ელექტრო ენერგიის მოხმარების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 22.05.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(2).003.000294 14
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 09/06/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ელექტრო ენერგიის მოხმარების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №27
1998 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
ელექტრო ენერგიის მოხმარების დროებითი წესების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 703-ის საფუძველზე და მათ შესასრულებლად სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირების ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათბობ-ენერგეტიკული სექტორის შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საერთო დანიშნულების ელექტრულ ქსელებში ელექტრული ენერგიის ხარისხის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
ბ) სითბური ენერგიის გაცემის აღრიცხვის წესები;
გ) ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები;
დ) სითბური ენერგიით სარგებლობის წესები;
ე) ელექტროგადაცემის 110-500 კვ ხაზებზე დაზიანების განსაზღვრის ტიპობრივი ინსტრუქცია;
ვ) მშენებარე და ექსპლუატაციაში მყოფი ელექტრო-ენერგეტიკული ობიექტების კაშხლებზე ნატურული დაკვირვებები და კვლევები;
ზ) ელექტროენერგეტიკული ობიექტების ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპერტიზის ჩატარების, განხილვისა და დამტკიცების წესები;
თ) ჰიდროტექნიკური ბეტონი. ჰიდროტექნიკური ცემენტი. შემვსები მასალები. ბეტონის სამუშაოების მიღება ტექნიკური მოთხოვნები;
ი) წყალსაცავების დაპროექტების ძირითადი დებულებები. გარემოს დაცვა;
კ) მცირე ჰესების სასრული სიმრავლის შექმნის სარგებლიანობის განსაზღვრა;
ლ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები. დაპროექტების ძირითადი საკითხები;
მ) ნავთობსა და გაზზე გეოლოგიურ საძიებო სამუშაოთა მეთოდიკა;
ნ) ნავთობისა და გაზნავთობის საბადოების დამუშავების წესები;
ო) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების მშენებლობის ერთიანი წესები;
პ) საქართველოს ტერიტორიაზე ჭაბურღილების მშენებლობის პროექტირებისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავების, შეთანხმებისა და დამტკიცების წესები;
ჟ) ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების გამოცდის შედეგების ოპერატიული დამუშავების მეთოდიკა;
რ) საქართველოს ნავთობის საბადოებზე მომუშავე ჭაბურღილების ჰიდროდინამიკური კვლევის წესები;
ს) საქართველოს ნავთობგაზმომპოვებელ ობიექტებზე ნავთობის ტექნოლოგიური დანაკარგების განსაზღვრის მეთოდური მითითებანი;
ტ) ნავთობის მიღებისა და ჩაბარების წესები;
უ) ნავთობის მოპოვების ოპერატიული აღრიცხვის წესები;
ფ) ძირითადი დებულებანი შრომის დაცვის სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ ნავთობმომპოვებელ მრეწველობაში;
ქ) მაგისტრალური გაზსადენებით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას ტექნოლოგიური დანაკარგების ნორმატივი.
2. კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტს (თ. ინაშვილი) დაევალოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უზრუნველყოს სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ნორმატიული დოკუმენტების იუსტიციის სამინისტროში სახელწმიფო რეესტრში შეტანა და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება.
3. სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. სექანია) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში, თანახმად არსებული კანონისა.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი თ. გიორგაძე
ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები
დწ 1.06-97
ოფიციალური გამოცემა
მოქმედებს 1998 წლის 20 ივნისიდან
თბილისი
1998
დწ 1.06-97 ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები/ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო - თბილისი:
„ენერგია“, 1998, 42 კვ.
სავალდებულოა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ყველა მწარმოებლისა და მომხმარებლისათვის სახელმძღვანელოდ.
დამუშავებულია საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საერთო ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ (გ. ჯავახაძე - სამუშაოს ხელმძღვანელი, შ. ზარანდია, ლ. ჯმუხაძე), სახელმწიფო კომპანია „საქენერგოგენერაციასთან“ (შ. მაისურაძე, გ. ბეჟანიშვილი, ბ. ჭუმბურიძე, გ. გოგოლაძე, ე. დიხამინჯია) ერთად.
რეცენზენტი: მ. ლეჟავა
რედაქტორი: მ. ქანდარია
წინამდებარე დარგობრივი წესები წარმოადგენს ელექტროენერგიის მოხმარების დროებით სავალდებულო წესებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სარგებლობისთვის. დოკუმენტის საფუძველს შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ელექტროენერგეტიკის შესახებ და სხვა საკანომდებლო აქტები. ელექტროენერგიით სარგებლობის წესები საქართველოში პირველად დამუშავდა და ეკონომიკური რეფორმების დასრულებამდე შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შეიცვალოს ეროვნული მეურნეობის რესტრუქტურიზაციით გამოწვეული ცვლილებების გათვალისწინებით.
1. საერთო ნაწილი
1.1. ელექტროენერგიით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
1.2. ელექტრული ენერგიით სარგებლობის წინამდებარე წესები ამყარებს ურთიერთობებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და აბონენტს (მომხმარებელი) შორის და განსაზღვრავს პირობებს ენერგომომარაგების ხელშეკრულებისათვის.
1.3. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციები მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების თანაბარი არადისკრიმინაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარუდგენს ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების წლიურ ბალანსს კვარტლების მიხედვით და ელენერგიის მიწოდების პირობებს. თუ ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს მომხამრებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას მათი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინ იგი გამოაცხადებს ელექტროენერგიის დაგეგმილ დეფიციტს, დამტკიცებულს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და ელექტრო-ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ.
1.4. წინამდებარე წესები სავალდებულოა ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროდანადგარების საკუთრების ფორმის მიუხედავად.
2. ურთიერთობები ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის
2.1. მომხმარებლების ელექტროდანადგარების ქსელში მიერთების ტექნიკური პირობები
2.1.1. არსებული საწარმოებისა და ახალი მომხმარებლების ელექტროდანადგარების ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ქსელში მიერთება ხორციელდება განაცხადის საფუძველზე.
განაცხადის შეტანა შეუძლია ელექტროენერგიის უშუალო მომხმარებელს დამკვეთს ან საპროექტო ორგანიზაციას, რომელიც აპროექტებს კონკრეტულ ობიექტს.
ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ვალდებულია განიხილოს განაცხადი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება 30 დღის განმავლობაში.
2.1.2. განაცხადი, რომელსაც ხელს აწერენ დამკვეთის ან მისი საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ობიექტის დასახელებას, რომლის ელექტრომომარაგებისათვის მოითხოვება სიმძლავრე;
ბ) ობიექტის საანგარიშო სიმძლავრეს;
გ) ობიექტის განლაგების ადგილს, საჭიროების შემთხვევაში სიტუაციური გეგმის დანართით;
დ) ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში შეყვანის ვადებს;
ე) ელექტრომომარაგების საიმედოობაზე წაყენებულ მოთხოვნებს;
ვ) განსაკუთრებულ პირობებს (მოთხოვნებს ელექტროენერგიის ხარისხზე მიერთების წერტილში და ელექტროენერგიის ხარისხზე მისაერთებელი ელექტროდანადგარის გავლენას ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ქსელზე ელექტროენერგიით ობიექტის გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების საჭირო ნებართვას და ა. შ.)
2.1.3. ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას, ცალკეულ შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს დამკვეთისაგან ან საპროექტო ორგანიზაციისაგან დამატებითი მონაცემები, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი სიმძლავრის დასაბუთების დასაზუსტებლად.
2.1.4. ტექნიკური პირობები მომხმარებლების ელექტროდანადგარების მიერთებაზე ელექტრომომმარაგებელი ორგანიზაციების ქსელებზე ფორმდება მომხმარებლების ელექტროდანადგარების ახალი ან დამატებითი სიმძლავრეების მიერთების ტექნიკური გაფორმების წესების შესაბამისად.
2.2. მომხმარებლების ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება
2.2.1. მომხმარებლების ყველა ახალი მისაერთებელი და რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარები უნდა იყოს შესრულებული „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების“, სამშენებლო ნორმებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად; უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საპროექტო, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციით და პასუხობდეს წინამდებარე წესების მოთხოვნებს.
2.2.2. ახლად დამონტაჟებული ან რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებამდე, მათ უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური მდგომარეობის მიღება-ჩაბარების გამოცდები და მომხმარებლების მიერ მიღებული უნდა იქნეს მოქმედი წესების შესაბამისად შედგენილი აქტები. ამის შემდეგ მომხმარებული წარუდგენს სახელწმიფო ენერგოზედამხედველობისა და ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს საპროექტო, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციას, აგრეთვე ელექტროდანადგარის დასათვალიერებლად და ექსპლუატაციაში გასაშვებად.
ენერგეტიკული ზედამხედველობის ინსპექტორი 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ყველა ელექტროდანადგარს ათვალიერებს უკლებრივ, ხოლო 1000 ვ-მდე შერჩევით.
2.2.3. ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების წესები ვრცელდება აგრეთვე გადამყიდველებისა და სუბაბონენტების ახლად დამონტაჟებულ ელექტროდანადგარებზეც.
2.2.4. ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე არის მომზადებული ელექტროტექნიკური პერსონალი ან ლიცენზიით აღჭურვილ სპეციალიზირებულ ორგანიზაციის წარმომადგენელთან გაფორმებულია ხელშეკრულება მომხმარებლის ელექტრომეურნეობის მომსახურებაზე.
ყველა შემთხვევაში აუცილებელია ელექტრომეურნეობაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა.
2.2.5. თუ მომხმარებლის ახლად დამონტაჟებული ელექტროდანადგარი (ქვესადგური, ქსელი) გადაეცემა ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას ბალანსზე ან მომსახურებაზე, სამონტაჟო ორგანიზაციიდან გადმობარებას ობიექტის მიღებას მომხმარებელი აწარმოებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან ერთად.
2.2.6. ელექტოდანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ელექტროდანადგარების შესაბამისი ტექნიკური ზედამხედველობა და მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ საწარმოსა და ორგანიზაციას, ვის საკუთრებასაც წარმოადგენს ელექტროდანადგარი.
2.2.7. ახალი ელექტროდანადგარებისთვის მუშა ძაბვის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმებულია დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებისა და საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაყენება-გამოცდის აქტები და ელექტრომომარაგების ხელშეკრულება.
საცხოვრებელი სახლების ელექტრომოწყობილობის ელექტროქსელზე ჩართვას ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა სჭირდება სათანადო სერტიფიკატი.
2.2.8. სეზონურად მომუშავე გამაჯანსაღებელ კერებში, დასვენების ზონებში, ბაზებში და ა. შ. მომხმარებლის ელექტოდანადგარები ყოველწლიურად უდნა იქნეს წარდგენილი სეზონურ დათვალიერებებზე ექსპლუატაციაში გასაშვებად სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის ინსპექტორთან, ამასთან მას უნდა წარედგინოს მოწყობილობის რევიზიისა და გამოცდის ოქმები.
2.3. ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია
2.3.1. ელექტროდანადგარების ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობის საზღვარი მომხმარებელსა და ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას შორის დგინდება მათი საბალანსო კუთვნილების მიხედვით და ფიქსირდება ხელშეკრულებაზე დართული „მხარეთა ელექტროქსელებისა და საექსპლუატაციო პასუხისმგებლობის საბალანსო კუთვნილების გამიჯვნის აქტით ელექტროქსელების საბალანსო კუთვნილების
საზღვარზე, საკონტაქტო მინაერთების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, თუ ის სხვანაირად არ არის შეთანხმებული ხელშეკრულებით.
2.3.2. ელექტროდანადგარების მდგომარეობისა და მომსახურების საექსპლუატაციო პასუხისმგებლობის საზღვრად მომხმარებელსა და ელექტრომომმარაგებელ ორგანიზაციას შორის 1000 ვოლტამდე ძაბვის დროს დგინდება:
ა) საჰაერო განშტოებისათვის შენობაზე ან მილსადგარზე განლაგებული პირველი იზოლატორები;
ბ) საკაბელო შემყვანზე შენობაში შეყვანილი მკვებავი კაბელის დაბოლოებები.
საყოფაცხოვრებო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და სხვა არასაწარმოო მომხმარებლების საკუთრებაში მყოფ შენობებში ელექტროქსელების საბალანსო კუთვნილების საზღვარზე საკონტაქტო შეერთების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებს.
ამ პუნქტში მითითებული საბალანსო კუთვნილების საზღვრებს შეუსაბამობის შემთხვევაში, ისინი შეიძლება განისაზღვროს უშუალოდ ხელშეკრულებაში.
2.3.3. 1000 ვ და ზემოთ ძაბვის ელექტროდანადგარების მდგომარეობისა და მომსახურებაზე პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება მკვებავი და გამავალი ხაზების საკაბელო და საჰაერო შემყვანების დაბოლოებაზე.
ა) დახურული გამანაწილებელი მოწყობილობიდან გამომავალ იზოლატორთან მის მიერთებაზე;
ბ) ღია ქვესადგურიდან ---à სახაზო პორტალზე გირლიანდის იზოლატორებთან მიერთებაზე;
გ) ა და ბ ქვეპუნქტებში აღნიშნული საკონტაქტო მონაკვეთის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანიზაციას, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ქვესადგურების გამანაწილებელ მოწყობილობას.
1000 ვ და ზევით განშტოებების (ყრუ ან გამთიშველის საშულებით) მქონე ელექტროგადამცემი ხაზების, რომელებიც მიეკუთვნება სხვადასხვა ორგანიზაციას, საექსპლუატაციო პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება ძირითადი ხაზის საყრდენზე, სადაც ხდება განშტოება. მისაერთებელი მომჭერების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანიზაციას, რომლის გამგებლობაში იმყოფება ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზი. შეიძლება დადგინდეს პასუხისმგებლობის სხვა დასაბუთებული საზღვარი, რომელიც განისაზღვრება ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის თავისებურებებით ან სარელეო დაცვის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის ან სხვა მოწყობილობებით.
2.3.4. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გამგებლობაში მყოფი ელექტროდანადგარების ტექნიკურად გამართულსა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე; მომხმარებლების ქვესადგურებზე დაყენებული ავტომატური სიხშირული განტვირთვის მოწყობილობისა და სხვა სასისტემო ავტომატიკის მოვლა-პატრონობაზე; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტრომოხმარების რეჟიმის დაცვაზე მომხამრებლის ელექტროდანადგარების ელექტროენერგიის ხარისხზე დასაშვები გავლენის გადაჭარბებაზე ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ქსელებზე მიერთების წერტილში, მოქმედი წესების შესაბამისად ოპერატიული დისციპლინის დაცვაზე და აგრეთვე სახელწმიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის მიწერილობების დროულ შესრულებაზე. მომხმარებელს (აბონენტს) შეუძლია გადასცეს თავისი ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის ფუნქციები სხვა, საკუთრების ფორმისაგან განურჩევლად სპეციალიზირებულ ორგანიზაციას, რომელიც ხელშეკრულებით იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედი წესები. ამასთან მომხმარებელს არ ეხსნება წინამდებარე წესებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის პასუხისმგებლობა.
2.3.5. აბონენტის გამანაწილებელ მოწყობილობასა და სატრანსფორმატორო ქვესადგურებზე (ჯიხურებზე) მიერთებული ელექტროგადამცემი ხაზის, რომლითაც ელექტროენერგია ტრანზიტით მიეწოდება ელექტრომომმარაგებელი ორგანიზაციის სხვა მომხმარებელს, შეკეთება გამოყვანა და მისი შეკეთების შემდეგ ჩართვა წარმოებს მხოლოდ ელექტრომომმარაგებელ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.
ამ სამუშაოების შესრულების ვადები, ხანგრძლივობა, და სხვა პირობები ფორმდება ხელშეკრულებით.
2.3.6. ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში განსაკუთრებული სპეციფიკური პირობების არსებობისას, რომლებიც არ არის მთლიანად ასახული ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესებში, აბონენტი ვალდებულია შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუქციები ან ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დამატებითი წესები. ამასთან, ეს წესები უნდა შეთანხმებულ იქნეს საქართველოს სახელწმიფო ენერგოზედამხედველობის ორგანოებთან, ხოლო ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ წესებს ამტკიცებს, უნდა შექმნას საუწყებო ენერგოზედამხედველობები და მიიღოს სათანადო ლიცენზია.
2.4. მომხმარებლის ელექტროდანადგარებზე სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობა
2.4.1. მომხმარებლების ელექტროდანადგარებს, მათი საუწყებო დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისაგან განურჩევლად, ზედამხედველობას უწევს სახელწმიფო ენერგოზედამხედველობის ორგანო.
2.4.2. ენერგეტიკული ზედამხედველობის სახელწმიფო ორგანო მოქმედებს სამსახურებრივი დებულების საფუძველზე, საქართველოს კანონებისა და უწყებრივი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.4.3. პირს, რომელიც ახორციელებს სახელწმიფო ენეგროზედამხედველობას, გააჩნია ყველა მომხმარებლის ელ. დანადგარებთან შეუზღუდავი მისვლის უფლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს მათი საუწყებო დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმების მიუხედავად.
ენერგეტიკული ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორებს აქვთ ერთიანი ფორმის პირადობის მოწმობა.
ელექტროენერგიის მომხმარებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი (მფლობელი) ვალდებულია გააცნოს თავის საექსპლუატაციო პერსონალისა და დაცვის ქვედანაყოფების მუშაკებს მოწმობის ნიმუში.
2.4.4. სახელწმიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის განხორციელება არ ათავისუფლებს სამინისტროებს, უწყებებს, სააქციო საზოგადოებებსა და სხვა ორგანიზაციებს მათ დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისა და ორგანიზაციების ელექტროდანადგარების ტექნიკური მდგომარეობისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლის მოვალეობისაგან, ამ წესებითა და სხვა ნორმატული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე.
2.5. ელექტროენერგიის აღრიცხვის საანგარიშო ხელსაწყოების დაყენება და ექსპლუატაცია
2.5.1. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციებიდან მიღებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორებისათვის მომხმარებლების ელექტროდანადგარები ანგარიშსწორებისათვის, ელექტროდანადგარები აღჭურვილი უნდა იქნეს აღრიცხვის ხელსაწყოებით (მრიცხველებით).
2.5.2. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციების, აგრეთვე აბონენტების ქსელებთან ელექტროდანადგარების მიერთება, თუ მათ არ გააჩნიათ ანგარიშსწორების, აღრიცხვის ხელსაწყოები, იკრძალება.
2.5.3. თუ ელექტრომომარაგების ერთი წყაროდან იკვებება ელექტროენეგიის სხვადასხვა სატარიფიკაციო ჯგუფის მომხმარებელი, აღრიცხვის ხელსაწყოები უნდა დაიდგას ყველა სატარიფო ჯგუფებზე ცალ-ცალკე.
2.5.4. აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები, მათ შორის აქტიური და რეაქტიული ენერგიისა და სიმძლავრის მრიცხველები, შემკრები მოწყობილობები, აღრიცხვის ავტომატური გაზომვის სისტემები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი ხელსაწყოები უნდა დაიდგას იმ ჩამონათვალის შესაბამისად, რომელიც შეტანილია გამზომ ხელსაწყოთა სახელმწიფო რეესტრში და გააჩნია სათანადო სერტიფიკატი.
აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტროდანადგარების მოწყობის მოქმედი წესების შესაბამისად.
ასეთი მოთხოვნა თანაბრად ვრცელდება ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სამამულო და იმპორტული წარმოების ტექნიკურ საშუალებებზე.
2.5.5. დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურების მიზნით საცხოვრებელი სახლების თითოეული ბინისათვის უნდა დაიდგას არანაკლებ ერთი ელექტრომრიცხველი.
ინდივიდუალური მრიცხველების გარდა საცხოვრებელ სახლებში დამატებით უნდა დაიდგას ელექტროენერგიის საერთო მოხმარების მრიცხველები (სადარბაზოსა და ეზოს განათება, ლიფტი, წყლის ტუმბო და სხვა ელექტროფიცირებული მოწყობილობები).
შენიშვნა: მხარეთა შეთანხმებით ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციას შეუძლია ანგარიშსწორება აწარმოოს ცალკეულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან ან სხვა სუბიექტთან.
2.5.6. საანგარიშსწორებო ელექტრომრიცხველებს, მათ შორის, ელექტრონულს, ასევე ელექტროენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვის სხვა საშუალებებს (შემკრები საშუალებები, კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემები, წინასწარ გადახდის მრიცხველები და სხვა), რომლითაც წარმოებს დახარჯულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება ელექტრომომმარაგებელ ორგანიზაციებთან, იძენს და ამონტაჟებს ელექტრომომხმარებელი. აღნიშნული ხელსაწყოები მომხმარებლის მიერ შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას ბალანსსა და მომსახურებაზე. გამზომი ტრანსფორმატორებისა და მეორადი წრედების, მათ შორის, საანგარიშსწორებო აღრიცხვის ხელსაწყოების, კავშირგაბმულობის ავტომატიზირებული სისტემების მკვებავი ხაზების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანიზაციებს, რომელთა ბალანსზეც ირიცხება ელექტროდანადგარები.
2.5.7. უფრო რთული სატარიფო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში (დროით დიფერენცირება, ბლოკური და ა.შ.), როცა საჭიროა ადრე დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების ორმხრივი შეცვლა, საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნებართვით შესაძლებელია აღრიცხვის ხელსაწყოების შეცვლასთან დაკავშირებული თანხები შეტანილ იქნეს მომმარაგებელ ორგანიზაციის საექსპლუატაციო დანახარჯებში.
2.5.8. ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო აღრიცხვის ხელსაწყოებს (მრიცხველებს0 მომხმარებელი იძენს და აყენებს საკუთარი სახსრებით.
მხარეთა ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში საანგარიშსწორებო აღრიცხვის ხელსაწყოები შეიძლება გაცემულ იქნეს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ბალანსზე თუ ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია არ არის თანახმა მიიღოს ბალანსზე აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები, მომხმარებლის მოთხოვნით მათი მომსახურების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ.
2.5.9. საანგარიშსწორებო აღრიცხვის ხელსაწყოების მომსახურება შეიძლება იკისროს ენერგომომმარაგებელმა, ან აბონენტის მიერ შერჩეულმა ნებისმიერმა სხვა ორგანიზაციამ, რომელსაც ექნება აღნიშნული სამუშაოთა წარმოების ლიცენზია (ნებართვა).
2.5.10. საცხოვრებელ სახლებში (გარდა პირად საკუთრებაში მყოფი სახლებისა) მოსახლეობის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან საანგარიშსწორებო ელექტრომრიცხველებს (ბინებსა და საერთო დანიშნულების ადგილებში) იძენენ და აყენებენ.
- ახალაშენებულ სახლებში - სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციები;
- რეკონსტრუქციაზე მყოფ სახლებში-დაკვეთები ან სამუშაოს შემსრულებლები.
2.5.11. პრივატიზირებულ ბინებში მცხოვრები მოქალაქენი ელექტრომრიცხველებს იძენენ, ამონტაჟებენ და ექსპლუატაციას ახორციელებენ საკუთარი სახსრებით. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია მრიცხველების გადაცემა ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციების ბალანსზე ხელშეკრულებით.
2.5.12. აქტიური და რეაქტიური ენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვის ხელსაწყოებს, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელ საშუალებებს ზედამხედველობას უწევს და ემსახურება მომხმარებელი ან ხელშეკრულებით გადასცემს პ. 2.5.9. თანახმად.
2.5.13. ელექტროენერგიის აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოსა და სისტემებს, საკუთრების მიუხედავად, საქართველოს სტანდარტიზაციის დეპარტამენტი საკონტროლო შემოწმებას უტარებს შეთანხმებული გრაფიკით.
2.5.14. აღრიცხვის ხელსაწყოებისა და სისტემების დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში აღრიცხვის სისტემის აღდგენა და საკონტროლო შემოწმებების ჩატარება უნდა განხორციელდეს იმათი სახსრებით, ვის ბალანსზეცაა ხელსაწყოები.
2.5.15. აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცვა და მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობის პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ორგანიზაციებსა და სუბიექტებს, რომელთა ბალანსზე რიცხულ შენობებსა და სათავსოებში დაყენებულია აღნიშნული ხელსაწყოები.
2.5.16. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, დერეფნებში, სარდაფებსა და სხვა ადგილებში, საერთო დანიშნულების ელექტროენერგიის აღრიცხვის (ხელსაწყოების), დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მათზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ სუბიექტებს, რომელთაც სახელშეკრულებო პირობებით დავალებული აქვთ ზედამხედველობა.
2.5.17. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის მრიცხველები ბინებშია დაყენებული, ბინის მფლობელი ვალდებულია ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელსაც გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შესაძლებლობა მისცეს დაათვალიეროს, აიღოს ანათვალი და შეამოწმოს მრიცხველის მუშაობის რეჟიმი.
2.5.18. ელექტროენერგიის მომხმარებლების აქტიური და რეაქტიული ენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვა წარმოებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებთან საბალანსო ფონდების გამიჯვნის ზღვარზე დაყენებული აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოებით.
2.5.19. თუ აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები დაყენებულია პ. 2.5.18. მოთხოვნისაგან განსხვავებით, ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ტექნოლოგიური ხარჯები (დანაკარგები) უნდა ანაზღაურდეს იმ ორგანიზაციის მიერ, რომლის ბალანსზე ირიცხება შუალედური დამაკავშირებელი ელექტროქსელი. მრიცხველებით აღურიცხავი ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა ხდება ენერგომიმწოდებლისა და მომხმარებელი ორგანიზაციის მიერ ურთიერთშეთანხმებით მომხმარებლებთან მიერთებულ სუბაბონენტზე ელექტროენერგიის გადაცემის ტექნოლოგიური ხარჯები ნაწილდება დახარჯული ენერგიის პროპორციულად.
2.5.20. ელექტროენერგიის ტრანზიტით გატარებისა და სხვა მომხმარებლებზე მიწოდების შემთხვევაში დანაკარგების ანგარიში და მისი განაწილების პროპორციები დგინდება რეგიონალურ ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებთან ურთიერთშეთანხმებით და ფორმდება ხელშეკრულებებით.
2.5.21. ელექტროენერგიის აღრიცხვის ყველა საანაგრიშსწორებო ხელსაწყოები და საშუალებები აღჭურვილ უნდა იქნეს საქართველოს სტანდარტიზაციის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმის ბრჯენებით, ხოლო აღრიცხვის ხელსაწყოების, პერიოდული სახელწმიფო შემოწმება უნდა განხორციელდეს ამავე დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გრაფიკით.
2.5.22. ელექტროენერგიის აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოების მკვებავი ძაბვის ტრანსფორმატორების ამძრავი მექანიზმები, აღრიცხვის ხელსაწყოებზე მიერთებული გამტარების შემკრები ყუთები, ჯგუფური კარადები უნდა იქნეს დაცული და ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციების ლუქებით აღჭურვილი. აღრიცხვის ხელსაწყოების მკვებავი დენის ტრანსფორმატორებს დაბოლოებებზე უნდა გაუკეთდეს სპეციალური ლუქსამაგრები.
2.5.23. გამზომი ტრანსფორმატორების დატვირთვების შეცვლა, მის წრედებში ყველა სახის სამუშაოების წარმოება, სადენების შეცვლა, სადენების ბოლოების გადართვები და სხვა სახის ოპერაიები შეიძლება ჩატარდეს ელექტრომომმარაგებელ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, რისთვისაც სამუშაოს მწარმოებელის წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უდნა იქნეს გაცემული სამუშაოზე დაშვების ნებართვა.
აღრიცხვის ხელსაწყოების შეკეთების პერიოდში დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა უნდა განხორციელდეს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და მომხმარებლებს შორის წინასწარი შეთანხმებით.
2.5.24. ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებელს მათი სურვილის მიხედვით უფლება აქვს მოთხოვნილი ელექტროენერგიის აღრიცხვა და მასზე ანგარიშსწორება აწარმოოს წინასწარი გადახდის მრიცხველებით ან ავტომატიზირებული აღრიცხვის სისტემით, რომლებიც აღჭურვილია:
- მომხმარებელი და ანაზღაურებული ელექტროენერგიის მოცულობების საინფორმაციო სისტემით;
- წინასწარ გადახდილი ელექტროენერგიის ლიმიტის ამოწურვის შეტყობინების ხმიანი და მნათი სიგნალების სისტემით;
- წინასწარ დაპროგრამებული ხანმოკლე კრედიტების ზღვრული ვალების სასიგნალო სისტემით;
- ავტომატური გამოთვლის სისტემით;
- ავტომატური ჩართვის სისტემით, რომელიც მოქმედებს აბონენტის მიერ ხანმოკლე კრედიტის დაფარვისა და წინასწარგადახდილი შენატანის გაფორმების შემდეგ და სხვა.
2.5.25. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციები, რომლებმაც მომხმარებლისაგან დროულად და რეგულარულად უნდა მიიღოს დახარჯული ელექტროენერგიის ტარიფით დადგენილი თანხები, ვალდებულია ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით შექმნას საკმარისი რაოდენობის ფულის მიმღები სალაროები, რომლებიც იმუშავებენ მომხმარებლისთვის ხელსაყრელი რეგლამენტით.
ელექტროენერგიის სისტემათა შორის გადიდების აღრიცხვის პირობები
2.5.26. ელექტროენერგიის სისტემათაშორისი გადადინება პირობითად იყოფა ორ ნაწილად: სახელმწიფოთაშორისო კავშირის სისტემად (სისტემათაშორისი) და შიგა სისტემურ კავშირებად (შიგასასიტემო).
2.5.27. ელექტოერენერგიის სისტემათაშორისო გადადინებად ითვლება სახელწმიფო კომპანია „საქენერგოს“ ელექტროქსელებისა და მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემების გამიჯვნის ზონაში გატარებული ელექტროენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხული მოცულობები.
„საქენერგოს“ ქსელების მეზობელ ქვეყნებთან შემაერთებელი ელექტროხაზები იწოდება სისტემათაშორის ელექტროგადამცემ ხაზებად.
2.5.28. ელექტროენერგიის სისტემათაშორისი გადადინების აუცილებლობას განაპირობებს სისტემების მდგრადობის გაუმჯობესებისა და ხელსაყრელი კომერციული ურთიერთობების ინტერესები.
2.5.29. სხვადასხვა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის პარამეტრები დგინდება სახელშეკრულებო პირობებით.
სისტემათაშორისო ხაზების შემაერთებელ ორივე მხარეზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა დაიდგას სიზუსტის ერთი და იმავე კლასის ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოები.
სისტემათაშორისი ხაზების ორივე მხარეს დაყენებული აღრიცხვის სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს „ელექტროდანადგარების მოწყობის წესებით“ გათვალისწინებულ საერთაშორისო მოთხოვნებს.
2.5.30. სისტემათაშორის ხაზებზე ელექტროენერგიის დანაკარგები უნდა დადგინდეს მრიცხველების ჩვენებების სხვაობით, თუ სისტემათაშორისო ხაზი ეკუთვნის ერთზე მეტ მესაკუთრეს, მაშინ ელექტროენერგიის დანაკარგებს იყოფენ ხაზის მფლობელები შეთანხმებით.
2.5.31. სისტემათაშორის ხაზებზე დაყენებულ აღრიცხვის ხელსაწყოებს სახელწმიფო კონტროლი უტარდება ამ ქვეყნებში დადგენილ ვადებში მაგრამ იგი შეთანხმებული უნდა იყოს ორივე მხარესთან და კონტრაქტის პირობებში უნდა იყოს გათვალისწინებული.
აღრიცხვის ხელსაწყოების შეთანხმებული გრაფიკით შემოწმების გარდა, სისტემაშაშორისი ხაზის ერთ-ერთი მფლობელის მოთხოვნით, შეიძლება განხორციელდეს აღრიცხვის ხელსაწყოების რიგგარეშე საკონტროლო შემოწმებები.
2.5.32. ელექტროენერგიის სახელმწიფოთაშორისი გადადინების რაოდენობის აღრიცხვა და კონტროლის უფლება მინიჭებული აქვს შესაბამის საბაჟო სამსახურებს, ამიტომ „საქენერგო“-ს აპარატი საჭიროების შემთხვევაში მათ აწვდის სათანადო ინფორმაციას.
2.5.33. სისტემათაშორისი კავშირების ენერგიისა და სიმძლავრის გადადინებასთან დაკავშირებული სხვა პირობები რეგულირდება სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და ოპერატიული შეთანხმებების საფუძველზე.
2.5.34. შიგა სისტემური კავშირები გულისხმობს ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მიღება-გაცემას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განთავსებულ საუწყებო ორგანიზაციებსა და კერძო საკუთრებაში მყოფ ელექტროსადგურებსა და „საქენერგოს“ ერთიან ენერგოსისტემას შორის.
2.5.35. შიგასისტემური კავშირების გამყოფ ზონად ითვლება საუწყებო და კერძო საკუთრებაში ელექტროსადგურების „საქენერგოსთან“ შემაერთებელი ხაზები, რომელიც დადგენილია საკონტრაქტო ხელშეკრულების პირობებით.
2.5.36. შიგასისტემური კავშირებით ელექტროენერგიისა და სიმძლავრეების მიღება და გაცემის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე წესების შესაბამისად და კერძო საკუთრებაში რიცხული ელექტროსადგურების მესაკუთრეებთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე.
2.5.37. პ.2.5.36-ის მოთხოვნილების საფუძველზე შერჩეული ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო აღრიცხვის ზონაში უნდა დაიდგას აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც ენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვის გარდა აღჭურვილი იქნება მონაცემების გადაცემის კომპიუტერული სისტემით.
„აღრიცხვის პუნქტის“ მოწყობის ხარჯები უნდა გაიღოს საუწყებო და კერძო საკუთრებაში მყოფი ელექტროსადგურების მფლობელებმა, ხოლო აღრიცხვის პუნქტისადმი ოპერატიულ ზედამხედველობაზე შეთანხმება კონტრაქტის პირობებით უნდა იყოს დადგენილი.
3. ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოთა დაყენება და ექსპლუატაცია კომუნალურ სექტორში
3.3.1. საცხოვრებელ სახლებში, საკუთრების ფორმის მიუხედავად ელექტროენერგიის მრიცხველების დაყენება და მომსახურება სწარმოებს ამ წესების შესაბამისად.
3.3.2. კომუნალურ საცხოვრებელ ბინებში, რომლებშიც ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, (სასტუმროს ტიპის, საერთო დერეფნით) და დადგმულია საერთო სარგებლობის მრიცხველები, დაინტერესებულ ოჯახებს შეუძლიათ დააყენონ ოჯახებს შორის გამყოფი საკუთარი ელექტრომრიცხველები.
გამყოფი ელექტრომრიცხველების დაყენების ნებართვა ამ პირობებში არ არის აუცილებელი, ხოლო დაყენებული მრიცხველების აღრიცხვაზე აყვანა შეუძლია საცხოვრებელი სახლის მფლობელს.
3.3.3. კომუნალურ ბინებში მცხოვრები ოჯახების ელექტრომომარაგების ქსელები, რომლებიც განკუთვნილია საერთო სარგებლობისათვის (დერეფანი, სამზარეულო, შხაპები და სხვა), მიერთებული უნდა იქნეს აღრიცხვის ხელსაწყოებზე.
აღურიცხავი პარალელური გაყვანილობებისა და დუბლირებული ქსელების გაყვანა აკრძალულია.
3.3.4. ელექტრომრიცხველების დაყენების ადგილები უნდა იყოს მოხერხებული, მრიცხველებთან უნდა შეიძლებოდეს თავისუფლად მისვლა. მრიცხველების შეღებვა ან მათზე სხვა საგნების განლაგება აკრძალულია.
3.3.5. საცხოვრებელ ბინებში, საზოგადო და სხვა სახის შენობებში სხვადასხვა სახეობის საწარმოების განთავსების შემთხვევებში (ატელიე, სახელოსნო, მაღაზია, საწყობი და სხვ.) ელექტროენერგიის მრიცხველები უნდა დაიდგას თითოეული ორგანიზაციისათვის ცალ-ცალკე.
3.3.6. ელექტროენერგიის ისეთი მომხმარებლები, რომლებიც აღჭურვილი არიან ანგარიშსწორების რთული სისტემებით (დიფერენცირებული აღრიცხვის მრიცხველი, წინასწარი გადახდის სისტემები და სხვ.) ვალდებულია მოაწყოს საინფორმაციო ფარები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის მდგომარეობისა და დახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურების ფაქტიური მდგომარეობის ინფორმაციის მიწოდებას ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციებისათვის.
3.3.7. ელექტრომრიცხველების არანორმალური მუშაობის ან დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას.
3.3.8. ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებს ევალება დროულად მიიღოს აღრიცხვის სისტემის დაზიანების ინფორმაცია და არაუგვიანეს ხუთი დღე-ღამისა აღადგინოს ხელსაწყოების ნორმალური მუშაობის რეჟიმი.
მომხმარებელთა საკუთრებაში მყოფი აღრიცხვის ხელსაწყოთა ყველა სახის შეკეთებები უნდა წარმოებდეს საკუთარი სახსრებით.
4. ხელშეკრულების გაფორმება ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებაზე
4.1. საერთო წესები
4.1.1. ელექტრომოხმარებაზე ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის უფლებებს, მოვალეობებსა და სამართლებრივ ურთიერთობებს.
4.1.2. ენერგომომარაგებაზე ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის გაცემული ტექნიკური პირობების სრული მოცულობით შესრულების შემდეგ, რომლებიც ითვალისწინებს ელექტრომიმღები მოწყობილობების მოქმედ ქსელებზე მიერთებას, ენერგოზედამხედველობის ორგანოების მიერ მათი ექსპლუატაციაში დაშვებაზე ნებართვის გაცემის შემდეგ.
ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ქსელებთან მიერთებისა და ამასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მომხმარებელი ითვლება ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის აბონენტად.
4.1.3. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია და აბონენტი ვალდებულია ელექტრომომარაგებაზე ხელშეკრულება გააფორმოს ამ წესებისა და ურთიერთშეთანხმებული საკონტაქტო პირობების საფუძველზე.
4.1.4. ენერგომომარაგების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს (პირობებს):
- ხელშეკრულების დადების ადგილსა და თარიღს;
- ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციისა და აბონენტის სრულ დასახელებას;
-შეთანხმებულ მისაერთებელ სიმძლავრეს;
- მომხმარებლის კვების წყაროებისა და მათ მკვებავ ხაზებს;
- მოთხოვნილი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის სიდიდეებს;
- ელექტროქვაბებისა და სხვა ელექტროთერმული მოწყობილობის ჩამონათვალს, რომლებიც განკუთვნილია გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებისათვის;
- ელექტრული ენერგიის ამ მიზნით გამოყენების პირობებს;
- რეაქტიული ენერგიისა და სიმძლავრის მოხმარების პირობებს;
- მიერთების წერტილში ელექტროენერგიის ხარისხის დასაშვები მნიშვნელობების მაჩვენებლებისა და აბონენტების ელექტროდანადგარებზე მათ დასაშვებ გავლენას;
- ელექტრომომარაგების განსაკუთრებულ პირობებს;
- შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფებს;
- მოხმარებული ელექტროენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვის პირობების, მოხმარებული რეაქტიული ენერგიის აღრიცხვას;
- მოხმარებული ელექტროენერგიის გაანგარიშების წესს;
- სახელშეკრულებო სიდიდეების გადასინჯვის წესებს;
- ენერგოსისტემების მდგრადობის განსაკუთრებულ მოთხოვნებს, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიერ სიმძლავრისა და ენერგიის დეფიციტის დროს შეზღუდვებისა და გამორთვების შემოღების წესებს;
- მხარეების პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევისას;
- ორმხრივი ურთიერთპასუხისმგებლობის გარკვევის წესსა და იმ ორგანოს დასახელებას, რომელსაც ენდობა ამ საკითხის გადაწყვეტა;
- სხვა პირობებს ურთიერთშეთანხმებით;
- მხარეების საფოსტო და საბანკო რეკვიზიტებს;
- ბეჭდით დამოწმებულ პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერას.
შენიშვნა: საცალო და საბითუმო ტარიფები ელექტროენერგიაზე რეგულირდება საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის შესახებ კანონის შესაბამისად.
4.1.5. ელექტრომომარაგების საკონტაქტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს: (დანართი)
- მხარეების საბალანსო კუთვნილებისა და საექსპლოატაციო პასუხისმგებლობის გამიჯვნის აქტი;
- მონაცემები მოთხოვნილი ელექტროენერგიის სიმძლავრის, მათ შორის, რეაქტიულის, შესახებ;
- კომერციული აღრიცხვის ხელსაწყოების შესახებ საექსპლუატაციო პასუხისმგებლობის პირობები;
- მონაცემები სუბაბონენტზე;
- აბონენტის ელექტრომომარაგების სქემა.
4.1.6. იმ სამრეწველო ენერგომომხმარებლებს, რომელთა სიმძლავრე აღემატება 100 კვა-ს, მოხმარების რეაქტიული ენერგიის ეკონომიკურ სიდიდეს განსაზღვრავს, საჭიროების შემთხვევაში, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია სათანადო მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.
4.1.7. ენერგორესურსებზე საბაზრო ფასების პროპორციების გაწონასწორებამდე ელექტროენერგიის გამოყენება ყველა კატეგორიის მომხმარებლებზე გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებისათვის დაიშვება სპეციალური ნებართვით, რომელსაც გასცემს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია.
4.1.8. ნებართვის გაცემის შემთხვევაში ელექტროგამახურებელი ხელსაწყოებისათვის ცალკე უნდა დაიდგას მოხმარებული ელექტროენერგიის მრიცხველი.
4.1.9. მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხის დასაშვები მნიშვნელობები განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის შესაბამისად და იგი არ განისაზღვრება საკონტრაქტო პირობებით. ელექტროენერგიის ხარისხზე მომხმარებლის მიმღებების გავლენა განისაზღვრება მოქმედი უწყებრივი ნორმატიული წესებითა და სახელშეკრულებო პირობებით.
4.1.10. ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სტანდარტული სიდიდეების დარღვევებთან, ფორმდება ორმხირივი აქტით.
4.1.11. ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს ამ წესებისა და ხელშეკრულების თანახმად.
4.1.12. მხარეების უთანხმოებები, რომლებიც წარმოიშვება ხელშეკრულების გაფორმების, შეცვლის ან გაუქმების დროს რეგულირდება ამ წესებით და საქართველოს ელექტროენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით.
4.1.13. იმ საკითხებზე, რომლებიც შეტანილი არ არის ხელშეკრულებაში, მხარეები თავის უთანხმოებებს ათანხმებენ მოქმედი კანონმდებლობის სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ წესების შესაბამისად.
4.1.14. მილსადენიანი ტრანსპორტი (ნავთობის, გაზის და სხვ.), რკინიგზის ტრანსპორტი (ელექტროწევა), რომლებიც ელექტროენერგიას იღებს ერთი ან რამდენიმე რეგიონალური ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციიდან, აფორმებს ხელშეკრულებას თითოეულ მათგანთან.
4.1.15. აბონენტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობა და გამოყენებული სიმძლავრე ხელშეკრულებაში აღინიშნება განზომილების შესაბამის ფიზიკურ ერთეულებში.
4.1.16. აბონენტისათვის მიწოდებული აქტიური ენერგიის რაოდენობა განისაზღვრება მრიცხველის მონაცემებით მის ფაქტიურ მოხმარებაზე.
4.2. ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოხმარებაზე დადებული, შეცვლილი, გაუქმებული და შესრულებული ხელშეკრულებების დროს წარმოქმნილი უთანხმოებების მოწესრიგების წესები
4.2.1. ელექტრომამარაგებაზე ხეკშეკრულების გაფორმებისას მხარეები ხელმძღვანელობენ საკანონმდებლო აქტებითა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებით. უთანხმოებები განიხილება მარეგულირებელი კომისიის მიერ.
4.2.2. მხარეების უთანხმოებები ტექნიკურ საკითხებში (ელექტრული ქსელების საბალანსო კუთვნილების საზღვრების განსაზღვრა, მომხმარებლის მიკუთვნება გარკვეული სატარიფო ჯგუფისთვის, რეაქტიული ენერგიისა და სიმძლავრის კომპენსაციები, ელექტრული ენერგიის ხარისხი და სხვ.) განიხილება საქენერგოზედამხედველობის ორგანოებისა და ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ მხარეების შეთანხმების შესაბამისად.
4.2.3. მხარეებს აქვთ უფლება თავად ან შუამავლის საშუალებით, გადაწყვიტონ უთანხმოება რომელიც შეირჩევა ურთიერთშეთანხმებით, უთანხმოების აქტის მიღებიდან 30 დღეში, თუ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით.
4.2.4. შეთანხმება უთანხმოების გადაწყვეტის საკითხის გადაცემაზე ამა თუ იმ ორგანოსათვის შეიძლება გაფორმდეს დადებულ ხელშეკრულებაში ან ცალკე შეთანხმების სახით.
4.2.5. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე, აბონენტს ეძლევა უფლება 30 დღეში, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინების დღიდან, გადასცეს ისინი ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, თუ სხვა ვადები არ არის დათქმული მხარეების მიერ.
4.2.6. ხელშეკრულების პირობები, რომლის მიცხედვითაც მხარეებს ჰქონდათ უთანხმოებები, განისაზღვრება იმ ორგანოების გადაწყვეტილებით, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს.
4.2.7. უთანხმოების ოქმში განისაზღვრება ის პირობები, რომელიც შემოაქვს ერთ-ერთ მხარეს ხელშეკრულების პროექტში განსაზღვრული წინადადებებისაგან განსხვავებით, იმ მოქმედ საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით, რომლებიც არეგულირებს სამეურნეო ურთიერთობებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის.
4.2.8. მხარეების მიერ სადავო საკითხების ერთობლივი განხილვის შედეგები ფორმდება შეთანხმების ოქმით. მასში აღინიშნება ხელშეკრულების შეთანხმებული და შეუთანხმებელი პუნქტები.
4.2.9. უთანხმოებების მოწესრიგება შეიძლება გაფორმდეს წერილების, დეპეშების, ტელეტაიპროგრამების გაცვლით ან სხვა ხერხებით, რომლებიც უზრუნველყოფს მიღწეული შეთანხმების ფიქსირებას.
4.2.10. ხელშეკრულება შეიძლება გაფორმებულად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მიღწეულია შეთანხმება მასში შეტანილ ყველა პირობაზე.
4.2.11. ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს მისი მოქმედების ნებისმიერ პერიოდში მხარეების შეთანხმებით.
4.2.12. თუ ერთ-ერთი მხარე მოითხოვს მოქმედი ხელშეკრულების ნაწილობრივ შეცვლას ან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, მომხმარებლის ენერგომომარაგება დროებით განხორციელდება ადრე მოქმედი ხელშეკრულების პირობებით.
4.3. მოხმარებელი ელექტროენერგიის ანგარიშსწორების წესები
4.3.1. აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ფულადი ანაზღაურება ხორციელდება აღრიცხვის ხელსაწყოების მიერ დაფიქსირებული მაჩვენებლების მიხედვით მოქმედი ტარიფებისა და სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. ანაზღაურების განსხვავებული წესები დასაშვებია, თუ ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტში ან ენერგომომმარაგებელსა და ენერგომომხმარებელ სუბიექტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები.
4.3.2. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტმა ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას არ მიაწოდა ელექტრომრიცხველის მონაცემები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მიმდინარე ანგარიშსწორება აბონენტთან წარმოებს წინა პერიოდის საშუალო დღე-ღამური ხარჯის მიხედვით.
4.3.3. თუ ელექტროენერგიის ნორმალური აღრიცხვის დარღვევა ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიზეზით მოხდა, აღრიცხვის აღდგენამდე აბონენტს აქვს უფლება ანგარიშსწორება აწარმოოს წინა პერიოდის საშუალო დღეღამური მაჩვენებლის მიხედვით, როცა აღრიცხვა ნორმალურად წარმოებდა.
4.3.4. იმ შემთხვევაში, როცა აღრიცხვის ხელსაწყო მომხმარებლის მიზეზით არ მუშაობს, ანგარიშსწორება პირველი თვის საანგარიშო პერიოდში წარმოებს წინა პერიოდის საშუალო დღე-ღამური ფიქსირებული მაჩვენებლების მიხედვით, ხოლო მომდევნო პერიოდში (აღრიცხვის აღდგენამდე) ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია მოხმარების მოცულობებს განსაზღვრავს სახელშეკრულებო სიმძლავრისა და მუშა საათების რაოდენობის მიხედვით.
4.3.5. საგადასახადო შეტყობინების მასალებში უზუსტობის ან შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში აბონენტი დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას ამის შესახებ, რომელიც ვალდებულია ოპერატიულად შეამოწმოს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში აცნობოს აბონენტს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
4.3.6. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შედეგად ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ვალდებულია გადაიანგარიშოს აღრიცხვის მონაცემები იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება.
4.3.7. თუ მომხმარებელი არ იხდის დახარჯული ენერგიის საფასურს ნორმატიული აქტებითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას უფლება აქვს შეუწყვიტოს მას ელექტროენერგიის მიწოდება.
4.3.8. ელექტროენერგიის მომხმარებლები იხდიან სახელშეკრულებო სიმძლავრის დამატებით გადასახადს წინასწარ ან საანგარიშსწორებო პერიოდის დასაწყისში, რაც დაფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულებაში.
4.3.9. ელექტროენერგიის დისტრიბუტორებთან ანგარიშსწორებას ელექტრომომმარაგებელი ორგანიზაციები აწარმოებენ იმავე წესებითა და ხელშეკრულებით მოქმედი საბითუმო ტარიფებით, თუ ელექტროენერგიის გადამყიდველ ორგანიზაციას გააჩნია მეორე გადამყიდველი აბონენტი, ელექტრომომმარაგებელი ორგანიზაცია ანგარიშსწორებას მხოლოდ პირველ გადამყიდველთან აწარმოებს.
4..3.10. გადამყიდველი ორგანიზაციები (დისტრიბუტორები) მომხმარებელთან ურთიერთობებს აყალიბებენ მუნიციპალური ხელშეკრულებით, საუწყებო ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი საცალო ტარიფებით.
4.3.11. ელექტროსადგურებიდან საკუთრების ფორმის მიუხედავად, ელექტროენერგიის მიღებასა და მიწოდებას ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციები აწარმოებენ ხელშეკრულებითა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი საცალო ტარიფებით.
4.3.12. სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა და სიმძლავრის გადიდებულ ანაზღაურებას აბონენტები ახორციელებენ არსებული კანონმდებლობისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
4.3.13. საანგარიშსწორებო პერიოდში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებას დღე-ღამეში ემატება საურავი გადაუხდელი თანხის 0,2% თუ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული განსხვავებული პროცენტი.
4.3.14. თუ მომხმარებელი მაქსიმალური მოხმარების საათებში ხელშეკრულებით დადგენილ სიმძლავრეს გადააჭარბებს, გადასახადს იხდის აქტიური სიმძლავრის გათვალისწინებითა და მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
ამ შემთხვევაში სიმძლავრის გადაჭარბებისათვის ხელშეკრულებით დაწესებული სანქცია ძალაში რჩება.
4.3.15. თუ მომხმარებელმა იმუშავა ნაკლები სიმძლავრით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა, აბონენტი იხდის სიმძლავრის გადასახადს პროპორციულად მოხმარებული სიმძლავრისა.
4.4. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა
ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ვალდებულია:
4.4.1 იქონიოს საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემისა და მის განაწილებაზე. იგი ვალდებულია უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ელექტრული ქსელების ტექნიკურად გამართული და უსაფრთხო ექსპლუატაცია.
4.4.2. აბონენტის თხოვნით შეცვალოს ელექტრომოხმარების სახელშეკრულებო მოცულობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მოცულობის შეცვლის მიმდევრობა და ვადები დგინდება მხარეების მიერ ხელშეკრულების გაფორმების დროს.
4.4.3. თუ აბონენტი უარს აცხადებს თავის ქსელებზე მიერთებული და ახალი სუბაბონენტების მიერთებაზე, იმის გამო, რომ ამისათვის საჭიროა დამატებითი ტექნიკური ღონისძიებები, ამ შემთხვევაში ენერგომომარაგების რეგიონალური ორგანიზაცია ვალდებულია გადაწყვიტოს ასეთი სუბაბონენტების ენერგომომარაგების საკითხი სათანადო ტექნიკური პირობების გაცემით.
4.4.4. ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების სახელშეკრულებო მნიშვნელობიდან გადახრის შესახებ, აბონენტისაგან მიღებული შეტყობინების შემდეგ ათ დღეში მოაწყოს ერთობლივი გაზომვები და მიღებული შედეგები გააფორმოს ორმხრივი აქტით.
4.4.5. თუ ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიზეზით მოხდება ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლის სახელშეკრულებო სიდიდეებისაგან გადახრა, აბონენტს ურთიერთშეთანხმებით უნდა აუნაზღაურდეს ზარალი;
4.4.6. განახორციელოს თავისი კუთვნილი საანგარიშო ხელსაწყოების შეცვლა და შემოწმება სახელწმიფო სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის მიერ დადგენილი წესით;
4.4.7. უზრუნველყოს მომხმარებლის მომსახურე პერსონალის შეუფერხებელი დაშვება ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ტერიტორიაზე განლაგებული ელექტრომოწყობილობების მომსახურებისა და რემონტისათვის.
ანალოგიური სამუშაოების ჩატარებისას მომხმარებლის ტერიტორიაზე, დაიცვას ამ ტერიტორიისათვის დადგენილი ნორმები და წესები. სამუშაოების დამთავრების შემდეგ თავისი ხარჯებით მოიყვანოს სათანადო წესრიგში ის ტერიტორია და სათავსოები, სადაც ეს სამუშაოები ტარდებოდა.
4.4.8. ოპერატიულად უზრუნველყოს მომხმარებელი შეტყობინებით:
ა) აღრიცხვის სქემებში დარღვევებისა და მომხმარებლის ხაზზე დაყენებული საანგარიშო ხელსაწყოების უწესრიგობების შესახებ;
ბ) იმ დარღვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ენერგომომარაგების შეწყვეტასთან, მათ წარმოშობის მიზეზებსა და ნორმალური რეჟიმის აღდგენასთან;
გ) ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ტერიტორიაზე განლაგებული ძალოვანი დანადგარების, ეგზ, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც უზრუნველყოფს მათ საიმედო ენერგომომარაგებას.
ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას აქვს უფლება;
4.4.9. გამორთოს და ბრჯენი დაადოს თავის ელექტრულ ქსელში თვითნებურად მიერთებულ ელექტროდანადგარს და მათი მფლობელის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
4.4.10. მოითხოვოს აბონენტებისაგან იმ დანახარჯების ანაზღაურება, რომელიც მას ჰქონდა ხელშეკრულებით დადგენილი ელექტრომოხმარების სიდიდის თვითნებურად შეცვლის შედეგად.
4.4.11. განახორციელოს აბონენტთან შეთანხმების გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები ან მისი გამორთვა;
- ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო.
- აბონენტების ენერგოდანადგარების ავარიულ რეჟიმში მუშაობის დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია ან შეუქმნას მოქალაქეებს სიცოცხლის საშიშროება, (ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ვალდებულია გააფრთხილოს აბონენტი ან თავად მიიღოს გადაწყვეტილება).
- ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის სისტემაში წარმოქმნილი ავარიის ან მის ასაცილებლად გადაუდებელი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აფრთხილებს აბონენტს გასატარებელი შეზღუდვების ან ელექტროენერგიის გამორთვის შესახებ;
- ელექტროდანადგარებისა და ელექტრული ქსელების გეგმიური რემონტების გატარების შესახებ ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ატყობინებს აბონენტს არაუგვიანეს 5 დღისა რემონტის დაწყებამდე.
მხარეების მიერ რემონტის ხანგრძლივობა და აბონენტის ენერგომომარაგება ამ პერიოდში განისაზღვრება ხელშეკრულებით. აღრიცხვის გარეშე დენმიმღებების ჩართვისა და მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.
- უნებართვოდ მიერთებულ მომხმარებლებს.
4.4.12. აბონენტთან შეთანხმებით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან მოხმარების შეზღუდვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
- ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის უკმარისობის პირობებში მოხმარების შეზღუდვის გრაფიკების შემოღებისას. მომხმარებლის გაფრთხილება ელექტრომოხმარების შეზღუდვების შემოღებისა და ელექტროენერგიის გამორთვაზე ხორციელდება იმ ვადებში, რომლებიც დადგენილია მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებით ან ხელშეკრულებით.
- მომხმარებლის მიზეზით ელექტროენერგიის პარამეტრების გაუარესების იმ სიდიდემდე, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ელექტროდანადგარებისა და სხვა მომხმარებლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე;
- ხელშეკრულებით დადგენილი ელექტრომომარაგების რეჟიმების დარღვევისას, როცა ხდება ერთიანი ენერგეტიკული სისტემის პარამეტრების გაუარესება.
4.4.13. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) თავის მიზეზით ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში გადაუხადოს აბონენტს ჯარიმა იმ რაოდენობით, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით;
ბ) თუ დარღვეულია ელექტროენერგიით მომარაგებისას მისი ხარისხი, გადაუხადოს მომხმარებელს ჯარიმა ხელშეკრულების თანახმად.
თუ ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია გადაიხდის ჯარიმას ელექტროენერგიის ხარისხის გაუარესების გამო, მაშინ აბონენტისათვის ტარიფების დაკლება არ ხდება თანახმად არსებული წესებისა.
4.4.14. მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის სიდიდე და უხარისხო ელექტროენერგიის რაოდენობა ფორმდება ორმხრივი აქტით.
4.4.15. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიუწოდებლობის შემთხვევაში ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია იხდის მის საფასურს არსებული წესების შესაბამისად და აბონენტთან შეთანხმებით ახორციელებს ანაზღაურებას.
4.4.16. ენერგოგომმარაგებელ ორგანიზაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო, რაც გამოწვეულია:
- ენერგომომარაგების ხელშეკრულების ფორსმაჟორული პირობების დადგომით;
- მომხმარებლების პერსონალის არასწორი მოქმედებით;
- მომხმარებლის მოწყობილობის დაზიანებით, რომელიც გამოიწვევს მისი მკვებავი ხაზიდან ავტომატურ გამორთვას.
ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ვალდებულია დოკუმენტალურად გააფორმოს ყველა ზემოთხსენებული პირობა.
4.5. აბონენტის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა
აბონენტს აქვს უფლება:
4.5.1. გააფორმოს ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდებაზე ნებისმიერ ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან;
მიწოდების პირობები მხარეების მიერ განისაზღვრება ხელშეკრულებაში.
4.5.2. შეიტანოს ცვლილებები ელექტროენერგიისა და სიმძლავრის სახელშეკრულებო სიდიდეებში ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წესები და ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით;
4.5.3. ახალი სუბაბონენტების მიერთებისა თავის ქსელებზე მხოლოდ ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან შეთანხმებით.
ჯარიმა გადაახდევინოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას ელ. ენერგიის გაუცემლობისა და დაბალხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდების გამო;
4.5.4. მოითხოვოს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის კუთვნილი ხელსაწყოების შემოწმება და შეცვლა, თუ ისინი გაუმართავია;
4.5.5. შეუთანხმოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას სუბაბონენტების ელექტრომომარაგების ტექნიკური და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა;
4.5.6. მოითხოვოს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციისაგან მიუწოდებელ ელექტროენერგიის რაოდენობის კომპენსირება.
აბონენტი ვალდებულია:
4.5.7. გადაიხადოს ელექტროენერგიისა და სახელშეკრულებო სიმძლავრის საფასური და სხვა სახის გადასახადები, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით;
4.5.8. აწარმოოს მოხმარებული ელექტროენერგიისა და სიმძლავრის აღრიცხვა (აქტიური და რეაქტიული);
4.5.9. ოპერატიულად შეატყობინოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას სქემების ყველა სახის დარღვევებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოების დაზიანების შესახებ;
4.5.10. ყოველთვიურად წარმოუდგინოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის გაანგარიშება;
ფორმა და ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4.5.11. დროულად შეატყობინოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას ელექტრომიმღებების კატეგორიებს შეცვლის შესახებ.
4.5.12. წარმოადგინოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციაში მოსახმარი აქტიური და რეაქტიული ენერგიისა და სინძლავრის გრაფიკები;
4.5.13. უზრუნველყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მუშაკების შეუზღუდავი დაშვება მოქმედ ელექტროდანადგარებსა და კომერციული ხელსაწყოებთან;
4.5.14. 10 დღეში შეატყობინოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას საბანკო რეკვიზიტების, აბონენტის დასახელების, საუწყებო კუთვნილებისა და საწარმოს ადგილმდებარეობის ცვლილებები;
4.5.15. შეატყობინოს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას საუწყებო ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მისი პარალელური მიერთებით ენერგოსისტემასთან, უზრუნველყოს მათი სათანადო ზედამხედველობა და საიმედო მუშაობა;
4.5.16. უზრუნველყოს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის პერსონალის დაშვება ოპერატიული გადართვების, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ტერიტორიაზე განლაგებული ელექტროდანადგარებისა და ქსელების რემონტის ჩასატარებლად. ელექტრომომმარაგებელი ორგანიზაციის ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე ანალოგიური სამუშაოების შესრულებისას თავის ხარჯებით უზრუნველყოს ტერიტორიის და ნაგებობების მოწესრიგება.
აბონენტი პასუხისმგებელია:
4.5.17. ხელშეკრულებით განსაზღვრული და აბონენტის მიზეზით დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების დარღვევისას უკანასკნელს დაერიცხება საურავი წინამდებარე წესებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
4.5.18. ელექტროქსელების საბალანსო კუთვნილების საზღვარზე, ელექტროენერგიის საზღვარზე, ელექტროენერგიის ხარისხის გაუარესების ხელშეკრულების პირობების დაცვაზე, რომელიც განსაზღვრავს ხელშეკრულებითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით.
5. ელექტროენერგიის მოხმარება მოსახლეობის მიერ
5.1. საერთო წესები
5.1.1 მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ხორციელდება მათ მიერ ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
5.1.2. მოქალაქის მიერ ხელშეკრულება ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან ითვლება გაფორმებულად იმ მომენტიდან, როდესაც ელექტროენერგია მიეწოდება მას;
ამ დროიდან ძალაში შედის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორმხრივი მოვალეობები და პასუხისმგებლობები;
5.1.3. მოქალაქესთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვლება უვადოდ და შეცვლას არ ექვემდებარება, თუ მხარეებს ხელშეკრულებით არ აქვთ გათვალისწინებული სხვა სახის გადაწყვეტილება.
5.1.4. ელექტრომომარაგების მოქმედი ხელშეკრულება ითვლება უვადოდ და მისი გადახედვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე ამის შესახებ გააკეთებს განცხადებას.
5.1.5. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობები საცხოვრებელი სახლის ელექტროქსელზე მისაერთებლად, ასევე საპროექტო, სამონტაჟო სამუშაოთა წარმოება, პირად საკუთრებაში მყოფი ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია, თუ მომხმარებელს გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატი, უნდა განხორციელდეს საუწყებო ნორმატიული აქტების შესაბამისად („ელექტროდანადგარების მოწყობის წესები, „მომხმარებელთა ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები“).
5.1.6. მოქალაქეებს აქვთ უფლება მოიხმარონ ელექტროენერგია მთელი საოჯახო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა ელექტროგაყვანილობა და არ ირღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
5.1.7. თუ მოქალაქეს აქვს სურვილი გაადიდოს ელგაყვანილობის გამტარუნარიანობა იგი ვალდებულია ხელახლა შეუთანხმოს ენერგომომარაგებელ ორგანიზაციას.
5.1.8. ბინებში სამფაზა ან მძლავრი ერთფაზა მოწყობილობის დაყენება ხორცილედება ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ახალი ტექნიკური პირობების შესაბამისად;
5.1.9. ელექტროქსელზე ახალი საცხოვრებელი სახლის მიერთების ნებართვას ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ან შემსრულებელი სუბიექტი მას წარუდგენს დადგმული სააღრიცხვო ხელსაწყოების ტექნიკურ მონაცემებს (ნომერი, ტიპი, დამამზადებელი ქარხნის სახელწოდება, მრიცხველის საწყისი ჩვენება, სახლის ან ბინის მისამართი).
5.1.10. საცხოვრებელი სახლების, საბავშვო ბაღების, ფარეხების, სახელოსნოებისა და სხვა ობიექტების ელექტროქსელში ჩართვის ნებართვის ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია გასცემს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე. ენერგომომმარაგებელმა ორგანიზაციამ განაცხადი უნდა განიხილოს არა უგვიანეს 30 დღისა და მიიღოს შესაბამისი გადაწვეტილება.
5.1.11. ახალ საცხოვრებელ სახლებში, ასევე კაპიტალურად შეკეთებულ ძველ საცხოვრებელ სახლებში დაყენებული ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციის ნებართვა უნდა იქნეს გაცემული ტერიტორიალური ენერგოზედამხედველობის ორგანოების მიერ. აღნიშნული ორგანიზაციის ინსპექტორის მიერ აღმოჩენილი ელექტროდანადგარების მოწყობის წესების დარღვევა ფორმდება აქტით, და მომხმარებელს ეძლევა დრო მის გამოსასწორებლად.
5.1.12. ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაციისათვის უფლების გაცემის შემდეგ, მესაკუთრე ან ამ ფუნქციის შემსრულებელი სუბიექტი ვალდებულია ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან გააფორმოს ხელშეკრულება სახლის საერთო და ტექნიკურ ელექტრომომარაგებაზე.
ამასთან, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ერთდროულად თითოეული ბინის მფლობელთან აფორმებს ხელშეკრულებას (სააბონენტო წიგნაკი), სადაც მითითებული იქნება ორმხრივი უფლებებიანი და პასუხისმგებლობიანი.
5.1.13. თუ ბინაში შედის ახალი მობინადრე (ობიექტის მფლობელი), იგი ვალდებულია 5 დღის განმავლობაში გადაიფორმოს ადრე გაცემული დოკუმენტაცია.
ა) მოქალაქეს აქვს უფლება გააუქმოს მოქმედი ხელშეკრულება, თუ 30 დღით ადრე ამის შესახებ აცნობებს ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას და გადაიხდის დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს მთლიანად;
ბ) საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ელექტროენერგიის გამოყენების უფლება აქვს მომხმარებელს, თუ უზრუნველყოფს ელექტროგაყვანილობას საიმედო ტექნიკურ მდგომარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვისა დ საცხოვრებელ სალში დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოს გამართულ მუშაობას;
5.1.14. პასუხისმგებლობა ელექტროენერგიის მოხმარებაზე, დახარჯული ენერგიის დროულ ანაზღაურებაზე, აღრიცხვის ხელსაწყოთა გამართულ მუშაობაზე, ხელსაწყოებზე დადებული ბრჯენების დაცვაზე ეკისრება პასუხისმგებელ პირს, რომელიც მხარეებს შორის ხელშეკრულებით არის შეთანხმებული.
თუ მრიცხველი სადარბაზოში არის დაყენებული, მისი მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახლის მეპატრონეს ან ამ ფუნქციის შემსრულებელ სხვა სუბიექტს, მიუხედავად იმისა, ვის ბალანსზე იმყოფება აღნიშნული ხელსაწყო.
სადარბაზოში დაყენებული ხელსაწყოს წყობილებიდან გამოსვლის ან დაკარგვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს ან ამ ფუნქციის შემსრულებელ სუბიექტს, რომლებიც საკუთარი ხარჯებით აღადგენენ აღრიცხვის ხელსაწყოს ფუნქციონირების რეჟიმს.
5.1.15. აღრიცხვის ხელსაწყოების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ხორციელდება ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციების ნებართვით.
5.1.16. აბონენტის ბინიდან წასვლის შემდეგ, სანამ ბინაში ახალი მცხოვრები შესახლდება, ელექტროაღრიცხვის ხელსაწყოთა მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია სახლის მეპატრონე ან ამ ფუნქციის შემსრულებელი ორგანო.
5.1.17. საყოფაცხოვრებო ორგანიზაციებსა და ბინის მფლობელებს, რომლებიც შენობებს ან ფართობებს იჯარით გასცემენ, ეკრძალებათ ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებთან შეთანხმების გარეშე მოიჯარეთა ელექტროდანადგარების მიერთება.
5.2. საცხოვრებელი სახლების ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის წესები
5.2.1. საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს ან ამ ფუნქციის შემსრულებელ სუბიექტს და ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებს შორის პასუხისმგებლობის საზღვარი დგინდება ამ წესების შესაბამისად.
5.2.2. საერთო დანიშნულების ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა (გამანაწილებელი მოწყობილობები, ელექტროგაყვანილობა, კიბეების, ეზოების, სადარბაზოებისა და სხვა სათავსოების განათება, ლიფტების და წყალსაქაჩების ელმოწყობილობა) ეკისრებათ სახლის მესაკუთრეებს ან ამ ფუნქციის შემსრულებელ სუბიექტებს.
5.2.3. საბაღე სახლებში, დამხმარე სათავსოებში, ფარეხებსა და სხვა შენობებში ელექტროგაყვანილობისა და მოწყობილობის ტექნიკური და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მესაკუთრეებს, მეიჯარეებს ან ნაგებობათა მფლობელებს.
5.2.4. სახლის შიგნით ელექტროგაყვანილობის შეკეთებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ საცხოვრებელის მესაკუთრეებს ან ამ ფუნქციის შემსრულებელ სუბიექტებს.
5.2.5. ბინის შიგა ან ინდივიდუალურ სათავსოებში ელექტროგაყვანილობის შეკეთება ევალებათ ბინისა და სათავსოების მესაკუთრეებს საკუთარი სახსრებით.
5.3. ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოების დაყენებისა და აღრიცხვის წესები
5.3.1. ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაყენება და მომსახურება საცხოვრებელ სახლებში საკუთრების ფორმის მიუხედავად ხორციელდება ამ წესების 2.4. პარაგრაფის შესაბამისად.
5.3.2. კომუნალურ ბინებში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებში (საერთო დერეფნებით), ასევე საცხოვრებელ სახლებში, სადაც საერთო აღრიცხვის მრიცხველებია დაყენებული დაინტერესებულ პირებს უფლება ეძლევათ საკუთარი სახსრებით დააყენონ საკონტროლო მრიცხველები (ოჯახებს შორის ხარჯების გასაყოფად). საკონტროლო მრიცხველის დაყენებაზე ნებართვა საჭირო არ არის, ხოლო შესრულებული სამუშაოს მიღება შეუძლია საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს ან ამ ფუნქციის შემსრულებელ ორგანოს.
5.3.3. იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ კომუნალურ ბინებში ან სასტუმროს ტიპის სახლებში და აქვთ ელექტროენერგიის შეღავათები მოქმედი კანონის თანახმად, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია უყენებს ინდივიდუალურ მრიცხველს.
5.3.4. კომუნალურ ბინებში სადაც რამდენიმე ჯახი ცხოვრობს. საერთო დანიშნულების ადგილების ელექტროგანათება უნდა მიერთდეს საანაგარიშსწორებო საერთო მრიცხველზე.
5.4. მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურების წესები
5.4.1. აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ყოველი თვის ბოლოს მრიცხველის ანათვალის მიხედვით.
5.4.2. მოქალაქე იხდის საცხოვრებელი ბინის, დამხმარე მეურნეობის, სააგარაკო სახლის, ფარეხის და სხვა პირად საკუთრებაში მყოფი ობიექტების მრიცხველების მიერ აღრიცხული ენერგიის საფასურს საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
5.4.3. ცალკეული კატეგორიის მოქალაქეებს, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით დროებით დაწესებული აქვთ ელექტროენერგიის შეღავათები, უფლება ენიჭებათ ისარგებლონ შეღავათით.
5.4.4. საყოფაცხოვრებო სექტორის მომხმარებლებს დახარჯულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება შეუძლიათ:
- თვითმომსახურების მეთოდით სააბონენტო წიგნაკის საშუალებით, რომელიც გაიცემა რაიონული დისტრიბუტორული სამსახურების მიერ;
- საბანკო ანგარიშიდან ხელშეკრულებით;
- დისტრიბუტორულ სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით;
- სხვა ფორმის ნორმატიული აქტებით, რომელსაც დააწესებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და ენერგომომმარაგებელი ორგანოები;
5.4.5. თვითმომსახურეობის მეთოდით ანგარიშსწორების დროს აბონენტი საანგარიშსწორებო პერიოდში (თვე) ერთხელ გამოწერს და გადაიხდის მრიცხველის ჩვენებით გამოთვლილი დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს.
5.4.6 დახარჯული ელექტროენერგიის ანგარიშის დარღვევის პირველ თვეში აბონენტი იხდის წინა თვის საშუალო ხარჯის მიხედვით.
თუ აღრიცხვა დაირღვა აბონენტის მიზეზით მდგომარეობის გასწორებამდე აბონენტი იხდის დენმიმღების დადგმული სიმძლავრისა და სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების მიხედვით.
თუ აღრიცხვა დაირღვა აბონენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, გადასახადი განისაზღვრება აღრიცხვიანობის წინა პერიოდში დახარჯული ენერგიის მაჩვენებლებით;
ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას ამ შემთხვევაში აქვს უფლება აღრიცხვის ხელსაწყოზე პასუხისმგებელი პირისაგან მოითხოვს დაყენებული სიმძლავრისა და საშუალო დღეღამურ მაჩვენებლებს შორის სხვაობის ანაზღაურება;
5.4.7. ელექტროენერგიის მრიცხველის გარეშე დროებითი მოხმარების პერიოდში ანგარიშსწორება აბონენტთან წარმოებს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციების პირობებით, რომელიც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული აბონენტთან.
5.4.8. თუ კომუნალურ ან სხვა ბინაში ცხოვრობს ერთზე მეტი ოჯახი, მათი წილობრივი განაწილება ხორციელდება საკონტროლო მრიცხველის ჩვენებით. როცა საკონტროლო მრიცხველი არ არის დაყენებული, მაშინ ხარჯის გაყოფა ხორციელდება დადგმული სიმძლავრისა და გამოყენებული საათების პროპორციულად.
მრიცხველების ანათვალის აღება, მათ ნორმალურ მუშაობაზე ზედამხედველობა და ანგარიშსორების დროულად წარმოება აქ ევალება მცხოვრებ პირებს. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია არ შუამდგომლობს მობინადრეებს და არ აწარმოებს მათ მობინადრეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების პროცესს, რომელიც დაკავშირებულია საკონტროლო და საერთო სარგებლობის აღრიცხვის ხელსაწყოების ანათვალებთან. მობინადრეთა შორის ამ საკითხზე წარმოქმნილი დავას განიხილავს სახლის მეპატრონე ან სასამართლო.
5.4.9. ყველა კატეგორიის მომხმარებელი ვალდებულია გადახდის მიუხედავად აიღოს ყოველი თვის ბოლოსათვის მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ანათვალი და აცნობოს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის დისტრიბუტორს.
5.4.10. აბონენტის მიერ დახარჯული ელექტოენერგიის დავალიანების შემთხვევას საჯარიმო სანქცია განისაზღვრება სახელშეკრულებო პირობებით.
თუ აბონენტზე ირიცხება დავალიანება და ხანგრძლივ პერიოდში არ აანაზღაურებს მას, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით ან მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე გამორთავს აბონენტს ქსელიდან.
5.4.11. აბონენტის განაცხადი მრიცხველის ანათვალის უზუსტობაზე ექვემდებარება ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მხრივ მრიცხველის შემოწმებას. თუ მრიცხველის ცდომილება ნორმის ფარგლებში აღმოჩნდება, ხარჯებს მრიცხველის რიგგარეშე შემოწმებაზე იხდის აბონენტი.
5.4.12. თუ აბონენტი ელექტოენერგიას მოიხმარს აღრიცხვის ხელსაწყოს გვერდის ავლით, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ადგენს აქტს ორ ეგზემპლარად, რასაც ხელს აწერს ორივე მხარე, განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა წარმომადგენელიც. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა აბონენტს. აქტი ძალაში რჩება იმ შემთხვევაშიც, თუ მის ხელმოწერაზე აბონენტმა უარი განაცხადა.
დაზიანებული მრიცხველი ექვემდებარება ექსპერტულ შემოწმებას და დგება აქტი ამ წესების შესაბამისად.
5.4.13. შედგენილი აქტის საფუძველზე ენერგომომხმარებელი ორგანიზაცია განსაზღვრავს აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას და წარუდგენს აბონენტს გადასახდელად. თუ აბონენტმა 10 დღეში არ გადაიხადა წარმოდგენილი თანხა, ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია გამოიყენებს სანქციას მოქმედი კანონისა და ხელშეკრულების მიხედვით.
თუ აბონენტი გააპროტესტებს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი გადასახადის რაოდენობას, ეს მას არ ათავისუფლებს დამატებით წარდგენილი გადასახადის დროულად გადახდისაგან.
5.4.14. ელექტროენერგიის თვითნებურად და აღურიცხავად გამოყენების შემთხვევაში ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას აქვს უფლება შეადგინოს აქტი და აბონენტი გადასცეს სამართალდამცავ ორგანოს ძიებისათვის.
5.4.15. ქონებრივი დავა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ენერგომომმარაგებელ ორგაიზაციასა და აბონენტს შორის, ერთ-ერთი მხარის სურვილით გადაეცემა საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას.
5.4.16. საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ან ამ ფუნქციის შემსრულებელი სუბიექტი ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასთან ანგარიშსწორებას აწარმოებს მოქმედი ტარიფებით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შენობებში დადგმული საერთო მრიცხველის ანათვალის შესაბამისად, რომელიც ქონების გამიჯვნის საზღვარზეა დაყენებული.
5.4.17. საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ან ამ ფუნქციის შემსრულებელი ორგანო ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას უხდის მთლიანად დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს მოსახლეობისათვის დადგენილი ტარიფის მიხედვით.
6. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ელექტროქსელებზე მომხმარებელთა ახალი ან დამატებითი სიმძლავრეების მიერთებაზე ტექნიკური პირობების (ნებართვის) გაცემის წესები
6.1. ნებართვის ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციების საქსელო ტრანსპორმატორებზე მომხმარებელთა ახალი ან დამატებითი ტრანსფორმატორული ან ძრავული დატვირთვის მიერთებაზე, ასევე ადრე შეთანხმებული დაბალი ძაბვის დანადგარების სიმძლავრის გადიდებაზე, იძლევა ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციები ამ წესების შესაბამისად.
6.2. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია მომხმარებელი სუბიექტის ან მისი დაკვეთით სათანადო ლიცენზიის მქონე საპროექტო ორგანიზაციის განაცხადის საფუძველზე ერთ თვეში გასცემს ობიექტის ან მოქმედ საწარმოების, შენობების, ნაგებობების, ელექტროენერგიით მომარაგების ტექნიკურ პირობებს განაცხადზე დართული ტექნიკო-ეკონომიკური გაანგარიშების მიხედვით.
6.3. ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიერ ობიექტის ელექტროქსელზე მიერთების წინასწარ პირობებში მითითებული უნდა იყოს:
- მომხმარებლის მიერთების წერტილი, (ქვესადგური, ელექტროსადგური, გადამცემი ხაზი) ძაბვის სიდიდე, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს საჰაერო ხაზით ან საკაბელო ქსელით.
- ელექტრომომარაგების განსაკუთრებული საკითხები, რომელიც მომარაგების საიმედოობასთან არის დაკავშირებული.
- ელექტროენერგიის მიწოდების პირობები, რომელიც კონტრაქტში უნდა იყოს შეტანილი.
ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას აქვს უფლება მომხმარებელს მოთხოვოს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის საკუთრებაში მყოფი ქსელის ან კომუნიკაციის რეკონსტრუქციის დაფინანსებაში მონაწილეობა, თუ ეს გამოწვეულია მისაერთებელი სიმზლავრის პირობებით.
6.4. მომხმარებელთა ელექტროდანადგარების მიერთების ტექნიკურ პირობებს, რომელიც წინასწარ შეიმუშავა საპროექტო ორგანიზაციამ, ენეგომომმარაგებელი ორგანიზაცია, განიხილავს და ერთი თვის ვადაში უპასუხებს დამკვეთს თავის გადაწყვეტილებას, თუ ამ დროისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა გასცა მიწის გამოყოფის ნებართვა.
მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური პირობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ენერგოზედამხედველობის ორგანოებმა უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით მიიღო, ხელახლა უნდა იყოს განხილული ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიერ.
6.5. აბონენტებს, მათ შორის აბონენტ-გადამყიდველებს, აქვთ უფლება ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციებთან შეთანხმებით საკუთარ ქსელებს ან ქვესადგურებს მიუერთონ ქვეაბონენტები. ამ შემთხვევაში ტექნიკურ პირობებს გასცემს ძირითადი აბონენტი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციის წინაშე ტექნიკური პირობების მოთხოვნების დაცვაზე.
თუ სუბაბონენტის მიერთებით იზრდება ძირითადი აბონენტის მოთხოვნილება და პირობები ელექტოენერგიის მიწოდებაზე, ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია.
6.6. ენერგოტევად მომხმარებელთა ელექტროდანადაგრების ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ქსელებზე მიერთების პირობებში უნდა იყოს მითითებული დამატებითი საკითხები;
- ელექტროდანადგარების სიმძლავრე, მიერთების ადგილი (ქვესადგური, ელექტროსადგური ან გადამცემი ხაზი, გამანაწილებელი მოწყობილობა სექცია, უჯრედი), ძაბვის სიდიდე (საჰაერო და საკაბელო კვებისათვის);
- მომხმარებელსა და ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ელექტროქსელების გამყოფი საბალანსო კუთვნილების წერტილი (ხაზი);
- ახალი სიმძლავრის მიერთებასთან დაკავშირებით არსებული ქსელების გამტარუნარიანობის გადიდების გათვლები ქსელებისა და კომუნიკაციების მიხედვით;
- მოკლე ჩართვის დენების საანგარიშო სიდიდეები, დამიწების დენის მნიშვნელობები, ნეიტრალის მუშაობის რეჟიმი, სარელეო დაცვის, ავტომატიკის, ტელემექანიკის და გადაძაბვისაგან დაცვის პირობები;
- მაქსიმალური დატვირთვის პერიოდში რეაქტიული სიმძლავრეების ზღვრული ეკონომიკური და ტექნიკური მნიშვნელობები;
- ელექტროენერგიის, მათ შორის რეაქტიული ენერგიის საანგარიშსწორებო აღრიცხვისა და მისი კონტროლის პირობები;
- მომხმარებლის ელექტროდანადგარების გავლენის პარამეტრი ენერგომომარაგებელი ორგანიზაციის ქსელებზე მიერთების წერტილში;
- ელექტროენერგიის მოხმარების დღე-ღამური გრაფიკი და მისი რეგულირების პირობები;
- დამატებით პირობები, რომელიც გააჩნია ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას ქსელის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
- ავტომატური სიხშირული განტვირთვის მოწყობის პირობები და ცალკეული დენმიმღებთა კატეგორიები;
- ელექტრომკვებავი ხაზებისა და ძალოვანი ტრანსფორმატორების პარალელური მუშაობის დადგენილი რეჟიმები და ხანგრძლივობა;
- ელექტრომოწყობილობების მუშაობის რეჟიმი და ფეთქებადსაშიში გარემოს შესახებ მონაცემები;
- ქვეაბონენტების სიები, რომელიც მიერთებულია ძირითადი აბონენტების ელექტროქსელებზე სიმძლავრისა და მოხმარების მოცულობებით;
- ელექტროენერგიის მოხმარების მართვისა და კონტროლის ონფორმაციული უზრუნველყოფის საშუალებები.
6.7. ენერგომომმარაგებელი, ასევე გადამყიდველი ორგანიზაციების მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვა აუცილებელია საპროექტო ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც ევალებათ მუშა პროექტების შემუშავება.
ტექნიკური პირობების (ნებართვის) მოქმედების ვადას დაპროექტებაზე საპროექტო ორგანიზაციისათვის განსაზღვრავს ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია მოქმედი ნორმატივების გათვალისწინებით.
ტექნიკური პირობების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მომხმარებლის და ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით. აბონენტის ელექტროქსელზე მიერთების გადაწყვეტილებას თუ ღებულობს მხოლოდ ერთი ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია, მაშინ ტექნიკური პირობები ერთი დოკუმენტით ფორმდება. თუ ამ საკითხში მონაწილეობენ უფრო მეტი ორგანიზაციები, მაშინ ტექნიკური პირობები ფორმდება ყველა ორგანიზაციაში ცალ-ცალკე.
6.8. საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შემუშავდა ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, მსენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა შეუთანხმოს ენერგომომმააგებელ ორგანიზაციას და სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს.
6.9. პროექტირების პროცესში, თუ საჭიროა ელექტროდანადგარების მოწყობის და ექსპლუატაციის მოქმედი წესებიდან უმნიშვნელო გადახვევა, საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია ამის შესახებ შეუთანხმდეს პროექტის დამკვეთ მომხმარებელს, ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციასა და სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს.
6.10. საპროექტო ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეთანხმების ვადა განისაზღვრება 10 დღით. ცალკეულ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება დამატებით შემოწმების ჩატარების აუცილებლობას, შეთანხმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვემდე.
6.11. იმ შემთხვევაში, როდესაც განსახილველ პროექტში ენერგომომმარაგებელი ორგანიზაცია ან სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს გაცემული ტექნიკური პირობებიდან, ასევე მოქმედი უწყებრივი საკანონმდებლო აქტებიდან გადახვევებს, მომხმარებელს უნდა ეცნობოს ელექტროენერგიის მიერთებაზე წერილობითი უარი.
6.12. მომხმარებლის მიმართ ახალი სიმძლავრის მიერთებაზე ენერგომომარაგებელი ორგანიზაციის მოვალეობის პირველი ეტაპი ტექნიკური საკითხების, მათ შორის ტექნიკური პირობების გაცემითა, და მისი განხორციელებისადმი კონტროლით განისაზღვრება, ხოლო მომდევნო პერიოდში მათი ორმხრივი ურთიერთობები ექვემდებარება სახელშეკრულებლო პირობებით რეგულირებას.