საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1028
სარეგისტრაციო კოდი
010330000.22.027.017514
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1028

2024 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის

დამტკიცების შესახებ


„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „რ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე




საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) უწყებრივი ჯილდოთი (შემდგომ − უწყებრივი ჯილდო) თანამშრომელთა დაჯილდოების პირობებსა და პროცედურას.

2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის  საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და მიღწეული შედეგების აღიარება-დაფასება.

მუხლი 2. უწყებრივი ჯილდო

სამინისტროს უწყებრივი ჯილდოა „იუსტიციის მედალი“ (დანართი №1).

მუხლი 3. დასაჯილდოებელი პირი

„იუსტიციის მედლით“ ჯილდოვდება სამინისტროს სისტემის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი, ანდა სხვა ნებისმიერი პირი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის:

ა) განსაკუთრებული ან/და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის;

ბ) სამინისტროს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

მუხლი 4. დაჯილდოების წესი

1. გადაწყვეტილებას უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით მინისტრს კანდიდატურას (კანდიდატურებს) წარუდგენს კომისია, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილისა (კომისიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეებისგან შედგება.  

3. კომისიას დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურას (კანდიდატურებს) შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს კომისიის წევრი, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. წარდგინებაში აღინიშნება დასაჯილდოებლად წარდგენილი პირის სახელი და გვარი, სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან ტერიტორიული ორგანო და თანამდებობა (თანამშრომლის შემთხვევაში), მოქალაქეობა, შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის ხანგრძლივობა (თანამშრომლის ან ყოფილი თანამშრომლის შემთხვევაში), ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დაჯილდოების საფუძველი და დასაბუთება.

4. მინისტრისთვის დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურის (კანდიდატურების) წარდგენის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. აღნიშნული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც ერთვის დაჯილდოების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის პროექტს.

5. მინისტრი უფლებამოსილია კომისიის წარდგინების გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება პირის დაჯილდოების შესახებ.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს აწარმოებს და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

მუხლი 5. ჯილდოს გადაცემა  

1. დაჯილდოებულ პირს უწყებრივ ჯილდოს გადასცემს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.

2. უწყებრივ ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე (დანართი №3).

3. დაჯილდოების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი ან ამონაწერი ინახება დაჯილდოებული თანამშრომლის პირად საქმეში.

მუხლი 6. ჯილდოს მიმართ მოპყრობის წესი

1. აკრძალულია ჯილდოდ გადაცემულ მედალზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა.

2. მედლის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაჯილდოებული პირი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ან სამსახურებრივი ელფოსტის საშუალებით აცნობოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

3. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაჯილდოებულ პირს ჯილდო განმეორებით არ გადაეცემა.

4. დაჯილდოებულ პირს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება ჩამოერთვას ჯილდო, თუ გამოვლინდა მის მიმართ უღირსი ან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ან მისი დაზიანება გამოწვეული იქნება ამგვარი ქმედებით.

5. ჯილდოს შენახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.


📎 დანართები (3)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო – „იუსტიციის მედალი“

I. მედლის გრაფიკული გამოსახულება

II. მედლის აღწერილობა

ავერსი წარმოადგენს მრგვალ, ვერცხლის მედალიონს, რომლის ცენტრში ვერცხლის ველზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, გერბის ქვემოთ სევადით (შავი) წარწერა – „იუსტიციის სამინისტრო.“ მედალიონს გარს შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) არშია ვერცხლის (თეთრი) წარწერით „სამინისტროს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

რევერსი წარმოადგენს მრგვალ, ვერცხლის მედალიონს. მედალიონი ვერცხლის „ვაზის წნულის“ ორნამენტის დეტალით (საკიდი) უკავშირდება ბაფთას.

ბაფთა – ლივლივა, ლაჟვარდის (ლურჯი) ფერის, შუაში (ვერცხლის) თეთრი ზოლით, კიდეებიდან თანაბარი დაშორებით ლაჟვარდის ზოლზე ჩამოუყვება ორი მეწამული (წითელი) წვრილი ზოლი; რევერსის ბაფთაზე საკიდი – ორსარჭიანი „პეპელა“.

თამასა – ლივლივა, ლაჟვარდის (ლურჯი) ფერის, შუაში (ვერცხლის) თეთრი ზოლით, კიდეებიდან თანაბარი დაშორებით ლაჟვარდის ზოლზე ჩამოუყვება ორი მეწამული (წითელი) წვრილი ზოლი.

ნორმატიული-აქტი-3

დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი „იუსტიციის მედალი“ დასაჯილდოებლად

წარდგინების ფორმა

დასაჯილდოებლად წარდგენილი პირის სახელი და გვარი სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ქვედანაყოფი (ტერიტორიული ორგანო) და თანამდებობა (თანამშრომლის შემთხვევაში) მოქალაქეობა შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის ხანგრძლივობა (თანამშრომლის ან ყოფილი თანამშრომლის შემთხვევაში) დაჯილდოების საფუძველი და დასაბუთება
ნორმატიული-აქტი-4

დანართი №3

C:\Users\zabashvili\Desktop\ჯ ი ლ დ ო\ბრძანების პროექტი 2024\საერტიფიკატი გ.jfif