,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.008.170
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №90
2006 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,‚ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (სსმ III, 12.12.05., №144, მუხ. 1602) დამტკიცებული ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. სამრეწველო (სარეწაო) თევზჭერისას ტერმინში ,,თევზი” მოიაზრება ასევე კიბოსმაგვარები, მოლუსკები, წყალმცენარეები და ზღვის ძუძუმწოვრები.
2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს თევზის, კიბოსმაგვართა, მოლუსკების, წყალმცენარეებისა და ზღვის ძუძუმწოვრების მოპოვებას მათი შემდგომი გადამუშავების და/ან რეალიზაციის მიზნით.
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – თევზჭერა პირადი მოხმარებისათვის ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.
4. ტრადიციული თევზჭერა – თევზის მოპოვება საქართველოს იმ მოქალაქეების ან მათი გაერთიანებების მიერ, რომელთა საბინადრო გარემო (სადაც ისინი ტრადიციულად არიან დასახლებული და ეწევიან სამეურნეო საქმიანობას) და ცხოვრების ტრადიციული წესი დაკავშირებულია თევზჭერის ისეთი ტრადიციული ხერხებისა და მეთოდების გამოყენებასთან, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის წესებს.
5. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).
6. ქისა ბადე – ბადისებური წყალგამწურავი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზ-სარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”
7. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.
8. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:
ა) ფსკერული ვარიანტი – გამოიყენება ფსკერული თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების საჭერად;
ბ) პელაგიური ვარიანტი – გამოიყენება ტიპური პელაგიური თევზების დასაჭერად.
9. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.
10. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
11. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება‚ იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია ,,ძაბრისებური”, ,,კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებური კედლებით.
12. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.
13. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევზსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.
14. ფაცერი (ე. წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალ-გაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).
15. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.
16. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
17. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.
18. ხოლიხი - მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება ,,ჩიხის პრინციპს.”;
ბ) III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები
მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო
1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.
2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები და ადგილები
1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.
2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.
3. აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;
ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტრის მანძილზე;
გ) მდ. ხრამში — სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე;
დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით (დასაშვებია სამოყვარულო თევზჭერა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილ ადგილებში);
ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე 120- მეტრიანი იზობათის ფარგლებში.
ზ) რიწის ტბაში;
თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისიდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მოსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;
ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;
კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე;
მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;
ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.
4. ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
5. ყველა სხვა შემთხევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
6. თევზის ჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრო-მეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15 დღიანი განსხვავებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სამოყვარულო-სპორტულიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;
ე) ქამბალა-კალკანის – 15 თებერვლიდან – 1 ივლისამდე;
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (კალმახის და ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითეულ ვადებში). თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით;
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით, მათ შორის ხიჟნიაკის კონსტრუქციით;
თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით. შენიშვნა: ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხს (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზს, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5 %-ზე მეტია (დათვლით);
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. აკრძალულია წყალქვეშა ნადირობა თევზებზე ჰარპუნის ტიპის იარაღით, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებით.
მუხლი 10. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია:
ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე;
ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;
გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევზჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;
დ) მოსასმელი ბადის გამოყენება, რომლის სიგრძე 300 მეტრზე მეტია ზღვაში და 120 მეტრზე მეტი შიდა წყლებში, ხოლო საქაჩი ბაგირების სიგრძე ბადის გაგრძელებაზე 20 მეტრზე მეტია;
ე) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;
ვ) ტრაილს პელაგიური ვარიანტის გამოყენება, რომლის ტექნიკური პარამეტრები აღემატება 31.8/175;
ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე აღემატება 100 მეტრს, ხოლო სიგრძე 900 მეტრს.
2. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტ-რზე ნაკლები.
3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.
4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.
5. შავ ზღვაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის რესურსის რეალიზაცია ან ნებისმიერი სხვა ფორმით გასხვისება დასაშვებია მხოლოდ ნავმისადგომში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ ფაქტობრივად მოპოვებული თევზის ოდენობის აღრიცხვისა და სარეწაო ჟურნალში შესაბამის გრაფაში ხელმოწერის შემდგომ.
მუხლი 11. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში
1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია.
2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 12. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე
1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძედ მიიჩნევა სიგრძე უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება.
2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 13. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი
1. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სარეწაო, ასევე ტრადიციული თევზჭერისას.
2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად შეარჩიოს თევზსაჭერი იარაღის თვლის ზომა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის (20%) გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად და დამრღვევს რეწვის გაგრძელების უფლება მიეცემა მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით სარეწი ადგილის ან სარეწი იარაღის უფრო მსხვილთვლიანი იარაღით შეცვლის შემთხვევაში.
მუხლი 14. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი
1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.
2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (2 % / 6 %) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
მუხლი 15. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩაგება ტივტივა-ნიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივა-ნიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი;
2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუიარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩათვლით);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტ-რის მანძილზე № 8-ზე მსხვილი ნემსკავების გამოყენება (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) და ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;
გ) ჩოგანბადის, ხელბადისა და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი/სიგრძე-სიგანე 1,2 მ-ზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები;
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
მუხლი 17. თევზდაცვის მოთხოვნები წყლამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5 000 კუბ. მ. დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.
მუხლი 18. სარეწაო ჟურნალის ფორმა და წარმოების წესი
1. სამრეწველო თევზჭერისას აუცილებელია ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით სარეწაო ჟურნალის წარმოება.
2. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი და დალუქული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
3. სარეწაო ჟურნალში ჩანაწერებს აწარმოებს თევზჭერაზე პასუხისმგებელი პირი.
4. სარეწაო ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა, გარდა მე-7 სვეტისა. 1-ლი, მე-2 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ რეწვის პროცესში; მე-3, მე-5 და მე-7 (მე-7 სვეტის აუცილებლობის შემთხვევაში) სვეტების შევსება წარმოებს რეწვისას და რეწვის დამთავრებისთანავე; მე-6 სვეტის შევსება რეწვის დამთავრების შემდეგ. ხოლო მე-8 სვეტის შევსება ხდება ყველა საჭირო მონაცემის შეტანის შემდეგ.
5. ყველა ჩანაწერი ჟურნალში წარმოებს კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია. ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ სარეწაო ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა ,,შესწორებულია” და ჟურნალის მომდევნო გვერდზე ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.
6. ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.
7. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლის შესახებ, ლიცენზიის სერია და ნომერი, ლიცენზიით გათვალისწინებული ყველა პირობა.
8. სარეწაო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
9. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი 3-ის შესაბამისად“.
10. სარეწაო ჟურნალი ლიცენზიის მოქმედების ვადის დამთავრების შემდეგ წარედგინება სამინისტროს.
მუხლი 19. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 20. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.”;
გ) დებულების დანართები – 1, 2 და 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი 1
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით
| თევზსაჭერი იარაღები | თვლის მინიმალური ზომები მმ-ში | თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში |
| მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად | 20 | – |
| მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად | 12 | – |
| თევზმახეები | 12 | – |
| ქისა ბადე ქაფშიის და ქარსალის (შპროტის) საჭერად | 6,5 | – |
| ქისა ბადე სხვა თევზების საჭერად | 12 |
|
| ტრალის პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად | 6,5 |
|
| ტრალის პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად | 12 |
|
| კონუსური ბადე | 12 |
|
| პარაშუტისებრი ბადე | 12 |
|
| მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) | 20 |
|
| ფაცერი (ე. წ. ობობა ბადე) | 20 |
|
| სხვა თევზსარეწი იარაღები | 12 |
|
დანართი 2
ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე
| №
| თევზის სახეობა
| ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში) |
| 1 | ქაფშია | 70 |
| 2 | ქარსალა (შპროტი) | 60 |
| 3 | მერლანგი | 120 |
| 4 | კეფალისებრნი | 200 |
| 5 | კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) | 850 |
| 6 | სტავრიდა | 100 |
| 7 | ხონთქარა (ბარაბული) | 85 |
| 8 | ღიპა ქაშაყი | 110 |
| 9 | შავი ზღვის ქაშაყი | 170 |
| 10 | სარღანი | 320 |
| 11 | ლუფარი | 220 |
| 12 | პელამიდა | 250 |
| 13 | სკუმბრია | 150 |
| 14 | ღორჯოსებრნი | 110 |
| 15 | ქამბალა-კალკანი | 350 |
| 16 | მიდია | 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე) |
| 17 | გარნელი (კრევეტი) | 35 (თვალის შუა წერტილიდან-კუდის ფირფიტის ბოლომდე) |
| 18 | ღლავი (ლოქო) | 500 |
| 19 | ფარგა | 380 |
| 20 | წერი (ქარიყლაპია) | 320 |
| 21 | სიგისებრნი | 180 |
| 22 | ჭერეხი | 400 |
| 23 | კობრი | 320 |
| 24 | კალმახი მდინარის | 190 |
| 25 | კალმახი ტბის | 320 |
| 26 | კაპარჭინა | 260 |
| 27 | ჭანარი | 320 |
| 28 | შამაია | 250 |
| 29 | ხრამული ტბის | 250 |
| 30 | ხრამული მდინარის | 220 |
| 31 | ვიმბა | 120 |
| 32 | სხვა თევზები | 200 |
დ ანართი 3
სარეწაო ჟურნალი
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| რეწვის (ცდის) რიგითი ნომერი | სარეწი ბადე-იარაღის დასახელება | რეწვის (ცდის) დაწყებისა და დამთავრების დრო (წუთი,საათი, დღე,თვე, წელი) | რეწვის (ცდის) ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტირებით) | ჭერილის ვიზუალური შეფასება (რაოდ. სახეობების მიხედვით) | ჭერილის შეფასება აწონვის შემდეგ (რაოდ. სახეობების მიხედვით) | შენიშვნა (რეწვისას ტექ. შეფერხებები, ფორსმაჟორული ვითარება დასხვა) | თანჭერილისმონაცემები | პასუხის მგებელიპირის ხელმოწერა | გარემოს დაცვის ინსპექციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი