევს მომხმარებლის უფლებების შელახვას, ითვლება ძალადაკარგულად.
თუ ხელშეკრულების პირობების გამოყენების შედეგად, რომლითაც ილახება მომხმარებლის უფლებები, მას მიაყენეს ზარალი, ის მთელი მოცულობით უნდა ანაზღაურდეს შემსრულებლის მიერ, მათ შორის ის ზარალიც, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის უფლებების დარღვევით (სამუშაოს) სახეობის თავისუფალი არჩევის დარღვევის შედეგად.
2.4. შემსრულებელს არა აქვს უფლება თავს მოახვიოს მომხმარებელს გარკვეულ ფასად ღირებული მომსახურების (სამუშაოს) დამატებითი სახეობები და აგრეთვე მომსახურების (სამუშაოების) ზოგი სახეობების შესრულების განპირობება სხვა სახეობების აუცილებელი შესრულებით. მომსახურების გაწევა (სამუშაოს შესრულება) სასწრაფო მომსახურების ფორმების გამოყენებით, (სწრაფი შესრულებისათვის დანამატის აღებით) თანმხლები მომსახურების გაწევით (აპრეტირება, ნივთების ჩრჩილსაწინააღმდეგო და სხვა დამუშავება მათი ქიმიური წმენდის დროს და სხვა) შეიძლება შესრულდეს შემსრულებლის მიერ მხოლოდ მომხმარებლის სურვილით.
მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს იმ თანხის დაბრუნება, რომელიც გადაახდევინეს დამატებითი მომსახურების (სამუშაოს) გაწევისათვის მისი თანხმობის გარეშე.
2.5. მომხმარებელი უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე (სამუშაოს შესრულებაზე) ყოველთვის, როცა გადაუხდის შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას და აუნაზღაურებს მას პირდაპირ ზარალს, რომელიც გამოწვეულია ხელშეკრულების დარღვევით.
შეკვეთის შესრულების (ან გაუქმების) შემდეგ, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მომხმარებელს ანგარიში მის მიერ გადახდილი მასალების ხარჯვის შესახებ და დააბრუნოს ნარჩენები, აგრეთვე შეცვლილი (შეუსწორებელი) კვანძები და დეტალები.
2.6. შემსრულებელი პასუხისმგებელია მომხმარებლის მიერ გადაცემული მასალების (ნივთის) სწორ გამოყენებასა და შენახვაზე. მომხმარებლისაგან მიღებული მასალის (ნივთის) სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია აუნაზღაუროს მომხმარებელს ზარალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
შემსრულებელი თავისუფლდება მომხმარებლისაგან მიღებული მასალის (ნივთის) მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის (დაზიანების) პასუხისმგებლობისაგან, თუ მომხმარებელი წინასწარ გაფრთხილებული იყო შემსრულებლისაგან მისი განსაკუთრებული თვისებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მისი დაკარგვა (დაზიანება). შემსრულებლის მიერ ამ თვისებების არცოდნა არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან.
შემსრულებელი ვალდებულია დროულად გააფრთხილოს მომხმარებელი:
მომხმარებლისაგან მიღებული მასალის (ნივთის) უხარისხობისა და გამოუსადეგრობის შესახებ;
იმის შესახებ, რომ მომხმარებლის მითითებების შესრულება და ამ უკანასკნელზე დამოკიდებული სხვა გარემოებები ემუქრება შესასრულებელი სამუშაოს ვარგისიანობას და გამძლეობას;
დამზადებული (გარემონტებული, დამუშავებული) ნაკეთობების ეფექტური და უსაფრთხო სარგებლობის პირობების და სხვა მომსახურების (სამუშაოს) შედეგების შესახებ.
შემსრულებელზე სხვა გარემოებათა არსებობის შესახებ, რომლებიც ემუქრებიან მომხმარებლისათვის გასაწევ მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ხარისხს.
თუ მომხმარებელი, მიუხედავად შემსრულებლის მხრიდან დროული და საფუძვლიანი გაფრთხილებისა, შესაბამის ვადებში არ შეცვლის გამოუსადეგარ და უხარისხო მასალას, არ შეცვლის მეთოდებს სამუშაოს შესრულების ხერხების შესახებ ან არ უზრუნველყოფს სხვა გარემოებების მოცულობას, რომლებიც ემუქრება მის ვარგისიანობას და გამძლეობას, შემსრულებელი უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
თუ შემსრულებელმა არ გააფრთხილა მომხმარებელი მასალის (ნივთის) უხარისხობისა და უვარგისობის, მომხმარებლის მითითებების შესრულების შეუძლებლობის, სამუშაოს შესრულების მეთოდების და აგრეთვე სხვა შემსრულებლისაგან დამოუკიდებელ გარემოებათა არსებობის შესახებ, რომლებიც ემუქრება მის ხარისხიანობას და ვარგისიანობას და არ მიუთითა ამის შესახებ დადგენილი ფორმის დოკუმენტში, მას აკისრია პასუხისმგებლობა შეკვეთის არასათანადო შესრულებაზე.
2.7. ხელშეკრულების (ქვითრის) ან სხვა დოკუმენტის, რომლითაც ფორმდება შეკვეთა, დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ შემსრულებელს.
ამ შემთხვევაში აღნიშული ნაკეთობა გაიცემა მომხმარებლის წერილობითი განცხადების საფუძველზე პასპორტის ან სხვა მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით.
III. მომსახურების გაწევა (სამუშაოს შესრულება)
3.1. შემსრულებელი უზრუნველყოფს:
წინასწარ დადგენილი სამუშაო რეჟიმის დაცვას;
სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევას (სამუშაოს შესრულებას), რომელიც შეესაბამება სტანდარტების აუცილებელ მოთხოვნებს, მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ჩვეულებრივ წაყენებულ მოთხოვნებს და აგრეთვე ინფორმაციას გასაწევი მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) შესახებ;
დამზადებული (გარემონტებული) ნაკეთობების, მათი ექსპლუატაციის დადგენილი ვადის განმავლობაში და სხვა გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) უსაფრთხოებას.
სტანდარტებით გათვალისწინებულ ვადებში საგარანტიო ვალდებულებების შესრულებას დამზადებულ (გარემონტებულ) ნაკეთობებზე, შენობებსა (საცხოვრებელზე) და სხვა სამუშაოებზე. ეს ვადები აითვლება შეკვეთის (სამუშაოს) დამთავრებისა და მომხმარებლისათვის გადაცემის დღიდან.
3.2. შემსრულებელი ვალდებულია გაწიოს მომსახურება (შეასრულოს სამუშაო) ხელშეკრულებით განპირობებულ ვადებში. შეკვეთის შესრულება გადაიანგარიშება შესრულების მიღების კალენდარული თარიღის შემდეგი დღიდან. თუ შეკვეთის ვადის დაწყება და დამთავრება ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ეს ვადა აითვლება მომდევნო სამუშაო დღიდან.
მომსახურების მომხმარებლის ბინაზე გაწევისას ან სხვა ადგილას (მაგალითად საბაღე ნაკვეთზე) შემსრულებელი უზრუნველყოფს მუშაკის გამოცხადებას მომხმარებელთან შეთანხმებულ დროზე, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია შეუქმნას საჭირო პირობები მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად).
მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) ვადა შეიძლება განისაზღვროს თარიღით (დროის პერიოდით), როცა ის უნდა იყოს გაწეული (შესრულებული), აგრეთვე თარიღით (დროის პერიოდით), როცა შემსრულებელი უნდა შეუდგეს მის გაწევას (შესრულებას). თუ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მომსახურება (სამუშაო) გაიწევა (შესრულდება) ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულების მოქმედების ვადებში, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს მისი გაწევის (შესრულების) შესაბამისი კერძო ვადები (პერიოდები).
3.3. მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) ვადების დარღვევის ან შეკვეთის არადროული მიღების შემთხვევაში მომხმარებლის და შემსრულებლების უფლებები:
ა) თუ შემსრულებელი დროზე არ შეუდგება შეკვეთის შესრულებას ან მისი შესრულების დროს გამოირკვევა, რომ შეკვეთა ვერ შესრულდება დადგენილ ვადებში, აგრეთვე შეკვეთის შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია თავისი არჩევანით:
დაუნიშნოს შემსრულებელს ახალი ვადა, რომლის განმავლობაშიც შემსრულებელი უნდა შეუდგეს შეკვეთის შესრულებას;
დაავალოს შეკვეთის შესრულება სხვა პირს შემსრულებლის ხარჯზე;
მოითხოვოს მომსახურების (სამუშაოს) გადასახადის შემცირება;
დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება;
ბ) დანიშნული ახალი ვადები, რომელშიც შემსრულებელი უნდა შეუდგეს შეკვეთის შესრულებას (ან შეასრულოს იგი) მიეთითება ხელშეკრულებაში.
ახლად დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში (ერთ თვეზე მეტი) მომხმარებელი უფლებამოსილია წარუდგინოს სხვა მოთხოვნები, დადგენილი წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით;
გ) ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, თუ შემსრულებელი დროულად არ შეუდგა შეკვეთის შესრულებას ან ასრულებს მას იმდენად ნელა, რომ მისი ვადებში შესრულება შეუძლებელი ხდება, შემსრულებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მისი ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან გასწია მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) პროცესში, აგრეთვე უკვე გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) ღირებულების ანაზღაურება. მომხმარებლის განცხადებით მას უბრუნდება შეტანილი ავანსი (მთლიანი თანხა) და მისი ნაკეთობა, მასალა, ნედლეული;
დ) შეკვეთის შესრულების დაწყების ან დამთავრების დადგენილი ვადების, აგრეთვე წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომხმარებლის მიერ დადგენილი ახალი ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი უხდის პირგასამტეხლოს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
დადგენილ ვადებში, შეკვეთის შეუსრულებლობის დროს, პირგასამტეხლოს გადახდის გარდა მომხმარებელს უნდა დაუბრუნდეს მთელი მოცულობით დანამატი სწრაფი შესრულებისათვის, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.
ე) ხელშეკრულებით დამზადებული ნაკეთობის მისაღებად მომხმარებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილია ექვსი თვის შემდეგ, ხელშეკრულებით მომხმარებლისათვის ნაკეთობის ჩაბარების დღიდან და შემდგომი მისი ორჯერ წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაყიდოს ნაკეთობა დადგენილი წესით, ხოლო ამოგებული თანხა (შემსრულებლისათვის გადასახადი ყველა თანხის გამოკლებით) შეიტანოს სანოტარო კანტორის დეპოზიტზე მომხმარებლის სახელზე;
ვ) წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის მოთხოვნები დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, თუ შემსრულებელი დაამტკიცებს, რომ შეკვეთის შესრულების ვადების დარღვევა მოხდა დაუძლეველი ძალის შედეგად ან მომხმარებლის მიზეზით.
3.4. მომხმარებლის უფლებები შესრულებულ შეკვეთაში ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში:
ა) გაწეულ მომსახურებაში (შესრულებულ სამუშაოში) აღმოჩენილი ნაკლოვანებების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია თავისი არჩევნით მოითხოვოს:
გაწეულ მომსახურებაში (შესრულებულ სამუშაოში) ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა;
გაწეულ მომსახურებაზე (შესრულებულ სამუშაოზე) ანაზღაურების შესაბამისი შემცირება;
ერთგვაროვანი მასალით იმავე ხარისხის სხვა ნაკეთობის უსასყიდლოდ დამზადება ან სამუშაოს განმეორებითი შესრულება (რეცხვა, ქიმწმენდა), ან გაწეული ხარჯების ანაზღაურება ნაკლოვანებების თავისი საშუალებებით გამოსასწორებლად მისი ან მე-3 პირის მიერ.
მომხმარებელი უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, თუ დადგენილ ვადაში გაწეულ მომსახურებაში (შესრულებულ სამუშაოში) ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული შემსრულებლის მიერ. მომხმარებელი აგრეთვე უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება, თუ მან აღმოაჩინა არსებითი ნაკლოვანებები გაწეულ მომსახურებაში (შესრულებულ სამუშაოში) ან სხვა არსებითი გადახრები ხელშეკრულების პირობებიდან. ამ დროს ხელშეკრულების დარღვევის მომხმარებლის წერილობითი განცხადების საფუძველზე ხელშეკრულების დარღვევა მიზეზების მითითებითა და ხელშეკრულების წარდგენით. მომხმარებლისათვის ფულის, აგრეთვე ნედლეულის და მასალების დაბრუნება ხდება შემსრულებლის ხარჯზე.
ბ) წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია მომხმარებლის მიერ წარედგინოს შეკვეთის მიღებისას, ან მისი შესრულების მსვლელობაში ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში, ხოლო თუ შეკვეთის მიღებისას ნაკლოვანებების აღმოჩენა შეუძლებელია, საგარანტიო ვადების პერიოდში ან (თუ იგი არ არსებობს) - ექვსი თვის მანძილზე შეკვეთის მიღების (სამუშაოს შესრულების) დღიდან.
მოთხოვნები შენობაში ან სხვა უძრავ ქონებაში არსებული ნაკლოვანების საბაბით, რომლის გამოვლენა შეუძლებელი იყო სამუშაოს მიღებისას, შეიძლება წარედგინოს ნაკლოვანებების აღმოჩენის მომენტში საგარანტიო ვადის განმავლობაში, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - სამუშაოს მიღების დღიდან ორი წლის მანძილზე.
3.5. მომსახურების (სამუშაოს) ნაკლოვანებები, გამოვლენილი მისი გაწევისას (შესრულებისას) უნდა გამოსწორდეს შემსრულებლის მიერ, მომხმარებლისაგან დადგენილ ვადებში.
შეკვეთის ჩაბარების დროს მომხმარებლის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს ოცი დღის ვადაში, თუ ხელშეკრულებით (მხარეთა შეთანხმებით) არ არის შეკვეთის მიღებისას დადგენილი უფრო მოკლე ვადა.
მომხმარებლის მიერ დადგენილი (ან მხარეთა შეთანხმებით) ნაკლოვანებათა გამოსწორების ვადა ფიქსირდება ხელშკრულებაში ან მხარეების ხელმოწერით სხვა დოკუმენტში.
წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ ნაკლოვანებათა გამოსწორების ვადების დარღვევისათვის შემსრულებელი ვალდებულია გადაუხადოს მომხმარებელს პირგასამტეხლო წინამდებარე წესების 3.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.
IV. გაწეული მომსახურების (შესრულებელი სამუშაოს) ანაზღაურების წესი და ფორმა
4.1. გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) ანაზღაურების ფორმა განისაზღვრება მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის შეთანხმებით.
4.2. მომსახურება (სამუშაო), აგრეთვე შეკვეთის შესრულების დროს გამოყენებული მასალების, დამხმარე ნაწილების და ფურნიტურის ღირებულება ნაზღაურდება მომხმარებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.3. ხელშეკრულების დადებისას მომხმარებლის მიერ მთლიანად ანაზღაურდება მომსახურება (სამუშაო):
რომელიც სრულდება მომხმარებლის თანდასწრებით, აგრეთვე თვითმომსახურების მეთოდით (ყველა სახის მომსახურებაზე, სამუშაოზე);
კინოფოტოლაბორატორიების და ფოტოლაბორატორიების, საწარმოებისა, რომლებიც ემსახურებიან რიტუალურ და საზეიმო ღონისძიებებს;
საჩუქრების, სუვენირების და სხვა ნაკეთობების გადაგზავნისას, მიტანისას, შესყიდვისას;
ტრიკოტაჟის ნაწარმის ქსოვისას, ტანსაცმლის ჭრა-კერვისას, სურათების გადაღების შესწავლისას;
საიუველირო ნაწარმის სინჯის დადებისას;
აბანოებისა და საშხაპეების;
ტვირთების მიტანისას და საშუამავლო მომსახურებისას;
ავეჯის დამზადებისა და რემონტის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობის და რემონტის, ფეხსაცმლის დამზადების, მსხვილი რემონტის და განახლების, ტრიკოტაჟის და სამკერვალო ნაწარმის დამზადებისა და შეკეთებისათვის მომხმარებელი იხდის ავანსს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილით მთლიანად გადაიხადოს მისთვის გასაწევი ნებისმიერი მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) ღირებულება ხელშეკრულების დადებისას.
4.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე შეიძლება შედგეს მყარი ან მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა. შემსრულებელი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სამუშაოს და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რომელიც არ არის შესული მყარ ხარჯთაღრიცხვაში, თუ მომხმარებელმა არ მისცა თანხმობა მის წარმოებაზე ან არ დაევალა შემსრულებელს ასეთი სამუშაოების შესრულება.
თუ გაჩნდება აუცილებლობა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდისა, მაშინ შემსრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააფრთხილოს ამის შესახებ მომხმარებელი.
ამ შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება და აუნაზღაუროს შემსრულებელს მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე გაწეული ხარჯები, რომელიც განისაზღვრება პირვანდელი ხარჯთაღრიცხვით. თუ შემსრულებელმა არ გააფრთხილა მომხმარებელი მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო და მოითხოვოს ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება.
4.5. შემსრულებლის მასალა, რომელიც გამოიყენება შეკვეთის შესრულების დროს, ხელშეკრულების დადებისას, მთლიანად ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ (ან ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით, საბოლოოო ანგარიშსწორებით შესრულებული სამუშაოს მომხმარებლისათვის გადაცემისას), თუ შემსრულებლის მასალებით ანგარიშსწორების სხვა წესი არ არის გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმებებში.
მასალა შეიძლება შეთავაზებულ იქნეს განვადებით გადახდით, შემსრულებლის მიერ ფასის შემდგომი ცვლილება არ იწვევს მიწოდებულ მასალაზე ღირებულების გადაანგარიშებას.
V. კონტროლი
5.1. წინამდებარე წესის დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
5.2. ამ წესის დაცვის შესამოწმებლად შეიძლება მოწვეულნ იქნენ სპეციალისტები, აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5.3. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელწმიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა