სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.09.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000366 15
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 15/09/1998
454 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №55 1998 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი „სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. საქართველოს კანონის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ შესაბამისად, დამტკიცდეს დებულება “სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მინისტრი                                                                            ვ. პაპავა დებულება სახელმწოფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების, წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ 1. მოცემული დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკის სამინისტროებში, თბილისის, სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებში სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტის, ასევე ფასების სახელმწიფო რეგულირებისა და საერთოდ ფასწარმოქმნის სრულყოფის თაობაზე წინადადების წარდგენის, მათი შემდგომი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების ერთიან წესს. 2. ეს წესი დამუშავებულია „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელთა ფასები (ტარიფები) ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას, ასევე რეგულირებას ექვემდებარება შესაბამისი კანონქვემდებარე და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მომსახურების ფასები (ტარიფები). 3. სახელმწიფო რეგულირებად  ფასებს (ტარიფებს) ამტკიცებს შესაბამისი სამინისტრო (უწყება) ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. 4.სამინისტრო (უწყება) ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო რეგულირებადი ფასის (ტარიფის) პროექტს ოფიციალურად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკის სამინისტროებს) შესათანხმებლად ფასის (ტარიფის) პროექტი, რომელსაც ადგენს იმ მეწარმის მიერ წარმოდგენილი მასალების (გაანგარიშების) საფუძველზე, რომლებიც ახორციელებენ ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის ფასები (ტარიფები) ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას, შესაბამისობაში უნდა იყოს ფასწარმოქმნისა და საერთოდ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, შედარებული საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედ, უწინარეს ყოვლისა ანალოგიური სახეობის პროდუქციის (მომსახურების) ფასებთან (ტარიფებთან) და დაზუსტებული წარმოების ზღვრულ დარგობრივ დანახარჯებზე და ბაზრის კონიუნქტურაზე დაყრდნობით. ეკონომიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარმოდგენილი პროექტის მიღება; ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებისა და ან დამატების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარმოდგენილი პროექტის მიღება; გ) საქონლის (პროდუქციის, მომსახურეობის) თვითღირებულების კალკულაცია; დ) ახალი ფასის გავლენა საქართველოს შიდა ბაზარზე და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე; ე) პროექტით შემოთავაზებული გადაწყვეტილების გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე და ხალხის ცხოვრების დონეზე; ვ) საქონლის (მომსახურების) ფასის (ტარიფის) პროექტის განხილვისათვის აუცილებელი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია; 5. ცალკეული ქვედარგისა და დარგისათვის რენტაბელობის ზღვრული დონის დასაწესებლად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილ პროექტს თან უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი; ბ) საქონლის (მომსახურების) თვითღირებულების და რენტაბელობის ანალიზი; გ) მონაცემები ძირითად საშუალებათა ბალანსის მაჩვენებლების, ამორტიზაციის ანარიცხების, დაგროვებაზე  მოგების გამოყენების შესახებ და ზოგად ეკონომიკური ხასიათის სხვა მასალები. 6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკის სამინისტროები) ზემოხსენებულ მასალას ოფიციალურად წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს ერთი თვისა იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას (შეითანხმებს ან უარყოფს). 7. რეგულირებადი ფასები (ტარიფები) ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ მტკიცდება და ძალაში შედის სამინისტროს (უწყების) ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.